საზოგადოება

ჩვენი მეფე-ანუ მოდელირება 2


ბაგრატიონთა სკანდალური შეუღლების წლისთავზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი “კომერსანტისათვის” მიცემულ იმტერვიუში აცხადებს, რომ ბაგრატიონთა სამეფო ქორწილი ფე-ეს-ბე-ს პროექტი იყო.

მართლა იყო თუ არა ეს ქორწილი ფე-ეს-ბე-ს პროექტი, დღეს ნაკლებად მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ პროექტი ჩავარდა… ვერც ანა გახდა დედოფალი, ვერც დავითი – მეფე, ვერც თავადებმა დაიბრუნეს მამულები და ვერც ფე-ეს-ბე-მ დაიჭირა “ოქროს თევზი” ამღვრეულ წყალში.
…მაგრამ ბატონმა მინისტრმა, რა თქმა უნდა, არ თქვა, ან, უბრალოდ, არ ჩათვალა საჭიროდ, ეთქვა, იქნებ არც მიაქცია ყურადღება (ნაკლებ სავარაუდოა), რომ პროექტი “ვარდისახარმა” ჩააგდო.

დიდ პოლიტიკასა და ფე-ეს-ბე-ს თავი რომ დავანებოთ, ამ პროექტს თავისი ადამიანური მხარე აქვს – დრამა, რომლის სიუჟეტი შუასაუკუნეების შესაბამისი სცენარით განვითარდა და პირდაპირ ზედგამოჭრილი აღმოჩნდა დღევანდელი ნათავადარი ქართველებისათვის.

უფლისწული, რომელიც საქართველოს გადაარჩენდა…
სამეფო ქორწილამდე ერთი წლით ადრე (შეიძლება უფრო მეტითაც) ქართულ პრესაში დროდადრო იწერებოდა სტატიები იმის თაობაზე, რომ კარგი იქნებოდა საქართველოში სამეფო დინასტია აღდგენილიყო კონსტიტუციური მონარქიის ფარგლებში.
რატომაც არა?!

ქართველი მეფეები ხომ ბიბლიური წარმშობისა იყვნენ და არიან – “ჩვენ, იესიან, დავითიან, სოლომონიან ბაგრატიონები!” ფაქტია, რომ ასეთი ძველი სამეფო დინასტია მსოფლიოში არ არსებობს და ამას ყველა ისტორიკოსი აღიარებს – ქართველიც და უცხოელიც.

ბაგრატიონების ტახტის აღდგენის შესაბამისად, დაკანონდებოდა თავადაზნაურთა უფლებებიც იმ მამულებზე, რომლებიც მონარქიის პერიოდში ჰქონდათ. სანამ პრესაში კონსტიტუციური მონარქიის ავკარგიანობაზე ბჭობდნენ, ნათავადარი ქართველები დოკუმენტებს აგროვებდნენ თავიანთ ადგილმამულებზე. “სამეფო კლუბი”, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაარსდა, უმთავრესად ამ საკითხებით იყო დაკავებული. თავადებმა ყველაფერი მოიძიეს, დოკუმენტები წესრიგში მოიყვანეს, ერთმანეთთან შეაჯერეს და საქართველოს მიწებიც განაწილდა: მეფეს – თავისი, თავადებს – თავისი. ჩამოყალიბდა სამეფო კარის პრივილეგიებიც: ზოგი ბრწყინვალე თავადია, ზოგი – ნაკლებად ბრწყინვალე, ზოგსაც რაინდის ტიტული აქვს. ეს უკანასკნელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია სცენარში, რადგან რაინდობის ტიტული უბრალო მოკვდავს, ანუ არათავადური გვარის მქონესაც შეეძლო მიეღო სამშობლოს წინაშე დამსახურებისათვის.

რაინდობის ტიტულის მინიჭება, როგორც ცნობილია, ჩოხოსნების პრეროგატივაა. სწორედ ორ ახლადხელდასხმულ რაინდს (მათ სახელებსა და გვარებს არ ვასახელებთ) დაევალათ დიდი მისიის შესრულება, რომლის შესახებაც ქვემოთ ვიტყვით. ახლა კი ისევ წარსულში დავბრუნდეთ:

