პოლიტიკა

დიდოსტატის მარჯვენა


დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა

კონსტანტინე გამსახურდია





გაზიარებაგადმოწერა

პროლოგი

ხეკორძულას წყალი მისვამს,
მცხეთა ისე ამიგია,
დამიჭირეს, მკლავი მომჭრეს,
რატომ კარგი აგიგია.

დასვენების დღეს, როცა ტფილისელები კომფორტაბელური ავტოებით მიემგზავრებიან ქალაქგარედ, ჩვეულებსამებრ ჰიპოდრომზე მივდივარ ხოლმე. დოღის სეზონი მოთავებულია და ნასუქალ ულაყებს არას ავნებს საქართველოს სამხედრო გზაზე გაჯირითება. ჰიპოდრომზე კარგად იციან ჩემი გარდაუვალი ვნება ცხენოსნობისადმი.
\\\”სეირა გნებავთ?\\\” მეკითხება ნოშრევანი, ძველი მეჯინიბე.
\\\”სეირა ჩინებული ცხენია, მაგრამ დაცდილი მაქვს, მანქანების ეშინია\\\”.
\\\”ნავარდა?\\\”თავათვე დასძინა:
\\\”ნავარდა ხიდზე გასვლას უფრთხის\\\”.
\\\”დარდიმანდისათვის რას იტყვით?\\\”
\\\”ოჰო, დარდიმანდი ყველაზე მეტად დინჯი ულაყია, არც მანქანებს ეპუება, ხიდზედაც უწყინარად გადადის\\\”.დარდიმანდზე შეჩერდა ჩემი არჩევანიც.

I

სწორედ იმ წელს, როცა გიორგის ბრძანებისამებრ სამი ეკლესია მოათავა ფარსმან სპარსმა სამცხეში, საქართველოს ჭილყვავი შემოესია.
მეხის ღრუბელივით დააბნელა მან აღმოსავლეთი, შირვანიდან წამოსული ქვემო ქართლს მოედო, მტკვარს აღმა აჰყვა და ბასიანამდის გააოხრა ნათესი.
ახმობინა მეფემ ფარსმანი და უბრძანა მოესრა სირი.
ტფილისი იმჟამად სარკინოზებს ეპყრათ, ფარსმანი ამირას კარზე იყო ნამყოფი, გიორგის მამას, ბაგრატ კურაპალატს ტყვედ ჰყავდა იგი, ჯერ კიდევ სიყრმეში ჩამოყვანილი.
ქვისმთლელთა და კირითხუროთა უხუცესი, იდუმალთა მიმთხრობი იყო ფარსმანი, არაბულ ალქიმიაში ფრიად განსწავლული, უებარი ვარსკვლავთმრიცხველი, შესანიშნავი აქიმი, უცნაური მეწამლე და მჩხიბავი.
ფრიად ბნელ ამბებს უკავშირებდნენ მის სახელს ცრუმორწმუნენი, იმასაც ამბობდნენ, გველი ჰყავსო ფარსმანს ლაგამამოდებული და ზედმჯდომი დაჰქრისო იგი არაგვის ჭალებში. სამი კვირის მანძილზე ამზადებდნენ წამლებს ფარსმანი და მისი შეგირდები, ბოლოს ჯადოსნური რამ სითხე შეკაზმეს, მამასახლისებს დაურიგეს, ლეშები დააწამლინეს და ხეებზე გაატანინეს.
გაუმაძღარი სირი მიეტანა მძორს და მოისრა სრულად.
შემდგომ ამისა, წლის მიწურულამდის მშვიდობა სუფევდა საერისთავოებში, ბერძენთა კეისართან მტკიცე ზავი შეიკრა, ბაგრატ კურაპალატის მიერ მრავალგზის გვემული განძელი ფადლონი ხარკს აძლევდა მეფეს; ამ მაგალითით დაშინებული ტფილისელი ამირაც გატვრინული იყო, სარკინოზები ჯერ კიდევ ბოგინობდნენ შურის ციხეში.
გულმოცემული გიორგი დადიოდა აფხაზეთსა, სამცხესა და ქართლში, აგებდა ციხე-ქალაქებს, აგარებსა და ეკლესიებს. ხანმოკლე ზავის დროს ხანგრძლივი ომებისათვის ემზადებოდა.
ახალ წელს მცხეთაში იყო ტაძრეულითურთ გიორგი, კათალიკოსმა მელქისედეკმა უთენია უკვლია, საწოლის დარბაზს მოადგა ოქროითა, ვერცხლითა და ბროწეულებით გავსილი ხონჩით, კლარჯეთიდან ჩამოტანილი ძელიცხოველის ჯვარი მიართვა, პატიოსანის თვლებით მოოჭვილ ლუსკუმაში ჩადებული, და ძვირფასი ხატი ამინაშატისა.
დილიდანვე ეწვიენ მეფეს ერისთავნი, ზვიად სპასალარი და მსახურთუხუცესი, მანდატურთუხუცესი და მსაჯულთუხუცესი, ეზოსმოძღვარი და ჩუხჩარხი, მოლარეთუხუცესი და მეღვინეთუხუცესი, მენადირეთუხუცესმა სამი ქორი მიართვა ფოლადის ფერი, შვიდი შავარდენი ლაზიკიდან ჩამოყვანილი, ერთი თავიც ველური ეშვისა სავსებით მოოქროვილი. მერემეთუხუცესმა და სამმა ერისთავმა – შვიდ-შვიდი ცხენი თვითოეულმა.
ერისთავებმა ისრებიც მოართვეს მეფეს, მსხვილნი ბოძალნი დიდნადირთათვის, ქეიბურნი მხეცთათვის, ხარჩა და ქიბურჯი ფრინველთათვის, დიდ-დიდნი კაპარჭნი საომარნი.
მოიღო მთელი კონა ისრებისა ბანჯგვლიანმა მამამზე ერისთავმა, რომელსაც ლომკაცად უხმობდნენ თავისი დიდი აღნაგობისა და ვაჟკაცობის გამო, ჭრელი და მჭრელი თვალები ისარივით მიაჭდო ტახტზე მჯდომარეს და წარმოსთქვა:
\\\”მრავალჟამიერ ჰყოს დამბადებელმან ყოველთამან მეფობა შენი და ისარნი ესე გულსა შინა განერთხოს მეფობისა შენისა ორგულსა. წყეულიმც იყოს ყოველი გულბოროტი და ქვეგამხედვარი ტახტისა შენისაი\\\”.
გიორგი მდუმარე იყო ბუნებითგანვე, კაცი არამეტყველი, მაგრამ ფრიად დაკვირვებული. მან ხმალივით შეაგება მზერა ისრიმისფერ თვალებს, დაფანჩვულ, თეთრ წარბებქვეშ თრითინებსავით აწრიალებულ, შემდგომ ამისა, სპასალარისაკენ გადაიტანა მზერა.
თავმოდრეკილი იდგა ზვიად სპასალარი, წარბშეუხრელად ისმენდა მამამზის სიტყვებს და აგურის იატაკს დასჩერებოდა რაღაც უცნაურ ფიქრში წასული. უზარმაზარი ხმლის ვადას მოსჭიდებოდა მისი ფაჩვუნიერი მარჯვენა (ყველანი უხმლოდ იდგნენ გარშემო, მხოლოდ მას ერტყა დარბაზობის დროს ფოლადის ჯავარდენი).
პურობა მოთავდა და ნადიმი დაიწყო თუ არა, მონადირეთუხუცესმა, ბაზიერებმა და მარეკებმა ერისთავების მიერ მორთმეული ცხენები წაასხეს მეფის ნაკრძალში, ხმლით დააყრევინეს თავები და ნაკრძალი გამოჰკეტეს ირგვლივ.
ღამემ შემოუსწრო ნადიმს, მემაშხალეთ მაშხალები აანთეს, მეჭურჭლეთ სამაშხალე ქონი და ალყა შემოზიდეს დარბაზში.
მეფეს მოლხენა ეწადა იმ საღამოს, მაგრამ სპასალარის მოწყენით მდუმარებამ გუნება გაუფუჭა ანაზდად.
ნაშუაღამევს გაიყარნენ დარბაზისერნი, ორი მემაშხალე ანთებულის მაშხალებითა კათალიკოსს წარუძღვა წინ, თითო-თითო სამთავე ერისთავთა.
მეფემ ღამენებისა უსურვა სტუმრებს, ზვიადს წამუყო, მემაშხალენი დაითხოვა და წინ დაისვა სპასალარი.
სრული მყუდროება სუფევდა დარბაზში, თაფლის სანთლები ბჟუტავდნენ ნიშებში, ნასმურევზე ლოყები შფაკლოდა ჭაბუკ მეფეს, მაგრამ უგუნებობა ვერ დაეთრგუნა ღვინოს.
მცირე ხანს ისხდნენ ორივენი ასე მდუმარედ. ჭოტის ხმა მოდიოდა კათალიკოსის ბაღიდან, გუშაგები ჰყივოდნენ უვარსკვლავო ღამეში.
თავი აიღო გიორგიმ, ჯიქურად შეხედა სპასალარის შავად შეყრილ წარბებს და უგუნებობის მიზეზი ჰკითხა.
არ მინდოდაო ახალ წელს უხიაგ ამბავთა მოხსენება მეფისათვის, თავი იმართლა ზვიადმა, აწ შუაღამე გადასულიაო და ამიტომაც უამბო შემდეგი: სწორედ წინა დღით მსტოვრებს უცნობებიათ აქ მოთხრობილი მისთვის:
კვეტარის ერისთავს, თალაგვა კოლონკელიძეს, ძალით უთაყვანებია ფხოველნი და დიდონი, მათ აჰყოლიან ძურძუკნი და ღალღაი და ის თემები, რომელნიც ტილიჭამიათა მეზობლად ბინადრობდნენ მაშინ.
არაგვის ხეობაში შემოჭრილან საერთო ჯარით; ციხეებს შემოწყობიან, უბრძოლველად გაუტეხიათ ციხისთავები, რადგანაც ყველგან შინაკაცები ჰყოლიათ წარმართთაგანნი თურმე.
მამამზე ერისთავის ერთადერთი ვაჟი, ჭიაბერი, გუდამაყარში შებრძოლებია კოლონკელიძეს, მაგრამ უვნებლად უკუქცეულა და ქორსატეველას ციხეში ჩაკეტილა მცირედის ჯარით.
არც ის დაუმალავს ზვიად სპასალარს, ამ შეტაკებისას მხოლოდ ცამეტი ფხოველნი დაუკოდნიათ ისრით და შვიდნი არაგველნი საკმაოდ მსუბუქად.
შემდგომ ამისა, შესევია თურმე კოლონკელიძე თავის ლაშქრით არაგვის ხეობას, ეკლესიები გადაუბუგავს, ხატები შეუმუსრავს, ხუცები და ბერები სამრეკლოებზე დაუკიდნია თოკით, ბორცვებზე ბომონები აღუმართავთ კვლავ, არაგველებიც შეერშებიან ფხოველთა და მათთა მიმყოლთა, ღამეები უთევიათ კერპებისათვის, ძენი და ასულნი შეუწირავთ უძველესს წესისამებრ.
სამი დღე და ღამე როკავდნენ თურმე ბომონების წინაშე და გამარჯვებას ზეიმობდნენ ლუდით გალეშილი ბრბოები.
ეს მომხდარა სწორედ იმ დღეს, როცა მამამზე ერისთავი მეფესთან სადარბაზოდ გამოემართა.
თავი ჩაქინდრა გიორგი პირველმა, ამ ამბის შემცნობმა.
თვალწინ დაუდგა მამამზე ერისთავის ისრიმისფერი თვალების ყალბი ციმციმი. როგორი ნირშეცვლილი ეჩვენა მას მამამზე ერისთავი იმ წუთში? ნუთუ მამამზე იყო იგი, თუ სატანა ჩასვლოდა მას გვამში?
მერე ვინ?
ბაგრატ კურაპალატის განუყრელი მეგობარი ფადლონ ამირასთან ომებში, შირიმნის ბრძოლაში გიორგისთან ერთად მრავალი ჭირის გადამხდელი.
განა მამამზე არ უდგა გიორგის მხარში, როცა \\\”განდგა ქვეყანა ჰერეთ-კახეთისა და ღადრობითა აზნაურთათა შეპყრობილ იქმნენ ერისთავნი\\\”.
ბოლოს ესეც მოაგონდა გიორგის: ნიალის ველზე ბერნებთან შეტაკების პირველი ღამე. ჭაბუკმა მეფემ ხმლით გაჰკვეთა ბერძენთა მთავარსარდალი, შემოაბრუნა ცხენი თუ არა, ბერძენმა მხედარმა თორიანი ცხენი გამოუკლა მეფეს და მარჯვენა წვივი გაუგმირა შუბით.
ისკუპა მამამზემ ცხენიდან, ბალღივით აიყვანა ხელში ჭაბუკი გიორგი, საკუთარ ცხენზე შესვა, ხმალს ხელი გაივლო და ისე დაიფრინა მტერი, შავარდენი დარევიაო ღალღათა გუნდს.
ახალ წელს იმავე მამამზემ ისრების კონა აიღო ხელში და ლიქნიდა ურცხვად მეფის წინაშე, ერთგულებას ეფიცებოდა.
კარგა ხანია იცოდა გიორგიმ, არც მამამზე და არც მისი ვაჟი, ჭიაბერი, გულით ქრისტიანები არ იყვნენ.
საქართველოს მეფისათვის თვალის ასახვევად ხატებითა და ჯვრებით ჰქონდათ მორთული ქორსატეველას ციხე-დარბაზი და კარის ეკლესია. მიუვალს მთებში წარმართული ბომონები ჰქონდათ მუხოვანებში აღმართული და იქ ლოცულობდნენ თავათ.
მსტოვარებს ეს ამბავიც ეუწყებინათ სპასალარისათვის:
კვეტარის ერისთავს – კოლონკელიძეს, მამამზესა და ჭიაბერს პირი შეეკრათ გიორგის წინააღმდეგ.
ეს არ იყო ოღონდ დადგენილი, ვინ იდგა მათ უკან? ტფილისელი სარკინოზების ამირა, თუ ბიზანტიის კეისარი ბასილი, რომელსაც ბასიანს გადაღმელი ქვეყნები წაართვა გიორგიმ ოდესღაც.
შესაძლოა ამირა, ან ბასილი?
ან ორივენი ერთად?
გიორგის ისიც მოხსენდა, რომ თალაგვა კოლონკელიძის მხოლოდშობილი ქალი, პირმშვენიერი შორენა, აკვანშივე დანიშნული ჰყოლია ჭიაბერს.
ეკლესიების შემუსვრა მხოლოდ ნიადაგის მოსინჯვას მოასწავებდა. გაზაფხულზე მამამზე და თალაგვა დამზახლდებოდნენ და საერთო ძალით შემოეწყობოდნენ უფლისციხეს.
გიორგი შორს ჭვრეტდა ფრიად. მან კარგად უწყოდა, რომ ქრისტეს სჯული საფარველი იყო ამ შემთხვევაში.
თავათ გიორგისაც შერყეული ჰქონდა რწმენა.
არაბი ბაზიენი უწვრთნიდნენ მას მიმინოებს, ხოლო ფარმან სპარსთან ღამეული საუბრების დროს იგი დიდის გულისყურით ისმენდა მისგან პლატონის სწავლას სულთა გადავლენისათვის.
ვარსკვლავებს უთვალთვალებდა ასტროლოგი მეფე ღამღამობით, ვინ იცის, ეგებ მზეგადასულთა სულნი იყვნენო იგინი?
მიუხედავად ამისა, ქრისტიაობის ქომაგად ითვლებოდა გიორგი და მის ზარაფხანაში მოჭრილ თეთრზე ასე ეწერა: \\\”მეფეთ მეფე გიორგი – მესსიის მახვილი.\\\”
კეისართან ზავის დარღვევას გაურბოდა გიორგი, თავის მხრით ბიზანტიისათვის თვალის ასახვევად დაუცხრომლად აგებდა ქრისტიანულ ტაძრებს და მახვილით ავრცელებდა მთელს კავკასიონში ქრისტეს სჯულს.
ახლა მიხვდნენ გიორგი და ზვიადი მამამზე ერისთავის დარბაზობის ნამდვილ მიზეზს.
დასაზვერავად გამოეგზავნა ვაჟს ეს საპატიო სტუმარი.
გიორგის შეეძლო ახალწლის მეორე დღესვე თვალები დაეთხარა მამამზისათვის, ჭიაბერისა და კოლონკელიძის წინააღმდეგ ჯარი გაეგზავნა, ვიდრე პირველი თოვლით შეიფიფქებოდნენ მთები, მაგრამ ჭიაბერი ახლადმობრუნებული იყო ბიზანტიონიდან, სადაც იგი თურქებთან ბრძოლაში შველისათვის ოქროს მუზარადითა და \\\”არხეგოსის\\\” სახელწოდებით დააჯილდოვა კეისარმა.
ჭიაბერმა ბიზანტიონიდან დაბრუნებისთანავე ღალატით მოაკვლევინა ოვსთა მეფე და ძალით ითაყვანნა ოვსნი; შეუდარებელ მეომარსა და მოჯირითეს დიდი სახელი ჰქონდა გავარდნილი მთელს კავკასიონში.
ზვიად სპასალარი გულდინჯი მრჩეველი იყო, არც თუ გიორგის სჩვეოდა დიდ საქმეთა ხელაღებით გადაწყვეტა. ამიტომაც დასთქვეს: მხოლოდ მეორე დღეს გამოლაპარაკებოდნენ მამამზეს.
თანაც დაადგინეს, გადაცმული ბერები გაეგზავნათ ფხოვში და გამოერკვიათ, სარკინოზების ამირა ურევდა ამ საქმეში ხელს, თუ ცბიერი კეისარი ბასილი?

II

იმ ღამეს მოვიდა საშინელი თქეში, ნაშუაღამევიდან წვიმდა დაუცხრომელად. შემოდგომის პირველი სუსხი ჩამოდგა. შირიმნის ბრძოლაში მიღებული იარა განუახლდა გიორგის. ფეხი ასტკივდა, მაგრამ წინაპართა წესის დარღვევა არ ისურვა და წინა ღამის უძინარმა უთენია ითხოვა ცხენი.
ზარდახანის მოლარემ აღვირი მოართვა, ლაგამი ამოსდო ოქროსფერ ულაყს, მერმე ზარდახანის მეჯინიბე მიეჭრა, საყბეური შეუსხა, ზარდახანის მოლარემვე შეუდგა უნაგირი.
შეჯდა მეფე და ზარდახნისუხუცესმა მათრახი მიართვა.
დაწინაურდნენ აჩუხჩი და ზარდახნისუხუცესი.
გიორგიმ ცხენს მათრახი სწყვიტა, უკან გამოუდგნენ სამივე ერისთავნი, მერემეთუხუცესი, მენადირეთუხუცესი და ბაზიერნი.
ატყდა ბუკის ცემა მეფის ნაკრძალში. სპილენძის დაფდაფებს სცემდნენ მეითარები და მარეკები, უცნაურის ღრიანცელით მოსდებოდნენ ტყეს.
ნადირმა შორს გაიტყუა მადევრები, შორიდან, ძლიერ შორიდან ისმოდა მათი გამალებული ყეფა და გნიასი.
გიორგისა და მის ამალას ადგილის გამოცვლა ეწადათ, მაგრამ ხევს გაღმა კბოდეები და ქარაფები იყო, ხევში უსიერი ჭოჭი და სადები, გაუვალი კატაბარდები გზას უღობავდნენ მხედრებს.
ფეხით სვლა იყო საჭირო, ცხენზე ჯდომამ უარესად აატკივა მეფეს წვივის იარა, ამიტომაც ვეღარ ბედავდა დაქვეითებას იგი. მამამზემ თათბირი მიაწოდა ასეთი:
მხარმარჯვნით ხევია ერთი, იმ მთის ცხვირის გადაღმა მდებარე, მადევრები უცილოდ ამ ხევში შემოაბრუნებენ ოტებულ ნადირს. დასავლეთისკენ ქარაფები ახლავს იმ ხევს, როცა მადევრები მოსდევენ მხეცს, იგი იოლი გზით გარბისო მუდამ, არ ეტანებაო არასდროს ქარაფს. იმ ხევის ყელთან დავუხვდეთ და არ აგვცდებაო არც ერთი.
გაიზიარეს მამამზის რჩევა. სადებს შორიდან მოუარეს, ნეკერჩხლის ტყე გადალახეს ცხენდაცხენ.
მოუახლოვდნენ ხევის ყელს და ისევ ატყდა მადევრების ყეფა, მარეკებმა უმატეს ღრიანცელს. ჯერ მუხნარიც არ გაეარნათ მხედრებს, აშრიალდა ერთბაშად ტევრი, ცხენისებური თქარუნი მოისმა ანაზდად, მიწის პირზე გადაირბინა მგელმა.
ახლა მეორე მოძუნძულებდა ხევდახევ, კვლავ ისმოდა ცხენისებური თქარუნი. კატაბარდებში გაიელვა ცეცხლოვანმა თვალმა, მშვილდი მოზიდა გიორგიმ და პირველი ქეიბური ესროლა გულდაგულ. ძაღლივით დაიყეფა რაღაცამ, დაიგმინა და მოისმა ბრაგვანი სულ ახლოს, კუნელის ჩირგვების გადაღმა.
დაქვეითდა მამამზე ერისთავი, ბირკებიან ჯაგებში გადაიჭრა, დიდხანს დაბობღავდა კატაბარდაში და მერმე გიორგიმ თვალი ჰკიდა – ღიჭიანიდან გამოვიდა მამამზე, მხარზე უზარმაზარი მგელი შეეგდო. ტყისკაცსა ჰგავდა ბირკით მოცულ ტყავკაბაში გამოწყობილი.
თავისი მშვენიერი თეთრი კბილები შემოანათა გიორგის და მოაძახა:
\\\”ეს ერთი და სხვა ათასი, მეფეთ მეფეო.\\\”
ესა სთქვა და გიორგის ცხენის ფერხთით დააგდო ნანადირევი. ისევ ასტეხეს მარეკებმა დაფდაფების ცემა, მენადირეთუხუცესის დიდი ბუკი ისმოდა სულ ახლოს.
ნეკერჩხლის შტოებს ლეწავდა ირემი, მოანგრევდა ტყეს და მოჰქროდა გამალებული, სჩანდა: მადევრები მოსდევდნენ ფეხდაფეხ.
მხედრებმა შენიშნეს, ადამიანის სუნი რომ იგრძნო ნადირმა, მხარმარჯვნისკენ გადაუხვია, სწორედ იმ სადებისკენ, რომელსაც შორიდან მოუარეს მეფემ და მისმა ამალამ ხევის ყელამდის მოსვლისას.
დიდებულებმა არ ინდომეს თავათ გამოდგომა, რადგან ცხენდაცხენ ვერ მიყვებოდნენ. გიორგიმ ცხენიდან ჩამოხტომა დააპირა, მაგრამ მამამზემ აღვირში უტაცა ხელი.
უარესად გაგიმიზეზდებაო ნაიარევი ფეხი, ნუ იქმო, აფიცებდა ბაგრატ კურაპალატის სულს.
მეფე დინჯად იჯდა მშვლის ბეწვის უნაგირზე და შესცქეროდა მამამზის ისრიმისფერ თვალებს. მის მუდარაში იმდენი სიწრფელე და მამაშვილური რუდუნება ისმოდა, გაოცდა გიორგი.
ძველი მამამზე მოაგონდა, შირიმნის, ფანასკერტისა და ნიალის ომებში თანამებრძოლი, ბაგრატ კურაპალატის უერთგულესი ყმა და მისივე სიყრმის მეგობარი.
ახლა კი ეჭვი შეეპარა გიორგის, ეგებ სტყუოდნენ მსტოვარები, მამამზე უბრალო იყოსო კოლონკელიძისა და ჭიაბერის მიერ ატეხილ ამბოხში.
ცხენიდან არ ჩამოვიდა და გადასწყვიტა იმ წუთშივე დაემარტოხელებინა მამამზე, ძმურად, მამაშვილურად გასაუბრებოდა, გამოეკითხა ჭიაბერის განდგომის მიზეზი.
შემდგომ ამისა, სახის გამომეტყველებით, ან ხმის ნირით გამოარკვევდა მეფე, თუ რა წილი ედო თავათ მამამზეს ამ საქმეში?
ბოლოს ხომ შესაძლოა, მამამზე იმადაც წამოსულიყო საახალწლოდ მეფესთან, რათა თავათ ემხილა საკუთარი ვაჟი.
ამიტომაც დაითხოვა დანარჩენი ერისთავები. მენადირეთუხუცესს უბრძანა, სადებისაკენ გამოსდგომოდნენ ირემს, ნეკერჩხლის ტყეში ეძიათ ნაკვალევი მისი.
მე და მამამზე ხევის ყელთან დავრჩებითო მარტო.
ხევის ყელისკენ მიაბრუნეს ცხენები ორთა. მეფეს ნაბიჯით მოჰყავდა ულაყი, თანაც გულმოდგინედ ეძებდა პირველ სიტყვას საუბრის დასაწყებად.
მის გულში ტრიალებდნენ სიტყვები. ხან გოლეულივით ტკბილი, ხან ასპიტის გესლივით მწარე, მაგრამ იდუმალად გადაიხედავდა მის გვერდით ცხენდაცხენ მომავალ მოხუცისაკენ, ისევ ნიალის ველი მოაგონდებოდა, ბასიანის სანახებში გამართული ბრძოლები, ფანასკერტის ციხეში ჩაკეტვის ამბები და კვლავ დაებმებოდა ენა.
ბოლოს მამამზე მისი სტუმარი იყო. ბაგრატ კურაპალატმა მის ხელში დალია სული. განა მამამზემ და ზვიად ერისთავმა არ წაიღეს ბაგრატის გვამი ბედიაში დასამარხავად?
ნუთუ იგივე ხელები ლესავენ გიორგის წინააღმდეგ მახვილს, იგივე ხელები, რომელთაც გააპატიოსნეს ბაგრატის ცხედარი ფანასკერტის ციხეში?
ეს ყოველივე სდუღდა გიორგის სულში და სიტყვა ვერ ეპოვნა მას, სიმძიმილის გამოსათქმელი.
სწორედ ამ დროს კვლავ მოისმა დიდი ბუკის ხმა და მარეკების მოახლოებულმა ღრიანცელმა დააფრთხო გიორგის ცხენი. ფიქრში წასულმა მხედარმა სადავის დამოკლება მოასწრო და უზარმაზარი ქარაფის კიდესთან ყალყზე შეაყენა ულაყი.
ხევის ყელთან შესდგნენ ორივენი.
ყური სცქვიტეს მონადირეთა.
რომელიღაც ნადირი მობობღავდა ნისლისაგან დაბურულ ტყეში. მის თათების ქვეშ ლიწინ-ლიწინი გაჰქონდა გამხმარ შტოებს.
დეზი ჰკრა თავის ულაყს გიორგიმ, ხევის სიღრმეში შეაგდო იგი, მშვილდი მოზიდა და არწივის ფრთაზე გამართული ქეიბური მკერდში ჰკრა ჩალისფერ დათვს.
დაიღრიალა გამძვინვარებულმა მხეცმა, ცხენოსანთან შებმას განერიდა, ქარაფისაკენ გაიქცა, ერთი შესდგა უფსკრულის პირად, კვლავ დაიღრიალა და გადაეშვა დაჭრილი ნადირი.
მეფეს სიჭაბუკემ სძლია, უკან გამოუდგა ცხენდაცხენ, ქარაფის კიდეზე მისული გადმოხტა, კვლავ მოზიდა მშვილდი, მაგრამ დააცდინა ღიჭიანში გაუჩინარებულ დათვს.
გულნატკენი მეფე ზედ დასცქეროდა უფსკრულს, მაგრამ მიხვდა, ნაიარევი ფეხის პატრონი ვერ მიჰყვებოდა ოტებულს.
მაშინ ისკუპა ცხენიდან მამამზე ერისთავმა, სწორედ ისევე მარჯვედ, როგორც შირიმნის ბრძოლაში, ტყავკაბის უკანა ბალთები ამოიკეცა, ზედ დაჯდა და ჭაბუკური ხალისით გადაეშვა უფსკრულისაკენ.
იდგა გიორგი ქარაფის კიდესთან და შესცქეროდა შემრეცილ ბილიკზე სრიალით მიმავალ მამამზეს ზურგს, მერე შამბში დაინთქა მისი ტყავკაბა და სრული მდუმარება დავარდა ტყეში.
ბუკი აიღო გიორგიმ, იხმო მარეკები და მეითარები.
ქარაფებს შემოუარეს შორიდან ბაზიერებმა, მარეკებმა და მეითარებმა, მადევრებმა შამბნარში იპოვნეს დათვის ნაკვალევი და ნასისხლარი, მაგრამ დეკაში გადასული დაეკარგათ ისევ.
ამაოდ ჩხრიკეს ღრანტეები, ხევები, შამბნარები და ღიჭიანი, მაგრამ მიწამ პირი უყოო ორთავეს, ვერც დათვი იპოვნეს სადმე და ვეღარც მამამზე.
დაიმარტოხელა სპასალარი გიორგიმ, უჩურჩულა: გაგვეპარაო მთავარი ნადირი.
ვერ შეგბედეთო, თორემ არ მინდოდა მამამზის გამოშვება ციხიდან. მისნი ზრახვანი წუხელვე ნათელი იყო ჩემთვის. მას ეს უნდოდა, დავეზვერეთ, ჩვენი საომარი მზაობა შეემოწმებინა, კარგად იცოდა, მეფის კარზე ხელს არავინ ახლებდა სტუმარს. ახალწლის მეორე დღეს სანადიროდ გაიწვევდნენ სადარბაზოდ მოსულ დიდებულს, ხოლო ნადირობის დროს გაპარვა არც ისე საძნელო იქნებოდაო.
გიორგის ენიშნა ზვიადის ნათქვამი, მაგრამ დადუმდა, თავის სიჭაბუკესა და გამოუცდელობას ქენჯნიდა მწარედ.
მზე მიიდრიკა, გიორგის უკვე სამი ირემი, შვიდი მგელი, ხუთი ტურა და სამი შველი მოეკლა, მაგრამ მაინც არ იღიმოდა გამარჯვებული მონადირე.
ბოლოს სხვა ღონე არ იყო, უნდა აეშვათ ყურშაი, საყვარელი მადევარი მეფისა.
ყურშაი მაკედ იყო, მაინც შინ არ დადგა, როგორც კი სხვა ძაღლების ყეფა შემოესმა წამოსვლისას ისეთი საცოდავი ყმუილი მორთო, გიორგის შეებრალა და ბრძანა: სასეიროდ მაინც წამოიყვანეთო ყურშაი, თოკით ატარეთო ტყეში.
ბოლოს მენადირეთუხუცესმა თავათ მოიყვანა ყურშაი დათვის გაწყვეტილ ნაკვალევთან, ნამეხარ იფნის ძირას. ამ ადგილიდან სისხლის წვეთებიც არ აჩნდა მიწას.
ყურშაიმ მხარმარცხნით გაუხვია, ბევრი ისუნსულა, ორსამჯერ წრე დაუარა და მერე აიღო გეში. სამი ბაზიერი და შვიდი მოისარი გააყოლა ბაზიერთუხუცესმა ყურშაის.
ნაკრძალი გადაიარეს, შემოღობილი გაენგრია ნადირს, ველი გადალახეს შამბიანი, მუხოვანი დაიწყო უსიერი და სწორედ ამ ტყეში, ერთ მუხის ქვეშ ყურშაი თავზე დაადგა მოკლულ დათვს. ნადირის გვერდით, გვიმრიანში პირქვე დამხობილი ეგდო მამამზე.
მარჯვენაში სატევარი შერჩენოდა მოხუცს, სისხლს დაეცვარა მისი თეთრი, მატყლივით თეთრი წვერი.
გვიმრა დათქერილი იყო ირგვლივ, სისხლს დაეცვარა დაჯეგილი ბალახიც.
გიორგი ფრიად დააღონა ამ ამბავმა. ზვიად სპასალარს გამოუტყდა იდუმალ: ის მერჩია, გაპარულიყო მამამზე ერისთავი, რადგან ჭიაბერს ვერავინ დააჯერებსო ნადირობის დროს რომ შეემთხვა ეს ყოველივე მამამისს.
დიდხანს უსრისეს საფეთქლები მამამზეს, მერმე ის იყო თორმეტმა მონადირემ ძლივს მიათრია სასახლემდის გონსმოსულის უზარმაზარი სხეული.
გიორგიმ ბრძანა და იხმეს ფარსმანი, არც ამას დასჯერდა მეფე, თურმანიძე ჩამოაყვანინა ფანასკერტის ციხიდან.
თვალის გახელის უმალვე ეს იკითხა მამამზემ:
სადა ვარო?
როცა გაიგო, სასახლეშიო, მყისვე ამოიოხრა, მერმე თვალები მოიფშვნიტა და სთქვა:
იმ დათვის ტყავი უნდა. მიმერთმიაო საახალწლოდ მეფისათვის, ამადაც გავსწირეო თავი.
შორს გაეტყუებინა დაკოდილ ნადირს მამამზე. ღიჭიანებში მრავალგზის ხელი მოსცარვია მოისარს და როცა უკანასკნელი ქეიბურით მუცელში დაუკოდნია დათვი, დაძრულა თურმე ეს უზარმაზარი მხეცი, მამამზეს მშვილდი დაუგდია და პირისპირ შებმიან ურთიერთს დათვი და მამამზე.

