ჩემი სტატიები

სამეფო კლუბის ახალი ერა


საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ტიტულოვან და XX საუკუნის საუკეთესო კლუბს არცთუ იოლი დროება უდგას. მას შემდეგ, რაც 2003 წელს მადრიდის “რეალი” ვისენტე დელ ბოსკემ დატოვა, გუნდმა 9 მთავარი მწვრთნელი გამოიცვალა, დახარჯა უამრავი ფული სატრანსფერო ბაზარზე და შედეგად ის მიიღო, რომ წლიდან წლამდე სამარცხვინო კრახს განიცდის ევროპულ სარბიელზე. როგორი იქნება ახალი “ბლანკოსი” ? როგორ თამაშს შესთავაზებს ის გულშემატკივარს მომდევნო სეზონში ? ვინ შეავსებს “ნეო-გალაქტიკოსის” შემადგენლობას ? ყველაფერ ამაზე ქვემოთ მოგითხრობთ.

უდავოა, ყველაზე მნიშვნელოვან სიახლედ ჟოზე მოურინიოსთან კონტრაქტის გაფორმება იქცა. ამ თემაზე უკვე საჭიროზე მეტი ისაუბრეს, ამიტომ რაიმე ახალს ვერაფრით დავამატებ, ნათქვამის გამეორებაში კი აზრს ვერ ვხედავ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ გუნდის სათავეში ერთ-ერთი საუკეთესო, და, შესაძლოა, საუკეთესოც, სპეციალისტი მოვიდა. იყო თუ არა ეს სწორი გადაწყვეტილება – დრო გვიჩვენებს, მაგრამ უკვე ახლავე ნათელია, რომ ყველაფერი შეიცვლება. პირველ რიგში, ამიერიდან მთავარი მოურინიო იქნება და არა პერესი. სწორედ ჟოზე, და არა ფლორენტინო, გადაწყვეტს, რომელი ფეხბურთელი შეიძინოს და რომელი გაუშვას გუნდიდან. ბევრისთვის ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ კლუბი აღარ ყიდულობს სუპერვარსკვლავებს ასტრონომიული თანხების საფასურად. მოუმ თავიდანვე ნათლად განაცხადა, რომ არ სურს, გადაიხადოს მოთამაშეში იმაზე მეტი, ვიდრე ის ნამდვილად ღირს. ამიტომ, “ნეო-გალაქტიკოსს” წელს აღარ შეუძლია, განახორციელოს გამაოგნებელი ტრანსფერები. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ “განსაკუთრებულმა” აბსოლუტურად გულახდილად აღნიშნა ის პოზიციები, რომელთა გაძლიერებასაც მიიჩნევს საჭიროდ და, რამდენიმე შემთხვევაში, საკუთარი ინტერესის სფეროში მოქცეული ფეხბურთელების გვარებიც დაასახელა, მედიამ მაშინვე დაიწყო უზარმაზარი სიის შედგენა, რომელიც, მათივე თქმით, მადრიდის “რეალის” პოტენციური სამიზნეებით იყო დაკომპლექტებული. თავად მოგეხსენებათ, მთავარია, ამ გუნდს გულშემატკივრობდე და, სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე, მოსაწყენად საქმე ნამდვილად არ გექნებათ. ეს კი მოურინიოს “რჩეულთა” არასრული ჩამონათვალი: მაიკონი, გლენ ჯონსონი, კივუ, ვიდიჩი, ჯერარდი, შვაინშტაიგერი, დე როსი, დავიდ ლუისი, ფაბიუ კოენტრაუ, დავიდ სილვა, კიელინი, ვან პერსი, ეშლი კოული, კლიში, ხავი მარტინესი, ვარგასი, ტიაგუ მოტა, კოლაროვი, მიულერი, ოზილი… მართლაც შთამბეჭდავია. მაგრამ ამ მომენტამდე მხოლოდ სამი ტრანსფერი შედგა – სერხიო კანალესი, ანხელ დი მარია და პედრო ლეონი. ესეც მცირე ინფორმაცია მათზე…

