პოლიტიკა

2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენების ქრონოლოგია


aqcia_darbeva არასაპარლამენტო ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს ხვალ საპროტესტო აქციებით აღნიშნავს.

2007 წლის 7 ნოემბერი კი სამართალდამცავების მიერ პარლამენტის წინ გაშლილი კარვების დარბევით დაიწყო. ხელისუფლებამ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.

გთავაზობთ 2007 წლის 7 ნოემბერს განვითარებული მოვლენების ქრონოლოგიას:

დარბევასთან საკითხთან დაკავშირებით პირველი ბრიფინგი თბილისის მერმა გიგი უგულავამ ჩაატარა და სპეცრაზმელების ქმედება იმით ახსნა, რომ თბილისი 90-იან წლებს არ უნდა დაბრუნებოდა რომ არ უნდა გამხდარიყო კარვების ქალაქი.

მოშიმშილეთა დარბევის ფაქტი მაშინდელმა თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა გიორგი გრიგალაშვილმა კი საერთოდ უარყო და განაცხადა, რომ რუსთაველის პროსპექტზე დასუფთავების სამსახურის მაქანების გამოჩენის შემდეგ მოშიმშილეებმა თავად დატოვეს ტერიტორია, რომ დასუფთავების სამსახურისთვის ხელი არ შეეშალათ.

“განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. დასუფთავების სამსახურის მანქანები შემოვიდა და ალბათ, აქ მყოფმა ადამიანებმა თავად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაეთავისუფლებინათ ტერიტორია. რუსთაველის გამზირი თავისუფალია, მოძრაობა აღდგენილია”, – განაცხადა საპატრულო პოლიციის შეფმა.

მოშიმშილეთა დარბევის შემდეგ, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია განახლდა. აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდენ, რის გამოც მომიტინგეებსა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტის შედეგად რამდენიმე მომიტინგე დააპატიმრეს. განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ოპოზიციონერებმა საქართველოს პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს მომიტინგეების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

“საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო საზოგადოებას და საქართველოში აკრედიტებულ საელჩოებს მოუწოდა, “საქართველოს ხელისუფლების ბოლშევიკური სისასტიკე დაგმონ”.

განათლების მაშინდელმა მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ კი პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე პროცესები “სიცრუის ფაბრიკის სერიალად” შეაფასა და “არკადის სიზმრები” უწოდა (არკადი ცნობილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ნამდვილი სახელია).

როგორც ლომაიამ 2007 წლის 7 ნოემბრის მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა, “სიცრუის ფაბრიკის სერიალი სახელწოდებით “არკადის სიზმრები” დასრულდა და აღარ გაგრძელდება”.

“ყველამ უნდა იცოდეს, რომ თბილისში კარვების და ფარდულების ქალაქი აღარ იქნება”, – დასძინა ალექსანდრე ლომაიამ.

იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი გელა ბეჟუაშვილი მომიტინგეების დარბევის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა და აცხადებდა, რომ “პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია თავად მომიტინგეების თხოვნით დასუფთავდა”.

7 ნოემბერს ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადასული გოგა ხაინდრავა დააკავეს, რომელსაც სასამართლო პროცესზე 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, რის გამოც ხაინდრავამ ადმინისტრაციული სასამათლოს შენობაში პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.

მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, კი ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა, რომ საქართველოში დემოკრატიული პრინციპები არსებობს.
“ქვეყნის ნორმალური ფუნქციონირებისათვის რუსთაველზე მოძრაობა მთლიანად უნდა აღდგეს. რაც შეეხება მთავრობის მთავარ ამოცანებს, ჩვენ კვლავ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე ვიქნებით ორიენტირებულები. სწორედ ამას ემსახურებოდა წინა კვირას ევროპისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული ბიზნეს-ფორუმები”, – დასძინა პრემიერმა.
მოვლენათა განვითარების თანახმად, პარლამენტის წინ საპატრულო პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება განმეორდა. აქციის მონაწილეებს, რომლებიც რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ცდილობდენ, პოლიციის თანამშრომლები რეზინის ხელკეტებით გაუსწორდნენ. მიტინგზე იმ დროისათვის 30 ათსამდე ადამიანი იმყოფებოდა…
რუსთაველზე განვითარებული მოვლენების გამო “ახალი მემარჯვენეები” საერთო სახალხო მოძრაობას სრული შემადგენლობით შეუერთდნენ.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კი სპეცდანიშნულების რაზმები და სპეცტექნიკა შეიყვანეს. გაერთიანებული ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი სასტიკად იქნ ნაცემი.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან შეტაკებისას დაშავებული სხვა ათეულობით ადამიანი შემთხვევის ადგილიდან მიტინგის მონაწილეებს გამოჰყავდათ.