III

ექვსი თვე თავზე ადგა თურმანიძე მამამზეს. ყოველ შაბათს ან მეფე ეწვეოდა, ან კათალიკოსი, ჯანმრთელობის ამბავს ამოჰკითხავდნენ და გაეცლებოდნენ კვლავ. მესაწოლე ბერი ღამეებს უთევდა, ეზოსმოძღვარი სასთუმალთან უჯდა, ფსალმუნს უკითხავდა.
მამამზე გულმოდგინედ ისმენდა ხუცის ქადაგებას, ხალისიანად იზეპირებდა ფსალმუნის ლექსებს, გულში დასცინოდა ებრაელების ღმერთის იწილ-ბიწილოს.
ანასკნელ შაბათს ძელსა ჰკრეს თუ არა ეკლესიებში, მეფე და ზვიადი ეწვიენ ერისთავს.
ამჯერად დიდხანს დაყოვნდნენ მნახველები. გადახდილი ომებისა, ძველებურ ნადირობათა ამბავი ჩამოაგდო გიორგიმ, ყარყატზე ნადირობააო ახლა არაგვის ჭალებში კარგი.
გიორგი ჩვეულებრივზე მეტად გულტფილი იყო იმ საღამოს. მამამზეს მაინც შესდგომოდა ძრწოლა. ყოველ წუთში მოელოდა, სადაცაა დააგდებსო მეფე ნადირობის ამბავს და კოლონკელიძის ამბოხს გადასწვდებაო ანაზდად.
მერმე?
მერმე მოულოდნელად მიაპყრობდა მას თავის დიდრონ, წაბლისფერ თვალებს და შეეკითხებოდა:
მერმე შენ რა ჰქენი, მამის ჩემის თანამებრძოლო და ჩემო უერთგულესო ყმავ?
რა ეთქვა მამამზეს?
სათქმელიც მზად ჰქონდა.
მტკიცე უარი და სამარისებური დუმილი. გზაში ვიყავი და არა ვიცი რაო. საკუთარი ნების სიმტკიცის უნარიც ჰქონდა, გინდ დილეგში ჩაეგდოთ, გინდ ძელზე გაეკრათ, გინდ თვალები დაეწვათ.
მეფემ დუმილი დაარღვია, ჯიქურად შეხედა და ასეთი რამ უთხრა:
\\\”ძალიან არ ივაჟკაცა ყურშაიმ?\\\”
მამამზეს გულზე მოეშვა. გაიხარა ამ სიტყვების გაგონებისას. დიახო, მიუგო, თავი დაუქნია თანაც.
გიორგიმ თავი ჩაჰქინდრა. აგურის იატაკს დააშტერდა. თითქოს რაღაც დავარდნიაო და ახლა ეძებსო მანდ.
\\\”დიახ, ძალიან ერთგული ცხოველია ძაღლი…\\\”
სიტყვა \\\”ერთგული\\\” სამსჭვალივით შეერჭო მამამზეს გულში. ნათელი იყო: ძაღლის ერთგულებიდან ერთი ნაბიჯიღა დარჩენოდა მას მამამზისა და ჭიაბერის ორგულობამდის.
ერთბაშად ჰაერი ეცოტავა, ზეწამოიჭრა, რაღაც უნდოდა ეთქვა და გიორგიმ დაასწრო სიტყვა:
\\\”ჩვენ კი, ადამიანები, უბედურნი ვართ, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად (ეს სიტყვები ძალიან გააჭიანურა მეფემ) უერთგულეს ადამიანსაც იოლად გავწირავთ ხოლმე\\\”.
მერმე ისევ დადუმდა, კვლავ დახედა აგურის იატაკს.
ამის შემდეგ, ყოველივე ეჭვის გარეშე, მამამზე, ჭიაბერი და კოლონკელიძე უნდა ეხსენებინა მას, მაგრამ გაოცებულის ყურებმა ასეთი რამ გაიგონეს:
\\\”გახსოვს, ფანასკერტის ციხეში რომ ჩაგვკეტა ბასილი კეისარმა, მესამე თვეს, როცა წყარო მოგვიწყვიტეს და შიმშილმა ხელი დაგვრია, ჩემი საყვარელი მადევარი კუდაი დავკალით და შევჭამეთ\\\”.
თავისუფლად ამოისუნთქა გახარებულმა მამამზემ:
\\\”ოჰო, დიდებული ძაღლი იყო კუდაი, როგორ არ მახსოვს, ყურშაის სჯობდა კუდაი კიდევაც\\\”.
მოულოდნელად ზეწამოიჭრა მეფე, ღამე ნებისაო, – დააგდო სიტყვა. წასვლა დააპირა ანაზდეულად.
მამამზე საწოლიდან წამოიწია. შეევედა გიორგის, საერისთავოში წასვლის ნება დამრთეო.
როცა ამას ამბობდა იგი, გიორგიმ შენიშნა: ქვედა ყბა დაუგრძელდა, აუცახცახდა.
შემცივნებული ხომ არა ხარო?
ჰკითხავდა.
შეუძლოდა ვარ, მაგრამ თუ მეფის ბრძანება იქნება, შესაძლოა ცხენზე ჯდომამ მარგოსო კიდევაც.
\\\”შენ ხომ ჩემი სტუმარი ხარ, წადი-მეთქი, ხომ არ გეტყოდი\\\”.
ესა სთქვა და სპასალარს მიუბრუნდა გიორგი:
დილაადრიან ცხენები მზად ჰყავდეს მეჯინიბეთუხუცესს. ერთი ურემიც თან გაატანეთ. ვინძლო იარები გაეხსნას და ვერ შესძლოსო ცხენით სვლა.
მარტოშთენილი სტუმარი საწოლიდან წამოდგა, და გაიარ-გამოიარა, ნაავადარ იოგებს სინჯავსო თითქოს, მერმე კოშკის ჩარდახზე გავიდა, გადახედა მძინარე ქალაქს.
კბილოვანი შავი ქონგურები გარს შემორტყმოდნენ მოლურჯო ცაძრგვალს.
ძელსა ჰკრეს ეკლესიებში, კარის ეკლესიიდან ერთობლივი გალობა ისმოდა. მონასტრების ეზოებში შავოსანი ბერებისა და მონაზვნების ლაშქარი ზიმზიმებდა.
არაგვის კარის კოშკიდან გუშაგების ყივილი მოდიოდა.
ნელა ეშვებოდა ღამე სარკინეთის გადრეკილ ზურგზე.
ვაშლისა და ალუჩის ყვავილს თეთრად დაეფიფქა კათალიკოსის ბაღი. ბულბულები კვნესოდნენ ჩირგვებში.
მოაჯირს მიყრდნობილი იდგა მამამზე ერისთავი, ხვალინდელი გამარჯვების სიხარული შემოგზნებოდა გულზე.
აღმოსავლეთისაკენ გაიხედა. მთვარე დასდგომოდა ჯვარის მონასტერს.
მოგვთა ხიდზე ერთობლივ ლაპლაპს შეასწრო თვალი. მოგვთა ხიდზე თორიანი ლაშქარი გადმოდიოდა. მოაგონდა: ამ სამი დღის წინადაც წავიდა ხერკის ციხისაკენ ჯარი. თვალი გააყოლა მუზარადების ელვას, ისინი სერს გადაღმა გაუჩინარდნენ, მერმე ისევე გამოჩნდნენ აღმართზე. მდუმარედ ისხდნენ ცხენებზე მხედრები, ფლოქვების ტკაპატკუპი ისმოდა, ულაყების ფრუტუნი და ჭაკების ჭიხვინი.
ომი მოაგონდა, კი არ მოაგონდა, მოენატრა მამამზეს.
ცხენზე ჯდომა და ომი. სამთავროს მოედანი გაიარა ჯარმა და მეციხოვნეებმა ჩრდილოს კარნი გაუღეს.
შემდგომ ამისა მყუდროება დამყარდა სრული. გაშავდნენ ეკლესიების წვეტიანი გუმბათები, ვარსკვლავები აენთნენ ცაზე.
გარს მომდგარ დუმილში მოუსვენრობა დაეუფლა მამამზეს (ჭოტის ხმა მოდიოდა კათალიკოსის ბაღიდან მხოლოდ).
ექვსი თვე დაჰყო მამამზემ მცხეთაში და ამ ხნის მანძილზე არც მეფეს, არც კათალიკოსს, არც სპასალარს სიტყვაც არ დაუძრავთ ფხოველთა და არაგველთა ამბოხის გამო. არც ეკლესიების შემუსვრა უხსენებიათ. ამ მოჩვენებითი თავაზიანობის მიღმა საშინელი წყრომა და მუქარა ბობოქრობდა.
გასულ თვეს მეფე ტაძრეულითურთ უფლისციხეში დაყოვნდა, ღამღამობით დაჰყავდათ ჯარები ხერკსა და უფლისციხეს შორის. მთელი ღამეების მანძილზე თქარათქური ესმოდა მამამზეს. სასახლეშიაც უჩვეულო ფუსფუსი იყო.
ახლა ისევ ამოძრავდა ლაშქარი. შესაძლოა, კეისართან ომს მოელოდეს მეფე, ან ტფილისელ ამირას თავდასხმას.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ჭიაბერს რა უყვეს ნეტავი, ან კოლონკელიძეს რა ბედი ეწია?
შესაძლოა, ორივეს დასთხარეს თვალი. ვინ იცის, მიწასთან გაასწორეს კიდევაც ქორსატეველას და კვეტარის ციხე-კოშკები.
ხოლო მამამზეს, მამამზეს გამოკეთებას აცლიან ალბათ, ეს მესაწოლე ბერი ისე საეჭვოდ სდუმს, შესაძლოა, მსტოვარი იყოს. ბიბლიის ზღაპრების თხრობას და ფსალმუნის ღეჭვას რა მოათავებს, დადუმდება და შესცქერის მამამზეს ცერცვისფერი, უსიამო თვალებით.
ცხადია, სტუმრის განკურნებას უცდიდნენ აქამდის და ვინ იცის, ეგებ ეს იყოს მამამზე ერისთავის უკანასკნელი ღამე.
\\\”ეჰა, ღამევ, სულის ჩემისაებრ ბნელო, მამცნე იდუმალნი ზრახვანი შენნი.\\\”
სად მიდიოდა ნეტავი ის ცხენოსანი ჯარი, მოგვთა ხიდზე რომ გადმოვიდა წეღან? შესაძლოა, ჭიაბერი და თალაგვა მცხეთაში ჰყავდეთ, დილეგში სადმე და ერთ მშვენიერ ღამეს სამთავეს დააყრევინონ თავები.
განა ასე არ მოექცა მეფე ცოტა-ერისთავებს, ცხრატბისას? ჯერ მამა იწვია სტუმრად, ძალით ითაყვანა, მერმე შვილი ჩამოაყვანინა ცხვილოს ციხიდან, სამ თვეს მთავართა სანათლოის დილეგში ჰყავდა ორივენი, ვნების კვირაში ეზოსმოძღვარი მიუგზავნა, აზიარებინა, შემდგომ ამისა, თავი მოსჭრეს მამა-შვილს და არაგვს გაატანეს გვამები.
ოჰ, ეს ეზოსმოძღვარი, ის შავანაფორიანი ყორანი, ჭირისდღესავით სძაგდა მუდამ მამამზე ერისთავს. აი, ვინ არის მართლაც მსტოვარი და ძაღლთაპირი.
საპატიო ტუსაღისადმი მიჩენილი ჰყავს იგი გიორგის. მისი ყრანტალი უეჭველ სიკვდილის მაცნეა. პირველ თვეებში, როცა მამამზე სულთმობრძავი იყო, ყოველ დილას შემოიჭყიტავდა დარბაზში, თავისი ჭრუტა თევზისებურ თვალებს მიაშტერებდა მამამზეს, თითქოს ეკითხებოდა: კიდევ არ ამოგართვესო სული?
ძელზე გასაყვან ტუსაღს ზიარებას მიუცუნცულებს და უამბობს მერმე, თუ როგორ აქცია კანას ქორწილში წყალი ღვინოდ იესო ქრისტემ.
\\\”ეჰა, ღამევ, სულის ჩემისაებრ ბნელო, მამცნე იდუმალნი ზრახვანი შენნი!\\\”
შეკრთა ფიქრში გართული მამამზე, ორი ცხენოსანი მოჰქროდა მუხნარისას ციხიდან. ცეცხლისმფრქვეველი ხმლები ეჭირათ ხელში. სამთავროს მოედანი გამოიარეს ჭენებით, სასახლეს ჩაუქროლეს და მოგვთა ხიდისკენ გაჰქრნენ.
ზმანება იყო ნეტავი, თუ განცხადება უცნაურობის?
\\\”ეჰა, ღამევ, სულის ჩემისაებრ ბნელო, მამცნე იდუმალნი ზრახვანი შენნი!\\\”
ფლოქვების თქარუნი მკაფიოდ ესმოდა მამამზეს, მაგრამ სასახლის გუშაგები რად იდგნენ გოდოლებზე გაუნძრევლად?
თვალმა და სმენამ ხომ არ უღალატა მამამზეს?
ეგებ ჩვენება იყო რაიმე უცნაური?
არა, ცხენოსნები იყვნენ, ცხადლივ ცხენოსნები, ცეცხლისმფრქვეველი მახვილები ეჭირათ ხელში.
მამამზე ერისთავს იმდენივე ომი ჰქონდა გადახდილი, რამდენი წელიც დაეყო ამქვეყნად, მაგრამ სიკვდილის წინაშე შიში უცნობი იყო ამ დღემდე მისთვის.
ახლა კი შეკრთა, მუხლები მოეჭრა, ქვიტკირის მოაჯირს მოეჭიდა წელში მოდრეკილი ვაგლახად.
მხნეობა მოიკრიფა, ისევ გასწორდა და კვლავ გადახედა სამთავროს მოედანს და ხედავს: სამი მხედარი მოჰქრის, სამს სამი მოჰყვება, მერმე მთელი რაზმეული გამოჩნდა. საშინელის სისწრაფით მოჰქროდნენ, ვარვარებდნენ გაშიშვლებული ხმლები.
ჩქამს არ იღებდნენ თავათ მხედრები, ცხენების თქარუნი ისმოდა ერთობლივი. და როცა ისინი სასახლეს გაუსწორდნენ, ხმლების ელვარებისაგან ამდგარ ნათელში მხედრების მოღუშულ სახეებს თვალი ჰკიდა მამამზემ, ლაპლაპებდნენ მუზარადები და ჯაჭვის პერანგები. მთელი ლაშქარი მოჰქროდა ბნელში.
\\\”ეჰა, ღამევ, სულის ჩემისაებრ ბნელო, მამცნე იდუმალნი ზრახვანი შენნი!\\\”
ვინ იცის, ეგებ ჭიაბერი და მისი ძუძუმტე ტოხაისძე ყოფილიყვნენ ის ორი მხედარი, პირველად შემოჭრილნი ქალაქში. მწუხრისას მცხეთიდან გასული ჯარი დაამარცხეს ალბათ და შემოვიდნენ კიდევაც, ეს არის.
თუ ასეა, გუშაგები რად სდუმან ნეტავი?
განა გუშაგებს ვერ მოისყიდიდნენ წინასწარ?
…მაგრამ ეს ხმლები? ცეცხლისმფრქვეველი ჯავარდენები? შესაძლოა ჭიაბერს ჩამოეტანოს ბიზანტიონიდან ციცხლისმფრქვეველი ხმლების საიდუმლო?
თუ ასე იყო, რად არ გაუმხილა მამას.
ვინ იცის, ეგებ ჯერ თავათ უნდა გამოეცადა. ახლა მოაგონდა მამამზეს ჭიაბერის ნათხრობი: ბაღდადელი თურქი შეიპყროო კეისარმა ერთი, დილეგში ჩააგდო, ძვალთა და რკინათა მკვეთელი ხმლების ოსტატი უნდა ყოფილიყო იგი. ამასაც ამბობდა ჭიაბერი, ძელზე გააკრეს, მაინც არ გასთქვაო ეს საიდუმლო თურქმა.
ჰო, მაგრამ, ციხენი მუხრანისა და ღართისკარისა როგორ დანებდებოდნენ ასე უბრძოლველად ჭიაბერს?
თუ ჭიაბერი და ტოხაისძე მართლაც შემოჭრილან ქალაქში, მცხეთის სასახლე არც ისე ადვილად დანებდება მტერს. გარს შემოეწყობიან თუ არა ციხეს, მამამზეს შეიპყრობენ და თავს წააცლიან.
\\\”ეჰა, ღამევ, სულის ჩემისაებრ ბნელო, მამცნე იდუმალნი ზრახვანი შენნი!\\\”
დარბაზში შებრუნდა მამამზე ფიცხლად, მესაწოლე ბერს ფსალმუნი გავარდნოდა ხელიდან, საკუთარ მკლავებზე დამხობილს ეძინა მშვიდად.
თორნი გადაიცვა, მუზარადი დაიხურა, ხმალი შემოირტყა და იდუმალ კიბეს მიჰყვა ბაღისაკენ ჩასასვლელს.
ბაღში გასვლისთანავე შენიშნა მამამზემ, ორმა ლანდმა ჩაურბინა გვერდით და უტყვად გაუჩინარდნენ ორივენი ხილნარში.
სამთავროს მოედანი ისე გაიარა, ძე-ხორციელი არ შეხვედრია გზაზე.
გასცდა მოედანს და სამი შუბოსანი წამოეწია, მხედრები დაქანცულნი სჩანდნენ, მუზარადები ლაპლაპებდნენ მთვარის ნაშუქარზე, უღიმღამოდ მიდიოდნენ ცხენები.
ჩაიარეს მხედრებმა, უკან მოიხედა მამამზემ და აქლემების ქარავანი მოდიოდა დიდი.
განერიდა მექარავნეთაც. გზის პირად სამლოცველო ნიში შენიშნა და შესდგა მუნ.
სამლოცველოს კიბეზე მათხოვრები მიყრილიყვნენ, მიუახლოვდა. ვერ გაეგო, მათხოვრები იყვნენ, თუ მგზავრები?
ტკბილად ეძინათ უსახლკარო მწირებს. ერთი მოხუცი იქვე გდებულ ლოდზე იჯდა განკერძოებით და ღამის ლოცვებს ბუტბუტებდა თავისთვის. ნიშის წინაშე ხატის სანთლები ბჟუტავდნენ. მაცხოვრის სახეს, ვაგლახად დაღრეჯილს, შეხედა მამამზემ, არ იამა მისი დანახვა, ლოდზე მჯდარს მიეახლა და მწუხრი მშვიდობისაო, უსურვა.
სალამითვე გადუხადა ბერიკაცმა მადლი.
წამუყო: ჩამოჯექიო ლოდზე და თავათ მიიწია ლოდის კიდისაკენ.
\\\”მოხუცო მწირო, – ეუბნება მამამზე ბერიკაცს, – მოდი, გავცვალოთ სამოსელი, თუ მოგესურვოს\\\”.
მოხუცი წამოდგა, ხატის სანთლებთან მიიყვანა უცნობი, ახედ-დახედა, მიხვდა: დიდებულთაგანი რომ იყო ვიღაც.
ეუცხოვა: \\\”რად მონატვრიაო ამ დიდკაცს მწირის ძონძები?!\\\”
\\\”რა შეჭირვებაი დაგდგომია ქრისტეს მიერ, ძმაო ბედშავო, ან მწირის ძონძები რად მოგნატრებია?\\\”
\\\”წარმართთაგანი ვიყავი, ძმაო, მცხეთაში მომნათლეს, შჯული შევიცვალე, – დაიწყო მამამზემ, – ამიერიდან მინდა ქრისტეს მაგალითს მივყვე, ამქვეყნიური დიდებისაგან განვიძარცვო და ვიარო სოფლად, ვითა ბოგანომ, უსახლკარომ, მიუსაფარმა. განა აგრე არ დაძრწოდა ქვეყნად უფალი ჩვენი, მაცხოვარი მაცხონებელი?\\\”
მოხუცმა ჯიქურ შეხედა უცნობის მშვენიერ სახეს და ანაგობას კეთილშობილს. მისი ნათქვამი ეჭეშმარიტა.
გაიხადა თავისი დაბებკილი წამოსასხამი, მკლავზე გადაჰკიდა მამამზეს, ლოდზე ჩამოჯდა, დაფხრეწილი სამოგვის წუღები გაიხადა, მიაწოდა მასვე.
მუზარადი მოიხადა მამამზემ, ლოდზე დააგდო, შეიხსნა თორნი, ძვირფასი ჯუბა გაიხადა ტარისკონისა, გადასცა მოხუცს, ლოდზე ჩამოჯდა, ვერძის ტყავის წაღები გათრო, ბერძნულ კატარღებსავით ჭვინტაბზეკილნი, ეგეც მწირს დაუდო წინ.
\\\”სადაური ხართ და საითკენ მიედინებით?\\\”
ეკითხება მამამზე მოხუცს.
\\\”ყველისციხიდან მოვდივართ, ქვისმთლელები ვართ და კირითხურონი, ქორსატეველას კარის ეკლესია დაუნგრევიათ წარმართებს და მის აღსადგენად გვგზავნის კათალიკოსი მელქისედეკი ხვალ დილით\\\”.
ქორსატეველას ხსენებაზე გულმა რეჩხი უყო მამამზეს, უნდოდა ეკითხა, კიდევ რა გსმენიათო ქორსატეველას გამო, მაგრამ თავი შეიკავა.
ჩაცმა მოათავა თუ არა, წასვლას დაადგა. მოხუცს გულით უნდოდა ვინაობა და სადაურობა ეკითხნა მისთვისაც, მაგრამ ენის დაძვრა ვერც კი მოასწრო, მწუხრი მშვიდობისაო, დაუბარა უცნობმა და გაუჩინარდა ბნელში.
მთავართა სანათლოის ბნელ ქუჩაზე წამოეწია მექარავნეთ მამამზე.
ჯავახელი ვაჭრები აღმოჩნდნენ, ხერკისაკენ მიდიოდნენ.
მწირს თუ წარიტანთო? შეეკითხა მექარავნეს თავმოდრეკილად მამამზე. ღამე მხეცების შიში მაქვსო, ფეხდაფეხ გამოვყვებიო ქარავანს.
მექარავნე მგზავრის ვინაობას იკითხავდა.
მწირი ვარო ტაოელი, არტანუჯის ციხიდან მოვდივარო ფეხით, გუდამაყარში მივალო საროჭიკოდ.
ამ საუბრით გართულთ მთავართა სანათლოი გაეარნათ. გარეუბანშიაც არ ისმოდა ჩქამი. მამამზე უკან იხედებოდა.
არავინ სჩანდა. გული მოეცა, მაშ სასახლეში შეუმჩნეველი დარჩენოდათ მისი გაპარვა, კიდევ მცირე მანძილი და მუხნარისას ციხეს თუ გასცდებოდნენ, სამშვიდობოს გავიდოდა მამამზე და ეს ბნელი ღამე იქნებოდა მისი ციხე-სიმაგრე.
\\\”ეჰა, ღამევ, სულის ჩემისაებრ ბნელო, მამცნე იდუმალნი ზრახვანი შენნი!\\\”
მუხნარისას ციხის კარიბჭე დაგმანული დაუხვდათ.
ადრე კეტავენო ციხეს, ჭიაბერ ერისთავსა და თალაგვა კოლონკელიძეს ძალად უთაყვანებია ოვსნი და ძურძუკნი, მეფე თავდასხმას მოელისო ჩრდილოეთიდან.
სთქვა მექარავნემ.
ქარავანი ციხეს მიეახლა, გუშაგები გამოეყვნენ ბნელს.
მწუხრი მშვიდობისა უსურვა მექარავნემ ციხისთავს, სთხოვა გაგვატარეთო. უთენია გამოვსულვართ უფლისციხიდან, მაგრამ გზაში ერთი აქლემი დაგვივარდა, ვიდრე მას ფალანს მოვხსნიდით და ტვირთს სხვა აქლემებზე გადავიტანდით, შემოგვაღამდაო კიდეც.
ბოდიშობდა მექარავნე.
\\\”სულ რამდენი მეაქლემე გახლავთ?\\\” შეეკითხა ციხისთავი,
\\\”ათორმეტი, და ერთიც მწირი შემოგვეკედლა, მეროჭიკე, ბერი უნდა იყოს\\\”.
ამ საუბარში იყვნენ გართულნი ციხისთავი და მექარავნე, მამამზემ შენიშნა: ორი ლანდი შემოუერთდა ქარავანს.
და როცა ციხისთავის ბრძანებისამებრ მუხნარისას ციხის კარი გააღეს, ლანდთაგანი ერთი მისწვდა მამამზეს და მექარავნის გასაგონად სთქვა:
\\\”ეგ მწირი მეფის სტუმარია, ამაღამ ვერ განდობთო მას\\\”.
ზვიად სპასალარის სასახლეში დიდი ალიაქოთი შეჰქმნა მამამზის გაქცევამ. მემაშხალენი გამოცვივდნენ, მაშხალები აანთეს, ბატონს არ ეძინა, მაინც დიდხანს დაიგვიანა საწოლის დარბაზში.
მამამზეს მიწისფერმა გადაჰკრა, სპასალარი დარბაზში შემოვიდა, ხელებგაკოჭილი ტუსაღი ფეხზე იდგა.
სელზე დაჯდა პირბანჯგვლიანი, მოღუშული მხედართმთავარი. მათხოვრის ძონძებში გამოწყობილ მამამზეს ახედ-დახედა.
ვინა ხარო? – შეეკითხა ყასიდად, თითქოს არ იცოდა, თუ ვინ იდგა მის წინაშე.
მამამზე ერისთავი გახლავართო, მიუგო თავჩაქინდრულმა ტყვემ.
ზვიად სპასალარი წამოდგა, თავათ დაუდგა სელი. მერმე წამუყო შუბოსნებს და ხელები შეუხსნეს მამამზეს.
რაღაც წაიბუტბუტა ტუსაღმა მადლობის გრძნობის გამოსახატავად და კვლავ შენიშნა სპასალარმა: ქვედა ყბა ისევ დაუგრძელდა და აუცახცახდა ერისთავს.
\\\”ისევ ხომ არ შეგამცივნა, ერისთავთ ერისთავო?\\\”
\\\”არა, ახლა შემახურა, სპასალარო ბატონო\\\”.
სიმწრის ღიმმა დაღრიჯა მამამზის დიდრონი, ვნებიანი ტუჩები.
\\\”რად ილტვოდი მაინც, აკი ნაბრძანები ჰქონდა მეფეს, ხვალ უნდა გაგვემგზავრებინეთ საერისთავოში?\\\”
მცირე ხანს სდუმდა ერისთავი, მერმე თავი აიღო, ისევ გაუსწორა თვალი ზვიადის შეყრილსა და მრისხანე წარბებს.
\\\”მე თავათ არ ვიცი, რად შემემთხვა, სპასალარო, ეგ. შესაძლოა, ავადმყოფური ჩვენება მომელანდა, უცნაური რამ. თქვენი წაბრძანების შემდეგ ციხის ჩარდახზე გავედი. ქალაქს გადავცქეროდი. ვიღაც მხედრებმა ცხენი შემოაქროლეს. ჯერ ორნი იყვნენ, მერმე ორჯერ სამ-სამნი, ბოლოს მთელი ლაშქარი, ყველას ცეცხლოვანი ხმლები ეჭირა ხელში, ცეცხლისმფრქვეველი ჯავარდენები. სარკინოზებთან ბრძოლებში მრავალგზის ვხლებივარ ბაგრატ კურაპალატს, ბერძნებთან ომებში მიბრძოლია გირგი მეფესთან მხარდამხარ, ამის მსგავსი არაფერი მომლანდებია\\\”.
\\\”აჰა, შენ ესა გსურს, ვინ იყვნენ ის მხედრები, ან ის ხმლები რანი იყვნენ? ეს საიდუმლო მხოლოდ მეფემ და მე ვიცით და ჩვენმა ოსტატებმა, – ხოლო ორგულთათვის მიუწვდენელია იგი.
ეს ყველაფერი მე მოვაწყვე, რათა უსიტყვოდ გამომერკვია, სამტროდ იყავი, თუ სამეგობროდ მოსული?
ეხლა ყოველივე ნათელია ჩვენთვის.
ხვალვე, მეფის ბრძანებისამებრ საერისთავოში გაემგზავრები. შთააგონებდე ჭიაბერს და კოლონკელიძეს, მეფის ერთგულებად მოიქცნენ კვლავ, თორემ ჩვენ მოვალთ, ქორსატეველას ციხესაც მივწვდებით და მაშინ გაიგებთ, თუ ის მხედრები ვინ იყვნენ, ან ის ხმლები რანი არიან.\\\”
ესა სთქვა სპასალარმა და ღამენებისა უსურვა სტუმარს.
მთელი ღამე მუშაობდნენ მთავართა სანათლოის მჭედლები, გადმოიღებდნენ თუ არა გამოკვერილ მახვილებს გრდემლიდან, ხელში აწვდიდნენ ზედმომდგარ ცხენოსნებს და ესენიც საშინელის სისწრაფით მიაჭენებდნენ მთვარიან ღამეში ცხენებს, ჰაერში აწრთობდნენ ჰინდურ ფოლადს – ცეცხლებრ მგზნებარეს.
ღამენათევი მამამზე დილამდის არ მოშორებია ციხე-დარბაზის სამზერს. როცა მტრედისფრად აყვავდა ცა და მარიხი ჩაქრა, მხოლოდ მაშინ ჩასთვლიმა ოდნავ.
დილაადრიან ამირჩქარმა გამოაღვიძა, ცხენები მზად არისო, ეს მოახსენა.
ორი შუბოსანი ამოუდგა მხრებში, ციხის ეზოში ჩამოიყვანეს და შესვეს ცხენზე.
მეჯინიბეთუხუცესმა მათრახი მიართვა.
მამამზემ მადლობა დაუბარა მეფესა და ზვიად სპასალარს, თანაც სთხოვა: სააღდგომოდ კათალიკოსი მობრძანებულიყო ქორსატეველას ციხეში. ხატები და ხუცები გამოეტანებინათ საერისთავოსთვის.
როცა ცხენოსნებმა მუხნარისას ციხე გაიარეს და ამირჩქარმა ჩრდილოეთისაკენ გაჰქუსლა ცხენი, მხოლოდ მაშინ ირწმუნა მამამზემ, რომ მას საიქიოს როდი აგზავნიდნენ, არამედ საკუთარ საერისთავოში.
გაზაფხულის არენი მისდგომოდნენ მთებსაც, არაგვის პირად ალუჩები ჰყვაოდნენ და ტოროლებს ცაში აჰქონდათ განახლებული მიწის სიხარული. . . . . .

IV

აპრილის მიწურულში მსახურთუხუცესი მიუგზავნა გიორგიმ მელქისედეკ კათალიკოსს და სთხოვა: შაბათ საღამოს მწუხრის შემდეგ სწვევოდა.
კათალიკოსმა მსახურთუხუცესი რა დაინახა შუა დარბაზში თავმოდრეკილად მდგომარე, გაოცდა, რადგან ამ დღემდე ჭაბუკი მეფე თავათ ეახლებოდა მელქისედეკს.
კათალიკოსი გულში ნაწყენი იყო მეფეზე, ოღონდ ეს ამბავი ვერავისთვის გაემხილა. ემდუროდა, რადგანაც გიორგი ბაგრატ კურაპალატსავით გულმოდგინედ არ ექცეოდა სარწმუნოებისა და ზნეობის საქმეებს.
საერთო სენია კაცთა: მიცვალებულებს იმადაც აქებენ ხანდახან, რათა ცოცხალთ მიაყენონ ჩრდილი.
გულმოდგინედ ადიდებდა მელქისედეკი ბაგრატ კურაპალატს, ფრიად ღვთისმოსავი იყოო ბაგრატი, ამიტომაც მოჰხედაო უფალმან და დააპყრობინაო \\\”კავკასია ჯიქეთიდან ვიდრე გურგანის ზღვამდე\\\”.
გიორგის იდუმალ ჰქირდავდა კათალიკოსი ცხრატბის ცოტაერისთავებისათვის თავის მოკვეთის გამოც. სტუმარი ღვთისააო, სჯეროდა მელქისედეკს, ისევე, როგორც ქართველ ხალხს ოდესღაც, – რად გასწირაო სტუმარი ქრისტეანმა მეფემ. ბაგრატ კურაპალატი ასეთ რამეს არ იკადრებდაო.
ცხადია, მელქისედეკს ვერ წარმოედგინა, თუ ჟამთააღმწერელი ასეთს რასმე დასწერდა: \\\”ბაგრატ კურაპალატმა იწვია კლარჯნი ხელმწიფენი სუმბატ და გურგენ, ძენი ბაგრატ არტანუჯელისანი, თვისნი მამის დისწულნი, დარბაზად მის წინაშე ციხესა შინა ფანასკერტისასა, დარბაზობის ნაცვლად შეიპყრა იგინი და აღიხვნა ქვეყანანი და ციხენი მათნი, ხოლო თვით იგინი პატიმარ ჰყო ციხესა შინა თმოგვისასა\\\”, (ამ ციხეში სული დალიეს სტუმრებმა ბოლოს).
მელქისედეკ კათალიკოსს კარგი მეხსიერება ჰქონდა, მაგრამ რასაც მიცვალებულს მიუტევებენ ხოლმე, მას ცოცხალს არ აპატიებენ თანამედროვენი არასდროს.
ეს ამბავი ახსოვდა მელქისედეკს, სწორედ ამადაც დაფაცურდა იგი, როცა სადარბაზოდ მოსული მამამზე ერისთავი საპატიო ტყვეობაში მოხვდა უეცრად.
ექვსი თვის მანძილზე გამუდმებული და იდუმალი ბრძოლა იყო ახალგაზრდა მეფესა და მოხუც კათალიკოსს შორის.
როცა ჯავარდენების წრთობა და საომარი სამზადისი დაიწყო მეფემ, ღამეებს ლოცვაში ათენებდა მელქისედეკი.
ზვიად სპასალარი თავგამოდებით მოითხოვდა მამამზისათვის თავის მოკვეთას, ან თვალების დაწვას. ეს კიდევ ცოტაა, თავათ ზვიადს უნდა წაეყვანა ჯარი, როგორც კი ზვავების საფრთხე გაივლიდა, ჭიაბერის, ტოხაისძისა და კოლონკელიძის თავები მარგილებზე წამოეცვა, ქორსატეველას კვეტარის ციხეები ბალავრიანად დაენგრია.
კათალიკოსი გიორგის არწმუნებდა:
\\\”არა ბრძანებულ არს უფლისაგან მახვილისა აღება, ხამს სახარებითა და პატიოსანითა ჯვრითა უჩვენოთ გზაი ჭეშმარიტებისაი განდგომილთა, რამეთუ ძელიცხოველის ჯვარი პატიოსანი არს მიმყვანებელი ცხოვრებად საუკუნოდ და ძალმან მისმან განანათლოს ბნელი იგი გულითა მათთა\\\”.
გიორგი მაინცდამაინც დიდ იმედებს არ ამყარებდა ძელიცხოველის ჯვარზე, მაგრამ კათალიკოსის თათბირისაკენ იხრებოდა უფრო, რადგან ჭიაბერთან ომით ბიზანტიონთან ურთიერთობის გაფუჭებას ერიდებოდა, გარდა ამისა, თავათ მამამზის დიდი დამსახურება სამეფო ტახტის წინაშე, მისი თავგანწირული შებრძოლება დათვთან და ბოლოს, მამამზის მშვენიერი აღნაგობა, ყოველივე ეს ურთიერთს დაერთო და ცოცხალი თავით გაასწრო სტუმარმა მთებში.
ზვიად სპასალარი დიახაც მორწმუნე იყო, მაგრამ ჯვარის ძალით დამარცხებული მტერი არსად ენახა ჯერ და ამიტომაც დაჟინებით ურჩევდა მეფეს: სანამ მამამზეს, ჭიაბერს და კოლონკელიძეს თავები ასხიათ მხრებზე, მშვიდობა არ დამყარდებაო. ტოხაისძეს კოჭის ძარღვები დავაჭრათ და ეს ვაკმაროთო სახლთუხუცესს.
იმ შაბათს მწუხრის ლოცვა განგებ გააგრძელა კათალიკოსმა. მოსაბოდიშებელი მზად ჰქონდა: აღაპები დაგვიგროვდა და მწუხრის შემდეგ გვიან ხლებას მოვერიდეო.

V

გაჭიანურებულმა მწუხრმა ფრიად მოქანცა კათალიკოსი.
მას გულის მანკი სჭირდა. ფეხები უსივდებოდა. წირვა გათავდა თუ არა, თვალთ დაუბნელდა და მცხეთელი ეპისკოპოზი რომ არ მიშველებოდა, წაიქცეოდა.
მერმე ჩვეულებისამებრ ეახლნენ მისი სიყრმის მეგობრები: ბერი გაიოზი და მამათა მონასტრის მამაი სტეფანოზ. მხრებში ამოუდგნენ და მონასტერში წაიყვანეს.
მელქისედეკს ასე სჯეროდა: თუ გსურს ზეგავლენა მოახდინო ერზე, იგივე უნდა სჭამო, რასაც მრევლი სჭამს, და ისევე ჩაიცვა, რაც მას აცვია, სხვა მხრით უნდა ეცადო იშვიათად ეჩვენო ხალხს.
თვალს შეგაჩვევენო…
ამიტომაც იშვიათად ეჩვენებოდა მრევლს, დიდ ხატობებსა და დღეობებზე დასწრებას გაურბოდა, თვით მეფის სასახლეში დიდ დაბაზობას ერიდებოდა ისეთ დღეებში, როცა სხვა ქვეყნის დესპანები, მეფეები და ერისთავები მოდიოდნენ ხოლმე. დიდ აზნაურთა სახლებში გამართულ ნადიმებსა და ქორწილებს არასოდეს დაესწრებოდა. აზნაურთა შორის მომეტებულნი მწვალებლებად და მკრეხელებად მიაჩნდა.
ეკლესიიდან გამოსული უბრალო ბერის ჩოხას იცვამდა ჯვალოსას.
რაც შეეხება ყოველდღიურ პურობას, სტეფანოზ ბერის საოსტიგნოში, ბერებისა და მორჩილების თვალწინ სჭამდა მხალეულსა და საერთო სამარხვოს.
ამ საღამოსაც გაიოზ ბერისა და სტეფანოზ წინამძღვარს შორის უჯდა სუფრას მელქისედეკი და ოსპის გბოლვილს შეექცეოდა ხის კოვზით.
მთელი დღის ნამარხულევს იამა ოსპის წვენი, მეორე ითხოვა და სწორედ ეგეც მიართვა ქერაკულულიანმა მორჩილმა, კოვზით აიღო ოსპის წვენი და პირისკენ რომ მიჰქონდა, სწორედ ამ დოს, რამდენიმე ნაბიჯის სიშორეზე ვიღაცამ იკითხა ხმამაღლა:
კათალიკოსი თუ ბრძანდებაო აქ?
კათალიკოსმა ეს გაიგონა და გაიოზს უჩურჩულა: ჩემი აქ ყოფნა არავის ამცნოთო.
ვიდრე მოხუცი გაიოზ წამოდგომას შესძლებდა, შავანაფორიანმა გაარღვია ბერების და მორჩილების ბრბო, თავს წაადგა კათალიკოსს.
ქედმოდრეკილი მიეჭრა ეზოსმოძღვარი, თავისი მარად სველი, მსუქანი ტუჩებით დაულოშნა მარჯვენა, მერმე კრძალვისაგან აცახცახებული უკუდგა და მოახსენა:
მეფე სადარბაზოდ იწვევსო შენს მეუფებას.
მელქისედეკი დააფიქრა განმეორებით მიპატიჟებამ, ასე გაიფიქრა: ფარსმან სპარსის ამბავი აწუხებსო.
მელქისედეკს ფრიად არ მოსწონდა ამ \\\”საეჭვო უშჯულოს\\\” ყოფნა მეფის კარზე, მით უმეტეს, არავინ იცოდა დაბეჯითებით, მართლაც სპარსი იყო იგი, სარკინოზი თუ ბერძენი?
ფარსმან სპარსი შერქმეული სახელი უნდა ყოფილიყო, არსებითად ნამდვილი მისი ვინაობა და სადაურობა არავინ უწყოდა.
ყოველი ენა, ყოველგვარი სჯულის კანონი ზედმიწევნით იცოდა: ქართული, არაბული, თურქული, ირანული და ბერძნული.
ჯერ კიდევ ბაგრატ კურაპალატს აუხირდა მელქისედეკი ამ \\\”წარმართის\\\” გამო, მერმე ის იყო, მოანათვლინა მეფემ ორმოცდახუთი წლის კაცი.
ეკლესიაში სიარულითა და მარხულობით თავს არ იწუხებდა ფარსმანი.
მსტოვარ ბერებს ამბავი მიჰქონდათ კათალიკოსთან: ჩუმჩუმად დასცინისო კიდევაც ქრისტეს სჯულს. მარიამის უხრწნელობის დოგმას აპამპულებდა თურმე და როცა თრიაქით დათვრებოდა, მოურიდებლად ხითხითებდა: ღვთისმშობელს იმდენი შვილი ჰყოლია, რამდენიც ანგელოსი დაეტევაო ნემსის წვერზე.
ეს ოხუნჯობაც ორპირულად იყო მოსაზრებული. თუ ეტყოდნენ, ნემსის წვერზე ბევრზე ბევრი ანგელოსი დაეტევაო, იგი მიუგებდა: თქვენ არ გცოდნიათ, ანგელოსი კაცის ოდენა რომ არისო, ხოლო თუ ვინმე მიუგებდა, საერთოდ ანგელოსს როგორ დაიტევსო ნემსის წვერი, – თქვენ არ გცოდნიათ ანგელოსნი უხორცონი რომ არიანო.
მერმე მოჰყვებოდა იმდენს ანგელოსების უხორცობის გამო, თავბრუს დაახვევდა მსმენელს.
როგორც ყოველ ავანტიურისტს (და შუა-საუკუნეებში ისინი გაცილებით მეტნი იყვნენ, ვიდრე ჩვენს დროში), მასაც რამდენიმე ხელობა ჰქონდა მომარჯვებული.
უკანასკნელად მზის საათების მოწყობას მიჰყო ხელი, დაეთრეოდა საერისთავოებში, მზის საათებს აწყობდა, მთვარის \\\”ხელთაის\\\” სწერდა, ხანდახან ნადიმებზე მიიწვევდნენ, როგორც ხუმარასა და მოცლილს, მოხუც აზნაურებს აცინებდა, ყოველ სარწმუნოებას აპამპულებდა იდუმალ (რათა საკუთარი დაემალა), ყოველი ეროვნების კაცს ამასხარავებდა (რათა საკუთარი არ გაემხილა როგორმე).
კათალიკოსი დიდხანს ეძებდა რაიმე საბაბს, არსებითს, რათა მცხეთიდან მისი გაძევება მოეთხოვნა მეფისაგან და ახლა გახარებული იყო მელქისედეკ, რომ სწორედ ეზოსმოძღვარმა მიაწოდა მას ასეთი, ფრიად გამოცდილმა ჭორიკანამ და მოენემ.
ფარსმან სპარსი დედათა მონასტერს შესჩვეოდა, მცირეწლოვან მორჩილ ქალწულებს საჩუქრებით გაიტყუებდა მთავართა სანათლოის ერთ ბნელ ქუჩისკენ, სადაც გაუქმებული ბაზილიკის უკან, ბნელ სენაკში ცხოვრობდა თავათ, და ნამუსს ახდიდა თურმე.
უკანასკნელად ფანასკერტელის ქალისთვის დაედგა თვალი.
ცამეტი წლის გოგონა ძალით გაეხრწნა (იგი ეზოსმოძღვარის ნათესავი აღმოჩნდა).
თუ აფხაზეთიდან, კლარჯეთიდან და ფხოვიდან ჩამოყვანილ მონათა შვილების გაუპატიურებამ დაუსჯელად ჩაუარა ფარსმანს, ფანასკერტელი დიდი აზნაური იყო და აქ კი უეჭველად მოძებნილი იყო ის ფონი, რომელსაც მკრეხელი ფარსმანი უცილოდ უნდა დაეხრჩო.
გამოძიება დასრულებული იყო, მაგრამ ჯერ სხალტბის ეკლესია არ მოეთავებინა ფარსმანს და კათალიკოსი ჯერ არ აპირებდა საქმისთვის მსვლელობის მიცემას, მეფესთან შეხვედრასაც ამიტომ გაურბოდა, ვაითუ გიორგიმ შემავრდომოსო ფარსმანი.
ეზოსმოძღვარის პირით შემოთვლილ ხელმეორედ წვევას, ცხადია, ვერ გაექცეოდა მელქისედეკი. ოდნავ გულნაწყენი იყო ამ მიპატიჟებით, მაგრამ ერთბაშად გადასწყვიტა, დაესწრო როგორმე მეფისათვის და დაბეჯითებით მოეთხოვა ამ ბილწი წარმართის დასჯა.

VI

დარბაზში ფეხი შესდგა თუ არა, უსიამოდ შეიშმუშნა მელქისედეკი. ტაბლას გარს მოსხდომოდნენ გიორგი მეფე, ზვიად სპასალარი და ფარსმან სპარსი.
დარბაზის შუაგულში მიწვეულს უსიამო სუნი ეცა, ეს არ იყო ხანდაზმული სუნი ქონისა, არამედ რაღაც მურტალი, უცნაური სუნი.
ეგებ ამ წარმართს უდიოდესო, გაიფიქრა მელქისედეკმა და მიესალმა დამხვდურთ.
სამივენი ზეწამოიჭრნენ, სპასალარმა სელი დაუდგა კათალიკოსს, მეფემ დაბრძანება სთხოვა. ყველანი დასხდნენ, მხოლოდ ფარსმან სპარსი ფეხზე დარჩა და უცდიდა, კათალიკოსი როდის უბრძანებდა დაჯდომას.
მელქისედეკი ტაბლას დააჩერდა, ამინაშატის ხატსა და ძელიცხოველის ჯვარს მოჰკრა თვალი.
გიორგიმ მოიკითხა კათალიკოსი, მადლობა მოისმინა მისგან, შემდგომ ამისა ეს უთხრა:
\\\”შენ გიბრძანებია უნეტარესო, ნააღდგომევს მამამზის საერისთავოში მივალო. ეს ხატი (თვალით აჩვენა ამინაშატის ხატი) მამამზეს მიართვი ჩემგან, ხოლო ძელიცხოვლის ჯვარი – ჭიაბერს.\\\”
მელქისედეკმა შენიშნა, ლუსკუმიდან ამოღებული იყო იგი.
\\\”ჩემის სახელით უბრძანე, შენს თვალწინ ეამბორონ ორივენი ჩემგან ნაძღვენ ხატსა და ჯვარს, კოლონკელიძესთან ყოველივე კავშირი გასწყვიტონ, კოლონკელიძეს ჩვენ მოვუვლით (ესა სთქვა და სპასალარს გადაჰხედა).
უბრძანე ქრისტეს სჯულს დაუბრუნდნენ, თავისი ქალი, კატაი, ტაოელ აზნაურს – ტარიჭისძეს მიათხოვოს მამამზემ და არა ტოხაისძეს, იმ მელაძუა სახლთუხუცესს. ჭიაბერმა არ გაბედოს კოლონკელიძის ქალის, შორენას, შერთვა (ესა სთქვა და მუშტი დაარაკუნა ტაბლაზე მეფემ), თორემ ერთი თვის შემდეგ ქორსატეველას ციხეს შემოვეწყო.ბი ჩემის ლაშქრითა, ჭიაბერსა და მამამზეს თავები არ შერჩებათ მხრებზე\\\”.
მტკიცედ, აუღელვებლად სთქვა მეფე გიორგიმ და მზერით ამცნო კათალიკოსს, თუ ასე არ მოხდა, შენი ლოცვა-კურთხევა ვერას უშველისო განდგომილთ.
ათალიკოსს ეზოსმოძღვარის ნაჩურჩულევი გაახსენდა, მამამზის წასვლის შემდეგაც ჯარის გაგზავნას აპირებენო ქორსატეველას ციხეში, მეფის ნათქვამი რა ისმინა, გაუხარდა, თათბირნი ჩემნი შეუწყნარებიაო გიორგის. ავადმყოფობა მოძალებული ჰქონდა, მაგრამ სისხლის ღვრის ჩამოვარდნას საერისთავოში წასვლას არჩევდა.
თავი აიღო მელქისედეკმა, კმაყოფილი სახით თანხმობა ამცნო სიტყვის დაძვრამდის გიორგის; წარბშეყრილი და მოღუშული იჯდა ზვიად სპასალარი, ფარსმან სპარსი კვლავ ფეხზე იდგა, დაქანცულობას ვაგლახ დაეღრიჯა მისი დამჭკნარი და ქოსა სახე.

VII

მეორე დღესვე ქორსატეველას ციხისაკენ დიდძალი ამალით გაემგზავრა მელქისედეკი. ოთხი ეპისკოპოზი იახლა: იშხნელი, მაწყვერელი, ანჩელი და მტბევარი. ორასზე მეტი ხუცესი და ბერი, ბერთა შორის თორმეტი გამოცდილი მსტოვარი გაატანა სპასალარმა კათალიკოსს, ბერის ჩოხაში გამოწყობილნი.
მათ დაწვრილებით უნდა შეესწავლათ ერისთავის კარისა და საერისთავოს ცხოვრების ყოველი საიდუმლო და კათალიკოსის მობრუნებამდის საჩქაროდ მოეხსენებინათ მეფისათვის.
ამ პროცესიას ჯვარის მტვირთველი მიუძღოდა წინ, ამინაშატის ხატი და ძელიცხოველი მიჰქონდა თან.
ქორსატეველამდის ექვსიოდე ეჯი უკლდათ, როცა მამამზე ერისთავი დიდის ამალით შემოეგება ქრისტეს მოსაყდრეს წინ.
თვალი მოჰკრა თუ არა მღვდელმთავარს, მამამზე მყისვე დაქვეითდა, ისრის მისაწვდენი ადგილი ფეხით გამოიარა თავისი სახლთუხუცესის, ტოხაისძის თანხლებით, მიუახლოვდა, მუზარადი მოიხადა და ეამბორა ხელზე საპატიო სტუმარს.
კათალიკოსი ოქროს ზანზალაკებით მორთულ ჯორზე იჯდა და ასე მიდიოდა ბზის ტოტებით მორთულ გზაზე. ხეობის უბეებში მოგროვილი თავშიშველა მონები, დედაკაცები, ბავშვები, ქადაგები და მათხოვრები უკან მისდევდნენ ამალას,
მკერდზე მჯიღს იცემდნენ, გალობდნენ ოსანას.
მამამზემ შავლეგ ტოხაისძეს წამუყო, ორივენი კვლავ შესხდნენ ცხენებზე და უკან მოექცნენ პროცესიას.
იჯდა თორიანი გოლიათი ჩალისფერ იაბოზე, თავის უზარმაზარი ცხენის დაცქვეტილ ყურებს შორის გადახედავდა ჯორზე დაყუნცულ ჩია ბერიკაცს, შავჩოხიანი ბერების ლაშქარსა და მათ წინ მდებარე ცარიელ გზას. აღელვებული ცქმუტავდა უნაგირზე.
მოღუშულმა ერთბაშად კისერი მიიდრიკა გვერდით მომავალ მხედრისაკენ და ეკითხება ტოხაისძეს:
\\\”რად იგვიანებს, თუ იცი, ჭიაბერი, შავლეგ?\\\”
\\\”ჭიაბერი და მისი ამალა მზად იყვნენ, რა მოგახსენოთ, ერისთავთ ერისთავო!\\\”
\\\”უბედურება ის იქნება, თუ ჭიაბერი გაჯიქდა ისევ და არ შეეგება კათალიკოსს\\\”.
თითქმის ჩურჩულით სთქვა მამამზე ერისთავმა. ცხენს წაუტლაშუნა მათრახი.
ამის თქმა მოასწრო მამამზემ და ადგა გზის ასაქცევთან ბუღი.
თავისი გაჯაგრული, შავი მარჯვენა თვალზე მიიჩრდილა შავლეგ ტოხაისძემ და მზერა მისი ანაზდეულად მისწვდა მუზარადებისა და თორ-აბჯარის ლაპლაპს შორეულ მზვარეში.
\\\”მოდიან, მოდიან\\\”… წამოიძახა ტოხაისძემ. მამამზემაც იფარა ხელისგული, მაგრამ ვერაფერი დაინახეს მისმა თელგამიანმა, ჭროღა თვალებმა, რომელნიც დათვის მიერ დატორვის შემდეგ არ აპირებდნენ სავსებით გაჯანსაღებას.
\\\”ჭიაბერია, ჭიაბერი, ერისთავთ ერისთავო\\\”, სთქვა ტოხაისძემ და გაჰქუსლა თავის ძუძუმტეს შესახვედრად ცხენი.
\\\”უთხარი, უეჭველად ემთხვიოს კათალიკოსს ხელზე\\\”, დააბარა სახლთუხუცესს მამამზემ, ვიდრე ტოხაისძე სადავის მოკრებას მოასწრებდა და დეზს ჰკრავდა ცხენს.
ზუჩიანი, თორიანი მხედრები ქევქევით მოაჯირითებდნენ ცხენებს, როცა კათალიკოსის ამალას გაუსწორდნენ, დაწინაურდა ოქროს მუზარადიანი, მშვენიერი ვაჟკაცი, დაქვეითდა და მეაბჯრეს მიუგდო ცხენი.
მუზარადი მოიხსნა, თავთუხისფერი კულულები გადმოიღვარა მის მაღალ შუბლზე. დიდრონი, ცისფერი თვალები მიაშტერა კათალიკოსის დალეულ, ავადმყოფურ სახეს, ღილივით წვრილსა და ციმციმა თვალებს. თავისი გოლიათური მარჯვენა გაუწოდა სტუმარს. ზიზღნარევი ძრწოლით აღვსილმა თავი მოიდრიკა, ცივად ეამბორა მის დამჭკნარსა და გრძელ თითებს (ამ წუთში ფეხზე მდგომარე ჭიაბერი გაცილებით მაღალი მოსჩანდა, ვიდრე ჯორზე მჯდომარე მელქისედეკ კათალიკოსი).

VIII

დამრეცილი გზა სულ მაღლა და მაღლა მიიწევდა. მელქისედეკი თავს ძლივს იკავებდა ჯორზე. მოთავდებოდა ერთი აღმართი, ახლა მეორე დაიწყებოდა. ავიდოდნენ მწვერვალზე, მხარმარცხნით გაუხვევდნენ, ისევ ახალ აღმართს შეუდგებოდნენ, ისევ და ისევ.
ბოლოს გამოჩნდა ქორსატეველას ციხე-დარბაზი და საბრძოლო გოდოლები სწორედ იმ მწვერვალზე, სადაც ამდენხანს მხოლოდ ღრუბლებს ჰხედავდა კათალიკოსი.
ახლა კი ხანგრძლივად აღმასვლამ ისეთი უცნაური გულის ძგერა მოჰგვარა მელქისედეკს, იგი ვეღარც ღრუბლებს ჰხედავდა და ვეღარც ქორსატეველას ციხეს.
ცალ მხარეს სტეფანოზ ბერი მიჰყვებოდა ჯორით, ცალი მკლავი მამამზეს ეჭირა, გაფითრებული მელქისედეკ მიცვალებულივით იჯდა ჯორზე და ყოველ წუთში ელოდა ძირს ჩამოვარდნას.
უკვე ქორსატეველას პირველ გოდოლს მიადგნენ, მაგრამ მელქისედეკმა სავსებით დაჰკარგა ცნობიერება და ოთხმა ბერმა ხელით ჩამოიღეს იგი უნაგირიდან.
მამამზის მეუღლე ბორდოხანი ფანატიკურად მორწმუნე იყო, იგი შორიდან თაყვანს სცემდა მელქისედეკ კათალიკოსს, როგორც \\\”შესანიშნავ მწყემსს ქრისტეანობისას და ეკლესიათა დიდ აღმშენებელს\\\”.
პირველ გოდოლთან დაუხვდა იგი კათალიკოსს თავის შიმუნვარებითა და მოახლეებით. როცა სულთმობრძავი მღვდელმთავარი ჯორიდან ჩამოიღეს, მანდილოსნები მისცვივდნენ მას.
ზოგი ხელ-ფეხზე ეამბორა კათალიკოსს, ზოგიც ტანისამოსის კალთებს უკოცნიდა.
ორხოვით, ფარდაგებითა და ნატებით მორთულ დარბაზში შეიყვანეს კათალიკოსი და ტახტზე დაასვენეს.
მამამზე ფრიად შეშფოთებული იყო, რადგან კარგად იცოდა, მეფე გიორგი უთუოდ ჭიაბერს შესწამებდა კათალიკოსის სიკვდილს და ეს უცილოდ გაამძაფრებდა ისედაც გამწვავებულ ურთიერთობას.
ბორდოხან, ერისთავის მეუღლე, ღაწვებს იხოკდა, მთელი სიცოცხლე იმის ნატვრაში იყო, მელქისედეკ კათალიკოსი თვალით ენახა ოდესმე.
სამგზის წავიდა მის სანახავად მცხეთას და სამგზისვე ხელი მოეცარა, მელქისედეკი ხან უფლისციხეს აღმოჩნდებოდა წასული, ხან არტანუჯის ეკლესიების ასაშენებლად და მოსაკაზმავად.
ახლა უჩვეულო ბედნიერებას ეღირსა ბორდოხან, მელქისედეკ კათალიკოსი ქორსატეველას ციხე-დარბაზს ეწვია, მაგრამ უკვე სულთმობრძავი და განწირული.
ცამეტი წლის კატაი გაოცებული შესცქეროდა ატირებულ დედას და ვერ გაეგო, თუ რად აწუხებდა მას ამ ჩონჩხადქცეული მოხუცის სიკვდილი?
ბორდოხან ძველი ქართველი მანდილოსნების დარად აქიმობაში განსწავლული იყო ფრიად. ერთ წუთში მოისაზრა, მებადური ბიჭები ჩააგზავნა არაგვში და ორაგულის ლიფსიტები დააჭერინა საჩქაროდ.
დიდხანს უზილეს ცივი ტილოთი გულმკერდი კათალიკოსს ბორდოხანმა და მისმა უფროსმა დამ, რუსუდანმა, გონს მოიყვანეს ძლივს.
მამამზემ თავათ შემოიტანა ლანგარზე დაწყობილი ცოცხალი ლიფსიტები.
ადგა ბორდოხან ერისთავი, საკუთარი ხელით დააცალა ლიფსიტებს ფრთები, ისე, როგორც კარაბადინში ჰქონდა ეს წამლობა ამოკითხული, და თორმეტი ლიფსიტა სიათითაოდ გადააყლაპინა მელქისედეკს, სულ რამდენიმე წუთში კათალიკოსი გამომჯობინდა.
ბორდოხან ფერხთით დაუვარდა მელქისედეკს, რელიგიურ ექსტაზში შესული სტიროდა და ტანისამოსის კალთებს უკოცნიდა კათალიკოსს.
გულამრეზილმა ჭიაბერმა ვერ აიტანა ასეთი უსიამო სურათის მზერა. მამას უჩურჩულა: პურობის დაჩქარებისთვის ვიზრუნებო და მყისვე გავიდა დარბაზიდან.
კათალიკოსი წამოდგა. მიიხედ-მოიხედა და ვერსად ნახა ხატები და ჯვრები გარშემო კედლებზე.
მოაგონდა მსტოვარი ბერების მოტანილი ცნობა, ქორსატეველას ციხე-დარბაზი გაძარცვესო წარმართმა ფხოველებმა. ჯვრეი და ხატები ხმლებისა და სატევრების შესამკობად გადაადნესო.
ჯვარის მტვირთველს ვაშკარანების გახსნა უბრძანა.
მამამზეს წამუყო და ჭიაბერი ახმობინა.
ჭიაბერი შემოვიდა და უჩურჩულა მამას: პურობისათვის მზად იყავითო. მცირეწლოვანი კატაი შემოუძღვა შიმუნვარებს, პირსახოთ მხარზე ეფინა.
თავმოდრეკილი მივიდა კატაი, ხელზე ეამბორა კათალიკოსს, შემდგომ თავად აიღო სურა და ხელი დააბანინა ჯერ მელქისედეკს, შემდეგ ოთხივე ეპისკოპოზს.
ხელის ბანა რომ მოთავდა, ამინაშატის ხატი აიღო კათალიკოსმა, გადასცა მამამზეს, მის წინაშე მონურად ქედმოდრეკილს და დასძინა: მეფემ გისახსოვრათო.
მამამზემ დაიჩოქა ბალღივით, ჯერ მუხლზე ემთხვია, შემდეგ ხელზე, მერმე ამინაშატის ხატს აკოცა და ფარისევლური სასოებით ჩაიკრა იგი მკერდში, ისევ გამოიღო და ხელახლა ემთხვია.
ახლა ჭიაბერი მოიხმო კათალიკოსმა, შორიახლო მდუმარედ მდგარი.
როცა ეს ოქროსკულულებიანი გოლიათი ეახლა, ჰაერში ჯვარი გადასახა სახეშეჭმუხვნილმა მელქისედეკმა, მერმე ძელიცხოველის ჯვარი ამოიღო ლუსკუმიდან, დააცქერდა მის ფერხთით დამუხლულის თავთუხისფერ კულულებს და მკაფიოდ სთქვა:
\\\”მეფეთ მეფემან გიორგიმ, აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა ბატონმან გიბრძანა, ერისთავთ ერისთავო, ჭიაბერ…\\\” – თანაც შთაგონებულად ზეასწია ხელი.
\\\”მეფეთ მეფემან გიორგიმ გიბრძანა, – განიმეორა მტკიცედ და ხმა აუკანკალდა კათალიკოსს, – განაგდო ეშმაკეული, ქრისტეს შჯულად მოიქცე კვლავ და მოკრძალებით ემთხვიო, ამ ძელიცხოველსა\\\”.
ეს უთხრ და ზედ ტუჩთან მიუტანა ჯვარი მის ფერხთით დაჩოქილს.
ყველანი თავჩაქინდრული შესცქეროდნენ ამ სცენას, ბორდოხან კუთხეში დაჩოქილი სტიროდა ბალღივით, მოხუცი აზნაურებიც ფეხზე იდგნენ და სასოებით ისმენდნენ კათალიკოსის ქადაგებას. რომელშიაც მელქისედეკი აფრთხილებდა ყველას, ვისაც რაიმე წილი სდებოდა ფხოველთა მიერ მოწყობილ ამბოხში, ემუქრებოდა ძელიცხოველის სახელით.
შავლეგ ტოხაისძე განმარტოებით მიყუჟულიყო ბნელ კუთხეში, ბრაზმორეული აკრიჭინებდა თავის წვეტიან, ნადირისებურ კბილებს.
ჭიაბერი ზიზნარევი ძრწოლით ემთხვია ჯერ ჯვარს, შემდეგ კათალიკოსის მარჯვენას. წამოდგა თუ არა იგი, მელქისედეკმა დაოკებული ბრაზის ნატამალი დაიჭირა მის მშვენიერ, ცისფერ თვალებში.

