წინასწარი არჩევნების (Primary) წესები

1. წინასწარი არჩევნების წესები:

1.1. წინასწარი არჩევნების წესები დგინდება ინტერპარტიული შეთანხმებით, რომელსაც ხელი მოეწერება 2009 წლის 1 დეკემბრამდე;

1.2. ცვლილებები შეთანხმებაში მიიღება ხელისმომწერთა (დამფუძნებელთა) 2/3-ის ახალი შეთანხმებით;

1.3. თუ წესები შეიცავს სამართლებრივ ხარვეზს, ცენტრალური კომისია უფლებამოსილია გამოსცეს დამატებითი წესები (ხმათა 2/3-ით), რომელიც არ ეწინააღმდეგება შეთანხმების პრინციპებს;

2. საარჩევნო სისტემა:

2.1. თბილისის მერის და საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების წინასწარი არჩევნები ტარდება პირდაპირი კენჭისყრის გზით;

2.2. რეგიონის მუნიციპალიტეტის ქალაქის მაჟორიტარი კანდიდატები ვლინდება სოციოლოგიური (სატელეფონო) გამოკითხვების გზით;

2.3. რეგიონის მუნიციპალიტეტის სოფლის მაჟორიტარი კანდიდატები ვლინდება სოფლის კრებაზე კენჭისყრის გზით;

ან:

2.6. წინასწარ არჩევნებში (Primary) გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც დააგროვებს საარჩევნო უბნების 50% +1;

2.7. თითოეულ საარჩევნო უბანს აქვს 1-დან 5-მდე ხმა ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით;

2.8. რაიონული ცენტრის (ქალაქის ან დაბის) მაჟორიტარი კანდიდატი იმავდროულად ჩაითვლება მუნიციპალიტეტის გამგებლის/ მერის კანდიდატად;

2.9. თვითმმართველი ქალაქის (ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი) მერობის კანდიდატატის წინასწარ არჩევნებში გამარჯვებულად ჩაითვლება იმ პარტიის კანდიდატი, რომელიც გაიმარჯვებს ამ თვითმმართველი ქალაქის ყველაზე მეტ მაჟორიტარულ ოლქში. თუ ეს მაჩვენებელი თანაბარია, მაშინ კანდიდატი, რომელიც გაიმარჯვებს ყველაზე მეტ უბანში, თუ ეს მაჩვენებელიც თანაბარია – რომელიც დააგროვებს ყველაზე მეტ ხმას;

2.10. მეორე ადგილზე გასული კანდიდატი ჩაითვლება საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად, თუ დააგროვებს გამარჯვებული კანდიდატის ხმათა არანაკლებ 1/3-ს;

2.11. თბილისის საკრებულოს პროპორციულ სიაში თითოეული პარტია (პარტიათა გაერთიანება) მიიღებს ქვოტას მის მიერ წინასწარ არჩევნებში (Primary) წარდგენილი მერობის კანდიდატების მიერ ნაჩვენები შედეგის პროპორციულად;

2.12. პროპორციული განაწილება მოხდება „დონტის ფორმულის“ მიხედვით;

2.13. საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატი არის პროპროციული სიის №1;

3. წინასწარ არჩევნებს (Primary) ატარებს დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაცია:

3.1. წინასწარი არჩევნების ცენტრალური კომისიის 1-1 წევრს ნიშნავენ შეთანხმების ხელისმომწერი პარტიები და კვალიფიციური საარჩევნო პარტიები;

3.2. კომისიის 3 დამოუკიდებელ წევრს კონსესუსით ნიშნავენ დამფუძნებელი პარტიები. თუ კონსესუსი არ შედგა 2 წევრს ხმათა 2/3-ით ნიშნავენ დამფუძნებელი პარტიები, 1 წევრს – დანარჩენი პარტიები. პროცედურა სრულდება 5 დეკემბრამდე.

3.3. ცენტრალური კომისია ირჩევს კომისიის თავმჯდომარეს (დამოუკიდებელი წევრებისგან), მოადგილეს და მდივანს (პარტიული წევრებისგან);

3.4. ცენტრალური კომისიის სხდომას იწვევს თავმჯდომარე, რომელიც სხდომის წინა დღეს ატყობინებს კომისიის წევრებს დღის წესრიგის შესახებ.

3.5. კომისიის გადაწყვეტილებები მიიღება სრული შემადგენლობის უმრავლესობით, თუ ცალკეულ შემთხვევაში ამ შეთანხმებით სხვა წესი არაა დადგენილი;

3.6. საოლქო კომისიები იქმნება თბილისში, აჭარის ა/რ-ში და მხარეებში.

3.7. თბილისის საარჩევნო უბნებს ქმნის ცენტრალური კომისია;

3.8. რეგიონების საოლქო კომისიები (გამოკითხვებისა და კრებებისთვის) ქმნის მობილური კომისიებს;

3.9. საოლქო, საუბნო და მობილური კომისიების 1-1 წევრს ნიშნავენ შეთანხმების ხელისმომწერი პარტიები და კვალიფიციური საარჩევნო პარტიები;

3.10. საოლქო კომისიის თავმჯდომარეებს ნიშნავს ცენტრალური კომისია, საუბნო და მობილური კომისიის თავმჯდომარეებს – საოლქო კომისია;

4. ფინანსები:

4.1. ცენტრალური კომისია წინასწარი არჩევნების საჭიროებისათვის ხსნის ანგარიშს ბანკში (ერთ-ერთი დამფუძნებელი პარტიის ან არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით);

4.2. წინასწარი არჩევნების ფონდს კომისიის მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში განკარგავს კომისიის მიერ დანიშნული მთავარი ბუღალტერი;

4.3. კომისია რეგულარულად აქვეყნებს ფონდის ანგარიშს;

5. დამკვირვებლები:

5.1. დამკვირვებლების რეგისტრაციას ახდენს ცენტრალური კომისია;

5.2. დამკვირვებელი უფლებამოსილია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე;

5.3. დამკვირვებელს უთანაბრდება პარტიის წარმომადგენელი;

5.4. კომისიის წევრი, რომელიც დანიშნულია პარტიის მიერ სარგებლობის წარმომადგენლის უფლებებით;

6. პასიური საარჩევნო უფლება:

6.1. კანდიდატის დასახელების უფლება აქვთ:

6.1.1. დამფუძნებელ პარტიებს;

6.1.2. პარტიებს, რომელთაც შეთანხმების ხელმოწერასთან ერთად ეგზავნებათ მოწვევა (დანართი);

6.2. დამოუკიდებელ კანდიდატებს წარადგენს მაჟორიტარული ოლქის (გარდა თბილისისა) ამომრჩეველთა არანაკლებ 15%;

6.3. დამოუკიდებელი კანდიდატი არ შეიძლება იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების ან ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი;

7. აქტიური საარჩევნო უფლება:

7.1. აქტიური საარჩევნო უფლება (გარდა გამოკითხვებისა) აქვთ ამომრჩევლებს, რომლებიც დადგენილი წესით გაივლიან წინასწარ რეგისტრაციას საარჩევნო კომისიაში;

7.2. წინასაწარი რეგისტრაციის საფუძველია არჩევნებში მონაწილე პარტიის მოთხოვნა;

7.3. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ წინასწარ დაურეგისტრირებელ ამომრჩეველს, რომელთა რაოდენობაც კონკრეტულ უბანზე არ გადააჭარბებს 10%-ს;