მომიტინგეებს, რომლებიც რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ცდილობდენ, პოლიცია რეზინის ხელკეტებით უსწორდებოდა.

განვითარებულ მოვლენებს ტელეკომპანია “იმედი” პირდაპირ ეთერში გადასცემდა, რასაც მოგვიანებით “იმედის” დარბევა მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ რუსთაველის გამზირზე სპეცრაზემლებმა მომიტინგეების დასაშლელად, ხელკეტებისა და რეზინის ტყვიების გარდა, მხუთავი ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოყენეს.

მხუთავი და ცრემლდენი გაზი რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე იქნა გაშვებული, რის გამოც მომიტინგეების გარდა, ჟურნალისტები და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრები მოქალქეებიც მოიწამლნენ. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებს ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაჰყავდათ.

მხუთავი გაზი თეატრალურ ინსტიტუტშიც იქნა გაშვებული, დაზარალებული სტუდენტები რესპუბლიკურ საავადმყოფოში იქნენ გადაყვანილნი.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დაპირისპირებულ მხარეებს თავშეკავებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა, რათა პროცესებს უმართავი ხასიათი არ მიეღო.

~ხელისუფლებამ და ოპოზიციამ უნდა გამონახონ ცივილიზებული გზა პრობლემის მოსაგვარებლად” და “არ დაავიწყდეთ, რომ მათ უკან ქვეყნის ინტერესები დგას. გახსოვდეთ, რომ ყველა თქვენი ქმედება უნდა გამომდინარეობდეს ქვეყნის ინტერესებიდან”, – აღნიშნა პატრიარქმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი განცხადებით, მომიტინგეების დაშლის დროს გამოყენებული ცრემლსადენი გაზი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნიდა.

სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლის დროს დაშავებულებს პირველად დახმარებას პარლამენტის მიმდებარე ქუჩების მოსახლეობაც უწევდა.

ადგილობრივი მაცხოვრებლები ქუჩაში პირველადი დახმარების წამლებით, წყლით სავსე ჭურჭლით გამოვიდნენ და მომიტინგეებს ეხმარებოდნენ.

ცრემლსადენი აირით მოწამლულთა შორის სახალხო დამცველიც აღმოჩნდა.

“მე ჩემს ხალხთან ერთად ვიყავი და ისევე მოვიწამლე, როგორც ისინი” – აღნიშნა სუბარმა და დასძინა, რომ შესაბამის ინფორმაციას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დემოკრატიულ ინსტიტუტებს მიაწვდიდა.

საპარლამენტო უმრავლესობის მაშინდელი ერთ-ერთი ლიდერის ნიკა რურუას შეფასებით, “მიტინგის დაშლა იმ მეთოდებით განხორციელდა, რომელსაც ყველა ცივილიზებული და დემოკრატიული სახელმწიფო იყენებს”.

როგორც რურუამ ჟურნალისტებს განუცხადა, “კანონის აღსრულება ხშირ შემთხვევაში ლამაზი პროცესი არ არის, მაგრამ დღევანდელი ფაქტის 9 აპრილთან შედარება სრული სიყალბეა”.

“ის, რაც მოხდა, მხოლოდ ერთი მუჭა ცრუპენტელა, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების სინდისზეა, რომლებიც ქართველი ხალხის სახელით სპეკულირებენ”, – განაცხადა რურუამ.

საქართველოს დედაქალაქში განვითრებული მოვლენების შესახებ კომენატარები რუსეთშიც გაკეთდა, კერძოდ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები ქვეყნის საშინაო საქმეა, თუმცა რუსეთისთვისაც მნიშვნელოვანია.
“ის, რაც საქართველოში ხდება, საქართველოს საშინაო საქმეა და მე სულაც არ მინდა, ამ სიტუაციაზე დაწვრილებითი კომენტარები ვაკეთო, მაგრამ ეს ამბები უმნიშვნელო არც ჩვენთვის არის”, – განაცხადა ლავროვმა.
მისივე აზრით, “კრიზისული სიტუაცია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შესახებ მოლაპარაკებათა ჩაშლის კიდევ ერთი მცდელობაა”.
მოგვიანებით, რუსთაველზე დარბეული მომიტინგეები და დედაქალაქის მაცხოვრებლები რიყეზე შეიკრიბნენ, სადაც მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა. რიყეზე სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილი 5000 მლოცველიც მივიდა. რუსთაველის გამზირზე კი მხოლოდ პოლიცია და სპეცრაზმლები დარჩნენ. თბილისის მეტროპოლიტენმა მუშაობა შეწყვიტა.
რიყეზე გამართული მრავალათასიანი მიტინგის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, “შსს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას კვლავაც გააგრძელებს და საქართველოს ხელისუფლების სხვა უწყებებთან ერთად, კონსტიტუციით გათვალისწინებული ყველა უფლების განხორციელებას უზრუნველყოფს”.