პუბლიკაციები პრესაში გრძელდება და, შეიძლება ითქვას, სულ უფრო ინტენსიური ხდება – კონსტიტუციური მონარქიის ხიბლი სხვადასხვა რაკურსით და დოზირებულად მიეწოდება მკითხველს. მთელ ამ ეპოპეაში ყველაზე მომხიბვლელი უფლისწულის დაბადება და აღზრდა აღმოჩნდა… პატარა უფლისწული საპატრიარქოში უნდა გაზრდილიყო და სათანადო (მეფური აღზრდის) შემდეგ, როდესაც სრულწლოვანი გახდებოდა, სრულიად საქართველოს მეფედ აკურთხებდნენ. ქართველები ემოციური ხალხი ვართ და პატარა უფლისწულის შესაძლო დაბადებამ ყველას სენტიმენტალური ცრემლი მოგგვარა. იქნებ, სწორედ ის პატარა უფლისწული გამხდარიყო მეორე დავით აღმაშენებელი…

ერთი სიტყვით, საზოგადოება, მთლიანად თუ არა, დიდი ნაწილი მაინც მზად იყო პატარა უფლისწულის შესახვედრად და შესაყვარებლად.

ამ პროექტის განსახორციელებლად, ცხადია, სამეფო წყვილი უნდა შერჩეულიყო, რაც იოლი საქმე არ გახლდათ, მაგრამ უფლისწულის დაბადების ხიბლი იმდენად დიდი იყო, რომ ხალხი ბევრ რამეზე დახუჭავდა თვალს. ბრწყინვალე თავადებმა თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ აიღეს სამეფო წყვილის შერჩევა, გადახედეს სამეფო გენეოლოგიას და სადედოფლოც აღმოაჩინეს. მართალია, მომავალ დედოფალს უკვე ჰქონდა ოჯახი, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, როცა სამშობლოს ბედი წყდება?!

გულუბრყვილო ანა და ცბიერი თავადები
ეს უფრო ზღაპარს ჰგავს (ოღონდ არა “ჰეფი ენდით”), ვიდრე სინამდვილეს და შეიძლება, ასეც დავიწყოთ: იყო ანა, ერთი ჩვეულებრივი თბილისელი ქალი, ასწავლიდა ერთ ჩვეულებრივ თბილისურ სკოლაში ქართულ ლიტერატურას, ჰყავდა ორი შვილი და მეუღლე… მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ქმარმა ოჯახი დაუტევა და მონასტერში წავიდა, როგორც ამბობენ, ბერად აღიკვეცა და დარჩა ანა მარტო. მარტოობა კი ყოველთვის ძნელია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც ახალგაზრდა ხარ. ამბობენ, ანა “ვიღაცას” ხვდებოდაო, ეს “ვიღაც” უყვარდა და სულ სხვა გეგმები ჰქონდა სამომავლოდო.

ერთ დღესაც, მოწმენდილ ცაზე, მეხის გავარდნასავით, ბრწყინვალე თავადები ანას იბარებენ, ახსენებენ, რომ ბაგრატოვანთა სამეფო გვარის მემკვიდრეა და ეუბნებიან: – ქორწილისათვის მოემზადეო. ანა უარზეა, ბრწყინვალე თავადები კი დაჟინებით ითხოვენ, უმტკიცებენ, არწმუნებენ, რომ ქვეყნის წინაშე ვალი უნდა მოიხადოს და სწორედ მას ერგო ეს დიდი მისია. ანას დაყოლიება ძნელია, მაგრამ ბრწყინვალე თავადები უკან არ იხევენ და საქართველოს დიდი დედოფლების ცხოვრების მაგალითები მოჰყავთ და ანას ვალდებულს ხდიან, რომ დასთანხმდეს და საქართველოს მომავლისათვის მსხვერპლი გაიღოს… ანა ფარ-ხმალს ჰყრის და სამეფო ბედს ემორჩილება.

ამის შემდეგ ბრწყინვალე თავადები საქმროს ძიებას იწყებენ ბაგრატოვანთა სამეფო გვარიდან. არც ეს საქმე აღმოჩნდა იოლი – რამდენიმე მემკვიდრემ უარი განაცხადა, ზოგიც თვალში არ მოუვიდათ მაძებრებს და არჩევანიც არ იყო დიდი. ბოლოს, ისევ ესპანელ დავით ბაგრატიონზე შეჩერდნენ, რომლის მამა, პროფესიით მექნიკოსი (მისი მოვალეობა იყო ავტორბოლებისათვის მანქანები გამართული ყოფილიყო) საქართველოში არაერთხელ იყო ნამყოფი. ასე რომ,  დავით ბაგრატიონი, ასე თუ ისე, საქართველოს იცნობდა და სიხარულით მიიღო ბრწყინვალე თავადების შემოთავაზება. დავით ბაგრატიონი საქართველოში ჩამოჰყავთ და ქართულ სინამდვილეს აჩვევენ.

