ინტერვიუ

პრობლემები კავკასიის რეგიონში



1. რუსეთის მხრიდან განმეორებითი აგრესიის რამხელა ალბათობა არსებობს პროცენტებში?
2. რუსეთის მხრიდან განმეორებითი აგრესიის შემთხვევაში, შეძლებს თუ არა თბილისის გარშემო ახალგაკეთებული თავდაცვითი ზღუდე მტრის შეკავებას?
3. რა უნდა გაკეთდეს ჯარში სავალალო ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოსასწორებლად?
4. როგორ ფიქრობთ, უნდა აღდგეს თუ არა საჯარო სკოლებში სამხედროს გაკვეთილები და თუ კი, რომელი კლასიდან უნდა ისწავლებოდეს?
5. როგორ გავამაგროთ სანაპირო ზოლი, იმ პირობებში, როდესაც არ გაგვაჩნია არავითარი ხომალდსაწინააღმდეგო საშუალებები და მისი შესყიდვის პერსპექტივაც არ გვაქვს?

1. ჩემი აზრით, რუსეთის მხრიდან განმეორებითი აგრესიის ალბათობა, 50 პროცენტს შეადგენს.

2. რუსეთის მხრიდან განმეორებითი აგრესიის შემთხვევაში თბილისის გარშემო ახლად შემოვლებული თავდაცვითი ზღუდეები არ გახლავთ გადამწყვეტი. მთავარია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხელისუფლება – წინააღმდეგობის გაწევისა თუ უკან დახევის. ყველა შემთხვევაში არ უნდა განმეორდეს ის, რაც 2008 წლის აგვისტოში მოხდა და გადამწყვეტი სიტყვა ხალხმა უნდა თქვას.

3. ქვეყანაში არ არსებობს ეროვნული იდეა, აქედან გამომდინარე არ ხდება ახალგაზრდების შესაბამისი აღზრდა. ერის საერთო ფსიქოლოგიური მდგომარეობა უმძიმესია, ხალხი შეეჩვია დამარცხებას და აპათიური გახდა. მდგომარეობის გამოსწორებისთვის საჭიროა ეროვნული იდეა, სწორი, პატრიოტული აღზრდა და რაც მთავარია საზოგადოებრივი ერთიანობა, რაც დღევანდელ პირობებში შეუძლებელია.

4. იმ ტიპის სამხედრო გაკვეთილები, როგორიც ტარდებოდა საბჭოთა წყობის დროს, არ არის სასურველი, მაგრამ სამხედრო საქმის და პატრიოტული აღზრდის ანა-ბანას შესწავლა აუცილებელია, სავარაუდოდ ასეთი სწავლება მე-9 კლასიდან უნდა დაიწყოს.

5. დღევანდელ პირობებში სანაპირო დაცვის გაძლიერება ობიექტური მიზეზების გამო ძალიან რთულია. მაგალითად, როგორ უნდა დავიცვათ ანაკლია, როდესაც 10 კილომეტრში აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარი დგას (მათ შეუძლიათ ფლანგიდან შეუტიონ ჩვენი სანაპირო დაცვის ობიექტებს). თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ სურვილის შემთხვევაში სანაპირო დაცვის გაძლიერება შეუძლებელია.

გამარჯობა, ბ-ნო მამუკა, მაინტერესებს, ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე ამბები.
1. რა ხდება ზოგადად დაღესტანსა და ჩეჩნეთ-ინგუშეთში? ვინ ებრძვის ძირითადად რუსებს?
2. რა უნდა გავაკეთოთ ისეთი, რომ ჩრდილო კავკასიაში წინააღმდეგობა კიდევ გაძლიერდეს?
2. 08.2008-ში შეიძლებოდა თუ არა კავკასიელებისაგან სადაზვერვო ინფორმაციის მიღება? რატომ არ ვაქტიურობთ ამ მიმართულებით?
4. რა აზრის არიან ოსები რუსებზე, მაგალითად ვლადიკავკაზში?


– ის, რაც ჩრდილოეთ კავკასიაში ხდება, შეგიძლიათ დეტალურად მოისმინოთ ჩემს გადაცემაში, რადიო “პალიტრის” (FM 103.9) ეთერში ყოველ ხუთშაბათს 17:00 საათზე.

1. რაც შეეხება დაღესტანსა და ჩეჩნეთ-ინგუშეთს – აქ ფედერალურ ხელისუფლებას ებრძვიან შემდეგი ძალები:

I. ნაციონალისტები – სეპარატისტები (დუდაევის გზის გამგრძელებლები, განსაკუთრებით ეს კარგად ჩანს ინგუშეთში);

II. ისლამისტები – დოკუ უმაროვის (კავკასიის იმარატის ლიდერი) მიმდევრები;

III. გვარები და ბიზნეს-კლანები, რომლებიც ხელისუფლებაში მოსასვლელად იბრძვიან.

IV. კრიმინალური დაჯგუფებები, რომლებიც ისლამის ან სეპარატიზმის დროშას არიან ამოფარებულნი.

ასეთი ტიპის ძალები აქტიურობენ მთელი კავკასიის პერიმეტრზე მეტ-ნაკლები წარმატებით. ბოლო ორი ტიპის (III და IV) დაჯგუფების წარმომადგენლები ცდილობენ, რომ მათი ქმედებები დაბრალდეს იატაკქვეშეთს. დაღესტანში აგრეთვე მოქმედებენ ანტი-ფედერალური ეთნიკური ჯგუფები (ლაკები, დარგიელები).

2. კავკასიაში წინააღმდეგობის გაზრდის თვალსაზრისით საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური აქტიურობა საჭირო არ არის. ეს საქართველოს მოუტანს მხოლოდ უარყოფით შედეგს და მოსკოვს საქართველოს წინააღმდეგ დამატებით არგუმენტებს მისცემს. თუმცა ჰუმანიტარული აქტიურობა სასურველი და აუცილებელია (ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ).

3. უნდა მოგახსენოთ, რომ ზუსტად კავკასიელებისგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოქვეყნდა ჩემი ინტერვიუ 2008 წლის ივლისში გაზეთ “კვირის პალიტრაში”, სადაც ზუსტად იყო აღწერილი მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარი (კოდორის ხეობის დაკარგვის ჩათვლით). ასევე, იგივე წყაროებზე დაყრდნობით 7 აგვისტოს ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში განვაცხადე, თუ როგრო განვითარდებოდა მოვლენები. სამწუხაროდ, ამ ინფორმაციას ყურადღება არავინ მიაქცია. რაც შეეხება ხელისუფლების აქტიურობას, ამ მიმართულებით ვერაფერს მოგახსენებთ.

4. საერთოდ, კავკასიელებისათვის საყოფაცხოვრებო დონეზე დამახასიათებელია აგდებული დამოკიდებულება რუსების მიმართ, თუმცა, სახელისუფლებო დონეზე მაქსიმალურად ცდილობენ მოსკოვის გული მოიგონ (იგივე მდგომარეობაა ჩრდილო ოსეთში).

