ისტორია

კონსტანტინე გამსახურდია


კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდია დაიბადა 1893 წლის 15 მაისს სოფელ ძველ აბაშაში.
მის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე დიდი კვალი დაუტოვებია რამდენიმე მოვლენას. ექვსი წლისას მამა უბელო ცხენზე შეაგდებდა და მათრახს გადაუჭერდა ხოლმე, ვაჟკაცობას აჩვევდა. პატარობისას ფეხშიშველმა დედამ გელათში წაიყვანა. გაოცებული შეჰყურებდა ბავშვი ტაძარს, დავითის ფრესკას. ასე გაიცნო თავისი ეპოპეის “დავით აღმაშენებლის” მთავარი გმირი. ასევე პორტრეტიდან გაიცნო ილია ჭავჭავაძე. თუმცა ბევრს ეცადა, ცოცხალი ვერ ნახა. მისი მკვლელეობა რომ შეიტყო, ფიცი დადო, მთელი სიცოცხლე ებრძოლა ილიას მკვლელების წინააღმდეგ.
კონსტანტინე გამსახურდიამ ჯერ კიდევ გიმნაზიელობისას ჩამოაყალიბა პატრიოტული ორგანიზაცია “ცხრა მუხა”, რის გამოც მალევე დააპატიმრეს ჟანდარმებმა. “ჩემთვის ეს პირველი პატიმრობა იყო, უბედნიერესი მომენტი ჩემი ცხოვრებისა. ბედნიერი გრძნობისაგან შეპყრობილი ვიმეორებდი ამ ბრწყინვალე სიტყვებს: “ნეტარ იყვნეთ თქვენ, რამეთუ გდევნონ ჩემი სახელით” (ავტობიოგრაფიული მოთხრობა “ლანდებთან ლაციცი”).
კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.
“მე დავიბადე მსოფლიოს უმცირეს და უმოკლეს მდინარის პირას. მას ჰქვია სახელად ზანა. მე მომიხდა რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლა ლენინგრადში, კენიგსბერგში, ლაიპციგში, მიუნხენში, პარიზში, ბოლოს ბერლინში. ყველგან და ყოველთვის მე მიხდებოდა გაჯიბრება გერმანელებთან, ებრაელებთან, პოლონელებთან, ამერიკელებთან და ფრანგებთან. არავის ვუმხელდი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი: “შენ ჰეი, მსოფლიოს უმცირეს მდინარის პირად შობილო ბიჭო, არ გაჯობონ დიდი მდინარეების პირად დაბადებულთა”, – ასე განაცხადა მწერალმა 70 წლის იუბილეზე.
აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში. 1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა. ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ „ქრისტიანიათი“, თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი.
1921 წელს, წითელი არმიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, კონსტანტინემ ლენინს მისწერა პროტესტის წერილი “ღია წერილი ულიანოვ-ლენინისადმი”. ამავე წელს გამოქვეყნდა მისი “სიტყვები ქართველი ერისადმი 26 მაისს”. ეს ორი დოკუმენტი დარჩება ქართული მწელობის ისტორიაში პრინციპულობისა და თავგანწირული გმირობის მაგალითად.
1923 წელს კონსტანტინე გამსახურდია ევროპიდან საქართველოში დაბრუნდა. მან კარგად იცოდა, რაც მოელოდა, (გამომგზავრების წინ უთხრეს კიდევაც “ჩასვლისთანავე დაგაპატიმრებენ და დაგხვრეტენო”) მაგრამ ემიგრანტობა მაინც არ ისურვა და საქართველოში დაბრუნდა. მისი ეს ნაბიჯი მართლაც აბობოქრებულ მორევში გადაშვებას ჰგავდა, მაგრამ კონსტანტინე “იმ გვარისა იყო, ვისაც უკან დახევა არა სჩვევია!”
შედეგიც მალე დადგა; 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობის გამო “ჩეკამ” დააპატიმრა. დაჭერის წინ ს. ორჯონიკიძეს ასეთი რამ უთხრა: “სერგო, მეშინია ჩემი ხალხის მოსპობისა, თორემ შენ და შენს რუს წითელარმიელებს როსტოვს იქით გაგყრიდით”.
1926 წელს, ქართველი მწერლების პირველ ყრილობაზე, კონსტანტინე გამსახურდიამ გაილაშქრა რუსიფიკაციისა და ეროვნული სულის ჩაკვლის წინააღმდეგ, რის გამოც დააპატიმრეს “შპიონის”, “მოღალატის” ბრალდებით და მოსკოვში გადააგზავნეს.
ლუბიანკაზე საოცარი ამბავი მოხდა; დაკითხვის დროს გინებისთვის კონსტანტინემ ხელი გაარტყა ფელიქს ძერჟინსკის მოადგილეს. ეს მაშინ წარმოუდგენელი იყო. ამის გამო კონსტანტინეს ნამდვილი ჯოჯოხეთი დაატეხეს თავს. იგი 6 თვე იჯდა სიკვდილმისჯილთა საკანში, შიმშილობდა 14 დღე. შემდეგ გადაასახლეს სოლოვკის კუნძულებზე, სადაც 3 წელი დაჰყო და ყოველდღე სიკვდილს ელოდა, მაგრამ მაინც არ გატყდა. (იხ. სოლოვკური მოგონება “მტრების მეგობრობა”)
20-იანი წლების თბილისის ქუჩებში კონსტანტინე და მისი მეგობრები შავი ჩოხით დადიოდნენ ეროვნული გლოვისა და პროტესტის ნიშნად. ორჯონიკიძეს კონსტანტინესთვის მუქარით შემოუთვლია “შავი ჩოხით სიარულს თავი დაანებეო” კონსტანტინეს კი უპასუხია: “ჩემს ჩოხასთან შენ რა გესაქმება, ჩემი ქამარი შენ ხომ არ გიჭერსო წელზე” (იხ. მერაბ კოსტავა, “გამოსათხოვარი” 1977წ.) ამის შემდეგ ცხენზე ამხედრებული, შავჩოხიანი კონსტანტინე ხშირად დემონსტრატიულად ჩაუქროლებდა ხოლმე ცეკას შენობას. სხვათა შორის, სხვები აიძულეს, რომ შავი ჩოხით აღარ ევლოთ, კონსტანტინე გამსახურდია კი სიცოცხლის ბოლომდე საქართველოს შავჩოხიან ჭირისუფლად და რაინდად დარჩა…