8. წინასწარი არჩევნების (Primary) კამპანია წარიმართება სამართლიანობის და კონკურენტულობის პრინციპის დაცვით:

8.1. კანდიდატები არ ითანმშრომლებენ მედიასთან, რომელიც დააწესებს განსხვავებულ ტარიფებს რეკლამებისთვის სხვადასხვა კანდიდატისთვის;

8.2. უფასო ეთერი პარტიებს შორის ნაწილდება თანაბრად;

8.3. უფასო ეთერი გამოიყოფა ცენტრალური კომისიისა და მედიის სასყიდლიანი ან უსასყიდლო შეთანხმების საფუძველზე;

8.4. აკრძალულია კამპანია მედიის საშუალებებით წინასწარი არჩევნების დღეს;

8.5. წინასწარი არჩევნების წინა დღეს და ვიდრე წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე აკრძალულია კანდიდატების მიერ გამოკითხვის მონაცემების გამოქვეყნება;

8.6. მედიის საშუალებების გარეშე კამპანია (პირისპირ აგიტაცია, პლაკატები და ა.შ.) წინასწარი არჩევნების დღეს აკრძალულია მხოლოდ საარჩევნო უბნის შენობაში;

9. კენჭისყრა:

9.1. წინასწარ არჩევნების (Primary) კენჭისყრა თბილისში იმართება 2010 წლის 31 მარტს, 10.00 საათიდან 20.00 საათამდე;

9.2. საარჩევნო უბნის გახსნამდე კომისიას გადაეცემა დალუქული ბიულეტენები და ბეჭდები;

9.3. ამომრჩეველი ხმას აძლევს 2 ბიულეტენის მიხედვით: მერობის კანდიდატები და მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატები;

9.4. ბიულეტენებზე მითითებული საარჩევნო უბნის ნომერი;

9.5. ბეჭედზე მითითებულია უბნის ნომერი და კოდური გამოსახულება;

9.6. ბეჭდის გახსნის შემდეგ ხდება მისი პირის (გამოსახულების) დაზიანება 1 ნაკვეთით და მხოლოდ ამის შემდეგ მისი გამოყენება;

9.7. ამომრჩეველი გადის რეგისტრაციას ამომრჩეველთა სიაში პირადობის მოწმობის მიხედვით;

9.8. კომისიის წევრი (რეგისტრატორი) ამომრჩეველს გადასცემს ბიულეტენებს და ამოწმებს მას ხელისმოწერით;

9.9. მეორე რეგისტრატორი ამოწმებს ბიულეტენებს ხელისმოწერით და ბეჭდით;

9.10. ამომრჩეველი დახურულ კაბინაში ავსებს ბიულეტენს;

9.11. ამომრჩეველი ბიულეტენებს აგდებს გამჭვირვალე ყუთში;

10. გამოკითხვა:

10.1. სატელეფონო გამოკითხვები იმართება არააუადრეს 1 და არაუგვიანეს 28 მარტისა.

10.2. გამოკითხვების თარიღებს ადგენს ცენტრალური კომისია საოლქო კომისიის წინადადებით;

10.3. გამოკითხულთა რაოდენობა შეადგენს არანაკლებ 100 და არაუმეტეს 500 ამომრჩეველს

10.4. აბონენტების შერჩევა ხორციელდება:

10.4.1. საარჩევნო უბნების პროპორციულად;

10.4.2. თითოეულ უბანში შემთხვევითი წესით (კომპიუტერული შერჩევა) დგინდება პირველი აბონენტის ნომერი და შემდეგ ყოველი მე-10 აბონენტი;

10.5. ინტერვიუერი ამომრჩეველს (აბონენტს) მიმართვას 3 კითხვით:

10.5.1. აპირებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას;

10.5.2. ხელისუფლების კანდიდატს დაუჭერს მხარს თუ ოპოზიციისას;

10.5.3. რომელ ოპოზიციურ კანდიდატს დაუჭერს მხარს (ჩამონათვალის მიხედვით);

11. ადგილობრივი კრება:

11.1. ადგილობრივი კრებები იმართება არააუადრეს 1 და არაუგვიანეს 28 მარტისა.

11.2. კრება მიმდინარეობს არანაკლებ 1 და არაუმეტეს 2 საათის განმავლობაში;

11.3. კრებების თარიღებს ადგენს ცენტრალური კომისია საოლქო კომისიის წინადადებით;

11.4. ამომრჩევლები გადიან რეგისტრაციას ამომრჩეველთა სიაში;

12. შეჯამება:

12.1. ხმების დათვლა ხდება საჯაროდ;

12.2. საუბნო კომისიის შემაჯამებელი ოქმის ეგზემპლარი გადაეცემა ყველა პარტიას და დამკვირვებელს;

12.3. ოქმის ყველა ეგზემპლარი დამოწმებულია ბეჭდით;

12.4. კონკრეტულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული, პროპროციული და პირდაპირი არჩევნების შედეგებს აჯამებს საოლქო კომისია;

12.5. საუბნო კომისიის დალუქული დოკუმენტაცია დაუყოვნებლიც გადაეცემა ცენტრალურ კომისიას;

13. დავები:

13.1. საჩივარი არჩევნების შედეგებზე შეიტანება კომისიაში 2 დღის ვადაში;

13.2. საჩივრებს განიხილავს ცენტრალური კომისია. გადაწყვეტილებას მიიღებს ცენტრალური კომიიის 3 დამოუკიდებელი წევრი;

14. დამარცხებული კანდიდატები საჯაროდ მხარს უჭერენ გამარჯვებულ კანდიდატს:

14.1. დამარცხებული კანდიდატები საჯაროდ (მერობის და გამგებლის კანდიდატები ტელეეთერით) აღიარებენ წინასწარი არჩევნების შედეგებს, ულოცავენ გამარჯვებულს და მოუწოდებენ მხარდამჭერებს გამარჯვებული კანდიდატის მხარდაჭერისაკენ;

14.2. დამარცხებული კანდიდატი, რომელიც არ აღიარებს შედეგებს იხსნება რეგისტრაციიდან;

14.3. წინასწარი არჩევნების მონაწილეებს წინასწარი არჩევნების შეჯამებიდან ძირითად არჩევნებამდე ეკრძალებათ სხვა მონაწილეების საჯარო კრიტიკა;

15. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის იქმნება ოპოზიციის ერთიანი საარჩევნო ბლოკი:

15.1. საარჩევნო ბლოკის დამფუძნებელი ორგანოა ბლოკის საბჭო. ბლოკის საბჭოში მონაწილე პარტიები/გაერთიანებები წარმოდგენილი არიან თბილისის წინასწარ არჩევნებში (Primary) ნაჩვენები შედეგების პროპორციულად;

15.2. ბლოკის საბჭო ნიშნავს წარმომადგენელს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან;

15.3. ბლოკში (და არა ბლოკის საბჭოში) ფორმალურად გაწევრიანდებიან მხოლოდ დამფუძნებელი პარტიები;

დანართი. პარტიებს, რომელთაც შეთანხმების ხელმოწერასთან ერთად ეგზავნებათ მოწვევა.

