ისტორია

ლავრენტი ბერია


ნინო ყიფშიძე – ლავრენტი ბერიას საქმიანობა და ცხოვრებისეული დეტალები


“მესმის, რომ საშინელი დანაშაულებები ჩავიდინე, მაგრამ მე ნიჭიერი ორგანიზატორი ვარ, ამიტომაც მგონია, სასარგებლო ვიქნები პარტიისა და ხელისუფლებისთვის, რის გამოც ვითხოვ შეწყალებას!“ _ ეს სიტყვები ლავრენტი ბერიამ განაჩენის გამოტანის დღეს წარმოთქვა. თუმცა სასამართლომ მას 1953 წელს დახვრეტა მიუსაჯა როგორც სამშობლოს მოღალატეს, საქმეების გამყალბებელს, ფალსიფიკატორს, ასობით უდანაშაულო ადამიანის მკვლელს და მან სიცოცხლე ისევე დაასრულა, როგორც მის მიერ ბრალდებულმა უამრავმა ადამიანმა.
საბოლოო განაჩენამდე ლავრენტი ბერიამ საკმაოდ დიდი გზა განვლო და “ტირანის“, “სისხლისმსმელის“, “ჯალათის“ სახელიც დაიმსახურა.
ლავრენტი ბერია 1899 წელს სოხუმთან ახლოს, სოფელ მერხეულში, ღარიბი გლეხის ოჯახში დაიბადა. ბერიას თავისი ისტორიის მასწავლებელმა ერთხელ უთხრა: – შენგან, ლავრენტი, დადგება ზელიმხანივით გამოჩენილი კავკასიელი აბრაგი ან, როგორც რუსი პოლიციელი, ფუშეზე (ფრანგი პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე, ნაპოლეონის თანამებრძოლი და პოლიციის მინისტრი) არანაკლები იქნებიო.
ბერია გახდა ერთიც და მეორეც. ბაქოს იატაკქვეშეთსა და 1920-1921 წლებში მენშევიკურ საქართველოში იგი იყო წითელი აბრაგი, ხოლო შემდეგ, 15 წლის განმავლობაში, “ფუშე“. ბერია ამაყობდა, რომ სასწავლებელში, რომელიც 1915 წელს დაამთავრა, “მეძებარს“ ეძახდნენ. სასწავლებელში ხშირად იყო ქურდობის შემთხვევები: მასწავლებლებს ეკარგებოდათ ფული, საქაღალდეები; მოსწავლეებს – სხვადასხვა წვრილმანი. ლავრენტი გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ იწყებდა მათ ძებნას და, როგორც წესი, დანაკარგს თითქმის ყოველთვის პოულობდა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან უმეტესად თვითონ გახლდათ ქურდი.
ბერიას მიერ ჩადენილი ქურდობის ერთი შემთხვევა სოხუმის ყველა სასწავლებელში გახმაურდა. კლასის დამრიგებელი მოსწავლეთა ყოფაქცევის შესახებ ჩანაწერს აწარმოებდა. ბერიამ მთელი მისი “არქივი“ მოიპარა, რომელსაც შემდეგ შუამავალთა მეშვეობით მოსწავლეებზე ყიდდა. ამ ფაქტის გამო მასწავლებელმა კინაღამ სამსახური დაკარგა. ძიებამ დამნაშავე ვერ დაადგინა.
ბერიამ სიყმაწვილეში შეისისხლხორცა პოლიციური ფილოსოფია: “დასმენის სიყვარული და დამბეზღებელთა სიძულვილი“. თვითონ არავის აბეზღებდა, მაგრამ თუ ვინმეზე ჯავრის ამოყრას გადაწყვეტდა, მის შესახებ რაიმე მაკომპრომეტირებელს, სიცრუე იქნებოდა ეს თუ სიმართლე, მოუყვებოდა ისეთ მოსწავლეს, რომელსაც იცნობდა, როგორც დამსმენს. ეს ხასიათი შემდეგშიც გაჰყვა…