შემოქმედება

პირველი ლექსი 1909 წელს გამოაქვეყნა, კ. აბაშისპირელის ფსევდონიმით. ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის კურსდამთავრებული, 1911-ში ევროპაში გაემგზავრა, იქ გაეცნო მოდერნისტული სკოლების ნაირსახეობას და მათი შემოქმედებითი პრინციპები გაიზიარა. გერმანიაში მყოფმა ორი ნოველა გამოაქვეყნა: “ფოტოგრაფი” და “ნაპოლეონი”. შემდეგ დედის გარდაცვალებამ “დამსხვერული ჩონგური” დააწერინა. საავადმყოფოში მომაკვდავ ძმას ედგა თავზე და იმ საშინელ ღამეს დაწერა “ზარები გრიგალში”.
“ვწუხვარ, მწერლობა პროფესიად რომ გადამექცა. ერთადერთ კარიერაზე ვოცნებობდი მთელი სიჭაბუკე, ეს იყო სამხედრო. 1918-19 წლებში უნივერსიტეტი მინდოდა დამეგდო და პრუსიის გენშტაბის აკადემია დამესრულებინა”, – აღიარებს 1933 წელს დაწერილ ესეში.
1919 წელს ბერლინის უნივერსიტეტიდან ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით დაბრუნდა და აქტიურად ჩაება ლიტერატურულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. დააარსა ჟურნალი “პრომეთე”, გაზეთი “საქართველოს სამრეკლო”, ჟურნალი “ილიონი”, ხელმძღვანელობდა მწერალთა აკადემიურ კავშირს. “რაც 16 წლის გავხდი, სულ სტამბებში დავდივარ. მე შემოვიღე პირველად 1917 წელს ჟურნალ “პრომეთეში” სტამბის მუშების სახელისა და გვარის გარეკანზე მოხსენიება. წიგნს რომ დავბეჭდავ, უთუოდ პური უნდა ვჭამო მათთან”, – წერდა გამსახურდია.
კონსტანტინე გამსახურდიამ ახალგაზრდობიდანვე მიიპყრო ყურადღება როგორც თავისებურმა, მოუსვენარი ხასიათის ადამიანმა. მისი საზოგადოებრივი აქტივობა გულგრილს არავის ტოვებდა, იცვამდა ჩოხას და ამკვიდრებდა ევროპულ ესთეტიკას, გერმანელ ფილოსოფოსებს ჩაჰკირკიტებდა და ხევსურეთში შემორჩენილ სიტყვებს აგროვებდა.
34 წლისამ დაწერა “დიონისოს ღიმილი”, ეს იყო რეალიზმისა და მოდერნიზმის გზაჯვარედინზე მდგარი მწერლის პირველი რომანი. მეორე რომანი, ტრილოგია “მთვარის მოტაცება” 10-11 წლის შემდეგ გამოაქვეყნა. თემა თანამედროვე იყო, პრობლემატიკა ნაცნობი, მაგრამ თარაშ ემხვარი თუ არზაყან ზვამბაია, წითელი კომკავშირი თუ თამარ მეფე, კოლექტივიზაცია თუ ისტორიული საქართველო – ამ კითხვებზე მარტივი პასუხი არ გაუცია. როგორც საბჭოთა ეპოქის ბევრი მწერალი, გამსახურდიაც ცდილობდა კეისრისათვის კეისრისა მიეცა და ღმერთისთვის ღმრთისა გადაეხადა. 1937 წელს ჟურნალ “მნათობში” დაიბეჭდა რომან “ბელადის” პირველი ნაწილი. შემდეგ ეს ნაწარმოები აღარ გაუგრძელებია.
სამწერლო დიდება და სახალხო აღიარება ისტორიულმა რომანებმა მოუტანა. მწერლის ნიჭი და ფანტაზია განსაკუთრებული სილაღით 1939 წელს დაწერილ “დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენში” გამოვლინდა. მწირი ისტორიული ცნობების მიუხედავად გამსახურდიამ სისხლსავსე პერსონაჟები შექმნა და ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლის იდეა გააცოცხლა. მკითხველმა ადვილად აუღო ალღო მწერლის ენასა და ქარაგმულ სტილს. დიდ იმპერიასთან შეჭიდებულ პატარა საქართველოში თანამედროვეობა ილანდებოდა.
ასე მიაჩნდა: “პოეტური შედევრების ფრაგმენტების თარგმნა დიაღაც სასარგებლოა, მაგრამ დიდი ქმნილების მთლიანად თარგმნა ერთგვარი თვითმკვლელობაა მწერლისათვის”. თარგმნასაც მოჰკიდა ხელი – გოეთეს “ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი”, დანტეს “ღვთაებრივი კომედია” (I ნაწილი – “ჯოჯოხეთი” კ. ჭიჭინაძესთან ერთად), რემარკის “დასავლეთის ფრონტი უცვლელია” და სხვა.
“კამეჩის ენერგია სჭირდება მწერალს. ამ სათუთი კალმიდან ქაღალდზე გადატანილი წნევის გაზომვა რომ მოხერხდეს, ალბათ რამდენიმე ათასი ცხენის ძალა გამოვა”. მართლაც, 20 წელი მოანდომა და 1962 წელს დაამთავრა ისტორიული რომანი “დავით აღმაშენებელი”, რომელიც ოთხ წიგნს მოიცავს. ამ რომანისათვის 1965 წელს ერთ-ერთ პირველს მიენიჭა რუსთაველის პრემია. ის თამაშითა და ბრძოლით წერდა თავისი გმირების თამაშისა და ბრძოლის ამბავს. ბრძოლა და თამაში ცხოვრებაშიც არ დაჰკლებია.
XX საუკუნის საბჭოეთის ყველაზე მძიმე პერიოდში მოუწია მოღვაწეობა. ერთხელ დააპატიმრეს კიდეც, 1931 წელს მწერალთა ფედერაციიდან გამორიცხეს როგორც რეაქციონერი, შოვინისტი და ანტისაბჭოთა მწერალი. ისიც ხომ ნიჭია, ცოცხალი გადარჩე, როდესაც რაღაც გაქვს სათქმელი, მოვალეობა გაკისრია. აკაკი ბაქრაძე გამსახურდიას ამსგავსებს იმ ადამიანს, რომელსაც შინ პური მიაქვს და უკან ქოფაკი მისდევს, ამიტომ იძულებულია, დროდადრო ნაგაზს პურის ნატეხი გადაუგდოს. ასე უყრიდა საბჭოთა ხელისუფლებას “ბელადს”, “ვაზის ყვავილობას”, ნარკვევებს, რომ დაწერილიყო “დიონისოს ღიმილი”, “მთვარის მოტაცება”, “დიდოსტატის მარჯვენა”, “დავით აღმაშენებელი”.
როგორც ყველა დიდ შემოქმედს, გამსახურდიასაც საკუთარი სამწერლო ენა და სტილი აქვს. ამაღლებული, ოდნავ არქაული, ლექსივით მწყობრი. თუ პროზის ზეპირად სწავლა შეიძლება, ერთ-ერთი ასეთი ნაწარმოები ალბათ “დიდოსტატის მარჯვენაა”. მართლაც, ზეპირად სწავლობდნენ, ლექსივით კითხულობდნენ. თანდათნ მკითხველთან ერთად ხელისუფლებამაც აღიარა ცოცხალ კლასიკოსად. 1944 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს.
ჩოხაში გამოწყობილი, მუდამ წელგამართული, ამაყი მზერითა და ღირსებით სავსე დააბიჯებდა ყოფილ გოლოვინის ქუჩაზე, რომელსაც რუსთაველის სახელი მისი ინიციატივით დაარქვეს.
კონსტანტინე გამსახურიას თავისი დაბადების 80 წლისთავზე უთქვამს: არც დიდხანს სიცოცხლე ვარგებულაო. უკანასკნელ განსასვენებელადაც გამორჩეული ადგილი მონახა: საკუთარი სახლის, კოლხური კოშკის ეზოში დაკრძალეს.