ანხელ ფაბიან დი მარია ერნანდესი, ასე ჟღერს ფეხბურთელის სრული სახელი და გვარი. ის მადრიდის “რეალში” “ბენფიკიდან” გადავიდა, სადაც სამი სეზონი დაჰყო. სატრანსფერო თანხამ 25 მილიონი ევრო შეადგინა, არგენტინელმა კი ექვსწლიანი ხელშეკრულება გააფორმა კლუბთან. რეალურია თუ არა ეს თანხა ? ბევრი ფიქრობს, რომ კი, ის საკმაოდ კარგად თამაშობს ეროვნულ ნაკრებში. მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ ანხელი გარემარბია, მარადონა კი მას ფლანგზე მოთამაშე ნახევარმცველად იყენებს. ამიტომ, მისი განსჯა, თუნდაც ამ მუნდიალის მიხედვით, შეუძლებელია. საკლუბო ეტაპზე ყველაფერი სხვაგვარადაა – “ბენფიკაში” დი მარია ნამდვილი ლიდერი გახლდათ და დიდწილად სწორედ მისი დამსახურებაა, რომ ამ გუნდმა პორტუგალიის ჩემპიონატის მოგება მოახერხა, ხოლო თავად ანხელიტოს საუკეთესო მოთამაშის ტიტული ერგო. ის საოცრად სწრაფია, ფლობს შესანიშნავ ტექნიკას, აქვს კარგად დაყენებული დარტყმა, რასაც ემატება ზუსტი გადაცემის გაკეთების უნარი და, რა თქმა უნდა, ბრწყინვალე დრიბლინგი. ის მშვენივრად გრძობს თავს როგორც მარცხენა, ისე მარჯვენა ფლანგზე. ბევრი მიიჩნევს, რომ მადრიდის “რეალი” ვერ შეძლებს დი მარიას ტალანტის განვითარებას და ძნელია, მათ არ დაეთანხმო, თუ ახლო წარსულიდან არიენ რობენისა და უესლი სნეიდერის შემთხვევებს გაიხსენებ, მაგრამ მხედველობაში მისაღებია ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი – ჟოზე მოურინიო, რომელიც მათ რიცხვს მიეკუთვნება, ვისაც ნიჭიერი მოთამაშისგან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოძერწვა შეუძლია, ეს კი “ლოს ბლანკოსს” ჰაერივით სჭირდება.

ნეო-გალაქტიკოსის” კიდევ ერთი ახალი წევრი სანტანდერის “რასინგის” ახალგაზრდა კანტერანო – 19 წლის სერხიო კანალესი გახდა. “რეალმა” შეიძინა ფეხბურთელი, რომელიც არც ვარსკვლავი ყოფილა და არც ევროპულ არენაზე გამოუჩენია თავი, ეს კი, დამეთანხმებით, მისთვის მართლაც უჩვეულოა. კანალესი “რასინგის” აღზრდილია და სწორედ ამ კლუბში დაიწყო პროფესიონალური კარიერა. ის სწრაფად მოერგო პრიმერა დივიზიონს და პირველივე სეზონში 6 გოლის გატანა მოახერხა, რომელთა შორისაც “სევილიასთან” მატჩში გაფორმებული დუბლიც შედის. გულშემატკივართა სიყვარულმაც არ დააყოვნა, ისევე, როგორც ევროპული გრანდების დაინტერესებამ – მისი შეძენის სურვილი “მანჩესტერ იუნაიტედმა”, “არსენალმა”, “ჩელსიმ” გამოთქვეს, თუმცა თავად არჩევანი “ლოს ბლანკოსზე” შეაჩერა. სერხიო შემტევი ნახევარმცველია, ფლობს ბრწყინვალე ტექნიკას და შესანიშნავ გადაცემის გაკეთების უნარს. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ის მომდევნო სეზონს კვლავ სანტანდერში გაატარებდა, მაგრამ მოურინიომ სხვა გადაწყვეტილება მიიღო. გასაგებია, რომ მას ძირითად შემადგენლობაში თამაში არ მოუწევს, რადგან კონკურენტად თავად კაკა ჰყავს, მაგრამ საკუთარ შანსს აუცილებლად მიიღებს, მოუს ყოველთვის სწამს ახალგაზრდა ფეხბურთელების, ყველაფერი მხოლოდ მისსავე ხელში იქნება. მეტიც, თუ ბრაზილიელი ისევე გააგრძელებს თამაშს, როგორც ამას გასულ სეზონში აკეთებდა, ალბათ, არავის გაუკვირდება, თუ ახალგაზრდა კანალესი მისი სასტარტო შემადგენლობიდან ამოგდებას მოახერხებს.