როგორია თქვენი დამოკიდებულება ”მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” მიმართ? როგორ შეაფასებდით მათ საპროგრამო დებულებებს საგარეო პოლიტიკისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით?
გრძნობთ თუ არა პოლიტიკურ ან ჟურნალისტურ პასუხისმგებლობას 92-93 წლებში თქვენი გადაცემის ”საღამო მშვიბოდისაში” გასული ცრუ ინფორმაციების გავრცელებისთვის, რაც დაკავშირებული იყო ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წარმომადგენლების დისკრედიტაციაზე? როცა გინდოდათ, ლოთი ქობალიას პოლკოვნიკ ვახტანგ ქობალიად მოიხსენიებდით, ხოლო როცა საგინებელი იყო თქვენი აზრით, მაშინ ბანდიტ ლოთი ქობალიად.


1. შემიძლია ამ პოლიტიკური მოძრაობის მიმართ ჩემი დამოკიდებულება ასე შევაფასო – ჯერჯერობით ვაკვირდები. რაც შეეხება საპროგრამო დებულებებს _ ჩემთვის საინტერესოა მოძრაობის მიდგომები და აქტივობები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით და ამ სფეროში კონსულტაციების დონეზე ვთანამშრომლობთ.

2. პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, ოღონდ არა ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო, არამედ იმიტომ, რომ ნებსით თუ უნებლიეთ ხელი შევუწყვეთ საქართველოს საზოგადოების გახლეჩის პროცესს. რაც შეეხება ლოთი ქობალიას, მე ამ სახელის გარეშე ის არასოდეს მიხსენებია

.
1. ვინ არის დოკუ უმაროვი? ვისი კაცია?
2. ვინ შეიძლება კიდევ დაუპირისპირდეს რუსეთს?

3. თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ჩრდილო კავკასიასთან ურთიერთობის სამინისტროს ან თუნდაც დეპარტამენტის შექმნა?

1. დოკუ უმაროვი ჩემი ინფორმაციით, არის კავკასიის იმარატის ლიდერი, კაცი, რომელმაც ასლან მასხადოვის სიკვდილის შემდეგ თავის თავზე აიღო ჩეჩნეთის პრეზიდენტის ფუნქციები. თუმცა შემდგომში, თავისი უცხოელი სპონსორების გავლენით უარი თქვა ამ თანამდებობაზე, გააუქმა იჩქერიის კონსტიტუცია და შექმნა კავკასიის ისლამური იმარატი. რაც შეეხება კითხვას, თუ ვისი კაცია იგი, შემიძლია ასე გიპასუხოთ – რადგან ფინანსდება ისლამური ორგანიზაციებიდან, აბსოლუტურად დამოუკიდებელი ვერ იქნება, მაგრამ მისი მიკუთვნება რუსეთის სპეც-სამსახურებთან სისულელედ მიმაჩნია (ამ ბოლო დროს ასეთ ინფორმაციებს ავრცელებენ ჩეჩნური ემიგრანტული ორგანიზაციები).

2. ამ ეტაპზე სხვა არავინ, თუმცა, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ეკონომიკურად სერიოზულად დასუსტდება, არ არის გამორიცხული გააქტიურდეს რუსეთის შემადგენლობაში შემავალი ყველა მუსულმანური რესპუბლიკა, პირველ რიგში თათარსტანი.

3. 1999 წელს მე ჩემი ნებით დავთმე საქართველოს პარლამენტის წევრის სტატუსი, რათა ასეთი ტიპის სტრუქტურის შექმნაში მიმეღო მონაწილეობა. სამწუხაროდ, მაშინდელმა მთავრობამ, ბოლო მომენტში უკან დაიხია (ამ სტრუქტურას პირობითად ერქვა “რეგიონალური თანამშრომლობის დეპარტამენტი”).

მოგესალმებით, ბატონო მამუკა, მინდა დაგიდასტუროთ ჩემი პატივისცემა თქვენდამი. ჩემი შეკითხვა აფხაზეთს ეხება და იქაურ მოსახლეობას:
მოგეხსენებათ, რომ გალში ანუ სამურზაყანოში საკმაოდ მრავალრიცხოვანი ქართული მოსახლეობაა. ეს მოსახლება აფხაზეთში სტატისტიკურად სომხების შემდგომ მეორე ადგილზეა. თქვენი აზრით, რა სახელმწიფო პოლიტიკა უნდა გატარდეს ამ მოსახლეობის მიმართ?
თვლით თუ არა საჭიროდ, აფხაზური პასპორტების აღებას ქართული მოსახლეობის მხრიდან იქ დარჩენის მოტივით?
და ბოლო შეკითხვა: არსებობს თუ არა საფრთხე, დეკემბრის არჩევნების შემდეგ არჩეული კანდიდატი იყოს უკანასკნელი აფხაზი პრეზიდენტი?

1. დავიწყოთ მეორე კითხვიდან. აფხაზური პასპორტების აღება აუცილებლად მიმაჩნია. ეს კითხვა რომ დაგესვათ 7-8 წლის წინ, ალბათ სხვანაირად გიპასუხებდით, მაგრამ დღეს მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. იმისათვის, რომ ქართველი დარჩეს აფხაზეთის ტერიტორიაზე, უბრალოდ აუცილებელია იქაური მოქალაქეობის მიღება. ჩვენ სამომავლოდ გვჭირდება ამ ტერიტორიაზე ქართული ეთნოსის წარმომადგენლები, რათა აფხაზეთის დაბრუნების იურიდიულ-მორალური შანსი არ დავკარგოთ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ოკუპანტებიც და აფხაზური საზოგადოების რადიკალი წარმომადგენლები კარგად ხვდებიან საფრთხეს და ქართველებისათვის აფხაზური მოქალაქეობის მინიჭებას არ ჩქარობენ. ჩვენ ეს თემა შეგვიძლია კარგად გამოვიყენოთ საერთაშორისო ასპარეზზე (რასაკვირველია, თუ ამ საქმით ჭკვიანი და პროფესიონალი ადამიანები იქნებიან დაკავებული).

2. რაც შეეხება თქვენს პირველ კითხვას. რამდენადაც პარადოქსალურად არ უნდა გეჩვენოთ, საქართველოს ხელისუფლებას აქამდე არავითარი კონკრეტული პროგრამა არ ჰქონდა გალის რაიონის ქართული მოსახლეობისათვის (არ ვგულისხმობ სხვადასხვა უწყების ცალკეულ პროგრამებს).