წერილები

ციტატები

“ძველ ბერძნებს ფილოსოფია ზრდიდათ, ებრაელებს კანონი, ინდიელებს ნირვანა, რუსებს მათრახი ხოდა ქართველებს პატივმოყვარეობა”

“განა მე სადმე გამომიცხადებია უცოდველი პაპი ვარ და ადამიანური ზადი არ გამაჩნია მეთქი? ჩემი ადამიანური ნაკლი ხომ არავისთვისაა საინტერესო?მწერლისაგან მხოლოდ ის რჩება,რაც ტილოზე გადააქვს,სხვა ყოველივე ქვიშაზე გავლილი ქარის ნაკვალევია,რადგან მის სიკვდილთან ერთად სხვა ყოველივე წარიხოცება!”

“ღამეები ისეთი მრუმე იყო, როგორც ძალით გათხოვილი ქალის ხვაშიადი”

“ხტოდა, კისკისებდა ვარდისახარი და ეს კისკისი მოაგონებდა არსაკიძეს გახელებულ ჭიხვინს იმ ფაშატისას, რომელიც განზრახ გაურბის ხოლმე მოძალებულ ულაყს, რათა მომეტებულად ააღელვოს მამრი და გაგრილებისას უფრო ხარბად დააცხრეს ვნებას”

“ზოგს ენა როდი აბია, თავათაა ენაზე მიბმული, ამიტომაც იღუპება მყრალი ენის მეოხებითა”.
“ვინც ჭეშმარიტად აღზევებულია, მას აღზევება არ ესაჭიროება. სულმდაბალნი მიესწრაფიან აღზევებას მუდამ”.

“ჩემი მტრები ჩემი მასწავლებლებიც ყოფილან ხანდახან, რადგან მე მათთან ბრძოლაში ჩემს სისუსტესა და ზადს გამოვჩხრეკდი ხოლმე, ღონეს მოვიკრებდი, კვლავ ვეკვეთებოდი და ვებრძოდი, სანამ მათ სისუსტეს ამ დანამახებდა მათთანვე ბრძოლა”.

“თვით უაღრესი ცილისწამებისგან უმცირესი ჩრდილი მაინც მიადგება ადამიანს”.

“ბუნების წესია ასეთი: მახინჯი ლამაზთან ყოფნას მიელტვის მუდამ, მანკიერი – უმანკოსთან, რეგვენი ბრძენს აეკიდება ხოლმე, ყბედი – მდუმარეს, ხოლო ლაჩარი – გმირს”.

“მე მგონია, როგორც ხორციელად, ისე სულიერად სრულქმნილს, თუკი ასეთი მოიპოვება სადმე, სრულიად არ ესაჭიროება ქება. როცა ადამიანს ძაგების შეეშინდება და შექება მოსწურდება, სჩანს, მას კარგად აქვს შეგნებული, რომ ბევრი რამ აკლია. როცა იგი მაქებარს დაიწყებს ძებნას, ამ გზით მას სწადია ქებით მიჩქმალოს საკუთარი სულის არარაობა მოყვასთა თვალში. სწორედ ამიტომაც ჰყავდათ დაქირავებული კარის-მეხოტბეთა მთელი დასტა ბიზანტიელ უნიჭო მეფეებს და სელჯუკიანთა უზნეო სულტანებს”.

“ყველაზე უფრო ძნელი დასაპყრობია კაცთათვის საკუთარი გული და ვინც ამას ზედმიწევნით შესძლებს, იგია უბედნიერესი ამქვეყნად”.

“უბედურება ეკალსა ჰგავს, გვერდს ჩაუვლი თუ არა, იგი თავად წამოგედება, ხოლო ბედნიერება – ბულბულს, შესაძლოა ჩვენ გვერდით ჩავუაროთ, იგი გაიტვრინოს და ბოლოს შეუმჩნევლად შორს გაფრინდეს”.

“უღირსი კაცის თვალში თვით უდიდესი და უზენაესი არარად იქცევა ხოლმე, რადგან პაშტა სარკეში როდის ჩატეულა თუნდაც სპილენძის ხატებაი”.

“სპილო ხორთუმითა ჰკლავს თავის მსხვერპლს, გველი – კოცნით, მეფე – ღიმილით, ხოლო მოღალატე – პატივის მიგებითა”.

“როცა მოყვასი შენი საქმეს დაიწყებს რაიმეს, სანამ არ მოათავებს, არ უნდა განიკითხო იგი. ეგეც იცოდე, მხოლოდ ოფოფი შეიცნობა თავითა, ხოლო ჭეშმარიტი საქმე – ბოლოთი”.

“ვინც გველს რძეს ასმევს, შხამსაც უორკეცებს მასვე”.

“ჩემდა თავად მე ვემორჩილები იმ წყობილებას, რომელიც წილად ერგო ჩემს ხალხს და არც ერთი ერი იმის უკეთესის ღირსი არაა, რაც მას დაუმყარებია თავად. ამიტომ ხვალ რომ ბერძნები ან სარკინოზები შემოეწყონ საქართველოს ციხეებს, მოქნდაკის საჭრეთელს განზე გადავდებ და ხმლით შევებრძოლები მტერს”.

“ეს ცხოვრება არც ისე მრუდედ წარუმართავს არსთაგანმგებელს, ყველაფერი იმისათვის შეემთხვევა ამ მიწაზე კაცს, რათა თავის თავს და თავის ღმერთს მიაგნოს ბოლოს”.

“ერთი კაცი თავის უდიდეს სიბძნეშიაც შლეგად ითვლება მუდამ”.

“არავინ ისე მამაცად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი”.

“როცა ყველაფერს წვიმა წარხოცავს, როცა ყველა ხმას ქარი წაიღებს, სვეტიცხოველი შეიმატებს დიდებას კიდევაც. მართლაცდა სხვა რა ევალება ოსტატს, თუ არა წამიერის მარადჟამულად ქცევა? სხვა რა ევალება ამქვეყნად ოსტატს, თუ არ ჭიდილი წარმავლობის ნისლთან”.