კონსერვატიული პარტია ზვიად ძიძიგური

ხალხის პარტია კობა დავითაშვილი

ნოემბერი, 2009

აშშ-ს ბირთვული დოქტრინა

აშშ-ს ბირთვული დოქტრინა, ანტი-სარაკეტო თავდაცვა ევროპაში და ნატო-ს ექსპანსია

მაჰდი დარიუს ნაზემროაიას ეს სტატია პირველად The Caucus-ში (ჟურნალი პოლიტიკურ მეცნიერებასა და საერთაშორისო განვითარებზე) ოტავას უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა. პუბლიკაცია ფოკუსირებულია 2009 წლის 9 ნოემბერს, ბერლინის კედლის დაცემიდან ოცი წლის თავზე კვლავ წარმოქმნილ კითხვაზე: დასრულდა კი ცივი ომი?
ბერლინის კედლის დაცემის 20 წლისთავი ახლოვდება, მაგრამ დასრულდა კი რეალურად ცივი ომი და მართლაც გახდა კი ის არცთუ შორეული წარსულის ისტორიული გადმონაშთი? საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, ვარშავის პაქტიც დიდი ხნის წინ დაიშალა, მაგრამ ცივი ომის ბევრი გადმონაშთი ჯერ კიდევ არსებობს და ესენია: კონფლიქტი კორეის გაყოფილ ნახევარკუნძულზე, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) და ანტი-სარაკეტო თავდაცვის პრობლემა. ბოლო წლებში ნატო-ს და რუსეთს შორის დაიძაბა ურთიერთობა და მას ხშირად ისეთ ტერმინებში აღწერენ, რომლებიც ცივ ომს მოგაგონებს. ამ ცივი, დაძაბული ურთიერთობების განახლების ერთ-ერთი მთავარი სტიმული ევროპის კონტინენტზე სარაკეტო თავდაცვის ამერიკული პროექტი გახდა. რუსებს არ დაუმალავთ, რომ ისინი ამ სარაკეტო თავდაცვით ფარს, პირველ რიგში საკუთარ საფრთხედ აღიქვამდნენ.

სარაკეტო ფარის იდეა ახალი არ არის. ცივი ომის დროს, ამ წინადადებით რონალდ რეიგანი გამოვიდა და ის გრანდიოზული სამხედრო პოლიტიკური სტრატეგიის ფარგლებში წარმოადგინა, რომელიც გულისხმობდა რაკეტების, ტექნიკური ობიექტებისა და სამხედრო ბაზების განთავსებას მთელს მსოფლიოში და კოსმოში. აქედან დაიწყო პროექტის განხორციელება, რომელსაც შემდეგ ”ვარსკვლავური ომები” უწოდეს. ამ პროექტის ამოქმედების დღიდან პენტაგონმა მილიარდობით დოლარი დახარჯა პროექტის კვლევებსა და დამუშავებაზე. ვიდრე ამერიკის მთავრობა ამტკიცებს, რომ სარაკეტო თავდაცვის სისტემის მიზანი მომავალში ამერიკის, ევროპის, სამხრეთ-კორეისა და ირანის შესაძლო ბალისტიკური სარაკეტო შეტევებისგან დაცვაა, კრემლი ამ პროექტს რუსეთისთვის უპირველეს ნაციონალურ საფრთხედ აღიქვამს. მოსკოვი დარწმუნებულია, რომ ეს არგუმენტები მხოლოდ საბაბია რუსეთთან მიახლოებისთვის.

რას ეფუძნება რუსეთის ასეთი ხედვა და შიშები? რუსეთის მტრული დამოკიდებულება აშშ-ს პროგრამის მიმართ, შეერთებული შტატების გრძელვადიან სტრატეგიულ მიზნებს უკავშირდება. ეს მიზნები მოიცავს სამხედრო დოქტრინას, რომელიც გულისხმობს ამერიკის აბსოლუტურ ბატონობას, პირველადი ბირთვული თავდასხმის განახლებულ სტრატეგიას, რომელშიც ბირთვული უპირატესობის კონცეფციაც შედის და ნატო-ს ექსპანსიას რუსეთის საზღვრებამდე – მიუხედავად ნატო-ს მხრიდან გაცემული გარანტიებისა, რომ ის არ გასცდებოდა გერმანიის საზღვრებს.

აშშ-ს ბირთვული პოლიტიკა ცივი ომის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. 2001 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული პოტენციალის მიმოხილვამ (NPR) აღიარა, რომ აშშ-ს შეიარაღებული ძალებისთვის რუსეთი ბირთვული შეტევების შესაძლო სამიზნეა. 2001 წლის NPR-ს რეზიუმირება შეიძლება ამ ციტატით მოვახდინოთ – ”ცივი ომის დროს, რუსეთი [საბჭოთა კავშირი] შეერთებული შტატებისთვის მთავარ ბირთვულ საფრთხეს წარმოადგენდა. საბჭოთა კავშირის დაშლამ აშშ-ს ბირთვული დაგეგმვის პროცესში ცვლილებები შეიტანა და რუსეთი მის მთავარ სამიზნედ აღარ განიხილებოდა, თუმცა რუსეთი იმ ერთადერთ ქვეყნად რჩება, რომელსაც რეალურად ძალუძს შეერთებული შტატების განადგურება მის ხელთ არსებული ბირთვული არსენალის მასშტაბის გამო. მეტიც, გაურკვევლობა რუსეთის საგარეო-პოლიტიკური კურსის მომავალის მიმართ, შეერთებულ შტატებს მასშტაბური ბირთვული სარეზერვო ძალების შენარჩუნებას აიძულებს. ამ მიზეზების გამო რუსეთი კვლავ რჩება ამერიკული ბირთვული რაკეტების პოტენციური სამიზნეების სიაში. გარდა ამისა, ახალი NPR თავის სამიზნეებად ღიად ასახელებს კიდევ ექვს ქვეყანას, ესენია: ჩრდილოეთ-კორეა, ირანი, ერაყი, სირია, ლიბია და ჩინეთი. ბირთვული სამიზნეების ეს სია წინა ადმინისტრაციების გეგმებს ასახავს”.

რუსეთი პენტაგონისთვის ბირთვული სამიზნე იმის გამოა, რომ ის მთავარი ქვეყანაა მათ შორის, ვისაც სამხედრო თვალსაზრისით ამერიკისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია, მაგრამ ეს არ არის ის ერთადერთი მიზეზი რის გამოც მოსკოვი ნერვიულობს. 2001 წელს, ამერიკამ გამოაცხადა, რომ ის ცალმხრივად სტოვებს ანტი-სარაკეტო თავდაცვაზე (ABM) ხელშეკრულებას, რომელიც ლეგალურ შეზღუდვებს აწესებს ამერიკულ და რუსულ ბალისტიკურ რაკეტებზე. ეს დიკ ჩეინის და ნეო-კონსერვატიულ ექსპერტთა ჯგუფის ”პროექტი ახალი ამერიკული საუკუნისთვის” (PNAC) რეკომენდაცია გახლდათ. ეს პროექტი ასახულია ხელნაწერში ”ამერიკის თავდაცვისუნარიანობის აღდგენა: სტრატეგიები, ძალები და რესურსები ახალი საუკუნისთვის”. PNAC-ის დოკუმენტში, რომელიც 2000 წელს გამოიცა, კატეგორიულადაა ნათქვამი, რომ ამერიკამ უნდა ”განავითაროს და განათავსოს გლობალური სარაკეტო თავდაცვითი სისტემები ამერიკული მიწის და ამერიკის მოკავშირეების დასაცავად და დამცავი ბაზის უზრუნველსაყოფად აშშ-ს ძალაუფლების გავრცელებისთვის მთელს მსოფლიოში”. აშშ-ს მხრიდან ABM ხელშეკრულებიდან გამოსვლის შესახებ განცხადებას მოგვიანებით მოჰყვა განცხადებები ცვლილებებზე აშშ-ს სამხედრო დოქტრინაში, რაზეც თავდაპირველად საუბარი იყო NPR-ში, შემდეგ ერთობლივი ბირთვული ოპერაციების დოქტრინაში (DJNO), შემდეგ CONPLAN 8022-02-ში, რამაც ბირთვული თავდასხმები შესაძლებელ ვარიანტად აქცია, როგორც პრევენციული ასევე ტრადიციული საომარი მოქმედებების პირობებში”.