დღეს გალის რაიონში კატასტროფული მდგომარეობაა. თუ აქამდე გალელების საქართველოდან ჩამოშორების გეგმა (მეგრელიზაციის გზით) მხოლოდ საუბრების დონეზე იყო, ახლა ამას მიეცა პოლიტიკური პროექტის ფორმა, რომლის ეტაპობრივი განხორციელება უკვე დაწყებულია გალის რაიონის იმ სოფლებში, რომლებიც 90-იან წლებში გადაეცა ოჩამჩირის და ტყვარჩელის რაიონებს. ამ სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები ძირითადად აღარ ფლობენ ქართულ ენას, ჯერჯერობით აფხაზებიც არ არიან და პრაქტიკულად ჰაერში არიან გამოკიდებულნი. ალბათ ხვდებით ქართული სკოლების და ყოველივე ქართულის შევიწროვების ფონზე რა ელის საბოლოო ჯამში სამურზაყანოს მოსახლეობას.

თუ აქამდე საქართველოს ხელისუფლება ყურად არ იღებდა ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციის რჩევებს, ახლა როგორც ჩანს მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვალა. ვიცი, რომ ახლახანს დაიწყო მუშაობა კონკრეტულ პროექტზე. დაველოდოთ შედეგებს.

3. აღნიშნული საფრთხე სავსებით რეალურია და თუ აფხაზეთში დღევანდელი მდგომარეობა შენარჩუნდა, ასეც მოხდება.

1. როგორი პოლიტიკა უნდა გატარდეს რუსეთთან მიმართებაში მაშინ, როდესაც საქართველოში შეიძლება გაჩნდეს ახალი ცხელი წერტილები და ახალი ტერიტორიების დაკარგვის საფრთხის ქვეშ ვართ?
2. უნდა მოაწეროს თუ არა ხელი საქართველომ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას და დაგვიანებული ხომ არ მიგაჩნიათ აღნიშნული ხელშეკრულების იგნორირება აქამდე?

1. თქვენი პირველი კითხვა არის ყველაზე რთული, და მასზე ურთიერთგამომრიცხავი პასუხები შეიძლება არსებობდეს. საქმე იმაშია, რომ რუსეთი მაქსიმალურად ამზადებს საინფორმაციო ველს საიმისოდ, რათა მომავალში საქართველოს წინააღმდეგ ხელები გახსნილი ჰქონდეს _ ის ემზადება ომისათვის. გარდა ამისა, მას ოკუპირებული აქვს ტერიტორიები და იქ არსებული რეჟიმის შეცვლას არ აპირებს. მიუხედავად დასავლეთის გარკვეული ზეწოლისა, არც დ.მედვედევის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის პირობებს არ ასრულებს. როგორც ჩანს, ეს რუსეთის პოლიტიკის გენერალური მიმართულებაა. აქედან გამომდინარე, ეტყობა ის არ შეიცვლის პოზიციას, ვიდრე საქართველოში დღევანდელი ხელისუფლება არსებობს. საქართველოს ხელისუფლებას კი ხელ-ფეხი აქვს შეკრული და მიუხედავად იმისა, რომ ის გარკვეულ ეკონომიკურ დათმობებზე წავიდა და სომხეთის მეშვეობით ცდილობს რუსეთთან ურთიერთობა “გაარკვიოს”, ვითარება დღითიდღე უარესედება. მდგომარეობა ჩიხურია, ამას ემატება ისიც, რომ დღევანდელი პოლიტიკური რეალობის ფონზე დასავლეთის ზეწოლა რუსეთზე შეზღუდულია. გამოსავალი შეიძლება იყოს საქართველოს ხელისუფლების მუშაობის უკიდურესად გააქტიურება დასავლელ პარტნიორებთან, საინფორმაციო ომის აქტიურად წარმართვა მთელ მსოფლიოში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე (განსაკუთრებით აფხაზეთში) აქტიური მუშაობა.

არსებობს სხვა გზაც. საქართველოს ხელისუფლებამ, გაერო-ს მეშვეობით უნდა მოიწვიოს საერთაშორიო კონფერენცია (რუსეთის მონაწილეობით) საქართველოს საკითხზე. ასეთი პრეცენდენტი ისტორიაში არსებობს.

კიდევ ერთი გზაა – საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენოს ყველა რესურსი საიმისოდ, რათა რუსეთის ხელისუფლებასთან კულუარული მოლაპარაკების რეჟიმი მაინც შექმნას.

გზები არსებობს, მაგრამ შედეგების გათვლა ძალზედ რთულია, რადგან მოვლენები ძალიან სწრაფად ვითარდება.

2. აღნიშნულ ხელშეკრულებაზე ხელმოწერა დაგვიანებულად მიმაჩნია, თუმცა 1994 წლის მოსკოვისა და 1994 წლის დაგომისის ხელშეკრულებებში ცეცხლის განუახლებლობის თემა გათვალისწინებულია.

კავკასიასთან განულებულმა პოლიტიკამ რა შანსები დააკარგინა საქართველოს ამ 20 წლის განმავლობაში? საჭიროა თუ არა ერთიანი კავკასიური ტელევიზიის შექმნა თბილისში?

1. ჩრდილოეთ კავკასიასთან მოუგვარებელმა ურთიერთობებმა კონფლიქტების მოგვარების პრაქტიკული შანსი დაგვაკარგვინა. შესაძლოა ჩრდილოეთ კავკასიელების ჩარევა კონფლიქტების მოგვარების საქმეში გადამწყვეტი არ ყოფილიყო, მაგრამ ხელს უთუოდ შეუწყობდა. საამისოდ პატარა მაგალითს მოვიყვან: როდესაც 1995-1999 წლებში საქართველოს პარლამენტში არსებოდა “კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის ჯგუფი”, ჩვენ ბევრი რამ შევძელით; ჩვენი ინტენსიური მუშაობის შედეგად დღესასწაული, რომელსაც ყაბარდო-ბალყარეთში ყოველწლიურად 5 ოქტომბერს აღნიშნავდნენ და რომელსაც “საქართველოზე გამარჯვების” დღე ეწოდებოდა, აიკრძალა. ჩვენ მოვახერხეთ ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის შემობრუნება საქართველოსკენ, მაგრამ 1999 წლის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებამ ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით მუშაობა შეაჩერა, ყველაფერი ისევ უკან დაბრუნდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენი უნიათობით ვერ ვახერხებთ ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები უზარმაზარი ქართული დიასპორის გამოყენებას.

2. ერთიანი კავკასიური ტელევიზიის შექმნა აუცილებელია, მაგრამ ეს ტელევიზია, პირველ რიგში, უნდა ემსახურებოდეს კავკასიელთა სულიერი ერთობის, კულტურისა და ტრადიციების პროპაგანდას. არავითარ შემთხვევაში ეს ტელევიზია პოლიტიზირებული არ უნდა იყოს, ამ შემთხვევაში ჩვენ უკურეაქციას მივიღებთ. სხვათაშორის, ასეთი ტიპის ტელევიზიას ელოდება ევროპაში გაფანტული კავკასიური დიასპორაც.