გზა აღმავლობისკენ…

ერთი დოკუმენტის მიხედვით ბერია ბოლშევიკების პარტიაში 1917 წელს შევიდა (სინამდვილეში პარტიის წევრი იგი 1919 წ. გახდა). ბაქოში მოღვაწეობის წლებში ბერია თავბრუდამხვევ პოლიციურ კარიერას იქმნის, ერთდროულად ოთხი – საბჭოთა, მუსავატური, თურქული და ინგლისური დაზვერვის
თანამშრომელია (სწორედ ამიტომ მას მოგვიანებით `საერთაშორისო იმპერიალიზმის აგენტი~ უწოდეს). მუსავატებთან ბერია დააკავშირა სტუდენტობისდროინდელმა მეგობარმა, ბაქოელმა მირზა ბალამ, რომელიც შემდეგ აზერბაიჯანის დამოუკიდებელი რესპუბლიკის ცნობილი მოღვაწე გახდა. მირზა ბალამ ბერია გააცნო ბაქოს საქალაქო პოლიციის უფროს მირ-ჯაფარ ბაგიროვს. ბაგიროვი ამავე დროს საბჭოთა აგენტიც იყო. აქედან მოყოლებული ბერია და ბაგიროვი განუყრელნი არიან პოლიტიკური კარიერის გზაზე. აღსანიშნავია, რომ ისინი ბოლოს ერთი ბრალდებით დახვრიტეს (თუმცა ბაგიროვი ერთი წლით გვიან). ინფორმაციას, რომელსაც ბერია მუსავატური დაზვერვისთვის აწვდიდა, ბაგიროვი წითელი არმიის მე-10 შტაბში გზავნიდა.
არმიის შტაბში ყურადღება მიაქციეს, რომ ამ არხიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფორმაციები მოდიოდა, ამიტომ ბაგიროვს შესთავაზეს ბერიას წმინდა სამხედრო დაზვერვის ხაზით “სპეციალიზაცია“.
ბერიამ ქართულ ენაზე დაწერა პოლიტიკური ტრაქტატი იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შექმნილიყო საბჭოთა სამხედრო დაზვერვა ბაქოში და გაუგზავნა ეროვნებათა სახალხო კომისარ სტალინს, რომელიც იმჟამად ცარიცინში იმყოფებოდა. მალე ბერია გამოიძახეს ცენტრალური კომიტეტის რეზიდენტთან – მიქოიანთან. ბერიას და მიქოიანს პოლიტიკაში აერთიანებდათ კარიერისტის თანდაყოლილი ალღო და ჯაშუშის გენიალური ნიჭი. სხვა მხრივ ისინი ანტიპოდები იყვენენ. ბერია ბაქოს იატაკქვეშეთში უცხოეთის დაზვერვის განხრით მიქოიანის თანაშემწედ მუშაობდა. მას არა მარტო მიქოიანის, არამედ ძერჟინსკის გვერდის ავლითაც უშუალო კავშირი ჰქონდა სტალინთან. იგი თანდათობით გახდა სტალინის მნიშვნელოვანი ინფორმატორი. მიქოიანმა იცოდა, რომ ბერია მის შესახებაც აწვდიდა ინფორმაციას სტალინს და გადაწყვიტა, თავი დაეცვა ბერიას პოლიტიკური მანქანისაგან. ამისთვის მან გამოძებნა უტყუარი საშუალება: ყოველ პოლიტიკურ მოხსენებას, რომელსაც მოსკოვში, ცენტრალურ კომიტეტსა და ჩეკაში აგზავნიდა, როგორც “ნდობით აღჭურვილ პიროვნებას“, ბერიას აცნობდა. ამ მოხსენებაში კი ბერია წარმოდგენილი იყო, როგორც უძვირფასესი მუშაკი. მიქოიანის ჩანაფიქრი გამართლდა – ბერიამ დაიწყო სტალინის თვალში მიქოიანის პოლიტიკური ქმედებების ცამდე აყვანა. ამით იგი საკუთარი პერსონის მიქოიანისეულ შეფასებას მატებდა ფასს.