IX

პურობის დროს იშხნელი, მაწყვერელი, ანჩელი და მტბევარი მიუსვეს კათალიკოსს მხარმარჯვნივ, ხოლო მხარმარცხნივ თავათ მამამზე მიუჯდა. მის გვერდით ბორდოხანი და ჭიაბერი დასხდნენ.
შავლეგ ტოხაისძე და თორმეტი აზნაური არაგველნი მკლავწაკარწახებულნი ემსახურებოდნენ საპატიო სტუმრებს.
მამამზე თავათ აწვდიდა კათალიკოსს ხან ზურგიელს, ხან ჭანარს, ხან მურწას, რადგან მელქისედეკმა გახსნილების შემდეგაც თევზის გარდა არა ინდომა რა.
ისევ წამოდგა მამამზე და ახლად შემწვარი კალმახი მიართვა სტუმარს.
ჭიაბერი მამისკენ გადაიხარა და უჩურჩულა: ღვინო მემწარა, წავალ და გამოვაცვლევინებო ღვინოს.
ესა სთქვა და დარბაზიდან გავიდა.
ისევ გაუწოდა კალმახით სავსე ლანგარი მამამზემ სტუმარს, უქებდა არაგვის კალმახს, რაც უფრო აღმა ამოყვება კალმახი მდინარეს, მით უფრო გემრიელიაო იგი. ახლა ქვირითობა იწყება მალე და თუ შენი მეუფება დიდხანს დაყოვნდება ქორსატეველას ციხე-დარბაზში, ყოველდღე ახალს ქვირითსა და კალმახს მოგართმევო.
ერთბაშად კალმახის ამბავი დააგდო მამამზემ და ძელიცხოველის ჯვარის გამო დაუწყო საუბარი. გამიგონია, ამ ჯვარს დიდი სასწაულები მოუხდენიაო კლარჯეთში, – იმერხევში ეკლესია დაქცეულა მიწისძვრის დროს, ყოველივე შემუსრულა საკურთხეველში, ხოლო ძვირფას ლუსკუმაში ჩადებული ძელიცხოველი უვნებლად გადარჩენილიყო.
კათალიკოსი კალმახს სჭამდა, მდუმარედ ყურს უგდებდა ნაუბარს.
როცა ძელიცხოველის სასწაულის ამბავი მოათავა მამამზემ, მელქისედეკმა თავი დაუქნია, – დაუმოწმა, ჭეშმარიტად აგრე მოხდაო.
მამამზემ ეს ამბავი აღარ განაგრძო, თუმცა იმ ჯვარის მცხეთაში კვლავ ჩამოტანის ისტორიაც ჰქონდა განაგონი ეზოსმოძღვარისაგან. ერთბაშად ეს ამავიც დააგდო და თითქმის ჩურჩულით ეუბნება მელქისედეკს:
\\\”ჩემს აქ არყოფნაში წყეულ ფხოველებს დაუქცევიათ ჩემი საერისთავო, შენო მეუფებავ, ეკლესიები გადაუწვიათ, ჩემი ვაჟი ჭიაბერი და სახლთუხუცესი ტოხაისძე ჯარით შეგებებიან წინ, სასტიკი ბრძოლა გაუმართავთ, მაგრამ ფხოველნი განა მარტონი იყვნენ? მტრის სიმრავლისაგან ოტებულნი უკუქცეულან და ქორსატეველაში ჩაკეტილან ჩვენები.
მერმე წყარო მოუწყვეტიათ უსჯულოთა, ციხე აუღიათ, დარბაზები გაუძარცვავთ. არც ერთი ხატი, არც ჯვარი შეგვარჩინეს მამა-პაპათა მიერ დანატოვარი\\\”.
მელქისედეკმა კალმახს თავი წასჭამა, მცირე ხანს ღეჭავდა ლუკმას უკბილო ბერიკაცი, მერმე აცახცახებული ხელით ფხა გამოიღო პირიდან, თეფშის ლინგზე დააწყო, მამამზეს მიუბრუნდა და ეუბნება:
\\\”მეფე გიორგის ეს ყოველივე წვრილად მოხსენდა თავის დროზე. მერმე, ის იყო, შენ დათვმა დაგტორა, მეფემ პატივი დაგდო, როგორც საპატიო სტუმარსა და ავადმყოფს, ამიტომაც არ გაგიმხილეს\\\”.
შემდგომ ამისა ისევ დაითრია მელქისედეკმა მოზრდილი კალმახი. ისევ წასჭამა თავი.
მამამზე ლიქნიდა კათალიკოსის წინაშე მრავალი ფიცითა და აღთქმითა. მეფის მზესა და ბაგრატ კურაპალატის სულს იფიცავდა. ჩემს ხელში დალია ბაგრატ კურაპალატმა სული ფანასკერტის ციხეში, მე და ზვიად ერისთავს ჩაგვაბარაო მცირეწლოვანი გიორგი და მთელი საქართველოს ბედი.
ბაგრატმა ჩამომართვაო სიკვდილის წინაც ფიცი და ამ ფიცის ერთგული ვარო დღემდის. მე და ჩემი თანამეცხედე ბორდოხან დღე და ღამეს ლოცვაში ვატარებთო, მეუფების შენის მიწა ვართო მე და ჩემი მეუღლე, ჩემი ვაჟი ჭიაბერი და ქალი კატაი.
ეს საუბარი არა ჰქონდა მოთავებული მამამზეს, როცა კათალიკოსმა მამამზის წინაშე მდებარე ლანგარისაკენ გამოიხედა, რადგან იშხნელსა და მაწყვერელს მუსრი გაევლოთ კალმახისივის.
მამამზეს სიტყვა გაუწყდა პირში და როცა ახალი ლანგარით მიართმევდა კათალიკოსს კალმახს, მელქისედეკმა ღილივით წვრილი და შავი თვალები შეაგება ისრიმისფერ თვალებს, მამამზის დაფანჩვულ წარბებს ქვეშ აწრიალებულთ.
ბორდოხანმა შენიშნა, ჭიაბერის გასვლის შემდეგაც რომ არ გამოსცვალეს ღვინო.
გაოცდა: რად იგვიანებსო ჭიაბერი ამდენ ხანს? მელქისედეკის გასაგონად ბოდიში მოიხადა და დარბაზიდან გავიდა.
კათალიკოსმა ხელახლა აიღო მოზრდილი კალმახი, ამასაც წასჭამა თავი და მასპინძელს მიუბრუნდა:
\\\”მეფეთ მეფე გიორგი სულგრძელია, იგი დიახაც ისმენს თათბირთა ჩემთა. რამეთუ არა ბრძანებულ არს უფლისაგან მახვილის აღებაი. ესე ხამს ქრისტეან მეფეთა და ეკლესიის მწყემსთა სახარებითა მაცხოვრისათა და ჯვარითა პატიოსანითა უჩვენონ ქვეშევრდომთა თვისთა გზაი ჭეშმარიტ, მიმყვანებელი ცხოვრებად საუკუნოდ, რათა ძალმან ძელისაცხოველისამან განანათლოს ბნელი ცთომილების გზაზე შემდგართა გულში\\\”.
ეს სთქვა კათალიკოსმა და დარბაზში ბორდოხანი შემოიჭრა, ჭიაბერი კვდებაო. გაოგნებულმა შეჰკივლა და გაიქცა.
სტუმრები წამოცვივდნენ, ვიდრე იშხნელი და მაწყვერელი ჭიაბერის საწოლ დარბაზში გაიყვანდნენ კათალიკოსს, ჭიაბერს უკანასკნელი სუნთქვა გასცლოდა უკვე.
ტოხაისძე თავზე წამოდგომოდა და აპატიოსნებდა ცხედარს.
ავაჲ! დაიბუხუნა მამამზე ერისთავმა და მისი გოლიათური სხეული დაგორდა იატაკზე.
გაფითრებული მელქისედეკი დააშტერდა მიცვალებულს. უკვე ჩამქრალიყვნენ მისი მშვენიერი, ცისფერი თვალები.
წესის აგებისას ამოიღო კათალიკოსმა პაწია, ჩალისფერი ლოცვანი და აბუტბუტდნენ მისი დამჭკნარი ტუჩები…
\\\”…ავაზაკთა შორის ჯვარს ეცვი, მხსნელო, დასაჯე ძელითა ცხოველითა, სიკვდილი მოჰკალ უკვდავმა სიკვდილითა, სამდღე დაფლობილმან ხორცითა, ბნელი განაქარვე ნათლითა\\\”.
ბორდოხან ლოყებს იხოკდა, მდუღარე ცრემლით მისტიროდა შვილს, უკოცნიდა ჩაცვენილ თვალებს, ხანაც კათალიკოსს დაუვარდეოდა ფერხთით, ფეხზე ეხვევოდა, ევედრებოდა:
აღადგინეო ჩემი საყვარელი შვილი ისე, როგორც ქრისტემ – ლაზარე.
გაოგნებული მამამზე თავში იცემდა ორივე ხელს, ცრემლი გაშრობოდა სრულიად.
მხოლოდ შავლეგ ტოხაისძე იდგა გულზე ხელდაჭდობილი.
დასისხლიანებული, ამღვრეული თვალებით მისჩერებოდა კათალიკოსს და მის გულში წყალგადასხმულ ნაღვერდალივით შიშხინებდა მელქისედეკის მიერ წარმოთქმული ლოცვის ერთერთი ლექსი:
\\\”…დაისაჯე ძელიცხოველითა?\\\” ვის გულისხმობდა კათალიკოსი, ჭიაბერს თუ ქრისტეს?
პანაშვიდის გათავების უმალვე ერისთავების სახლეულმა და სტუმრებმა იწამეს, რომ კლარჯეთელმა ძელიცხოველმა მორიგი სასწაული ჩაიდინა ჭიაბერის მოკვლით.
თავათ მამამზეც შედრკა, მანაც დაიჯერა ეს სასწაული. მისი აზრით, ახლა ტოხაისძის, კოლონკელიძისა და მისი ჯერი იყო მომდგარი, მაგრამ უეცარი სიკვდილი სანატრელად უჩნდა ვაჟკაცი შვილის დამკარგველ მოხუცს.
ანაზდად გამოიცვალა, მოტყდა მამამზე, ახლა მთლად ფეხქვეშ ეგებოდა კათალიკოსს და მის ამალას.
იმ ღამესვე აღსარების ნება სთხოვა მელქისედეკს და აღიარა თავისი და ჭიაბერის თანაზიარობა ფხოველთა ამბოხში.

X

ქორსატეველას ციხეში კათალიკოსის ჩასვლამ (უკეთ რომ ვთქვათ, ძელიცხოველისამ) და ჭიაბერ ერისთავის სიკვდილმა შიშის ზარი დასცა კავკასიონის წარმართებს.
ქრისტიანები წელში გასწორდნენ, დილეგებიდან ამოიყვანეს ფხოველთა ამბოხის დროს შეპყრობილი ზუცები და მედავითნენი. ყველა, ვინც ცოცხალი გადაურჩა ხალხის რისხვას.
ცრუმორწმუნებას ფრთები შეესხა, აგრე ამბობდნენ: ძელიცხოველი მოდისო კათალიკოსის თანხლებით, კერპები და ბომონები მის გამოჩენისას ცამტვერდებიან, წარმართნი ემთხვევიან თუ არა, მყისვე განუტევებენო სულს.
მელქისედეკ კათალიკოსი სისასტიკით არ იყო ცნობილი, მას მთელს საქართველოში სახელი ჰქონდა მოხვეჭილი, როგორც ეკლესიათა მშენებელსა და უებრო ასკეტს. ძელიცხოველს გაცილებით უკეთ იცნობდნენ მთეულნი.
თავდაპირველად ვახტანგ გორგასალსა ჰქონდა იგი, როგორც \\\”საომარი ჯვარი\\\”; წინ უძღოდა მეფის ლაშქარს, როცა კავკასიონი გადალახა ვახტანგმა და \\\”დიდმა მთებმა შეჰქმნეს დრეკა\\\”.
ალანნი, წანარნი და ღალღაი უცნაურ ლეგენდებს სთხზავდნენ მის სასწაულთა გამო. ლუსკუმიანად ცხრა გირვანქა იყო ძელიცხოველი, სამნახევარი წყრთის სიმაღლისა და წყრთა-ნახევრის განისა.
ლეგენდების მიხედვით, სვეტიცხოველის ხისაგან უნდა ყოფილიყოს იგი იმ ეპოქაში გაკეთებული, როცა წარმართული ხის კულტი შეიგუა ქრისტიანობამ.
ძელიცხოველს სხვადასხვა საუკუნეში შემოვლილი ჰქონდა მთელი საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდის.
ერთი მემატიანის ცნობით ეს ჯვარი დაკარგულა სწორედ იმ დღეს, როცა ხაზარებმა პირველად აიღეს ტფილისი.
აშოტ კურაპალატს უტარებია სარკინოზების წინააღმდეგ ომებში ძელიცხოველი, ბოლოს საბერძნეთში განტოლვილს თან წაუღია იგი. ბიზანტიონში პატიოსანი თვლებით მოიჭვინა
თურმე მისი ლუსკუმა.
853 წელს, როცა სარკინოზებმა ტფილისი აიღეს, კახაი და თარხოჯი მოჰკლეს, ეს ჯვარი ბუღა თურქს ჩავარდნია ხელში.
ძელიცხოველს ბედი სწყალობდა: როცა მისი იმედით აღჭურვილი ერისთავები და მეფეები გაიმარჯვებდნენ, მემატიანენი ჯვარს ადიდებდნენ, \\\”ვითარცა ძლევამოსილს\\\”, ხოლო როცა ისინი მარცხდებოდნენ, ჯარის სიმცირეს, ან სტრატეგიულ მარცხს, რომელიმე სარდალს ან მეფეს აჰკიდედნენ ხოლმე ბრალს.
ცნობილია, ადამიანები ღვთაებას უფრო იოლად აპატივებენ ხელის მოცარვას, ვიდრე კაცთაგანს და სწორედ ამან შეუქმნა ვახტანგისეულ ძელიცხოველს ზვიადი სახელი.
არაბებთან ბრძოლაში 50 000 ქართველი დაიღუპა ტფილისში, თავათ ძელიცხოველიც \\\”წარტყვევნოლ იქმნა\\\”, იმდროინდელ ჟამთაღმწერელს ჯვრისთვის არ მოუკითხავს ბრალი.
მთიულეთში სალაშქროდ მიმავალ ბუღა თურქს მთეულებმა და ზვავებმა მოუჭრეს გზა, \\\”მოისრნა სარკინოზთაგან ურიცხვი\\\” და თოვლის ქვეშ დაიღუპა ბევრი.
ერთმა მენადირე მთეულმა არაგვის პირად დახოცილ სარკინოზების გვამთა შორის დიდძალი ნაალაფარი და ერთი ვაშკარანი იპოვნა, ვაშკარანში – სავსებით გაძარცვული ძელიცხოველი, და ბაგრატ კურაპალატს მიუტანა უფლისციხეში.
სარკინოზების შემუსვრა მამაც მთეულთა და ზვავებს როდი მიაწერეს, არამედ ძელიცხოველის ჯვარს.
ბაგრატმა ვერცხლით მოაჭედვინა მისი ლუსკუმა ოქრომქანდაკებლებს და პატიოსანი თვლებით შეამკობინა კვლავ.
იმ ბნელ ეპოქიდან სულ მცირე ცნობები მოღწეულა ჩვენ დრომდის; მესხური ერთი დავითნის მინაწერიდან ირკვევა: კიდევ ერთი ომი მოუგია ბაგრატ კურაპალატს \\\”მეოხებითა ძელისა ჭეშმარიტისათა\\\”.
ბარდა სკლიაროსის შემუსვრისას ძელიცხოველი წინ უძღოდა თურმე თორნიკე ერისთავის ლაშქარს.
ამის შემდეგ დიდხანს სდუმდნენ ჟამთაღმწერელნი ამ ჯვარის გამო. როცა ბაგრატ III და გაგიკ სომეხთა მეფემ ზორაკერტთან შემუსრეს განძელი ამირა ფადლონი, ეს გამარჯვება მოძმე ერების კავშირს როდი მიაწერეს, არამედ \\\”ძალას პატიოსანის ჯვრისას\\\”.
ბასილი კეისართან ატეხილ ომეში წინ უძღოდა იგი გირგი პირველის ლაშქარს, მაგრამ დამარცხებულმა მეფემ გული აიცეუა მასზე, გზაში ოლთისი დასწვა და უკუიქცა.
ბერძნების ჯარის მეწინავეთ ჯვარისმტვირთველი შეეპყრათ ერთ ტყეში, ორი წლის შემდეგ ტაოსკარში ეპოვნა ჯვარი ერთ ბერს, მაწყვერელისთვის მიეტანა, მაწყვერელს კათალიკოსისათვის მიურთმევია. მერე ის იყო, ახალწელს მეფეს უკვლია მელქისედეკმა იგი.
როცა ამ ჯვარმა ბიზანტიონთან ომი ააცდინა გიორგის, ჭიაბერს სიცოცხლე მოუსწრაფა და კავკასიონის წარმართებს შიშის ქარი შეჰყარა, გიორგის გული მოუბრუნდა მისდამი.
შეძრწუნდნენ არა მარტო წანართა და არაგველთა აზნაურები, არამედ ფხოველი ხევისბერებიცა.
აურაცხელი ხალხი მიაწყდა ჭიაბერის ტირილს. ქელეხში თავმოყრილთა შორის უმეტესნი ამ საოცარი ჯვრის საჭვრეტლად იყვნენ მოსულნი.

XI

ჭიაბერის გარდაცვალების მეორე დღეს მამამზე ერისთავმა შაოსანი მაცნენი გაუგზავნა მეგობრებსა და მოკეთეებს.
პირველი მაცნე კვეტარის აფრინეს, ჭიაბერის ფარი და ჯაჭვის პერანგი თან გაატანეს.
თავში ხელის ცემითა და ზარის ღიღინით მიეახლნენ მაცნენი კვეტარის ციხეს.
პირმშვეიერმა შორენამ ნუშის გულივით თეთრი ღაწვები დაიხოკა, დალალები დაიშალა, მამას მკერდზე მიეყრდნო და ატირდა საწყალობელად.
ჭიაბერი ოვსეთში იყო აღზრდილი, აზნაურის თაყაის ოჯახში. თორმეტი ვაჟი ჰყავდა თაყაის.
ძუძუმტეებმა ჭიაბერისეული ხმალი რა დაინახეს, ხმამაღლა ტირილითა და ზარით ეახლნენ ბორდოხანს, მუხლზე მოეხვივნენ და დაიწყეს გლოვა.
თაყაი უსინათლო იყო, ითხოვა, მომიტანეთო ჭიაბერისეული ხმალი. ხელი მოუსვა ვადაზე, კოცნიდა ხმალს და სტიროდა გულდამდუღრული.
სამასი თორიანი ცხენოსანი თან ახლდა თალაგვა კოლონკელიძეს, მის თანამეცხედრეს და ძაძითმოსილ შორენას.
მიეახლნენ თუ არა ქორსატეველას ციხეს, დალალნი დაიშალა შორენამ, საშინელი კივილი მორთო, შაოსანი მოზარენი ღიღინით მოსდევდნენ ცხენდაცხენ.
ჭიაბერის სასძლო შორენა მოკივისო რა შეიტყვეს ქორსატეველას ციხეში, დიდი და მცირე ციხის ჩარდახზე გამოეფინა. სტუმრები, მხევლები და მონები სამზერებს მიეჭრნენ.
ავით მოსილი მხედრები ღიღინებდნენ გლოვის ზარს და ამ გულის გამგმირავ ზუნს მოძახილად ერთვოდა შორენას ცადამწვდენი კივილი.
დაქვეითდნენ მხედრები, ჯერ გურანდუხტი ჩამოიყვანეს ცხენიდან, თალაგვას მეუღლე, მერმე შორენა და მისი მოახლენი.
კივილითვე შემიდა შორენა, ცალი მკლავი მისი მამას ეჭირა, ცალიც – კონსტანტინე არსაკიძეს, უწვერულ ჭაბუკს.
მეფე გიორგი და მისი ამალა უკვე პირველ გოდოლში იყვნენ ამ დროს მოსულნი. მამამზე და შავლეგ ტოხაისძე გოდოლის კართან შეეგებნენ სტუმრებს.
არავინ ელოდა გიორგის მოსვლას, მაინც ყველანი შორენას უთვალთვალებდნენ, ღაწვებდაკაწრულს.
მხარმარჯვნით დედოფალი მარიამი ახლდა გიორგის, მხარმარცხნით – ზვიად სპასალარი.
მამამზე მიეჭრა მეფეს, მარჯვენა მკერდზე ეამბორა და მის მკლავებში ატირდა ბალღივით.
გიორგისაც გული აუჩვილდა, ამ წუთში მართლაც ეწყინა ჭიაბერის სიკვდილი, ძველი მამამზე მოაგონდა, თავისი მამის სიყრმის მეგობარი.
გიორგიმ შორენას თვალი ჰკიდა, შეფარვით შეხედა ხელახლა. ეს გაიფიქრა:
საოცარია, ტირილი არავის შვენის, არც ბალღს, არც ყრმას, არც ჭაბუკსა და არც მოხუცს, მხოლოდ ლამაზ ქალს შვენისო ტირილი.
მერმე კონსტანტინე არსაკიძეს გადახედა, იგი ძლიერ წააგავდა შორენას. ფხოვური ჩოხა ეცვა და ჟანგისფერი თორი.
ძმა ხომ არ არისო ეს ვაჟი შორენასი?
გაახსენდა: მხოლოდშობილი რომ იყო შორენა.
თალაგვა კოლონკელიძე თავმოდრეკილად ეახლა მეფესა და დედოფალს, უკუდგა და თაყვანი სცა ორთავეს.
გულმოკლული სასძლოს მწუხარება დასჩრდილა თავშიშველა, წვერდახოკილი, საკინძეშემოხეული თაყაის გოდებამ.
დამხვდური მოზარენი ღიღინითვე შეეგებნენ უსინათლო მამამძუძეს. მოხუცი წვერს იგლეჯდა, თავპირს იღადრავდა და ყვიროდა:
\\\”ვაჰვუ მესერბუნ, ვაჰვუ მესერბუნ!\\\”
თაყაის დანახვაზე გული აუდუღდა მამამზეს, ყელზე შემოეჭდო უსინათლოს, თორ-აბჯარში გამოწყობილ ცხედართან მიიყვანა მამამძუძე, დედამძუძე და ძუძუმტენი.
თაყაი ხელის ფათურით შეეხო ჭიაბერის გაციებულ გვამს, თხემიდან ტერფამდის დაჰკოცნა და ისევ დაიშინა მუშტი სახესა და მკერდზე.
დალალებდაგლეჯილი დედამძუძე კიოდა, თირმეტივე ძუძუმტენი ოსურად ლუღლუღებდნენ და თანდამსწრეთათვის გაუგებარ ენაზე მოთქმა მთლად ამაზრზენად ხდიდა მათ გლოვას.
უსინათლო თაყაის ქვითინმა საოცრად შესძრა გიორგის გული, ახლა იგიც დააღონა ჭიაბერის სიკვდილმა, მამამზეს შემოეხვია და გულწრფელად ატირდა თავათაც.
თვით გულმძვინვარე სპასალარსაც ცრემლი მოჰგვარა ღრმად მოხუცებული, უსინათლო ბერიკაცის გულისმომკვლელმა მოთქმამ და მიხრწნილებაში გადამდგარ დედამძუძეს ტირილმა.
სიკვდილმა თითქოს წამიერად შეარიგა მოსისხარნი.
ჭიაბერის ცხედრის წინ იჯდა უსინათლო მამამუძე და გოდებდა. იგონებდა ჭიაბერის ბავშვობას, სიყრმეს და სიჩაუქეს. აქებდა მის ტანკენარობას, ცისფერ თვალებს და ლომგულოვნებას.
\\\”ვაჰვუ მესერბუნ, ვაჰვუ მესერბუნ!\\\”
შენ ხარჯიხვი იყავიო, სულო, და ტურებმა როგორ შეგბედესო, შენ მთის მგელი იყავიო და მელიებს რა ხელი ჰქონდათო შენთან? შენ შავარდენი იყავიო და წუნკალმა ყორნებმა როგორ გაბედესო შენი ხელყოფა?
\\\”ვაჰვუ მესერბუნ, ვაჰვუ მესერბუნ!\\\”
მიმიყვანეთო იმ ჯვართან, ყვიროდა უსინათლო თაყაი.
მე მოვეკალიო იმ ტიალს შენს მაგივრად, სიკვდილს რა ხელი ჰქონდაო შენთან? მე მოვეკალიო მაგ ოხერ ძელიცხოველს.
\\\”ვაჰვუ მესერბუნ, ვაჰვუ მესერბუნ!\\\”
მოთქვამდა თაყაი, თავში იცემდა ხელს, თავის უსინათლო თვალებით შესცქეროდა გარსმომდგარ წყვდიადს.
კათალიკოსს ოსური არ ესმოდა, ამიტომაც მას არ გაუგონია მოხუცი თაყაის მიერ ძელიცხოველის გმობა. მეფე გიორგი და ზვიადი ოვსეთში იყვნენ გაზრდილნი, მათ ჯვარის ხსენებაზე ყური სცქვიტეს, იამათ კიდევაც ჭიაბერის მოკვლა ძელიცხოველის ჯვარს რომ დაუკავშირა თაყაიმ.
ტირილს სამიოდე ათასი კაცი დაესწრო, კავკასიონის მთიანეთის ყოველი თემიდან მოედინებოდა ზღვა ხალხი. ოთხივე გოდოლი, გოდოლების ერდოები, ციხე-დარბაზის ეზო, ჩარდახი ციხისა და თავათ დიდი დარბაზი, კარის ეკლესია და შემოგარენი მისნი ხალხით გაჭედილი იყო სავსებით.
ბავშვებს ჭილყვავივით დაეხუნძლათ ალვის ხეები, მათხოვრები, ბერები და გიჟები ვერსად პოულობდნენ ადგილს.
მოსულთა შორის მრავლად იყვნენ ისეთნი, რომელთაც აფხაზთა და ქართველთა მეფისათვის აროდეს მოეკრათ თვალი, არც ქართლის კათალიკოსი მელქისედეკი ენახათ, არც შორენასავით ლამაზი სასძლო, ასე გულითადად საქმროს მოტირალი, მაგრამ არც მეფეს, არც კათალიკოსს, არც შორენას ისე გაოცებით არავინ უჭვრეტდა, როგორც ძელიცხოველის ჯვარს, მიცვალებულის თავთით დაყუდებულს.
ცერებზე დგებოდნენ, კისერს იგრძელებდნენ, ბრბოში ისრისებოდნენ, შეძრწუნებული, გაოცებული თვალებით ეძებდნენ მრისხანე ჯვარს, ამ ლომგულოვანი რაინდის მომაკვდინებელს.
შორს მდგარნი მიახლოებას გაურბოდნენ, ახლოს მყოფნი შიშით გვერდს უვლიდნენ მას.
სპასალარი ჯვრის ახლოს არხეინად იდგა გულზე ხელდაჭდობილი, როგორც გველის მგეშავი გველის სიახლოვეს, ხან მამამზეს გადახედავდა, ხან – უსინათლო თაყაის.
წოწოლა ქუდი ეხურა მამამზეს პირუკუშებრუნებული, ასეთივე წილამურიანი ტყავკაბა. იგი ძლიერ მოაგონებდა ზვიადს მათხოვრის ტანისამოსში გამოწყობილ მამამზეს, მცხეთიდან გაქცეულს.
ეს იყო მხოლოდ, ადამიანის სახე არ შერჩენოდა მოხუცს განუზომელ მწუხარებას დაელია მისი ღაჟღაჟა, ჭაბუკური სახე.

XII

მამაპაპეულ საძვალეში დაფლეს ჭიაბერი, მხოლოდ მესამე დღეს გაიყარნენ სტუმრები, მოზარენი და შორეული მოკეთენი.
კათალიკოსი თავისი ამალით გადავიდა გუდამაყარში. ოთხივე ეპისკოპოზი თან ეახლა, ჯვარისმტვირთველი წინ უძღოდა პროცესიას, ხელით მიჰქონდა ძელიცხოველის ჯვარი.
გზებსა და მოედნებზე, შუკებსა და ორღობეებში უამრავი ბრბოები უხვდებოდნენ მელქისედეკს; ნახევრად შიშველი მონები, დამშეული დედაკაცები და მუწუკებიანი ბალღები ეყარნენ გზებზე.
ოფლებიდან გამოცვენილი კეთროვანები და ბნედიანები, გლახაკები და ქადაგად დავარდნილები ათასგვარ სიზმრებსა და გამოცხადებას ამცნობდნენ ტრიუმფით მიმავალ \\\”მოსაყდრეს ქრისტესას\\\”.
მომჩივანნი ქვითკირების ერდოებსა, ხეებსა და გალავნებზე ადიოდნენ. კათალიკოსი შესდგებოდა, საჩივრებს ისმენდა, დაკეტილ ეკლესიებს გახსნიდა, მოწესეებს დაადგენდა, ბავშვებს დანათლავდა, პურ-მარილს მიიღებდა და ისევე მიჰყვებოდა შემრეცილ ბილიკებს.
ფურცლოვანი ტყეები მოთავდა, ქორისფერი ქორედები ცის სილურჯეს მიბჯენოდნენ თხემებით, არწივები ფრთხებოდნენ, ჯვარისმტვირთველის ჯორის თქარუნზე, მხრებს გაშლიდნენ ეხლებოდნენ ღრუბლებს.
სოჭისა და ნაძვის ტევრებით გაჯაგრული მთები მოთავდა, ისევ ხრიოკი ქარაფები აილანძებოდნენ ცის დასავალზე, ჯიხვის ჯოგები მშვიდად ჩადიოდნენ მჟავე წყაროებთან, არად აგდებდნენ შაოსანთა ლაშქარს.
გადახრუკულ, უნაყოფო მთებში სამლოცველოების კარზე გამოტანილი პურ-მარილი აბა რას გააძღებდა ჩაკურატებულ ბერებს.
ნააღდგომევი იყო. სოფლებში ბატკნის ხორცისა და ხინკლის მეტი არა მოიძეოდა რა. ბერთა შორის ეპისკოპოზნი და \\\”ძმანი თავადთაგანნი\\\” ხორცეულს არა სჭამდნენ. თავათ კათალიკოსი ხმელი პურითა და წყლით იკვებებოდა, მწირნი და მორჩილნი, \\\”ჭაბუკთა ძმათაგანნი\\\” ვეღარ იოკებდნენ შიმშილს, ხორაგეულის ჩამოსათხოვად სოფლებში ჩაგზავნილნი ლორს მოიხელებდნენ ხოლმე და სჭამდნენ ჩუმად.
ბოლოს ისე მისჭირდა საქმე, ქარაფების უბეებში მიყუჟულ სოფლებშიაც ვეღარ შოულობდნენ საზრდოს. ღანძილისა და ღოლოს ანაბრად დარჩნენ როგორც კათალიკოსი, ისე მხლებელნი მისნი.
რაც უფრო მაღლა მიიწევდნენ, მით უფრო აუტანელი ხდებოდა მელქისედეკისათვის გზა. დამშეულსა და ღონემიხდილს კვლავ მიეძალა გულის მანკი. ჰაერი ეცოტავებოდა, მაგრამ სიკვდილს არ ეპუებოდა ფანატიკოსი ბერი.
ორგზის დაუვარდა ჯორი, ორჯერვე შეუნაცვლეს, მესამეც სულს ღაფავდა ქუშისაგან აქშინეული, მაჯაგანით მიფოხრიკობდა ჯორის ზურგის სიგანე ბილიკებზე.
სამს ეპისკოპოზს სამივე ცხენი დაეხოცათ გზაში, ძმანი ჭაბუკთაგანნი ნდობით აღვსილნი უთვალთვალებდნენ ლეშებს, მაგრამ მარჯვე დრო ვერ მოიხელეს. დაქვეითდა სამი მორჩილი, ეპისკოპოზებს დაუთმეს ჯორები, თავათ ფეხით გაუდგნენ გზას.
გული შეუღონდებოდა თუ არა მელქისედეკს, გაიოზ და სტეფანე ბერები მიეჭრებოდნენ, ჯორიდან ჩამოიყვანდნენ, ცივი ტილოთი დაუზელდნენ გულის არეს, მერმე რომელიმე ჩქერალთან გადააგდებდნენ ბადეს, ორიოდე ლიფსიტას დაიჭერდნენ, გადააყლაპვინებდნენ ცოცხლად, ისევ მოიკრეფდა ავადმყოფი მხნეობას და განაგრძობდა მგზავრობას.
კვეტარის საერისთავოში გადასულთ ფეხქვეშ ეგებოდა გარს მოჯარული ბრბო.
კოლონკელიძე უკვე კვეტარში ჩასულიყო, ბოკოწნის ხევის თავში მოციქულები დაახვედრა ერისთავმა მელქისედეკს. საკლავები და თაფლით სავსე გეჯები გამოეგზავნა. კვეტარის ციხეში მობრძანებას სთხოვდა კოლონკელიძე.
შეძრწუნებულნი ფხოველნი დალახვრული თვალებით შესცქეროდნენ ჯვარისმტვირთველის ხელში აღმართულ ძელიცხოველს, თავს იშიშვლებდნენ, პირჯვარს იწერდნენ, კალთებს უკოცნიდნენ კათალიკოსს.

* * *

პირველი ათასეული წლის მიწურულში ქრისტიანულ ქვეყნებში ხელმეორედ წარღვნას ელოდნენ, წნორის ფოთოლივით ცახცახებდა ბიზანტია, იტალია და საფრანგეთი. საქართველოში ბერები ეფუთს იმოწმებდნენ, მეორედ მოსვლით ემუქრებოდნენ ხალხს.
სწორედ იმ დღეს, როცა მელქისედეკ ქორსატეველას ციხეს ეწვია, ნოკორნას მონასტერში ამეტყველებულა დაყუდებული ბერი ევდემონ, მეორედ მოსვლის დაგვიანება ასე აუხსნია: კათალიკოსი საქართველოს შემოვლას მოუნდა, ახლა ფხოვში მოდისო, თან მოაქვსო ძელიცხოველი, რათა ფხოველთა მონათვლა მოასწროსო განკითხვის დღემდის, ეკლესიების შემმუსვრელთ ღვთის რისხვა დაატეხოსო თავზე.
თალაგვა კოლონკელიძე დააფიქრა ჭიაბერის სიკვდილმა, ახლა ევდემონ ბერის წინათქმანი ენიშნა, კვეტარს მიაშურა, რათა მანდ დახვედროდა მელქისედეკს, როცა კათალიკოსის ამალა მიეახლა ციხეს, კარის ეკლესიაში ძელსა ჰკრეს.
კოლონკელიძე და მისი ამალა სამი ეჯის მანძილზე ჩამოეგება მელქისედეკს.
მუზარადმოხდილმა, თოროსანმა რაინდებმა დაიჩოქეს გზის პირად. კოლონკელიძეს ყელზე საბელი მოება; მან ჯერ კალთები დაუკოცნა კათალიკოსს, შემდეგ ხელზე ეამბორა, ბოლოს ძელიცხოველის ლუსკუმას ემთხვია.
მთელი კვირის მანძილზე კოლონკელიძის სასახლეში თავზარდაცემული დაბორიალობდა დიდი და მცირე, ჭიაბერის მაგალითით დაშინებულნი, დღე-დღეზე ელოდნენ კოლონკელიძის სიკვდილს.
ღამეებს უთევდა სახლეული. სძლისპირებს უგალობდნენ მოახლენი. გათენდებოდა დილა, ერისთავი პირჯვარს გადაიწერდა, კიდევ ერთი დღის სიცოცხლე რომ აჩუქა ღმერთმა.
მოულოდნელად შეუჟღალდა საფეთქლები კოლონკელიძეს, წვერი გაუჭაღარავდა, უცნაურად მოტყდა და დაშინდა.
პაპისეული ლოცვანები გამოჩხრიკა, დილასა და საღამოს ჟამს აკითხვინებდა, თავათაც იზეპირებდა ფსალმუნის ლექსებს, კარის ეკლესია ხატებით მორთო, კვეტარის ბასტიონის ზეთავზე აღამართვინა ჯვარი.
მელქისედეკმა ამასობაში ეკლესიები და მონასტრები აღადგენინა, მოწესეები დაადგინა, ორი ათასზე მეტი უნათლავი მოხუცი და ყრმა მოანათვლინა ბერებს და ქორსატეველას ციხეში მიბრუნდა.
თალაგვა კოლონკელიძე ნოკორნას მონასტერში წავიდა სახლეულითა და საკლავითურთ.
გადარჩენისათვის მსხვერპლი შესწირა ნოკორნას ხატს.
ფხოველები განცვიფრებულნი იყვნენ, ძელიცხოველის რისხვას რომ გადაურჩა კოლონკელიძე.
თავათ ერისთავი თავს ინუგეშებდა: ალბათ საბელის ყელზე გამობმამ გადამარჩინაო.

XIII

ბორდოხანმა და მამამზემ ჟანგისფერი სამოსი ჩაიცვეს, ბნელ მიწურში გადასახლდნენ.
ორი კვირა გამოხდა, ახლა ხამლნი ჩაიცვეს შავნი, მოთეთრო ზოლებით აჭრელებულნი.
დღე და ღამე შიშველ სოხანეზე იყვნენ პირქვე დამხობილნი, სასმელ-საჭმელს არ იკარებდნენ.
ერთ საღამოს ევედრნენ რუსუდანი, კატაი და შავლეგ ტოხაისძე, თივა დაუგეს, უმი მხალი აჭამეს ძალით.
ორმოც დღეს, ყოველ დღე მზის ჩასვლისას გროვდებოდნენ ციხის ეზოში მოკეთენი, ზარითა და ტირილით მიდიოდნენ პაპისეულ საძუალეში.
უბედურებამ და ძელიცხოველის \\\”სასწაულმა\\\” ქრისტეს სჯული შეაყვარა მამამზეს, მან ხატებითა და ჯვრებით მოართვევინა ქორსატეველას ციხე-დარბაზი, საგვარეულო კარის ეკლესია.
აღაპებს ახდევინებდა ახლად დადგენილ მოძღვარსა და მედავითნეებს, ჯვარი დაადგმევინა ჭიაბერის საფლავზე. ტოხაისძე ამრეზილი იყო, მაგრამ ვერას უბედავდა გაოგნებულს.
ბოლოს მელქისედეკი მობრუნდა ფხოვიდან, ძელიცხოველი ჩამოიტანა და ქორსატეველას ციხეში დასტოვა.
ბორდოხანი და მამამზე ფორთხვით დაუვარდებოდნენ ჯვარს, ავედრებდნენ ჭიაბერის სულს. დაშინებული სახლეული, მხევლები და მსახურები შიშით ვეღარ ბედავდნენ იმ დარბაზში შესვლას, სადაც ძელიცხოველი ესვენა.
ორმოცზე კვლავ მოგროვდნენ მოტირალნი და მოზარენი, ოცდაათი ძროხა დაიკლა, ასზე მეტი ცხვარი, ციხის ეზოში კოცონები ენთო, ხარშავდნენ და სწვავდნენ საკლავს.
შორენა მოვიდა კვლავ, თორმეტი მოზარე და თალაგვა თან ახლდნენ მას.
დიდი ამალით მოვიდა გიორგი მეფე, მხოლოდ დედოფალი და ზვიად სპასალარი უფლისციხეში წასულიყვნენ. სამი ერისთავი თან ახლდა მეფეს, ეზოსმოძღვარი, მსახურთუხუცესი და ანჩელი ეპისკოპოზი კათალიკოსის ნაცვლად, რადგან მელქისედეკ ფხოვიდან დაბრუნების შემდეგ ლოგინად ჩავარდნილიყო.
ოცდაათი შაოსანი მოზარის თანხლებით მოვიდნენ თაყაი, მისი თანამეცხედრე და თორმეტივე ვაჟი.
ქორსატეველას ციხიდან კარვებამდის ორ მწკრივად იდგნენ შაოსანი მოზარენი, დაბალი, დაბალი ხმით ღიღინებდნენ, მათი ერთობლივი ზუზუნი შემზარავი იყო, გულის მომკვლელი ზუზუნი ისმოდა ირგვლივ და შაოსან მოხუცების ღიღინი, რომელიც ძლიერ წააგავდა ვერძების ერთობლივ შებღავლებას, როცა საფრთხე რამ მოელის ფარას.
მათ შორის მიმოდიოდნენ მოტირალნი ციხის კიბესა და კარვებს შორის, თავ-პირის ხოკვითა და მოთქმით.
ციხის ეზოში სამი კარავი დაედგათ.
ერთ კარავში ჭიაბერისეული სამოსი ესვენა, მისი ოქროს მუზარადი, კეისრისაგან ნაჩუქარი, მისნი თორნი და მშვილდ-კაპარჭნი, ფარები და ხმლები.
მეორე კარავში ძაძებით მოსილი, ძუაფაფარშეკრეჭილი ულაყი ება, იგიც ბიზანტიონში საჩუქრად მიღებული, სარკინოზებთან ბრძოლების დროს თან ჰყავდა იგი თავის პატრონს, ხოლო მესამეში – მწევრები, მადევრები, მაძებრები და ქორ-შავარდნები.
პირველი კარვის კართან სახენაგვემი, უბედური ბორდოხანი იჯდა, ცალკერძ თაყაის ცოლი მისჯდომოდა, დედამძუძე ჭიაბერისა, ცალკერძ – შორენა; ჭიაბერის სასძლოს ბორდოხანის კალთაში ჩაედო თავი, სტიროდა, მოსთქვამდა თავათ ბორდოხანი და ნაზად ეფერებოდა შორენას ჭავლისებრ მღელვარე დალალებს.
როცა გიორგი მეფე მანდილოსნებს მიეახლა, შორენამ თავი აიღო, განსაცვიფრებელმა სილამაზემ შეანათა სახეში, ელდა ეცა გიორგის. მას არასოდეს ენახა ძაძას, მწუხარებას და უბრალო სამოსს ასე გაემშვენიერებინოს ქალი.
ბორდოხანთან მივიდა, მხარზე ეამბორა დამწუხრებულს, მიუსამძიმრა ჯერ დედას, მერმე – დედამძუძეს, და შემდეგ – სასძლოს. ამ წუთში უცნაურად გაბოროტებული მზერა მოხვდა მეფეს და ასე ეგონა, სახე ამეწვაო ამ შეოხედვისაგან.
მოზარენი ღიღინედნენ ერთობლივი და ამაზრზენი ხმით. მეფეს კვლავ შემოესმა უსინათლო თაყაის ზლუქუნი \\\”ვაჰვუ მესერბუნ\\\”.
გული აუჩვილდა, ცრემლი მოიწმინდა და შეხედა ყურებდაცქვეტილ ულაყს. მას კიდევ ამჩნდა სარკინოზებთან ბრძოლებში მიღებული ორკეცი ნახმლევი.
გიორგი კარვიდან გამოვიდა, სწორედ ამ დროს მოზარეთა და მისივე ვაჟებმა ამ კარავში შეიყვანეს უსინათლო თაყაი.
უფროსმა ვაჟმა ზედ ცხენის მკერდთან მიიყვანა იგი. თაყაიმ გაშალა თავისი გოლიათური მკლავეი, შემოეხვია ცხენს, ჯერ მიუსამძიმრა: აღარა გყავსო მხედარი, უშენოდ წავიდაო შავეთში, ბნელს როგორ გაჰკვეთსო იგი უშენოდ, ხმალს როგორ მოიქნევსო იგი უშენოდ, მტერს როგორ დაიფრენსო იგი უშენოდ. გლოვა გმართებსო, ცხენო, აღარა გყავს პატრონი შენი, გლოვა გმართებსო, ცხენო, აღარ გყავსო გმირი ჭიაბერი.
ფერხთით დაუვარდა ატირებული, ხელით ეფერებოდა საოლავებზე. ფლოქვებზე ჰკოცნიდა ულაყს.
გიორგი შეაძრწუნა ამ სანახაობამ, მთელს ტანზე ეკლები დააყარა და მეორე კარავს შეაფარა თავი.
ატირებული, წელში მოხრილი მამამზე უკან მოყვებოდა მეფეს. ჭიაბერის თორ-აბჯარს შეავლო მეფემ თვალი და როცა კეისრის მიერ ნაჩუქარი ოქროს მუზარადი დაინახა, მყისვე იფეთქა მის გულში ძველმა მტრობამ, მაგრამ ამ დროს ისევ მოესმა პირველი კარვიდან თორმეტი ძუძუმტეს ზლუქუნი და თაყაის საწყალობელი ბუხუნი:
\\\”ვაჰვუ მესერბუნ…\\\”
ისევ თვალწინ დაუდგა უსინათლო მოხუცი, თავის გაზდილის ცხენის ფერხთით მტირალი და ცრემლმა იწვიმა გიორგის თვალთაგან.
მამამზე შორიახლო იდგა. წელში გადრეკილი შინდის ჯოხს მოსჭიდებოდა და ამ წუთში მართლაც ჰგავდა ცის ქვეშ დარჩენილ მათხოვარს და მეფეს შეებრალა იგი, მიუახლოვდა და ნუგეშის საცემად მხარზე დაადო ხელი, მაგრამ სანუგეშო სიტყვებს ვერ მოუყარა თავი.
მეფის თვალზე ცრემლი რა შენიშნა მამამზემ, საოცრად ატოკდნენ მისი გადრეკილი მხრისთავები, მოეხვია იგი გიორგის, ასე გაიფიქრა: დავიწყნიაო მეფეს ჭიაბერისადმი მტრობა და ამიტომაც თვალები დაუკოცნა მამაშვილურად.
ახლა მესამე კარავში შევიდა გიორგი, ქორ-მეძებრებს მიუსამძიმრა.
მობუზულნი ისხდნენ ხარიხებზე ქორები და შავარდნები. მოზარეთა ღიღინისა და ადამიანთა მოთქმისაგან შეძრწუნებული ცხოველები უცნაურად ყმუოდნენ და ყეფდნენ; მხოლოდ ბებერი, შავი მწევარი, ჭიაბერის უსაყვარლესი ძაღლი იწვა განმარტოებით, ძლივს აღებდა თელგამიან თვალებს და უღიმღამოდ იგერიებდა ტარაბუას კუდით.
როცა კვლავ პირველ კარავს ჩაუარა გიორგიმ, მან შენიშნა მწუხარებისაგან სახეშეცვლილი, ძაძებში მოსილი შორენა.
არამიწიერი მშვენებით ბრწყინავდა იგი, ამ წუთში გაცილებით უფრო მშვენიერი იყო, ვიდრე სამი წლის წინად, როცა იგი პირველად ხატობის დროს ნახა მცხეთაში, ფხოვურ ტანისამოსში მორთული, ამორძალივით მოჯირითე რაინდთა შორის.