რუსეთის თვალში სარაკეტო ფარის პროექტი ამერიკის მხრიდან ბირთვული უპირატესობის უზრუნველყოფის მცდელობაა. სარაკეტო ფარის განთავსების შემთხვევაში რუსეთი ვერ შესძლებს რეაგირებას შეერთებული შტატების მხრიდან პირველი ბირთვული დარტყმის განხორციელების შემთხვევაში და კრემლის ბირთვული არსენალი ფაქტობრივად უსარგებლო ხდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოსკოვის მხრიდან არსებული ბირთვული საფრთხის მოხსნით, ამერიკა ”ურთიერთგანადგურების” (MAD) საფრთხესაც ხსნის. ეს ასევე ანეიტრალებს მოსკოვიდან საპასუხო ბირთვული დარტყმის საფრთხეს და რუსეთს ხელს შეუშლის შური იძიოს თავდაპირველად ამერიკის მხრიდან განხორციელებულ ბირთვულ შეტევაზე. ცივი ომის დროს ბირთვული შურისძიების ან ”საპასუხო დარტყმის” და MAD-ის შესაძლებლობა იმ ფაქტორებად განიხილებოდა, რომლებმაც აშშ-ს და საბჭოეთს შორის შესძლეს გლობალური ბირთვული ომის თავიდან აცილება, თუმცა ბირთვული უპირატესობა სიტუაციას ცვლის და რუსეთს შურისძიების შესაძლებლობის გარეშე სტოვებს. კრემლის აზრით ეს რუსეთს და მის მოკავშირეებს დაუცველებს სტოვებს აშშ-ს და ნატო-ს მხრიდან შესაძლო მტრული ქმედებების შემთხვევაში.

ნატო ძველებურად არსებობს, მიუხედავად იმისა რომ ცივი ომი დიდი ხნის წინ დასრულდა. რუსეთს აღიზიანებს ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოვება და თავდაცვითი პაქტის იმ ორგანიზაციად გადაქცევა, რომელიც სამხედრო ჩარევას ქადაგებს. ამერიკული ანტი-სარაკეტო ფარის სტრატეგიული ბუნება, რომელიც არღვევს ბირთვულ პარიტეტს რუსეთს და ამერიკას შორის, ნატო-ს ფაქტორით კიდევ უფრო ღრმავდება. მოსკოვი, აგრესიულ სამხედრო მახასიათებლებში, რომლითაც ნატო ცივი ომის დასრულების შემდეგ შეირაღდა, საფრთხეს ხედავს. ალიანსის სტრატეგიის შეცვლას ყოფილ იუგოსლავიაში ნატო-ს ჩარევა და ავღანეთში ომი მოჰყვა. გარდა ამისა, ნატო ისეთ ამოცანებს წყვეტს, როგორებიცაა ახლო-აღმოსავლეთსა და აფრიკაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და არმიების გაწვრთნა. ამიტომ, მსოფლიო უსაფრთხოებაზე ვლადიმერ პუტინის სარკასტული განცხადებები გასაკვირი არ გახლავთ. ამ სიტყვაში პუტინმა აშშ სამხედრო ძალით ერთპოლარული მსოფლიო წესრიგის დამკვიდრებისკენ სწრაფვაში დაადანაშაულა – ”დღეს ჩვენ თვალს ვადევნებთ, საერთაშორისო საქმეებში თითქმის შეუკავებელი ძალის გიპერტროფირებულ გამოყენებას, სამხედრო ძალას, ძალას რომელიც მსოფლიოს ერთმანეთის მიყოლებით ახალ-ახალ კონფლიქტებში ითრევს. შედეგად არ არსებობს საკმარისი ძალა თუნდაც ერთი ასეთი კონფლიქტის მოგვარებისთვის. შეუძლებელი ხდება მათი პოლიტიკური გადაწყვეტაც. ჩვენ საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ ვხედავთ სულ უფრო მეტ გულგრილ დამოკიდებულებას. მეტიც, ცალკეულმა ნორმებმა და პრინციპში, ერთი სახელმწიფოს სამართლის თითქმის მთელმა სისტემამ, ვგულისხმობ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ყველა სფეროში, ყველა მის ნაციონალურ საზღვარს გადააბიჯა”.

პუტინმა ნატო-ს გაფართოებაზეც გააკეთა მინიშნება, რომელიც რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული – ”ვფიქრობ ცხადია: ნატო-ს გაფართოვების პროცესს თავად ალიანსის მოდერნიზაციასთან ან ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან არანაირი კავშირი არა აქვს. პირიქით, ეს სერიოზული მაპროვოცირებელი ფაქტორია, რომელიც ურთიერთნდობას აქვეითებს და ჩვენ გვაქვს სამართლიანი უფლება დავსვათ კითხვა: ვის წინააღმდეგაა მიმართული ეს გაფართოვება? და რა მოუვიდა იმ დაპირებებს, რომლებსაც დასავლელი პარტნიორები ვარშავის პაქტის დაშლის დროს გასცემდნენ? სად არის ახლა ეს განცხადებები? ისინი ყველამ დაივიწყა, მაგრამ მე თავს უფლებას მივცემ გავიხსენო ამ აუდიტორიაში, ის რაც მაშინ ითქვა. გავიხსენებ ციტატას ნატო-ს გენერალური მდივნის, ბატონი ვერნერის მიერ 1990 წლის 17 მაისს ბრიუსელში გამოსვლიდან: ”თავად ის ფაქტი, რომ ჩვენ მზად ვართ არ განვათავსოთ ნატო-ს ჯარები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საზღვრებს მიღმა, საბჭოთა კავშირს უსაფრთხოების მყარ გარანტიებს აძლევს”, სად არის ეს გარანტიები?”

შესაძლო ომის საფრთხე რუსი სტრატეგებისთვის ძალიან რეალურია. კრემლს სჯერა, რომ რუსეთის ფედერაციას ერთდროულად ალყაში აქცევს ნატო, მზარდი სამხედრო ბაზები და ამერიკული რაკეტები.