“ნეტარ არიანი იგინი, ვისაც სიკვდილი უმალ უწევს, ვიდრე საკუთარის თვალით იხილავენ სამშობლოს თვისას იავარყოფას. ნეტარ არიან იგინიცა, ვინცა გულმართალ წინაპართა აჩრდილებს შორის ლანდადქცევას არჩევენ გადაშენების გზაზე დამდგარ თანამემამულეთა წიაღში ყოფნას”.

“ხელოვნებაა თვით უკვდავება. მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი… ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი”.

“ჯერ კიდევ ფარსმანისაგან ჰქონდა მინიშნული კონსტანტინეს: ბრძენკაცი უნდა იყვეო და შლეგად მოაჩვენოო ადამიანებს თავი, გმირი უნდა იყვე და ჯაბანივით დადიოდე, ოსტატი უნდა იყვე და ხელმოცარულად მოგქონდეს თავი, რადგან არავის იმდენი მტერი არა ჰყავსო ქვეყნად, როგორც ბრძენკაცს, გმირსა და ოსტატს”.

“საერთო სენია კაცთა: მიცვალებულებს იმადაც აქებენ ხშირად, რომ ცოცხალთ მიაყენონ ჩრდილი”.

“მდუმარედ ისხდნენ მოქანცული მხედრები გაღვარულ ცხენებზე, უთვალთვალებდნენ ფეხშიშველა დიაცების გათქვირულ ძუძუებსა და მზისგან დაბრაწულ, შიშველ წვივებს.
ენატრებოდათ სეფექალებისგან თავმობეზრეულებს ქარცემული ლოყების კოცნა, გომიჯივით მკვრივი ძუძუების სრესა…”

“ძლიერს უჭირს ამქვეყნად. მიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულებენ…”

“ბოლოს მოაწია რიჟრაჟმა, ატყდა ნათლის ლიცლიცი გარეთ, ყაყაჩოები დაათოვა მწვერვალებს ცამ, იფრქვეოდა იისფერი შუქი, როგორც ჩქერალები ფხოვის მთებიდან.
შორენა ჩამოვიდა კედლიდან, ხატაური ფარჩის კაბა ეცვა შავი, ოქროსფერი თმები გადმოღვრილიყვნენ მხრებზე, მოდიოდა ყაყაჩოების ველზე, თავთუხის თაველებს ესროდა უტას, ყაყაჩოებსა და თავთუხის თაველებს.
დაუჩოქა სამგზის სანატრელმა, სთხოვა დიდოსტატს სული.
ცრემლმა იწვიმა კონსტანტინეს თვალთაგან, მაგრამ ვერც საყვარელს მისცა მან სული, რადგან სვეტიცხოვლისთვის შეეწირა იგი”.

“ათას წელს იწვიმა და იქუხა იმ დღიდან საქართველოს თავზე, ათას წელს იგორა ქვადქცეულმა სულმა.
ჩემს სიყრმეშიაც მინახავს კაცის სიმაღლე ლოდი, რომლის გამოც აგრე ამბობდნენ მცხეთაში: კონსტანტინე არსაკიძის დედააო გაქვავებული.
მანდილიან ფხოველ დიაცს მიაგავდა ეს ლოდი მართლაც. შარშანაც ვნახე ძველ სასაფლაოზე, მცხეთაში.
წრეულსაც მოვიკითხე, ასე მითხრეს მშენებლობაზე წაიღესო სადღაც.
მას შემდეგ არ მიძებნია იგი, რადგან ამასობაში უკვე დავასწარი მშენებლობის გენიას და ქვაში ჩაკირული საიდუმლო განვაცხადე სიტყვაში.”

“ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი, ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატებს ვინც შეჰყურებს პირში”

“ეგეც იცოდე , არავინ ისე არ ისჯება ამ ქვეყანაზე , როგორც იგი , რომელიც ყოველივეს არ შესწირავს თავის სიყვარულს”

“ფაქიზი იყო შორენა, როგორც ქერუბიმის ფრთენი და სევდიანი, როგორც ყინცვისის მჭმუნვარე ანგელოსი.
ყელისმიერი ხმა ჰქონდა, ისეთი წკრიალა, როგორც ვერცხლის ეჟვანი, ხევისბერის დროშის ბუნზე შებმული”

“ეს ღმერთმა გაუმარჯოს იმ მამალ ორაგულს, აღმა რომ მიჰყვება ამაღამ არაგვს, უფსკრულებში დაეძებდეს თავსი დედოფალს, ვაჟკაცურად მიარღვევდეს ტალღებს, რათა გუდამაყარში წამოეწიოს და მისწვდეს საწადელს”

“ეს ღმერთმა იმ ხარირემს გაუმარჯოს, რომელიც საფურცლეს ტყეში დასდევს ამ წუთში თავის ფურს და სხვა ხარი თუ შეეზიარა, რქებით გამოაფტრავს მუცელს”

“კურთხეულია მხოლოდ ნაბიჯი ვალმოხდილისა, შრომაა უდიდესი სიქველე ამქვეყნად და არც არაფერი ამშვენებს ისე ვაჟკაცს, როგორც შრომაში გამოჩენილი სიმამაცე”

“ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავისა, თავის ხალხის მოღალატენი”

“როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას”

“ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას – სარდლობა.”

“ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია. მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები”

“მე ბედი მაქვს ასეთი, ჩემი სიყვარული გაწირულს ეკუთვნოდა მუდამ. მე ის ფერები მიყვარდა, რომელთა შეზავება თვით მეწამლეებსა და მხატვრებსაც გადავიწყნიათ უკვე, ისეთი ჩუქურთმები, თვით უხუცეს კალატოზებს რომ ვეღარ გამოჰყავთ, ისეთი სამოსელი, რომლის ტარებაც უკვე არავის ეხალისება, და ახლა ბედმა იგი შემაყვარა, ვინც ბედისაგან განწირულია.”

“არავინ ისე არ ისჯება ამ ქვეყანაზე, როგორც იგი, რომელიც ყოველივეს არ შესწირავს თავის სიყვარულს. ასეთნი მუდამ მარტოკანი დარჩებიან ამ ქვეყანაზედ და არავინ ისე საცოდავი არაა, როგორც მარტოსული”

“ისეთი მამლებიც ბევრია ამ ქვეყნად, გათენების შემდეგ რომ ყივიან…”

“როგორც სჩანს, თქვენ (ქართველები) დიდი ჰუმანური კულტურის მატარებელი ხალხის შვილები ხართ და ჯერ არ შერყვნილხართ იმ ქაღალდის ცივილიზაციისაგან, რომელმაც ევროპა მიიყვანა ამ გრანდიოზულ კატასტროფამდის”.