მადრიდის “რეალის” ორი ლეგენდარული ფეხბურთელის, მიჩელისა და დევიდ ბექჰემის მემკვიდრედ შერაცხული პედრო ლეონი კლუბმა პირადად ჟოზე მოურინიოს მოთხოვნით შეიძინა. მასზეც იმავეს თქმა შეიძლება, რისიც დი მარიასა და კანალესზე – მიუხედავად ასეთი თამამი შედარებებისა, ახალგაზრდა ესპანელი კაშკაშა ვარსვლავად არ ითვლება. “ლოს ბლანკოსმა” “ხეტაფეს” 10 მილიონი ევრო გადაუხადა, ფეხბურთელმა კი ექვსწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ლეონი შესანიშნავად თამაშობს ორივე ფეხით, მოქმედებს ორივე ფლანგზე, თუმცა, როგორც წესი, მარჯვნივ განლაგება ურჩევნია. მას აქვს ბრწყინვალე სისწრაფე და უძლიერესი, საოცრად გამოზომილი დარტყმა, გარდა ამისა, შეუძლია დიდოსტატურად შეასრულოს სტანდარტები. “ხეტაფეში” იგი მიჩელის სურვილით აღმოჩნდა და “რეალის” ლეგენდარული ნახევარმცველი არ შემცდარა – მადრიდელებმა კლუბის ისტორიაში მეორედ მოიპოვეს “ევროპის ლიგის” საგზური, რაც, სხვებთან ერთად, პედროს დამსახურებაც გახლდათ. გასულ სეზონში მან 9 – ჯერ მოახერხა თავის გამოჩენა და გუნდის ერთპიროვნულ ლიდერად ჩამოყალიბდა. მას განვითარების ძალიან კარგი საფუძველი და უზარმაზარი პოტენციალი აქვს, თანაც თამაშობს პოზიციაზე, რომლის გაძლიერებაც “ლოს ბლანკოსს” ძალზე სჭირდება.

სავარაუდოდ, ჟოზე მოურინიო კიდევ ორ ფეხბურთელს, საყრდენ ნახევარმცველსა და ცენტრალურ მცველს შეიძენს. პრაქტიკულად დასრულებულია მოლაპარაკებები სამი ხედირას ტრანსფერის შესახებ, მეორე ამპლუის მოთამაშეზე კი თითქმის არაფერია ცნობილი, თუმცა ყველაზე რეალურ კანდიდატად ნემანია ვიდიჩს ასახელებენ.

უვკე ვიცით, რომ “რეალი” მომდევნო სეზონში 4-2-3-1 და 4-3-3 სქემებით ითამაშებს. მოდით, თანმიმდევრულად მივყვეთ ყველაფერს.

დაცვა: მეკარის პოზიციას, რა თქმა უნდა, იკერ კასილასი შეინარჩუნებს. ასევე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მარჯვენა მცველი სერხიო რამოსი იქნება. დაცვის ცენტრში რაულ ალბიოლი ან პეპე იმოქმედებენ, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერთად, ვინაიდან თითქმის გადაწყვეტილია რომელიმე უმაღლესი კლასის ცენტრალური მცველის შეძენა, იქნება ეს ვიდიჩი, დავიდ ლუისი, კიელინი თუ სხვა. მარცხენა ფლანგზე ალვარო არბელოასა და მარსელოს კანდიდატურები განიხილება, უპირატესობა, დაცვაში კარგი თამაშის ხარჯზე, ალბათ, ესპანელს ხვდება წილად.

ნახევარდაცვა: აქ ყველაფერი მშვენივრადაა. ფლანგებზე კრიშტიანუ რონალდუ და ანხელ დი მარია განლაგდებიან, ცენტრში – კაკა, რომელსაც ჟოზე ენდობა. ასევე, ჩაბი ალონსო და, შესაძლოა, ხედირა, თუ, რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება. ამას გარდა, რეზერვში დარჩებიან კანალესი, გრანერო, პედრო ლეონი, ვან დერ ვაარტი და ლასი.

თავდასხმა: გუნდის საუკეთესო ფორვარდად უკანასკნელ წლებში გონსალო იგუაინი ჩამოყალიბდა. მას კონკურენციას ბენზემა გაუწევს, თუმცა, რამდენად შეძლებს ძირითად შემადგენლობაში ფეხის მოკიდებას, უცნობია. მოუს რესურსი “კასტილიიდანაც” ექნება, მაგრამ უმთავრეს როლს, ალბათ, “პიპიტა” შეინარჩუნებს.

ესეც სავარაუდო სქემები:


Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s