XIV

მეორე წლის შემოდგომამდის ბნელში ისხდნენ მამამზე და ბორდოხან. თერთმეტი თვე მიიწურა და უკვე მაცნენი უნდა გაეგზავნათ, წლისთავისათვის მოეწვიათ მოტირალნი და მოზარენი, სწორედ იმ ღამეს უსიამოვნო სიზმარი ნახა მამამზემ:
პაპისეულ საძუალეში, ჭიაბერის სამარხის ლოდზე ისხდნენ ვითომ იგი და ტოხაისძე, საფლავის ჯვარს შესცქეროდნენ დამწუხრებულნი.
ეს აღარ იყო უბრალო ქვის ჯვარი, რომელიც ბორდოხანმა აღამართვინა კალატოზებს, არამედ კლარჯეთული ძელიცხოველი.
მიწაში ფესვები გაედგა ჯვარს და გაზრდილიყო, კაცის სიმაღლე გამხდარიყო. მაჯის სისხო ვაზი შემოხვეოდა გარს.
დააცქერდნენ: რქა აეყარა ვაზს.
გაოცდა მამამზე: ვინ დარგო ძელიცხოველი ჭიაბერის საფლავზე? ადგნენ, მიეახლნენ.
შეირხა რქანაყარი ვაზი.
დახედეს: აღარც ვაზი იყო სადმე, აღარც რქაი.
შეტოკდა უზარმაზარი გველი, გარს შემოეჭდო ჯვარს, წაიგრძელა, წაიგრძელა კისერი, გაასავსავა თავი და ორკაპიანი ენით მისწვდა ღრუბლიან ცას.
გაიძრო ტოხაისძემ ჭიაბერისაგან ნაჩუქარი ხმალი და თავი წააცალა უხსენებელს.
მიწაზე დაეცა გველის თავი, პირი დააბჩინა და იქედნურად იცინის.
გამოეღვიძა მამამზეს, ადგა, სარკმლის ხვრელთან მივიდა, ცისკარი მოსდგომოდა ბნელ სავანეს.
ავადმყოფი ბორდოხან ბორგავდა თივაზე.
შავლეგ ტოხაისძე იხმო მამამზემ, სიზმარი უამბო.
სთხოვა: წამიყვანეო ჭიაბერის საფლავზე.
ციხის ეზო გადაიარეს.
ბნელში ჯდომას უცნაურად შეეცვალა მოხუცი. ნამჭვარტლარ მატყლივით გახდომოდა თმა-წვერი. ძლივს მოკელანობდა ცალკერძ სახლთუხუცესის მხარსა, ცალკერძ შინდის ჯოხს დაყრდნობილი.
მწუხარება მკერდზე მიყრდნობოდა საგოდებელში დუმილს, ხავსს დაეფარა წინაპართა საფლავები, შექანებულიყვნენ ქვის ჯვრები, სვიას, ხვიარას და კაჭაჭს მოეცვა ლოდები. ალვის ფოთლები მოწყენილად სცვიოდნენ მიწაზე.
განცვიფრდა მამამზე, ახალი სამარხი რომ ვერსად იპოვნა.
ერისთავთ ერისთავებისა და მათ თანამეცხედრეთა ხავსმოდებული ლოდები ეყარნენ ირგვლივ.
თავზე წაადგა ჭიაბერის საფლავს, ჯოხით გადაფოცხა ფოთლები.
შეშფოთდა მამამზე.
ვინ მოიპარა ლოდი? სიზმარი ენიშნა ანაზდად.
მე ავიღეო ლოდი, გამოუტყდა ტოხაისძე.
შესცქერის გაოგნებული მამამზე ტოხაისძეს და ასე ჰგონია, გაგრძელდაო წუხანდელი სიზმარი.
\\\”ეს ხომ პაპაჩემის, გვარამის ლოდია, შავლეგ\\\”.
\\\”დიახ, ეს გვარამის ლოდია, პაპის შენისა, ერისთავთ ერისთავო\\\”\\\”.
\\\”ჭიაბერის ლოდი რაღა იქნა, შავლეგ?\\\”
\\\”გადავმალე, ერისთავთ ერისთავო, ჭიაბერის ლოდი\\\”.
\\\”რადა ჰქენი ეს, შავლეგ?\\\”
\\\”საჭიროდ ვცანი და იმადაც, ერისთავთ ერისთავო\\\”.
\\\”როგორ თუ საჭიროდ სცანი?\\\”
\\\”არ ვიცი, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე!\\\”
\\\”რას როშავ, ბედშაო შავლეგ?\\\”
\\\”სიბრძნის დედაა სიფრთხილე, ერისთავთ ერისთავო\\\”.
\\\”გარკვევით სთქვი, რისი თქმაც გწადია!\\\”
\\\”სათქმელი ბევრი მაქვს, მაგრამ ყოველივე ერთად არ ითქმის, ერისთავთ ერისთავო\\\”.
\\\”მაინც?\\\”
\\\”განა არ იცი, გიორგი მეფე გულმხეცია, თუ საქმე მისჭირდა და ცოცხლებს ვერა დაგვაკლო რა, მიცვალებულზე იძიებს შურს\\\”.
მამამზეს მუხლი მოეჭრა, პაპისეულ ლოდზე ჩამოჯდა, ხელისგულზე ყბა დააყრდნო და მიწას დააჩერდა მდუმარედ.
\\\”განა არ გახსოვს, ერისთავთ ერისთავო, ხურსი აბულელი სარკინოზებთან რომ გაექცა მეფეს, – ციხე წარუღო, ხურსის ვაჟების ძვლები ამოსთხარა აბულელთა საძუალედან, ღორსა და ძაღლს ათრევინა\\\”.
\\\”ჰო, მაგრამ, მეფე შეგვირიგდა აკი, ჭიაბერის ტირილს დაესწრო, ორმოცზედაც აქ იყო\\\”.
\\\”ამის მიზეზი სხვა იყო, ერისთავთ ერისთავო\\\”.
\\\”მაინც რაო?\\\”
\\\”სხვას ვისმეს უჭვრეტდა ჭიაბერის ტირილზე მეფე\\\”.
? ? ?
\\\”ვის გულისხმობ მაინც?\\\”
\\\”შორენას, კოლონკელიძის ქალს\\\”.
\\\”ნუთუ ასე გულბოროტია გიორგი? არა, ამას ვერ დავიჯერებ, შავლეგ, ისე გულწრფელად მისტიროდა იმ დღეს ჭიაბერს\\\”.
\\\”სტიროდაო? ეგ რად გიკვირს, ერისთავთ ერისთავო? მკვლელებსა და ლოთებს აგრე სჩვევიათ, ჯერ ღვინითა და სისხლით გაილეშებიან, შემდგომ ამისა მოჰყვებიან ცრემლების ნთხევას\\\”.
\\\”რას ამბობ, შავლეგ?…
მკვლელიო? რა ბრალი მიუძღვის მეფე გიორგის ჭიაბერის სიკვდილში? ძელიცხოველის რისხვამ იმსხვერპლა ჭიაბერი\\\”.
\\\”ძელიცხოველის რისხვამო? ნუთუ შენაც გჯერა ეს ზღაპარი, ერისთავთ ერისთავო, მსტოვარმა ბერებმა გაავრცელეს იგი ქორსატეველას ციხეში.
თუ მაგ ჯვარს შერისხვა შეეძლო, თალაგვა კოლონკელიძე უნდა მოეკლა, უწინარეს ყოვლისა, ფხოველთა ამბოხი თალაგვამ წამოიწყო აკი?\\\”
მამამზე დადუმდა, ისევ დააშტერდა ჭიაბერის საფლავს.
\\\”გარკვევით თქვი, რისი თქმაც გინდა, შავლეგ?\\\”
\\\”გიორგი მეფემ და ზვიად სპასალარმა მოჰკლეს ჭიაბერი, ამის თქმა მინდოდა, ერისთავთ ერისთავო, სხვა არაფერი\\\”.
\\\”ღმერთს ნუ ჰგმობ უსაფუძვლოდ, შავლეგ\\\”.
\\\”საფუძველს თუ მოიკითხავთ, ეგეც ხელთა მაქვს, ერისთავთ ერისთავო.\\\”
\\\”რა საფუძველი?\\\”
\\\”პირუთვნელად მოგახსენებ, სანამ ბორდოხან, შენი თანამეცხედრე, ბნელსა ზის, ძელიცხოველის ჯვართან მიმიყვანე და ყოველივეს ნათელს ვყოფ შენ თვალწინ\\\”.
გაოცდა მამამზე, რაღაც საშინელი და გაუგონარი მზაკვრობისათვის უნდა აეხადა საფარველი შავლეგს.
მამამზემ იცოდა, გულმხეცი რომ იყო გიორგი მეფე, მაგრამ თუ მას ფარისევლური ცრემლის ნთხევაც შეეძლო, ეს არ ეგონა მას, მის ხელში დავაჟკაცდა გიორგი, ტლანქია იგი და გულზვიადი, მაგრამ მლიქვნელიც თუ იყო, ეს არ იცოდა მამამზემ.
ციხე-დარბაზში რუსუდანსა და კატაის ეძინათ ჯერაც, როცა მამამზემ და ტოხაისძემ დიდი დარბაზი გაიარეს და ჭიაბერისეულ საწოლში კარი გადაიკეტეს, ტოხაისძე ჯიქურ მიეჭრა ძელიცხოველის ჯვარს.
მამამზეს შვილივით ჰყავდა იგი გამოზრდილი და შეძრწუნდა, როცა ტოხაისძე ასე უშიშრად მიეახლა \\\”სასწაულთმოქმედ კლარჯეთულ ჯვარს\\\”. არ იცოდა, თუ რას მოიმოქმედებდა ტოხაისძე, ხელი არ ახლოო, უნდა ეყვირა, მაგრამ ცნობისწადილმა შეიპყრო და შეიკავა თავი.
ტოხაისძემ გადმოიღო ძელიცხოველი, ლუსკუმა გახსნა და ჯვარი ამოიღო, სუნი უდინა და ისევ დაასვენა ტაბლაზე.
\\\”აბა, მობრანდი, ერისთავთ ერისთავო, და უყნოსე ამ ჯვარს\\\”.
მამამზე წამოდგა, გარღვეულივით დაბარბაცდა, მაგრამ ღონე მოიკრიფა, მიეახლა, დასწვდა და უყნოსა ჯვარს.
\\\”სუნი თუ მოგდისო?\\\” – ეკითხება ტოხაისძე.
\\\”სუნი დიახაც უდის, მერე რა? შეიძლება ეს ოფლის სუნი იყოს, ადამიანის ოფლის სუნი, ხანგრძლივად ნახმარსა და ნაამბორებ ჯვარს რომ უდის, იმგვარი. სხვა რამ სუხიც რომ უდიოდეს, მერმე რა?\\\”
\\\”რაო და, მე ამას მოგახსენებთ, ეგ ჯვარი მოწამლულია, ერისთავთ ერისთავო\\\”.
\\\”რას როშავ, შავლეგ, გონს მოდი, ბედშავო\\\”.
\\\”მე იმას მოგახსენებთ, რომ ეს ჯვარი მოწამლულია, სხვას არაფერს\\\”.
\\\”ყველა, ყველა, მაგრამ მელქისედეკ კათალიკოსი ამას არ იკადრებდა. როგორ? მელქისედეკმა ეს იცოდა და განზრახ აამბორებინა ჭიაბერს?\\\”
\\\”არა, შესაძლოა ეს არ ცოდნოდა მელქისედეკს, მაგრამ იგი რეგვენია მხოლოდ. მელქისედეკი იმჯერად ბრმა იარაღი იყო მეფისა და სპასალარის ხელში\\\”.
\\\”არა, შენ სცდები, შავლეგ, ჩვენ ხომ ვიცით, კოლონკელიძეც ეამბორა ჯვარს, მაგრამ არა ვნებია რა\\\”.
\\\”ეგ მეც ვიცოდი, ერისთავთ ერისთავო, ამიტომაც დაგეთხოვეთ გასულ კვირას, კვეტარის ციხეში გახლდით, თალაგვას წვრილად გამოვკითხე, კოლონკელიძეს ლუსკუმისათვის ამბორუყვია მხოლოდ. ხოლო ჭიაბერს… ხომ გახსოვს, დიდ დარბაზში ჩვენ თვალწინ გაახსნევინა მელქისედეკმა ჯვარისმტვირთველი ვაშკარანები, ხოლო ლუსკუმა თავათ გახსნა, ძელიცხოველის ჯვარი ამოიღო და ტუჩ-პირამდის მიუტანა ჭიაბერს\\\”.
გველცემულივით წამოიჭრა მამამზე.
\\\”შენი ნათქვამი მეჭეშმარიტა, შავლეგ, მაგრამ როგორ შევამოწმოთ მოწამლულია თუ არა ჯვარი?\\\”
\\\”ბრძენთა ხმობა არ დაგვჭირდება, ერისთავთ ერისთავო. ჭიაბერის შავი მწევარიც იოლად გამოარკვევს ამას. ეს ძაღლი სიცოცხლეში უერთგულესი იყო, მაინც სიკვდილის პირზეა ბედშავი, უკანასკნელად დაუმოწმებს თავდადებას პატრონს\\\”.
ესა სთქვა და დარბაზიდან გავიდა ტოხაისძე.
შეძრწუნდა მარტო შთენილი მამამზე, თვალი დაადგა ძელიცხოველს. ჯვარი თუჯისფრად იყო გამხდარი, საუკუნეთა მანძილზე ნალოშნს ალაგ-ალაგ სიშავე გადაცლოდა, სწორედ იმ ადგილზე, სადაც უკოცნიათ იგი, იმ ადგილზე, სადაც ჭიაბერი ეამბორა უკანასკნელად.
მიუახლოვდა მამამზე ჯვარს.
მივალ და ვემთხვევიო, ეს ბოლოს მოუღებსო გაგრძელებას იმ საშინელი სიზმრისას, რომელსაც ცხოვრება ერქვა, მაგრამ უკუიქცა, ეს უნდოდა: ღვთისა და კაცის მუხანათობაში დარწმუნებულიყო სავსებით.
შემდგომ ამისა… შემდგომ ამისა ახალი მიზანი ექნებოდა მის ცხოვრებას – ჭიაბერის სისხლის აღება.
ჰაერი ეცოტავა, წამოდგა, ციხის სამზერთან მივიდა. აქედან მოსჩანდა წინაპართა საძვალე და ძველისძველი სამლოცველოს ნანგრევი. აჩქარებულა ტოხაისძე, სანამ მამამზე ცოცხალია ჭიაბერის საფლავს ვერავინ შეუბღალავს. გამობრუნდა. თვალი გადაავლო ჭიაბერისეულ სამოსს ზეზისას, მის თორსა და მის მუზარადს, კედელზე დაკიდულ ქეიბურებსა და ხმლებს.
\\\”მე მოვეკალი იმ ოხერ ჯვარს, შვილო, და შენ აგეღო ჩემი სისხლი, აჰ, ნეტავ მართლაც\\\”…
ტოხაისძე აღარსად სჩანდა, მთელ საუკუნედ მოეჩვენა წამი.
კარი შემოაღო შავლეგმა. შავი მწევარი მოჰყავდა საბელით. მოდიოდა შავი მწევარი, სიზმარში ნახულ გველივით მოიკლაკნებოდა იგი.
ტოხაისძემ ქონის ნაჭერი ამოიღო ჯიბიდან და გაუსვა ძელიცხოველს სწორედ იმ ადგილზე, სადაც აჩნდა მრავალგზისი ნაამბორევი, ზედ ცხვირთან მიუტანა მწევარს ჯვარი. ძაღლმა დაჰყნოსა იგი, სისხლისფერი ენით გალოკა ძელი.
შავლეგ ტოხაისძემ აიღო ჯვარი, ისევ ლუსკუმაში ჩასდო და ტაბლაზე დასდო.
\\\”ქრისტეს ჯვარი იყო ჩვენი ხალხის უბედურების მიზეზი მთავარი. ამ ბოროტების სათავე ბიზანტიონია, ერისთავთ ერისთავო.
დამპალი ქალაქია ბიზანტიონი. ბასილი კეისრის სასახლეში ბევრი რამ გავიგეთ ჭიაბერმა და მე. თვალების დაბნელება, ადამიანის ცოცხლად დამარხვა, ძელზე გაყვანა, მოწამვლა, ორივე ხელის მოჭრა და მკვლელის მიჩენა და ეს ყოველივე ბიზანტიონში ისწავლეს ჩვენმა მეფეებმა. ბასილი კეისარმა ცეტინიუმთან ბრძოლის მეორე დღეს ხუთმეტ ათას ბულგარელს დასთხარა თვალი.
ახლა უფლისწული ბაგრატი ჰყავთ მანდ ბერძნებს მძევლად, იქ უკეთეს ამბებს ასწავლიან მას და როცა იგი მობრუნდება, მაშინ გვიხაროდეს…
შემზარავი სისასტიკე გამოიჩინა თავათ გიორგი მეფემ ოლთისში, ათასზე მეტ ბერძენ მონასპას თვალები დასთხარეს. ორი ათას ტყვეს თავი წააცალეს, სამასი ტყვე ცოცხლად დამარხეს.
დამპალი ქალაქია ბიზანტიონი, გარყვნილებისა და მუხანათობის ბუდე. სამი თვე ემზადებოდა ბასილი კეისარი სარკინოზების წინააღმდეგ სალაშქროდ. სასახლეში ვცხოვრობდით ჭიაბერი და მე, ერთი სომეხი დაგვიმეგობრდა ანისელი, იგი გვიამბობდა ყოველივეს წვრილად.
საეკლესიო კრებებში მიდიოდა იმჟამად. ორი თვე გაგრძელდა ერთი. ეს გამოჩერჩეტებული პატრიარქი სრულიადის აღმოსავლეთისა, ქორეპისკოპოზნი, ეპისკოპოზნი, სწავლულები და ბერები ორი თვე ზედ ასქდებოდნენ ურთიერთს იმის გამოსარკვევად, თუ რამდენ ანგელოსს დაიტევს ნემსის წვერი?
კეისრის სასახლე ომის სამზადისში იყო, მაინც ამ კრებებს ესწრებოდა დიდი და მცირე. სარკინოზების საფრთხე კარზე იყო მოსული.
წევსო თუ დგასო მამაღმერთი? შეუძლია თუ არა ღმერთს უმამოდ შვილი გააჩინოს, უმთელოდ – მთაი, ან მეძავი აქციოს ქალწულად?
ყველა ამის გამო ქაქანებდა და კამათობდა. ეს იყო…\\\”
შავლეგ ტოხაისძეს სიტყვა პირში გაუწყდა, შავი მწევარი უეცრად წაიქცა და დაიწყო ფხარკალი, ისევ აიღო თავი. წინა თათებზე წამოიწია, იატაკზე დაეცა კვლავ, ტარაბუასავით დატრიალდა რკალივით მოდრეკილი ძაღლი, პირიდან დუჟი მოსდიოდა კარაქისფერი და ხაოდა საწყალობელად.
მამამზე და ტოხაისძე თავზე დაადგნენ სულმობრძავ ცხოველს.
წინა თათების ჭანგეით ფხაჭნიდა იგი იატაკს, მერმე უკანა ფეხეგი შეატოკა, შეატოკა და კვლავ ასტეხა ფხარკალი, უკანასკნელად დაიწკმუტუნა, წაიგრძელა კისერი, ცილისფერი გუგები შემოაშტერა მამამზესა და ტოხაისძეს, მინებდა სიკვდილს.
\\\”ახლა ხომ გჯერა, ერისთავთ ერისთავო, ქრისტეს შჯული დიაცების და ბალღების თვალის ასახვევად რომ გამოუგონიათ ხუცებს?\\\”
ორივე ხელისგული შუბლზე იტკიცა მამამზემ: ავაიო, წამოიძახა და წელში მოდრეკილი ჩამოჯდა სელზე.
ტოხაისძე დარბაზიდან გავიდა და როცა მწევრის ლეში გაიტანეს, იგი კვლავ მობრუნდა.
თავი აიღო მამამზემ:
\\\”შენ მართალი ხარ, შავლეგ, ცამდი მართალი, დიაცებისა და ბალღების მეტს არავისა სწამს ქრისტეს ჯვარი\\\”.
\\\”შესაძლოა, მაგ გამოყრუებულ კათალიკოსს და ორიოდე ბერს მცხეთაში\\\”…
\\\”შესაძლოა\\\”…
მცირე ხანს ორივენი სდუმდნენ, ბოლოს მამამზემ დაარღვია დუმილი:
\\\”არც გიორგი მეფეს სწამს ქრისტე და მისი ჯვარი. ბასიანთან ომის დროს კეისარმა ითხოვა მშვიდობა. ზავის წერილი მიუგზავნა გიორგიმ, შემდგომ ამისა განავლინა მეფემ ზვიადი, დალაშქრა ზვიადმა კიდე ბასიანისა და აოტნა ბერძენთა სპანი.
ბასილი არ მოელოდა ქართველთაგან მუხანათობას. ბრძანა კეისარმა ჰოროლის წვერზე დაკიდება ზავის წერილისა.
აღმართა ჰოროლი და სთქვა:
\\\”იხილე, უფალო, წერილი ესე და საქმენი, რომელსა იქმან\\\”.
შემდგომ ამისა გადმოიღო კეისარმან ძელიცხოველი, დააჭდო მიწაზე და შეჰღაღადა: \\\”უკეთუ მიმცე ხელთა მტრისასა, აღარა თაყვანი გცე უკუნისამდე\\\”.
მერმე ის იყო, ჩვენ დავმარცხდით, უკუვიქეცით და ოლთისი გადავწვით გზაში. ქალაქიდანაც არ ვიყავით გასული, მოახსენეს მეფეს, უფლის სახლი იწვისო, გიორგიმ გადახედა ცეცხლშემოგზნებულ ეკლესიას, ზვიადს უბრძანა, ჩააქრობინეო, მერმე ცხენს დეზი ჰკრა.
ცეცხლში გახვეულ საყდარს გულგრილად მიჰხედა უკანასკნელად.
ადგა მამამზე, ჭიაბერისეული მუზარადი და ხმალი გადმოიღო, ტაბლაზე დასდო და ეუბნება ტოხაისძეს:
\\\”შემომფიცე, შავლეგ, ჭიაბერის სისხლი ავიღოთ. შენ ჭიაბერის ძუძუმტე ხარ და ფიცვერცხლი გაქვს მასთან ნაჭამი\\\”.
\\\”მე იმ დღეს შევფიცე მის საფლავს, როცა პაპისეული ლოდი დავდევი ზედ. არ გვინდა ქრისტეს ჯვარი, არ გვინდა მეფე გიორგი, არც ზვიად სპასალარი, არც მელქისედეკ კათალიკოსი, მცხეთა და უფლისციხე ისეთივე ბუდეა გულარძნილობისა, როგორიც ბიზანტიონი.
ბერძნებს ეს უნდათ, ჩვენი ბომონები ვგმოთ და მათ ეკლესიებში ვილოცოთ, წინაპართა ჩვენთა სალოცავები შეგვიმუსრეს, თავიანთი ხატები და ჯვრები შემოგვაჩეჩეს ხელში.
ბერძნებს ეს სწადიათ, ჩვენი ენა დაგვავიწყონ და თავიანთი შემოგვჩარონ პირში, ჩვენი წარსული დავივიწყოთ და მათი შევისწავლოთ, ჩვენი სამოსი შემოგვაძარცვონ, მათი ჩავიცვათ, თუ ჩვენი კერპები ვახსენეთ და მათი დავგმეთ, მყისვე პირზე აკერიათ: \\\”მკრეხელი, მწვალებელი და მსტოვარი\\\”.
ამიტომაც გვინდოდა მე და კოლონკელიძეს მეფე გიორგი შეგვეპყრო, ჭიაბერი ტახტზე დაგვესვა. მცხეთას ავიღებდით, უფლისციხეს შემოვეწყობოდით, თმოგვის ციხეს ავიღებდით და ციხეს ფანასკერტისას, დედოფალს ბედიის მონასტერში მონაზვნად აღვკვეცავდით, ამირას ტფილისიდან გავაგდებდით, არმაზსა და ზედაზენს აღვადგენდით, მელქისედეკ კათალიკოსსა და მის შავჩოხიან მსტოვარებს ქართლოსის საფლავზე დავაკლავდით, მაგრამ შენ ტყვედ გვეგულებოდი მცხეთაში, მე იმთავიდან არ მომწონდა ახალ წელს სადარბაზოდ მცხეთაში წასვლა\\\”.
\\\”ვაჲ ჩემს თავს!\\\” ესა სთქვა მამამზემ, შუბლზე შემოიკრა ხელი, – \\\”ნეტავ წამოსულიყავით და ჩემთვის წაეჭრა მეფე გიორგის თავი. იმ ტიალ დათვს არ გადავყროდი ნადირობისას, გავექცეოდი უთუოდ\\\”.
\\\”თავათ მეფეც ბიზანტიონის მტერია, მაგრამ დაბნეულია გიორგი. მელქისედეკ კათალიკოსსა და ფარსმან სპარსს შორის ირყევა მუდამ.
ზოგს ასე ჰგონია: კოლონკელიძის მიერ შემუსრული ხატების ბედი აწუხებდა გიორგის. ჭიაბერი რომ შორენას ირთავდა, ეს ახელებდა მეფეს.
შარშანწინ მცხეთობას ნახა შორენა პირველად. სავსებით გადაავიწყდა, რომ იგი მეფე იყო და თავდაჭერა მართებდა.
კათალიკოსი და დედოფალი ტაძრეულს შეატოვა, ყმაწვილივით აგვეკიდა მე და ჭიაბერს.
როცა წამოსვლა დავაპირეთ, შორენას მიეჭრა, ცხენზე ასვლაში უშველა თავათ, შემდგომ ამისა, უნაგირზე გადამჯდარ ქალს მისწვდა, ცხენი იფარა, საწმერთულის ტოტი აუწია და აკოცა წვივზე. ჭიაბერს ეს არ დაუნახავს, რადგან იმ წუთში ჯდებოდა ცხენზე.
ჭიაბერის ტირილში მე თვალს არ ვაშორებდი მეფეს, იგი შეფარვით უჭვრეტდა მგლოვიარე ქალს. ორმოცზედაც იმიტომ მოვიდა, შორენა ენახა ხელახლა\\\”.
წამოდგა მამამზე ერისთავი, ჭიაბერისეული ხმალი აიღო ხელში.
ორხოვით დაფარულ ტაბლაზე დაარჭო და ტოხაისძეს უთხრა:
\\\”შემომფიცე, შავლეგ, მხოლოდ იმისთვის ვიცოცლოთ, ჭიაბერის სისხლი ვაზღვევინოთ მეფე გიორგის\\\”.
\\\”ვფიცავ წინაპრების ჩვენის სალოცავს, გველსავით წავაცალო გიორგი მეფეს თავი\\\”.
ეს სთქვა შავლეგ ტოხაისძემ, დაიჩოქა და ზეასწია თავისი გაჯაგრული, შავი მარჯვენა.
ენიშნა მამამზეს სიზმარი.
მეორე დღესვე კოლონკელიძესთან გაგზავნა შავლეგ ტოხაისძე, რათა ყოველივე წვრილად მოეხსენებინა ტოხაისძეს მისთვის. დასთქვეს: ჯერ ეკლესიებისა და ხატების შემუსვრას დაიწყებდა კოლონკელიძე, მერმე არაგვის ხეობაში გადმოვიდოდა, საერთო ძალით შემოეწყობოდნენ უფლისციხეს და მცხეთას.
ბორდოხან იმ დღესვე ბნელიდან ამოიყვანა მამამზემ, ძაძა გაიძრო და ცოლს ამცნო: შავლეგ ტოხაისძეს უნდა მივათხოვოთო კატაი.
შეკრთა ბორდოხან, მეფის მიერ მელქისედეკის პირით დანაბარები გაახსენა მყისვე, შეშინებულმა ამის თქმა შეჰბედა ქმარს:
\\\”მეფე რას იტყვის?\\\”…
\\\”მეფეს მე გავცემ პასუხს\\\”.

XV

ენკენისთვის მთვარიან ღამეს მუხნარისას საბრძოლო გოდოლიდან შენიშნა გუშაგმა: ვიღაც მხედარი დაუზოგავად მოაჭენებდა მცხეთისკენ ცხენს.
შესდგა ჩარდახზე, დაუსტვინა ნელა.
სამი შუბოსანის ლანდი გამოვიდა ციხის კარიდან და შეეგება მხედარს.
ფრუტუნებდა ქუშამომჯდარი თორიანი ცხენი.
ციხისთავი მოიკითხა უცნობმა. როცა იგი ციხისთავის სამყოფლოში შეიყვანეს შუბოსნემა, გაოცდნენ თავათ: ბერის ტანისამოსი ეცვა მხედარს, სავსებით ამოგანგლულს ბირკაში, ბირკა მოსდებოდა ქუდზედაც ბერს, ბირკას მოეცვა თმა-წვერი, ტყისკაცს მიაგავდა იგი.
ციხისთავი შემოვიდა თუ არა, მარტო საუბარი მოისურვა უცნობმა მასთან.
როცა მეციხოვნე სპანი დაითხოვა ციხისთავმა, უცნობმა წილამურებიანი ფაფახი მოიხადა. მუზარადმა იელვა მის თავზე, მუზარადი მოიხსნა, შუბლიდან ოფლი მოიწმინდა, გაიხსნა თუ არა ჩოხა, თორნი გამოუჩნდა ბერს.
განცვიფრდა ციხისთავიც, ჯერ არსად ენახა თორიანი ბერი.
ხმალს დაეყრდნო უცნობი და სთხოვა: ამაღამვე შემიშვითო ქალაქში, დაუყოვნებლივ უნდა წარვუდგეო სპასალარს, ზვიადს.
ზვიადი გვიან მობრუნებულიყო უფლისციხიდან, მაინც გააღვიძეს ნამგზავრი, რადგან თორიანი ბერი უარს ამბობდა მის გარეშე სხვა ვინმესთვის ემცნო სათქმელი და საუწყებელი.
წინ დაისვა სპასალარმა თავისი წარგზავნილი, ცხრაკარის მონასტრის მამაი სერაპიონ და მოისმინა შემდეგი:
თალაგვა კოლონკელიძეს კვლავ შემოეყვანა დიდოთა და ღილღვთა ლაშქარი ფხოვში, ხატები და ჯვრები შეუმუსრავს კვლავ, ეკლესიები დაუწვავს, ბერები და ხუცები სამრეკლოებზე დაუკიდნია თოკით, ქარაფებიდან გადაუყრია ზოგიც.
ცხრაკარის საყდრისთვის ცეცხლი შემოუგზნია ღამე, სერაპიონ თოკით გადასულა ქარაფიდან, მერმე ურბენია ღამღამობით ტყედატყე.
ხერკში თორიანი ცხენი უთხოვებიათ და წამოსულა მცხეთაში მაცნედ. დიდის ჯარით აპირებდა კოლონკელიძე არაგვის ხეობაში გადმოსვლას.
ეს ვეღარ სთქვა მსტოვარმა, მამამზე ერისთავი რას აპირებდა? მხოლოდ ერთი საყურადღებო ამბავი ამცნო: ტოხაისძეს დაუნიშნავსო კატაი, მამამზე ერისთავის.ქალი.
ამ წელს ორგზის უფრო ძლიერი ლაშქარი ჰყავსო კვეტარის ერისთავს, ამბობდა სერაპიონი.
გიორგი უფლისციხეში იყო ტაძრეულითურთ წასული, ამიტომაც მეორე დღესვე უფლისციხეს წავიდა ზვიადი.
მყისვე მოიხმო მეფემ დარბაზისერნი წინაშე თვისსა.

* * *
მალემსრბოლნი აფრინეს საერისთავოებში, წვევის წიგნი დააგზავნეს, ლაშქართა მზაობისა და შეყრის პაემნად ცხრა ოქტომბერი დათქვეს.
ნაშუაღამემდის გაგრძელდა ბჭობა, გვიან გაიყარნენ დარბაზისერნი.
გადაწყდა: ზვიად სპასალარი დაუოვნებლივ წასუულიყო დიდის ლაშქრით ფხოვს; ექვსი დღის შემდეგ მეფე წარუძღვებოდა სამეფოის სპათა.
უბრძანეს ზვიად სპასალარს: მარბიელი წინ გაეშვა, იგი ჩრდილოეთიდან გადაუვლიდა კვეტარს, ფხოველთა მთებზე ხეობათა ყელებს შეჰკრავდა, თორღვას ციხემდე ივლიდა აგრე.
ისიც დააბარეს: სისხლის ღვრას მორიდებოდა შეძლებისამებრ. ციხისთავებისა და ხევისთავებისათვის მძევლები გამოერთმია, მარბიელ ლაშქარსაც არ აეღო ალაფი გარდა აბჯრისა, შეპყრობილ მოწესეთა და ბერთა აზატქმნა მოეთხოვნა; ზვიადის ლაშქარი უკან მიჰყვებოდა მარბიელს და კვეტარას მანამდის არ შემოეწყობოდა, სანამ მეფე არ მიადგებოდა ციხეს, რადგან იცოდა გიორგიმ: გულმძვინვარე იყო ზვიადი, ლაშქარს შეაწყვეტდა მიუვალ სიმაგრის აღებას.
მეფემ კარგად უწყოდა: თუ კოლონკელიძეს როგორმე ვერ გამოიტყუებდნენ ციხიდან, იგი ჩაიკეტებოდა, ზამთარი კარზე იყო მომდგარი და უსურსათოდ დარჩენილი ლაშქარი გაზაფხულამდის ვერ გაუძლებდა ციხის გარემოცვას.
ზვიად სპასალარს გაუხარდა, მისი წინათქმა რომ აუხდა როგორც გიორგის, ისე მელქისედეკს, სჯეროდა: არ გასწორდებაო კუდი ძაღლისა, არცა კირჩხიბი იწყებსო მართლად სვლას.
ზვიადის პირველადი გეგმა ასეთი იყო: ფხოვში შესვლისთანავე მიელეწა რამდენიმე ციხე, რამდენიმე სოფელი დაეწვა, ხევისბერები მოეშთო, შემდგომ ამისა დაშინებული მოსახლეობა დაუყოვნებლივ მისცემდა მძევლებს.
უკეთუ კოლონკელიძე შემოეგებებოდა, რომელიმე ხეობაში მოიმწყვდევდა ერისთავს ზვიადი, ამოჟუჟავდა მის ლაშქარს.
გიორგი მეფემ, სამმა ერისთავმა და მელქისედეკმა არ შეიწყნარეს ზვიადის გეგმა. არ ივარგებსო საქმის გამწვავება, გამძვინვარებული მოსახლეობა უფრო გულმოდგინედ ამოუდგებაო კოლონკელიძეს მხარში.

* * *

ცხრა ოქტომბერს უფლისციხეში მოგროვდნენ სამეფოის სპანი, ტაოს ლაშქარნი, ჯარები კლარჯთა, სპანი მცხეთისა და ქვემო ქართლისანი. \\\”მოიღო მეფემ დროშა სვიანად ხმარებული გორგასლიანი\\\” და გადასცა იგი ზვიად სპასალარს.
შეამოწმა სპათა საომარი მზაობა და ცხენკეთილობა მათი.
მეორე დილით უთენია გავიდა ლაშქარი უფლისციხიდან, მცხეთიდან აღმა აჰყვა გუდამაყრისკენ არაგვს.
ქორსატეველას ციხე მხარმარცხნით დასტოვა, ლარგვისის ციხესთან შუა გაჰყო ზვიადმა ლაშქარი, ჩრდილოეთისკენ წარგზავნილ მარბიელ ლაშქარს კახაი უსარდლა, სამცხის სპათა წინამდგომი.
ცროლის მთიდან მახარმარჯვნით შეჰყვებოდა კახაი, ფხოვის მთების გადასასვლელებს ხელში ჩაიგდებდა, ხოლო ზვიადსა და მის ლაშქარს ოჩანის ციხისათვის უნდა შემოეარნა.
თუ ოჩანის ციხისთავი მძევლებს მოსცემდა, ზვიადი კახაის ჯარს დაეწეოდა და ორივე ლაშქარი ივლიდა მხარდამხარ თორღვაის ციხემდის, დიდოეთს მოსწყვეტდნენ ფხოვიდან.

XVI

შემოდგომის მზე ალერსიანად ატფობდა ხეობას. კაკბების კაკანი ისმოდა ცარცისფერ გორმახების უბეებში. ისინი გუნდგუნდად მიჰყვებოდნენ შეღმართებს, ფუსფუსებდნენ ავშანის ბუჩქებში.
აგოგდებოდა ერთი გუნდი ბორცვზე, გუნდის მეთაური შესდგებოდა, იწყებდა კრიახს, აფრინდებოდა გუნდი, მეორე და მესამე მოჰყვებოდა მას და მთელს ხეობაში გაისმოდა გაბმული კრიახი.
ხევის სიღრმეში საცალფეხო ბილიკს შესდგომოდა თორიანი ჭაბუკი ცხენით. ფხოვური ჭრელ-ჭრულა კაბა ეცვა ტანკენარს, ფხოვური ქუდი ეხურა თავზე, ფარი ზურგზე დაეკიდნა, მარცხენაზე მიმინო შეესვა, დახოცილი მწყრები, ბარე თორმეტი, თავქვე ეკიდა წელზე შებმული თასმით.
დაქანცული ცხენი უღიმღამოდ მიაკანტურებდა თავს, ჩაქჩაქით მიჰყვებოდა ბილიკს. მიმინო აქეთ-იქით თვალს აცეცებდა, კაკბის კრიახს მიუგდებდა ყურს.
უდარდელად მიიმღეროდა თორიანი ჭაბუკი აღმართზე
\\\”ჰარალო. ჰარიარალუუ,
ჰარალო, ჰარიარალუუ…
კაი ყმა, მგელი, არწივი,
არც ერთ არ გაიწურთნების,
ჰარალუ, ჰარიარალუუ\\\”…
ხევს გადაღმა, სადაც ქარაფის კიდეს შურივით აჩნდა ხევიდან ამომავალი ბილიკის ტოტი, ფხოვურ სამოსში მორთულ დიაცს შეეყენებინა ცხენი.
\\\”კოსტანტილეე, ჰაუ კოსტანტილეე\\\”.
იძახოდა დედაკაცი.
თვალზე ხელისგულს იჩრდილავდა, ხან დასავლეთისკენ გაშლილ ბარს გადასცქეროდა, ხან ისევ ხევისკენ მიბრუნდებოდა და მთელის ხმით ყვიროდა:
\\\”კონსტანტილეე, ჰაუ კონსტანტილეე\\\”.
\\\”ჰარალუ, ჰარიარალუუ.
მგელი არ მოშლის მგლობასა,
კაი ყმა მამაცობასა,
ჰარალუ, ჰარიარალუუ\\\”…
მღეროდა ვაჟკაცი, არხეინად მიაჩაქჩაქებდა ცხენს, ნელა მოყვებოდა აღმართისკენ ბილიკს, ხევი ქშუოდა, კაკბები უფრო გამძაფრებით კაკანებდნენ, ჭაბუკი განაგრძობდა ღიღინს:
\\\”ჰარალუ. ჰარიარალუუ, .
კაი ყმა მამაცობასა,
არწივი არწივობასა, ,
მთის ყურში ნადირობასა\\\”.
დედაკაცის ყივილზე ქარაფზე ასული კაკბები ისევ ხევისკენ შებრუნდნენ, მომეტებულის კრიახით გადაიხვეწნენ კბოდეებიდან, მახლობელ სამლოცველოს ნანგრევიდან წამოიშალნენ ყორნები, უცნაური ყრანტალი შეჰქმნეს, მერმე აირივნენ ჰაერში და მელნის ლაქებად შეესხნენ სადაფისფერ ცას.
ყმაწვილმა სიმღერა შესწყვიტა და მიაყურა დედაკაცის ძახილს.
\\\”გამააჭენე, გამააჭენე ცხენი\\\”…
ყვიროდა დიაცი, ხელს უქნევდა თანაც.
ცხენს აუჩქარა ჭაბუკმა, მაგრამ მიმინო უჯდა მარცხენაზე, გაჭენება ვერ მოახერხა, და როცა უარესად აყვირდა დედაკაცი, იგი მარჯვენათი მიმინოს მისწვდა, ცხენს დეზი ჰკრა და აქშინებულმა ცხოველმა ძლივს მოათავა შეღმართი.
დიაცმა ცხენი დასძრა, ქარაფის კიდეს მიუახლოვდა, თავზე წამოადგა ხევიდან ამომავალს და დასჭყივლა:
\\\”გაჰქუსლე ახლავე ცხენი, ოჩანის ციხეში ამბავი დააგდე, მეფის ჯარები მოდიან-თქო, მერე კვეტარისკენ მოუსვი, ერისთავს ამცნე, ოჩანის ციხეს მააშველოს ჯარი\\\”.
ვაჟმა მიმინო დიაცს მიაჩეჩა, კისრიდან ბოლომდის დაუსვა ხელი, ფრთები გაუსწორა, ასწავლა, როგორ დაესვა მარცხენაზე. თასმა შემოიხსნა, მწყრებიანად გადასცა.
გაიფხორა მიმინო, ქარვისფერი თვალები დაუბრიალა დიაცს.
\\\”მე ვერ მოგყვები ჭენებით, შვილო, ხალმები დამემტვრევა ხურჯინში. მოკლეებს მიჰყევ, საყორნეი გადასჭერ\\\”.
ვაჟი უნაგირზე შესდგა ორივე ფეხით, ხევს გადაღმა სერზე მომავალ ჯარს თვალი შეასწრო, მუზარადები ელავდნენ მზვარეში, მერმე უნაგირს დაახტა უკანალით და გაჰქუსლა ცხენი.
დედაკაცმა თავსაფარი მოიხსნა, ფრთხილად გახვია მიმინო შიგ, თავი ამოაყოფინა მხოლოდ, რუდუნებით ჩაისვა იგი უბეში, თასმა წელზე მოიბა და გაუჯავრდა დავარდნილ ცხენს.