წითელი არმიის მიერ აზერბაიჯანის ოკუპაციის შემდეგ, 1920 წლის მაისში, ბერიამ ბაქოს სახელმწიფო პოლიციის სამმართველოს უფროსის, თავისი ძველი მფარველის – ბაგიროვის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. 1921 წ. იანვარს ბაქოში არსებული ორჯონიკიძის შტაბიდან ბუდუ მდივანმა თანამემამულეებს მოუწოდა, გაერთიანებულიყვნენ საქართველოს “გასათავისუფლებლად“ მზადმყოფი წითელი არმიის რიგებში. საზღვარგარეთ მცხოვრებ ათასობით ქართველთაგან მხოლოდ ორმა ათეულმა მისცა თანხმობა. მათ შორის იყო ახალგაზრდა ლავრენტი ბერია. მოხალისეთა შესაკრებ პუნქტში ბერია “ჩეკას“ პოლიციურ ნაწილში ჩარიცხეს.
1921 წ. თებერვლის მიწურულს დამოუკიდებელი საქართველო დაეცა. პირველი ორგანიზაცია, რომელიც ბოლშევიკებმა `გათავისუფლებულ~ საქართველოში შექმნეს, საგანგებო კომისია (“ჩეკა“) იყო, მისი პირველი გამომძიებელი კი ლავრენტი ბერია გახლდათ. 1921 და 1922 წლების შემოდგომებზე ბოლშევიკების წინააღმდეგ ორი აჯანყება მოეწყო, რომლებიც სასტიკად ჩაახშეს, მაგრამ სიმშვიდე მაინც არ დამდგარა.
ერთ-ერთი დავალების შესასრულებლად გამგზავრებამდე ჩეკისტებს მეგობრებმა დიდებული გაცილება მოუწყვეს. ჩვეულებისამებრ, მწვადებს კახურ ღვინოს აყოლებდნენ და “საქართველოს წმენდაზე“ საუბრობდნენ. ბანკეტზე იცავდნენ კავკასიურ ეტიკეტს: სუფრას ხელმძღვანელობდა თამადა. სტუმრებს
ემსახურებოდა მერიქიფე. ბოლო ყანწი რომ შეავსეს, თამადამ, რომელიც სხვებზე ნაკლებს სვამდა, დასკვნითი სადღეგრძელო ქართულ ენაზე წარმოთქვა: _ საქართველოში სარეველამ იმძლავრა. საქართველო უნდა გადაიხნას!
– ასეთი იყო მისი ბოლო სიტყვები. ძველმა ქართველმა ბოლშევიკებმა: მდივანმა, მახარაძემ, ორახელაშვილმა უსიტყვოდ შესვეს ღვინო. სუფრის ახალგაზრდა მსახურმა კი თამადას უპასუხა: “სარეველასაც აღმოვფხვრით და საქართველოსაც გადავხნავთო!“ და სასმისი დაცალა. დამსწრეებმა ერთმანეთს გადახედეს, თამადას კი საპასუხო სადღეგრძელო მოეწონა.
თამადა იოსებ სტალინი იყო, ხოლო სუფრის ახალგაზრდა მსახური – ლავრენტი ბერია, რომელიც მეორე დღესვე დაინიშნა “ჩეკას“ უფროსის მოადგილედ. ეს მოხდა 1922 წ. დასასრულს, როცა ბერია მხოლოდ 23 წლის იყო. 1924 წელს საქართველოში აჯანყების ჩახშობის ოპერაციის ხელმძღვანელიც პოლიციური სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი ლ. ბერია გახლდათ. ბერიამ შეასრულა სტალინისთვის მიცემული პირობა, რისთვისაც საქართველოს სახელმწიფო პოლიციური სამმართველოს უფროსად დანიშნეს და წითელი დროშის ორდენითაც დააჯილდოეს.
ამიერკავკასიის ფედერაციის შექმნისთანავე კი ბერია ამიერკავკასიის სახელმწიფო პოლიციური სამმართველოს უფროსის მოადგილე გახდა. სამმართველოს უფროსი პავლუნოვსკი მთლიანად დაემორჩილა თავისი ახალგაზრდა და ენერგიული თანაშემწის ძალაუფლებას, რადგან იცოდა, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელიც სტალინთან წინასწარი მოხსენების გარეშე შედიოდა, ბერია იყო.