“ცხოვრება უდაბნოა ურწყული, ეცადე გარს შემოუარო”.

“თუ გსურს ღირსეულს მიაყენო ჩრდილი, უღირსის ქებას უნდა მიჰყო ხელი”.

“ყოველი დროის ცილისმწამებლებს კარგად სცოდნიათ, რომ ადამიანის უსასტიკესი დასჯა მხოლოდ მაშინ ხდება, როცა მას სწორედ იმაში დასდებენ ბრალს, რის წანააღმდეგაც თავად იბრძვის იგი”.

“ეს უსტილო, უწარსულო ქვეყანა, ენააღრეული ბაბილონი, თავის მრავალსართულიან ქორედზე წამოყუნცული, ამაყად გადმოსცქერის ყველას, ვისაც უოლ სტრიტი და ბრუკლინის ხიდი არ უნახავს”.

“ზოგიერი კაცის ცხოვრება უნიჭო მწერლის რომანსა ჰგავს… ბოლომდის ჩაათავებ და ასე იტყვი: ნეტავ არ წამეკითხაო.”

“სილამაზეს დიდებულს ხანდახან სჩვევია შიშისმომგვრელი ზეგავლენის მოხდენა. მხოლოდ თავხედი არ ეკრძალება მას ასეთ წუთებში (ამიტომაც ულამაზესი უმამაცესს კი არა, უთავხედესს შეხვდება ხოლმე).”

კონსტანტინე გამსახურდია – ღია წერილი გაზეთ ,,კომუნისტის” რედაქტორის დავით მჭედლიშვილისადმი

ღია წერილი გაზეთ ,,კომუნისტის” რედაქტორის დავით მჭედლიშვილისადმი.
ტფილისი 1963 წ. XII, გალის #16
ასლი ეგზავნება: საქართველოს კპ ცკ მდივანს, ამხ. დევი სტურუას და საქართველოს მწერალთა კავშირის სამდივნოს. ერთიც ჩემს არქივში რჩება.