რა შანსები აქვს სომხეთის რესპუბლიკას საქართველოში, კერძოდ, სამცხე-ჯავახეთში და არსებობს თუ არა სომხური ენის რეგიონალურ ენად აღიარების საფრთხე? თვლით თუ არა სომხეთ-თურქეთის ურთიერთობის გალღობას ამერიკულ პროექტად და რას შეცვლის ეს საქართველოსთვის?


1. უნდა მოგახსენოთ, რომ სომხეთის რესპუბლიკას უზარმაზარი გავლენა აქვს სამცხეთ-ჯავახეთის რეგიონზე, თუმცა ვიდრე სომხეთის ეკონომიკური უზრუნველყოფის ერთადერთი გზა საქართველოზე გადიოდა, ოფიციალურ ერევანს ჯავახელი სეპარატისტებისათვის მხარდაჭერის აღმოჩენა არ აწყობდა. თურქეთთან საზღვრის გახსნის შემთხვევაში ერევანის პოზიცია შესაძლოა შეიცვალოს.

რაც შეეხება სომხური ენის რეგიონალურ ენად გამოცხადებას . . . საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ თავის დროზე ყოველგვარი ანალიზის გარეშე ხელი მოაწერა დოკუმენტს, რეგიონალური ენების განსაკუთრებული სტატუსის შესახებ. ეს ეხებოდა არამხოლოდ სომხურ ენას, არამედ აზერბაიჯანულ, მეგრულ და სვანურ ენებსაც. დღეს საქართველოს ხელისუფლება მიხვდა რა თავის შეცდომას, ამ დოკუმენტის რატიფიცირებას არ ჩქარობს, თუმცა ვალდებულება ევრო-სტრუქტურების წინაშე აღებული აქვს. დოკუმენტის რატიფიცირების შემთხვევაში მივიღებთ მრავალენოვან სახელმწიფოს.

2. ეს ცალსახად ამერიკული პროექტი გახლავთ და ითვალისწინებს რუსეთის გავლენისაგან სომხეთის გათავისუფლებას, თუმცა არც ეს საკითხი და არც ყარაბახის პრობლემა ასე იოლად არ მოგვარდება. რაც შეეხება საქართველოს საკითხს, ეკონომიკური თვალსაზრისით ამ პროექტის განხორციელება ჩვენ გარკვეულ დანაკარგს მოგვიტანს ეკონომიკური თვალსაზრისით და სეპარატისტებიც შესაძლოა გააქტიურდნენ, თუმცა სომხური თემის განსაკუთრებულმა წამოწევამ შესაძლოა მაქსიმალურად დააახლოვოს საქართველო და აზერბაიჯანი, რამაც შესაძლოა რეგიონში თანაფარდობა დაარღვიოს.

ხომ არ აჯობებდა გაგვეუქმებინა კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რადგანაც ისევ ჩვენი მოსახლეობა ზარალდება აღნიშნული საკანომდებლო აქტით. უნდა მიმართოს თუ არა საქართველომ აფხაზეთში ინვესტიციების ჩადების პოლიტიკას?


როდესაც ასეთი ნაბიჯების გადადგმას მოვინდომებთ, აუცილებლად გათვლილი უნდა გვქონდეს ყველა სავარაუდო შედეგი. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერჯერობით არ გვაქვს შექმნილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედების კონსტრუქციები. როგორც ჩემთვის ცნობილია ასეთი გეგმა მზადდება. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვეძლება ვისაუბროთ იმაზე, უნდა გავაუქმოთ თუ არა ეს კანონი. ეს ყოველივე ეხება ინვესტიციების განხორციელების საკითხსაც.

რა ხდება ჩვენ სამხრეთ საზღვარზე? თქვენი აზრით, მოსალოდნელია თუ არა სომხეთ-საქართველოს ომი? როგორ ფიქრობთ, რუსეთში რომელ ავტონომიებს აქვთ სერიოზული პრეტენზია და რესურსი, რათა დამოუკიდებლობა მოითხოვონ? რა გზას ხედავთ აფხაზეთისა და ცხინვალის მიწების დასაბრუნებლად?

1. საქართველოს საზღვარი აზერბაიჯანთან და სომხეთთან განსაზღვრული არ გახლავთ, აქედან გამომდინარე ადგილი აქვს პერმანენტულ გაუგებრობებს ამ ორ ქვეყანასთან. ეს საკითხი, ანუ საზღვრის დემარკაციის საკითხი დაუყოვნებლივ მოსაგვარებელია, რათა ექსცესები თავიდან ავიცილოთ.
რაც შეეხება საქართველო-სომხეთის ომს, უახლოეს მომავალში ასეთ კონფლიქტს არ ვვარაუდობ.

2. რუსეთში დამოუკიდებლობის სერიოზული პრეტენზია აქვთ ინგუშებს, თუმცა უნდა ითქვას, რომ ამჟამად დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში მინავლებულია. აქ უფრო აქტიურია ერთიანი კავკასიური ისლამური იმარატის შექმნის სურვილი. ზოგიერთ რესპუბლიკაში, მაგალითად ჩერქეზეთში ეროვნული მოძრაობის გააქტიურება ახლა იწყება, როგორც ადამიანური ისე ფინანსური რესურსების თვალსაზრისით რუსეთისთვის ყველაზე უფრო სახიფათოა თათარსტანი, თუმცა თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო (ეს რესპუბლიკას ყოველ მხრივ რუსეთის ტერიტორიები ესაზღვრება) მას ცალკე ბრძოლა გაუჭირდება. ანტი-ცენტრისტული ბრძოლის თვალსაზრისით უფრო პერსპექტიულია ჩრდილოეთ კავკასია.

3. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება ძალზედ ფართო და კომპლექსური საკითხია და თქვენის ნებართვით რამდენიმე ძირითად პუნქტს გამოვყოფდი.

ა) სწორად წარმართული საინფორმაციო პოლიტიკა.

ბ) საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური გააქტიურება.

გ) ჩრდილოეთ კავკასიელებთან ურთიერთობის გააქტიურება.

დ) უშუალოდ აფხაზებთან და ოსებთან მუშაობა.

ე) სწორი ეკონომიკური პოლიტიკა.
ვ) აფხაზური და ოსური დიასპორების გამოყენება.

მამუკა, კავკასიაში არსებულ პრობლემებს თუ მივანიჭებთ პრიორიტეტებს, რომელი პრობლემა მოხვდება პირველ ადგილზე?


კავკასიაში არსებული პრობლემებიდან, ყველაზე მთავარ პრობლემად დაქსაქსულობა და საერთო ინტერსების დეფიციტი მიმაჩნია.

