საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა1918-1921 წწ.)

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა– Democratic Republic of Georgia (1918-1921 წწ.)


2f275a6038a4 ერეკლე მეორის მცდელობა, საქართველოთი დაეინტერესებინა დასავლეთი, უშედეგო აღმოჩნდა. ამის გამო, იგი იძულებული გახდა მზერა რუსეთისკენ მიემართა. 1783 წლის 24 ივლისს ერეკლე მეორემ და ეკატერინე დიდმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობისა და პროტექტორატის ტრაქტატს, რომელსაც “გეორგიევსკის ტრაქატატი” ეწოდა. ტრაქტატის თანახმად, ქართველი მეფეები ცნობდნენ რუსეთის იმპერიის ძალაუფლებას, მაგრამ რუსეთი არ უნდა ჩარეულიყო საქართველოს შინაურ საქმეებში.traqtati რუსეთმა ოფიციალურად დადებული პირობა არ შეასრულა. ეკატერინე დიდი 1796 წელს დესპოტმა იმპერატორმა პავლე პირველმა შეცვალა; 2 წლის შემდეგ, ერეკლე მეორე მისმა უმოქმედო მემკვიდრემ, ქართლ-კახეთის მეფემ გიორგი მეთორმეტემ (1798-1800) შეცვალა, რომლის გარდაცვალების შემდეგაც, 1800 წლის 28 დეკემბერს, მის შვილებსა და ძმებს შორის ტახტისთვის ბრძოლა გაიმართა.
1801 წლის 18 იანვარს რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა იმპერიასთან ქართლ-კახეთის შეერთების მანიფესტი გამოსცა. ეს, ფაქტობრივად, საქართველოს სამეფოს გაუქმებას ნიშნავდა. გენერალმა კნორინგმა ქართველ ხალხს ჯარით გარშემორტყმულ სიონში წაუკითხა იმპერატორის განაჩენი.
1801 წლის 15 სექტემბერს, ალექსანდრე პირველმა 1783 წლის ტრაქტატის დარღვევა ახალი საიმპერატორო მანიფესტით დაადასტურა. საქართველოს უძველესი სამეფო რუსეთის სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილად იქცა. ქვეყანა, რომელსაც თითქმის ათი საუკუნე მართავდა ბაგრატიონთა დინასტია, რუსი მთავარმართებლის ხელში გადადიოდა.

იმპერია ნაბიჯ-ნაბიჯ სპობდა საქართველოს თვითმყოფადობას: გაუქმდა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია; ქართული წირვა-ლოცვა რუსულით შეიცვალა; გაიძარცვა საეკლესიო სიწმინდეები, განადგურდა ძეგლები; რუსული ენა დამკვიდრდა მმართველობის ორგანოებში, სასამართლოებში, სასწავლებლებში; განგებ აღვივებდნენ ეთნიკურ შუღლს საქართველოში მცხოვრებ ხალხთა შორის; რუსეთში გადაასახლეს ბევრი გამორჩეული მამულიშვილი, რომელთაც ხმა აიმაღლეს იმპერიის პოლიტიკის წინააღმდეგ; დაწესდა ცენზურა.

ქართველები უდრტვინველად არ შეგუებიან დამოუკიდებლობის დაკარგვას, მაგრამ აჯანყებებსა და შეთქმულებებს რუსეთის უზარმაზარი იმპერიის წინააღმდეგ შედეგი არ მოჰყოლია. ქართველებმა დროებით ჩააგეს ხმლები და, წარსულის სევდით განმსჭვალულებმა, მწერლობაში ჰპოვეს ნავსაყუდელი. ასე დაიწყო საქართველოში რომანტიზმის ხანა. XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან კი თერგდალეულთა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა გაიშალა.

„ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო“, – ლელთ ღუნიას ეს სიტყვები მთავარ იდეად გასდევდა XIX საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ აზროვნებას. „ერის დაცემა მაშინ იწყება, როცა ის თავის წარსულს ივიწყებს“, ამიტომაც თერგდალეულები ყოველნაირად ცდილობდნენ ეროვნული სულის გაღვივებას, თითქოს მომავალი დამოუიკიდებლობისთვის ამზადებდნენ ქვეყანას. შექმნეს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, გამოუშვეს ქართული ჟურნალ-გაზეთები, აღადგინეს ქართული თეატრი, დააფუძნეს ქართული სათავადაზნაურო ბანკი. 1905 წლიდან კი უკვე აშკარად დაიწყო ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად.