ასე “გამოცხვა” სამეფო წყვილი, რომელსაც უფლისწული უნდა ეშვა საქართველოსათვის. ბრწყინვალე თავადებმა თავისი მისია შეასრულეს და ჯერი რაინდებზე მიდგა.

ბრწყინვალე თავადები ორ ახლადგამომცხვარ რაინდს იბარებენ და საგანგებო დავალებას აძლევენ – მის უწმინდესობას, საქართველოს პატრიარქს უნდა შეხვდნენ და უთხრან, რომ ანასა და დავითს ერთმანეთი შეუყვარდათ და დაქორწინება სურთ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანას ჯვარი უკვე ჰქონდა აყრილი, რადგან მეუღლე ბერად შედგა.

“ვარდისახარი” მომავალი მეფისათვის
სანამ ქორწილი დაინიშნება, დავითი და ანა ერთმანეთთან ნაკლებად ურთიერთობენ, როგორც ჩანს, ანას ამის დიდი სურვილი არ აქვს. რაც შეეხება დავითს, არც ის ახევს კალთებს. სწორედ ამ პერიოდში, სად იყო და სად არა, სცენაზე ჩნდება მსახიობი შორენა. მეფეთა წესის თანახმად, თვალ-ტანად ამოდსაცქერი ვნებიანი შორენა დავითის ხარჭა ხდება და მათ შორის “მღელვარე რომანი” ჩაღდება.

ჯერ-ჯერობით სამეფო ქორწილის ოფიციალური თარიღი არ ცხადდება, მაგრამ სათავადაზნაურო კულუარებში დიდი მითქმა-მოთქმა იწყება. ნაწილი თავადებისა ამ ქორწილის მომხრე არაა, მაგრამ ისინი უმცირესობაში არიან და ამინდს ვერ ქმნიან. რაც ყველაზე მთავარია – ანა და დავითი ყაბულს არიან, ჯვარი დაიწერონ. რაოდენ გასაკვირი უნდა იყოს, ამ ქორწილის წინააღმდეგნი დავითის მამიდები არიან და აცხადებენ, რომ სამეფოდ გამზადებული დავითი – არც მეტი და არც ნაკლები – სადისტია(?!) მოგვიანებით, მეფის ხარჭა `ვარდისახარი~, “სიმართლის დროში” იტყვის, მეფე მცემდაო და წაუტირებს კიდეც, მაგრამ ამაზე მოგვიანებით…

ძალიან მალე ოფიციალურად ცხადდება ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის სამეფო ქორწილი და ეს ხდება მაშინ, როდესაც ხელისუფლება და ოპოზიცია სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირებას აპირებს ერთ თვეში.

ოფიციალური განცხადების შემდეგ, დავითის მამიდა მარიამ ბაგრატიონ-მუხრანელი ოფიციალურ წერილს აგზავნის და აღნიშნავს, რომ დავითის მამა, ხორხე ბაგრატიონი, მეფე ერეკლეს მიერ განდევნილი და მოკვეთილი იყო… თუ საქართველოში კონსტიტუციური მონარქია დაარსედება, მაშინ დავით ბაგრატიონი თვითმარქვია მეფე გამოდისო… ტახტის მემეკვიდრე მე გახლავართო და ასე შემდეგ, მას მხარი დაუჭირა ბაგრატიონთა მონარქისტული მოძრაობის “სამეფო გვირგვინის” მეურვემ ია ბაგრატიონ-მუხრანელმაც.

მიუხედავად სამეფო სკანდალებისა, 2009 წლის 11 თებერვალს, სამების დიდ ტაძარში დიდი ზარზეიმით ტარდება სამეფო ჯვრისწერა, პატრიარქი გერმანიაში იმყოფება, შეუძლოდ არის და სამეფო წყვილს ჯვარს სხვა წერს.

ჯვრისწერის შემდეგ, სამეფო წყვილი ბრწყინვალე თავადებისა და რაინდების ამალითურთ შერატონში იხდიან ქორწილს, ეს დიდი მისია ლევან ვასაძეს დაეკისრა. სამეფო ქორწილი, როგორც ამბობენ, 50 000 დოლარი დაჯდა.
9 აპრილს, პარლამეტის წინ რადიკალური ოპოზიცია გროვდება, კარვებს ცემენ და გულზე მჯიღების ცემით შეურიგებელ, უკომპრომისო (მაგრამ მშვიდობიან) ბრძოლას იწყებენ სააკაშვილის გადასგდებად… როგორ განვითარდა მოვლენები, ყველასათვის ცნობილია და ეს უკვე აღარ არის მნიშვნელოვანი.