ოდითგანვე, როდესაც მტერი კავკასიის დაპყრობას ცდილობდა, ამას ახერხებდა კავკასიელთა ურთიერთდაპირისპირების ხარჯზე. დღესაც იგივე მდგომარეობაა. თუ არ განისაზღვრება საერთო ინტერესები, კავკასიაში პრობლემები მუდამ იქნება.

როგორ ფიქრობთ, არის თუ არა პირდაპირი კავშირი თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების დათბობას, “სამხრეთის ნაკადი” გაზსადენის მშენებლობაზე თურქეთის თანხმობასა და საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის სამომავლოდ ჩანაცვლების შესაძლებლობებს შორის.
თუ არის, ვის ინტერესებში შედის ეს – ამერიკის, რუსეთის თუ ორივეს?
გმადლობთ.


გეო-პოლიტიკაში შემთხვევით არაფერი ხდება. ყველა თქვენს მიერ ჩამოთვლილი ფაქტორი ერთმანეთთან გახლავთ დაკავშირებული. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თურქეთი ცდილობს კავკასიაში განსაკუთრებული მდგომარეობა მოიპოვოს, ამიტომ ერთის მხრივ ჩართულია ამერიკულ პროექტში სომხეთთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ რუსეთთან “სამხრეთის ნაკადთან” დაკავშირებით. თურქეთის დღევანდელმა ხელისუფლებამ, რომელმაც ირანთანაც დაიწყო აქტიური თანამშრომლობა, ძალზედ მომგებიანი პოზიცია დაიკავა. თუ ადრე თურქები სთხოვდნენ ევროკავშირს მათ სტრუქტურაში გაწევრიანებას, ახლა დასავლეთი ცდილობს როგორმე თურქეთის განსაკუთრებული აქტიურობა დაამუხრუჭოს, თუმცა ეს მცდელობა ჯერჯერობით უშედეგოა.

1. გვიამბეთ, დოკა უმაროვის შესახებ. რუსულ ტელეარხებს თუ ვენდობით, ის უბრალო კრიმინალია და არაფერი აქვს საერთო განმათავისუფლებელ მეომართან….
2. გთხოვთ, გვითხრათ, რა მიზეზით წავიდა შაჰიდი-ხატაბი ჩეჩნეთში? ის ხომ იორდანელი იყო?
3. ბატონ გიას (ყარყარაშვილს) დავუსვი ეს შეკითხვა და მგონი მან ვერ გამცა ამომწურავი პასუხი: როგორ ფიქრობთ, გამსახურდიას პრეზიდენტობის შემთხვევაში, ჩეჩნები აფხაზებთან ერთად იბრძოლებდნენ ქართველების წინააღმდეგ, მაშინ როცა ჯოხარ დუდაევი გამსახურდიას თავის დიდ მასწავლებელს უწოდებდა და ასე თუ ისე აკონტროლებდა ჩეჩნების (მებრძოლების) უმეტესობას?
4. ხომ არ ფიქრობთ, რომ ჩეჩნები თავიანთი გაგებით ებრძოდნენ კომუნიზმის გადმონარჩენს (შევარდნაძის, კიტოვანისა და იოსელიანის სახით)?
5. რა რესურსი გააჩნიათ დღესდღეობით ე.წ. ტყეში გასულ ჩეჩენ მეომრებს იმისა, რომ პუტინმა და კადიროვმა კიდევ დიდხანს ვერ “დადონ თავი მშვიდად ბალიშზე”?
6. ფიქრობთ თუ არა (და რატომ), რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსთვის დაკარგულია? ან რის ფასად შეიძლება რუსეთმა უარი თქვას (ან ათქმევინონ) ამ ტერიტორიებზე?
7. რა პარალელები შეიძლება გაივლოს კოსოვოსა და აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის აღიარებებს შორის? რატომ არ ჰქონდა რუსეთს აფხაზეთის აღიარების უფლება, როცა ამერიკამ და ევროპის უმეტესობამ აღიარა კოსოვო.

1. პირველ კითხვაზე (დოკუ უმაროვის თაობაზე პასუხი უკვე გავეცი).

2. ხატაბი არ იყო უბრალო მოჯაჰედი. ის იყო ემისარი არაბული, ისლამისტური ორგანიზაციებისა, რომლებსაც თავისი ინტერესები ჰქონდათ კავკასიაში (მაგ. არაბული ხალიფატის იდეა). ხატაბი ამ ორგანიზაციების ხაზინადარი გახლდათ, იგი ფულს ანაწილებდა. ისლამურ სამყაროში არსებობს ეგრეთ წოდებული “მოძრავი” მოჯაჰედების მცნება. ეს გახლავთ ბოევიკთა ჯგუფები, რომლებიც ისლამის იდეისთვის სხვადასხვა ქვეყნებში იბრძვიან, მაგ. კოსოვო, ბოსნია, ავღანეთი, შუა აზია, ჩეჩნეთი და ა.შ. მათ რიგს განეკუთვნება ჩეჩნეთში მებრძოლები, ხატაბი, აბუ-მოვსარი, აბუ-ვალიდი და სხვები.

3. მოგახსენებთ, რომ ჩეჩნები აფხაზეთში ყველა შემთხვევაში იბრძოლებდნენ, ისეთები მაგალითად, როგორიც იყო შამილ ბასაევი, რადგან იგი რუსეთის სპეც-სამსახურების მიერ შექმნილი პროექტი იყო. სხვათაშორის, ეს ამბავი 1993 წლის თებერვალში პირად საუბარში ირიბად დამიდასტურა. ჩვენი შეხვედრა გროზნოში შედგა და მან სიტყვასიტყვით შემდეგი მითხრა: “დღეს მე და ჩემი თანამებრძოლები რუსების მხარდამხარ, რუსებისვე იარაღით ვიბრძვით, საქმეს ასე სჭირდება, რადგან აფხაზეთი ჩვენთვის გამოცდილების მისაღები პოლიგონია. ხვალ ამ იარაღს ისევ რუსეთის წინააღმდეგ გამოვიყენებთ”. თუმცა, ზ.გამსახურდიას პრეზიდენტობის შემთხვევაში არ გამოვრიცხავ, რომ ჩეჩენ მებრძოლებს ქართველების მხარესაც ებრძოლათ (ომის დროს მხედრიონის შემადგენლობაში 10-მდე ჩეჩენი და ქისტი ეროვნების მებრძოლი გახლდათ, ვინმე რუსლანის მეთაურობით).

4. არა, მე ასე არ ვფიქრობ.

5. რესურსი ფართომასშტაბიანი ომისათვის მათ უკვე აღარ გააჩნიათ, ხოლო რაც შეეხება პარტიზანულ ომს, ამ შემთხვევაში რესურსი თითქმის ამოუწურავია შემდეგი მიზეზების გამო:

ა) სერიოზული დაფინანსება არაბული სამყაროდან.