შეიძლება კი ამერიკას, რუსეთს და ნატო-ს შორის ომის წარმოდგენა? 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომი ასეთ შესაძლებლობას წარმოაჩენს. რუსმა ჩინოვნიკებმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს უკვე უწოდეს განზოგადოებული ომი. კრემლმა განაცხადა, რომ საქართველოს ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ამერიკის ინტერესებს წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით მოსკოვი საქართველოს ამერიკის წარმომადგენლად ან სატელიტ-სახელმწიფოდ განიხილავს. რუსეთის ეჭვები დადასტურდა, როდესაც აშშ-მ რუსეთ-საქართველოს ომის დროს განაცხადა, რომ კავკასია ამერიკის სტრატეგიული ინტერესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეგიონია, შემთხვევითი არ არის ის, რომ საქართველო ერთ-ერთი ის ქვეყანაა მსოფლიოში, რომლის გასამხედროებაც ყველაზე სწრაფად ხდება და ამერიკული სამხედრო დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადრესატია. ყველაზე მნიშვნელოვანი რუსეთ-საქართველოს ომში სამხრეთ- ოსეთისთვის არის ის, რომ რუსეთმა განაცხადა, რომ სხვაგვარად არ იმოქმედებდა იმ შემთხვევაშიც კი საქართველო ნატო-ს წევრი რომ ყოფილიყო. მარტო ეს ფაქტი იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ ომი ამერიკას და რუსეთს შორის – ილუზია არ არის.

ასე რომ შეიძლება კი იმის თქმა, რომ ობამას ადმინისტრაციამ ნამდვილად დააჭირა ხელი გადატვირთვის ღილაკს რუსულ- ამერიკულ ურთიერთობებში, როდესაც 2009 წლის სექტემბერში აღმოსავლეთ-ევროპაში ამერიკული სარაკეტო ფარის განთავსების თაობაზე უარი განაცხადა? 17 სექტემბერს, პრეზიდენტ ობამას განცხადება იმის თაობაზე, რომ აშშ წყვეტს პოლონეთსა და ჩეხეთში ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტების განთავსებას, სატყუარას ჰგავს. ობამას განცხადების შემდეგ სულ მალე აშშ-მ ფლორიდიდან კოსმოსში თავდაცვის სისტემის ორი ექსპერიმენტული თანამგზავრი გაუშვა. სინამდვილეში ობამამ ანტი-სარაკეტო ფარის განთავსებაზე უარი კი არ სთქვა, არამედ პირიქით, უფრო მასშტაბური და ეფექტური ფარის განთავსების შესახებ განაცხადა, სამხედრო გემებზე კომპონენტების განთავსების ჩათვლით. ანტი-სარაკეტო ფარის მშენებლობა ახალ საფეხურზე გადადის – ევროპასა და მის საზღვრებს გარეთ – თურქეთიდან და ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან ბალტიის ზღვამდე.

პოლონეთის წარმომადგენლის რეაქციამ ობამას გეგმების ცვლილებაზე რუსეთის შიშები მხოლოდ დაადასტურა. ”სინამდვილეში ჩვენ ირანიდან სარაკეტო თავდასხმის საფრთხეს არც არასდროს განვიცდიდით” – განაცხადა სლავომირ ნოვაკმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის უფროსმა მრჩეველმა. ასე რომ იყო კი პოლონეთის და სხვა სახელმწიფოების დაცვა ირანის სარაკეტო საფრთხისგან ანტი-სარაკეტო სისტემის შემქნის რეალური მოტივი? კრემლი იტყოდა, რომ არა. მოსკოვისთვის ცხადი იყო, რომ ამერიკელმა სტრატეგებმა სარაკეტო ფარის განთავსება არა ირანულ და ჩრდილო-კორეულ საფრთხეს, არამედ ჩეინის და მისი კოლეგების სტრატეგიებს მოარგეს. ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემა იმისთვის იყო გამიზნული, რომ ”მთელ მსოფლიოში აშშ-ს ძალაუფლების გავრცელებისთვის დამცავი ბაზა უზრუნველეყო” ანუ დამთავრდა კი ცივი ომი? შესაძლოა პასუხი რუსეთის და ბელორუსის ერთობლივ სამხედრო მომზადებაში და ორმხრივ სამხედრო წრთვნებშია, რომლებიც მათ იმისთვის გამართეს, რომ საკუთარი შეიარაღებული ძალები ნატო-ს ძალების მხრიდან თავდასხმის შემთხვევისთვის მოემზადებინათ, თავდასხმისთვის, რომელიც გულისხმობს ინტერვენციას როგორც ხმელეთიდან, ასევე ზღვიდან და ჰაერიდან.

მაჰდი დარიუს ნაზემროაია

Caucus

ჩრდილო კავკასია – ზამბარა, რომელიც ეშვება

ჩრდილო კავკასია ისევ გასაჭირშია და რუსეთი ბოლომდე დარწმუნებული ვერ არის, რა უნდა მოიმოქმედოს. როგორც საყოველთაოდაა ცნობილი, რეგიონი, რომელსაც კლანები მართავენ, ძალადობის უწყვეტი ესკალაციის მოწმე ხდება – დაღესტანი (სადაც მოვლენები ხელისუფლების ცვლილებამ დააჩქრა) და ინგუშეთი სულ უფრო ჩრდილავენ სისხლიანი ამბოხით ცნობილ ჩეჩნეთს.

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რეგიონზე პასუხისმგებელი პირის პოსტის დაწესებაც კი ივარაუდა , მაგრამ ეს უფრო პროპაგნდას წააგავდა, ვიდრე ნაბიჯს, რომელიც შედგეს მოიტანდა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მედვედევისეული გადაწყვეტა ზერელეა, მისი მოტივაცია რეალურია. ლიდერი აღიარებს, რომ არასტაბილური ჩრდილო კავკასია არასტაბილურ რუსეთს ნიშნავს.

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი ამ აზრს ეთანხმება. თავის გამოსვლაში ორშაბათს კოლუმბიის უნივერსიტეტში მან 2008 წლის რუსულ-ქართული ომი მიაწერა რუსეთს, რომელიც რეგიონში უსაფრთხოებისთვის იბრძვის. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთს ტერიტორიები სამხრეთ კავკასიაში ჩრდილოეთის არასტაბილურობის შესაკავებლად სჭირდება. მან ისიც თქვა, რომ ეს სუსტი წერტილი საქართველოს ხელმძღვანელობას შეუმჩნეველი არ დარჩენია.

ძალიან დასუსტებული ქართული მთავარობა, რომელსაც სათავეში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უდგას გეგმავს რუსულენოვანი ტელეკომპანიის ამოქმედებას, რომლის სამიზნე აუდიტორია მეზობელი ჩრდილო კავკასიის მოსახლეობაა. ეს არის მცდელობა კიდევ უფრო შეასუსტოს რუსეთის პოზიცია რეგიონში.

ზურაბიშვილი სკეპტიკურადაა განწყობილი იმისადმი, რომ პაწაწინა საქართველოს შეუძლია წარმატებას მიაღწიოს რუსეთზე ასეთი აგრესიული თავდასხმით. მისი აზრით, რუსეთს უკვე აქვს საქმე დიდ პრობლემასთან ჩრდილო კავკასიაში და სააკაშვილის მცდელობა გაამწვავოს სიტუაცია ძნელად ავნებს რაიმეს ათწლეულობის ისტორიის მქონე პრობლემას.

ზურაბიშვილმა კავკასიის პრობლემათა დიდი წილი რეგიონთან რუსეთის ორაზროვან პოლიტიკას მიაწერა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის დამოკიდებულება რეგიონისადმი მერყეობდა. რუსეთის ინტერესი უპირველესად ყოვლისა რეგიონის მინერალური და ენერგეტიკული რესურსების მიტაცებასა და ძალადობის ძალითვე გამოყენებით ჩახშობაში გამოიხატა. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ რეგიონის რეალური სტაბილიზაციის გზა სახელმწიფო ინსტიტუტების მშნებლობაში ინვესტირების დაწყებაა და არა მოქიშპე კლანების ერთმანეთის წინააღმდეგ გამოყენება, რაც მხოლოდ გაამრავლებს ძალადობას.