მოსკოვში “მემარცხენე“ (ტროცკისტები) და “მემარჯვენე“ (ბუხარინელები) მტრებთან ბრძოლის წარმატებით დასრულების შემდეგაც სტალინი თავის სამშობლოში დიდი პატივით არ სარგებლობდა. ძველი ქართველი ბოლშევიკები, რომელთა შორისაც სტალინის მასწავლებლებიც იყვნენ, არ თვლიდნენ თავიანთ მოსწავლეს ხალხის უცოდველ მამად. ალბათ, ეს იყო მიზეზი იმისა, რომ მათ წინააღმდეგ ბრძოლაში სტალინი და ორჯონიკიძე ხშირად ამჟღავნებდნენ თავიანთ პროვოკაციულ მიზნებს. მაგალითად, ცნობილია, რომ მათ სცადეს საბჭოთა საქართველოსა და რსფს-ს შორის შეექმნათ საბაჟო საზღვრები; აგრეთვე აკრძალეს რუსებზე ქართველთა ქორწინებები. აი, როგორ იგონებს იმ პერიოდის ამბებს ჩვიდმეტწლიანი პატიმრობის შემდეგ რეაბილიტირებული სნეგოვი: “1931 წლის 30 ოქტომბერს საკავშირო კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის ცკ-ს ორგბიუროს სხდომაზე ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის მდივანმა ქართველიშვილმა გააკეთა მოხსენება. სხდომას ესწრებოდა საოლქო აღმასკომის ყველა წევრი, რომელთაგან ცოცხალი მხოლოდ მე დავრჩი. ამ სხდომაზე სტალინმა თავისი სიტყვის დასასრულს შემოიტანა წინადადება ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის სამდივნოს შექმნის შესახებ. პირველი მდივნის თანამდებობაზე ინიშნებოდა ქართველიშვილი, მეორე მდივნად – ბერია… ქართველიშვილმა განაცხადა, რომ ის კარგად იცნობს ბერიას და კატეგორიული წინააღმდეგია, იმუშაოს მასთან ერთად. სტალინმა სხდომას შესთავაზა, ღიად დაეტოვებინათ ეს საკითხი და მოგვიანებით გადაეწყვიტათ. ორი დღის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებით ბერიამ მიიღო პარტიული თანამდებობა, ხოლო ქართველიშვილმა დატოვა ამიერკავკასია.“
საყურადღებოა, რომ ლავრენტი ბერიამ შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის დაწყებამდე სეიფში გადამალა თავისი დოსიე მუსავატურ ორგანიზაციაში მოღვაწეობის შესახებ. სტალინს უყვარდა იმ ადამიანებთან საქმის დაჭერა, რომლებსაც შავბნელი წარსული ჰქონდათ. ბერია მშვენიერი კანდიდატურა იყო ფალსიფიკატორის როლისთვის. სწორედ ამიტომაც ლავრენტი ბერიას ავტორობით ქვეყნდება ბროშურა _ ბოლშევიკური ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ, რომელშიც პირველად ვრცელდება ინფორმაცია ორი რევოლუციური ფრონტის არსებობის თაობაზე. იწერება, რომ რევოლუციურ ფრონტს ქვეყნის შიგნით სტალინი ხელმძღვანელობდა, ხოლო საზღვრებს მიღმა ლენინი. ამის შემდეგ უკვე ბერია საბჭოთა ხელისუფლებისთვის სანდო პირი და იარაღი ხდება.
1937 წელს სტალინის დედა გარდაიცვალა, შვილი ვერ ახერხებს დაკრძალვაზე ჩასვლას, სამაგიეროდ ლავრენტი ბერიას ეძლევა კიდევ ერთი შანსი, გამოადგეს და ასიამოვნოს საკუთარ პატრონს. მწვერვალებისკენ გზა გახსნილია.
ომის დასრულების შემდეგ ლავრენტი ბერია სტალინთან ყველაზე დაახლოებული პირია. ის ახორციელებს დიქტატორის ყველაზე არაადამიანურ ჩანაფიქრებს (ისტორიკოსებში ბერიას ბიოგრაფიულ დეტალებზე აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, ეს მონაცემებიც ერთგვარი ვერსიაა…).