ბ) დოკუ უმაროვმა და მისმა გარემოცვამ კარგად იციან, რომ მათ არ შეიწყალებენ და ადრე თუ გვიან სასტიკად გაუსწორდებიან.

გ) მოსკოვისა და ადგილობრივი ხელისუფლების უსასტიკესი პოლიტიკის

გამო უამრავი ახალგაზრდა “შურისმაძიებელი” ტყეში გადის.

ც) რუსეთის ჯარი როგორც ეწეოდა იარაღით ვაჭრობას, ისევ ისე ჰყიდის.

დ) გასული საუკუნის 90-იანი წლებისგან განსხვავებით დღეს ჩეჩნები ხედავენ, რომ პარტიზანული ბრძოლები აქტიურად მიმდინარეობს დაღესტანსა და ინგუშეთში, შედარებით პასიურად ყაბარდოში.

6. აღნიშნულ კითხვას ნაწილობრივ უკვე გავეცი პასუხი, მაგრამ აღვნიშნავ, რომ სწორად გათვლილი პოლიტიკის შემთხვევაში ამ ტერიტორიების (პირველ რიგში აფხაზეთის) დაბრუნება შესაძლებელია. რაც შეეხება რუსეთს, რესურსი არც აქ გახლავთ ამოწურული, ზოგიერთი ექსპერტის აზრით, მხოლოდ უმძლავრესი ეკონომიკური კრიზისი მოიყვანს რუსეთს გონს და ეს ასეცაა, თუმცა ამას გარდა არსებობს სხვა მიდგომებიც.

7. პარალელების გავლება ცხადია შესაძლებელია, მაგრამ მინდა თქვენი ყურადღება მთავარ საკითხს მივაპყრო, კოსოვოდან უმრავლესობამ გამოდევნა უმრავლესობა, აფხაზეთში კი პირიქით, რაც საერთაშორისო პოლიტიკური აზროვნების თვალსაზრისით ნონსენსია, ანუ მესამე ძალა უმცირესობას ამ ყოველივეს განხორციელებაში ეხმარებოდა. ვიდრე აშშ კოსოვოს აღიარებდა (რაც უდიდესი პოლიტიკური შეცდომა იყო) მათ ლამის მსოფლიო რეფერენდუმი მოაწყვეს ამ საკითხზე და გაეროს მიაღებინეს შესაბამისი გადაწყვეტილება, მოკლედ აშშ-მა საერთაშორისო მხარდაჭერა მოიპოვა, რუსეთმა კი ასეთი გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო.

1. ბატონო მამუკა, იცით რამე ორგანიზაცია ”Конфедерации народов Кавказа” შესახებ? ძალიან ხშირად ვხვდები რუსულ პრესაში და სულ ჩვენს საწინააღმდეგოდ იყენებენ ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელის (ვინმე ზაალ ქასრელიშვილი თუ კასრელიშვილის) განცხადებებს!
2. როგორ ფიქრობთ, რა იქნება ის თემები, რომელთა განსახილველადაც შეიძლება აფხაზები ჩვენთან ერთად ერთ მაგიდასთან დასხდნენ?
3. იგივე შეკითხვა ოსებთან მიმართებაში.
4. ყველაზე მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს – ვგულისხმობ საგარეო საფრთხეებს… რომელია ყველაზე ბრძოლისუნარიანი რუსული სამხედრო შენაერთი კავკასიის მისადგომებთან?

1. რასაკვირველია, ჩემთვის ცნობილია ამ ორგანიზაციის შესახებ და პირადად ვიცნობ ზაალ კასრელიშვილს. მისი ზოგიერთი შეხედულება გარკვეული რადიკალიზმით გამოირჩევა, მაგრამ საქართველოსთვის და კავკასიისათვის ეს არ გახლავთ საზიანო. რაც შეეხება მისი ფრაზების გამოყენებას რუსული მედიის მიერ, ეს ჩემთვის უცხო არ გახლავთ, ჩემს ნათქვამსაც ხშირად ამახინჯებენ და თავიანთი ინტერესებისამებრ იყენებენ.

2. აფხაზებთან საუბრისას პირველი თემა გახლავთ ის საკითხი, რომ აფხაზები გადაშენების პირას მყოფი ერია და აფხაზეთის რუსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელების შემთხვევაში მათი გადაშენება გარდაუვალია. დღეს ამას აფხაზები ხვდებიან, მაგრამ მთელი ერი კატასტროფის მოახლოებას ჯერჯერობით ვერ აცნობიერებს.

რაც შეეხება ოსებს, აქ აქტუალური სხვა თემა გახლავთ. კერძოდ: ჩრდილო ოსეთისათვის სამხრეთ ოსები ყოელთვის მეორეხარისხოვანი ხალხი იყო. დღეს არა მხოლოდ მათთვის, არამედ რუსებისთვისაც ზედმეტი ტვირთი გახდნენ. შედარებით განათლებული ოსები ხვდებიან, რომ რუსეთს ისინი კი არა, მათი ტერიტორიები სჭირდება. ასე რომ, აქაც გვაქვს სალაპარაკო.

3. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბად ის გახლავთ, რომ რუსეთი და მისი სპეც-სამსახურები საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მუშაობენ. კერძოდ:

ა) საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.

ბ) საქართველოს საზღვრის პერიმეტრზე.

ც) სამეგრელოში, ჯავახეთში, შიდა ქართლში, პანკისის ხეობის მიმართულებით.

დ) საქართველოში არსებობს მეხუთე კოლონა, ოღონდ ის არა, რომლის ჩვენება ქართული ტელეარხების საშუალებებით მიმდინარეობს.

რაც შეეხება ყველაზე ძლიერ საჯარისო ფორმირებას. რასაკვირველია ეს გახლავთ რუსეთის ფედერაციის 58-ე არმია, რომლის გადაიარაღება და რეფორმირება ამჟამად მიმდინარეობს. ამას გარდა, “გრუ”-ს სპეც-დანიშნულების სამთო რაზმები, რომლებიც განლაგებულია კავკასიონის ქედის მთელ პერიმეტრზე.

როგორც ვიცით, რუსეთის მთავარი დასაყრდენი სამხრეთ კავკასიაში სომხეთია და მისთვის არც ფულს და არც სამხედრო ტექნიკას არ იშურებს, არსებობს თუ არა საფრთხე სომხეთისგან, და კერძოდ, გიუმრის ბაზისგან?

საფრთხე, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ ერთმანეთისაგან უნდა გავმიჯნოთ გიუმრის რუსული სამხედრო ბაზა და სომხური არმია. როგორც სპეციალისტები ამბობენ, 2008 წის აგვისტოს ომის დროს გიუმრის ბაზიდან საქრთველოს ტერიტორია უკვე დაიბომბა. რაც შეეხება სომხურ არმიას, ეჭვი მეპარება, რომ იგი დამოუკიდებლად ჩაებას საქართველოსთან ომში თუ ყარაბახის საკითხი არ იქნა გადაწყვეტილი.

