პოლიტიკა

აშშ-ს ბირთვული დოქტრინა


აშშ-ს ბირთვული დოქტრინა, ანტი-სარაკეტო თავდაცვა ევროპაში და ნატო-ს ექსპანსია

მაჰდი დარიუს ნაზემროაიას ეს სტატია პირველად The Caucus-ში (ჟურნალი პოლიტიკურ მეცნიერებასა და საერთაშორისო განვითარებზე) ოტავას უნივერსიტეტმა გამოაქვეყნა. პუბლიკაცია ფოკუსირებულია 2009 წლის 9 ნოემბერს, ბერლინის კედლის დაცემიდან ოცი წლის თავზე კვლავ წარმოქმნილ კითხვაზე: დასრულდა კი ცივი ომი?
ბერლინის კედლის დაცემის 20 წლისთავი ახლოვდება, მაგრამ დასრულდა კი რეალურად ცივი ომი და მართლაც გახდა კი ის არცთუ შორეული წარსულის ისტორიული გადმონაშთი? საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, ვარშავის პაქტიც დიდი ხნის წინ დაიშალა, მაგრამ ცივი ომის ბევრი გადმონაშთი ჯერ კიდევ არსებობს და ესენია: კონფლიქტი კორეის გაყოფილ ნახევარკუნძულზე, ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) და ანტი-სარაკეტო თავდაცვის პრობლემა. ბოლო წლებში ნატო-ს და რუსეთს შორის დაიძაბა ურთიერთობა და მას ხშირად ისეთ ტერმინებში აღწერენ, რომლებიც ცივ ომს მოგაგონებს. ამ ცივი, დაძაბული ურთიერთობების განახლების ერთ-ერთი მთავარი სტიმული ევროპის კონტინენტზე სარაკეტო თავდაცვის ამერიკული პროექტი გახდა. რუსებს არ დაუმალავთ, რომ ისინი ამ სარაკეტო თავდაცვით ფარს, პირველ რიგში საკუთარ საფრთხედ აღიქვამდნენ.

სარაკეტო ფარის იდეა ახალი არ არის. ცივი ომის დროს, ამ წინადადებით რონალდ რეიგანი გამოვიდა და ის გრანდიოზული სამხედრო პოლიტიკური სტრატეგიის ფარგლებში წარმოადგინა, რომელიც გულისხმობდა რაკეტების, ტექნიკური ობიექტებისა და სამხედრო ბაზების განთავსებას მთელს მსოფლიოში და კოსმოში. აქედან დაიწყო პროექტის განხორციელება, რომელსაც შემდეგ ”ვარსკვლავური ომები” უწოდეს. ამ პროექტის ამოქმედების დღიდან პენტაგონმა მილიარდობით დოლარი დახარჯა პროექტის კვლევებსა და დამუშავებაზე. ვიდრე ამერიკის მთავრობა ამტკიცებს, რომ სარაკეტო თავდაცვის სისტემის მიზანი მომავალში ამერიკის, ევროპის, სამხრეთ-კორეისა და ირანის შესაძლო ბალისტიკური სარაკეტო შეტევებისგან დაცვაა, კრემლი ამ პროექტს რუსეთისთვის უპირველეს ნაციონალურ საფრთხედ აღიქვამს. მოსკოვი დარწმუნებულია, რომ ეს არგუმენტები მხოლოდ საბაბია რუსეთთან მიახლოებისთვის.

რას ეფუძნება რუსეთის ასეთი ხედვა და შიშები? რუსეთის მტრული დამოკიდებულება აშშ-ს პროგრამის მიმართ, შეერთებული შტატების გრძელვადიან სტრატეგიულ მიზნებს უკავშირდება. ეს მიზნები მოიცავს სამხედრო დოქტრინას, რომელიც გულისხმობს ამერიკის აბსოლუტურ ბატონობას, პირველადი ბირთვული თავდასხმის განახლებულ სტრატეგიას, რომელშიც ბირთვული უპირატესობის კონცეფციაც შედის და ნატო-ს ექსპანსიას რუსეთის საზღვრებამდე – მიუხედავად ნატო-ს მხრიდან გაცემული გარანტიებისა, რომ ის არ გასცდებოდა გერმანიის საზღვრებს.