ისევე, როგორც ყველა სხვა იმპერიამ, მეფის რუსეთმაც ამოწურა თავისი ძალები. სახელმწიფოს შიგნით გაჩენილი წინააღმდეგობები 1917 წლის თებერვლის რევოლუციაში გადაიზარდა და საბოლოოდ დაასამარა რომანოვთა სამასწლიანი დინასტია. რუსეთს კავკასიისთვის აღარ ეცალა. საქართველოს ბედის შესაცვლელად ხელსაყრელი დრო დადგა. პირველმა ეს შესაძლებლობა ქართულმა ეკლესიამ გამოიყენა. 1917 წლის მარტში სიონის ტაძარში საზეიმოდ გამოცხადდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. თავისუფლებამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩა.

ახალი რუსეთის სათავეში მოსულმა დროებითმა მთავრობამ ვერ გადაწყვიტა ის კარდინალური საკითხები, რაც განსაკუთრებით აღელვებდა მოსახლეობის ფართო ფენებს: ზავის საკითხი (ქვეყანა ისევ აგრძელებდა მსოფლიო ომში მონაწილეობას), მიწის საკითხი და სხვ. ყოველივე ეს კარგად გამოიყენეს ბოლშევიკებმა (კომუნისტებმა) ლენინის მეთაურობით და 1917 წლის ოქტომბერში დროებითი მთავრობა დაამხეს.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ პეტერბურგიდან სამშობლოში დაბრუნდნენ ქართველი სოციალ-დემოკრატები – მენშევიკები, რომელთაც მანამდე რუსეთის დროებით მთავრობაში სხვადასხვა პოსტი ეკავათ. ამიერკავკასიის პოლიტიკურმა პარტიებმა და ორგანიზაციებმა არ ცნეს ამ გადატრიალების კანონიერება.

რევოლუციურ პეტერბურგთან შედარებით თბილისი ოაზისს ჰგავდა, მაგრამ პრობლემებმა აქაც მალე იჩინა თავი. რუსეთის ახალ ხელისუფლებას აღარ სურდა გერმანიასა და თურქეთთან ომის გაგრძელება. კავკასიის ფრონტი დაიშალა, საქართველოს კი თავისი არც ხელისუფლება ჰყავდა და არც არმია, თავი რომ დაეცვა. 1917 წლის 15 ნოემბერს ამიერკავკასიის პოლიტიკურმა პარტიებმა შექმნეს საკუთარი მთავრობა – ამიერკავკასიის კომისარიატი, რომელიც ძირითადად ადგილობრივი პარტიების წარმომადგენლებისაგან შედგებოდა. ფაქტობრივად, დაიწყო ამიერკავკასიის რუსეთისაგან გამოყოფის პროცესი.

1918 წლის 3 მარტს ბოლშევიკებმა ოთხთა კავშირთან გააფორმეს ბრესტ-ლიტოვსკის ზავი, რომლის ერთ-ერთი დებულება ითვალისწინებდა ორი ქართული (ბათუმი და არდაღანი) და ერთი სომხური (ყარსი) ოლქის თურქეთისთვის გადაცემას. კავკასიელმა ხალხებმა, რა თქმა უნდა, არ აღიარეს ეს შეთანხმება და 1918 წლის 9 (22) აპრილს ამიერკავკასიის რუსეთისგან გამოყოფა და საქართველოს, სომხეთისა და აზებაიჯანის შემადგენლობით ამიერკავკასიის დამოუკიდებელი ფედერაციული რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადეს, ცენტრით თბილისში. ეს იყო პირველი ნებაყოფლობითი ფედერაცია სამი კავკასიელი ხალხის ისტორიაში. ახლადშექმნილი რესპუბლიკის უმაღლეს სახელმწიფო ორგანოს წარმოადგენდა მრავალპარტიული შემადგენლობის სეიმი, რომლის თავჯდომარედ აირჩიეს ქართველი სოციალ-დემოკრატი ნ. ჩხეიძე. მისი მოადგილეები იყვნენ სომხური და აზერბაიჯანული პარტიების წარმომადგენლები.