XVII

გამოჩნდა თუ არა ოჩანის ციხე, ზვიადმა აქაც ორად გაჰყო ლაშქარი, ერთს ტაოელი აზნაური – ფანასკერტელი უსარდლა, მეორეს თავათ წარუძღვა წინ. ფანასკერტელი ჩრდილოდან შემოუვლიდა ციხეს, იმ მხრიდან, საიდანაც ხატის ტყეები გარს ერტყა მას.
წინასწარ იცოდა ზვიადმა:
ფხოველები ხატის ტყეებში არ დადგამდნენ ფეხს, ხოლო ზვიადი და მისი ლაშქარი ჯერ ხევ-ხევ ივლიდნენ და, როგორც კი გაუსწორდებოდნენ ოჩანის ციხეს, ზეგანზე ამოვიდოდა ჯარი, აღმართებს შეჰყვებოდა ფიცხლავ.
თუ მძევლებს მისცემდნენ, ხომ კარგი, თუ არა და ზვიადისა და ფანასკერტელის ლაშქარი მაკრატელივით მოიკეცებოდა სამკუთხედად მთებში შემოჭრილი, სალტეებში მოიქცევდა მტერს.
ოჩანის ციხეს ჩრდილოეთიდან გორმახები საზღვრავდა, დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან – მიუვალი ქარაფები, ხოლო სამხრეთიდან – ოდნავ დაქანებული ვაკე, რომელსაც ამომშრალი ხევი ზღუდავდა, ხევის კიდეს მეჩხერი ტყე მისდევდა თელისა, აქა-იქ ღიჭიანი და კატაბარდი.
ხევი ღრმა იყო, ცხენოსანს კარგად დამალავდა, ნახირებსა და ჯოგებს ბილიკებით დაეკბილა ხევის კიდე ალაგ-ალაგ.
ამ ბილიკებით უნდა ესარგებლნა ხევიდან ვაკისკენ ამომავალ ლაშქარს.
ზვიადი სარკინოზებთან ნაბრძოლი იყო მრავალგზის, მან კარგად იცოდა: როცა საიერიშოდ მიმავალ ცხენოსან ჯარს თხრილი ეგულება უკან, ეს უკუქცევის ფიქრს ახშობს მხედრების გულში.
სარკინოზები საგანგებოდ აკეთებდნენ თხრილებს, ამ შემთხვევაში თვით ბუნება წამოშველებოდა სპასალარს.
ზვიადმა ბრძანა: ყოველ მეორე მხედარს ხევში დაეტოვებინა ცხენი. ყოველ ცხენოსანს თითო-თითო ხლებოდა ქვეითი, ზოგი შუბით, ზოგი ქამანდით, ზოგიც ჰოროლითა.
სპასალარმა იგიც იცოდა, მთეულების ჯარს ის უპირატესობა ჰქონდა, რომ ფხოველნი და დიდონი მთაში გაზრდილ, მუხლმაგარ ცხენებზე ისხდნენ.
ზვიადს წესად ჰქონდა: ცხენოსან ლაშქართან ბრძოლაში მტრის ცხენის დაშავება შუბით, ჰოროლით ანდა ქამანდით.
ვიდრე ჭაბუკი კონსტანტინე ციხემდის მიაღწევდა, ზვიადის ლაშქრის მოახლოვება გზირებმა აცნობეს კვეტარის ციხისთავს კიდევაც.
როგორც კი ხევში შემავალი ლაშქარი შენიშნეს მეციხოვნეთა, ქოსსა ჰკრეს ოჩანის ციხეში.
გოდოლების ჩარდახებზე კოცონები აანთეს და ჩამოეგებნენ ვაკიდან ამომავალ მტერს.
ჩრდილოეთიდან ფანასკერტელის ჯარი მოიპარებოდა ხატის ტყეებში. ზვიადის ლაშქარი ვერ დაფარა მეჩხერმა თელიანმა.
ერთ წუთში აივსო ვაკე ფხოველთა და დიდოელთა ცხენოსნებით… ჯერ დიდოელნი ეძგერნენ შეღმართში ამავალ მხედრებს, ცხენები დაუხოცეს მეწინავეთა. თელიანი და ჯაგნარი ხელს უშლიდა ბრძოლას, ამიტომაც ხმალი ვერ იხმარეს ზვიადის სპათა.
ხევი ვიწრო იყო, ზვიადის ლაშქარს კიდემდის გაევსო იგი.
ვაკეზე ასასვლელი ბილიკები არც ისე ბევრი იყო, ამიტომაც ურთიერთს აწყდებოდნენ ცხენოსნები. დიდოელნი ბილიკების ყელებში უხვდებოდნენ, უმოწყალოდ სცემდნენ ცხენსა და კაცს.
ისრით და შუბით განგმირული მხედრები ძირს ენარცხებოდნენ, კოტრიალით სცვივოდნენ ხევში. დამფრთხალი ცხენები ყალყზე დგებოდნენ, ჭიხვინით ვარდებოდნენ კბოდეებიდან.
ერთბაშად ყორნების ლაშქარმა დაფარა ხევი, თელებზე ჩამომსხდარნი შემზარავად ყიოდნენ.
ჭიხვინებდნენ უპატრონო ცხენები, კვნესოდნენ დაჭრილები, ველურად ყიჟინებდნენ დიდოელნი და ფხოველნი.
ცხენი დაუჭრეს ხევიდან ამოსვლისას ზვიადს. წაიქცა ზვიადის ცხენი, ისკუპა აბჯრისმტვირთველმა, მარქაფა შეაგება მყისვე, სცა ჰოროლი დიდოელ შუბოსანს, კბოდედან გადააგდო ზვიადმა დევკაცი.
შეკრთა ერთი ფრთა შეღმართში ამავალ ჯავახელებისა, ხევისაკენ მიაბრუნეს ცხენები.
მაშინ განრისხდა ზვიად სპასალარი, \\\”შეუზახნა ლაშქარს, სცეს მეფის სპათა საყვირსა და მიეტევეს, ვითარცა მხეცნი\\\”.
მოათავეს შეღმართი, გაივაკეს ქვეითად მომავალ სამცხელთა, ისევ მოასხდნენ ცხენებს. ამოიწვადეს ჯავახელებმაც ჯავარდენები და შეუტიეს მტერს.
მოისრნენ დიდძალი ფხოველნი და დიდონი, მწკრივად დაწვნენ ოჩანის ციხის სანახებში მკერდგანგმირულნი.
ხელახლა სცეს საყვირი მეფის სპათა და მარჯვენა ფრთა დაწინაურდა, ზურგზე მოექცა ციხისკენ მიმავალ სერს.
ფხოველთა ჯარს ხევისბერი ღუდუშაური მეთაურობდა. მთის ცხვირზე უკვე აცნობეს, ხატის ტყე გადმოლახაო კახაის ლაშქარმა.
იცოდა: ფხოველნი ხატის ტყეებში არ შევიდოდნენ. დიდოელთა დიდი რაზმი წარგზავნა. კახაის ლაშქარს არც ჰოროლი უხმარია, არც შუბები, ტყიდან გამოსვლის უმალვე ხმალდახმალ ეძგერნენ ცხენოსნები მტერს, რადგან ახოში შემოეყარნენ დიდონი მათ.
განცვიფრდნენ დიდოელნი, როცა მათი ხმლები ყინვის ლოლუებივით მილეწეს კახაის სპათა ჯავარდენებმა.
ღუდუშაური დიდოელთა საშველად აპირებდა ციხისაკენ მიბრუნებას. ამ დროს შედრკნენ დიდოელნი და ხატის ტყეებისაკენ გაჰქუსლეს ცხენები. კახაის ლაშქარმა თავი ააღირა, გულდაგულ გამოემართა ციხის გოდოლისაკენ.
მიხვდა ღუდუშაური, თავათ ციხეს რომ მიშველებოდა, ზვიადის სპანი ზურგში მოექცეოდნენ, ამიტომაც საშინელი ყიჟინი მორთო ხევისბერმა, ხმალი იშიშვლა და ხუთასზე მეტი ცხენოსანი მიაგდო ზვიადის ლაშქრისკენ გულდაგულ.
ახლა ტაოელებმა გამართეს ჯავარდენები და შეეგებნენ სერის თავზე მამაც ხევისბერებს.
მაშინ თავის უზარმაზარ ულაყს დეზი ჰკრა ზვიად სპასალარმა, ხევისბერის ტანმორჩილ ჩერქეზულს აძგერა მკერდულით. მხარი აქცევინა ღუდუშაურმა ცხენს, თავათ ხმალი გადაუქნია სპასალარს, მაგრამ ხმალს ხმალი შეაგება ზვიადმა და ვადა შერჩა ხევისბერს ხელში.
ვიდრე ჰოროლს მიაწვდიდნენ ღუდუშაურს, მოუნაცვლა ზვიადმა და აბჯრიანად გაჰკვეთა იგი წელამდის.
ხევისბერის ვაჟი თორღვა გამოენთო სპასალარს, მაგრამ უმუხთლა ქედფიცხელმა ულაყმა, მისი ხმალი სპასალარს ასცდა და ზვიადის ცხენს წააცალა ორივე ყური.
ფხოველნიც დარწმუნდნენ, ძვალისა და ფოლადის მკვეთელი ხმლები რომ ჰქონდათ სამეფოის სპათა, პირი იბრუნეს და გაჰქუსლეს ხატის ტყეებისაკენ ცხენები.
შეანგრიეს თუ არა ციხის კარები, დაზავება ითხოვა ციხისთავმა მყისვე, მძევლების მოცემას დაჰპირდა ზვიადს.
იმ დღესვე თავი მოჰკვეთეს ციხისთავს და გოდოლის ჩარდახიდან გადმოჰკიდეს იგი თოკით.
ორი ათასი აბჯრის ალაფი აიღო ზვიადმა და დაარღვია ოჩანის ციხე.
უთენია მიჰყვა ხეობებს, უგრძნეულოდ და უბრძოლველად გასწია კვეტარისაკენ.
გზადაგზა პურ-მარილით ეგებებოდნენ ფხოველნი. ყელზე საბელშებმული ხევისბერები ითხოვდნენ ზავს.
გააფთრებულმა ზვიადმა ბრძანა და სამრეკლოზე დაჰკიდეს ისინი იმავე საბელებით, რომელნიც მორჩილების ნიშნად გამოებათ თავათ. გზადაგზა ხიზანი და აბჯრის ალაფი აიღო, მძევლები ჩაიბარა ხევისთავებისაგან.
ყველას აგრე ეგონა: კვეტარის ციხის ასაღებად მიემართებოდა ზვიადის ლაშქარი. სპასალარმა განზრახ აირჩია პირდაპირი გზები, რათა შიშის ქარი შესდგომოდა ერისთავს.
კოლონკელიძეს კონსტანტინე არსაკიძის მოსვლამდის აცნობეს მსტოვარებმა მეფის ლაშქრის შემოსვლა ფხოვში. სამი დღით ადრე მამამზე და ტოხაისძე იუწყებოდნენ: დიდძალი სპით მოდიანო მეფე და ზვიადი.
თავდაპირველად გუდამაყარში უნდა შებმოდა ერისთავი ზვიადის ლაშქარს, მაგრამ აქ მოხდა ასეთი ამბავი:
მამამზესა და ტოხაისძეს პირობა ჰქონდათ, კოლონკელიძე არაგვის ხეობაში გადმოსვლას თუ მოასწრებდა, მხოლოდ მაშინ შეუერთდებოდნენ ისინი მეამბოხეებს.
ახლა, როცა სპასალარმა დაასწრო კოლონკელიძეს, ისინი უარზე დადგნენ, რადგან იცოდნენ: ქორსატეველას მიწასთან გაასწორებდა გზად გავლილი ზვიადი.
ოლონკელიძემ ასე ივარაუდა: ჯერ ხევისთავებისა და ხევისბერების მიერ მოგროვილ ბრბოებს უნდა შელეწნოდა ზვიადის ლაშქარი, ხეობების თავებში აღმართულ გოდოლებს გამკლავებოდა. როცა კვეტარს მიეახლებოდა, ციხიდან გამოვიდოდა კოლონკელიძე და კვეტარის სანახებში შეებრძოლიბოდა მას.
თუ საქმე მისჭირდებოდა, კვეტარის ციხეში ჩაიკეტებოდა კვლავ.
ზამთარს გულისხმობდა მოკავშირედ. უსურსათოდ დარჩენილნი სპანი მეფისანი ვერ გააწევდნენ გაზაფხულამდის.
ოჩანის ციხის აღებამ, დიდოთა ლაშქრის უკუქცევამ, კახაის მიერ ფხოვის მთების ჩაკეტვამ, ბოლოს ფოლადისა და ძვალის მკვეთელ ჯავარდენების გამოჩენამ თავზარი დასცა კოლონკელიძეს.
ზვიადთან მძევლების გაგზავნას აპირებდა ერისთავი და სწორედ ამ დროს მალემსრბოლი მოვიდა უფლისციხიდან.
მეფე გიორგი ტაძრეულითა და დიდის ლაშქრით მობრძანდებაო კვეტარს. მძევლებსა და ზავის პირობის შეკვრას მოითხოვსო, რათა შემდეგ საერთო ჯარით გაილაშქროსო კახეთ-ჰერეთის ქორ-ეპისკოპოზის წინააღმდეგ.
თალაგვამ კარგად იცოდა \\\”უშიშო იყო გიორგი, ვითარცა უხორცო\\\”, მაგრამ ეს გარეშე მტრებთან ომებში, ხოლო საერისთავოებში სისხლის ღვრას გაურბოდა იგი. მართალია, ზვიადი მუდამ სისასტიკეს მოითხოვდა, მაგრამ, სამაგიეროდ მელქისედეკ კათალიკოსი მხარს უჭერდა სათნო თათბირით მეფეს.
ამიტომაც აგრე იფიქრა კოლონკელიძემ: ზვიადმა დალაშქრა ფხოვი, დიდონი უკუაქცია, მეფე სისხლის ღვრას ერიდება და შემირიგებსო უთუოდ.
პირველი ამბოხიც მანვე აპატია, ძელიცხოველის ლაშქრობა აკმარა ორივე ერისთავს.

XVIII

სულ სხვა გზით წამოვიდა გიორგის ლაშქარი. მეფემ ლარგვისის ციხეში გაათია ღამე და ქორსატეველას მიადგა დილით.
მამამზე და ტოხაისძე დიდის ამალით შემოეგებნენ მას.
მამამზე \\\”მამაშვილურად\\\” გადაეხვია გიორგის, მარჯვენა მხარზე აკოცა ჩვეულებისამებრ.
ბევრი ევედრა მეფეს ბორდოხან, დილამდის დარჩითო ჩვენსას. მეფე დაჰპირდა, ფხოვიდან მობრუნებულნი უეჭველად გამოგივლითო.
\\\”ქალს ათხოვებსო, ბორდოხან ბატონო, ასე გადმომცეს, ქორწილია მოსალოდნელი\\\”.
ბორდოხანს სახე აელეწა, შედრკა, ხელაღებით უპასუხა:
\\\”რა დროს გათხოვებაა ბალღისა, ჯერ მხოლოდ თორმეტი წლისაა, მეფევ ბატონო, კატაი\\\”.
ისაუზმეს თუ არა, დაიძრა ლაშქარი.
მეფის მოლოდინისაგან დამფრთხალი ხალხი მიუვალ მთებში გახიზნულიყო, დაცარიელებული სოფლები უპატრონო ძაღლების, მოხუცებისა და ავადმყოფების ამარა მიეგდოთ.
სამრეკლოზე ჯერ კიდევ ეკიდნენ თავჩაქინდრული ხევისბერები თოკით. ეკლესიები გამოეკეტნათ, რადგან ბერები და ხცები დაეხოცნათ, ან თავათ ისინი გაქცეულიყვნენ მცხეთას.
ხევის ყელებთან დახოცილი გზირები ეყარა, სვავები ჰკორტნიდნენ ნადირის მიერ დაძიძგნილ ცხედრებს.
ზვიადის მიერ გამოგზავნილი მალემსრბოლი გოიმზვარესთან წამოეწია გიორგის.
კოლონკელიძემ მძევლები მოიღოო, დიდოთა და ღილღვთა ბრბოები ფხოვის მთებს გადაღმა გადავრეკეთ, კახაის ჯარი თორღვაის ციხეს შემოეწყოო, ცხრაკარში ველოდებით ბრძანებას მეფისას, იწერებოდა ზვიადი.
გიორგიმ ეს დააბარა მალემსრბოლს უშიშარაისძეს:
როცა მე შემოგითვლი: პანკისს წადი-მეთქი, ეს ნიშანი იქნება, მე კვეტარის ციხეში დაგიხვდები, მყისვე ლაშქრიანად მოდიო.
გოიმზვარეს გასცილდნენ თუ არა, დაწინაურდა ჯვარისმტვირთველი. თორმეტი თორიანი რაინდი სეფედროშას ახლდა, მოშორებით მეფე მოდიოდა, სამასი შუბოსანი თან მოსდევდა. ათასზე მეტი მონასპა უკან მოჰყვებოდა მეფის ამალას, მაგრამ ეს ლაშქარი ჯერაც არ იყო შემოსული გოიმზვარეში.
დაღმართში მიმავალი ურმის გზა ხევის უბეში იკარგებოდა, წაბლის ტყეები დაიწყო უსიერი, მელიები გადარბოდნენ გზაზე.
მეფემ თვალი მოჰკრა, ხევის უბიდან თორიანი მხედრები გამოვიდნენ და გაუსწორდნენ თუ არა ჯვარისმტვირთველსა და მედროშეს, მყისვე დაქვეითდნენ, რაინდთა წესისამებრ, პატივითა ხილვა მოუწყვეს მეწინავეთ, ეამბორნენ და ისევ შესხდნენ ცხენებზე და გიორგის ამალისაკენ გამოემართნენ.
გიორგიმ კოლონკელიძე იცნო, გზა წვრილი იყო და არ სჩანდა, თუ რამდენი სპა ახლდა ერისთავს.
ისრის მისაწვდენზე კვლავ დაქვეითდა კოლონკელიძე და მისი ამალა, ახლა უფრო მოკრძალებულად გაუმართეს პატივითა ხილვა მეფესა და მის ამალას.
როცა თავმოდრეკილი კოლონკელიძე ეახლა მეფეს და ხელზე ეამბორა, მან ნაძალადევად გაუღიმა ცბიერ ერისთავს.
კოლონკელიძეს გული მოეცა, როცა გიორგის გვერდით მომავალი მამამზე დაინახა, ხოლო უკან – სახლთუხუცესი ტოხაისძე.
მეფის ამალას თვალი შეავლო კოლონკელიძემ, ინანა: დიდი ლაშქრით რად არ შევეგებეო გიორგის. ასე ეგონა: მარტოოდენ სამასი მონასპა ახლდა მეფეს.
ეს წაბლის ტყე ჩინებული იქნებოდაო ჩასასაფრებლად.
გზა შეღმართებს მიჰყვა, ამასობაში უკან მომავალი ლაშქრის მეწინავენი წამოეწიენ მეფის ამალას, კოლონკელიძეს გუნება გაუფუჭდა, აღარ იცოდა, რამდენი ათასი ცხენოსანი თან ახლდა გიორგის.
მეფის საუბრის კილო სამშვიდობოს იძლეოდა ნიშანს. მშვიდი იყო ბუნებით გიორგი, ენამზეობას მოკლებული, მაგრამ ამოდ მოუბარი და სახით სათნო.
წყნარი და მზიანი საღამო იყო, ცხენების ერთობლივი ფრუტუნი, ხევის წყლის ამო ჩხრიალი, ცას მიწვდენილი მთების სილურჯე, შაბიამანისფერი მაღალი ცა – ეს ყოველივე მშვენიერ გუნებას უქმნიდა მეფეს და მის ამალას, გიორგი მეფე, კოლონკელიძე და მამამზე თავთავიანთი მხლებლებით ისე ტკბილად მოსაუბრობდნენ, თითქოს ყველას დავიწყნოდა, საომრად რომ უნდა შეხვედროდნენ ამ ხეობაში ურთიერთს.
კოლონკელიძეც ამოდ შესაყრელი კაცი იყო, – ტანმორჩილი, ტანხმელი, მაგრამ მშვენიერი ვაჟკაცი; წვერი გაჟღალებოდა ოდნავ, მაგრამ ჭაბუკური იერი გადაჰკრავდა სახეზე, თაფლისფერი თვალებიდან სიჭაბუკის ცეცხლი გამოკრთოდა.
მეფემ ორ-სამჯერ ესროლა მზერა გვერდით მომავალს, გაახსენდა ის საღამო მცხეთობას, როცა კოლონკელიძე ცხენოსნობაში ეპაექრებოდა შორენას. და-ძმას უფრო წააგავდნენ იმ ჯირითში ისინი, ვიდრე ხუმრობით გაჯიბრებულ მამა-შვილს.
წაბლები სცვიოდნენ გზაზე გადმოსულ შტოებიდან. სადღაც ხევში ხარირემი ყვიროდა. კვერნები დაშლიგინებდნენ ცადაწვდენილ სოჭის ხეებზე.
მეფემ განზრახ აუჩქარა ცხენს, კოლონკელიძე აიყოლია და როცა მცირე მანძილზე დაშორდნენ ამალას, კოლონკელიძემ ფრთხილად წამოიწყო \\\”სამწუხარო გაუგებრობის\\\” ამბავი. ეს ყველაფერი \\\”დიდოთა და ღილღვთა ბრბოებს\\\” გადააბრალა უტიფრად და როცა ამას ამბობდა, თაფლისფერ თვალებს არ აშორებდა გიორგის.
დიდის მადლობით ახსენებდა სპასალარს, ფხოვის მთებს გადაღმა გადარეკაო \\\”ის მურტალნი\\\” ზვიადმა, თანაც შესჩივლა შეფარვით მეფეს, მძევლები შევაძლიე, აბჯრის ალაფა აიღო, ხევისბერები მაინც მოაშთოო. მორჩილების ნიშნად საბელგამობმულნი ყელზე.
მეფემ ცხენი შეაყენა, მალემსრბოლი იხმო, ზვიადთან წასვლა უბრძანა.
დააბარა: ხევისბერებს არ ახლოო ამიერიდან ხელი. შეუთვალა: ცხრაკარი დააგდეო მყისვე და ზეგ დილამდის მიცადეო პანკისში.
პანკისის ხსენებამ იმედი განუმტკიცა ერისთავს, ალბათ პანკისიდან აპირებსო გიორგი ჰერეთის ქორ-ეპისკოპოზის დალაშქვრას.
გარდა ამისა, კიდევ ერთი რამ აძლევდა კოლონკელიძეს ნუგეშს: ერისთავს გუმანი ჰქონდა, მეფე შეფარვით ეტრფოდა შორენას.
ისიც იცოდა: დედოფალთან უთანხმოება რომ ჰქონდა უწესო დედათა მოყვარულს.
გაახსენდა გურანდუხტის ნათქვამი: შიმუნვარებს უნახავთ, შორენას უჭვრეტდაო თურმე იდუმალ ჭიაბერის ორმოცზე მეფე.
ტოხაისძის ნაამბობიც ემთხვეოდა ამას ყოველივეს, გიორგიმ ჯვარი მოაწამვლინა ფარსმანს, ჭიაბერი იმადაც მოაკვლევინა, რათა დედოფალს გაეყაროს და შორენა შეირთოსო ცოლად.
ამ წუთში დაბეჯითებით ირწმუნა კოლონკელიძემ: შესაძლოა შორენას შესართავად მოსულიყოსო მეფე.
თალაგვას ახლა აღარ მოსწონდა მამამზე ერისთავისა და ტოხაისძის ჩამოსვლა.
თუ გიორგი მართლაც გაეყრებოდა ცოლს და შორენას შეირთავდა, კოლონკელიძე მზად იყო, ჰერეთის ქორ-ეპისკოპოზთან ომში დახმარებოდა მას. მეფესთან დამოყვრება ახალ ასპარეზს აღუთქვამდა თავმოთნე ერისთავს.
ეს ყოველივე ურთიერთს დაერთო, ამიტომაც გულმხიარული წარუძღვა იგი საომრად მოვლენილ სტუმრებს.
კოლონკელიძემ შიკრიკი აფრინა კვეტარის ციხეში, მეფისა და მისი ამალის მისაღებად მოემზადენითო, დააბარა სახლთუხუცესთან.
ციხისთავი, შვიდი ხევისთავი და ცამეტი ხევისბერი ჩამოეგებნენ სტუმრებს. ერისთავის მეუღლე გურანდუხტი, შორენა შიმუნვარებითურთ ციხის კარებთან დაუხვდნენ მეფეს.
ორას ორმოცდაათი ხარი დაჰკლეს იმ საღამოს. შვიდი ირემი და სამასზე მეტი ცხვარი.
პურობის დაწყებამდის მეფე და ერისთავი განმარტოვდნენ, მცირე ხანს ისაუბრეს, შემდგომ ამისა, ხუთი ტაოელი აზნაური, ციხისთავი და სამი ხევისთავი დაისწრეს თათბირზე.
დასთქვეს: მეორე დღესვე წასულიყვნენ პანკისს მეფე და ერისთავი, იქიდან შეეტიათ ჰერეთის ციხეებისათვის.
მეფემ ლალისთვლიანი ბეჭედი წამოაცვა ერისთავს ცერზე, ერთი საყურე, ერთი რაინდული სარტყელი ბიზანტიური, ერთი ხელი აბჯარ-მუზარადი, სამი თოროსანი ცხენი, დროშა და შუბი მიუბოძა. ზავის პირობა მისცა, \\\”სამარადჟამოდ დაურღვეველი და კვეტარის საერისთავოს შეუვალობა სრული\\\”.
კოლონკელიძემ ციხის ეზოში გაიყვანა მეფე, აჩვენა ქალტა ირმებისა. ირმის მთელი ჯოგი ჰყოლოდა ციხეში.
გარემოცვის დროს ვკლავთო ხოლმე ამ ირმებს, როცა მშვიდობაა, ვაშენებთო. ეუბნება გახარებული მასპინძელი სტუმარს.
მეფეს თვალები გაუბრწყინდა ამ მშვენიერი ცხოველების პირისპირ მდგარს. კისერი მოიღრიჯეს ხარებმა და ფურებმა, ატორტმანდა ქორბუდიანი რქებისა ტევრი.
ნუკრები მორცხვად იმალებოდნენ მოთვინიერებულ ფურების ლაჯებში, მათ ჯერაც არ გასცლოდა დედის მუცლიდან დაყოლილი ველური დარცხვენილობა. მხოლოდ ერთი, უმშვენიერესი ნუკრი, მთლად ლომისფერი და ამაყად ყელმოღერილი იდგა განაპირას, ჯახველის ქვეშ. როცა გიორგი მიეახლა, იგი ადგილიდან არ დაძრულა, თავისი მშვენიერი გიშრისფერი თვალებით შესცქეროდა ახალმოსულს.
გიორგიმ ხელი გაუშვირა: თფუჩი, თფუჩიო, – უთხრა.
ნუკრი უფრო ახლოს მოვიდა, ჯერ დახედა გაწვდილ ხელს, შემდეგ თავისი ხორკლიანი ენით გალოკა იგი.
\\\”აი, ეს შორენას საყვარელი ნუკრია, ნებიერა, ობოლია, ამიტომაც შეივრდომა იგი და თავათ გაზარდა შორენამ\\\”.
სთქვა კოლონკელიძემ.
ახლა ყველაზე უფრო დიდსა და მშვენიერ ფურს დაუწყო მზერა გიორგიმ.
\\\”სამოცდაათი მეწველი მყავს ასეთი, თორმეტ წყვილს ხვალვე გაახლებთ მცხეთაში\\\”.
ეუბნება ერისთავი მეფეს.
თავის სიცოცხლეში არაფერი ისე არ შეჰხარბებია გიორგის სხვისი, როგორც ეს ირმის ჯოგი, ეს ირმის ჯოგი და შორენა…
\\\”შორენა აწი ვეღარ გახდება \\\”სხვისი\\\”, რადგან ჭიაბერი აღარაა ამქვეყნად, ხოლო ირმის ჯოგი? ირმის ჯოგი… ვნახოთ რა მოხდება ამაღამ\\\”…
ეს გაიფიქრა მეფე გიორგიმ და ჯიქურ შეხედა კოლონკელიძის თაფლისფერ თვალებს. ამ წუთში ვერავითარი მზაკვრობა ვერ დაიჭირა ამ თვალებში. ეტყობოდა, იგი მართლა აპირებდა თორმეტი წყვილის გაგზავნას მცხეთაში.
პურობა დაიწყო. მემაშხალეთ ალყა და ქონი შემოზიდეს და მაშხალები აანთეს.
აწრიალდა მეფე გიორგი. გულით ეწადა: პურობის დაწყებამდის მოესწრო ზვიადს.
უეცრად ძრწოლამ აიტანა, ვაითუ, მალემსრბოლი უშიშარაისძე გზაში შეეპყრო რომელიმე ხევისბერს. უშიშარაისძე დაცდილი ჰყავდა ომებში გიორგის, ფეხებით რომ დაეკიდნათ, იგი არ გასთქვამდა საიდუმლოს, მაგრამ ეს იყო, მთელი გეგმები აერეოდათ ზვიადსა და გიორგის.
თუ უშიშარაისძე ცხრაკარამდის ვერ მიაღწევდა, ზვიადი პირდაპირ გაიგებდა ქარაგმულად შეთვლილს, ლაშქრიანად აიყრებოდა ალბათ და მართლაც წავიდოდა პანკისს.
თუ უშიშარაისძე მშვიდობით ჩასულია ცხრაკარში, მაშ, რად იგვიანებდა ზვიადი ამდენს ხანს?
არც პანკისი იყო შორს, მაგრამ გიორგიმ დანამდვილებით არ იცოდა, რას მოუწყობდა მეფესა და მის ამალას მელაძუა ერისთავი, ხომ შესაძლო იყო, ღვინო მოეწამლათ, ან ირმის ხორცში გაერიათ მცირედი შხამი?
უმთავრესი მაინც ეს იყო, მეფე გიორგის არ უნდოდა პურმარილის მიღება.
პურობა გათავდა თუ არა, ნადიმი დაიწყო მყისვე. როცა მეფის სადღეგრძელო შეისვა, შორენამ თავათ მიართვა სამადლობელო ჯიხვი გიორგის.
ამ საღამოს ადრინდელზე მეტად მოეწონა მეფეს ერისთავის ასული.
დაქალებულიყო შორენა. ქალწულურ ტანკენარობას მისას სრულიადაც არ არღვევდა მოწიფულობის მაცნე სავსება ხორცისა, ოდნავი სიყვითლე მაინც შერჩენოდა ღაწვებზე; ძაძა მუქყვითელ სამოსს შეეცვალა ირანული აბრეშუმისას, რომელსაც მწყრისფერი იერი გადასდიოდა ზოგან.
სხეულის კიდურები დაგრძელებოდა, გულმკერდისა და თეძოების სისავსე ჰარმონიულად შერწყმულიყო ისეთ სიმრგვალეში, როგორც მწყერს სჩვევია ხოლმე რთველის მიწურულში, ამ ძვალწვრილსა და ხორცმრავალ არსებას.
მეფე შეფარვით უმზერდა მის გვერდით მჯდარ შორენას და მამაკაცის ქორულმა მზერამ ეს შენიშნა: ისეთ მიჯნამდის მიწეულიყო მგლოვიარე სასძლო, როცა ქალობა სძლევს ხოლმე გლოვას და დიაცური სიკეკლუცე თავის მშვენების გამოსაჩენად მოირგებს სიმძიმილის ნიშნად სატარებ სამოსსაც.
კიდევ შეხედა შორენას, შეუძლებელი იყო რაიმე მზაკვრობა ხლებოდა ამ მშვენიერ, შეურყვნელ ზღვისფერ თვალებს. ეს იყო, მის მზერაში გიორგიმ დაიჭირა ის ველური დარცხვენილობა, რომელიც ირმის ნუკრების გამოხედვაში შენიშნა წეღან.
როცა ჯიხვი გამოართვა და ნუშის გულივით თეთრ ხელებს დაჰხედა, ასეთი ხელებით მორთმეული საწამლავიც საამური იქნებაო ალბათ, ეს გაიფიქრა და გამოსცალა ჯიხვი.
გაახსენდა ჭიაბერის მიერ ოვსთა მეფის მოწამვლა ქორსატეველას ციხეში.
გამოსცალა თუ არა, რაღაც უცნაურმა შიშმა შეიპყრო მეფე გიორგი, \\\”უშიშო ვითარცა უხორცო\\\” (როგორც მატიანე ახსენებს მას).
ერთ წუთში ისევე მოიცა გული, გაეხარდა ხელ-ფეხი რომ ესხა კვლავ და მოძრაობა შეეძლო, ახლა ხმის გაღება მოუნდა და ეუბნება შორენას:
\\\”შენი ნუკრი მაჩვენა თალაგვამ, მშვენიერი ცხოველია ნებიერა\\\”.
შორენას იამა, მეფესაც რომ მოსწონებოდა მისი საყვარელი ნუკრი, გაუკვირდა: სახელიც რომ დახსომებოდა მისი. რაღაც უნდოდა ეპასუხნა, მაგრამ გამოსაღები ხმა სადღაც ხორხის არეში გაუწყდა და საკუთარ ხელებს დახედა მორცხვად.
დიდი ხანია რაც მისი ხმა არ გაეგონა მეფეს, ამიტომ ასეთი რამე უთხრა:
\\\”თალაგვა მიამბობდა: ობოლიაო ნუკრი, დედამისი რა იქნა?\\\”
\\\”წრეულს მყვირალობის დროს გაგვექცა დედამისი. საერთოდ ფურები უკეთ იტანენ ტყვეობას, ვიდრე ხარები, განსაკუთრებით თუ ნუკრი ეყოლათ, მაგრამ ნებიერას დედა გამონაკლისი იყო.
იგი ერთმა დიდოელმა მოჰგვარა სამი წლის წინად მამას.
ბევრი ვეცადეთ, არ იქნა მისი მოთვინიერება. ჩემი ხელით ვაჭმევდი, მარილს ვალოკინებდი, მუდამ ტყისკენ ეჭირა თვალი.
მყვირალობის დროს აუტანელია მათი ბღავილის მოსმენა. მე მთელი ღამე არა მძინავს მყვირალობის დროს.
ნებიერას დედა წრიალებდა განსაკუთრებით, დაიწყო თუ არა ამ წელს მყვირალობა, დღისით და ღამით ბღაოდა ბედშავი, საჭმელს პირს არ აკარებდა, ბოლოს წყლის სმაც აღიკვეთა, ჩვენ შეგვეშინდა, ვაითუ მოკვდესო დარდისაგან. მერმე ეს იყო, მონადირეებს უბრძანა მამამ, თოკით წაეყვანათ მთაში, მჟავე წყალი მოსვასო ეგების.
როგორც კი მთები დაინახა, შემზარავი ყვირილი ასტეხა თურმე, მჟავე წყალს დაეწაფა და, მოიკლა თუ არა წყურვილი, ერთი გადაბღავლა მთებს, ყურები დასცქვიტა, და გადაეშვა ქარაფიდან\\\”.
\\\”მონადირეები?\\\”
იკითხა გიორგიმ.
\\\”ერთმა ხელის გაშვება მოასწრო, ხოლო მეორე, დიდოელი არ მოეშვა, თან გადაჰყვა უფსკრულში\\\”.
\\\”ასე ძნელია თავისუფლების დათმობა\\\”, ეუბნება გიორგი და ჯიქურად შესცქერის თვალებში ქალს.
თუ ნადირობო?
შეეკითხა გიორგი.
\\\”როგორ არა\\\”.
\\\”რაზე?\\\”
\\\”ჯეირანზე, შველზე\\\”.
\\\”ირემი თუ მოგიკლავს?\\\”
\\\”ირემი ჯერ არ მომიკლავს\\\”.
\\\”მარტო დადიხარ მთებში?\\\”
\\\”არა, მამასთან, როცა მამას არა სცალია, არსაკიძესთან\\\”.
\\\”არსაკიძე ვინღაა?\\\”
\\\”ჩემი ძუძუმტეა\\\”.
ღვინისაგან ლოყები შეეფაკლა გიორგის, ცხენით ნამგზავრი მიეძალა ირმის ცურს (ირმის ცურის მწვადი უყვარდა განსაკუთრებით მას). შორენა ისე ბრწყინავდა, გიორგი უდიდეს ბედნიერებას განიცდიდა მის სიახლოვეს. ამ წუთში მას ერჩივნა, უბრალო აზნაური ყოფილიყო და არა მეფე. მალემსრბოლი უშიშარაისძე მართლაც შეეპყრო რომელიმე ხევისთავს და ზვიადი მართლაც წასულიყო ლაშქრითურთ პანკისს.
სწორედ ამ წუთში მეორედ წარგზავნილი მალემსრბოლი შემოიყვანეს, ჯიქურ წამოვიდა მეფისაკენ.
გიორგის გაუხარდა, – ალბათ ნანატრ ამბავს მომახსენებსო მალემსრბოლი, უშიშარაისძეს ჩაუსწრებდაო იგი.
თავმოდრეკილი მიეახლა მალემსრბოლი და მოახსენა: ზვიადი გეახლებათო ახლავე.
მეფე აიმღვრა, მაგრამ მღელვარება მყისვე დაიოკა.
კოლონკელიძე სუფრის ბოლოს იჯდა, ზვიადის ხსენებაზე უსიამო ჟრუანტელმა დაუარა.
გაოცდა თანაც: აკი პანკისს უნდა წასულიყო ზვიადი?
ეს გაიფიქრა ერისთავმა და ოცდაათი შუბოსანის თანხლებით შემოვიდა ზვიადი დარბაზში.
არც ეს ეპრიანა კოლონკელიძეს, ზვიადს დიახაც მართებდა ხმლიანად ხლება მეფისა, მაგრამ ჯერ არსად სმენოდა თალაგვას, საჭურვლიანი რაინდები შემოსულიყვნენ იმ დარბაზში სადაც მეფე იმყოფებოდა.
ამაზე უარესიც მოხდა ამ წუთში.
თოროსნები კარებთან შესდგნენ, ხოლო ზვიადი მეფეს როდი ეახლა, ჯიქურ წამოვიდა მასპინძლისაკენ, უსალმოდ თავზე დაადგა და მტკიცედ, აუღელვებლად ამცნო:
აფხაზთა და ქართველთა მეფეთ მეფის გიორგის სახელით გიბრძანებ: ციხის კლიტენი ჩამაბარეო.
გიორგიმ თავი ჩაღუნა.
კოლონკელიძემ ერთი გახედა მის პირდაპირ მჯდარ მეფეს გაშრა, გაფითრდა, ისევ გაწითლდა და წამოდგომა დააპირა, მაგრამ თავისი ბანჯგვლიანი მარჯვენა ისე მაგრად დაედო მის მხარზე ზვიადს, ადგილიდან ვერ დაიძრა კოლონკელიძე.
წამოცვივდნენ ფხოველი რაინდები, კარებს მისცვივდნენ ხევისთავები, მაგრამ ზვიადის მონასპათ გზა მოუჭრეს უიარაღოთ.
შორენამ შეცხადებულივით იკივლა, მიეჭრა უკვე ზეამდგარ მეფეს:
მე მაპატიეო მამა.
როცა მოღუშულ, მდუმარე სახეზე თანაგრძნობის ნატამალიც ვერ ჰპოვა, მუხლი მოეკეცა და გიორგის ფერხთით დაეცა ატირებული.
მეფე დასწვდა, ბალღივით აიყვანა იგი ხელში და ნატებით მორთულ ტახტზე დაასვენა გულშემოყრილი.
გამობრუნდა მეფე და დარბაზიდან აპირებდა გასვლას, ახლა გურანდუხტი მივარდა ღაწვებდახოკილი, მუხლზე მოეხვია მეფეს:
ნუ დამიქცევ ოჯახს, ამჯერადაც შეუნდე თალაგვას.
გვიმსახურეო მე და ჩემი უბედური თანამეცხედრე, ჩემი ერთადერთი შვილი.
სამოსის კალთებს უკოცნიდა, ეხვეოდა მუხლებზე.
მეფემ წამოაყენა ერისთავის მეუღლე, თავაზიანად შეაშვებინა სამოსის კალთისათვის ხელი, მშრალად, უგულოდ უთხრა:
ომში სპასალარია მბრძანებელი, მე არას მკითხავსო ზვიადი.
ზვიადის შუბოსნებმა შეჰკრეს კოლონკელიძე, მისი სახლთუხუცესი, სამი ხევისთავი და შვიდივე ხევისბერი.
ამასობაში ციხის ტალანებში, მთავარი ციხისა და გოდოლების ჩარდახებზე ხელჩართული ბრძოლა მიდიოდა.
ციხის ეზოში სცვიოდნენ მეომრების ცხედრები, ბღაოდა დამფრთხალი ირმის ჯოგი, ილეწებოდა კარები, ჟრიალებდნენ ფარები, კვნესოდნენ, ხვნეშოდნენ დაჭრილი მეომრები, ყვიროდნენ ჩარდახებიდან გადაყრილი მხედრები, ჭიხვინებდნენ ცხენები, ტალანებში დაშლიგინებდნენ მემაშხალენი და სწორედ მემაშხალეებზე გაიმართა ნამდვილი ნადირობა, ყველას ეს უნდოდა, როგორმე მაშხალა ჩაეგდო ხელში, მტერი და მოყვარე გაერჩიათ ურთიერთისაგან.
გათენებამდის გრძელდებოდა ასეთი უთავჟამო აურზაური, არავინ იცოდა, ვის დარჩებოდა კვეტარის ციხე და მისი გოდოლები დილით!
ვიდრე მარიხი ჩაჰქრებოდა ცაზე, მემაშხალენი დახოცეს სრულიად, მაშხალები აღარსად იყო, ბნელში დარჩენილი მეომრები აიტუზნენ კედლებზე და შესწყდა ომი.
ინათლა თუ არა, ქოსსა ჰკრეს კვეტარის ციხეში:
საყვირები სცეს გარს მომდგარმა ჯარებმა, ციხეში მომწყვდეულმა სამასმა ტაოელმა ნაშუადღევს ძლივს აიღო პირველი საბრძოლო გოდოლი.
ციხისთავი შეიპყრეს და ჩარდახიდან გადმოაგდეს.
ზვიადის ლაშქარმა და მეფის სპათა ათასეულმა სამივე გოდოლი შელეწეს სამხრობამდის.
ნასამხრალზე ციხის ეზოში ოთხი მარგილი დაარჭვეს, ცეცხლი აანთეს იქვე. სამმა მონასპამ დილეგიდან გამოიყვანა ნაგვემი ერისთავი კოლონკელიძე და მარგილებზე ხელ-ფეხით მიაკრა.
მერმე მოვიდა ტფილისელი ჯალათი საღირა, წვერგაბურძგვნილი, ცალთვალა კაცი, რომელსაც მარღია კამეჩს მიუგავდა
ის ერთადერთი თვალი და სახე ნახანჯლარებით დაჩეხილი ჰქონდა სავსებით.
ამოიღო საღირამ ჯიბიდან ორი რგვალი ფირფიტა რკინისა, ადამიანის თვალზე უფრო ფართე ოდნავ, ორ შამფურზე წამოაცვა ორივენი, გაჩაღებულ ცეცხლში შესდო და აუღელვებლად უცდიდა მათ გახურებას. მერმე გამოიღო კვლავ და ასევე მშვიდად მიადო სათითაოდ ორივე თვალზე ხელფეხგაკოჭილ კოლონკელიძეს.
გასაოცარი მამაცობა გამოიჩინა კვეტარის ერისთავმა, მან ერთხელ დაახველა მხოლოდ.
შიშხინებდა დავსილი თვალები, სისხლნარევი, გამურული სითხე წურწურით ჩამოსდიოდა სახეაღგზნებულ კოლონკელიძეს გაჟღალებულ წვერზე.
როცა ორივე თვალის სისველე ამოაშრო საღირამ, ხელი შეუშვა, გააცივა რკინის ფირფიტები, მზრუნველი ხელით შეჰხვია ორივენი ჩვრებში და ჯიბეში ჩაიდო ისევე.
ერთ წუთში საოცრად დაუსივდა და გამოეცვალა კოლონკელიძეს სახე. იგი უკვე აღარ ჰგავდა თაფლისფერთვალება ერისთავს კვეტარისას.
ზვიადმა ბრძანა და დააქციეს ოთხივე გოდოლის ზღუდენი.
მეფემ ერთადერთი სათხოვარი შეუსრულა გურანდუხტს: მთავარი ციხე დაურღვეველი დასტოვეს, რათა თვალებდაბნელებულ კოლონკელიძეს და მის თანამეცხედრეს იქ დაელიათ სიცოცხლის დღენი.
გადასწყდა: შორენა წამოეყვანათ ტყვედ, რათა არავინ ჩაესიძებინა კოლონკელიძეს და შურისგებას არ გამოდგომოდა. ათი შიმუნვარი გამოატანა შორენას დედამ და ვარდისახარ პირისფარეში მისი.
ხელები გაუკრეს კონსტანტინე არსაკიძეს, შორენას ძუძუმტეს, რომელიც პირველად მივიდა კვეტარის ციხეში მეფის სპათა შემოსვლის მაცნედ. სამასიოდე მონასპა წაიყვანეს ტყვედ.
ათი შიმუნვარი გამოაყოლეს შორენას, მთელი საგანძური კვეტარის ერისთავისა და ირმის ჯოგი. მხოლოდ ერთი მეწველი ირემი დაუტოვეს გურანდუხტს.

* * *

შავლეგ ტოხაისძეს იმედები გაუცრუვდა. მას აგრე ეგონა: კოლონკელიძე ჭკუას იხმარდა, ციხეში შეიტყუებდა მეფეს და ზვიადს, თვალებს დასთხრიდა ორივეს, შემდგომ ამისა საერთო ძალით გაჟლეტდნენ მეფის ლაშქარს.
ახლა თავათ ქენჯნიდა თავის თავს: რად არ მოვწამლეო მეფე ქორსატეველას ციხეში საუზმობის დროს?
მოწამლული ღვინო მზად ჰქონდა, მაგრამ გამბედაობამ უღალატა, რადგან ერჩია სხვისი ხელით მოგლეჯა ნარისა.
დიდ აღმართში მოსართავი გაუწყდა მამამზეს, ლაშქარს ჩამორჩნენ მამამზე და ტოხაისძე.
ვიდრე მეჯინიბე მოსართავს გამოცვლიდა, შავლეგმა იდროვა და უჩურჩულა: მეფე და ზვიადი მივიწვიოთო ქორსატეველას ციხეში.
ჭენებით დაეწიენ მეფის ამალას.
ხელახლა მოიპატიჟა მამამზემ გიორგი, ეს ღამე ჩვენსას გაათენეო, ზვიადსაც იგივე სთხოვა.
სპასალარიც ფრიად მოქანცული იყო, თავდაპირველად იგი დაეთანხმა, მაგრამ ოჩანის ნაციხარს რა მიაღწიეს, გუნება შეეცვალათ მიპატიჟებულთ, მადლობა მოახსენეს და მოკლეებით გასწიეს უფლისციხისაკენ.
მცხეთაში მისვლისთანავე ირმის ჯოგი სასახლის ეზოში დააბინავეს, შორენა და მისი შიმუნვარები ჩაჰკეტეს ღართისკარის ციხეში, ხოლო კონსტანტინე არსაკიძეს ერთი საკანი მიუჩინეს მთავართა სანათლოის უბანში, ძველი ბაზილიკის ნანგრევებს გადაღმა, სადაც ფარსმან სპარსი ცხოვრობდა მაშინ.

XIX

გიორგი პირველს თორმეტი წლისას დაადგეს სამეფო გვირგვინი თავზე, სათამაშოების ნაცვლად სკიპტრა შეაჩეჩეს ხელში.
ადრიან სიყრმეშივე შეება იგი ბიზანტიის კეისარს პირველად. ბასიანის ომიდან უვნებლად გამობრუნებულმა კათალიკოსი მიუგზავნა ბასილის, ზავის პირობა მისცა, \\\”მის ნოხს დაადგა ფეხი\\\”, როგორც იმჟამინდელ ბიზანტიაში იტყოდნენ ხოლმე.
როგორც გიორგი მეფეს, ისე ბიზანტიის კეისარს მუდმივი ომი ჰქონდათ დიდგვაროვან აზნაურებთან. პატრიციუსი ქსიფე გადაუდგა ბასილის და ნიკიფორე კისერმოქცეულს დაუკავშირდა, ბარდა ფოკას ძეს. გიორგიმ დრო იხელთა, აჯანყებულებთან მოლაპარაკება დაიწყო, თანადგომა აღუთქვა კეისრის წინააღმდეგ ბრძოლაში.
განდგომილი ფოკა და ქსიფე ურთიერთს წაეკიდნენ, ფოკა მოჰკლეს, თავი მისი კეისარს მიართვა შერიგების გუნებაზე დამდგარმა ქსიფემ.
ბასილიმ მოღალატის თავი გიორგი მეფეს გამოუგზავნა ძღვნად, ამგვარად ამცნო: არ გენდობიო ფიცის გამტეხელს.
უხტიკესთან სასტიკად დაამარცხა კეისარი მეფემ, წარჩინებული სტრატიგები და კატეპანები ბრძოლის ველზე დასტოვეს ბიზანტიელებმა, რამდენიმე ათასი სტრატიოტი დაჰკარგეს.
დიდძალი აბჯრის ალაფა ჩაუვარდა ქართულ ჯარს ხელში, ფარანგები, აქლემები, ჯორები, ლოდსატყორცნები და ციხეთა მმუსვრელი ტარანტები. დამარცხებული უკუიქცა მაკედონელი ბარბაროსი.
ვასპურაკანის პროვინციის მმართველმა, კომნინმა, სარკინოზებთან შეტაკების წინადღეს ერთგულების ფიცი ჩამოართვა თავის ჯარს, ან გაემარჯვათ, ან თავის სტრატიგთან ერთად მომკვდარიყო ყველა მონასპა.
მსტოვარებმა დააბეზღეს სტრატიგი კომნინი, გიორგი აფხაზთა და ქართველთა მეფესთან იყოო შეთქმული, იმპერატორობას მიელტვოდაო.
კომნინი შეაპყრობინა ბასილიმ, თვალები დაუბნელა, თვალები დასწვეს მასთან ერთად შვიდ პატრიციუსს.
შემდგომ ამისა მსტოვარებს ამბავი მოჰქონდათ გიორგი მეფესთან, ახალი ომისათვის ემზადებაო კეისარი, ხმელეთიდან და ზღვიდან შემოტევას აპირებს, საომარ ხომალდებსა და დრომონებს აგებსო სასწრაფოდ.
კეისრის წინააღმდეგ ბრძოლის ჟინმა და საქართველოსთვის წართმეული პროვინციების დაბრუნების წადილმა ბიზანტიასთან სჯულის ერთიანობა გადაავიწყა გიორგის, ახლა ალჰაქიმთან გამართა მიწერ-მოწერა მეფემ.
ალ-ჰაქიმი 11 წლისა ავიდა ხალიფის ტახტზე. მან გაუგონარი სისასტიკით გაითქვა სახელი ქრისტიანების უწყალოდ მმუსვრელმან.
სავსებით გახელებული და დაუდგრომელი ბუნების კაცი იყო ხალიფი.
ხან ბრწყინვალე ამალითურთ დაჯირითობდა ხალხით სავსე მოედნებზე, ხანაც \\\”ღმერთის გამოცხადებას\\\” მოწყურებული დაეხეტებოდა მუკატტამის უკაცრიელ მთებში, მისტიური ჰალიუცინაციები აწვალებდა ბნედიანს.
ხან ათი ათასებს მოასრევინებდა ჯალათებს, ხანაც მეფურ სამრჭლეთა გასცემდა უხვად. თავის ქვეშევრდომების მიერ ღვთაებად აღიარებას მიელტვოდა და მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, როცა დრუზების სექტამ \\\”ღმერთად\\\” გამოაცხადა იგი.
ფატიმიდების დინასტიის ვარსკვლავი ამოდიოდა. აღორძინებული ისლამი ბიზანტიის სამანებს აწყდებოდა, ალ-ჰაქიმი გააფთრებული მუსრავდა ქრისტიანებსა და ებრაელებს, დაუცხრომლად ებრძოდა იმ \\\”ძაღლს\\\”, ბასილი კეისარს.
კეისარმა დავით კურაპალატი დალაშქრა 988 წელს, შემდგომ ამისა ანტიოქიაში წარგზავნა დომესტიკი დიდძალი ჯარით.
ალ-ჰაქიმმა რელიგიური ომი გამოაცხადა ქრისტიანეთა წინააღმდეგ, ამას მოჰყვა იერუსალიმის ტაძრის დანგრევა, მონასტრებისა და ეკლესიების გადაბუგვა სინას მთაზე, ანტიოქიასა და ეგვიპტეში.
მელქისედეკ კათალიკოსს, დიახაც, არ მოსწონდა გიორგი მეფის დაკავშირება სარკინოზების ხალიფასთან, არცთუ ბიზანტიის სამტრო პოლიტიკას იზიარებდა იგი.
მელქისედეკი გარეგნულად ექვემდებარებოდა გიორგის, მაგრამ ქრისტეს მოსაყდრეს ურყევად სჯეროდა, რომ \\\”მეფე ქვეყანასა ზედა ხელმწიფეა, ხოლო ქრისტე – ზეცისა, ქვეყნისა და ქვესკნელისა\\\”.
ქართული ლაშქრის მიერ ოლთისის ეკლესიის შემთხვევით გადაწვას ყოველ წელს ხელახლა შეახსენებდა ხოლმე კათალიკოსი მეფეს, ხან მის \\\”ურწმუნოებას\\\” აბრალებდა იგი ამას, ხანაც ალ-ჰაქიმის \\\”წარმწყმედელ ზეგავლენას\\\”.
ოლთისის ეკლესიის ნაცვლად სამი საყდარი ააგებინა კათალიკოსმა გიორგის სამცხეში, ერთი მათგანი მეხმა დააქცია, ორიც მიწისძვრამ იმსხვერპლა ზედიზედ.
მიწისძვრამ დააქცია იმავე წლის აღდგომის დღეს სვეტიცხოველის ტაძარიც, აბულ-ყასიმის მიერ იავარქმნილი პირველად.
ახლა ეს ეწადა მელქისედეკს: ოლთისის ეკლესიის სამაგიეროდ სვეტიცხოველის აგების ხარჯები ეკისრნა გიორგის.
ბოლოს დაითანხმა მეფე, სამნაირი გეგმა წარმოადგენინეს ხუროთმოძღვართა უხუცესს – ფარსმან სპარსს.
ფარსმანის გეგმით, ახალი სვეტიცხოველი უნდა ყოფილიყო ერთნავიანი ტაძარი, რომლის ოთხივე ფასადის რელიეფები ირანული ალეგორიებით იქნებოდა გადატვირთული – ფრთოსანი ცხენების, ძაღლების, სირაქლემების, გრიფონების ფიგურებითა.
ქართული წარმართობის გამოძახილი ცხადდებოდა კედლების ბარელიეფებში, თავაღერილ, კუდაშვერილ ხარებს ტოტემის ნიშნებით ჰქონდათ დადაღული ფერდები, ქრისტიანთა თვალის ასახვევად ამ ცხოველებს ჯვარი ჰქონდათ დადგმული რქებს შორის.
გუმბათის ფრიზებში, კარიბჭეების სიახლოვეს, პანიურად აღტყინებულ, შიშველ ფიგურებს ღვინით სავსე ყანწები ეჭირათ ხელში, ყურძნის აკიდოებით დაფარული ჰქონდათ სხეული სანახევროდ.
სარკმელების ირგვლივ შემოვლებულ როზეტებსა და ჩუქურთმებში ოსტატური მიმიკრიით ჩახლართული იყო დაწყვილებული გველების ხატებანი.
ეკლესიის შიგნით ოთხსავე კესონში თვით მეფეების, მღვდელმთავრებისა და ანგელოსების ფიგურებიდანაც გამოსჭვიოდა ჰელლინური სიშიშვლე და მშვენება ხორცისა.
სამივე გეგმა ამგვარი შინაარსისა იყო მეტ-ნაკლების სხვაობით, ამიტომაც სამივენი უარჰყო მელქისედეკმა.
ახლა კათალიკოსმა მოიხმო ბერძენი ოსტატები ბიზანტიიდან.
გიორგის დაკვირვებულმა თვალმა მყისვე შენიშნა, რომ ამ გეგმების მიღება მოასწავებდა მიბრუნებას იმ ზეგავლენისაკენ, რომელიც ქართულ ხუროთმოძღვრებას ორი საუკუნით ადრე დაძლეული ჰქონდა უკვე.
უდაბნო იცქირებოდა კესონეში მოთავსებულ მღვდელმთავრების ფრესკებიდან. განკითხვის დღისა და ჯოჯოხეთის ხატებანი შეიცავდნენ საშინელ მუქარას ყოველივე ადამიანური ვნებების მიმართ
გუმბათის თაღიდან ამას ყოველივეს გადმოსცქეროდა ნამსჭვალიანი, ხორცდაშრეტილი ნაზარეველი.
ყველაზე მეტად ერთმა ფრესკამ აღაშფოთა გიორგი მეფე. შარავანდიანი ბასილი კეისარი კლიტეებს აბარებდა აღმოსავლეთის მოსაქცევად წარგზავნილ წმ. მამებს. ბასილი კეისარი, რომელსაც \\\”ძაღლს\\\” უწოდებდნენ არა მარტო სარკინოზები, არამედ ქართველები, სომხები და ბულგარელებიც.
ამ ფრესკის დანახვისას ბრაზისაგან გახელდა გიორგი, მაგრამ მოხუცებულ კათალიკოსს ვერაფერი შეჰკადრა, ადგა და გავიდა დარბაზიდან უხმოდ.
ახლა სხვა ოსტატების ძებნას შეუდგა კათალიკოსი და სწორედ ამ დროს დაიწყო ფხოველთა ამბოხი.