თქვენი აზრით, შესაძლებელი იყო თუ არა, და როგორ, აგვისტოში რუსეთის ინტერვენციის თავიდან აცილება? რუსეთი ხომ ამ პროვოკაციისთვის დიდი ხნის მანძილზე ემზადებოდა და შესაფერის მომენტს ელოდა, მითუმეტეს ეს ყველასთვის ნათელი იყო და ამ ყველაფრის მიუხედავად მაინც აღმოვჩნდით ომში ჩათრეულები. როგორ უნდა აგვერიდებინა ეს თავიდან?
სამაჩაბლო და აფხაზეთი ჩვენი, ყველას საერთო ტკივილია. თავის დროზე რატომ დავკარგეთ ამ უმშვენიერეს მხარეებზე კონტროლი? ხომ შეგვეძლო ამის თავიდან აცილება?
თქვენ როგორც გამოცდილ ექსპერტს, როგორ გესახებათ აფხაზეთის და სამაჩაბლოს, საქართველოს ამ ორი განუყოფელი და დღეისათვის მტრის მიერ ოკუპირებული ნაწილის დაბრუნება? რამდენად ახლო მომავალშია ეს შესაძლებელი? რა პრიორიტეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას ამ მიმართულებით?

1. ცხადია, რომ ინტერვენციის თავიდან აცილება შეიძლებოდა, მაგრამ არსებობს კითხვა რომელზეც დასაბუთებული პასუხი დღემდე არა მაქვს – იყო კი ყველა დონეზე ამის სურვილი (იქნებ გაეცნოთ გია ყარყარაშვილის ახალ წიგნს).

2. იგივე შემიძლია მოგახსენოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვაზეც. შეიძლება ვიფიქროთ, რო მაშინდელ პოლიტიკურ ლიდერებს არ ჰქონდათ ასეთი სიტუაციის გამოცდილება, თუმცა ეს არ არის გამართლება! მაშინაც და ეხლაც საქართველოში არსებობენ ადამიანები, რომლებმაც საზოგადოებასაც და ხელმძღვანელობას ხელი შეუშალეს სწორი ნაბიჯის გადადგმაში.

3. რაც შეეხება დანარჩენ კითხვებს, მათზე პასუხი უკვე გაცემულია და ნუ დამძრახავთ, თუ იგივეს არ გავიმეორებ. სამწუხაროდ, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების ვადებზე არაფერი დამაიმედებლის თქმა ამ ეტაპზე არ შემიძლია. ის, რისი მოგვარებაც 90-იანი წლების ბოლოს 2-3 წელიწადში შეიძლებოდა, დღეს ათწლეულის საქმეა.

როდესაც აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობა ულტიმატუმს უყენებს გალის რეგიონში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს, მიიღონ აფხაზეთის მოქალაქეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში დატოვონ რეგიონი, მე ვფიქრობ, რომ მათ უნდა მიიღონ მოქალაქეობა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დატოვონ იქაურობა. საინტერესოა თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით.
საერთოდ, რა მიმართულებით უნდა გადაიდგას ნაბიჯები აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საკითხების დარეგულირებისთვის. როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ამ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა?

1. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება გალის რაიონის მოსახლეობას არავითარ ულტიმატუმს არ უყენებს, პირიქით, ბაღაფშის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად ოპოზიციამ და პარლამენტმა ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ გალელებისთვის მოქალაქეობა არ მიეცათ და ისინი საარჩევნო სივრცის მიღმა დაეტოვებინათ. სხვათაშორის, ამ დღეებში გალელების ასეთ დისკრიმინაციას მკვეთრად უარყოფითი შეფასება მისცა აფხაზეთის დე-ფაქტო ცსკ-ს ხელმძღვანელმა, ბატალ კობახიამ და ამ ფაქტს უკანონობა უწოდა. ჩემი აზრით, გალელებმა აფხაზეთის მოქალაქეობა აუცილებლად უნდა მიიღონ, რათა ისინი დარჩნენ იმ ტერიტორიაზე და შემდგომში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყონ ხელი.

2. რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის მუშაობას, ამ ტიპის კითხვებზე პასუხი უკვე გავეცი. შემიძლია დავამატო, რომ მშვიდობიან გზას ალტერნატივა არა აქვს.

1) მაინტერესებს, არის თუ არა ინგუშეთში, ჩეჩნეთსა და დაღესტანში (ქვეყნის შიგნით თუ გარეთ) ოპოზიცია, მათი სახელები და გვარები.
2) რომელია ზემოთ ჩამოთვლილ რესპუბლიკებთან დაკავშირებული ობიექტური საიტები?
3) მიმითითეთ აფხაზეთის ისტორიაზე მეტ-ნაკლებად ობიექტური ლიტერატურა.

1. ოპოზიცია არსებობს, როგორც იატაკქვეშა – ისე ღია. თუმცა პოლიტიკური ოპოზიცია ყველა თქვენს მიერ ნახსენებ რესპუბლიკაში შედარებით სუსტია. მაგალითად, ინგუშეთი რომ ავიღოთ, უკანასკნელ პერიოდში მოკლული ევლოევი და აუშევი სწორედ ასეთი ტიპის (სუსტი) ოპოზიციის ლიდერები იყვნენ. სამივე რესპუბლიკაში პოლიტიკური ოპოზიციის სისუსტე განპირობებულია იმით, რომ ჯერჯერობით მხსნელად მაინც მოსკოვი მიაჩნიათ და აპელირება მუდმივად ცენტრალურ ხელისუფლებაზე ხდება. რაც შეეხება იატაკქვეშეთს, მთელი ჩრდილოეთ კავკასიის მასშტაბით ისლამისტური ძალები გაერთიანებულია ერთი სტრუქტურის ქვეშ, რომელსაც ჰყავს ხელმძღვანელი – ემირი დოკუ უმაროვი. გარდა ამისა, არსებობენ ამავე სტრუქტურის აღიარებული ლიდერები სხვადასხვა რესპუბლიკაში მაგალითად, ისა მუნაევი ინგუშეთში და ანზორ ასტემიროვი ყაბარდოში (იგივე ემირი სეიფულა).
2. აბსოლუტურად ობიექტური საიტები არ არსებობს.
3. ლიტერატურა ძალიან ბევრია. ბოლო დროის ნაშრომებიდან ყურადსაღებია პროფესორ ნიკო ლომოურის და პროფესორ ზურაბ წულეისკირის ნამუშევრები.