რევოლუციის დაწყების დღიდან, განსაკუთრებით ბოლშევიკების მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, დაიწყო კავკასიის ფრონტზე თურქებთან მებრძოლი რუსეთის არმიის დაშლა. ჯარისკაცებმა ოფიცერთა დიდი ნაწილის ამოხოცვის, აღჭურვილობისა და იარაღის თურქებისთვის მიყიდვის შემდეგ დატოვეს ფრონტი და რუსეთში დაბრუნება დაიწყეს. საქართველო და სომხეთი თითქმის მთლიანად დაუცველი აღმოჩნდა ძლიერი თურქეთის პირისპირ. რუსეთის ჯარში გაწვეული 200 000 ქართველიდან საქართველოში მხოლოდ 15000-დან 18000-მდე სამხედრო მსახურობდა; დანარჩენები გერმანიისა და ავსტრიის ფრონტზე რჩებოდნენ. მიუხედავად ამისა, კავკასიელებმა, ყოველ შემთხვევაში – ქართველებმა და სომხებმა მაინც – გადაწყვიტეს, წინ აღდგომოდნენ თურქეთის წინსვლას. როგორც კი თურქეთის ჯარები საქართველოს და სომხეთის ჯარებს წააწყდნენ, გაჩაღდა ბრძოლა. მაგრამ ეს ბრძოლა დასაწყისშივე განწირული იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ამიერკავკასიის ფედერაციის მესამე წევრმა, აზერბაიჯანმა, რომელიც თურქების მონათესავე ხალხით არის დასახლებული და მაჰმადიანურ რელიგიას აღიარებს, თურქეთის მხარე დაიჭირა.

როცა საკითხის მოგვარების ყველა იმედი ამოიწურა, ქართულმა დელეგაციამ გამონახა გადარჩენის ერთადერთი გზა – დამოუკიდებლობა. სოციალ-დემოკრატების პოლიტიკური პროგრამა ეროვნული იდეალებისგან შორს იყო, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნის ექვსმა თვემ მათ ცხადად დაანახა, რომ არავითარი ზოგადსაკაცობრიო იდეა არ იდგა მამულიშვილურ ვალზე მაღლა. აი, რას წერდა მაშინდელი მოვლენების ერთ-ერთი მონაწილე ზ. ავალიშვილი: „ამ განსაკუთრებულ წუთში როგორ არ გვესმინა ისტორიული სტიქიების გუგუნი, როგორ არ ყურადგვეღო იმათი ხმა, ვინც დიდი ხანია აღარ არის… აი, დამოუკიდებლობამ კარზე მოაკაკუნა და როგორ არ შევეგებოთ აღტაცებით! თუ ეს წუთი გავუშვით, რა პასუხი გავცეთ იმათ, ვინც ჩვენს შემდეგ მოვა!..

ქართველებმა და სომხებმა ორიენტაცია გერმანიაზე აიღეს, რათა მას გავლენა მოეხდინა თავის მოკავშირეზე. მართლაც, გერმანიის ჩარევის წყალობით საქართველო გადაურჩა თურქულ ოკუპაციას. თურქებმა დაიკავეს მხოლოდ მისი სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი ქ. ბათუმით.

ცხოვრებამ უჩვენა, რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკა უპერსპექტივო წარმონაქმნი იყო. მან ორი თვეც ვერ იარსება და შინაგანი წინააღმდეგობების შედეგად დაიშალა.
1918 წლის 24-25 მაისს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა ნ.ჟორდანიას თავმჯდომარეობით. სხდომაზე განხილულ იქნა თურქებთან მოლაპარაკებებზე ამიერკავკასიის დელეგაციის ხელმძღვანლის ა.ჩხენკელის წერილი, რომელშიც ის, აღწერდა რა მოლაპარაკებებზე შექმნილ მძიმე სიტუაციას, ითხოვდა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დაჩქარებას.
1918 წლის 26 მაისს სეიმმა თავის უკანასკნელ სხდომაზე ოფიციალურად აღიარა ამიერკავკასიის ფედერაციის გაუქმება. იმავე დღის საღამოს კი შედგა საქართველოს “ეროვნული საბჭოს” სხდომა, რომელზეც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ამიერკავკასიის სეიმის თვითლიკვიდაციის შემდეგ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღების თაობაზე. ამაზე სხდომაზე დაამტკიცეს მომავალი მთავრობის შემადგენლობა. ასევე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული საბჭოსთვის ეწოდებინათ საქართველოს პარლამენტი.