* * *

ძელიცხოველის მიერ ჭიაბერის მოკვლამ გიორგიც დააფიქრა და შეაშფოთა. მეფემ თავის თვალწინ მოაწამვლინა ხის ჯვარი ფარსმანს, მაგრამ რაკი ერთი და იმავე ჯვარის ამორმა ჭიაბერი მოჰკლა და კოლონკელიძეს არ ავნო, ამან დააეჭვა გიორგიც.
ვაითუ ფარსმანის წამალს არც კი ემოქმედნოს და მართლაც მოეკლასო ძელიცხოველს ჭიაბერი.
ცხადია, ჯვარის მოწამვლის ამბავი კათალიკოსისათვის არ გაუმხელია გიორგის, ამიტომაც ვეღარც ისა ჰკითხა მას, თუ ჭიაბერი სად ემთხვია ჯვარს, ან კოლონკელიძე სად ეამბორა.
ამას ერთი უცნაური ამბავიც დაერთო კიდევ: მცხეთის სასახლეში დავით კურაპალატისეული ხატი ჰქონდა გიორგი მეფეს ერთი, წმ. გიორგის ხატი ვერცხლნაქანდაკევი. ეს წმ. გიორგი უშველებელი ჯაჭვით ჰყავდა საწოლის დარბაზში დაბმული, რადგან ოდითგანვე ასეთი გადმოცემა არსებობდა აფხაზთა მეფეების ოჯახებში:
ეს ხატი თუ ჯაჭვით არ დააბა პატრონმა, მოიხსნება და წავაო სადმე. ასე ჰყოლია თურმე დაბმული იგი თვით დავით კურაპალატს უფლისციხეში, ხოლო ბაგრატ III-ს – ქუთაისის სასახლეში.
ფხოველთა ამბოხების დაწყებამდისაც მელქისედეკსა და ეზოსმოძღვარს ფრიად აწუხებდათ ერთი რამ: ისინი ჰხედავდნენ გიორგი მეფე უფრო და უფრო გულგრილი ხდებოდა სარწმუნოების მიმართ.
ყოველივე ამას ფარსმანს აბრალებდნენ ისინი. ფანასკერტელის ქალის საქმემ საბოლოოდ გადააწყვეტინა კათალიკოსს: ფარსმანი უნდა გაეგდო მცხეთიდან როგორმე, საამისოდ უმთავრესი იყო: სარწმუნოებაში განმტკიცება გიორგი მეფისა.
სწორედ იმ დღეებში, როცა ავადმყოფი მელქისედეკი მცხეთას მიბრუნდა, დედოფალი აფხაზეთს წავიდა, ხოლო მეფე კვეტარის ერისთავის დასალაშქრავად გაემგზავრა, ეზოსმოძღვარმა ბნელი ღამე შეარჩია, მეფის საწოლ დარბაზში შეიპარა, ბოქლომი დაამსხვრია, ჯაჭვი ახსნა, წმ. გიორგის ხატი მოიპარა და ნოკორნას მონასტერში ჩაუტანა დაყუდებულ ბერს – ევდემონს.
დაანამუსა თანაც, მხოლოდ ერთი თვის შემდეგ განეცხადებინა: ხატი თავათ ჩამოვიდაო ნოკორნაში.
ეზოსმოძღვარი არც მოსტყუვდა თავის ვარაუდში: კვეტარიდან დაბრუნებულ მეფეს შიშის ზარი დასცა წმ. გიორგის სასახლიდან \\\”გაპარვამ\\\”.
ეზოსმოძღვარი ახმობინა მსახურთუხუცესს მყისვე, საწოლის დარბაზში ჩაიკეტა და მთელი ღამე აკითხვინებდა ფსალმუნს.
მალე კათალიკოსიც გამომჯობინდა.
მელქისედეკმა როგორც კი შენიშნა კვლავ მიუბრუნდაო სარწმუნოებას გიორგი, ეზოსმოძღვარს უბრძანა: დაბადება უკითხეო მეფეს, განსაკუთრებით დანიელი, თავი მეოთხე, სადაც მოთხრობილია, თუ როგორ დასაჯა ნაბუქოდონოსორ ბაბილონის მეფე იერუსალიმის ტაძრის შემუსვრისათვის ღმერთმა.
შემდგომ ამისა თავათ მიჰყო ხელი შეგონებას მელქისედეკმა. არწმუნებდა, თუ სვეტიცხოველს ამაგებინებ, მოგიტევებსო \\\”ოლთისში ჩადენილ მკრეხელობას უფალი\\\”.
იმჟამად გიორგის მთელი გულისყური ციხეების შეკეთებისაკენ იყო მიქცეული.
თმოგვის ციხე დაანგრია მიწისძვრამ. შესაკეთებელი იყო ციხე კლდეკარისა, ქანდაციხე, ბერციხე, ციხე-ბოდოკი, ციხე-კაბერი, ქოლოთკვირი და აწყვერი, ოძრახეს ციხე-ქალაქი და მგელციხე.
განსაკუთრებით საშურო იყო: ანაკერტის, ფანასკერტის, ბოლოციხის, კუმურლუხის და თუხარისის ციხეების შეკეთება, რადგან ბასილი კეისარი ყველაზე ადრე სამცხისა და ტაოს სიმაგრეებს მოადგებოდა.
გარდა ამისა, ნაალაფავ ლოდსატყორცნებისა და ტარანტების შეკეთებასა და მათი ბადალების გაკეთებას ჰპირდებოდა ფარსმანი გიორგის, საამისოდ დიდძალი ოქრო სჭირდებოდა მეფეს.
ბოლოს იმდენი უჩიჩინეს მას, რომ ხარჯებისა და მონების მიცემას დაჰპირდა გიორგი კათალიკოსს, ეს კიდევ ცოტაა, უცნაურად აეკვიატა მეფეს ოლთისში გადამწვარი ეკლესიის ჩვენება.
და ეს ამბავი დაიწყო ასე.

XX

ადრე დააწვა გიორგის ჭაბუკურ მხრებს ომებსა და აჯანყებებში დანთხეული სისხლის კოშმარი.
ცნობილია, ვისაც სიყრმეში არ გაუხარნია, ვისაც ბავშვობაში სიჭაბუკე წამოსწევია, ხოლო სიჭაბუკეში – შუაკაცობის ტვირთი, მას მარადჟამს თან დაჰყვება გაცდენილი სიყრმისა და სიჭაბუკის დარდი.
ასეთნი მუდამ ჰკარგავენ წონასწორობას და ყოველთვის იმის ცდაში არიან, გვიან მაინც შეივსონ ეს დანაკლისი როგორმე.
მელანქოლია შეეყარა გიორგის, კაცმძულვარება შეეპარა მის გულს, ადრე მოსწყინდა მეფეს დარბაზობის გრძელი ცერემონიები და ხელმწიფის კარის გარიგების სასტიკი ეთიკეტი.
ჯერ მზრდელის, შემდეგ მარიამ დედოფლისა და მელქისედეკ კათალიკოსის მოსაწყენი შეგონებანი:
მეფე ხარ და ხამს…
მეფე ხარ და გმართებს…
მეფე ხარ და გევალება…
ასეთ წუთებში მეფედ არყოფნას ნატრობდა გიორგი.
როგორც კი შემოუტევდა უგუნებობა, აიყვანდა მალემსრბოლს უშიშარაისძეს და სეფე მეაბჯრეთაგანს ერთს, გავიდოდა მცხეთიდან, საფურცლეს გადაღმა, რომელიმე მუხის ქვეშ მიუგდებდა მონასპათ ცხენს, იხეტიალებდა ველად, მუხის გარშემო წრეს უვლიდა, უვლიდა წრეს და ბუნებაში განმარტოებული ეძიებდა მოოხებას გულისას.
წელიწადში ორჯერ, ირმის მყვირალობასა და წეროთა გადაფრენის თვეებში, ინით წვერს შეიღებავდა გიორგი, სელის სამოსელსა და სამოგვის წაღებს ჩაიცვამდა, აიყოლიებდა მდაბიორებს: მეხამლეს – დრუისძეს ქიტესას, მეჯინიბეს – გაბრიელ კოხრიჭისძეს, ბაზიერს – ესტატე ლომაისძეს, თავათ მეფე გლახუნა ავშანისძეს დაირქმევდა ხუმრობით.
მთელი კვირა გადაიკარგებოდნენ სიყრმის მეგობრები, ნადირობდნენ ნარეკვავის ტყეებსა და არაგვის ჭალებში.
საწოლის დარბაზის ბუმბულს მეცხვარეებთან ღამის თევას არჩევდა, მირთმეულ ირმის ცურს – სახელდახელოდ ტყეში შემწვარ მწვადებს.
მხოლოდ ასეთ წუთებში სჯეროდა გიორგის, რომ ეს ქვეყანა მარტოოდე საომრად არა ყოფილაო გაჩენილი.
იმ დროს ტევრები იწყებოდა ჯერ კიდევ ღართისკარის ციხესთან, შეუვალი ტყეებით იყო დაბურული საფურცლისა და მისაქციერის სანახები.
ნარეკვავის ხევის გაღმა-გამოღმა ჭოჭი იყო თვალშეუვლები, ბატებით, წეროებითა და ჭყიამპოთი სავსე.
როცა მთის ყურეში სადმე დაისვენებდნენ დაქანცული მონადირეები, ქიტესა ტიკს გადმოიღებდა და მოზვრის ყანწს გაავსებდა ღვინით, მხოლოდ ამ ყანწის გამოცლისას არ გაუვლიდა გიორგის სიყრმიდანვე თანდაყოლილი ფიქრი: მოწამლული არ იყოსო
ღვინო?
არც კარისკაცთა უტიფარი ლიქნა აწუხებდა ამ ტყეებში, არც მკვლელი უდარაჯებდა სადმე, არცთუ მომჩივანი ადიოდა
მის დანახვისას ხეზე.
სამი ღამე ათიეს ერთ წიფლის ქვეშ დანთებული ცეცხლის პირად. წეროების გადაფრენა ჯერ კიდევ არ იყო დაწყებული.
მხოლოდ კანტიკუნტად გაისმოდა გარიჟრაჟზე მარტოხელა წეროს ყივილი. ღაღანებდნფნ ჭაობის ბატები, ტყის ინდოურები სძოვდნენ ჯეჯილებს, ჭილყვავები უხმობდნენ მთებიდან გადმომდგარ ზამთარს.
უთენია ადგნენ. ინათლა თუ არა, წეროების ყივილმა შესძრა მონადირეთა გულები. დიდი გუნდი დაჯდა ნამუხვართან, ჩაუნისკარტეს შლამს.
სამ-სამი დახოცეს თითოთა. მზე შუბის ტარზე იდგა, როცა მოშივდათ კვლავ.
\\\”გლახუნავ, დღეს შენი ჯერია, გაიქე, ბატი ჩამოაგდე ერთი, მე და ქიტესა შამფურებს დავთლით, ფიჩხს მოვიტანთ, ესტატე ცეცხლს გააჩაღებს\\\”, ეუბნება გაბოი გიორგის, \\\”ოღონდ შორს არ წახვიდე, ამ იფნის ქვეშ დაგელოდებით\\\”.
გიორგი დაემორჩილა უფროსი მონადირის ბრძანებას. მიჰყვა მხარმარცხნით ჭაობებს.
მარტო შთენილს კვლავ შემოესია უსიამო ფიქრები, მიდის ჭალაში და მოუნდა ისევ წრის გარშემო ტრიალი. ბატების მთელი გუნდი აუფრინდა ცხვირწინ. ესროლა და დააცდინა.
ახალმა და ახალმა გუნდმა ბატებისამ ტყის სიღრმეში შეიტყუა. ყაყანით დგებოდნენ ისინი, გაისმოდა იხვებისა და ბატების გნიასი, ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა გიორგის, თითქოს იგინიც დასცინიანო მონადირეს ხელმოცარულს.
უკვე მობრუნებას აპირებს, მაგრამ რცხვენია თანატოლებისა.
მეხრე შემოხვდა ერთი ტალახში ამოგანგლული, გზა ჰკითხა.
ჭაობი გადალახა, იფნის ძირისაკენ აპირებდა შემობრუნებას, ცხვირწინ აუფრინდა მშვენიერი წერო, დურაჯისფერი ფრთები ჰქონდა, მიხაკისფერი მკერდი, მწყრისფერი ზოლებით მოხატული კისერი.
ესროლა ლელიანში ჩამჯდარს, მძიმედ ადგა წერო, ჭოჭში დაეცა მის თვალწინ, მიეახლა მონადირე, ისრის მონაცვლებას აპირებდა, ცალი ფეხით სკუპ, სკუპ, ლაქაშებში გაუჩინარდა, მერმე ადგა ისევე და გადაფრინდა შორს.
გამოუდგა გიორგი, ასეთი წერო განსაკუთრებით უყვარდა მას. დაუზოგავად მიტოპავდა ჭაობებში, მიარღვევდა წელამდის მოწვდენილ ლაქაშს, გაფრთხილებული ფრინველი ისევ გადაინაცვლებდა ადგილს.
როცა ისარი მიაწია, როგორც იქნა, და წერო დაიკიდა ქამარზე, მიიხედ-მოიხედა, ეუცნაურა გარემო. თვალუწვდენელი ლაქაშები იყო ირგვლივ, ლაქაშები, ჯაგები და ღიჭიანი.
ისრები შემოელია.
გარეული ტახები დაშლიგინებდნენ ლაქაშებში, მშველი დაფრთხა მის თვალწინ, ისკუპა, ლელიანში გადაეშვა და მოუსვა საშინელის სისწრაფით.
შესდგა ბორცვზე გიორგი, ხედავს ლაქაშში ჩაფლული გამალებული გარბის მშველი, მხოლოდ ყურები მოუჩანს და ასე ეგონება კაცს, მშველი კი არა, რომელიღაც ფრინველი მიფრინავსო ლაქაშების ზედაპირზე.
ტბას წააწყდა გიორგი ვარხვებით, ბატებით და წეროებით გავსილს, აფრინდნენ საშინელი გნიასით ტყიერნი, მეხის ღრუბელივით დააბნელეს ცა.
და როცა წეროების გუნდს თვალი მიაყოლა ჩრდილოსაკენ გაფრენილს, ხედავს: კავკასიონის წოწოლა მწვერვალზე ცეცხლშემოგზნებული ეკლესია აღმართულა, გუმბათამდის მისწვდენია ხანძარი.
შეძრწუნდა გიორგი, მუხლი მოეჭრა, საფეთქლებიდან ოფლი გამოსდიოდა.
თვალს მოიფშვნეტს, კვლავ გასცქერის მთას, ლაპლაპებს ცათამწვდენი კოცონი, იწვის \\\”უფლის სახლი\\\”, ისევე, როგორც იმ საღამოს ოლთისში.
პირჯვარი გადაიწერა, თვალები დახუჭა, სამხრეთისაკენ შემოიქცა, მაგრამ აღარ იცის, საით წავიდეს. ეუცხოვა გარემო ანაზდად.
ჰაუო, დაიძახა, არც მეხრე გამოეხმაურა საიდანმე, აღარც მონადირე სჩანს შემთხვევით გამვლელი.
მიჰყვება შეძრწუნებული გიორგი ღიჭიანით დაბარდული ჭაობების კიდეს.
და ეჩვენება, ქცეულიყოს თითქოს ნაბუქოდონოსორ ბაბილონის მეფედ, რომელიც კაცთაგან განიდევნა და თივასა სჭამდა, ვითარცა ზროხა, ცვარისაგან შეიღება სხეული მისი, თმანი მისნი, ვითარცა ლომთანი გახდიდდეს, ფრჩხილნი ვითარცა ლომთანი ექცეს იერუსალიმის შემმუსვრელს.
ნასამხრალზე ძლივს მიაღწია იფნის ძირად სამოსდაფხრეწილმა და ლაფში ამოსვრილმა გიორგიმ. ბირკას მოეცვა თმა-წვერი, ლოყები დაეკაწრა ღიჭიანს.
ეუცნაურა მონადირეებს ფერნამკრთალობა მეფისა, ბალღობის შემდეგ არ ენახათ ასე შემკრთალი გიორგი – \\\”უშიშო, ვითარცა უხორცო\\\”.
\\\”რა მოგივიდა, გლახუნავ?\\\”
ეკითხება ესტატე.
\\\”ალი ხომ არ შემოგყრია, ჭოვ!\\\”
გიორგიმ თავი დააქნია, ჩრდილოეთისაკენ გაიხედა, ეკითხება ესტატეს:
\\\”იმ წოწოლა მთაზე ეკლესია იწვოდა წეღან, ხომ არ დაგინახავთ რომელიმე თქვენგანს?\\\”
\\\”ეკლესიაო?\\\”
ესტატეს ეუცხოვა ასეთი კითხვა.
\\\”შენ ცუდად ხომ არ გეძინა, გლახუნავ, წუხელ, მოგეჩვენებოდა ალბათ, იმ მთაზე ეკლესიას რა უნდოდა, შე კაი კაცო?\\\”
წაისაუზმეს მცირედი და აიყარნენ მონადირენი კვლავ.
გიორგიმ აიჩემა, თემშარაზე გადავიდეთ და საფურცლეში ვინადიროთო. დანარჩენებს არაგვის ჭალებში სურდათ გადასვლა.
ტყეში ღამენათევს და ჭაობებში უსაზმნოდ ნარბენს, წვივის ტკივილი განუახლდა გიორგის. იცოდა: არაგვის ჭაობებში ნადირობისას წყალში გატოპვა მოჰყვებოდა. რადგან ეს ასეა: გადმოღმა დაჰკოდავ წეროს, შესაძლოა გაღმა დაეცეს რიყეზე.
მაინც დაეთანხმა მეგობრებს.
შემოდგომის წყნარი საღამო იყო, კავკასიონის მწვერვალებს ღრუბლების უბეში შეეყოთ თავი, გახიდულიყვნენ ცასა და მყარს შორის მთები.
ნისლი დგებოდა არაგვის ჭალებიდან, ფერხთით ეფინებოდა იისფერ კორდებს.
წეროები ყელებით გადააბეს მონადირეებმა ურთიერთს და გაუდგნენ გზას. უგუნებობა შეამჩნიეს მეგობრებმა გიორგის.
ქიტესა გამოვიდა პირველად ტყიდან. არაგვს გადაჰხედა და ესა სთქვა:
გახსოვს, ჩვენს ბიჭობაში, გლახუნა, ისრით რომ დაჰკოდე იმ რიყეზე წერო? აფრინდა ის ტიალი და გადაეშვა შუაგულ არაგვში\\\”.
\\\”როგორ არ მახსოვს, ქიტესა, მახსოვს\\\”.
ნაღვლიანად მიუგო გიორგიმ და თავათაც გადახედა არაგვის ნაპირებს, თითქოს მანდ დარჩენიაო სიყრმე.
მერმე, შენ არ დაგვიჯერე, გლახუნავ, წყალში შესტოპე უჩვენოთ. ორი წერო მხრებზე გეკიდა. მიჰყევი ცურვით დაკოდილ წეროს, ორი მოკლული წაგართვა წყალმა, მისდევ და მიჰყვები, აღარ იცი, რომელს გამოუდგე.
გადავეშვით მე და გაბოი, იმ მუხნარს ქვევით წამოვეწიეთ ძლივს, მერმე ის იყო ყურებით დაგითრიეთ, წეროები წყალმა წაგვართვა.
მცხეთაში ჩამოგიყვანეთ ურმით, გამოგვიდგა მზრდელი, შეგვრისხა: უფლისწული წყალში დაგხრჩობოდათ, დაგაყრევინებდითო, თქვე ეშმაკებო, თავებს\\\”.
\\\”შენ დაგვიწყნია, ქიტესა, წეროები მე გამოვიტანე იმ დღეს\\\”, – შენიშნა, გაბრიელმა.
\\\”ორივეს გეშლებათ, – ჩაერია საუბარში ესტატე, – ის წეროები მეტივეებმა გამოიტანეს მცხეთაში\\\”.
\\\”კარგი, მამა გიცხონდებათ, ნუ ჩხუბობთ წყალწაღებულ წეროების გამო\\\”.
ამბობს გაბოი და იღიმება.
\\\”ეჰ, იმ წეროებსავით წაიღო ჩვენი სიჭაბუკე არაგვმა\\\”, – ამოიოხრა ესტატემ.
\\\”არაგვმა, თუ დრომ?\\\”
სიტყვა ჩააგდო გიორგიმ, ესტატემ არაგვს გადახედა, გიორგის ეუბნება:
\\\”დაინახე, იმ ორკუზიან გორაკზე ვიღაც ჭაბუკი ავიდა ხეზე?\\\”
გიორგი თავიდანვე ხედავდა არაგვის გადმოღმა, ორკუზიან გორაკზე, ერთი ბორცვიდან მეორეზე გადაირბინა ვიღაც კაცმა და ნეკერჩხლის ხეზე აძვრა.
შეკრთა, ალბათ მიცნო, სავედრებელი ჰქონდესო რაიმე, მერმე რომელიღაც ფრინველი დაიჭირა იმ ჭაბუკმა ხეზე, უბეში ჩაისვა, მეორე ბორცვის თხემამდის მიაღწია და იქ გაუჩინარდა.
\\\”ვინ დაინახა ის კაცი პირველად?\\\”
ეკითხება მეგობრებს გიორგი.
მეო, მიუგო ესტატემ.
\\\”საიდან გაჩნდა ის ჭაბუკი იმ გორაკზე, ან სად გაჰქრა ბოლოს?\\\”
\\\”მეც მიკვირს, არ ვიცი სწორედ\\\”.
უპასუხა ესტატემ.
განცვიფრდა გიორგი. მზე ჯერ კიდევ მაღლა იდგა, ბორცვი სავსებით შიშველი იყო, წითელ-ყვითელი სამოსი ეცვა იმ კაცსა, ბარისაკენ რომ დაძრულიყო, უთუოდ შენიშნავდნენ მონადირენი.
\\\”შენც დაინახე?.\\\”
ეკითხება გიორგი გაბოს.
\\\”მეც ვნახე\\\”.
\\\”ქიტესა, შენცა?\\\”
\\\”მეც\\\”.
შეძრწუნდნენ.
სად დაიკარგაო ის ჭაბუკი ხელსა და თვალს შორის?
ფარსმან სპარსისაგან ათასგზის სმენოდა გიორგის: გრძნეულნი მიონნი უხვდებიანო მონადირეებს ჭალებში, მშვილდისარს გაუჩხიბავენ, უღონოდ გახდიანო მოისართ.
ესტატე გულდასმით ამტკიცებდა:
მე თავათ ვნახე, ის ფრინველი როგორ შეიპყრო, მეორე ბორცვამდის მიაღწია და მიწის ნაპრალში ჩაძვრაო ალბათ.
გულადი იყო გაბოი, მაგრამ ყველაზე მეტად მას ეშინოდა გრძნეულისა. ხელი ავიღოთ სატანის ძებნაზე, პირჯვარი გადავიწეროთ, საფურცლისაკენ გავუდგეთო გზას.
ახლა მთლად უცნაური ამბავი წამოიწყო მან:
\\\”შენ ხომ გახსოვს, გლახუნა, ხერკის ციხეში რომ გამგზავნე გასულ შაბათს?\\\”
\\\”მახსოვს, როგორ არა, გაბრიელ\\\”.
\\\”ცოტა არეული მოვბრუნდი უკან, საჯინიბოში შემხვდი, რა მოგსვლიაო? მკითხე\\\”.
\\\”ეგეც მახსოვს, გაბრიელ\\\”.
\\\”მიზეზი არ მითქვამს, არა?\\\”
\\\”არა, არ გითქვამს მიზეზი\\\”.
\\\”მაშ თუ სიმხდალეს არ შემწამებ, გლახუნა, ახლა გიამბობ წვრილად. საღამო ჟამს ცხენს მოვაჭენებდი ხერკიდან. როცა ღართისკარს ერთი ეჯის მანძილზე მოეახლები, წიფლნარი არის ერთი, სავსებით მეჩხერი. ჰოდა, იმ წიფლნარის პირად ვეებერთელა მუხა დგას ერთი, შენც ხომ შეგინიშნავს ეს მუხა, გლახუნა?\\\”
\\\”შემინიშნავს, როგორ არა, გაბრიელ\\\”.
\\\”ალბათ ესეც შეგინიშნავს: ვიდრე იმ მუხამდის მიაღწევდე, ქარაფების კიდეს მოჰყვება დამრეცი გზა, ამ გზიდან დიდხანს უყურებ იმ მუხას.
სწორედ იმ ადგილამდის მივაღწიე. ვხედავ, ვხედავ და რას ვხედავ? წითელ-ყვითელით მორთული ვაჟი გამოვიდა ერთი, წითელი მამალი გამოეჩრა იღლიაში. სამჯერ შემოუარა იმ ყმაწვილმა მუხას, სამგზის აკოცა ხეს, შემდგომ ამისა თავი წააცალა მაალს, სისხლი აპკურა გარშემო მუხას, მამალი წაიღო და გაუჩინარდა ტყეში\\\”.
ყველანი გააოცა ამ ამბავმა. საფურცლისაკენ აპირებდნენ წასვლას, ახლა გიორგი გაჯიქდა:
\\\”ვაჟკაცები არა ვართ? ოთხ მონადირეს რას დაგვაკლებსო ერთი ეშმაკი?\\\”
სხვის გასამხნევებლად ამბობდა, თავათაც ეშინოდა გულში.
წეროები მოიხსნეს მხრიდან, ხეებზე დაჰკიდეს, მშვილდისრები მოიმარჯვეს, ოთხივე მხრიდან მოუარეს ბორცვს.
ყველაზე ადრე გიორგი ავიდა გორაკზე.
შენიშნა: შიშველი ბორცვის ზეთავზე მოჭრილი გვიმრა იყო მოქუჩებული. სუნთქვაშეკრული აკვირდებოდა გიორგი, მაგრამ ვერავინ ნახა გვიმრის ქვეშ. ერთი რამ შეამჩნია მონადირის მახვილმა თვალმა: ტოკავდა მიწიდან ამოშვერილი, შიშველი ჯოხი, ხტოდა და ფეთქავდა მასზე მიბმული ჩიტბატონა ჟამიდანჟამზე.
შეტოკდებოდა ჯოხი, ზეახტებოდა, შეიფრთხალებდა ჰაერში ჩიტი, კვლავ დაახტებოდა ჯოხს, კიდევ შეტოკდებოდა წნელი, დაიწყებდა ფფთქვას დაბმული ჩიტი.
ბორცვის ზეთავზე მოექცა გიორგი და ხედავს: კაცის სიმაღლე ორმოში განაბულა წითელ-ყვითელ ჩოხაში მორთული ვაჟი.
ჩოხა მისი ბირკას დაეხუნძლა, თმა გაბურძგნოდა, ბჟიტის ნაკრტენივით უსუსური წვერი მოსავდა მის ნიკაპსა და ყვრიმალებს.
როცა ოთხივე მშვილდოსანი თავზე წამოადგა, შეკრთა და გაფითრდა ორმოში მჯდომი.
\\\”ჰეი, ვინა ხარ, ჭაბუკო, მანდ?\\\”
შეეკითხა განცვიფრებული და გახარებული გიორგი, რაკი დარწმუნდა, რომ მის წინაშე ხორციელი ადამიანი იდგა და არა ეშმაკეული. მერმე დააკვირდა ამ ჭაბუკს, სახეც ეცნაურა და სამოსიც. ოღონდ ჩოფურა იყო იგი, ახლადმოხდილი უნდა ჰქონოდა ყვავილი, სვირინგები ზედ აჩნდა ჯერაც. ეს უშლიდა ხელს გამოცნობას ოდესღაც ნახული სახისას.
\\\”მეც თქვენსავით მონადირე ვარ, ვინღა ვიქნები სხვა?!\\\”
შემოესმათ პასუხი ორმოდან.
\\\”თუ მართლაც მონადირე ხარ და არა გრძნეული, მაგ ორმოში რას იმალები?\\\”
შეეკითხა ესტატე უცნობს.
\\\”ზოგი ორმოში ნადირობს, ზოგიც ტყეში, გააჩნია, ვის როგორ ეპიტნავება, ბატონო\\\”.
ესტატე ხან ჭაბუკს უთვალთვალებს, ხანაც ჩიტს. თუ ამ კაცს ამნაირ ფრინველისათვის მოუცლია, კანაფით რად დაუბამსო ჯოხზე? თანაც არ სჯერა, რომ ეს ჭაბუკი მართლაც მონადირეა და არა გრძნეული.
ვაჟი მონუსხულივით შესცქერის გიორგის, მასაც ეცნაურა იგი, მაგრამ მისი წითური წვერი და მწირული ჩაცმულობა ებლანდება თვალში.
ამ დროს ესტატემ უჩურჩულა გიორგის:
\\\”არ დაიჯერო, გლახუნა, ეგ კაცი ან გრძნეულია, ან მპარავი, დილეგიდან გამოქცეული\\\”…
ვაჟმა სახელი \\\”გლახუნა\\\” გაიგონა, ეცნაურა კიდევაც, ალბათ ვცდებიო, გაიფიქრა და კიდევ შეხედა გიორგის.
\\\”რაზე ნადირობ, ჭაბუკო, მაინც?\\\”
\\\”მიმინოზე, ბატონო\\\”.
მიუგო ვაჟმა.
\\\”მიმინოზეო? როგორ? რაგვარად?\\\”
\\\”აი, ამ ჩიტს ხომ ხედავ, ბატონო, აჰა, ეს ბადეც\\\”
ესა სთქვა, ჯოხი ასწია ცალი ხელით, დააწყებინა კვლავინდებურად ფეთქვა, მეორე ხელით კუნჭულიანი ბადე ზეასწია გრძელ ჯოხზე დაგებული.
\\\”მიმინო ამ დროს გამოდის საირაოზე. რა დაინახავს ციდან ამ ჩიტის ფეთქვას, იფიქრებს: გაბმულაო კაკანათში ჩიტი, დავეცემი და გავიტაცებო. ჩამოუქროლებს, დააცხრება თუ არა, მე გვიმრის ქვეშ დამალული ვარ ორმოში, მყისვე წამოვაცვამ აშრიალს თავზე\\\”.
მონადირეები განცვიფრდნენ, ამგვარი რამ ჯერ არ სმენოდათ.
გიორგიმ იცოდა მიმინოზე ნადირობის ამბავიც, მაგრამ მისი ირანელი ბაზიერები სულ სხვაგვარად ნადირობდნენ მიმინოზე.
\\\”სადაური ხარ, ჭაბუკო?\\\” ეკითხება გიორგი ვაჟს.
\\\”ლაზი გახლავარ, ბატონო\\\”.
\\\”ლაზი თუ ხარ, აქ რა გინდოდა მერმე?\\\”
\\\”გიორგი მეფის ტყვე გახლავარ, ბატონო\\\”.
გიორგი უფრო მეტად გააოცა ამ ამბავმა. ლაზები არასოდეს შეუპყრია მის ლაშქარს. ოლთისიდან წამოსხმული ტყვეები მოაგონდა, მაგრამ მათ შორის ბერძენი იყო ბევრი, სომხებიც ერია მათ შორის, ბერძნები კალატოზებად დააყენა, ხოლო სომხები გაათავისუფლა. ლაზიო? ლაზი არ მოაგონდა არც ერთი.
ამიტომაც შეეკითხა ხელახლა უცნობს:
\\\”ლაზიკიდან ხარ აქ მოყვანილი?\\\”
\\\”არა, ფხოვიდან, ბატონო\\\”.
\\\”რა გვარისა ხარ, ყმაწვილო?\\\”
\\\”არსაკიძე ვარ, ბატონო\\\”.
\\\”ფხოვში რა გინდოდა, ბედშავო ლაზო?\\\”
\\\”მამაჩემი კვეტარის ერისთავის კირითხურო იყო, ბატონო\\\”.
\\\”ახლა სადღაა მამაშენი, ჭაბუკო?\\\”
\\\”კვეტარის აღებისას მოჰკლეს სამეფოის სპათა\\\”.
გვარი მოაგონდა გიორგის, შორენამ რომ ახსენა კოლონკელიძის ციხეში იმ საშინელ საღამოს.
ისევ მიუბრუნდა არსაკიძეს:
\\\”განა ეკლესიებს აგებდა კოლონკელიძე?\\\”
\\\”ერთ დროს ეკლესიებსაც ვაშენებდით მე და მამაჩემი, მაგრამ ერთბაშად რწმენა შეიცვალა ერისთავმა, ეკლესიების შემუსვრა დაიწყო და ციხეების აგებას შეუდგა\\\”.
გიორგი დადუმდა, ახლა ესტატე შეეკითხა არსაკიძეს:
\\\”ე, მანდ ხეზე რა დაიჭირე წეღან?\\\”
\\\”დაგეშილი მიმინო გამექცა და იგი შევიპყარ\\\”.
ესა სთქვა და წითელი სახამლავით მხარშეკრული მიმინო ამოიყვანა ორმოს ფსკერიდან არსაკიძემ და აჩვენა მონადირეებს.
\\\”ახლა რაღად გინდა მერმე მიმინო, აკი მწყერობა მოთავდა უკვე?\\\”
შეეკითხა გიორგი.
\\\”წეროზე ვანადირებ მიმინოს\\\”.
\\\”სად გისწავლია ასეთი რამ, ჭაბუკო?\\\”
\\\”ლაზიკაში, მიმინოთი ვნადირობთ წეროზე, ბატონო\\\”.
გაოცდა გიორგი.
როცა არსაკიძე ორმოდან ამოვიდა, მყისვე მიეჭრა გახარებული ესტატე, ათვალიერებდა ტერფიდან თხემამდის, თანაც უღიმოდა უცხოს.
\\\”ესტატე, ეგ ხომ არ იყო ის ვაჟი, მამალი რომ დაჰკლა მუხის ძირას?\\\”
ეკითხება ლომაისძეს მეფე.
ესტატემ თავი დაუქნია.
\\\”ეგ იყო ის ვაჟი, გლახუნა\\\”.
გიორგი არსაკიძეს მიუბრუნდა:
\\\”ახლა ეს მითხარი, ჭაბუკო, მამალი რად დაგიკლავს მუხის ძირას იმ დღეს?\\\”
\\\”ყვავილი მოვიხადე გასულ კვირას, ბატონო, ამადაც შევსწირე წითელი მამალი ღვთაებას\\\”.
\\\”სად იციან ასეთი რამ?\\\”
\\\”ჩვენში, ლაზიკაში, ბატონო,\\\”
არსაკიძემ მხრები შეუხსნა მიმინოს, მარცხენა ცერზე ტყავის თათმანი გადაიცვა, მიმინო შეისვა ზედ. მერმე მარჯვენა ხელი გადაუსვა თავიდან ბოლომდის, მოეფერა, დაუყვავა ტყიერს.
გაბოროტებულ თვალებს უბრიალებდა უცხოებს მიმინო.
არსაკიძე წინ მიდიოდა, ოთხივენი უკან მისდევდნენ, გახარებულნი უცდიდნენ, რა მოხდებოდა ახლა.
არაგვის რიყეზედაც არ იყვნენ მიღწეული, ფშანიდან წამოფრინდა წერო. გიორგი ყმაწვილივით აღტაცებული შესცქეროდა, თუ როგორ მიუტია არსაკიძემ გაფრენილს მიმინო.
თავდაპირველად გაასწრო წერომ, აიჭრა ცაში, მხარგაშლილი ებრძოდა ჰაერს, თვალი მიატანეს მონადირეთა. მიმინომ კამარა ჰკრა, ერთ წუთში გადაევლო თავზე, მერმე განზე წავიდა წერო, აქაც გაუსწრო მტაცებელს და მოუსვა დასავლეთისაკენ, მცირე ხანს ჩამორჩა მიმინო, მერმე ერთბაშად წამოეწია ფრინველს, ჭანგებით მისწვდა და ლანდის უსწრაფესად ძირს დასცა წერო.
ყიჟინით გაექანენ მონადირენი, წვივის ტკივილი გადაავიწყდა გიორგის. პირველმა მიუსწრო ასეთ სურათს: ავშანის ბუჩქებში ფართხალებდა წერო, ფრთაგაფოფრილი მიმინო ზედ დასჯდომოდა, პუტავდა სულთმობრძავ მსხვერპლს, აბრიალებდა ფეტვისფერ თვალებს.
დაუწრუწუნა არსაკიძემ მიმინოს, სულგანაბული მიეპარა, დაუყვავა, თავზე ხელი გადაუსვა, ჯერ შუათანა ჭანგი გაუმართა, მერმე სათითაოდ სხვა დანარჩენი, ჯიბიდან ხორცის ნაჭერი ამოიღო, წერო გამოაცალა, საქნიერი შეაჩეჩა კლანჭებში.
სისხლი მოწანწკარებდა სურის ყელივით მოღერილ კისრიდან წეროს, მხრები დააბარტყუნა, ფეხები გაასავსავა, უსუსური, უცნაური ხმა გაიღო კისერგამოღადრულმა, სითეთრე გადაეკრა თვალებზე და უმწეოდ, უდრტვინველად მიენდა სიკვდილს.
გიორგი გვერდით მისდევდა არსაკიძეს, თვალს არ აშორედა მის მიმინოს.
\\\”ეს მიმინო სად დაგიჭერია, ჭაბუკო?\\\”
\\\”საფურცლეში, ბატონო\\\”.
\\\”ეს შავი მიმინო როგორი მონადირეა?\\\”
\\\”შავი მიმინო კარგი დამჭერია, ბატონო, მაგრამ ძნელად საგეშია, უხასიათოა, ჯიუტი, თავნებაა და შორს მიდის\\\”.
\\\”ჟანგისფერისთვის რას იტყვი?\\\”.
\\\”ჟანგისფერი ბედოვლათია\\\”.
\\\”წითელი?\\\”
\\\”წითელი შავსაც სჯობია და ჟანგისფერსაც, ბატონო. ყველას ფოლადისფერი სჯობია, ტანსრულია, ადრე იგეშეა, თვინიერია და გამგონე\\\”.
მცირე ხანს უხმოდ მიჰყვებოდა არსაკიძეს გიორგი, შორენასთვის ფიქრობდა ამ წუთში, კვეტარის ციხის აღება მოაგონდა, კოლონკელიძისათვის თვალების დაწვა, კვლავ მოეშხამა საწუთროება.
გზაში წამოეწიენ ტყვეებს მეფე და ზვიადი. ლოყებდახოკილი იჯდა ცხენზე შორენა, არსაკიძე გვერდით მისდევდა მხრებგაკრული ცხენდაცხენ.
\\\”რა მოხდენილი ჭაბუკი იყო, როგორ დაუგლახებია ტყვეობას ბედშავი?!\\\”
ეს გაიფიქრა გიორგიმ და კვლავ მიმართა არსაკიძეს:
\\\”შენ გეტყვი, ჭაბუკო, რას აკეთებ მცხეთაში ამჟამად?\\\”
\\\”კირითხურო ვარ, ფარსმან სპარსთან ვმუშაობ ამჟამად\\\”.
\\\”როგორი ოსტატია ფარსმანი?\\\”
ეკითხება არსაკიძეს მეფე.
\\\”ჩინებული ოსტატია ფარსმანი, მაგრამ თავნეაბა ფრიად, სხვათა თათბირს ჩირად არა სთვლის, ძნელია მასთან მუშაობა, ბატონო\\\”.
\\\”თავისუფალი მუშაობა თუ შეგიძლია, ჭაბუკო?\\\”
\\\”რისთვის არა, ბატონო, ცხრაკარის ეკლესია მე ავაგე ორი წლის წინად\\\”.
გიორგის ნახული ჰქონდა ეს საყდარი.
\\\”ჩვენში თუ აგიგია რაიმე?\\\”
\\\”ითვალისის ეკლესია დავასრულე წრეულს\\\”.
ითვალისიც ძლიერ მოსწონდა გიორგის.
\\\”მელქისედეკ კათალიკოსი და გიორგი მეფე სვეტიცხოველის აგებას აპირებენ, თუ იმარჯვებ, შენ მოგანდობს ამ საქმეს მეფე\\\”.
\\\”მე ვინ მიჩვენებს მერმე მეფეს?\\\”
ხვალ სასახლეში მოდი, მე წარგადგენ გიორგი მეფესთან\\\”.
მონადირეებს გაეღიმათ ამის გამგონეთ.
არსაკიძემ ეს შეამჩნია, თავათაც ღიმილით შეჰხედა იმ კაცს, რომელსაც გლახუნას უძახოდნენ მონადირენი, მდაბიორის ჩაცმულობას მისას თვალი შეავლო კვლავ და ეს გაიფიქრა მხოლოდ: ალბათ მატყუებსო ეგ წვერწითელა კაცი.
შეღამდა უკვე.
ბინდი დაეშვა არაგვის ჭალებზე, ტყეებში არ ისმოდა ჩქამი, ცაზე გაკრული წეროების ქარავნები ჩრდილებივით მიჰქროდნენ სამხრეთისაკენ. ყიოდნენ ჩამორჩენილი, მარტოხელა წეროები. ერთადერთი ვარსკვლავი კიაფობდა მხოლოდ.
წითლად და ყვითლად ქათქათებდნენ კავკასიონზე დაზვინული ღრუბლები შორეთში.
როცა მუხნარისას ციხის კარები გაუღეს მეციხოვნეებმა მონადირეებს, გიორგი შიგ შესვლამდის შემოტრიალდა, თეთრზუჩიან მწვერვალებს მიჰხედა, წოწოლა მთაზე ცეცხლშემოგზნებული ეკლესია იწვოდა კვლავ.
პირჯვარი გადაიწერა შემკრთალმა და ციხეში შევიდა უსიტყვოდ.