სისხლისმსმელი ტირანი

ლავრენტი ბერიას კისერზეა ასევე ათობით შეთითხნილი საქმე, რომელსაც ქართული ინტელიგენციის დიდი ნაწილი ეწირება. ლავრენტი ბერიას ბრალდებები წინასწარ ჰქონდა გამზადებული. ყველა იმ ადამიანს, რომლის გზიდან ჩამოშორებაც სურდა, კონტრრევოლუციურ საქმიანობაში, ანდა ტერორისტული აქტის მზადებაში ადანაშაულებდა. მიზანს მალე აღწევდა: დაპატიმრებულებთაგან სასურველ აღიარებით ჩვენებებსაც “მიიღებდა“ და ათეულობით ადამიანს სიცოცხლეს ასალმებდა.
ოცდაათიან წლებში ითითხნება ყველაზე სერიოზული ბრალდება, თითქოსდა სტალინისა და ბერიას წინააღმდეგ მზადდებოდა ტერორისტული აქტი “ტროცკისტების“ მიერ. აღნიშნული ბრალდებით ხორციელდება რეპრესიების მთელი სერია. `ტროცკისტებად~ და `კონტრრევოლუციონერებად~ ინათლებიან და ამ საქმეს ეწირება მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, სანდრო ახმეტელი და კიდევ უამრავი უდანაშაულო ადამიანი.
მიხეილ ჯავახიშვილს ლავრენტი ბერიამ მეტეხის ტაძრის დანგრევის გაპროტესტება არ აპატია. ტაძარი გადარჩა, მაგრამ თავად მიხეილ ჯავახიშვილი, “როგორც ხალხის მტერი, ჯაშუში და დივერსანტი“, ჯერ მწერალთა კავშირიდან გარიცხეს, შემდეგ სიცოცხლეს გამოასალმეს.
ბერიას დამსახურებით თავს იკლავს ცეკას ყოფილი მდივანი თენგიზ ჟღენტი. პირადი ანგარიშსწორების მიზნით ლავრენტი ბერია თენგიზ ჟრენტს კონტრრევოლუციურ საქმიანობაში ადანაშაულებს და მის დისკრედიტაციას ეწევა პლენუმებზე. ჟღენტი ამ საქმესთან დაკავშირებით არაერთხელ იკითხება, ბოლოს კი იგი, აბსოლუტურად უდანაშაულო, სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. “ეს შვიდი თვე მე ისე მძირავდნენ, რომ მეტი აღარ შემიძლია, თავს ვიკლავ არა დანაშაულის გამო, არამედ ვეღარ ვუძლებ ამდენ დამცირებას!“ _ თენგიზ ჟრენტი თვითმკვლელობამდე ოჯახის წევრებს ამ შინაარსის წერილს უტოვებს. ბერიას ბრძანებით აპატიმრებენ ჟრენტის მეუღლეს და შვილებს. არც მათ ადგებათ კარგი დღე, რომლებმაც გაბედეს და ჟღენტის ოჯახის წევრებს უბრალოდ მიუსამძიმრეს. ხინთიბიძე, რომელმაც ჟღენტის ვაჟს მიუსამძიმრა, რამდენიმე დღეში დაპატიმრებულ იქნა და მას აწერინებენ აღიარებით ჩვენებას, თითქოსდა ჟღენტის ვაჟს ბერიაზე სურდა მამის გამო შურისძიება. ამ ბრალდებით თენგიზ ჟღენტის შვილს აპატიმრებენ და გადასახლებაში უშვებენ.
ასეთი საქმეები ბერიასთვის პირველი და უკანასკნელი ნამდვილად არ ყოფილა. ლავრენტი ბერიას სახელს უამრავი ადამიანის პირადი ტრაგედია უკავშირდება.