უფრო ერთიანმა, უფრო სტაბილურმა საქართველომ შეიძლება რეგიონის უსაფრთხოებაში პროდუქტიული როლი შეასრულოს, განაცხადა ზურაბიშვილმა, მაგრამ ჯერ ლიდერებს თბილისში უფრო რუსეთის გავლენის ძირგამოთხრა აინტერესებთ, ვიდრე პრობლემის გრძელვადიანი გადაწყვეტა.

კარლ ლიპტჩაცი

WPR

როგორც გურულები იტყვიან-”არის საშუელი რამე”?!

ჩემ გარშემო მყოფი საზოგადოების ნაწილი და არამარტო ისინი, ხშირად საუბრობენ და გამოთქვამენ წუხილს იმ სიტუაციის გამო რაც დღეს ქვეყანაშია. სრული დესტაბილიზაცია, ანარქია და გაურკვევლობა(ეს რეალურად თუ არა ისე ყველაფერი კარგად არის, მოგებული ომის შემდეგ და წარმატებული ეკონომიკის პირობებში). ყველაზე დიდი უბედურება და საკითხი რაც ჯანსაღად მოაზროვნე საზოგადოებას აფიქრებს და ადარდებს არის ის რომ ჩვენ არ გვაქვს პროგნოზირებადი მომავალი, არ ვიცით რა იქნება ხვალ. ვაღიაროთ რომ დღეს საქართველო არაფერს წარმოადგენს, როგორც გლობალურ პოლიტიკაში ისე ეკონომიკაში.

საქართველოში ეკონომიკა არ არსებობს, (ჩვენი “ეკონომიკა” მხოლოდ ის დახმარებები რომელსაც დონორი ორგანიზაციები გვიწყალობებენ ხოლმე ყოველთვიურად).ჩვენ თითქმის 99%-ით დამოკიდებული ვართ დასავლურ კრედიტებზე, რომელიც ვინც არ იცის მინდა ვუთხრა რომ რამდენიმე წელიწადში ისევ ჩვენი გადასახდელი იქნება.  ეს თვით ხელისუფლების მომხრეებმაც იციან, მაგრამ ალბათ თუ ეს იციან ხელისუფლების მომხრე არ უნდა იყვნენ, ანუ გამოდის რომ არ იციან. ჩვენ არ ვაწარმოებთ შიდა პროდუქტს, საერთო შიდა ბაძრის დააახლოებით 90% იმპორტირებულ პროდუქციას უკავია. ამ სიტუაციას კარგად იყენებენ მავანნი, ისინი იმ ურიგდებიან იმ კომპანიაებს რომელთაც აქ პროდუქტი შემოაქვთ და ყალბი საშუალებებით ითხოვენ მათგან თანხებს. იმის გამო რომ აქ პროდუქციის შემოტანა რიგ კომპანიებს ძალიან სოლიდური თანხა უჯდებათ ისინი აძვირებენ მათ ნაწარმს.

რაც შეეხება პოლიტიკას, აქაც მსოფლიო პოლიტიკაში სრულიად გაურკვეველი სტატუსი გვაქვს. ჩვენი ტერიტორიის 20%-ზე მეტს სხვა სახელმწიფოები აღიარებენ როგორც დამოუკიდებელ ერთეულებს. შემაშფოთებელია რომ ჩვენ ამას ვერაფერს ვუპირისპირებთ, გარდა იმისა რომ “ვღშფოთდებით”, საბედნიეროდ ჯერ კიდევ შფოთავენ, ჩვენი დასავლელი მეგობრებიც, მაგრამ სიტუაცია იქით მიდის რომ ჩვენი უაზრო ქმედებების გამო ისინიც შეწყვეტენ ჯერ “აღშფოთებას” , სულ მალე კი “შეშფოთებას”.

ნარკომანია საქართველოში

ჰეროინი

ოპიატის ოჯახს განეკუთვნება და სინთეტიკურ ნარკოტიკულ პრეპარატს წარმოადგენს (ოპიოიდი). ზოგიერთი ოპიოიდი, როგორიცაა მეტადონი და დემეროლი, მთლიანად ხელოვნურია, ზოგიერთი კი, მაგალითად მორფი და ჰეროინი ლაბორატორიებში ოპიუმისგან მზადდება. თითქმის ყველა ოპიოიდურ პრეპარატს ახასიათებს მსგავსი ზემოქმედება. ზემოქმედების თვალსაზრისით ჰეროინი მორფზე სამჯერ უფრო ძლიერია. ჰეროინი მორფისგან დამზადებული დეპრესანტული ნარკოტიკია, რომელიც წარმოადგენს ოპიუმის ყაყაჩოს დამუშავების შედეგად მიღებულ ოპიუმის პროდუქტს. იგი წარმოდგენილია თეთრი, ნაცრისფერი ან ყავისფერი ფხვნილის სახით. ჰეროინის ჟარგონული დასახელებები: გემო, ცხენი, ყავისფერი შაქარი, ვეფხვი. მოხმარება: – ინექციით; – მოწევით: ხდება მისი გაცხელება ალუმინის ფოლგაზე და შესუნთქვა; – ინჰალაციის გზით. ჰეროინის ზემოქმედება: ჰეორინს ახასიათებს შემდეგი სახის ფიზიკური ზემოქმედება: – გუგების შევიწროვება; – სხეულის ტემპერატურის დაკლება; – მაჯისცემისა და სუნთქვის შენელება. ჰეროინს ახასიათებს შემდეგი სახის ფსიქოლოგიური ზემოქმედება: – მოთენთილობა და ინდეფერენტულობა; – რეაგირების უნარის დაკარგვა; – უემოციობა; – სრული მოდუნება.

მსოფლიოში 11,3 მილიონი ადამიანი წელიწადში 340 ტონა ჰეროინს მოიხმარს. რომლის 90% ავღანური წარმოშობისაა. ნარკომანების სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვის 60% ჰეროინზე მოდის, რადგან ჰეროინი ადამიანის, ყველაზე სწრაფ ფიზიკურ და ინტელექტუალურ დეგრადაციას იწვევს და ნარკოტიკებით სიკვდილიანობის ყველაზე მეტი %-იც მასზე მოდის.

ჰეროინის მსოფლი ბაზარი 56 მილიარდ აშშ დოლარს აღწევს. ეს თანხა ძირითადად ტერორისტებს, კრიმინალებს და კორუმპირებულ რეჟიმებს კვებავს. იგი ავღანეთის თალიბების შემოსავალის ძირითადი წყაროა.

• “გაერო”-ს მონაცემებით ამიერკავკასაში წელიწადში 11 ტონა ჰეროინი შემოდის ორი ძირითადი მარშრუტით I. ავღანეთი-ირანი-აზერბაიჯანი – 9 ტონა და II. ავღანეთი-შუა აზია-კასპიის ზღვა-აზერბაიჯანი – 2 ტონა. აქედან 7 ტონა საქართველოს საზღვაო პორტებიდან (ძირითადად ფოთის პორტი) გადის ევროპაში. რეგიონში რჩება 4 ტონა ჰეროინი.