XXI

გარინდებული ზის ფარსმან სპარსი ჩუქურთმიან საკარცხლულზე და გასცქერის მთავართა სანათლოის განაპირა უბანს, მიწისძვრებისაგან იავარქმნილს.
სარკმლიდან შემოსულ უსუსურ ნათელს გაუჩრდილავს ბორას ნისკარტივით მოდეკილი, სიფრიფანა ცხვირი და პერგამენტივით გაყვითლებული ქოსა სახე.
ხრჩილავს ირანულ ყალიონში გაღვივებული თრიაქი, ლიცლიცებს ბენგალის ცეცხლივით მომწვანო შუქი. ლილისფერი ბოლი მატყლის ფთილებივით იწელება, ზანტად მიიკლაკნება ქვითკირის დარბაზის მაღალ თაღებისაკენ.
სათოფურებსა და სამზერებზე ეტყობა ამ დარბაზს, ციხე ყოფილა ოდესღაც იგი, ან სამლოცველო წარმართების, ძველთუძველესი.
თაროებზე უწესრიგოდ ჰყრია საკითხავები, ეტრატის გრაგნილეი, კარაბადინები, ავანდასტები და ფიალები.
კედლებზე ფრესკები ატყვია წამალგადასული. ფრთოსანი ლომები შეჰბმიან გვირგვინის გარშემო ურთიერთს, კუდაშვერილ გრიფონს ხახაში გაურჭვია ტერფი კაცისა, ცხენოსანი, შარავანდიანი რაინდი ჰოროლსა სცემს ხახაში ურჩხულს.
მცხეთის ერისთავს თაჯი ახურავს თავზე, წელზე ხმალი ჰკიდია ვადაჯვარიანი და ეკლესიის მოდელი უპყრია ხელში, იქვე ჰკიდია ეკლესიების, ციხეების ნახაზები და გეგმები, ქვის საკოდი ეჩოები და საჭრეთელები, მკუთხავები და გონიო.
სარკმელიდან მთავართა სანათლოის ნანგრევები მოსჩანს ცარცისფერ მთების ფონზე: გასული წლის მიწისძვრისაგან დალეწილი პალატები, გუმბათგადაცლილი სამრეკლო, დანგრეულ ბალავრებზე მარტო შთენილი ბუხრისთავები.
მხარმარცხნით ნაძვნარი მოსჩანს თოვლით დახუნძლული.
ფარსმანი გაჰყურებს თოვლისაგან დადრეკილ ტოტებს, რომელიღაც ნადირის თათებს მიაგვანა შორიდან ისინი. ესმის, თუ როგორ ილეწებიან ნაძვის შტოები, ყინვის ლოლუები სცვივიან სამრეკლოს გუმბათის კარნიზებიდან.
კუზიანი დედაკაცი გამოდის ტყიდან, დათქერილ ბილიკზე ხრაშახრუში გაუდის თოვლს. მოდის ვაგლახად მოდრეკილი მხევალი თებრონია და მოათრევს მორებს.
მხარმარჯვნით გზა მიდის მუხნარისას ციხისაკენ, ქარავანი მიემართება ზლაზვნით, ჟღრიალებენ ზანზალაკები, ფრუტუნებენ ჯორები, მეაქლემის შეძახილი გაისმის მჭახე. ხანაც შოლტის ტლაშუნი ზედიზედ.
ისევ დავარდა დუმილი და ესმის ფარსმანს, ტალანში ფეხებს აბაკუნებს თებრონია, სამოსიდან იბერტყავს თოვლს.
კარი შემოაღო მხევალმა, უსიამო მზერა ესროლა ფარსმანმა ტყირპიან სახეს, უარესად დაწითლებოდა თებრონიას მოხარშულ კიბოსავით გაწითლებული ტყირპი.
აცმაცურდნენ მისი ზანგური ლაშები, რაღაც წაიბუტბუტა, მაგრამ ბუხრისაკენ მიბრუნდა, მირეჯგვ-მორეჯგვა მუგუზლები მორები შეჰყარა შიგ.
თვალი აარიდა ფარსმანმა დიაცს, ისევ სარკმელიდან გაიხედა ანაზდად.
ყორნები შემომსხდარან სამრეკლოს გუმბათზე, ყრანტალებენ უსიამოდ მყივარნი.
სიბნელე ნელ-ნელა მოიპარება დარბაზში. თებრონია დაფათურობს ნიშების მახლობლად, გაჩაღებული კვარი უჭირავს ხელში, თაფლის სანთლებს ანთებს სათითაოდ.
ლიცლიცებენ თაფლის სანთლები, ყორნების ყრანტალი მოისმის გარედან, ხანაც ზანზალაკების ერთობლივი ჟღარუნი.
კარი გაიღო ანაზდად, ფარსმანი მიაშტერდა ტალანს. ახალმოსულმაც დაიფერთხა ტალანში ფეხი, საკარცხულისაკენ წამოვიდა ჯიქურ.
თავი დახარა, მასპინძელს შეხედა მცირედ, მიესალმა თავმოდრეკილი:
\\\”მწუხრი მშვიდობისა, ოსტატო!\\\”
ფარსმანმა კონსტანტინე არსაკიძე შეიცნო ხმაზე. სამფეხა სკამი უჩვენა თვალით.
სტუმარმა მადლი მოახსენა მასპინძელს, იღლიიდან უშველებელი გრაგნილი გამოიღო, წაიბუტბუტა:
\\\”სვეტიცხოველის გეგმა დავასრულე, გიორგი მეფესთან ვიყავი წვეული, მოიწონა მეფემ ეს ნახაზები, მხოლოდ ესა ბრძანა:
ფარსმანმა გადაჰკრასო თვალი, ხვალ დილით კათალიკოსს მივართმევ გეგმას\\\”.
უსიამოდ დაეღრიჯა სახის ნაკვთები ფარსმანს, გრაგნილი ტაბლაზე გახსნა, საკარცხულიანად მიუჩოჩდა, ორივე ხელითვე დაებჯინა ნახაზზე, დიდხანს ათვალიერა მდუმარედ. მერმე თებრონიას უბრძანა: მომაშველეო მაშხალა.
თებრონიამ ანთებული მაშხალა მოიტანა. თავი აიღო ფარსმანმა, მცირე ხანს ითვლიდა, სიგრძესა და სიგანეს ამრავლებდა, ანგარიშობდა კედლების სიმაღლეს, ნავების სივრცეს და მოცულობას, გუმბათის სიგრძეს, კარ-ფანჯრების რიცხვსა და ოდენობას.
\\\”მაინც არ, იშლის მელქისედეკი თავისას, სამნავიანი იყოსო უთუოდ?\\\”
ეკითხება ფარსმანი არსაკიძეს.
\\\”სიმაღლეზე რამდენი გაქვს ნავარაუდევი?\\\”
\\\”ორჯერ მეტი, ვიდრე სიგანე\\\”.
\\\”კათალიკოსი აგრე ბრძანებს, ოსტატო, – მიუგო მოკრძალებულად შეგირდმა, – ახალი სვეტიცხოველი ისეთი მოცულობისა უნდა იყოს, სამი ეკლესია გაიმართოს მასში, ოლთისის ეკლესია ქართული ლაშქრის მიერ გადამწვარი უცაბედად, ორიც სამცხისა, შენს მიერ აგებული, ოსტატო\\\”.
ფარსმანი მოიღუშა.
\\\”მეფე რას ამბობს ამის გამო?\\\”
\\\”მეფემ დასტური მოგვცა, ოსტატო, გუშინ\\\”.
\\\”ეგებ მელქისედეკს ასე ეგონოს, 300 ფხოველი ტყვე კმაროდეს მუშახელად?\\\”
\\\”მეფეს ნაბრძანები აქვს, ორი ათას მონას მოვასხამო ტაოკლარჯეთიდან, ერგას გამოცდილ ქვისმთლელს ბერძენთაგან მიგიჩენთო\\\”.
\\\”რა მასალაა ნაგულისხმევი?\\\”
\\\”ალგეთურ თეძამის ქვისა და ცისფერი ფიქალისაგან უნდა გაკეთდეს პერანგი ტაძრისა\\\”.
\\\”ძველი მასალა?\\\”
\\\”ძველი მასალა მხოლოდ ეკვდრებს უნდა მოხმარდესო, კათალიკოსს ასე აქვს ნაბრძანები, ოსტატო\\\”.
\\\”კირითხურონი?\\\”
\\\”ათორმეტი ბოლნისიდან წამოსულია\\\”.
\\\”სახურავი?\\\”
\\\”მთლიანი ფიქალისა\\\”.
\\\”ახლა ძველი ნაგებობის დანგრევა ნახეთ, როგორ მისჭირდეს: აბულ-ყასიმს მხოლოდ ჩრდილოს ფასადი აქვს სავსებით დანგრეული\\\”.
\\\”ნაბრძანებია, სათითაოდ ჩამოვიღოთ ლოდები, რათა დანგრევისას მეფეთა და კათალიკოსთა სამარხები არ დაზიანდეს\\\”.
\\\”აბა, მე გეტყვით, ძველი ნაგებობის დანგრევასაც არ ეყოფა სამი თვე\\\”.
\\\”მისი მეუფება აგრე ბრძანებს: თუ გასჭირდა, ათას მონასა და ერგას კირითხუროს ჩამოვიყვანო, ლაზებს\\\”.
შემდგომ ამისა დადუმდა ფარსმანი. ისევ დაეყრდნო ტაბლაზე გადაშლილ გეგმას ორივე ხელით, სულ ახლოს, სულ ახლოს მიჰქონდა ნახაზის დეტალებთან თვალები, და აშტერდებოდა, მერმე აიღებდა, ბუტბუტებდა, ანგარიშობდა.
ბოლოს წელში გაიმართა, ბნელ კუთხისაკენ გაიხედა, თვალები მიაშტერა კედელს, თითქოს იქ ეგულებაო ასაგებ ტაძრის გეგმა და მას უმზერსო, მერმე კონსტანტინე არსაკიძეს ჩოფურა სახეს შეჰხედა და ეუბნება:
\\\”მოახსენებდე, ჭაბუკო, მეფეს, ჩემის ვარაუდით: ასეთი უზარმაზარი ტაძრის აგებას ათი წლის მანძილზედაც ვერ შევძლებთ ჩვენის ძალებით, ციხეების შეკეთება უნდა შეჩერდეს, ვეღარც ლოდსატყორცნებისა და ტარანტების აგებას შევძლებთ ამ წლებში\\\”.
მერმე გრაგნილი დაკეცა ფარსმანმა, ხელში მისცა არსაკიძეს.
გრაგნილი გამოართვა კონსტანტინემ, მწუხრი მშვიდობისა დაუბარა მასპინძელს, გაღვივებულ ცეცხლისაკენ გაექცა შემცივნებულს თვალი.
ბუხრის წინ გაჩაღებელ მაყალზე ლითონის კოჭობები იდგნენ, რაზრაზებდნენ ადუღებული ქოთნების სარქველები, უსიამო სუნს ავრცელებდნენ ირგვლივ.
ალბათ რაღაც საწამლავებს ხარშავსო ფარსმანი, ეს გაიფიქრა არსაკიძემ და კარისკენ გაემართა მკვირცხლად. თებრონია წინ მიუძღოდა, მაშხალით უნათებდა დაბნელებულ ტალანებსა და კიბეებს.
ფარსმანმა ისევ გადმოიღო ყალიონი, თრიაქი ჩასტენა ცერით. მოუკიდა და ააბოლა კვლავ. მატყლის ფთილივი დაწეწილი მწვანე ბოლი ადგა და გაემართა დარბაზის ბნელ თაღებისკენ ზლაზვნით.
დიდხანს იჯდა გაოგნებული ფარსმანი, ხარბად სწევდა თრიაქს და გასცქეროდა ირგვლივ მოწოლილ ბნელს.
ლიცლიცებდნენ თაფლის სანთლები, ჟღარუნებდნენ აქლემების ზანზალაკები ბნელში.
შემოფათურდა თებრონია, ქუმელი შემოუტანა ჯამით, მაგრამ წინა ღამით უძინარ ფარსმანს ისე მოსძალებოდა თრობა, არც თებრონია შეუნიშნავს და არც ქუმელის ჯამი.
ერთბაშად თავბრუ დაესხა ფარსმანს, მის თვალწინ ყვითელი ბურთულები აცეკვდნენ, თითქოს ჯამბაზის მიერ ზეასროლილთ შესცქერისო მთვრალი, შემდგომ ამისა ისეთი რყევა შეიცნო, აქლემზე პირველად შემჯდარი რომ განიცდის ხოლმე, ან ნავით გასული ატოკებულ ზღვაზე.
საფეთქლებში ოფლი გამოუვიდა, მჯიღით მოიფშვნიტა თვალი, ბოლოს ოდნავ დაუცხრა მღელვარება, მოუდუნდა სხეულის იოგები, მოეწადინა რული და სწორედ ამ დროს უხეშად დააკაკუნა ვიღაცამ კარზე.
უსიამოდ შეკრთა ფარსმანი.
ბუხართან მთვლემარე თებრონიამ მაშხალს წაავლო ხელი,
კარი გამოაღო თუ არა, კარის ჩარჩოში გამოჩნდა ვიღაც ახმახი კაცი, თვალი მიაშტერა ფარსმანმა და მსაჯულთუხუცესის შიკრიკი შეიცნო.
უცნობმა არ ინდომა კარის ზღურბლზე გადმოსვლა, რაღაც გრაგნილი შეაჩეჩა თებრონიას, სალამის დაუბარებლად გაალაჯა ბნელ ტალანისკენ.
გახსნა თუ არა ფარსმანმა წიგნი, მსაჯულთუხუცესის მოწოდება ამოიკითხა:
\\\”შესმენილ იქნა აფხაზთა და ქართველთა, რანთა და კახთა მეფეთ მეფის გიორგის წინაშე.
ხუროთმოძღვართუხუცესი – ფარსმან სპარსი.
მოაჯე – ფანასკერტელი რუსუდან.
შემსმენელი – ეზოსმოძღვარი ამბროსი\\\”.
უეცრად გაუარა ფარსმან სპარსს თრობამ, ერთბაშად გაბურძგლა მთელ ტანზე, შემცივნება იგრძნო, გრაგნილი დააგდო ტაბლაზე, საკარცხული დაითრია, ზედ ცეცხლის პირად მიაჩოჩა, ხელისგულები მიაფიცხა ცეცხლს.
გააჟრჟოლა, გააჟრჟოლა ანაზდეულად, მერმე გაიმართა საკარცხულში, ორივე ხელი გადააწნა ურთიერთს, ხელ-ფეხი გასჭიმა და გააზმორა ისე, როგორც ხურვებამოძალებული გაიჭინთება ხოლმე.
შემდგომ ამისა ხელები გაითავისუფლა, საკარცხულის სახელურებს მოსჭიდა ორივენი, ფეხები გამართა, ბუხრის ლინგს მიაყრდნო მტკიცედ და მიაშტერდა ღველფად ქცეულ მუგუზლებს, რომელთაც ჯერაც ზედ აჩნდათ ის მსუბუქი ხაზები, ძარღვების დარად რომ ეტყობათ ხოლმე ახლად დახეთქილ მორებს.
მერმე ხედავდა ფარსმანი, თუ როგორ დაინგრა აყუდებული, დამწვარი მუგუზლები გამოხურვებულ ოქროსავით ბრწყინვალე.
წამოიწია, ორი მორი აიღო და შეუკეთა ცეცხლს. ესმოდა, თუ როგორ მოედო ცეცხლი კოპიტს, აშიშხინდა მორი. ცოფიანის დუჟისებრი სითხე გამოეყო ნარტოალებს, ბოლოს ეს შიშხინი წივილად იქცა…
ზის გარინდებული ფარსმანი ბუხართან და შეჰყურებს ცეცხლს… ხან მელქისედეკ კათალიკოსის პირგამეხებული სახე ელანდება, ხანაც ეზოსმოძღვრის ცერცვისფერი, ჭრუტა თვალები.
როგორი უცნაურია და უგუნური ეს ცხოვრება მართლაც,.
რამდენ ხმალშემართულ რაინდს შეჰგებებია უშიშრად ფარსმანი, ქართველსა და ბერძენს, სარკინოზსა და სომეხს, ცხენდაცხენ შესტაკებია სახელოვან სტრატიგებს და ფარისებს, ხმლითა და ჰოროლით უბრძოლნია მტრებთან… და ახლა, ამ დალეულმა, ჩია მოხუცმა – მელქისედეკ კათალიკოსმა უნდა მოუსწრაფოს სიცოცხლე მრავალნაცად მეომარსა და მოგზაურს,. .
წრეულს, შობა დღეს იდგა საკურთხევლის წინ მელქისედეკი, უქადაგებდა მრევლს. აღტყინებისაგან სიმაღლე მომატებოდა თითქოს, ღველფივით ელავდნენ ღილივით წვრილი და გამხვრეტი თვალები მის ფერმკრთალ სახეზე.
ქადაგად დავარდნილივით როშავდა კათალიკოსი. განკითხვის დღის გეენით აშინებდა იგი თავის მრევლს. ადამიანურ ვნებათა დაოკებისაკენ მოუწოდებდა ქრისტიანებს და როცა სოდომის ცოდვებს შეეხო, ასეთი რამე სთქვა:
\\\”ამისათვის ვამცნებთ ყოველსა დიდსა და მცირესა, მდიდარსა და გლახაკსა, მეფესა და მთავარსა, აზნაურსა და მდაბიორსა, მღვდელთა და უმღვდელოთა, მოწესეთა და ერისკაცთა, ბერთა და ჭაბუკთა, ყოველსა პატივსა და ყოველსა ჰასაკსა განყენებად ამის ვნებისაგან\\\”…
მერმე მოჰყვა კათალიკოსი, თუ როგორ წარწყმინდა ამ ცოდვამ ათინა და რომი, თებაი და ბაბილონი, აშურთა ქვეყანა და ქვეყანაი ფარსთა.
წამოდგა ფარსმანი, ტაბლიდან აიღო მსაჯულთუხუცესის მოწოდება, ისევ ბუხართან დაჯდა, გულმოდგინედ გადაიკითხა იგი.
ხედავდა, \\\”უძვირესსა და უსაწყალობელს\\\” ბრალსა რომ სდებდა კათალიკოსი მას. სჯულის კანონები ზედმიწევნით იცოდა ფარსმანმა. სოდომის ცოდვისათვის სამი სხვადასხვაგვარი სასჯელი იყო დაწესებული როგორც ბიზანტიაში, ისე საქართველოში.
ძელზე აბმა, თავის მოკვეთა, ან დაბნელება ორთავე თვალისა.
თვალების დაწვას ყოველგვარი სასჯელი ერჩია ფარსმანს.
უთვალოდ ან რას გააწყობდა ხუროთმოძღვარი?
ბრალდება ორკეცი იყო: \\\”უჰასაკოისა გახრწნაი ქალისა ქალწულისა და დედათა თანა მამათმავლობაი\\\”.
ეს ყოველივე რთულდებოდა თავათ ფარსმანის მდგომარეობითაც. სამეფოის კანონთა მიხედვით, \\\”სწავლულთა და მეცნიერთა ცოდვანი უძნელეს არიან უსწავლელთა და უმეცართასა\\\”.
კიდევ ერთხელ გადაავლო მოწოდებას ფარსმანმა თვალი, კვლავ დაგრაგნა და ბუხრის რაფაზე შეაგდო.
იდაყვები მუხლისთავებზე დაუყრდნია ფარსმანს, მჯიღები ყბებზე შემოუდგამს, დადუმებული შესცქერის ცეცხლს, თებრონია სკამლოგინზე მიგდებულა და ხვრინავს.
მდუმარება და ბნელი შემოსწოლია ფარსმანის სავანეს, მხოლოდ გზის პირიდან მოისმის კანტიკუნტად შოლტის ტლაშუნი და ზანზალაკების ერიბლივი ჟღარუნი. გულის მომწყლველად წრიპინებს კოპიტის ნარტოალი, თუხთუხებენ თუჯის კოჭობები, ჯოჯოხეთურს ოხშივარს ავრცელებენ ირგვლივ.
აჰა, დაიწვა უკანასკნელი მუგუზალი, ნაღვერდალად ქცეულ შეშის ნაჭერს ზედ აჩნია ზოლები, ძარღვისებური ფაქიზი ხაზები. კიდევ ცოტა ცეცხლი, კიდევ სიმხურვალე მცირეოდენი, წაიქცევა და ათას კავშირად იქცევა იგი.
არც ერთი მათგანი არ ემგვანება იმ მორს, რომელიც ფარსმანმა შეუკეთა სახმილში.
რაღა დარჩება მისგან? მცირეოდენი ნახშირი და ფერფლი, ნახშირი და ფერფლი,:
კიდევ ორიოდე დღე, შესაძლოა, მისი სხეულიც ისე დაიშალოს და დაირღვეს, როგორც ეს ცეცხლმოდებული ძელი.
შესცქერის გაჩაღებულ ბუხარს ფარსმანი, აგონდება თავისი ტკბილი, ტკბილი ბავშვობა.
თაფლის სანთლები ლიცლიცებენ ნიშებში. ზის თავის საკარცხულზე წელში მოდრეკილი, უზარმაზარი ჩრდილი მისი სხეულისა აყუდეულა აგერ კედელთან. თავის გარშემო შემოგრაგნილი ჩალმის ტოტები ისე იხატება ნაჩრდილევში, როგორც მარჩბივი რქაი სატანისა.
დამჯდარა იგი ცეცხლის პირად, სიბერის ნაჩრდილევსა და სიყმაწვილის ჩვენებას შორის.
აგერ მორბის შვიდი წლის ბიჭუნა, მშვილდ-ისარი უპყრია ხელში. თუხარისის ციხის სილუეტი წარმოისახა მის წარმოდგენაში.
ამ ციხის ჩარდახებზე დასდევდა ფარსმანი მტრედებს, ხოლო იდუმალ ხვრელებსა და სარდაფებში ვირთხებზე ნადირობდა მოისარი სწორუპოვარი.
შავშეთის უღრანი ტყეები აგონდება. ქარაფებზე გადმომდგარი ციხეები და ეკლესიები, კლდიდან გადმოკიდებული ჩქერალები, ჭოროხის ცისფერი წყალი, სასირე ბადეები, კალმახის ფაცერები, საძოვრებიდან მობრუნებულ კუროების ბღავილი, მწუხრისას გალობა კლიროსზე, მხიარული ლამპრობა ვნების კვირაში, ნაჩრდილევისა და ნაშუქალის ციალი თუხარისის კარის ეკლესიის სარკმლიდან, მღამიობები, მტრედები, ქედნები…
მათ ფრთებს თან გადაჰყვა მისი სიყმაწვილე.
პაპა სუმბატი, მუდამ მოღუშული, ჟანგისფერ თორიანი დევკაცი, მისი ფეხკავშა იაბო, ქორ-შავარდნები, მაძებრები და ლომისფერი მწევრები, მამა – ბაქარი, ჭროღათვალება ქერა რაინდი, დედა – ნანაი, მუდამ ლოცვებში ჩაფლული, სძლისპირების ტკბილი მგალობელი.
ბუზღუნა მზრდელი, თავმოტვლეპილი, კოჭლი ვარდანი (კრუხის უკანალივით გამოპუტული ჰქონდა ნიკაპთან წვერი ცალ დეზს ატარებდა მარჯვენა ფეხზე).
ლანდივით უკან დასდევს ვარდანი ყრმას, ციხის ჩარდახებზე გასვლას უკრძალავს. არც სარდაფებში ჩახედვას ანებებს ნიადაგ იფუთნება თვითონაც და ფუთნის თავის გაზრდილს, მუდამ.
ტყეში ნუ მიხვალ – დათვებია მანდ დღისით, ღამით მიონები გაგჩხიბავენო, ჭოროხში ნუ ჩახვალ – გველები და ჯოჯოებიაო შიგ, მიწაზე ნუ წვები – უჟმურს შეეყრებიო, ხილი არ სჭამო – სტომაქს გაიფუჭებო, სარკმლიდან ნუ გაიხედავ – ქარი გეცემაო, მზეს ნუ მიაშტერდები – თვალებს აგატკიებსო, \\\”რამეთუ მზეი ქმნული ღვთისაი არს\\\”, თვალი ვერავინ შეუდგინოსო მას.
ერთადერთი, რაც დაშლილი არა ჰქონდა ფარსმანს მზრდელისგან, ეს იყო ლოცვა…
დილით, სადილობის წინ, ნასადილევს და ზარმელისას, მწუხრისა და დაწოლის წინ მუდამ უნდა ელოცნა ყრმას, ფსალმუნს აზეპირებინებდა დღენიადაგ.
განკითხვის დღისა და მეორედ მოსვლის საშინელებას უხატავდა უცნაურის ენამზეობითა.
ერთხელ ჭექა-ქუხილი ატყდა. ვარდან მზრდელი გზაში დარჩა. ნაშუადღევს მოაქევქევა ციხეში ჯორი.
აცახცახებული, გაფითრებული ძლივს ჩამოათრიეს დასველებული ვარდანი უნაგირიდან. დაჯდა ბუხრის პირად, უამბობდა
ფარსმანს:
ტყეში მომისწრო ქარიშხალმა, იყო ელვა, ქუხილი და ჰაერი ბოროტი, შვიდგზის დაჰკვერა ეშმაკმან და პეროინ იღრჭენდა და ყიოდა, ხოლო მე მუხის ძირას ვიდექი და ვილოცვიდიო.
ლოგინად ჩავარდა ვარდანი.
ყრმა ფარსმანი გახარებულია, ეგებ მოკვდეს და გადავრჩეო ფსალმუნის ღეჭვას.
ისევ გამომჯობინდა ვარდანი და დაიწყო ჩიჩინი.
\\\”ნუ ცილსა სწამებ, ნუ ორსა სიტყვასა იტყვი. პატივი ეც დედასა შენსა და მამასა შენსა, შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი თვისი. ცხოვრება უდაბნოა ურწყული და ეცადე, გარს შემოუარო\\\”.
ხარის ბეჭის ძვალზე ასწავლა ნახშირით წერა ვაჟს.
შემდგომ ამისა დაუმეგობრდა საკითხავებს ფარსმანი.
ისევ ახალი შეგონება:
\\\”მხეცი არს სიბრძნე და გონიერება კაცთა შორის და სისპეტაკეთა მათთა არად სარგებელ\\\”.
უკვე სიჭაბუკეში გადავიდა ყრმა, მზრდელის ბუზღუნს აღარაფრად აგდებს. შავარდენს შეისვამს მარცხენაზე, მხარზე მშვილდს გადაიკიდებს, დაყიალობს ჭოროხის ჭალებში.
უბელო ულაყებით დაჯირითობს. სანადიროდ აეკიდება პაპასა და მამას, ჭოროხში სათევზაოდ დაჰყვება მონადირეებს.
და როგორც იხვის ბჟიტებს ყვერულს მიუსხმენ ხოლმე, დასდევს მერმე თავის შვილობილებს საჭურისი ქათამთაგანი, შესცურავენ ბჟიტები გუბეში, ყვერული კუთავს და წრიალებს, გულგახეთქილი ასკდება ნაპირებს, ეშინია, წიწილები არ დამეხრჩოსო, ასე კრუსუნებს და ავობს ვარდან მზრდელი, როცა ჰხედავს, თუ როგორ შეახტება ფარსმანი ნასუქალ ულაყს, ან ჭოროხს გადასცურავს მხარულით. ღამეებს ათევს ნადირობის დროს ტყეში.
კვალად მოესმის ჩიჩინი.
\\\”ცხოვრება უდაბნოა ურწყული და ეცადე გარს შემოუარო\\\”.
ჭაბუკ ფარსმანს ცხოვრება ენატრება, პირიქით, ამ უდაბნოში წიაღსვლას მონატრებულია იგი და სწუხს კიდევაც, რომ ჯერ არც ომია სადმე, მშვიდობაა ჩორჩანელების ციხეში, მეომრებს ხმალი ჩაუჟანგდათ ქარქაშში, დღისით და ღამით ამაოდ უთვალთვალებენ ციხის გუშაგები სამზერებს.
მხოლოდ პაპა სუმბატის ნაამბობიდან თუ სმენია ფარსმანს ომების, ბრძოლების, ფალავნური შეტაკებების, ტალად დგომის, ციხეების შემოწყობისა და გოდოლების შემუსვრის ამბები.
განუსაზღვრელად უყვარს ჭაუკს თორის გადაცმა, მუზარადის თავზე დახურვა, პაპის ხმლები, მამის ქეიბურები, ცხენი, ჯირითი და ხმლის მოქნევა…
თექვსმეტი წლის ფარსმანს საომარი ცხენი მიუჩინა პაპა სუმბატმა, თორი აჩუქა და მუზარადი, ხმალი, მშვილდი და საბრძოლო ქეიბურები.
ხედავდა ვარდან მზრდელი, მისი ძველი შეგონებანი დარჩა ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა, ამიტომაც მიაწოდა ჭაბუკს შეგონება ახალი:
\\\”არს კაცი ჭური თვითმოძრავი – სულისა ხელმწიფე\\\”…
და სწორედ იმ წელს შეუსრულდა ფარსმან ჩორჩანელს ნატვრა. საქართველოს დიდმა პატრიოტმა იოანე მარუშისძემ უფლისციხე გადასცა დავით კურაპალატს.
ფარსმანის პაპა, სუმბატ ჩორჩანელი მიიწვია სხვა ერისთავებთან ერთად დავითმა და წარუდგინა ბაგრატ კურაპალატს:
\\\”ესე არს მკვიდრი ტაოისა, ქართლისა და აფხაზეთისა, შვილად გაზრდილი ჩემი და მას დაემორჩილეთო\\\”.
სუმბატ ჩორჩანელმა არა ჰქნა მორჩილებაი მეფისა, მაშინ შეიპყრო იგი ბაგრატმა და თავი მოჰკვეთა, ხოლო გვამს მისას თოკი შეაბეს ფეხებზე, ციხის ჩარდახიდან გადმოჰკიდეს თავქვე ურჩ აზნაურთა ჭკუის სასწავლებლად.
შემდგომ ამისა წამოვიდა ბაგრატ მესამე ლაშქრითურთ და თუხარისის ციხეს შემოეწყო, გულით ეწადა სუმბატის ძე ბაქარი შეეპყრო და ვაჟი მისი ფარსმანი.
ქოსსა ჰკრეს თუხარისის ციხეში… ჩამოეგებნენ ტაოელები ციხიდან სამეფოის სპათა…
ჭაბუკი ფარსმანი ვაჟკაცურად იბროდა მამის გვერდით, მაგრამ სასტიკი იერიშები მოიტანეს სამეფოის სპათა, ჩორჩანელის ჯარი უკუაქციეს.
ციხეში შებრუნდა ერისთავის ლაშქარი. სამ თვეს გაუძლო შემოწყობას ბაქარ ჩორჩანელმა, ბოლოს სურსათი შემოელიათ მეციხოვნეებს, ძაღლები, სახედრები და ვირთხები აღარ დარჩათ საჭმელად. ბაქარ ჩორჩანელმა აიყოლია თავისი მხოლოდშობილი ვაჟი და ათასი მონასპა, ციხის ხვრელიდან გაძვრა და ბნელ ღამეს მიმართა.
აგორდა თვითმოძრავი ჭური…
ბიზანტიაში გადავიდნენ ოტებულნი. კეისრის ქვეყანაში ბარდა ფოკას ამბოხი იწყებოდა იმჟამად, ბაგრატ მესამეს ახლად მიღებული ჰქონდა კურაპალატის ხარისხი, ამადაც ერთგულობდა ბასილი კეისარს.
განდგომილი ბაქარ ჩორჩანელი მეამბოხე სარდალს ბარდა ფოკას მიემხრო.
ფოკას ციხეს შემოეწყო ბიზანტიელი პატრიციუსი იოან პორტეზე თავისი ჯარით, ლოდსატყორცნებითა და ტარანტებით გასტეხა ციხე. ფოკამ თავს უშველა, ხოლო ბაქარ ჩორჩანელი და ათასი იბერიელი მონასპანი ექვს თვეს იბრძოდნენ გააფთრებული, ბოლოს ციხე აიღო პორტეზემ, იბერიელი მონასპანი გასწყვიტეს, ბაქარ ჩორჩანელს თავი მოსჭრეს, ფარსმან ჩორჩანელი და სამასი იბერიელი მონასპა ტყვედ წაასხეს ბიზანტიაში.
კვლავ აგორდა თვითმოძრავი ჭური…
ფარსმან სპარსმა შეშა შეუკეთა ცეცხლს.
სრული დუმილი სუფევდა დარბაზში, თებრონია ბოდავდა ძილში, მეაქლემის მჭახე ხმა მოისმა გზიდან, ზანზალაკების ერთობლივმა ჟღარუნმა შეაშფოთა ღამე …
…აგონდება საშინელი მოგზაურობა ანტიოქიის ურწყულ მიწაზე.
ხვატით გადარუჯული ველები, ცისკიდურებზე ციხეთა ქონგურები, მიზგითები, ეკლესიები, ღიტაკური მიწურები, თავშიშველა მონების ბრბოები…
\\\”წყალი\\\”, ეხვეწებიან იბერიელი ტყვეები გუშაგებს, მაგრამ არავის ესმის მათი მუდარა.
\\\”წყალი\\\”, ევედრებიან გამვლელებს, მეაქლემეებს და სტრატიოტებს, არავის ესმის ეს სიტყვა.
ზის ფარსმანი იმავე აქლემზე, რომელზედაც ხურჯინით ზედ ჰკიდია ბაქარ ჩორჩანელისა და მისი სახლთუხუცესის თავები…
ტარაბუები ჰკბენენ მხარგაკრულს, მიყანყალებს ორკუზიანი აქლემი, გული ერევა, თავბრუ ესხმის მწყურვალს, იბერიელთა შორის ერთადერთი ფარსმან ჩორჩანელი არავის ევედრება წყალიო, რადგან ეს უნდა მასაც, არ დააყოვნოს უწყლო სიკვდილმა, ამ უკაცრიელ ველებზე ამოხადოს სუნთქვა.
ჟრიალებენ ზანზალაკები, აფურთხებენ აქლემები ხვატისაგან დახეთქილ მიწაზე და აგონდება ფარსმანს შეგონეა მზრდელის ვარდანისა:
ცხოვრება უდაბნოა ურწყული და ეცადე, გარს შემოუარო…
იგორა მერმე ამ თვათმოძრავმა ჭურმა, იგორა, ვიდრე აია სოფიას ჯვარი არ გამოჩნდა ზეცის თავანში.
ჰიპოდრომის გვერდით დილეგი ჰქონდა გამართული იმ \\\”ძაღლს\\\” – ბასილი კეისარს.
შვიდი იბერიელი და ცამეტი სარკინოზი გამოიყვანეს ტყვების მწკრივიდან, თმა-წვერი მოპარსეს, ნესტოები გაუხვრიტეს, ჯაჭვი ქედზე დაადვეს, ფეხებზე ბორკილები შეასხეს და ერთ საკანში შეაგდეს.
ერთი წლის წამების შემდეგ ერთმა ქართველმა ბერმა ინახულა ფარსმანი და ექვსი იბერიელი აღდგომა დღეს, მცირეოდენი მოსაკითხი მოუტანა და ანუგეშა ტყვეები.
როცა მნახველი წავიდა, დამშეული ტუსაღები მისცვივდნენ საპასექო ლელანგოებს, სწორედ ფარსმან ჩორჩანელს შეხვდა ის ლელანგო, რომელშიაც პაწია ქლიბი შეეტანა ბერს.
შვიდი ღამე იმუშავა ფარსმანმა, ქედზე დადებული ჯაჭვი და ფეხებში ასხმული ბორკილები გაქლიბა, შემდგომ ამისა ამხანაგებსაც გაუხსნა ხელ-ფეხი, ბორკილები ურთიერთს გადააბეს, ციხის კედელი გამოანგრიეს, ბნელ ღამეს შეაფარეს თავი.
კონსტანტინეპოლის სანახებში თავს დაესხნენ წმ. იოანეს მონასტრის ბერებს, ვენახებში მომუშავეთ თავზე წაადგნენ.
ეს ამბავი ასე მოაწყო ფარსმანმა: ჯერ თავის რაზმს უბრძანა ტანზე გაიხადეთო…
ბერები გაოცდნენ, გახევდნენ, რა დაინახეს შიშველი ვაჟკაცები, გამოქანდნენ მათკენ.
ახლა ბერები გაატიტვლეს, ტუსაღების ძველმანები მიუგდეს, ათ-ათი ოქროს სოლიდი წაართვეს თითოს.
სახედრები იყიდეს და ანტიოქიისაკენ გასწიეს.
გამვლელებს ატყუებდნენ, იერუსალიმს მივალთო.
იგორა თვითმოძრავმა ჭურმა.
ახლა სახედრით შემოიარა ფარსმანმა ბითინია, ანატოლიკი და ანტიოქია, ბოლოს ალ-ჰაქიმთან ჩავიდა ჰალებში.
ხალიფს წვრილად სცოდნოდა საქართველოს ამბები. ბაქარ ჩორჩანელის მამაცობაც სმენოდა თურმე. ბაგრატ კურაპალატისა და ბიზანტიის კეისრისადმი სიძულვილმა სჯული გამოაცვლევინა ფარსმანს.
აბუბექრ-ისმაილ-იბნ-ალ-აშარი დაირქვა.
როცა ბასილი კეისარი ჰალების ციხეს მიადგა, ფარსმანი ციხისთავად იყო, ამ ბრძოლაში დიდად გაითქვა სახელი, ალ-ჰაქიმის მარჯვენას უწოდებდნენ სარკინოზები მას.
ბერძნებთან მეორეჯერ შეტაკებისას განსაცვიფრებელი სიმამაცე გამოიჩინა. ალ-ჰაქიმი და ფარსმანი მაშველი ჯარით ზურგში მოექცნენ ბიზანტიელ დუკას.
დუკას ლაშქარი შემოწყობოდა ქაიროს ციხეს, ლოდსატყორცნით ანგრევდა პირველ გოდოლს.
დასძრა თავისი არაბული ულაყი ფარსმანმა, ელვის უსწრაფესად მიეჭრა ბერძნებს, მიდიური ცეცხლი ესროლა ლოდსატყორცნს, ხანძარი გაუჩინა, ალ-ჰაქიმთან მიბრუნდა კვლავ.
დუკა უკუაქციეს.
ციხე გაათავისუფლეს სარკინოზებმა, მაგრამ ხელჩართულ ბრძოლაში ჰოროლი სცა ბერძენმა სტრატიოტმა ფარსმანს, ბექთარიანად გაუგმირა ბეჭი.
საუკეთესო აქიმები მიუჩინა ალ-ჰაქიმმა, მაგრამ ვერ განკურნეს სავსებით. თავის სასახლეში დააბინავა ხალიფმა ფარსმანი.
ქაიროში შეისწავლა მან ხუროთმოძღვრება, ალქიმია და ფარსული.
აქვე გაიცნო ინდოელი ფაკირები, მოპირულ ხმლებზე სიარულს შეაჩვია შიშველი ფეხი, ხანაც დიდ ბაზრებზე გამოდიოდა, როგორც ჯამბაზი, დღისით ალესილ ხმლებს იბჯენდა თვალებზე, ცეცხლის ალს ყლაპავდა უვნებლად და მიზგითების მინარეთებიდან უთვალთვალებდა ვარსკვლავებს ღამით.
სუფიების მოძრაობას მიემხრო, მერმე ისევ ხელოვნებას მიუბრუნდა და უმშვენიერესი მიზგითები ააგო ქაიროში.
ბიზანტიელი დომესტიკის ლაშქარი კვლავ შემოეწყო ჰალებს 990 წელს, ხუთშაბათს, მაისის ორს.
ლოდსატყორცნი მანქანები და ტარანტები მიაყენა დომესტიკმა ციხეს, მეწინავე ჯარმა პირველი გოდოლი შელეწა, \\\”ამ ჯარის სათავეში იბრძოდა საქართველოს მეფე, ხოლო მარჯვენა ფლანგზე – გრძელ ბექთარებში ჩაჭედილი პატრიციები\\\”.
მაშინ ალ-ჰაქიმმა მძევლები მისცა დომესტიკს და ელჩები წარგზავნა ბიზანტიონში.
ისევ აგორდა თვითმოძრავი ჭური.
ამ დესპანების ხელმძღვანელობა ჩააბარეს აბუბექრ-ისმაილ-იბნ-ალ-აშარის.
მამალმა იყივლა მთავართა სანათლოის გარეუბანში…
ფარსმანმა ნეკერჩხლის მუგუზალი შეუკეთა ცეცხლს. მაისის მიწურულში ბიზანტიაში ჩავიდნენ დესპანები, კეისრის სასახლეში გამოცხადდა აბუბექრ-ისმაილ-იბნ-ალ-აშარი, მთავარი ელჩი ხალიფის ალ-ჰაქიმისა.
შავი მოსასხამი ეცვა, თავზე თეთრი ჩალმა ჰქონდა შემოგრაგნილი, შავი სატევარი ეკიდა წელზე.
კარისკაცები გაჯანჯლდნენ, არ ისურვეს თეთრჩალმიან და შავხანჯლიან კაცის შეშვება კეისრის პალატებში.
მაშინ ეს უთხრა აბუბექრ-ისმაილ-იბნ-ალ-აშარიმ კეისრის კარისკაცებს:
მე წავალ და აღარ მოვალო ამიერიდან.
გამობრუნდა გახარებული: შემრჩებაო ათასი შუშა მუშკი, ათი ათასი ოქროს სოლიდის საღირალი პატიოსანი თვლები, სტავრა, ოქსინო და არაბული შტახსი ხუთასი შუშა.
აგორდა ისევ ჭური თვითმოძრავი, ზღვის კიდემდის მიაღწია, განიზრახა, ინდოეთს წავალო, უთვალთვალებდა ნაპირისკენ მომავალ ტრირემას.
კარისკაცებს მალემსრბოლი გამოეგზავნათ, კეისარი უხმობსო ალ-ჰაქიმის ელჩს.
როცა ხელახლა მოვიდა სასახლეში, მსახურთუხუცესი გამოეგება. მოსთხოვა, კეისრის პალატებში შესვლამდის მიწას უნდა ემთხვიოსო ყოველი მუსლიმანი.
უარზე დადგა აბუბექრ-ისმაილ-იბნ-ალ-აშარი, წასვლა დააპირა კვლავ.
მივიდნენ და მოახსენეს ბასილი კეისარს.
გაეცინა იმპერატორს, დამარცხებული ალ-ჰაქიმის ელჩის ასეთი თავხედობა რა შეიცნო. ხალიფა ალ-ჰაქიმი ბნედიანია, ალბათ გიჟს გამოგზავნიდაო ვინმეს.
ბრძანა: ისეთი კარი შეაბითო, თავმოდრეკა მაინც მოუხდესო ჩემთან შემოსვლისას.
მეორე დღისთვის იხმეს აბუბექრ-ისმაილ-იბნ-ალ-აშარი.
როცა თეთრჩალმიანი და შავხანჯლიანი ელჩი კვლავ მიბრუნდა კეისრის სასახლეში და სახელდახელოდ შეხანხლული დაბალი კარი დაინახა, ზღურბლამდის მივიდა ქედგამართული, მერმე გამობრუნდა და უკანალით შევიდა ბასილი კეისრის დარბაზში, კარი ვიწრო იყო, ჩარჩოს გამოედო, მაგრად შეანჯღრია ხის კარი.
კეისარი ვერცხლის ტახტზე იჯდა, მხარმარჯვნით სამი ოქროსთორიანი პატრიციუსი იდგა, მხარმარცხნით – სამი თარჯიმანი. ოქროს გვირგვინი ეხურა ბასილის თავზე, მარგალიტებით მოოჭვილი ძოწეული ტანზე ეცვა, კისერზე პატიოსანი თვლებით დახუნძლული ჯაჭვი ეკიდა, ფეხზე წითელი წაღები ეცვა, ალმასებითა და მარგალიტებით მოოჭვილი სრულად.
წინ წამოდგა არაბულის თარჯიმანი, მიესალმა და ეკითხება ელჩს:
\\\”რა მოვახსენო თქვენის სახელით კეისარს?\\\”
\\\”მხოლოდ იგი, რაც ჩემგან გაიგონოთ\\\”.
გაეცინა კეისარს.
მერმე არაბულის თარჯიმანს მიუბრუნდა ბასილი და ეუბნება:
\\\”სარკინოზების ელჩებს, როგორც სჩანს, უკანალი უფრო მაგარი უნდა ჰქონდეთ, ვიდრე შუბლი?\\\”
აბუბექრ-ისმაილ-იბნ-ალ-აშარიმ არ აცალა გადათარგმნა თარჯიმანს, დახვეწილი ბერძნულით მიმართა კეისარს:
უფლისწულო, საერთოდ ელჩებს განსაკუთრებით უკანალი უნდა ექნეთ მაგარი, როცა ხალიფის სასახლიდან კეისარს ეახლებიან, რაკი ბევრ პანღურს უნდა მოელოდნენო.
ბასილის დედა მიკიტნის ქალი იყო, ამიტომაც უყვარდა ბილწსიტყვაობა კეისარს.
გულიანად გაეცინა ამის გამგონეს.
როცა ალ-ჰაქიმის ელჩებმა საქმე მოათავეს და ქრთამები გადასცეს კეისარს, ლულუის მცხოვრებთა დესპანები შემოიყვანეს, მათ შეატყობინეს კეისარს: ლულუის ქალაქი აპირებსო ქრისტეს სჯულად მოქცევას.
ბასილი ბრმად მორწმუნე იყო, დიდძალი საჩუქრები მიუბოძა ლულუის დესპანებს და დაუყვავა.
მეორე დღეს კვლავ გამოეცხადა ბასილის ალ-ჰაქიმის ელჩი. მეც ვიწამებო ქრისტეს სჯულს.
იმ დღეს ხრიზოტრიკლინის ოქროს დარბაზში მიიღო ბასილიმ ელჩები.
კეისარს გაეხარდა, რა გაიგო ეს ენამახვილი და გამბედავი რაინდი უერთდებაო ქრისტიანობას. როცა ფარსმანმა შვიდი ხელობა ჩამოუთვალა, ხუროთმოძღვართა უხუცესად დანიშნეს იგი.
წლის დამლევს დიდი მიწისძვრა მოხდა ბიზანტიაში. ფარსმანმა შეაკეთა აია სოფია და რამდენიმე ტაძარი ანატოლიკში.
კონსტანტინეპოლშივე მიემხრო ფარსმანი სუფიების სექტას, ერთ მშვენიერ დღეს ქალაქიდან გაიპარა. დაუჭედელი აქლემით გაიქცა მისრს.
დიდხანს იმოგზაურა ეგვიპტეში. ხეოპსის პირამიდაზე არაბული წარწერა ამოიკითხა ასეთი:
დააგდე სექტა, სიძულვილის გახდი საგანი.
ვერ გაგიბედოს შენ ხელყოფა მუხთალმა დრომა,
გახდი დერვიში, უსამშობლო გლახაკთაგანი,
ზღვისგან ისწავლე ღელვის შემდეგ გულდამშვიდება…
განაძე შენგან წუთისოფლის მტკნარი დიდება,
დაიმსახურე მართებულად მეფეთა წყრომა…
ეს ლექსი, უკაცრიელ უდაბნოში ამოკითხული, ისე ღრმად ჩასწვდა გულში, დერვიშობა დაიწყო, მთელი ეგვიპტე შემოიარა, მათხოვართა ხანაგებში ღამეს ათევდა.
იქიდან ბაღდადს ჩავიდა…
სწორედ იმ დღეს საშინელი ქარიშხალი დაიწყო ბაღდადში.
ატყდა ჭექა-ქუხილი, ცეცხლის სვეტი გამოვიდა ციდან, შავი წვიმა დაუშვა, საღამოს კუდიანი ვარსკვლავი აღმოხდა მახვილის სახისა.
შეძრწუნებული მოსახლეობა ალაჰის რისხვას მიაწერდა ამას ყოველივეს და ლოცულობდა პირქვე დამხობილი.
ამ ამბავმა ფარსმანი ფრიად დააფიქრა და ვარსკვლავთმრიცხველობამ გაიტაცა იგი.
უკვე ხანში შესულს სამშობლო მოენატრა. ბაღდადის ხალიფამ ტფილისის ამირასთან წარგზავნა იგი. ტფილისში მოაწყო მან პირველი ობსერვატორია, აქვე შეირქვა ფარსმან სპარსი…
როცა ტფილისის ამირა ბაგრატ მეფეს შეება დიღომთან, ფარსმანი შეიპყრეს სამეფოის სპათა (იგი თუხარისის ციხეში იდუმალ ჩასვლას აპირებდა თურმე, იმადაც წამოყოლოდა სარკინოზების ჯარს).
მცირე ხანს დილეგში იჯდა უფლისციხეში, ბაგრატ კურაპალატს ჯერ თარჯიმნად ჰყავდა სასახლეში. ერთი წლის შემდეგ ხუროთმოძღვართა უხუცესობა დააკისრა მას გიორგი პირველმა.
ისევ იყივლა მამალმა მუხნარისას ციხის სანახებში, ახლა მეორე გაეპაექრა მას. აყივლდნენ მთავართა სანათლოის მამლებიც.
ზის წელში მოდრეკილი ფარსმან ჩორჩანელი ჩანაცრულ ბუხრის წინ. ხვალ, ზეგ ან ერთი კვირიაკეს მოქცევის შემდეგ რა მცირე ღელე დაახრჩობს ზღვათა გადამლახავს…
სულ მცირე, უსუსური ღელე დაახრჩობს მრავალნაცად მეომარსა და მსოფლიო მოგზაურს, თავის სამშობლოში უსამშობლოდ ქცეულს.
კვლავ აგონდება ვარდან ბრძენის შეგონებაი:
ცხოვრება უდაბნოა ურწყული და ეცადე, გარს შემოუარო…
ფარსმანს შეეძლო ახლა ეთქვა: მე არც ქრისტიანი ვარ, არც იუდაელი და არც მუსლიმი.
უსჯულოდ, უღმერთოდ, უთვისტომოდ იღუპება იგი თვისტომთა შორის.
მერმე რისთვის?
ერთი ციდა ქალის, ფანასკერტელის უჰასაკო გომბიოს გამო…
უკეთეს შემთხვევაში თავს მოჰკვეთენ სადმე, ღართისკარს გადაღმა გადააგდებენ მის ცხედარს ხევში და არავინ გამოჩნდება ქვეყნად არც მთხრობელი, არც მწერალი, არც მხატვარი, რათა მისი დიდი ვნებანი გაუზიაროს შთამომავლობას შემდეგ…
მხევალი თებრონია პირაღმა გაშოთილა, უდრტვინველად ხვრინავს და მისი ტყირპიანი სახე ისე მოქცეულა, მორიელები დასევიანო ღაწვის თავებზე.
იყივლა მამალმა კვლავ, ახლა სულ ახლოს, სადაც ფარსმანის შეგირდი არსაკიძე ცხოვრობს. მას მეორე გამოეხმაურა, მესამე, მეოთხე და ვეღარ დათვალა ფარსმანმა…
რა საოცარი არსებაა მაინც მამალი!
ფიქრობს თავისთვის ფარსმანი.
იგი ერთადერთია ცხოველთა შორის, რომელიც ცისკენ იყურება მუდამჟამს. მზისა და სიკვდილის მოახლოების მაცნეა მამალი, ღამესთან მორკინე და მარადჟამს ღამისმთეველი.
ლომსაც კი აფრთხობს მისი უცნაური ყივილი.
…იგორა თვითმოძრავმა ჭურმა და აჰა, სიკვდილის ბჭესთან მოგორებულა იგი!…
მელქისედეკის პირგამეხებული სახე წარმოუდგა კვლავ.
ცისკენ თავაშვერილ მამალს წააგავდა მელქისედეკ კათალიკოსი, შობა დღის ქადაგების მთქმელი.
რაღაც უჯიათი შეუმუსვრელობა გამოსჭვიოდა ხორცდაშრეტილი ბერის ჩონჩხად ქცეულ ანაგობიდან. ტირანული სისასტიკე გართხმულიყო ძარღვებდაბერილ შუბლსა და ენერგიულ ღაწვისთავებს შორის, ციმციმებდნენ ტიარის ალმასები, ვარვარებდა ოქროს ომფორი უამრავი სანთლის ერთობლივ ლიცლიცზე.
ისეთი ბედითი ლაპლაპი გაჰქონდა ტიარასა და ომფორს, როგორიც ბიზანტიელ პატრიციების მოოქროვილ მუზარადებსა და ჯაჭვის პერანგებს იმ წუთში, როცა ხმალამოწვდილნი დასძგერებიან ისინი აბუბექრ-ისმაილ-იბნ-ალ-აშარს, ჟანგისფერ თორაბჯარში მორთულს.
იდგა მელქისედეკი ამაყად, თავაწეული და გაუდრეკელი, როგორც სეფედროშა გამარჯვებული ლაშქრისა.
სარკმლიდან გაიხედა ფარსმანმა.
ეძინა მთავართა სანათლოის ჩაბნელებულ უბანს.
მგლების ყმუილი მოისმოდა შორიდან, ისევ ატყდა მამლების დაჟინებული ყივილი, ტოკავდა, ზანზარებდა მთვარის შუქისგან დაბლონდილი ზეცის თავანი…