აშშ-ს ბირთვული პოლიტიკა ცივი ომის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. 2001 წელს, ამერიკის შეერთებული შტატების ბირთვული პოტენციალის მიმოხილვამ (NPR) აღიარა, რომ აშშ-ს შეიარაღებული ძალებისთვის რუსეთი ბირთვული შეტევების შესაძლო სამიზნეა. 2001 წლის NPR-ს რეზიუმირება შეიძლება ამ ციტატით მოვახდინოთ – ”ცივი ომის დროს, რუსეთი [საბჭოთა კავშირი] შეერთებული შტატებისთვის მთავარ ბირთვულ საფრთხეს წარმოადგენდა. საბჭოთა კავშირის დაშლამ აშშ-ს ბირთვული დაგეგმვის პროცესში ცვლილებები შეიტანა და რუსეთი მის მთავარ სამიზნედ აღარ განიხილებოდა, თუმცა რუსეთი იმ ერთადერთ ქვეყნად რჩება, რომელსაც რეალურად ძალუძს შეერთებული შტატების განადგურება მის ხელთ არსებული ბირთვული არსენალის მასშტაბის გამო. მეტიც, გაურკვევლობა რუსეთის საგარეო-პოლიტიკური კურსის მომავალის მიმართ, შეერთებულ შტატებს მასშტაბური ბირთვული სარეზერვო ძალების შენარჩუნებას აიძულებს. ამ მიზეზების გამო რუსეთი კვლავ რჩება ამერიკული ბირთვული რაკეტების პოტენციური სამიზნეების სიაში. გარდა ამისა, ახალი NPR თავის სამიზნეებად ღიად ასახელებს კიდევ ექვს ქვეყანას, ესენია: ჩრდილოეთ-კორეა, ირანი, ერაყი, სირია, ლიბია და ჩინეთი. ბირთვული სამიზნეების ეს სია წინა ადმინისტრაციების გეგმებს ასახავს”.

რუსეთი პენტაგონისთვის ბირთვული სამიზნე იმის გამოა, რომ ის მთავარი ქვეყანაა მათ შორის, ვისაც სამხედრო თვალსაზრისით ამერიკისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია, მაგრამ ეს არ არის ის ერთადერთი მიზეზი რის გამოც მოსკოვი ნერვიულობს. 2001 წელს, ამერიკამ გამოაცხადა, რომ ის ცალმხრივად სტოვებს ანტი-სარაკეტო თავდაცვაზე (ABM) ხელშეკრულებას, რომელიც ლეგალურ შეზღუდვებს აწესებს ამერიკულ და რუსულ ბალისტიკურ რაკეტებზე. ეს დიკ ჩეინის და ნეო-კონსერვატიულ ექსპერტთა ჯგუფის ”პროექტი ახალი ამერიკული საუკუნისთვის” (PNAC) რეკომენდაცია გახლდათ. ეს პროექტი ასახულია ხელნაწერში ”ამერიკის თავდაცვისუნარიანობის აღდგენა: სტრატეგიები, ძალები და რესურსები ახალი საუკუნისთვის”. PNAC-ის დოკუმენტში, რომელიც 2000 წელს გამოიცა, კატეგორიულადაა ნათქვამი, რომ ამერიკამ უნდა ”განავითაროს და განათავსოს გლობალური სარაკეტო თავდაცვითი სისტემები ამერიკული მიწის და ამერიკის მოკავშირეების დასაცავად და დამცავი ბაზის უზრუნველსაყოფად აშშ-ს ძალაუფლების გავრცელებისთვის მთელს მსოფლიოში”. აშშ-ს მხრიდან ABM ხელშეკრულებიდან გამოსვლის შესახებ განცხადებას მოგვიანებით მოჰყვა განცხადებები ცვლილებებზე აშშ-ს სამხედრო დოქტრინაში, რაზეც თავდაპირველად საუბარი იყო NPR-ში, შემდეგ ერთობლივი ბირთვული ოპერაციების დოქტრინაში (DJNO), შემდეგ CONPLAN 8022-02-ში, რამაც ბირთვული თავდასხმები შესაძლებელ ვარიანტად აქცია, როგორც პრევენციული ასევე ტრადიციული საომარი მოქმედებების პირობებში”.