• აშშ-ს ადმინისტრაციის მონაცემების გათვალისწინებით (რეგიონის ქვეყნებში ნარკომანების რაოდენობასთან დაკვშირებით) ადვილი საანგარიშოა, რომ საქართველოზე მოდის რეგიონში მოხმარებული ნარკოტიკების მინიმუმ 59% ანუ 2,4 ტონა ჰეროინი.

• აქედან გამომდინარე, საქართველოში წელიწადში მოძრაობს 9-10 ტონა ჰეროინი.

• იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში 1 ნარკომანი წელიწადში მოიხმარს მინიმუმ 30 გრამ ჰეროინს, საქართველოში ჰეროინის მომხმარებელთა რაოდენობა მინიმუმ 80 000 უნდა იყო, რაც ემთხვევა ექსპერტულ შეფასებებსაც.

• საქართველო 1000 მოსახლეზე ჰეროინის მომხმარებით მსოფლიოში 1 ადგილზეა (17 მომხმარებელი 1000-ზე) და გაცილებით უსწრებს რუსეთს (11), ესტონეთს (10) დიდი ბრიტანეთს (5), იტალიას (5), უკრაინას (2,9), საფრანგეთს (2,6), გერმანიას (1,4), თურქეთს (0,3) და ა.შ.

ჰეროინი ევროკავშირში და მისი მიმწოდებლები

• ევროკავშირში ჰეროინს 1,4 მილიონი ადამიანი 106 ტონა ჰეროინს მოიხმარს. საადაც, EMCDDA-ს მონაცემებით ნარკოტიკებით სიკვდილიანობის და დაავადებულთა უდიდესი წილი (55%) სწორედ ჰეროინზე მოდის.

• ევროკავშირის ბაზარზე ჰეროინის სარეალიზაციო და საბითუმო ფასების შეფარდება 1,6-დან 2,8-მდე (საშუალოდ 2,4). ანუ ამ კრიმინალური ბიზნესის რენტაბელობა 240%-ზე მეტია.

• “გაერო”-ს “ნარკოტიკებისა და კრიმინალის ოფისის” მონაცემებით ევროკავშირში ჰეროინი შედის: თურქეთიდან 85 ტონა; საქართველოდან 7 ტონა; პაკისტანიდან 5 ტონა; რუსეთიდან 4 ტონა; აფრიკდან 2 ტონა; ინდოეთიდან 1 ტონა; სხვა 2 ტონა.

• საქართველოდან ევროპაში ჰეროინი ხვდება შავი ზღვის პორტების (ძირითადად ფოთის პორტი) საშუალებით, ორი გზით: I. საქართველო-ბულგარეთი (6 ტონა) და II. საქართველო-უკრაინა (1 ტონა). ნიშანდობლივია, რომ ფოთის პორტს პირდაპირი საბორნე მიმოსვლა აქვს ილიჩეევსკის (უკრაინა) და ვარნის (ბულგარეთი) პორტებთან.

ნარკომანია, საქართველოს სოცილური კატასტროფა

• აშშ-ს “ნარკოტიკებთან ბრძოლის ბიუროს” მონაცემებით: საქართველოში დღეისთვის 240 000 დან 350 000-მდე (საშუალო 295 000) ნარკოტიკების მომხმარებელია, როცა მათი რაოდენობა 2003 წელს 150 000 იყო (აზერბაიჯანში 180 000-200 000, სომხეთში 30 000-მდე).

• ჰეროინი საქართველოსთვის რეალურ კატასტროფად იქცა. სამედიცინო დაწესებულებებში აღრიცხულ ნარკომანთა (ე.წ. პრობლემური ნარკომანები) 78% სწორედ ჰეროინის მომხმრებლებია.

• ნარკომანების რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება მასთან დაკავშირებული უმძიმესი დაავადებებიც – შიდსი (დაავადებულთა 70% ნარკომანია) და ჩ ჰეპატიტი (აქვს ნარკომანთა 50%-ს). ბოლო 5 წლის განმავლობაში შიდსით დაავადებულთა რაოდენობა გაიზარდა 4,6-ჯერ, ხოლო ჩ ჰეპატიტის შემთხვევები 4,4-ჯერ. იზრდება ნარკოტიკებით გამოწვეული ფსიქიური და ქცევითი აშლილობები, რომელიც წელიწადში 2500-3000 აღწევს (ეს მონაცემები ოფიციალურია, რეალური რაოდენობა კი 3-4-ჯერ მეტია).

• საგანგაშოა, რომ ნარკოტიკების მოხმარება ყველაზე ხშირია საზოგადოების ყველაზე შრომისუნარიან ნაწილში – 21-დან 40 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში.

ნარკოტიკული დანაშაული და მასთანN”ბრძოლა” საქართველოში

• საქართველოში ნარკოტიკებთან ბრძოლის ექსკლუზიური უფლება შინაგან საქმეთა სამინისტროსა აქვს მინიჭებული. კერძოდ მის ორ დეპარტამენტს I. სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს და II. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო და სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტებს.

• მიუხედავად იმისა, რომ “გაერო”-ს 1961 წლის “ერთიანი კონვენცია ნარკოტიკული საშუალებათა შესახებ” (საქართველო შეუერთდა 2000 წელის) მოითხოვს, რომ ნარკოტიკის მომხმარებელი თავისუფლების აღკვეთით არ უნდა ისჯებოდეს, საქართველოში ძირითადად ისჯებიან სწორედ ნარკოტიკების მომხმარებლები.

• ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლის განმავლობაში რეგისტრირებულ 4989 ნარკოტიკული დანაშაულიდან, მხოლოდ 4-ია ნარკოტიკების კონტრაბანდა, ხოლო 9 რეალიზაცია. უფრო დიდ “გაოცებას” იწვევს ჰეროინის ამოღების დონე, – 2008 წელს ამოღებული და განადგურებულია 8,3 კგ. ჰეროინი (2007 წელს 6,8 კგ.) – მთლიანი ბრუნვის 0,09%.

ქართული “ნარკოკარტელის” შემოსავლები ავღანური ჰეროინიდან

• ქართული “ნარკოკარტელის” შემოსავალის შეფასება რთულია, მაგრამ შესაძლებელია. “გაერო”-ს მონაცემებით საქართველოში 1 გრამი სუფთა ჰეროინის “ქუჩის” საშუალო ფასი 350 აშშ დოლარია, ანუ რეალიზებული 2,4 ტონის ღირებულება 840 მილიონი დოლარია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროპაში ჰეროინის რეალიზაცა 240%-იან მოგებას იძლევა, მაშინ საქართველოს “ნარკოკარტელის” წლიური მოგება 0,5 მილიარდი აშშ დოლარი მაინცაა.

• ნიშანდობლივია, რომ ჰეროინის “ქუჩის” ფასით საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, რაც პირდაპირ მიანიშნებს ამ კრიმინალური ბიზნესის მონოპოლიურობაზე.

• ჰეროინის ტრანზიტიდან (7 ტონა) შემოსავალის ანგარიში შეუძლებელია. თუმცა ეჭვს არ იწვევს, რომ ასეთი რაოდენობის საზღვარზე გადატანა კორუფციული გარიგების გარეშე ვერ მოხდება და სავარაუდოა, რომ ტრანზიტის განხორციელების ფასი ქვეყანაში დატოვებული ჰეროინია. ასე, რომ ქართული “ნარკოკარტელის” შემოსავალი შეძლება არ მარტო ჰეროინის გაყიდვით მიღებული მოგება იყოს, არამედ მისი მთლიანი ღირებულება – 840 მილიონი აშშ დოლარი წელიწადში.