ჩვენს შორის მომხდარი არასასიამოვნო კონფლიქტის გამო მე საჭიროდ ჩავთვალე მომეწერა, რადგან თქვენ თურმე ინებეთ და მწერალთა კავშირის მდივნებს დაურეკეთ თითქოს მე თქვენ გაგლანძღეთ. მე თქვენი ლანძღვა მაშინაც არ მინებებია, როცა თქვენ ჩემს მიმართ უფრო აქტიური მტრობა გამოიჩინეთ, ჩვენ საზოგადო მოღვაწეებს გვიწოდებენ და ლანძღვა რა საკადრისია.
თქვენ ერთი ასეთი რამეც გიბრძანებიათ – მე მტრობაც შემიძლიაო. ცხადია, თქვენ ისეთი დიდი ხმალი გიჭირავთ ხელში, მეტსაც იზამთ თუ მოინდომებთ, მაგრამ არც ისე მშიშარა ვარ, რომ შევკრთე.
მე საერთოდ კუკუდამალობანა არ მწამს პრინციპულ ბრძოლაში.
I. განა არ ვიცი, რომ ამ ხუთიოდე წლის წინად, როცა თქვენ საქართველოს ცკ-ს მდივანი ბრძანდებოდით, დასაღუპავად გაგვწირეთ მე და ჩემი ოჯახი. ,,კომუნისტის” უნამუსო კორესპოდენტს ვ. თორდუას თქვენის ინსპირაციით დააწერინეთ ყოვლად უხამსი ინსინუაცია ჩემი ვაჟის მიმართ (,,სარეველა”) თითქოს იგი ისეთი ხულიგანი ყოფილიყოს, რომ ჩემს მკითხველებს ქუჩაში დატაკებოდა და ჩემს წიგნს გააგდებინებდა ხელიდან.
სინამდვილეში კი ეს ათი წელია, ჩემი ვაჟი გახლავთ ყველა ჩემი წიგნის პირველი მკითხველი, კორექტორი და რედაქტორი. ამასთან ერთად იგი თარგმნის ინგლისის და ამერიკის პროგრესულ პოეტებს.
ბოლოს საქმე ისე წავიდა ჩემი ერთადერთი ვაჟი დაღუპვის კართან წარსდგა, ამის შედეგი რა იქნებოდა, მე ლოგინად ჩავარდნილმა ფიცი დავდევი: როგორც კი წამოვდგებოდი ამ საქმის ინსპირატორი და შემსრულებელი მომეკლა, ცხადია, ამის შემდეგ მეც არ ვიცოცხლებდი. ჩემს მეუღლეს გულის მანკი შეეყარა, ქალიშვილი დამიავადმყოფდა. ამხანაგები ვასილ მჟავანაძე და გივი ჯავახიშვილი რომ არ მომშველებოდნენ, მთელი ჩემი ოჯახი დაიღუპებოდა.
ეს ამბავი ქვეყანამ იცის: ჩემი ამბავი რომ გაიგეს, გრიბოედოვის ქუჩაზე მოზღვავდა ხალხი. იმავე საღამოს ათი ყმაწვილი მოვიდა ჩემთან და განმიცხადეს: ამ საქმის მომწყობებს დავხოცავთ და გაზეთის რედაქციას დავარბევთო. მერე ის იყო მე შევევედრე მათ, ამას ნუ იზამთ მეთქი. ბოლოს როგორც იქნა ისინი დავაშოშმინე.
თქვენ ალბათ ისიც მოგეხსენებათ, რედაქციის დაშინებული მუშაკები უკანა კიბიდან რომ გარბოდნენ შინისაკენ.
II. ,,კომუნისტის” რედაქტორად დანიშვნის შემდეგ თქვენ ოდნავ გააუმჯობესეთ ჩემთან ურთიერთობა. ეს ამბავი მე დიახაც მიხაროდა. ბოლოს ნებსით თუ უნებლიეთ მაინც განაგრძეთ მტრობა.
მტრობაა ეს ამბავი აბა რა უნდა იყოს: ამ სამი წლის მანძილზე ჩემი ნაწერების ექვსი უზარმაზარი ტომი გამოვიდა ქართულად, ორიც რუსულად. თქვენმა გაზეთმა ქრონიკაშიც კი არ აღნიშნა ეს ამბავი. აგრეთვე რუსულად გამოვიდა დიდი ტირაჟით, მოსკოვში ორჯერ ჩემი დიდოსტატი, ერთხელ სომხურად და ორი ტომიც ამ წელს გამოვიდა რუსულად. ,,ვაზის ყვავილობა” გამოვიდა ლიტვურად, დიდოსტატი ფრანგულად, ინგლისურად, დიდოსტატი გამოვიდა რუმინულადაც. თუ არ ვცდები ამ გზით გამსახურდიების საქმე კი არ კეთდება, არამედ ქართული მწერლობისა და ქართული კულტურისა.
საფრანგეთის კომპარტიის მთავარმა ორგანომ ,,ლუმანიტე დიმანშმა” 2 წელს ბეჭდა ჩემი დიდოსტატის ილუსტრირებული ადაპტაცია. მე თქვენ გეკითხებით, არის თუ არა ეს მტრობა? ჩვენს რესპუბლიკაში ერთადერთი დიდი გაზეთი გავაქვს და ამ გაზეთში 140 წყაროები. დოკუმენტები.
ასეთ იგნორაციას მიწევთ. ვიმეორებ ტელეფონით ნათქვამს: ჩვენს ქვეყანაში არ მაყენებთ – მეთქი, ცხადია ეს არ არის ქება, მაგრამ არც ლანძღვაა, არამედ სიმართლის პირში თქმა.
ახლა ვნახოთ რას წერენ ჩვენი გაზეთები? ,,გრიბოედოვი ჩვენი სიძეა”. ,,გორკიმ ახსენა საქართველო”. ,,მაიაკოვსკი დაიბადა ბაღდათში”. ვიცით, გავიგეთ, გვახსოვს, სირცხვილია ასეთი სურვილიზმი!
საქართველო და კოლხიდა გორკის კი არა ჰომეროსს, გოეტეს, კანტს და ევრიპიდეს აქვს ნახსენები, მაგრამ რა მოხდა?
მე ვამტკიცებ: მომავალი თაობები შეაჩვენებენ იმათ, ვისაც ქართული მწერლობა და ქართველი ხალხი ინტელექტისმიერი ვასალობისკენ მიჰყავს.
ხომ არის ეს უდიდესი ,,პოდხალიმობის” ნიშანი, როცა გაზეთების მჯღაბნელები სწერენ: ,,გორკი და საქართველო”, ,,გრიბოედოვი და საქართველო”, ,,მაიაკოვსკი და საქართველო”, ნუთუ ისე უნდა დავბრმავდეთ, რომ არ გვასმოდეს საქართველო და ეს მწერლები, და არც არავითარი მწერლები ამ ქვეყნად, საქართველოს თანატოლნი არ არიან!
ჰკითხეთ ამ მატრაბაზებს რამ დააბრმავათ? თვალში ხომ არ ეცოტავებათ საქართველო, შოთა რუსთაველი, დ. გურამიშვილი, ვაჟა ფშაველა, ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, გ. ტაბიძე და არაერთი თანამედროვე. ასეთი სურვილიზმის სამწუხარო შედეგია, რომ არც ვახტანგ გორგასალს,არც დიდ ვაჟას, არც გურამიშვილს, არც ჩვენ დიდ მეფეებს, რომელთაც ტფილისი და საქართველო დაიცვეს, ტფილისში ძეგლი არა აქვთ და სანაპიროზე გამოჭიმეს რუსული იმპერიალიზმის ფუნქციონერის გრიბოედოვის, ერთი საწყალი პიესის ავტორის ძეგლი (საგულისხმოა რომ ამ მწერალს თვით რუსები არაფრად აგდებდნენ).
რუსი ხალხის, მისი კულტურისადმი პატივისცემაში მე არავის დავუთმობ პირველობას. ცნობილია, მილიონები კითხულობენ ჩემს რომანებს რუსეთში, გარდა ამისა, არც მე დავრჩენილვარ მათ ვალში. უგულითადესი წერილები ვუძღვენი მე უდიდეს რუს მწერლებს ლ. ტოლსტოის, ფ. დოსტოევსკის და გოგოლს. მაგრამ ასეთი პატივისცემა ერთია და მონური მლიქვნელობა მეორე.
III. არ დამავიწყდეს, თქვენი მდივნობის დროს, თქვენის მფარველობით ლაფი დაგვასხა თავზე ყბადაღებულმა ნ. ბერძენიშვილმა, რომელმაც ორენიანობის თეორია მოჩმახა და ამით პურიშკევიჩებიც კი მოგვანატრა. მანვე ბრძანა: მეგრელებსა და ლეკებს თანაბარი ღვაწლი მიუძღვით საქართველოსა და მისი კულტურის წინაშე. მე გამოვედი მის წინააღმდეგ და სასტიკად ღია წერილი ვამხილე ეს ცრუმეცნიერი. მე შემეცოდა, აგრე მეგონა იგი მოკვდებოდა. თქვენ ალბათ გახსოვთ, როცა ეს ვაჟბატონი საპასუხო სიტყვით გამოვიდა ჩემს წინააღმდეგ (სამეცნიერო აკადემიის საერთო კრებაზე) მან გაბედა და თქვა: გამსახურდია რუსებს აძულებსო ქართველ ხალხს. მე დავაპირე ხელახლა გამოვსულიყავი და ხელახლა მეთრია იგი, თქვენ ჩემს გვერდით ბრძანდებოდით და მთხოვეთ ნუ იზამთო ამას. მეც დაგიჯერეთ სამწუხაროდ.
IV. მე დიახაც ვნანობ, თქვენ ჩემი წერილი განსვენებული აკადემიკოსის ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ რომ მოგიტანეთ, საერთოდ ვნანობ თქვენი გაზეთის რედაქციაში ფეხი რომ დავდგი.
თქვენ დიდი თავაზით მიმიღეთ, განყოფილებას უბრძანეთ მალე დაბეჭდეთო. ნახევარი წლის მანძილზე მატყუეს: ამ თვეში ოფიციალური მასალები გვაქვს, იმ თვეში სესიაა, ბოლოს მე ბრაზი წამეკიდა როცა ცნობილი რუსი მწერლის მოთხრობას ბარე 6 გვედი დაუთმეთ. ალბათ მოგეხსენებათ, აკადემიკოსი ე. თაყაიშვილი უდიდესი არქეოლოგია და ისტორიკოსი, გარდა ამისა, მან მრავალი მილიარდის ღირებულების ქონება ჩამოუტანა ქართველ ხალხს.
კარგი, მე არ მცემთ პატივს, განა ე. თაყაიშვილის ბრალია, რომ ეს მეცნიერი ბაღდადში არ დაბადებულა?
ისევ გეკითხებით: არის თუ არა ეს მტრობა? ხომ მართალი ვარ, როცა ტელეფონით გითხარით ჩემს ქვეყანაში არ მაყენებთ მეთქი. სტუმარს დიახაც პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ მასპინძელი კარში გავაგდოთ? რომელ კანონშიგიწერიათ ეს?
V. ცხადაია, ასეთ პოლიტიკას არაფერი აქვს საერთო ლენინურ ნაციონალურ პოლიტიკასთან. თუ ეს ვინმეს არ სჯერა, მე რომელიმე ტრიბუნით ვისარგებლებ და საქვეყნოდ ვამხელ მლიქვნელებსა და გაზეთის ზოგიერთ მჯღაბნელებს. რა სათქმელია, კოკა წყალზე უნდა გტყდეს, მართალია, მე იუბილე გადამიხადეს, რითაც დიდი პატივი დამდეს ჩვენმა ხალხმა და მთავრობამ, მაგრამ სანამ პირში სული მიდგას ამ საქმეში არავის დავზოგავ.
VI. რაც შეეხება მტრობას, რომელსაც მე თქვენგან დიახაც მოველი, იგი ვერას დამაკლებს. ჩემი მტრები ისე ჩაძაღლდნენ მე ხელი არ გამინძრევია. ზოგ-ზოგმა დაიხსომოს ჩემი სიტყვები იმ ავადსახსენებელი მ. ტოროშელიძისადმი მიწერილნი (როცა მან მწერალთა კავშირიდან გამრიცხა).
ქვა ნასროლი გულმართალისა და მდუმარისათვის უკანვე მოუბრუნდება მის გამტყორცნელს. ახლა კი მე უნდა მოგაგონოთ დავითის მიერ ნათქვამი რამდენიმე ათასი წლის წინ საულისადმი: ,,საულ, საულ, რად მდევნი მე?”.
დარწმუნებული ვარ, თქვენი შვილები და ჩვენი მომავალი თაობები ვერ გაიგებენ: რატომ კადრულობთ ჩემს ეგზომ შევიწროებასა და დევნას? დარწმუნებული ვარ არცთუ ურიგო კაცი ხართ და ეს სტრიქონები უთუოდ დაგაფიქრებენ. თუ თქვენ ამჯერად შესაფერ დასკვნას არ გამოიტანთ და ამ წერილს არ დაბეჭდავთ, მე შევეცდები იგი სადმე ან რომელიმე ენაზე გამოვაქვეყნო და არც ეს იქნება თქვენთვის სანაქებო.
,,მწერალი არც ერთი პარტიის, არც ერთი მთავრობის ,,მოჯამაგირე” არ უნდა იყოს, რადგანაც მწერალი მხოლოდ თავისუფალი სულისა და სიტყვის ,,მოჯამაგირე” ყოფილა მუდამ.
იგი აწმყოში და მომავალშიც ასე უნდა დარჩეს მუდამ, რადგან მისი საქმეა ერისა და კულტურის სამსახური და არა რომელიმე პარტიისა ან მთავრობისა. იცვლებიან და ქრებიან პარტიები და მთავრობები. ხოლო ერი უკვდავია ვითარცა მარადიულ ღირებულებათა შემქმნელი და მატარებელი სუბსტანცი.
,,საქართველოს სახელმწიფო სუვერენობა ხელშეუხებელი უნდა იქნეს, სულერთია ეს დემოკრატიული რესპუბლიკაა თუ საბჭოთა რესპუბლიკა. მე ვდგევარ ამ შემთხვევაში პირველ დეკლარაციის ნიადაგზე, რომელმაც თვითვე აღიარა ,,საქართველოში სახელმწიფო ენა ეს ქართული ენააო.”
,,იქადაგეთ კომუნიზმი, მაგრამ პატივი ეცით ამ ერის სუვერენობას, ქართულ ენასა და ქართულ კულტურას”