შემდეგი ორი დღის განმავლობაში დამოუკიდებლობა გამოაცხადეს აგრეთვე სომხეთმა და აზერბაიჯანმა.
1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. მიღებულ იქნა ”საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი”, რომელშიც კერძოდ, ნათქვამი იყო:

,,მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო. ,,მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველი მხრით მტრისაგან შევიწროვებული საქართველო თავისი ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო მტრისაგან დაეცვა. ,,რუსეთის დიდი რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დატოვა ამიერკავკასია. ,,დარჩნენ რა თავისი ძალღონის ამარად, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკაკასიამ თვით იდვეს თავს საკუთარი საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერისი ორგანოებიც შეჰქმნეს; მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და მით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა. ,,ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელ განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს. ,,ამისდა თანახმად, საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის ნოემბრის 22-ს არჩეული საქართველოს ეროვნულ ყრილობის მიერ, დღეს აცხადებს:
1)ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
2)დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაა.
3)საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.
4)საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით-კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.
5)საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.
6)საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ყველა ერს.
ამრიგად, 1918 წლის 26 მაისს აღდგა 117 წლის წინ გაუქმებული ქართული სახელმწიფოებრიობა. ქართველი ხალხი ამ ფაქტს საყოველთაო ზეიმით შეეგება. ეს ისტორიული მოვლენა XIX – XX ს-ის დამდეგის საქართველოს ეროვნულ- და სოციალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დამაგვირგვინებელი შედეგი იყო. 26 მაისი საქართველოში დღესაც აღინიშნება, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის დღე.

ახალგაზრდა რესპუბლიკა მძიმე ეკონომიკური პრობლემების წინაშე იდგა. მსოფლიო ომმა მნიშვნელოვნად დააზარალა მისი მეურნეობა, ხოლო რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან ჩამოყალიბებული ეკონომიკური კავშირების გაწყვეტამ მდგომარეობა უფრო დაამძიმა. მოშლილი იყო მრეწველობა და ტრანსპორტი, განსაკუთრებით ჭირდა სურსათი. ხელისუფლებას კი დამოუკიდებლობის გამოცხადების დროისათვის არ გააჩნდა არავითარი თანხები მყარ ვალუტაში.

მიუხედავად ამისა, საქართველოს მთავრობას და ხალხს საშუალება მიეცა საკუთარი ძალისხმევა ქვეყნის რეკონსტრუქციისკენ და ახალი სახელმწიფოს მშენებლობისკენ მიემართა, რაც არცთუ ისე ადვილი იყო. საქართველოს ახალ მთავრობას ოთხი წლის მანძილზე ომის, რევოლუციის, კონტრრევოლუციის, სამოქალაქო ომის, ანარქიის, ეროვნული ვალუტის დაცემის და ეკონომიკური კრიზისის, რევოლუციის შედეგად რეგიონებში დეზერტირებისა და კრიმინალთა თარეშის გადატანა მოუხდა. ამ პირობების გათვალისწინებით, უნდა აღინიშნოს, რომ ქართველებმა და მათმა ლიდერებმა გასაოცარ წარმატებას მიაღწიეს და პოლიტიკური და ეროვნული სიმწიფე გამოავლინეს.

მთავრობამ მუშაობა დაიწყო ეროვნული გვარდიის შექმნით, რომელმაც მცირე დროში დაამყარა წესრიგი რეგიონებში. წესრიგის დამყარებისა და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნების შემდეგ, ეროვნულმა საბჭომ დამფუძნებელი კრების, ანუ პირველი პარლამენტის არჩევნებისთვის მზადება დაისახა მიზნად. არჩევნები გაიმართა 1919 წლის თებერვალში, პირდაპირი, თანასწორი, საყოველთაო, ფარული და პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე – შეიძლება ითქვას, ყველაზე დემოკრატიული სახით. ხმის მიცემის უფლება მიენიჭა რესპუბლიკის ყველა 20 წლის და უფროს მოქალაქეს, განურჩევლად რასისა, ეროვნებისა, სქესისა და სოციალური მდგომარეობისა. არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა დაახლოებით 77% მიიღო, ზოგიერთ უბანში მათი რაოდენობა 80% შეადგენდა. არჩევნების შედეგად, დამფუძნებელი კრება შემდეგნაირად დაკომპლექტდა: სოციალ-დემოკრატები – 103 ადგილი; ეროვნულ-დემოკრატები – 11 ადგილი, ფედერალისტები – 8 ადგილი; სოციალური რევოლუციონერები – 5 ადგილი; სომეხი ,,დაშნაკების” პარტია – 3 ადგილი.