ბერიას სიყვარული და შურისძიება

თინათინ ჯიქია ლავრენტი ბერიას ჯერ კიდევ გათხოვებამდე იცნობდა. იგი ბიძაშვილის სახლში გაიცნო. რის შემდეგაც ბერია ცდილობდა, დაახლოებოდა თინათინ ჯიქიას. ეპატიჟებოდა კინოში, სთავაზობდა სამსახურებრივი ავტომობილით გასეირნებას. თუმცა თინათინი მუდამ თავს არიდებდა ბერიას, რომელიც უკვე დაოჯახებული იყო ნ. გეგეჭკორზე.
ერთ დღეს თინათინ ჯიქია მეგობართან მიდიოდა, გზად ბერია შეხვდა, რომელმაც კიდევ ერთხელ შესთავაზა, ერთად გასეირნება, მაგრამ ამჯერადაც უარი მიიღო. ჯიქია მეგობართან ავიდა. ბერია კი მთელი საღამო ძირს ელოდა, ქალი სახლამდე რომ მიეცილებინა. 1932 წელს თინათინი ვლადიმერ ჯიქიას მიჰყვება ცოლად და ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე სახლდებიან. ბერიაც მათი მეზობელი ხდება.
მაშინ, როდესაც ვლადიმერ ჯიქია სახლში არ იმყოფებოდა, ბერია მის მეუღლეს ურეკავს და ეკითხება, თუ ვინ იყო მასთან ერთად. თინათინ ჯიქიამ მოატყუა ბერიას, თითქოსდა მეგობარ ქალთან ერთად იყო. რამდენიმე წუთის შემდეგ ბერია ჯიქიასთან მიდის წიგნით ხელში და ცდილობს, ძალით შეიჭრას ჯიქიების ბინაში. ამ დროს იგი უკვე ცეკას მდივანია. ბერია, როცა დარწმუნდა, რომ თინათინ ჯიქია სახლში დედასთან ერთად იმყოფებოდა, ბინა დატოვა და ქალს სთხოვა, ამ შემთხვევის შესახებ არავისთვის ეამბნა.
ლავრენტი ბერია თინათინის მეუღლის მეგობარ გრიგოლ ელიავაზე ეჭვიანობდა. ვლადიმერ ჯიქიამ ანონიმური წერილი მიიღო, რომელშიც მითითებული იყო, თითქოს თინათინი მეუღლეს ელიავასთან ღალატობდა. ამ წერილის წაკითხვისთანავე ჯიქიები მიხვდნენ, რომ ეს ყველაფერი ბერიას ნამოქმედარი იყო.
ლავრენტი ბერია აღნიშნული შემთხვევის შემდეგაც ხშირად ურეკავდა თინათინ ჯიქიას და სთხოვდა, კრწანისის აგარაკზე ერთად წასულიყვნენ. ბერია პასუხად კვლავ უარს იღებდა. აგარაკზე წასვლაზე რომ ვერ დაითანხმა ქალი, მაშინ სთხოვა, სადილად მაინც წაჰყოლოდა. ტელეფონზე საუბრისას იმაშიც გამოუტყდა, რომ მზად იყო თუნდაც მუხლებზე დაეჩოქა. ქალმა _ სცადეო! _ უპასუხა და ბერიამ, მართლაც, დაუჩოქა. თუმცა ჯიქია ბერიას სადილად მაინც არ წაჰყვა. 1936 წელს ვლადიმერ ჯიქია მივლინებით ეკლესიის ასაშენებლად მოსკოვს მიემგზავრება, სადაც ხვდება სტალინს. სტალინი და ჯიქია ერთმანეთს ჯერ კიდევ რევულუციის პერიოდში იცნობდნენ. მშენებლობის გამო ჯიქიას ლენინის ორდენით აჯილდოებენ, რასაც ბერია არცთუ დიდი სიხარულით ხვდება. ამ შემთხვევის შემდეგ ვლადიმერი მეუღლეს ხშირად ეუბნებოდა, რომ მტერი გაიჩინა ლავრენტი ბერიას სახით. ლავრენტი ბერია საცხოვრებლად მაჩაბლის ქუჩაზე გადადის და არც ისე ხშირად ურეკავს თინათინ ჯიქიას.