ჩრდილო კავკასიის პრობლემატიკაზე საუბრისას თქვენ ყოველთვის აღნიშნავთ, რომ საქართველოს არ აქვს შემუშავებული ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია. აქედან გამომდინარე ჩემი შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში:
1. რა დამოკიდებულება აქვს დღესდღეობით ჩრდილოკავკასიელებს საქართველოს მიმართ?
2. თუ არის რაიმე სხვაობა სხვადასხვა ჩრდილოკავკასიური ერების დამოკიდებულებაში საქართველოს მიმართ?
3. არის თუ არა მნიშვნელოვანი სხვაობა ჩრდილოკავკასიური ავტონომიების ოფიციალური მმართველი ჯგუფების, ხალხის და აჯანყებულების პოზიციებში ჩვენი ქვეყნის მიმართ?
4. როგორც ეტყობა, ჩრდილო კავკასიის მიმართულებით იწყება მცირედით გააქტიურება და თქვენი აზრით რა არის ის საწყისი წერტილი, საიდანაც უნდა დავიწყოთ და რას დავეყრდნობით წარსულიდან ამ ურთიერთობებში?
5. რამდენად გვენდობიან და რა დოზით ექცევა ყურადღება რელიგიას?
6. მე საერთოდ არ ვიცნობ ჩრდილოკავკასიას და ამიტომ დამებადა ეს შეკითხვა: ერთი შეხედვით დიდი კულტურული სხვაობაა ჩვენსა და მათ შორის და საერთო ენის გამონახვა (საუბარი დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე, რელიგიურ შემწყნარებლობაზე და ა.შ.) არ გაგვიჭირდება?
წინასწარ გიხდით მადლობას.


1. უბრალო ადამიანების დონეზე, ძირითადად უარყოფითი დამოკიდებულებაა საქართველოს მიმართ. ეს განპირობებულია ინფორმაციის ნაკლებობით და საქართველოსთან კონტაქტების სისუსტით. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ადგილობრივ ინტელიგენციაში (განსაკუთრებით ინგუშეთსა და დაღესტანში).
2. რასაკვირველია, არის განსხვავება. ქართველების მიმართ ყველაზე ლოიალურები არიან ინგუშები. მათ უფროს თაობას ჯერ კიდევ ახსოვს ქართველების პატივისცემა, როდესაც ისინი გადასახლებიდან დაბრუნდნენ და ქართველებმა (ოსებისაგან განსხვავებით) ულაპარკოდ დაუთმეს მათ საკუთარი სახლები. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ჩრდილო-დასავლეთ-კავკასიაში, რაც აფხაზეთის ომისა და რუსული საინფორმაციო პოლიტიკის ”დამსახურებაა”.
3. ხელისუფლება მთლიანად მოსკოვზეა ორიენტირებული, თუმცა მათთან მუშაობა შესაძლებელია. რაც შეეხება დანარჩენებს, ვიმეორებ, ინფორმაციის ნაკლებობა თანდათან ზრდის უფსკრულს. ჩვენ არა მარტო ჩრდილოეთ-კავკასიელბთან, არამედ იქაურ ქართულ დიასპორასთანაც ვერ დაგვიმყარებია კონტაქტი და მთელს ჩრდილოეთ-კავკასიაში 30-50 ათასამდე ქართველი ცხოვრობს.
4. ეს გახლავთ ძალიან რთული და ფართო თემა. უმჯობესია ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენთან მობრძანდეთ ოფისში და აქ ვისაუბროთ (თბილისი. გ.ახვლედიანის (ყოფილი პეროვსკაია) #12).
5. ნდობის თაობაზე რა მოგახსენოთ, რაც შეეხება რელიგიას ჩვენს ურთიერთობებში ის გადამწყვეტი ფაქტორი არასოდეს ყოფილა.

როგორ ფიქრობთ, საქართველოსთვის რუსი უფრო საშიშია თუ რუსებთან მებრძოლი ჩრდილოკავკასიელები ? თუკი ჩრდილოკავკასიელები გაიმარჯვებენ რუსებთან დაპირისპირებაში, ხომ არსებობს იმის შანსი, რომ ჩვენს საზღვრებს მოადგნენ და პრობლემები შეგვიქმნან (რა თქმა უნდა, რუსი პირველი მტერია, მაგრამ შეიძლება შეგვექმნას ექსტრემიზმის საფრთხე). წინასწარ დიდი მადლობა.

თუ საქართველო არ გაძლიერდა, მისთვის საშიში იქნება როგორც სამხრეთელი, ისე ჩრდილოელი მეზობელი. უფრო კონკრეტულად კი აგრესიული, ისლამური ფუნდამენტალიზმის საფრთხე ბუნებრივია არსებობს. ჩემი პასუხიდან გამოდის, რომ რუსებიც საშიშნი არიან და ისლამისტებიც, თუმცა გვახსოვდეს, რომ კავკასიის ნებისმიერი მტრის ამოცანა იმაში მდგომარეობდა, როგორმე კავკასიელებს შორის შუღლი ჩამოეგდო, რათა კავკასია ერთიანი არ ყოფილიყო. ახლა თავად განსაჯეთ, ვინ უფრო საშიშია?

მაინტერესებს თქვენი მოსაზრება იმ თეორიასთან დაკავშირებით, თითქოს რუსეთი ჩრდილოეთ კავკასიაში სპეციალურად არ იგებს ომს, რადგან ეს რუსი სამხედროებისთვის ფულის კეთების საშუალებაა (ვგულისხმობ გარკვეული წრეების მიერ ფულის შეგზავნას ჩრდილოეთ კავკასიაში, რომლითაც მერე იგივე ჩეჩნები თავად რუსებისგან ყიდულობენ იარაღს)
და მეორე, ამერიკა-ირანს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით დაიძაბა, რამდენჯერმე გაისმა მუქარაც (აშშ მემგონი სიტყვებს უაზროდ არ ისვრის), არის თუ არა იმის საშიშროება, რომ თუკი ამერიკა ირანს “დაარტყამს”, რუსეთი საქართველოში ინტერვენციას მოახდენს, ამჯერად უკვე საბოლოოდ.

1. ასეთი მოსაზრება მართლაც არსებობს. მაგალითად ჩეჩნეთის I ომის დროს ყოველი დღე რუსეთს 2 მილიარდი რუბლი (მაშინდელი კურსით) უჯდებოდა. 58-ე არმიის მაშინდელი სარდალი სობოლევი მილიონერი გახდა. სხვათაშორის, ასევე გამდიდრდა მომავალში ”აფხაზეთის გმირი”, გენერალი ტროშევი. ახმედ კადიროვი სამხედროებთან ეკონომიკური გავლენის სფეროების გადანაწილებას შეეწირა. თუმცა დღეს სხვანაირი მდგომარეობაა. რუსები უბრალოდ ვეღარ იგებენ ომს, რადგან ასეთია პარტიზანული ომის თვისება.
2. რაც შეეხება ამერიკა-ირანის შორის საომარი მოქმედებების დაწყებას. ჩემი აზრით რუსეთს უფრო მცირე მიზეზითაც შეუძლია ახალი პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s