კომუნისტებმა ერთი ადგილიც კი ვერ მოიპოვეს, რადგან ხმათა ერთ პროცენტზე ნაკლები მიიღეს. კრების წევრები იყვნენ ორივე სქესის წარმომადგენლები. გარდა ქართველებისა 130 წევრიან კრებაში წარმოდგენილი იყვნენ უმცირესობებიც, კერძოდ: სომხები (10), აზერბაიჯანელები (4),რუსები (2), ებრაელები (2), ბერძნები (1), გერმანელები (1).

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი ორგანო იყო პარლამენტი (ეროვნული საბჭო), ხოლო აღმასრულებელი ორგანო – მინისტრთა საბჭო, რომელიც ანგარიშვალდებული იყო პარლამენტის წინაშე. პარლამენტიც და მთავრობაც კოალიციური იყო, მაგრამ ჭარბობდნენ სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები, რომელსაც მხარს უჭერდნენ არა მხოლოდ მუშები, არამედ გლეხებიც.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი მთავრობის შემადგენლობა ასეთი იყო:

მთავრობის თავმჯდომარე – ნოე რამიშვილი.

საგარეო საქმეთა მინისტრი – აკაკი ჩხენკელი.

შინაგან საქმეთა მინისტრი – ნოე რამიშვილი.

სამხედრო საქმეთა მინისტრი – გრიგოლ გიორგაძე.

ფინანსთა, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი – გიორგი ჟურული.

იუსტიციის მინისტრი – შალვა ალექსი-მესხიშვილი.

სახალხო განათლების მინისტრი – გიორგი ლასხიშვილი.

მიწათმოქმედებისა და შრომის მინისტრი – ნოე ხომერიკი.

მიმოსვლის გზების მინისტრი – ივანე ლორთქიფანიძე.

დამფუძნებელი კრების მთავარ ამოცანას წარმოადგენდა რესპუბლიკის კონსტიტუციის შემუშავება. ამ დავალების შესრულება საგანგებო კომიტეტს მიანდეს.
საქართველოს კონსტიტუცია საბოლოო ფორმით მიიღეს 1921 წლის 22 თებერვალს. კონსტიტუცია ეფუძნებოდა მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების მოდელებს, რაც საქართველოს წარმოაჩენდა დემოკრატიულ ქვეყნად, ამ ცნების საუკეთესო გაგებით.

საბჭოთა რუსეთიცა და დასავლეთის ქვეყნებიც თავს იკავებდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იურიდიული აღიარებისგან. ისინი საქართველოს საკითხს რუსეთთან ურთიერთობების კონტექსტში განიხილავდნენ და თავს არიდებდნენ მასთან ურთიერთობების გაფუჭებას. ერთადერთი გამონაკლისი იყო არგენტინა, რომელმაც აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა 1919 წლის 13 სექტემბერს.

საქართველოს მთავრობამ ამ თხოვნით მიმართა პარიზის სამშვიდობო კონფერენციას. მდგომარეობა მას შემდეგ შეიცვალა, რაც თვით რუსეთმა, ორ ქვეყანას შორის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, დე-იურე ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. ამის შედეგი საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარეს: 1920 წლის 24 სექტემბერს – გერმანიამ; 1921 წლის 27 იანვარს – ბელგიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ, იაპონიამ; 1921 წლის 28 იანვარს – პოლონეთმა; 1921 წლის 17 თებერვალი – ავსტრიამ; 1921 წლის 18 თებერვალს – რუმინეთმა; 1921 წლის 23 თებერვალს – ლუქსემბურგმა; 1921 წლის 14 აპრილს – მექსიკამ.
1919 წლის მარტში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 60%-მა. დამფუძნებელმა კრებამ შეცვალა ეროვნული საბჭო და დაამტკიცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 1918 წლის 26 მაისის აქტის სამართლებრივი ძალმოსილება.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჩამოყალიბება მეტად რთულ პოლიტიკურ ვითარებაში მიმდინარეობდა. ქვეყანას პირველ ხანებში არ ცნობდა რუსული “თეთრი მოძრაობა”, რომელიც გამოდიოდა “ერთიანი და განუყოფელი” რუსეთის ლოზუნგით. მოუწესრიგებელი იყო აგრეთვე სასაზღვრო საკითხები ამიერკავკასიის რესპუბლიკებს შორის. კერძოდ, საქართველოს ტერიტორიული კამათი ჰქონდა აზერბაიჯანთან ზაქათალის ოლქის გამო. სომხეთის რესპუბლიკა კი პრეტენზიას აცხადებდა საქართველოს სამხრეთ რაიონებზე, სადაც მოსახლეობის ნაწილი სომხური იყო. 1918 წლის დეკემბერში სომხეთის ჯარები მოულოდნელად შემოიჭრნენ საქართველოში, მაგრამ მოგერიებულნი იქნენ. ამიერკავკასიაში ინგლისური სარდლობის ჩარევით საბრძოლო მოქმედებები შეწყვეტილი იქნა.