რუსეთის თვალში სარაკეტო ფარის პროექტი ამერიკის მხრიდან ბირთვული უპირატესობის უზრუნველყოფის მცდელობაა. სარაკეტო ფარის განთავსების შემთხვევაში რუსეთი ვერ შესძლებს რეაგირებას შეერთებული შტატების მხრიდან პირველი ბირთვული დარტყმის განხორციელების შემთხვევაში და კრემლის ბირთვული არსენალი ფაქტობრივად უსარგებლო ხდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოსკოვის მხრიდან არსებული ბირთვული საფრთხის მოხსნით, ამერიკა ”ურთიერთგანადგურების” (MAD) საფრთხესაც ხსნის. ეს ასევე ანეიტრალებს მოსკოვიდან საპასუხო ბირთვული დარტყმის საფრთხეს და რუსეთს ხელს შეუშლის შური იძიოს თავდაპირველად ამერიკის მხრიდან განხორციელებულ ბირთვულ შეტევაზე. ცივი ომის დროს ბირთვული შურისძიების ან ”საპასუხო დარტყმის” და MAD-ის შესაძლებლობა იმ ფაქტორებად განიხილებოდა, რომლებმაც აშშ-ს და საბჭოეთს შორის შესძლეს გლობალური ბირთვული ომის თავიდან აცილება, თუმცა ბირთვული უპირატესობა სიტუაციას ცვლის და რუსეთს შურისძიების შესაძლებლობის გარეშე სტოვებს. კრემლის აზრით ეს რუსეთს და მის მოკავშირეებს დაუცველებს სტოვებს აშშ-ს და ნატო-ს მხრიდან შესაძლო მტრული ქმედებების შემთხვევაში.

ნატო ძველებურად არსებობს, მიუხედავად იმისა რომ ცივი ომი დიდი ხნის წინ დასრულდა. რუსეთს აღიზიანებს ნატო-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოვება და თავდაცვითი პაქტის იმ ორგანიზაციად გადაქცევა, რომელიც სამხედრო ჩარევას ქადაგებს. ამერიკული ანტი-სარაკეტო ფარის სტრატეგიული ბუნება, რომელიც არღვევს ბირთვულ პარიტეტს რუსეთს და ამერიკას შორის, ნატო-ს ფაქტორით კიდევ უფრო ღრმავდება. მოსკოვი, აგრესიულ სამხედრო მახასიათებლებში, რომლითაც ნატო ცივი ომის დასრულების შემდეგ შეირაღდა, საფრთხეს ხედავს. ალიანსის სტრატეგიის შეცვლას ყოფილ იუგოსლავიაში ნატო-ს ჩარევა და ავღანეთში ომი მოჰყვა. გარდა ამისა, ნატო ისეთ ამოცანებს წყვეტს, როგორებიცაა ახლო-აღმოსავლეთსა და აფრიკაში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და არმიების გაწვრთნა. ამიტომ, მსოფლიო უსაფრთხოებაზე ვლადიმერ პუტინის სარკასტული განცხადებები გასაკვირი არ გახლავთ. ამ სიტყვაში პუტინმა აშშ სამხედრო ძალით ერთპოლარული მსოფლიო წესრიგის დამკვიდრებისკენ სწრაფვაში დაადანაშაულა – ”დღეს ჩვენ თვალს ვადევნებთ, საერთაშორისო საქმეებში თითქმის შეუკავებელი ძალის გიპერტროფირებულ გამოყენებას, სამხედრო ძალას, ძალას რომელიც მსოფლიოს ერთმანეთის მიყოლებით ახალ-ახალ კონფლიქტებში ითრევს. შედეგად არ არსებობს საკმარისი ძალა თუნდაც ერთი ასეთი კონფლიქტის მოგვარებისთვის. შეუძლებელი ხდება მათი პოლიტიკური გადაწყვეტაც. ჩვენ საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ ვხედავთ სულ უფრო მეტ გულგრილ დამოკიდებულებას. მეტიც, ცალკეულმა ნორმებმა და პრინციპში, ერთი სახელმწიფოს სამართლის თითქმის მთელმა სისტემამ, ვგულისხმობ ამერიკის შეერთებულ შტატებს, ყველა სფეროში, ყველა მის ნაციონალურ საზღვარს გადააბიჯა”.