ნარკომანები საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური დასაყრდენი

• ნარკომანები არა მარტო დიდი შემოსავლის წყაროა, არამედ როგორც ეს აჩვენა ბოლო – 2008 წლის არჩევნებმა ხელისუფლების მნიშვნელოვან პოლიტიკურ დასაყრდენსაც წარმოადგენენ. როგორც ადამიანის უფელბათა დამცველი ორგანიზაციები აცხადებდნენ 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მართველი პარტიის მიერ მიღებული ხმების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ კრიმინალური წარმოშობის იყო: “ნაციონალური მოძრაობის დამხმარე მეორე კატეგორიას ამ არჩევნებზე წარმოადგენდნენ კრიმინალური ელემენტები, რომლებისგანაც პოლიცია მოითხოვდა მათი ავტორიტეტისა და გავლენის გამოყენებას ამომრჩევლებზე. სამაგიეროდ მათ სთავაზობდნენ სხვადასხვა შეღავათებს მათ მიერ ნარკოტიკების მოხმარებაზე ან სხვა დანაშაულზე თვალის დახუჭვის ან მათი მეგობარი ავტორიტეტის ციხიდან განთავისუფლების სახით. მათ მუშაობას აკონტროლებდნენ სოდ-ის (შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი) თანამშრომლები (განსაკუთრებით ნარკომანებისას, რომლებსაც ამ სამსახურის სანაცვლოდ ნარკოტიკებსაც კი ურიგებდნენ)”.

“2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებამდე ციხეებიდან ასობით პატიმარი გამოუშვეს. საპროცესო შეთანხმებისა და შეწყალების საფუძველზე კრიმინალები პატიმრობიდან სწორედ იმ პირობით გაათავისუფლეს, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიაში აქტიური და გადამწყვეტი მონაწილეობა მიეღოთ. გათავისუფლებულთა შორის აღმოჩნდნენ მძიმე დანაშაულებისთვის, დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა, შენახვა, რეალიზაციისათვის, გამოძალვისათვის, ყაჩაღობისათვის, მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი პირები და კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებიც”

• 2008 წლის 5 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების (რისი დანიშვნის საფუძველიც 2007 წლის 7 ნოემბრის მრავალათასიანი მიტინგის ბარბაროსული დარბევა იყო) დანიშვნის შემდეგ, უშუალოდ პრეზიდენტის განკარგულებებით 1 თვის განმავლობაში (2007 წლის 20 ნოემბრიდან) ციხეებიდან გამოუშვეს 984 პატიმარი (როცა ამავე წლის ნოემბრამდე შეწყალებული იყო 28, ხოლო მთელი 2006 წლის განმავლობაში მხოლოდ 116 პატიმარი). “წინასაარჩევნო შეწყალების” პროცესი კვლავ გააქტიურდა 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნების წინ, 4 თვის განმავლობაში ციხეებიდან გამოუშვეს 575 პატიმარი.

• საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილმა მოიპოვა 1 060 042 ხმა (53,5%) ხოლო ხუთი თვის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნებში მისივე “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო ზუსტად იმდენივე – 1 050 267 ხმა (59,2%). თუ გავითვალიწიმებთ, იმას, რომ შეწყალების პირობად არჩევნებითვის პატიმრის ოჯახს 400-500 გარანტირებული ხმის ორგანიზება უნდა მოეხდინა, ადვილი საანგარიშოა, რომ 1000 შეწყალებულის შემთხვევაში არჩევნებზე ხელისუფლებას მინიმუმ 400 000-500 000 ხმა (25-30%) გარანტირებული ქონდა.

ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ დღემდე გასაიდუმლოებულია პრეზიდენტის შეწყალების ყველა გაანკარგულება. ამონარიდები საქართველოს სახალხო დამცველის 2008 წლის მოხსენებიდან: “მიუხედავად სახალხო დამცველის აპარატის არაერთი მოთხოვნისა, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ არ იქნა ჩვენთვის მოწოდებული შეწყალების საკითხებთან დაკავშირებული მასალა”. “შეწყალების სფეროში შეიქმნა სრული განუკითხაობა და ქაოსი. არსებული შეწყალების კომისია გადაიქცა სრულ ფიქციად. . . . ხშირია შემთხვევები, როცა შეწყალებაზე უარი ეთქმებათ მსუბუქ დანაშაულში მსჯავრდებულთ და გარეთ გამოდიან მძიმე დანაშაულში (ნარკოტიკების გასაღება, წამება და განზრახ მკვლელობა, გაუპატიურება) მსჯავრდებულები. სწორედ ასეთი განუკითხაობისა და ქაოსის გამო ამ სფეროში ფეხი მოიკიდა როგორც ჩვეულებრივმა, ასევე პოლიტიკურმა კორუფციამ” და ა.შ.

ზემოთქმულიდან გამომდინარე ”საქართველოს მწვანეთა პარტია” მიმართავს საერთაშორისო ორგანიზაცეიებს, “ევროპოლსა” და “ინტერპოლს” შემდეგი კითხვით – იმ ქვეყანაში სადაც ავტორიტარულ – პოლიციური რეჟიმის კონტროლ ქვეშაა სასამართლო, მედია, ბიზნესი, სადაც ძალადობა, დაშინება და ელიტარული კორუფცია მართვის ძირითადი მეთოდია:

1. შესაძლებელია თუ არა ხელისუფლების უშუალო მონაწილეობის გარეშე ასეთი რაოდენობის ნარკოტიკებისEუკონტროლო ბრუნვა პატარა ქვეყნის ტერიტორიაზე და განსაკუთრებით ისეთი მძიმე ნარკოტიკისა, როგორიცაა ჰეროინი?

2. შესაძლებელია თუ არა არსებობდეს ნარკომანების ასეთი რაოდენობა ქვეყანაში კარგად ორგანიზებული ნარკოტიკების გასაღების ქსელისა და დამაფასოებელი ცენტრების გარეშე?

3. შესაძლებელია თუ არა ტონობით ჰეროინის ქვეყნიდან ჩეუმჩნევლად გატანა, როცა საყოველ\თაოდ ცნობილია გატანის ერთადერთი ადგილი?

4. შესაძლებელია თუ არა ასეთი რაოდენობის ჰეროინის იმპორტ-ექსპორტი ქვეყნაში ავღანურ ან სხვა საერთაშორისო “ნარკოკარტელებთან” ურთიერთობის გარეშე’?

5. ექვემდებარება თუა არა ეს “საქმიანობა” “ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ” კონვენციას, რომლის მიხედევით გამოძიებას და სისხლის სამართლებრივ დევნას ექვემდებარება დანაშაული, რომელიც “ც) ჩადენილია ერთ სახელმწიფოში, მაგრამ დამნაშავეთა ორგანიზებული ჯგუფის მონაწილეობით, რომელიც დანაშაულებრივ საქმიანობას ეწევა ერთზე მეტ სახელმწიფოში ან დ) ჩადენილია ერთ სახელმწიფოში, მაგრამ მისი არსებითი შედეგები ვლინდება მეორე სახელმწიფოში” (მუხლი 3, პუნქტი 2)?