მიტინგების გასაგრძელებლად და საჭირო ინვენტარის შესაძენად ე.წ. “ელიავას” ბაზრობაზე ელექტროგენერატორის შეძენისას სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი ძალის გამოყენებით მანქანაში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს, რომელიც მოგვიანებით ნაცემი საავდმყოფოში იქნა გადაყვანილი, რომელსაც ტვინის შერყევა ჰქონდა მიღებული.

მოვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერის რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან კავშირს ამტკიცებდა.

როგორც აღნიშნულის თაობაზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მაშინდელმა თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ განაცხადა, ვიდეომასალაში ქართველ ოპოზიციონერებსა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლებს შორის გამართული სატელეფონო საუბრებია ჩაწერილი.

“მასში ე.წ. ქართველი პატრიოტი ოპოზიციონერები საქართველოს მტრებთან თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების სამომავლო მიზნებსა და სიტუაციის შემდგომი ესკალაციის გეგმას ათანხმებენ”, – განაცხადა თარგამაძემ და აქვე დასძინა, რომ “ამ ვიდეომასალის ნახვის შემდეგ ქართულ საზოგადოებას რიყეზე გასვლის სურვილი აღარ ექნებოდა”.

ამასთან, თარგამაძემ იმ ოპოზიციონერთა ვინაობაც დაასახელა, რომლებიც რუსეთის უშიშროებასთან კავშირში იყვნენ მხილებულნი, მათ შორის ლევან ბერძენიშვილი, შალვა ნათელაშვილი, გოგა ხაინდავა და კონსტანტინე გამსახურდია.
პარალელურად, რიყეზე ოპოზიციის მხარამჭერი, 100 ათასზე მეტი მომიტინგე შეიკრიბა. სპეცრაზმელებმა ხალხი რიყეზეც დაარბიეს….
რიყეზე დაშავებული და მოწამლული აქციის მონაწილეები სამებაში გადაიყვანეს. რიყის მიმდებარე ქუჩები გადაიკეტა, სადაც სამხედრო პოლიცია, სპეცდანიშნულების რაზმები და ჯარისკაცები განთავსდნენ.
პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ვითარების კიდევ უფრო გამწცვავების თავიდან ასაცილებლად მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.

როგორც მან დედაქალაქში შექმნილ საგანგებო სიტუაციის კომენტირებისას განაცხადა, “როგორც ხელისუფლების მხარდამჭერები, ისე მისი ოპონენტები ახლა სახლში უნდა დარჩნენ და სიმშვიდე შეინარჩუნონ”.

“მოგვეცით საშუალება, ქვეყანაში შექმნილი საკმაოდ კრიტიკული სიტუაციიდან გამოსავალი პოლიტიკოსებმა ვიპოვოთ”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და იმედი გამოთქვა, რომ “ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილი ხელისუფლებასთან დიალოგს დასთანხმდება”.

რუსეთის მაშინდელი ელჩი ვიაჩესლავ კოვალენკო კი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

რუს დიპლომატს საგარეო უწყებისთვის შსს-ის მიერ გავრცელებული სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებების მიცემა მოუწია.
საღამოს სპეცრაზმელები ტელეკომპანია “იმედში” შეიჭრნენ. მაუწყებლობა შეწყვიტა რადიო “იმედმაც”.
“იმედთან” შეკრებილების დასაშლელოად სპეცრაზმმა აქციის მოანწილეების რეზინიის ხელკეტებით, რეზინის ტყვიებით და ცრემლსადენი გაზით დაშლა განახორციელა. დაშავებულთა შორის სხვებთან ერთად, “იმედის” ჟურნალისტებიც აღმოჩნდენ.
მაუწყებლობა შეწყვიტა ტელეკომპანია “კავკასიამაც”. ხელისუფლებამ კიევ ერთი ოპოზიციური არხის გამორთო.
პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

“საგანგებო მდგომარეობის შესახებ პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტი კომენდანტის საათის დაწესებას არ ითვალისწინებს. ვიმედოვნებ, რომ პასუხი მოეთხოვება ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ამ პროვიკაციებში მონაწილეობდნენ”, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

7 ნოემბერი მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობიდან გადადგომით დასრულდა, თუმცა ის ამჟამადაც საქართველოს პრეზიდენტია. 7 ნოემბრის ავტორი და დემოკრატი ლიდერი “მადლიერმა და დარბეულმა ერმა”, ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში კვლავ პრეზიდენტად აირჩია(!)

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s