პუტინმა ნატო-ს გაფართოებაზეც გააკეთა მინიშნება, რომელიც რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული – ”ვფიქრობ ცხადია: ნატო-ს გაფართოვების პროცესს თავად ალიანსის მოდერნიზაციასთან ან ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან არანაირი კავშირი არა აქვს. პირიქით, ეს სერიოზული მაპროვოცირებელი ფაქტორია, რომელიც ურთიერთნდობას აქვეითებს და ჩვენ გვაქვს სამართლიანი უფლება დავსვათ კითხვა: ვის წინააღმდეგაა მიმართული ეს გაფართოვება? და რა მოუვიდა იმ დაპირებებს, რომლებსაც დასავლელი პარტნიორები ვარშავის პაქტის დაშლის დროს გასცემდნენ? სად არის ახლა ეს განცხადებები? ისინი ყველამ დაივიწყა, მაგრამ მე თავს უფლებას მივცემ გავიხსენო ამ აუდიტორიაში, ის რაც მაშინ ითქვა. გავიხსენებ ციტატას ნატო-ს გენერალური მდივნის, ბატონი ვერნერის მიერ 1990 წლის 17 მაისს ბრიუსელში გამოსვლიდან: ”თავად ის ფაქტი, რომ ჩვენ მზად ვართ არ განვათავსოთ ნატო-ს ჯარები გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საზღვრებს მიღმა, საბჭოთა კავშირს უსაფრთხოების მყარ გარანტიებს აძლევს”, სად არის ეს გარანტიები?”

შესაძლო ომის საფრთხე რუსი სტრატეგებისთვის ძალიან რეალურია. კრემლს სჯერა, რომ რუსეთის ფედერაციას ერთდროულად ალყაში აქცევს ნატო, მზარდი სამხედრო ბაზები და ამერიკული რაკეტები.

შეიძლება კი ამერიკას, რუსეთს და ნატო-ს შორის ომის წარმოდგენა? 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომი ასეთ შესაძლებლობას წარმოაჩენს. რუსმა ჩინოვნიკებმა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს უკვე უწოდეს განზოგადოებული ომი. კრემლმა განაცხადა, რომ საქართველოს ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ამერიკის ინტერესებს წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით მოსკოვი საქართველოს ამერიკის წარმომადგენლად ან სატელიტ-სახელმწიფოდ განიხილავს. რუსეთის ეჭვები დადასტურდა, როდესაც აშშ-მ რუსეთ-საქართველოს ომის დროს განაცხადა, რომ კავკასია ამერიკის სტრატეგიული ინტერესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეგიონია, შემთხვევითი არ არის ის, რომ საქართველო ერთ-ერთი ის ქვეყანაა მსოფლიოში, რომლის გასამხედროებაც ყველაზე სწრაფად ხდება და ამერიკული სამხედრო დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადრესატია. ყველაზე მნიშვნელოვანი რუსეთ-საქართველოს ომში სამხრეთ- ოსეთისთვის არის ის, რომ რუსეთმა განაცხადა, რომ სხვაგვარად არ იმოქმედებდა იმ შემთხვევაშიც კი საქართველო ნატო-ს წევრი რომ ყოფილიყო. მარტო ეს ფაქტი იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ ომი ამერიკას და რუსეთს შორის – ილუზია არ არის.