ერთ ზაფხულს ჯიქიების ოჯახი კიკეთში ისვენებდა და ცეკას მდივან პეტრე აღნიაშვილთან ერთად სადილობდა. აღნიაშვილმა ბერიას სადღეგრძელო წარმოთქვა. მსუბუქად ნასვამმა ჯიქიამ ეს სადღეგრძელო არ შესვა, რაც აღნიაშვილმა წერილით ბერიას ამცნო. ამ უკანასკნელმა კი ჯიქია დაიბარა და ჰკითხა: _ რა აზრის იყო აღნიაშვილზე. ჟიქიამ აღნიაშვილი დადებითად დაახასიათა. ბერიამ კი ჯიქიას აღნიაშვილის წერილი აჩვენა. ჯიქიამ თავის მართლება სცადა და უთხრა, რომ ნასვამი იყო და მხოლოდ ამიტომ არ დალია სადღეგრძელო. ბერიამ გაუღიმა, წერილი მის თვალწინ გადახია და უთხრა: _ ხომ ხედავ, როგორ გექცევი? _ წასვლის დროს კი ისიც ურჩია: _ სხვებთან ერთად ჩემს ავტორიტეტს ნუ შელახავო!
1936 წლის შემოდგომაზე ვლადიმერ ჯიქია მაინც დააპატიმრეს. რამდენიმე დღეში ცეკადან თინათინ
ჯიქიას ურეკავენ და ბერიასთან იბარებენ. ბერია ცდილობს, თინათინი დაარწმუნოს, რომ მისი მეუღლე სამშობლოს მოღალატე და ხალხის მტერია, რასაც ქალი, რა თქმა უნდა, აპროტესტებს და ბერიას სთხოვს, ქმართან შეხვედრის უფლება მისცეს. თინათინ ჯიქიას მეუღლის ნახვის უფლებას აძლევენ.
ცოლს ვლადიმერ ჯიქია უყვება, რომ დამნაშავე არ არის და არც სამშობლოსთვის უღალატია, არც პარტიისა და არც ოჯახისთვის. ვისი მიზეზითაც დააპატიმრეს, კარგად ხვდება. “ამ ბრალდებით დიდი-დიდი სამი წელი ვიყო დაკავებული და არავითარ შემთხვევაში არაფერი სთხოვო ბერიასო,“ _ ურჩევს მეუღლეს.
თინათინ ჯიქიამ მხოლოდ რამდენჯერმე მოასწრო ციხეში ამანათის შეგზავნა. ივლისში კი შეატყობინეს, ამანათს ნუღარ გზავნით, ჯიქია გადაყვანილიაო. 1937 წელს კი თინათინ ჯიქიასაც აპატიმრებენ, როგორც ვლადიმერ ჯიქიას მეუღლეს, და საქართველოდან ასახლებენ.
სამი წლის შემდეგ თინათინ ჯიქია შეწყალებას ითხოვს და წერილს ბერიას სახელზე აგზავნის, რათა შვილებთან დააბრუნონ. 1940 წელს იგი უკვე სამშობლოში ბრუნდება. ორი წლის თავზე კი თინათინ ჯიქიას მოსკოვში იბარებს ბერია და სურს, როგორც აგენტი, ისე გამოიყენოს გერმანიის წინააღმდეგ და თუ კარგად გაართმევს თავს დავალებას, ჰპირდება, რომ ქმრის შესახებ ყველაფერს უამბობს. თინათინ ჯიქია თანხმდება ბერიას და აგენტურულ საქმიანობაშიც ერთვება. ომის დასრულების შემდეგ კი იგი კვლავ ხვდება ბერიას, რომელიც ხუმრობით იმასაც კი ეუბნება, შენი დახმარებით გერმანიას ომი მოვუგეთო. ხოლო როცა თინათინ ჯიქია მეუღლის ბედით ინტერესდება, ბერია პასუხობს, ვლადიმერ ჯიქია, როგორც სამშობლოს მოღალატე, დახვრიტესო და იქვე სთავაზობს, ცოლად რუს გენერალს გაჰყვეს, რაზეც ბერია კატეგორიულ უარს იღებს. თინათინ ჯიქიამ მოგვიანებით დაკითხვის დროს აღიარა, რომ ლავრენტი ბერიას არაერთხელ უცდია მასთან ინტიმური კავშირის დამყარება, რაზეც ყოველთვის უარს იღებდა. ბერიამ ისიც იცოდა, რომ თინათინ ჯიქია მეუღლეს ყველაფერს უყვებოდა.
ერთხელ, როცა ვლადიმერ ჯიქია ბერიასთან ერთად აგარაკზე ყოფილა, ვლადიმერს ზღაპარი მოუყოლია იმის შესახებ, თუ როგორ ცდილობდა მეფე ვეზირის ცოლთან დაახლოებას. ნადირობის დროს ვეზირს “შემთხვევით“ მოუკლავს მეფე. ამ ზღაპრის მოსმენის შემდეგ ბერიას მიტკლისფერი დასდებია სახეზე.
1937 წელს გიორგი ელიავაც, რომელზეც ბერია ეჭვიანობდა, დააპატიმრეს და დახვრიტეს.