კონსტანტინე გამსახურდია, მცხეთა

Advertisements

23 thoughts on “კონსტანტინე გამსახურდია

  1. ar miyvars es kaci misi warsulisa da nkvd-sTan tanamshromlobis gamo..

    amitom, rac ar unda magari ragac daewera, skeptikurad var mainc ganwyobili da ver vkitxulob is nawarmoebebs…

    Like

  2. dzalian miyvars es adamiani, rogorc mwerali, magram mis pirovnebaze kargs verapers getyvit; es ki mxolod imitom, rom tavisi xangrdzlivi cxovrebis mandzildze bevrjer mouwia tavis sindistan kompromisze wasvla… es ambavi yvelam icis, magram masze saubars ratomghac tavs arideben; cnobilia, rom sicocxlis miwuruls, gamsaxurdiastan xshirad stumrobda cekas axali mdivani, eduard shevardnadze; chkviani kaci iyo kowia, gvelivit chkviani da melasavit cbieri… amas tavadve aghiarebda; ”mtvaris motacebashi” ertgan wers, mglistvis bevrs shevudarebivaro…
    karoche, ra, zviadze bevrad chkviani iyo, ra….

    Like

    1. თვითონაც არ იცი, რას წერ, სეხნია(ვ). კარგად გაეცანი მწერლის ცხოვრებას და შემოქმედებას. მერე შეგრცხვება იმის, რაც დაგიწერია და მიხვდები, რატომ არ უნდა დაგეწერა.

      Like

  3. saocari pirovneba iyo. maradmgloviare qarTveli, romelmac Tavisi qeduxrelobit da sijiutit gadairchina sicocxle da warmoudgeneli ram gabeda; rkinis wida stalins da epoqis udides codvas – berias xeltatmani esrola. asei jiuti adamianebi qmnidnen mashin epoqas. mere ra, rom ucnauri adamiani iyo. aseti adamianebi amshveneben ers.

    Like

  4. rac ar unda vidzaxot mis pirovnul tvisebebs , am pirovnebam shedevrebi datove tan iseti romelic dzalian udides genies uaxlovdeba

    Like

  5. არავინ არ ყოფილა “წმინდანი” მთავარი მისი შემოქმედებაა და უნდა გვეამაყებოდეს ასეთი დიდი საგანძური რომ დაგვიტოვა.

    Like

  6. ვინ იყო ხალხო ნკვდს კაცი კონსტანტინე? ის კონსტანტინე რეომელიც კომუნისტების ჯურღმულებში სიკვდილს თვეები ელოდა? ის კონსტანტინე რომელის ოჯახის უსაფრთხოებას წირავდა ქვეყნისთვის? არსად დაგეკარგოთ თნამედროვე ვაი მწერლები, ხვალ მოვლენ თნამედროვეობის საუკეთესო ქართველ და არამარტო ქართველ მწერალთან…. თუკი ვინმემ აზიარა ქართული მწერლობა მარადისობას გამსახურდიამ ყველაზე უკეთ შეძლო თანამედროვეობაში ეს… ნეტავ დღესაც გვყავდნენ ეგეთი მამულიშვილები და რაღაც მაინც გვეშველებოდა…. ნაძირლებს და ძალით კოსმოპოლიტებს უჭირავთ ქართული კალამი ხელთ და საზიზღრობას უქდაგებენ ქართველობას….