ასე რომ შეიძლება კი იმის თქმა, რომ ობამას ადმინისტრაციამ ნამდვილად დააჭირა ხელი გადატვირთვის ღილაკს რუსულ- ამერიკულ ურთიერთობებში, როდესაც 2009 წლის სექტემბერში აღმოსავლეთ-ევროპაში ამერიკული სარაკეტო ფარის განთავსების თაობაზე უარი განაცხადა? 17 სექტემბერს, პრეზიდენტ ობამას განცხადება იმის თაობაზე, რომ აშშ წყვეტს პოლონეთსა და ჩეხეთში ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტების განთავსებას, სატყუარას ჰგავს. ობამას განცხადების შემდეგ სულ მალე აშშ-მ ფლორიდიდან კოსმოსში თავდაცვის სისტემის ორი ექსპერიმენტული თანამგზავრი გაუშვა. სინამდვილეში ობამამ ანტი-სარაკეტო ფარის განთავსებაზე უარი კი არ სთქვა, არამედ პირიქით, უფრო მასშტაბური და ეფექტური ფარის განთავსების შესახებ განაცხადა, სამხედრო გემებზე კომპონენტების განთავსების ჩათვლით. ანტი-სარაკეტო ფარის მშენებლობა ახალ საფეხურზე გადადის – ევროპასა და მის საზღვრებს გარეთ – თურქეთიდან და ხმელთაშუა ზღვისპირეთიდან ბალტიის ზღვამდე.

პოლონეთის წარმომადგენლის რეაქციამ ობამას გეგმების ცვლილებაზე რუსეთის შიშები მხოლოდ დაადასტურა. ”სინამდვილეში ჩვენ ირანიდან სარაკეტო თავდასხმის საფრთხეს არც არასდროს განვიცდიდით” – განაცხადა სლავომირ ნოვაკმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის უფროსმა მრჩეველმა. ასე რომ იყო კი პოლონეთის და სხვა სახელმწიფოების დაცვა ირანის სარაკეტო საფრთხისგან ანტი-სარაკეტო სისტემის შემქნის რეალური მოტივი? კრემლი იტყოდა, რომ არა. მოსკოვისთვის ცხადი იყო, რომ ამერიკელმა სტრატეგებმა სარაკეტო ფარის განთავსება არა ირანულ და ჩრდილო-კორეულ საფრთხეს, არამედ ჩეინის და მისი კოლეგების სტრატეგიებს მოარგეს. ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემა იმისთვის იყო გამიზნული, რომ ”მთელ მსოფლიოში აშშ-ს ძალაუფლების გავრცელებისთვის დამცავი ბაზა უზრუნველეყო” ანუ დამთავრდა კი ცივი ომი? შესაძლოა პასუხი რუსეთის და ბელორუსის ერთობლივ სამხედრო მომზადებაში და ორმხრივ სამხედრო წრთვნებშია, რომლებიც მათ იმისთვის გამართეს, რომ საკუთარი შეიარაღებული ძალები ნატო-ს ძალების მხრიდან თავდასხმის შემთხვევისთვის მოემზადებინათ, თავდასხმისთვის, რომელიც გულისხმობს ინტერვენციას როგორც ხმელეთიდან, ასევე ზღვიდან და ჰაერიდან.

მაჰდი დარიუს ნაზემროაია

Caucus

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s