არშემდგარ სამეფო ისტორიაში კი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი მეფის ხარჭას “ვარდისახარს” ერგო.

მეფის საყვარელი შორენა “პრაიმ-თაიმში”
როდესაც ოპოზიციისა და ხელისუფლების დაპირისპირება აქტიურ ფაზაში შედის, ქართული პრესის ბაზარზე გამოდის დასავლური ტიპის ტაბლოიდი, ახალი გაზეთი “პრაიმ-თაიმი”, რომელშიც წამყვან მასალად, პირველ გვერდზე მეფე დავითისა და მისი საყვარლის, შორენა ბეგაშვილის სურათია. უნდა ითქვას, რომ ამ სტატიამდე შორენა ბეგაშვილს ცოტა თუ იცნობდა და, ისიც უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ სტატიის შემდეგ გახდა პოპულარული მსახიობი შორენა (მოგვიანებით, “პრაიმ-თაიმის” რედაქტორმა “ნანუკას შოუში” თქვა, რომ ამ სკანდალის აგორება მათ ინგლისელმა კონსულტანტმა ურჩია).

სკანდალი, მართლაც, დიდი იყო და ზუსტად ის შედეგი გამოიღო, რასაც “სცენარისტები” ელოდნენ – ანა ბგრატიონ-გრუზინსკიმ “მეფე” დავითი მიატოვა და სახლს და ორ შვილს დაუბრუნდა. `მეფე~ დავითი თავის ხარჭას, ვნებიან “ვარდისახარს” რომანის გაგრძელებას სთხოვდა, მაგრამ არ გამოუვიდა, შორენამ უარი სტკიცა დავითს, აღარ ისურვა “მეფესთან” რომანის გაგრძელება. თუ ლოგიკას მივყვებით, მისი მისია უკვე ამოწურული იყო – სამეფო წყვილი ერთმანეთს დაშორდა და კონსტიტუციური მონარქიის იდეაც, ალბათ, სამუდამოდ დაიმარხა.

რამდენად იმოქმედა შორენამ ოპოზიციის გეგმებზე, სადავოა, მაგრამ კონსტიტუციური მონარქიის შესაძლო დაარსება რომ დღის წესრიგიდან ამოვარდა, უდავოა. დამთხვევა იყო ეს თუ შემთხვევით მოხდა, ამის დამტკიცება დოკუმენტებით ძნელია, მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებამ ერთი “მტერი” კონსტიტუციური მონარქიის მომხრეთა სახით შორენას მიერ გაწეული “ღვაწლის” წყალობით გზიდან ჩამოიშორა.

ახალი ტელესახე – შორენა
“პრაიმ თაიმისა” და “სიმართლის დროს”, შემდეგ შორენა ბეგაშვილი პიპულარული ხდება და სულ მალე ეროტიკული ვარსკვლავის ტიტულით ჯილდოვდება – “ღამე შორენასთან ერთად” ერთ-ერთი რეტინგული გადაცემაა “იმედზე”. არ იქნება ურიგო, ცოტა რამ შორენას წარმომავლობაზეც ვთქვათ, თუმცა ბევრი არაფერია სათქმელი: ბეგაშვილი ერთი ჩვეულებრივი გლეხური გვარია, რუსთაველმა გოგონამ ცოტა ცხვირი დაითხელა, ცოტაც ტუჩები დაიბერა, ვნებიანი სახე მოირგო და “მეფის” საყვარელი გახდა. წარმომავლობა და ოჯახიშვილობა მეტის შანს არ აძლევდა.

მეფის შთამომავლის, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისაგან განსხვავებით, გლეხის ქალი შორენა უფრო საზრიანი აღმოჩნდა და ფსონი იმაზე დადო, რისგანაც შედეგს ელოდა და კარიერაც ისეთი “გაირტყა”, რასაც გაწვდებოდა. ღამე შორენასთან ყველა მამაკაცს მოუნდა და არა მარტო – ტელეეთერთან…
დედოფალი ანას ისტორია კი გაცილებით პროზაულად დამთავრადა… ისევ ჩვეულებრივი სკოლა და ქართული ლიტერატურის რიგითი მასწავლებელი.

P.S. თუ ბატონი შს მინისტრი აცხადებს, რომ სამეფო ქორწილი ფე-ეს-ბე-ს პროექტი იყო, ძნელი მისახვედრი არაა, ვისი პროექტია შორენა ბეგაშვილი…

მარიკა კახაძე
გაზეთი “ქართული სიტყვა”

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s