    Like

  7. საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა სადაც შეიძლება ბრალდებად ის წამოგიყენონ რომ გადარჩი:)) სწორად აღნიშნეს აქ: აკაკი ბაქრაძემ თქვა, კონსტანტინე გამსახურდია იყო კაცი, რომელსაც გაავებული ძაღლების მთელი ხროვა ედგა კვალში მთელი ცხოვრება, ხოდა ეს ძაღლები რომ პირდაპირ თავს არ დასხმოდნენ ხანდახან პურის ნამცეცებს უყრიდა ხოლმე:)) დაწერდა ”ბელადს” და ”ვაზის ყვავილობას” მაგრამ იქვე ”შეაპარებდა” ”მთვარის მოტაცებას” და ”დიდოსტატის მარჯვენას”. ყველაზე მეტად კი სწორედ ბერია ვერ იტანდა:)) არც ის დაგავიწყდეთ, რომ კონსტანტინე გამსახურდია ნამდვილი ძველი ქართველი აზნაური იყო, ტყვიას ტყვიაში სვამდა მუშტიც საკმაოდ მწარე ჰქონდა. ადვილად შესაშინებელი და დასაჩაგრი კაცი არ იყო. არის ასეთი ლამაზი ლეგენდა: ”მთვარის მოტაცება” სტალინმა ერთ ღამეში წაიკითხა და ბერიას დაურეკა, ამ კაცს მიხედე, ოღონდ შენ რომ იცი ისე არაო:)) კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც 1944 წელს საბჭოთა მეცნიერების აკადემიაში აირჩიეს, 1945 წელს კომუნისტების თვალწინ, ცეცხლმოკიდებულ ბერლინში გრიგოლ რობაქიძეს ეძებდა, სადმე არ იპოვონ და არ დახვრიტონო:)) ამას ბიძია, გენიოსობა ქვია და ვისაც იმ დროში ასეთების კეთება შეეძლო ––– იმას გენიოსი. კონსტანტინე გამსახურდია და ალექსანდრე აბაშელი 1921 წლის შემდეგ რუსთაველზე შავი ჩოხებით და ყაბალახებით დადიოდნენ. ისეთი ჩოხებით, როგორიც ყველაზე დიდი მგლოვიარობის დროს ეცვათ სამეგრელოში. . . ბერიაც მეგრელი იყო და ასეთი ჩოხები ბავშვობაში რომ ნანახი არ ჰქონოდა გამორიცხულია:)) ასევე შეუძლებელია რომ მათი სიმბოლური დატვირთვა ვერ გაეგო:)) მაგრამ ბერიას ტარტაროზული აზროვნება ჭეშმარიტ გენიალურობას ვერ მოერია:)) ასე რომ როგორც ამ პერიოდის ქართველი რაინდები იტყოდნენ ხოლმე: ”პირში ვარდის წყალი გამოივლეთ” სანამ კონსტანტინე გამსახურდიაზე გესლიან ეჭვებს გამოთქვამდეთ.

    Like

  8. ეს ცემი ნაწერი არაა,მაგრამ პასუხობს იმას რაზეც აქ იყო საუბარი:))

    Like

    1. შენი ნაწერი მეგონა და ეხლა ვწერდი ყოჩაღ მომწონს შენი აზროვნება მეთქი :დ

      Like

  9. ხო რა იყო მეც ასე ვფიქრობდი,უბრალოდ დამეზარა რა დაწერა:დდდდდდდდდდდ ეს კიდე დავაკოპირე:დდ

    Like

    1. მოიცა ჩემს ბლოგზე კომენტარის დაწერა დაგეზარა? :დდ უყურე შენ :დდ

      Like

  10. ხოხ ბოდიში ბატონო გიორგი:დდდ შემდეგში დავწერ:დდ

    Like

  11. კონსტანტინეს ეს წერილი არ მქონდა წაკითხული,მეგონა დღევანდელ საქართველოში წერდა:(

    Like

  12. 1930 წელს შევარდნენ მწერალთა კავშირში მწერლები და პოეტები და მოინდომეს, გაბაშვილის დახატული ილიას პორტრეტი ეზოში გაეტანათ და დაეწვათ. მათ მთაწმინდაზე მომზადებული ჰყავდათ მუშები ილია ჭავჭავაძის საფლავის ამოსათხრელად. ეს ამბავი შეიტყო კონსტანტინე გამსახურდიამ, ჩოხა-ახალუხში გამოწყობილი წინ გადაუდგა ილიას პორტრეტს და ხმალი იშიშვლა, თუ ვინმე ვაჟკაცი ხართ, გამოდით და ამ სურათს ხელი მოკიდეთო. მათ მაშინვე უკან დაიხიეს და მოგვიანებით ილიას ამოთხრაც გადაიფიქრეს

    Like

  13. ,,ლაზისტანის ზღვა ღელავდა შორენას ზღვისფერ თვალებში,,ასე ძარღვიანი,ხატოვანი მოხდენილი და თვინიერი მხოლოდ გენიოსი ქართველების ხელში ხდება ქართული ენა.ქართული სიტყვის დიდოსტატი საკმარისია წამით მოკრა ყური ამ სიტყვებს უმალვე სულმნათი კონსტანტინეს მადლიანად ნათქვამი ქართული სიტყვა გახსენდება….

    Like

  14. konstantine gamsaxurdia dzalian miyvars chemi sayvareli mweralia momwons misi gabeduloba da patritiwmi chemtvs misi yvelaze sayvareli nawarmoebia ”didostatis marjvena” ar sheidzleba geniosi ar iyos adamiani romelis aset nawarmoebs dawers.

    Like

  15. აქ არც მის პიროვნებაზე და არც მის საქციელებზე არ არის ლაპარაკი და არც გვაქვს მისი განსჯის უფლება….მისი შემოქმედება ეს არის ის რაცაც სიტყვებით ვერ გადმოვცემ…მისი თითოეული ნაწარმოები ჩემში იწვევს უდიდეს სიამაყეს,სიამაყეს იმისა რომ ქართველი ვარ,არ ვიცი ეს შეიძლება ვინმეს უბრალო სიტყვებად მოეჩვენოს ან კიდევ ზედმეტობად,მაგრამ ყველაზე ბედნიერი ვარ,რომ ქართველი ვარ,ვარ იმ ერის შვილი რომელსაც ,ჰყავდა და მუდამ ეყოლება კონსტანტინე გამსახურდია….უბრალოდ არ ვიცი რა დავწერო….ვგიჟდები მის თითოეულ ნაწარმოებზე…

    Like

  16. konstantine gamsaxurdias :davit agmashenebeli:yvela qartvelis samagido wigni unda iyos.es aris qartuli sulis,genis,grdznobebis,vajkacobisa dasimamacis gakvetilebi.mshoblebo,waakitxet tqvens shvilebs didi konstantines:davit agmashenebeli:

    Like

  17. “ძველ ბერძნებს ფილოსოფია ზრდიდათ, ებრაელებს კანონი, ინდიელებს ნირვანა, რუსებს მათრახი ხოდა ქართველებს პატივმოყვარეობა”

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s