სადავო ოლქის სამხრეთ ნაწილში შეიქმნა ე.წ. “ნეიტრალური ზონა” შერეული ქართულ-სომხური ადმინისტრაციით. საქართველოს სრული იურისდიქცია ამ კუთხეში მხოლოდ 1920 წლის ნოემბერში აღდგა. 1918 – 1920 წლებში ლოკალური სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობდა აგრეთვე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთში, სამხრეთელი ოსებით დასახლებულ ტერიტორიებზე და სხვა რეგიონებში, სადაც ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ გამოსვლებს. ამ გამოსვლების მნიშვნელოვანი ნაწილი კომუნისტების აგიტაციით იყო გამოწვეული.

მიუხედავად ყოველივე ამისა, სახელმწიფოს ჩამოყალიბების ყველაზე ძნელი პირველი პერიოდის სირთულეები მთლიანობაში დაძლეული იქნა. 1920 წლის ბოლოსათვის რესპუბლიკაში უკვე აშკარად შეიმჩნევა ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილიზაციის ნიშნები. საქართველოს დაუბრუნდა ბათუმის ოლქი, რომელიც თურქეთის მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ ერთ ხანს ინგლისელებს ჰქონდათ დაკავებული. აღმავლობას იწყებს მეცნიერება და კულტურა. თბილისში გაიხსნა უმაღლესი სასწავლებლები – უნივერსიტეტი და კონსერვატორია. შეიძლება ითქვას რომ თუ არა ახალი ინტერვენცია და ანექსია საქართველო თავს დააღწევდა კრიზისს და გააგრძელებდა დამოუკიდებელი განვითარების გზას. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. კომუნისტებმა 1920 წლისათვის რუსეთში გაანადგურეს კონტრრევოლუციის მთავარი ძალები და შეუდგნენ იმპერიის ყოველი სამფლობელოების ხელახლა შემოკრებას. იმავე წელს მათ ძალით გაასაბჭოვეს აზერბაიჯანი და სომხეთი. ასე რომ 1921 წლის დამდეგისათვის საქართველო, თავისი სახმელეთო საზღვრების პერიმეტრის 78 პროცენტით უკვე საბჭოთა რესპუბლიკების ალყაში იყო. მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთიდან ჰყავდა მეზობლად ახალგაზრდა თურქეთის რესპუბლიკა.

როგორც ზემოდ აღინიშნა, საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის არსებობდა 1920 წლის 7 მაისის ხელშკრულება, რომლითაც რუსეთმა აღიარა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობა. სამაგიეროდ საქართველოს მთავრობამ იკისრა თავის ტერიტორიაზე კომუნისტებისათვის ლეგალური მუშაობის შესაძლებლობის მიცემა. მაგრამ მალე გაირკვა, რომ 7 მაისის ხელშეკრულება რუსეთს ჭირდებოდა მხოლოდ ქართველთა სიფხიზლის მოსადუნებლად და საქართველოში თავისი აგენტურისათვის მაქსიმალურად ხელშემწყობი პირობების შესაქმნელად. მოსკოვი ემზადებოდა სამხედრო ინტერვენციისა და ამიერკავკასიის უკანასკნელი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გასაბჭოებისათვის. აღსანიშნავია, რომ ამ საქმეში საქართველოსათვის მეტად ნეგატიური როლი შეასრულეს მაღალ თანამდებობებზე მყოფმა ქართველმა კომუნისტებმა – ი. სტალინმა, ს. ორჯონიკიძემ და სხვ.