დასასრული

მასობრივი რეპრესიების განმხორციელებელ ლავრენტი ბერიას 1953 წლის ივნისში აპატიმრებენ. მას ბრალად სამშობლოს ღალატი, შპიონიზმი, უდანაშაულო ადამიანების ხოცვა-ჟლეტა, ინტრიგნობა და საქმეების შეთითხნა ბრალდება.
ბერიას საქმეს მარშალი კონიევი ხელმძღვანელობდა. დაპატიმრების დღიდან ლავრენტი ბერია მოსკოვის სამხედრო შტაბში იმყოფებოდა და მთელი პროცესიც იქ მიმდინარეობდა.
სასამართლოს დაწყების პირველ დღეს, როცა მსჯავრდებული სასამართლო დარბაზში შეჰყავთ, იგი თავს იგიჟიანებს, ხელ-ფეხს იქნევს და როცა მის დაწყნარებას ცდილობენ, ერთერთ პიროვნებას შარვალზე ღილებს აგლეჯს, ღილები იატაკზე ცვივა, ბერია იხრება, კრეფს ღილებს და მშვიდდება.
მთელი სასამართლო პროცესის დროს, როცა მოწმეთა მოსმენა მიმდინარეობდა, ბერია თავჩაღუნული იჯდა და თავის ქნევით ადასტურებდა მათ ჩვენებებს. ლავრენტი ბერიას არც მაშინ აუწევია თავი, როცა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სასჯელის უმაღლესი ზომა _ დახვრეტა მიუსაჯა.

P.S. ლავრენტი ბერიას ცხოვრებისეულ დეტალებსა და დაღუპვის შესახებ სხვადასხვა ვერსიები არსებობს, ჩვენ ერთ-ერთი მათგანი შემოგთავაზეთ. თუმცა სტატია ძირითადად მაინც საარქივო სამმართველოში დაცულ საქმეებზეა აგებული.

წყარო: “საარქივო მოამბე“ N 1. 2008 წ.

Advertisements

One thought on “ლავრენტი ბერია

  1. ესე საინტერესოდ დაწერილი სტატია დიდი ხანია არ წამიკითხავს.
    მადლობა.

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s