1921 წლის 12 თებერვალს სომხეთთან მოსაზღვრე რაიონში კომუნისტებმა მოაწყვეს გლეხთა აჯანყების იმიტაცია, 16 თებერვალს კი “აჯანყებულთა” დახმარების საბაბით საქართველოში რუსეთის ჯარები შემოიჭრნენ. მოწინააღმდეგის მთავარი დაჯგუფება – მეთერთმეტე არმია – უტევდა თბილისს სომხეთისა და აზერბაიჯანის ტერიტორიებიდან. გარდა ამისა, ცალკეულმა შენაერთებმა და ქვედანაყოფებმა იერიში მოიტანეს აფხაზეთსა და ცენტრალური კავკასიონის გადასასვლელებზე. წითელი არმია თბილისში 1921 წლის 25 თებერვალს (მე-11, მე-9, მე-3, მე-13 არმიები, ბუდიონის და ჟლობის კავალერიები) რამდენიმე მხრიდან შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. რუსეთის არმიამ დაიკავა თბილისი და საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადა. 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს გასაბჭოების დროს შეტაკებაში 30 იუნკერი დაიღუპა. ისინი რუსთაველის გამზირზე, დღევანდელ პარლამენტის შენობასთან დაკრძალეს.
ქართული ჯარები სხვა მიმართულებებზეც უკან იხევდნენ. სოციალ-დემოკრატიულმა მთავრობამ ვერ მოახერხა ჭეშმარიტი საერთო-სახალხო წინააღმდეგობის ორგანიზება. მდგომარეობა გართულდა თურქეთის საზღვარზეც. 21 თებერვალს ანკარის მთავრობამ საქართველოს ულტიმატური ფორმით მოსთხოვა ქალაქების – ართვინისა და არტაანის დაცლა. ეს მოთხოვნა შესრულებული იქნა, მაგრამ თურქები არ შეჩერებულან და მალე ბათუმსა და ახალციხეს მოადგნენ. 18 მარტს საქართველოს მთავრობა ბათუმიდან საზღვარგარეთ ემიგრაციაში წავიდა, ხოლო ქალაქში დარჩენილმა ქართულმა სამხედრო ნაწილებმა თურქებს ბრძოლა გაუმართეს და ბათუმი შეინარჩუნეს. თურქების უკანდახევის შემდეგ ბათუმში რუსები შევიდნენ. 19 მარტისათვის საქართველოს ყველა ძირითად ცენტრებში უკვე საჭოთა ხელისუფლება იყო დამყარებული. მანამდე კი 16 მარტს მოსკოვში რუსეთსა და თურქებს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ართვინი, არტაანი და ზოგი სხვა ტერიტორია თურქეთის რესპუბლიკას გადაეცა.

ამრიგად, საბჭოთა რუსეთმა ცალმხრივად დაარღვია 1920 წ. 7 მაისის ხელშეკრულება და განახორციელა საქართველოს ფაქტობრივი ანექსია. ქვეყანაში კომუნისტური დიქტატურა დამყარდა. გამოცხადდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა, რომელიც ფორმალურად ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, რაც აღიარებულ იქნა 1921 წლის 21 მაისის ახალი ხელშეკრულებით და 1922 წლის კონსტიტუციით, თუმცა იურუდიული ფორმა არ შეესაბამებოდა პოლიტიკურ სინამდვილეს.

საქართველო იძულებით შეიყვანეს საბჭოთა კავშირში. დამოკიდებლობაწართმეული ქვეყანა 70 წელი ელოდა თავისუფლების ხელმეორედ მოპოვებას.
დამოუკიდებლობის აღდგენის მიზნით XX საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს თბილისში ეწყობა მშვიდობიანი აქციები. საქართველოს სუვერენიტეტის ცნობის მოთხოვნით 1989 წლის აპრილში თბილისში მშვიდობიანი მანიფესტაციები ეწყობოდა. მშვიდობიანი მიტინგი 9 აპრილს, გამთენიისას სასტიკად დაარბია საბჭოთა არმიამ, რასაც სამოქალაქო მსხვერპლი მოჰყვა. ტრაგედიის მიუხედავად, ბრძოლა ქვეყნისთვის დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსის მოსაპოვებლად მომდევნო პერიოდშიც გაგრძელდა.
1991 წლის 31 მარტს ჩატარდა საყოველთაო რეფერენდუმი. საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ქვეყანამ დამოუკიდებელი რესპუბლიკის სტატუსი დაიბრუნა. ამავე წლის 9 აპრილს დამოუკიდებელი საბჭოს პირველ სესიაზე ძალაში შევიდა “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი”, რომელშიც ნათქვამი იყო:

“საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა მე-19 საუკუნეში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას. 1918 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მრავალპარტიულობის საფუძველზე არჩეული ხელისუფლების წარმომადეგენლობითი ორგანოებითა და კონსტიტუციით. 1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს ოკუპაცია, რასაც შემდგომში მოჰყვა მისი ფაქტობრივი ანექსია. საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობის აქტი და კონსტიტუცია დღესაც იურიდიული ძალის მქონეა, ვინაიდან დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას ემიგრაციაში. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი პერიოდი აღინიშნა სისხლიანი ტერორითა და რეპრესიებით, რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისაკენ. 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს უზენაესი საბჭო ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. საქართველოს სუვერენული რესპუბლიკის ტერიტორია ერთიანი და განუყოფელია. მის ტერიტორიაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია და ხელისუფლება. ყოველი მოქმედება, მიმართული საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უზენაესობის შეზღუდვის ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად და აგრესიად, საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად. საერთაშორისო სამართლის პრიმატი საქართველოს რესპუბლიკის კანონების მიმართ და მისი ნორმების პირდაპირი მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ცხადდება საქართველოს რესპუბლიკის ერთ-ერთ ძირითად კონსტიტუციურ პრინციპად. საქართველოს რესპუბლიკა ისწრაფვის რა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი ჯგუფების ყველა უფლებასა და თავისუფლებას, როგორც ამას მოითხოვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო აქტები და კონვენციები. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ მტკიცედ დაიცავს სხვა სახელმწიფოებთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა სრულად შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას, ჰელსინკისა და ვენის აქტებს, რომლებიც აღიარებენ და განამტკიცებენ ყველა ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განაგოს თავისი ქვეყნის პოლიტიკური ბედი. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო იმედოვნებს, რომ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობაში არ დარჩება გულგრილი ქართველი ხალხის კანონიერი და სამართლიანი ნაბიჯისადმი და აღიარებს საქართველოს აღორძინებულ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, რაც საქართველოს უშიშროების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე გარანტია იქნება”

Advertisements

3 thoughts on “საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა– Democratic Republic of Georgia (1918-1921 წწ.)

  1. ძალიან გთხოვთ, რომ ნუ ახდენთ საქართველოს ისტორიის ხარვეზებით გადმოცემას.1) არასოდეს გიორგი მეთორმეტე საქართველოს მეფე არ ყოფილა, არც ბოლო და არც ბოლოს წინა 2) არც ერეკლე ყოფილა არასოდეს საქართველოს სახელით მოლაპარაკე მეფე.
    ძალიან გთხოვთ დაარქვათ ყველაფერს თავისი სახელი და მაგ.იმერეთის სამეფოს არსოდეს არვისთან ტრაქტატი არ გაუფორმებია. ერეკლე შემოუძრვა მაგათ ქართლ-კახეთში და დაღუპა სრულოიად საქართველო მაგისმა უვიცობამ. საქართველოს უკანსკნელი მეფე ცოტა ადრე ხომ არ ყავდა? დავანებოთ ამ ქართლო-ცენტრიზმს თავი ერთხელ და სამუდამოდ

    პატივისცემით პაატა ქუთაისიდან

    Like

    1. გამარჯობა ბატონო პაატაა.
      ეს ინფორმაციები ამოკრებილი მაქვს სხვადასხვა საისტორიო მასალებიდან,

      1) გიორგი მეფე ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე იყო, ტექნიკური ხარვეზი მალევე გასწორდება.. 🙂
      2) ხოლო ერეკლეზე რაც ბრძანეთ სამწუხაროდ ვერ მიგიხვდით. აბა ვისი სახელით მოლაპარაკე იყო?

      რაც შეეხება ზოგადათ ერეკლეს საქციელს ბუნებრივია მან სერიოზული პოლიტიკური შეცდომები დაუშვა.

      გმადლობ გამოხმაურებისთვის..

      Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s