XXII

მოწეულიყო არე გაზაფხულისა. ლაინისფერ მთებზე ალაგ-ალაგ ელავდა ხასხასა სითეთრე. მწვანე შემოსდგომოდა არაგვის ხეობას.
ჰყვაოდა ნუში.
ქედანისფერი, მგლისფერი და ზღვისფერი ებრძოდნენ ურთიერთს კორდებზე…
მზე ეთხოვებოდა მცხეთის ტაძრების მოოქროვილ გუმბათებს.
კონსტანტინე არსაკიძე ნელი ნაბიჯით ჩამოდიოდა ერთსართულიან ქვითკირის სახლიდან, რომელსაც ჩარდახმორღვეული კოშკი ჰქონდა უკან მოდგმული. ხურსი აბულელის სახლთუხუცესს – რატის ეკუთვნოდა ეს პატარა სასახლე ოდესღაც.
როცა ხურსი სარკინოზებთან გაიქცა, სახლეული და სახლთუხუცესი თან წარიტანა, მხევალი ნონაი დასტოვა შინ.
მერმე ის იყო, ხუროთმოძღვარის ხარისხი მიუბოძა გიორგი მეფემ არსაკიძეს და ეს სასახლეც მას გადასცეს.
ხილნარი ერტყა სასახლეს გარშემო, ირანულ გეგმაზე მოწყობილი ბაღჩა, ათიოდე საფუტკრეც შიგ.
მოხუცებული ნონაი მრავალ წელს მარტოკა ცხოვრობდა ამ უკაცრიელ სახლში.
ყველაზე ადრე მწერი და ქვეწარმავალი შეიცნობს ხოლმე კაცთა ოჯახის იავარყოფას.
ობობები შეესია კუთხეებს, ხოჭოებით გაივსო კარადები და განჯინები, მორიელებმა გამოსტეხეს ქვითკირი, ცეცხლისფერი მორიელები ზიმზიმებდნენ თაროებსა და ფანჯრის რაფებზე.
ნონაი თავგამოდებით ებრძოდა მათ, ბოლოს გაქცევა გადასწყვიტა, დედათა მონასტერში მონაზვნად აღკვეცას აპირებდა, რადგან ამბავი მოუვიდა – რომელიღაც ომში მოჰკლესო რატი.
სწორედ ამ დროს დააბინავეს ტყვეყოფილი ლაზი მუნ. სიხარულისაგან ცას ეწია ნონაი.
მამისეულ ოჯახში ნებიერად აღზრდილს მეურნის ნიჭი არ მოსდგამდა არსაკიძეს. განადგურების კიდეზე იყო მიმდგარი რატისეული სასახლე.
შერყეულიყვნენ თავკიდურები, ბალავარი მიწისძვრას დაეხეთქა, სახურავის ფიქალი ალაგ-ალაგ ქარს გადაეძრო. ხეხილი დაეზრა ყინვას.
მიმხედავი არავინ სჩანდა.
არსაკიძე დღენიადაგ ხარაჩოებზე დაბობღავდა. მთელს საქართველოში დაეხეტებოდა, ციხეთა და ეკლესიათა მშენებლობას თვალს ადევნებდა. დაქანცული, კირში ამოთხვრილი ბრუნდებოდა ნასამხრალზე შინ, ზეზეურად წაიხემსებდა, კვლავ სამუშაოს მიუჯდებოდა.
თავად ხაზავდა გეგმებს, ასწორებდა სხვის მიერ დახატულ დეტალებს, არ ენდობოდა ხელოსნებს, ხანაც საჭრეთელს წაავლებდა ხელს, აქანდაკებდა ბარელიეფებს, ჩუქურთმებსა სჭრიდა უდრეკ ლოდებზე, საფრესკე ნახაზებს ამზადებდა თავათ.
საკუთარ შვილსავით უვლიდა ნოანი ჭაბუკს. იტანჯებოდა მოხუცი დიაცი არსაკიძის უმწეობისა და სიბედშავის შემყურე. დღენიადაგ შრომაში გართულს ჭამაც ავიწყდებოდა. ჯამიანად უკან დასდევდა ნონაი.
შესჭამეო რამე, ევედრებოდა თავის ახალ ბატონს, რომელსაც ბატონობის უნარიც არ აღმოაჩნდა.
იმ საღამოსაც ჩრდილივით მიიპარებოდა არსაკიძე ბინიდან. ბაღჩაში კაჭაჭსა სთხრიდა ნონაი.
გამოუდგა.
დღეს უმადოდ ისადილე, ბატონო, მცირეოდენი კორკოტი მაინც ინებეო, ევედრებოდა. არსაკიძეს ეჩქარებოდა, მაგრამ ხათრი დასდო მოხუცებულს. დედას აგონებდა იგი უცნაურის მზრუნველობითა. კორკოტიც არა ჰქონდა მოთავებული, კეცზე შემწვარი ორაგულები მოურბენინა ნონაიმ.
მაგვიანდებაო, მოიმიზეზა არსაკიძემ, ხელიდან დაუძვრა მხევალს.
ბაღჩა გადაიარა თუ არა, ფარსმანის სახლს მოჰკრა თვალი.
შევალ და ვინახულებ ავადმყოფ ოსტატს, ეს გაიფიქრა და სწორედ ამ დროს ძელსა ჰკრეს მთავართა სანათლოის ეკლესიაში. ეზოსმოძღვარის გუშინდელი საყვედური გაახსენდა ანაზდად: წირვასა და მწუხრზე ვერ გხედავენო. ლაზო.
შემდგომ ამისა, ძველთუძველესი ისტორიები წამოიწყო ხუცესმა: ლაზები იყვნენო პირველქრისტეანნი საქართველოში, მათ აღმართესო ძელი პატიოსანი პირველად. თუ წარმართმა ფხოველებმა არ გადაგარჯულეს, შენ უნდა იყვეო სანაქებო სჯულისმოყვარე.
ამ თავაზიან შეგონებაში უცილოდ ერია იდუმალი ქირდვა.
კარგად იცოდა არსაკიძემ, გულბოროტი რომ იყო ეზოსმოძღვარი ამბროსი, ენაჭარტალა და მთესავი ღვარძლისა.
ახლა, როცა დიდი ხნის წამების შემდეგ ბედმა გაუღიმა, რაღად სჭიროდა მიუსაფარ ტყვე ლაზს ამ ქვეყნის ძლიერთა გულისწყრომის დამსახურება.
დაქანცული იყო მთელი დღე ხარაჩოებზე ტრიალისაგან, შინ გაბრუნება ყველაფერს ერჩია, მაინც მიეძალა გზას.
მარტის მზეს სიმხურვალე დარჩენოდა მთების უბეებში, ხვადაბუნების პაწია ვენახებს სხლავდნენ. ალაგ-ალაგ კოცონები ენთო ბაღის კუთხეებში, ლიწინ-ლიწინი გაჰქონდა წალამს.
რქა აეყარა ვაზს, აყვავებულიყო ფშატისა და ატმის ხეები, ლერწები დასწითლებოდა ნერგებს, მანეულის ბუჩქები ყვითლად ღვიოდნენ, ცეცხლმოდებულ ჯაგებს წააგავდნენ ისინი.
მწუხრი მშვიდობისას უსურვებდა არსაკიძე ვენახებში მომუშავეთა.
ბავშვებს სიმღერით შემოჰყავდათ მთავართა სანათლოის გარეუბანში ღორ-ხბო. მათ უკან კამეჩის ჯოგები მოიზლაზნებოდნენ თემშარაზე, ნახირები მოსდებოდნენ გზებსა და შუკებს, ყროყინებდნენ თავაწეული კამეჩები, ჭიხვინებდნენ უბელო ჭაკები, ფალნიანი აქლემები მოაკანტურებდნენ თავს, ქერა კვიცები დაკუნტრუშობდნენ ტალახიან გზებზე.
კორდი აიარა თუ არა, სვეტიცხოველი გამოჩნდა შორიდან. თავის საყვარელ ქმნილებისკენ გაექცა თვალი.
გაიხარა ოსტატის გულმა. ორი წლის წინათ მიწას არ აჩნდა ბალავარი ამ ადგილიდან. ახლა ხარაჩოების მთელი ტყე იდგა ოთხივე კიდეს. სვეტები. კოჭები, კაკუტები. ლატნები, ხარიხები და ძელები….
სამკუთხედი, ოთკუთხედი, ჯვარედი. წრიული და მანდიკური ხაზები, ეს ყოველივე ისეთ შთაბეჭდილებას ჰბადებდა შორიდან, გოლიათური ქარის წისქვილები აუგიათო, ქორედ-ქორედი ხუხულები, დევის ყმაწვილთა სათამაშოდ გაკეთებული.
ამ უწესრიგო, უსწორო ხაზების ქაოტურ ზესწრაფვაში მხოლოდ ოსტატის თვალი თუ ამოიკითხავდა მომავალი ნაგებობის ანაგობას დიდებულს.
არავინ ისე არ იტანჯება მატერიის ქაოსის შემყურე, როგორც ხელოვანი ამქვეყნად.
არსაკიძე გრძნობდა, მეფემ და კათალიკოსმა უდიდეს ოსტატს რომ შეარკინეს იგი. მოხუცებულ ბრძენკაცს უნდა შებმოდა მოკრძალებული, თავმდაბალი ჭაბუკი, მის ქმნილებას უნდა დაეჩრდილა ყველა ტაძარი ფარსმანის მიერ აგებული სამცხეში.
ღმერთია მოწამე, მას არ მოუწადინებია ეს. არსაკიძის სახელს დასწვდნენ და ესროლეს იგი ფარსმანს, როგორც ხელკეტი მწიფე ნაყოფს.
ხალხს გულამაყი ეგონა არსაკიძე – უთვინიერესი ბუნებით. ჯერ კიდევ ფარსმანისაგან ჰქონდა მინიშნებული კონსტანტინეს: ბრძენკაცი უნდა იყვეო და შლეგად მოაჩვენოო ადამიანებს თავი, გმირი უნდა იყვე და ჯაბანივით დადიოდე, ოსტატი უნდა იყვე და ხელმოცარულად მოგქონდეს თავი, რადგან არავის იმდენი მტერი არა ჰყავსო ამქვეყნად, როგორც ბრძენკაცს, გმირსა და ოსტატს.
არცთუ ოდესმე გაბედავდა არსაკიძე არაგვისა და მტკვრის შესართავთან ტაძრის აგებას უკვარცხლბეკო ვაკეზე.
აღმოსავლეთიდან ჯვარის ტაძარი გადმოსცქერის მას, სარკინეთისა და ზედაზენის მთების გვირგვინი, ჩრდილოეთიდან, ყაზბეგის მწვერვალიდან – ყინვის ბექთარებში ჩაჭედილი მარადჟამობა.
ეს ყოველივე კარგად ესმოდა არსაკიძეს, ამიტომაც ებრძოდა იგი ამ უხეში ლოდების ქაოსს, როგორც კოჭლი იაკობი თავის მრისხანე ღმერთს.
ორი წლის წინათ ეს ლოდები, ეს ძელები, ეს აგურები უწესრიგოდ ეყარნენ მიწაზე, დაჰხედა ოსტატის თვალმა, შეეხო ოსტატის ხელი, ქვა ქვაზე შესდგა, აგური აგურს წაეპოტინა, კედლებმა მხარი მისცეს ურთიერთს, თაღებმა კამარა შეჰკრეს, გუმბათმა ნაგებობა დააგვირგვინა. მალე მიეახლება ნაოსტატარს ოსტატი, ქაოსს შემოაცლის სრულყოფილს, ბედნიერი შემოქმედი შესძახებს ქმნილებას: იქმენინ ნათელი!
და ცას მისწვდება ლოდების უცნაური ჰარმონია ცადატყორცნილი და ცაშივე გაყინული სამარადჟამოდ.
\\\”კურთხეულია მხოლოდ ნაბიჯი ვალმოხდილისა, შრომაა უდიდესი სიქველე ამქვეყნად და არც არაფერი ამშვენებს ისე ვაჟკაცს, როგორც შრომაში გამოჩენილი სიმამაცე.
უდიდესი სიამაყე შეუდგება გულს, როცა შემოქმედების შენის ნაყოფი ცხოვრებასა და მიწას სამკაულად გამოადგება\\\”.
უბანი გაიარა ამ ფიქრით მოცულმა ჭაბუკმა, ველი დაიწყო უკაცრიელი, გუგულის ხმა მოისმოდა შორიდან. გაზაფხული გაუბედავად მოსდგომოდა არაგვის ხეობას, გუგული უხმობდა თითქოს მთების უბეებში დაყოვნებულს.
ბეხრეკა მუხა გაეჭაბუკებინა გაზაფხულის სუნთქვას ძალოვანს, გალურჯებულიყვნენ შტოებზე ლერწები, ია გამოსულიყო აქა-იქ კორდებზე, ავშანის მხმარ ბუჩქებში განაბული. ფაჩუნებდა ღობემძვრალა ნაზამთრალ ფოთლებში, წითური ჯინჭველების ქარავანი აღმა აჰყოლოდა დაკორძებულ მუხის ტანს. ხოლო ქვევით, დაღვარჭნილ ფესვებთან, შავი ჯინჭველები მისეოდნენ გვამგამოფატრულ, ყვითელ მუხლუხას, ფუსფუსებდნენ გრძელულვაშიანი მეკობრენი, სიცოცხლე ზეიმობდა სიკვდილის კარზე.
კორდზე წამომჯდარი მწყემსი სალამურს უკრავდა. თხები დაკუნტრუშებდნენ ქარაფების ფერხთით. ციკნები კიკინებდნენ მაყვლოვანში მონავარდენი.
ძელსა ჰკრეს სამთავროს ეკლესიაში.
მწუხრზე ეჩქარებოდა არსაკიძეს, გადასწყვიტა მოკლეებით მოეჭრა სასაფლაოზე გზა.
საწყალობელი იყო ძველთაძველი საგოდებელი.
ქართული, ბერძნული, არაბული წარწერანი მოსჩანდნენ ლოდებზე, ფრინველთა სკორეს წაებილწათ უპატრონო სამარხები.
ყორნები წამოიშალნენ ქვის ჯვრებიდან, უკმაყოფილო ყრანტალით მიაშურეს მუხოვანს.
მიდიოდა არსაკიძე, შრიალედენ ანწლისა და ავშანის მხმარი კლერტოები. თვალს გადაჰკრავდა გზადაგზა წარწერებს, ხანაც სამარხეზე დაყუნცულ ქვის ვერძებს გადაჰხედავდა. ზოგ წარწერას კიდევ გაარჩევდა თვალი, ხავსს წარეხოცა ზოგიც.
ქართველები, ბერძნები, სარკინოზები, – ყველა წამხდარიყო სიკვდილის წინაშე. ამსოფლიურ ამაოებას მისტიროდნენ, შენდობასა და მოხსენებას ითხოვდნენ ყველანი.
ნუთუ ცოცხალთა ღმერთი უნდა იყოს იგი, ვისაც ეს მზეგადასული თაობები შეჰღაღადებენ? თუ სიკვდილის უფალია, ჩრდილების ქვეყნისა და შავეთის თავადი?.
საგოდებელი გადაიარა არსაკიძემ და შეღმართი მოათავა.
ანწლისა და ავშანის კლერტოები წელამდის წვდებოდა, უსიცოცხლო შარიშური გაჰქონდათ ნაზამთრალ ღეროებს.
იძალა სალამურის ხმამ, ძახილს მოუხშირა გუგულმა.
ასე გამოდიოდა: პანის სალამური და გუგულის ხმა უხმობდნენ გაზაფხულს. ამ გავერანებულ საგოდებელშიაც გადმოსულიყო იგი, რადგან ავშანისა და ანწლის ნაფესვარებიდან თავი წამოეყო მორჩს, ყურდაცქვეტილი ყლორტები უღიმოდნენ ცას. აზმორებდა მიწას სიმხურვალე გაზაფხულისა. სადაცაა ჟვერს უნდა ამოეხეთქა და ამ ველურ ვეგეტაციას წარეხოცა ეს ხავსიანი ლოდები და ქვის ჯვრები. ეს წარწერანი, ამაოებისა და სიკვდილის მაუწყებელნი.
გუნება შეეცვალა არსაკიძეს, კიდევ ერთხელ გადაჰხედა სვეტიცხოველს. კორდი აირბინა ისე მსუბუქად, თითქოს ხელმეორედ შობილიყო ამქვეყნად.
მიდიოდა მტკიცე ნაბიჯით და ფიქრობდა თავისთვის:
\\\”ხელოვნებაა თავათ უკვდავება.
მხოლოდ ოსტატს ვერ ეწევა სიკვდილი…
ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს. მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება, როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი\\\”.
შედრკა საკუთარი ფიქრის წინაშე და ეკლესიისაკენ მიმავალ ბილიკს მიჰყვა აჩქარებული ნაბიჯით.
ძელსა ჰკრეს სამთავროში ხელახლა.
ზღვა ხალხი ვერ ეტეოდა ეზოში, გალავნის გარშემო მოჯარულიყო ბრბო. ბალღებიანი დიაცები კარიბჭეში ისრისებოდნენ, ჭიხვინებდნენ ქვის ყორეებთან დაბმული ულაყები, დიდკაცების თოროსან ცხენებს დაასეირნებდნენ მეჯინიბენი.
მათხოვრები, ჯამბაზები და მუცლითმეზღაპრენი ქოთქოთებდნენ კარიბჭეებთან. ისმოდა ურთიერთში აღრეული გალობა, ტირილი, ბავშვების ღნავილი და ცხენების ჭიხვინი.
შესავალთან ვიღაც მოხუცი შეაყენა არსაკიძემ.
ჰკითხავდა:
ხატობაზე ხომ არ მოსულაო ეს ამდენი ხალხი?
არა, ხატობა როდიაო, მელქისედეკ კათალიკოსი იქადაგებს მწუხრის შემდეგ, ამადაც მოაწყდაო ხალხი.
არსაკიძეს არ უყვარდა ის უცნაური სუნი, ადამიანებით გაჭექილ ეკლესიებში რომ ხდება საცნაურ, მხოლოდ ეს უნდოდა ლაზს, ეზოსმოძღვარი დაელანდა როგორმე, ამის შემდეგ მოხდილად ჩათვლიდა მოვალეობას ამჯერად.
ხალხით გაჭედილიყო ტაძარი, მაინც ყველა შიგ შესვლას მიესწრაფოდა. ორ-ორ კაცს გამოჰყავდათ გულშემოყრილი ქალები, ერთ მანდილოსანს, გოლიათურ ანაგობისას, ოთხი ვაჟკაცი შესდგომოდა, სავსებით ფერმიხდილს ძლივს მიათრევდნენ ბრბოში.
კლიროსიდან მოისმოდა სულზე უტკბესი გალობა. ეს გალობა უყვარდა არსაკიძეს. მხოლოდ ამისთვის დადიოდა წირვაზე, მაგრამ ტაძარში ისეთი ზუნი იდგა, მხოლოდ კანტიკუნტად მოესმოდა მგალობელთა ხმა.
მწუხრი მოთავებული იყო, როცა არსაკიძემ ტაძრის შუაგულამდის მიაღწია ძლივს.
კათალიკოსს ქადაგება უკვე დაეწყო.
რა უცნაურია ბრმა შემთხვევის ძალა! სწორედ იაკობის მიერ ღმერთთან შებრძოლებას ეხებოდა მელქისედეკი.
\\\”…და წიაღ მოიკრიბა იაკობ ყოველივე, რაიცა იყო მისი და დადგა იგი მარტოი მუნ და ერკინებოდა მას კაცი ვიდრე განთიადამდე.
და ვითარ იხილა, რამეთუ ვერ უძლავს მისსა მიმართ, შეეხო ვრცელსა ბარკლისა მისისასა და დაუბოშა ვრცელი ბარკლისაი იაკობისი, ბრძოლასა მას მისსა მისთანა და ჰრქვა:
განმიტევე მე, რამეთუ აღმოხდა ცისკარი.
და მან ჰრქვა: რაი არს სახელი შენი?
ხოლო მან ჰრქვა: იაკობ\\\”.
ეს ადგილი ზეპირად წარმოსთქვა მელქისედეკმა.
შემდეგომ ამისა მტკიცე და შეუდრეკელი ხმით განაცხადა: მოწესეებსა და მღვდლებს მართებთო კარგად განმარტება ამ ადგილისა, რადგან მწვალებელნი და მკრეხელნი აუგად იყენებენო იაკობის მიერ ღმერთთან ბრძოლის ამბავს.
ამქვეყნიური სახელითა და პატივით გულმოცემულნი შემოქმედს უტოლებენ თავს, ღმერთთან შერკინებას მიელტვიანო.
აქ ხმა აუმაღლა კათალიკოსმა და იქედნური ღიმილით დასძინა: ამ საცოდავებს ის ავიწყდებათ, ბარკალი რომ მოსტეხაო ღმერთმა თავის უფალთან მორკინე იაკობს.
ბიბინებდნენ კანკელის წინ სანთლები, ელავდა ოქრომკედი კათალიკოსის ომფორზე, ციმციმებდნენ ვარშამანგის ალმასები.
ღაწვისთავები შესწითლებოდა მელქისედეკს, მომნუსხველი მზერით შესცქეროდა იგი გარსმოჯარულ ბრბოს.
ამ წუთში ასე ეგონა არსაკიძეს: მას ერთს შესცქეროდა კათალიკოსი, ეჭვი აღეძრა მცირეოდენი. წეღანდელი ფიქრი ხომ არ შეიცნოო ამ მოხუცმა გრძნეულების ძალით?
ჯიქურ შეხედა კათალიკოსს, მაგრამ მალე თავი დაჰხარა, ვერ აიტანა მელქისედეკის დაძაბული მზერის სიმძაფრე.
გული უწუხდა კონსტანტინეს, ბრბოში გაჭექილს. ოფლის სუნი მისწვდა მის სათუთ ყნოსვას, ოფლისა, საკმევლისა და მირონის სუნი ურთიერთში აღრეული.
კარებისკენ უკუიქცა.
მიდიოდა. კი არ მიდიოდა, მხარულით მისცურავდა თითქოს.
არსაკიძე ჯერ კიდევ არ იყო გამოსული ტაძრიდან, როცა მელქისედეკმა ქადაგება მოათავა.
ნამდვილი ბრძოლა გაიმართა ყოველ კუთხეში.
აბობოქრდა ხალხი, დიდი და მცირე საკურთხევლისაკენ გაეშურა კათალიკოსის დამჭკნარი ხელის ამბორსაყოფად, მაგრამ რადგანაც ბრბოს მრავალი ათასი პირი ჰქონდა, ხოლო მელქისედეკს ერთადერთი მარჯვენა, საშინელი სრესა გაიმართა.
ოთხივე კარიდან შემოაწვა გაჭექილ ტაძარს ხალხი.
მთავარდიაკვნის კათედრა წააქციეს.
ერთბაშად იკივლა ვიღაც დედაკაცმა. მცირე ხანს ზუზუნებდა შეტბორებული ბრბო, თოთო ბავშვის ცხედარი ამოტივტივდა ორი ვაჟკაცის ხელებზე.
არსაკიძე შეჰზარა თავგასრესილი ბალღის შეხედვამ, თვალი აარიდა და მთელის ძალ-ღონით დაიძრა გასასვლელისაკენ, დაქანცულობა გადაავიწყდა გაგულისებულს, ბოლოს ძლივს გავიდა ეზოში საკინძეშემოხეული.
იმხანად ასეთი ჩვეულება დასჩემდა არსაკიძეს:
ყოველ ეკლესიას საგანგებოდ ატოლებდა სვეტიცხოველის მომავალ შენობას. ამიტომაც ორჯერ შემოუარა სამთავროს ეკლესიას ბნელში. ნაბიჯით გამოზომა სიგრძე და სიგანე. გაცილებით უფრო დიდი აღმოჩნდა ახალი სვეტიცხოველი. იამა ეს ამბავი ოსტატს.
მუდამ ასეთი ყოფილა ხელოვანის ბედი.
როგორც ტოილოთი დაბმული ცხენი გარს უვლის ხოლმე დღედაღამ პალოს, აქ მოსძოვს მცირეს, იქ მოიბალახებს, დადის წრის გარშემო გაჩხიბულივით, ასევე ოსტატს მუდამ თვალწინ უდგას შემოქმედების თვისის საგანი, სულ ერთია, სეირნობს იგი, ლხინს ეძლევა, ანდა მაშინაც, როცა ბრბოში უსაქმურად დაეხეტება, მარადჟამს თავის პირმშოს დასტრიალებს გონების თვალით.
მთვარე ამოსულიყო უკვე.
ცაცხვის ჩრდილში იდგა არსაკიძე, მძინარე ქალაქს გადასცქეროდა. ჩრდილოს კარიდან ეზოსმოძღვარი გამოძვრა. პირდაპირ შეეჩეხა ბნელში მდგარ ხუროთმოძღვარს.
\\\”მწუხრი მშვიდობისა\\\”.
წაიბუტბუტა არსაკიძემ, მაგრამ ეზოსმოძღვარი ისე გაოგნებული იყო, არც კი სმენია ეს მისალმება.
სჩანდა: ვიღაცას უთვალთვალებდა იგი ეკლესიის ეზოში.
კისერი წაიგრძელა ხუცესმა და მიჰყვა დიაცების ერთ ჯგუფს, საქალებოდან გამოსულს იმ წუთში.
არსაკიძეს ცნობის წადილი მოეძალა.
ნაბიჯს აუჩქარა.
შენიშნა: ფხოვურ სამოსში გამოწყობილ მხევლებს ვიღაც მანდილოსანი მიჰყავდათ ეზოში.
მიუახლოვდა თუ არა, ვარდისახარის შინდისფერი თავშალი შეიცნო არსაკიძემ.
შესაძლოა, შორენა მოჰყავდეთო, ეს გაიფიქრა და წამოეწია. ორიოდე ნაბიჯით გაუსწრო მოახლეებს, უკან მოიხედა ფრთხილად.
თავჩაღუნული მოდიოდა შორენა, სახეს არიდებდა ცნობისმოყვარეთა დაჟინებულ მზერას. გამსჭვირვალე ბლონდი ებურა პირზე, ბროწეულის ყვავილის დარი, სითვით ამოქარგული.
ორი მკვარიანი მოახლე გვერდით მისდევდა. სიყვითლის იერი გადასდიოდა ღაწვებზე. არსაკიძეს ვერ გაეგო, შუქის ანარეკლი იყო ეს, თუ ბუნებრივ ფერად ქცეოდა იგი ტყვეს?
არსაკიძემ შენიშნა, ვარდისახარმა შეიცნო იგი.
ორჯერ მოიხედა ზედიზედ, მზერა აარიდა ჭაბუკმა ქალს.
სწორედ ამ დროს გაიელვა მის წინაშე ეზოსმოძღვარის ლანდმა.
გაეცალა არსაკიძე შაოსანს. ნელის ნაბიჯით მიდიოდა ბრბოში.
ცალკერძ ფხოველი ქალების გუნდს უთვალთვალებდა, ცალკერძ – შავ ანაფორას ხუცისას.
ისევ მოუარა წადილმა, უნდოდა, როგორმე წამოსწეოდა ფხოველ დიაცებს, მწუხრი მშვიდობისა მაინც ეთქვა შეფარვით.
უცნაური ხმები დადიოდა ბოლო ხანს შორენას გამო მცხეთაში. საბელით გადააპარესო იგი მოახლეებმა ღართისკარის ციხიდან ღამით. ფხოვს გაქცეულაო თორ-აბჯარში გადაცმული ტყვე, ახალ ამბოხებას აწყობსო ერისთავის ასული ახლა.
სულ სხვას ამბობდნენ სხვანი: უფლისციხეში ჰყავსო კოლონკელიძის ასული მეფეს, დასნეულდაო ბნელში ჯდომისაგან შორენა.
ასეთი რამეც განაგონი ჰქონდა არსაკიძეს: ბედიის მონასტერს წარგზავნაო იგი კათალიკოსმა, მონაზვნად აღკვეცილაო მუნ.
დაწინაურდა არსაკიძე ბრბოში, ისევ წაებლანდა მის მზერას ეზოსმოძღვარის შავი ანაფორა.
მშვენიერი საღამო იყო, გაზაფხულის ამო სუნთქვით დამტკბარი. ცაცხვების შტოებში ელავდნენ ვარსკვლავები, მთვარე გადმოსულიყო სარკინეთის შავჯაგრიან ზურგზე.
ფხოველი ქალების დანახვამ უცნაურად ააფორიაქა არსაკიძე, ტკბილი სიყრმე მოაგონა თავისი, ბედითად შეწყვეტილი ლხენა სიჭაბუკისა.
ვიწრო ქუჩაში მილაშლაშებდა მლოცველების ბრბო. მარტოობა მოუნდა გულდარდიან ჭაბუკს. ქუჩის გასწვრივ ნანგრევები იყო ძველი, მათ ჩრდილს შეაფარა თავი. მიდიოდა დარდიანი, თავჩაქინდრული.
ვიღაცამ უბიძგა მკლავი. რიდით პირახვეული ლანდი ეუცნაურა. შეკრთა, აღელდა, ვარდისახარი შეიცნო მყისვე.
თილისმურად უღიმოდა დიაცი.
წნორის ფოთოლივით ცახცახებდა ვარდისახარი, შორს მიმავალ მოახლეების ჯგუფს არ აცილებდა თვალს.
\\\”სად იყავი აქამდის, რად არა სჩანდი მცხეთაში?\\\”
ეს ჰკითხა არსაკიძემ პირველად.
\\\”ღართისკარის ციხეში ვისხედით…\\\”
\\\”ახლა?\\\”
ახლა შეგვიწყალაო მეფემ, ხურსისეული სასახლე მიგვიჩინა. იმასაც ამბობენ, დროებითად ვართო მანდ, აფხაზეთს გვგზავნისო კათალიკოსი.
არსაკიძე გაოცდა. სიზმარი ეგონა ეს ყოველივე.
შენი ამბავი წვრილად გვამცნო ჩვენმა მოძღვარმა, ათანასე ბერმა. მეფეს გაუცვნიხარ ნადირობის დროს, წარჩინება მიგიღიაო. შორენა გახარებულია ამ ამბით. ფხოვიდან თუ გსმენია რამე?\\\”
ეუბნება სხაპასხუპით ვარდისახარი, ხურვებაშეყრილივით უცახცახებს ყბები.
ფხოვიდან არაფერი მსმენიაო ჯერაც.
ქალი გაოგნებული შესცქეროდა ვაჟს. არსაკიძეს ბრბოსკენ აექცა თვალი. ხელი მკლავზე წაავლო გაშტერებულ ქალს.
\\\”გესმის, ვარდისახარ, გესმის, მეც თქვენს ახლოს მიმიჩინეს ბინა, შებინდებულზე მოდი როგორმე, ნონაი იკითხე, სახლთუხუცესის რატის მხევალი. ახლა წადი, ეზოსმოძღვარი გვითვალთვალებს ვგონებ\\\”.
რიდე აიფარა დიაცმა, კედელს აეკრა და ისაფრა ჩრდილი, ბნეულში წალასლასდა ლანდი.
უცნაურად მოსწყდა არსაკიძე იოგებში. ნაბიჯს უკლო, სასაფლაოსკენ გადავივლიო, გაიფიქრა მარტო შთენილმა.
ცა ისეთი იისფერი იყო, ვარსკვლავებით მჭმუნვარედ აფახულებდნენ მოოქროვილ წამწამებს.
ვარდისახარის სქელი ტუჩები თვალწინ დაუდგა, ვნებისაგან უელავდა დიაცს თვალები.
ფხოვური მაღალი ცა მოაგონდა. ვარდისახარის რბილი და ტფილი სხეულის სიტკბო, თავის წაწალთან გათენებული ღამეები.
საოცარმა ნდომამ იფეთქა ჭაბუკის გულში.
ისევ აუჩქარა ნაბიჯს. ფხოველი დიაცები აღარა სჩანდნენ ბრბოში. ლანდივით მოეჩვენა ვარდისახარი წეღან, უნდოდა შორენასთვის სახეში ჩაეხედნა, წამიერად მაინც ენახა სიყრმის მეგობარი როგორმე.
ახლა თუ წაახელებდა იგი, არ მოერიდებოდა ეზოსმოძღვარს, ახლოს ჩაუვლიდა, მწუხრი მშვიდობისაო წტყოდა მაინც.
პატარა სამლოცველოს გვერდით ვიწროვდებოდა ტალახიანპი ქუჩა. მლოცველების ბრბო შეტბორდა. არსაკიძემ ისარგებლა ამით.
ისევ წააწყდა მისი თვალი შინდისფერ თავსაფარს. შორენას მოქარგულმა ბლონდმაც გაიელვა მთვარის სინათლეში.
ახლა ეს შენიშნა არსაკიძემ, – გარსმოჯარული მცხეთელი დიაცები მომეტებულის გულისყურით უჭვრეტდნენ ერისთავის ქალსა და მის მოახლეებს.
ფხოვური ჩოხა ეცვა კონსტანტინეს, მიახლებოდა ფხოველ დიაცებს?
ეს თვალში ეცემოდა ყველას.
კვლავ მოუდუნდა ნებისყოფა ჭაბუკს, შესაძლოა, ქალებს დაუშავდესო რამე.
ორი ყმაწვილი ქალი უკან მიჰყვებოდა ფხოველ ტყვეებს. მანდილიანი ეჩურჩულებოდა რიდემოსხმულს.
რიდით შებურვილმა რაღაცა ჰკითხა მანდილოსანს (ეს ვერ გაარჩია არსაკიძემ) პასუხი გაიგონა მხოლოდ:
\\\”კოლონკელიძის ასულია, შორენა\\\”.
\\\”დედოფალივით ქალია, არა?\\\”
ამას ამბობდა მაღალი მანდილოსანი.
\\\”არც ბევრი უკლია…\\\”
ეუბნება რიდემოსხმული.
\\\”რად იტყვი მაგას, ქა?\\\”
\\\”გიორგი მეფის ხარჭაა, ხომ იცი…\\\”
სამსჭვალივით ეცა ეს სიტყვები არსაკიძეს.
უნდოდა, მივარდნოდა ენაჭარტალა დიაცს, მიეხალა: სტყუიო.
თავი შეიკავა, გველცემულივით გამოტრიალდა, პირდაპირ შეეჩეხა მის უკან მომავალ ეზოსმოძღვარს, მდუმარედ ჩაუარა მას და ბნელ შუკაში გაუჩინარდა.

XXIII

ხუროთმოძღვართუხუცესის სასამართლოში მოწოდებამ დიდი მითქმა-მოთქმა აღძრა მცხეთის სასახლეში. ნამდვილი ვითარება საქმისა სამიოდე პირმა იცოდა მხოლოდ.
მიუხედავად ამისა, ფარსმანის დასჯას მოითხოვდა დიდი და მცირე, განსაკუთრებით მარიამ დედოფლისა და მელქისედეკ კათალიკოსის მემხრენი. ყველას, ყველას ძაგდა ფარსმანი თავისი ყბადაღებული \\\”წარმართობისა\\\” და მუსლიმური ჩაცმულობის გამო.
არც დედოფალს მოსწონდა თავიდანვე იგი, მაგრამ მის შემცვლელს ვერავის ხედავდა ეკლესიათა მშენებლობით გატაცებული, ამიტომაც ითმენდა \\\”სახითა ბარბაროსს და სჯულითა ტარტაროზს\\\” (როგორც უწოდებდა ხოლმე ეზოსმოძღვარი ფარსმანს).
მარიამ დედოფლის ოცნება ეს იყო: მთელი საქართველო ეკლესიად და მონასტრად ექცია: არა მარტო საქართველო და სომხეთი, მთელი ქვეყანა.
აფხაზეთიდან ახლადჩამოსულს ამბავი დაახვედრეს უფლისციხეში: მეფემ და კათალიკოსმა ახალგაზრდა, ქრისტიანი ლაზი დააწინაურესო. ფრიად გაიხარა დედოფალმა, თუმცა ჯერ არც არსაკიძე ენახა და არც მისი ნახელოვნები.
უფლისციხეშივე ამცნეს: ფანასკერტელის ქალს გამიჯნურებიაო მოხუცი ფარსმანი. თუმცა ფანასკერტელიც ისევე სძაგდა, როგორც ყოველი ნაშიერი დიდაზნაურთა გვარისა, მაინც მოითხოვდა ფარსმანის დასჯას.
ყველაზე მეტად წმ. გიორგის მცხეთის სასახლიდან \\\”გაპარვამ\\\” დააღონა მარიამი, უდიდესი უბედურების მაცნედ მიიჩნია ეს ამბავი.
მცხეთაში ჩამოსვლისთანავე ითავა და მერმე ის იყო, მეფემ, კათალიკოსმა და ეზოსმოძღვარმა დიდძალი საკლავი წაასხმევინეს ნოკორნას, თაყვანი სცეს ახალ საბრძანისში წმინდანს.
ფხოველნი, წანარნი და ღილღვნი მოაწყდნენ ნოკორნას მონასტერს იმ დღეს.
თავათ კათალიკოსი სწირავდა. ნაწირველს დიდხანს იქადაგა მელქისედეკმა. მეფემ დაიჩოქა და ეამბორა განრისხებულ ღვთაებას. შემდგომ ამისა, დედოფალი მიეახლა ფორთხვით, მდუღარე ცრემლებით დაალტო ხატი, თავის ოჯახზე გულის მობრუნება შესთხოვა წმინდანს.
ამაოდ ეცადა ეზოსმოძღვარი როგორმე წვრილად მოეხსენებინა ფარსმანის დანაშაულის ნამდვილი ვითარება დედოფლისათვის, მაგრამ საამისოდ ისეთი ბიწიერი სიტყვები უნდა ეხმარა, მათი წარმოთქმაც ვერ გაჰბედა შემსმენელმა.
მარიამ დედოფალი სომეხთა მეფის ასული იყო. მან შემოიტანა სასახლეში აფხაზთა მეფეებისათვის სავსებით უცხო, ასკეტური სული.
მარიამი თვალს ადევნებდა არა მარტო რელიგიური რიტუალების სასახლეში შესრულებას, არამედ მონასტრებისა და ეკლესიების ყოფას, მღვდელმთავართა, ეპისკოპოზთა, მოწესეთა ზნეობას.
მისი ყოვლისმხილველი თვალი და ყოვლისმსმენელი ყური ეზოსმოძღვარი ამბროსი იყო, იგი უთვალთვალებდა არა მარტო სამღვდელოთა, არამედ თავათ მეფეს, მის ვაზირებსა და ერისთავებს.
ფარსმანის საქმის გამო დაჟინებით სდუმდა გიორგი, რადგან კარგად იცოდა მეფემ: მის მიერ თუნდაც რაიმე აზრის გამოთქმაც განჩინების წინასწარ გამოტანა იქნებოდა უთუოდ.
ზვიად სპასალარიც თავს იკავებდა. მაინცდამაინც არც მას უყვარდა ფარსმანი, მაგრამ როგორც ყოველ საქმეში, აქაც სამხედრო მოსაზრება ამოძრავებდა სპასალარს მხოლოდ.
კარგად ჰხედავდა: დღითი დღე რთულდებოდა ბიზანტიასთან ურთიერთობა. \\\”კომნინის შეთქმულებას\\\” საშინელი დევნა მოჰყვა, ეს ყოველივე ქართველობას დაატყდა თავზე.
ცნობილია: ვესტარხების ხარისხს მარტოოდენ ქართველებსა და სომხებს ანიჭებდნენ ხოლმე ბიზანტიის კეისრები. უკანასკნელ წლებში მხოლოდ სომხებს უბოძა ბასილი კეისარმა ეს ხარისხი.
ბიზანტიონში შეიპყრეს ჯერ კიდევ დავით კურაპალატის დროს სამშობლოდან გაქცეული კლარჯეთელი აზნაურები, სავსებით უბრალოდ დაუკავშირეს ისინი \\\”კომნინის საქმეს\\\”, მსტოვარების მიერ საგანგებოდ შეთხზულს.
ამგვარი ატმოსფერო შეურიგებელ აზრთა სხვაობას იწვევდა გიორგი მეფის სასახლეში. დედოფალი და კათალიკოსი ისე გაიტაცა ბრმადმორწმუნეობამ, რომ ისინი საქართველოს მტერს როდი ჰხედავდნენ კეისარში, არამედ ქრისტიანული სამყაროს უზენაესს არსებას, რომელიც ვითარცა რომის იმპერატორი და \\\”პონტიფექს მაქსიმუს\\\”, მხოლოდ ღმერთს უთმობდა პირველობას ამქვეყნად.
ბიზანტიასთან სჯულის ერთიანობით დაბრმავებულმა თავისი სამეფო გადასცა ბასილი კეისარს სენაქერიმმა, სომხეთის მეფემ.
ზვიადი ამჩნევდა: \\\”კომნინის შეთქმულება\\\” საქართველოსაკენ მოღერილი მახვილის ალესვას მოასწავებდა მხოლოდ.
ასეთ დროში ფარსმანისათვის თვალების დაწვა არც ისე იოლად გადასაწყვეტი იყო.
ეკლესიათა მშენებელი დიახაც მოიძებნა, მაგრამ მეფისა და სპასალარის გარდა არავინ უწყოდა, რომ რკინათა მკვეთელ ხმალთა წრთობის საიდუმლო ერთმა ფარსმანმა იცოდა მხოლოდ.
ამ საიდუმლოს სხვისთვის გადაცემას არც აპირებდა იგი. გარდა ამისა, არც საქართველოში, არც წინა აზიაში ფარსმანზე უფრო დიდი მცოდნე ციხეთმშენებლობისა ზვიად სპასალარს არ ეგულებოდა.

* * *

მეფე გიორგი უჩვეულოდ ღელავდა. სამჯერ გადაადებინა საქმე, ბოლოს მარტის 27-ს უნდა წარსდგომოდა სასამართლოს ფარსმანი.
ახმობინა მეფემ მსაჯულთუხუცესი, დედათა მონასტრის წინამდგომი ვერხაულისძის ქალი და ეზოსმოძღვარი.
გამოუცხადა: ფანასკერტელის ქალის საქმე არავისთვის ემცნოთ მსჯავრის გამოტანამდის. თვით მარიამ დედოფლისათვის არ გაემხილათ საქმის შინაარსი. უსასტიკესი სასჯელით დაემუქრა სამთავეს.
შემდგომ ამისა, მსახურთუხუცესი წარგზავნა, მელქისედეკ კათალიკოსი აწვევინა. სამგზის ეახლა იგი მელქისედეკს, სამგზისვე ლოგინად ჩავარდნილი დაუხვდა მელქისედეკი მოციქულს.
მეფე თავათ იყო სასამართლოს უზენაესი წინამდგომი. მისთვის დიახ უხერხული იქნებოდა საქმის მოსპობის, ან ფარსმანის შეწყალების მოთხოვნა, რაკი მოაჯის – ფანასკერტელის ქალის ძიება საქმეში იყო ჩართული.
ბოლოს თავათ დააპირა კათალიკოსთან წასვლა, მაგრამ ერთიც ვნახოთ, სადარბაზოდ მოსული მეფე გაეწბილებინა მელქისედეკს?
ეს დიდად საჩინოდ გახდიდა მათ შორის უჩინრად წარმოებულ ბრძოლას.
რაკი კათალიკოსთან სათათბიროდ წარგზავნილისათვის ფრიად დიდი და იდუმალი საქმენი უნდა გაემხილათ, ზვიად სპასალარმა თავათ შესთავაზა გიორგის: მე ვეახლებიო კათალიკოსს.
მეფემ დაათათბირა ზვიადი, ყოველივე წვრილად უნდა აეხსნა მელქისედეკისათვის.
დიდხანს იჩურჩულეს, ბოლოს დააბარა: არავინ დაესწრო ამ საუბრის დროს.
სპასალარმა უგუნებობა შეამჩნია გიორგის, მიზეზი ჰკითხა. წინა ღამის უძინარი ვარო, მოიმიზეზა.
თათბირი მოთავებული ჰქონდათ, მეფემ თრიაქი გადმოიღო, ნარგილე გააჩაღა და სწორედ ამ დოს მალემსრბოლი ჩამოვიდა ბიზანტიონიდან.
გახსნეს გრაგნილი და ასეთი ამბავი ამოიკითხეს:
ტაოდან იერუსალიმს სალოცავად მიმავალი ბერი ზაქარია შეეპყრო ანტიოქიის დომესტიკს, ბასილისთვის გადაეგზავნა, კეისარს დილეგში ჩაეგდო იგი.
შესწამეს თურმე ზაქარიას, მას მიეტანოს თითქოს კომნინისათვის გიორგი მეფის მიერ გაგზავნილი წითელი წაღები და მისივე სახელით კეისრობა მიელოცნოს განდგომილისათვის.
დიდხანს ეწამებინათ ბერი ზაქარია, მისგან ამას მოითხოვდნენ, დაედასტურეინა ოღონდ: მართლაც გაეგზავნოს თითქოს წითელი წაღები კომნინისათვის გიორგი მეფეს. მყისვე განთავისუფლებას ჰპირდებოდნენ ბერს, კეისარის საეპისკოპოზო ტახტს აღუთქვამდნენ თურმე.
ზაქარიას მტკიცე უარი განეცხადებინა.
რაკი აღთქმებით ვერა გააწყვეს რა, დილეგში ჩააგდეს კვლავ, ვირთხები მიუსიეს.
როცა დაკითხვებით თავი მოაბეზრეს, სიმუნჯე მოიგონა.
ენა მოსჭრეს თურმე.
რაკი დამუნჯდი, ენა რაღად გინდაო, დასცინოდნენ ღრმად მოხუცებულს.
გიორგი გააცოფა ამ ამბავმა.
წამოვარდა, მუშტებს უშენდა ტაბლას.
\\\”ბასილი კეისარს ეს უნდა: ერთმორწმუნე საქართველოც სომხეთის დარად გადასანსლოს როგორმე. სანამდის პირში სული მიდგას, ვერ მოესწრება ამ დღეს ძაღლთაპირი ბასილი კეისარი…\\\”
ყვიროდა მეფე.
ასეთი სიტყვები არასოდეს სმენოდა მისგან სპასალარს.
\\\”ნუთუ ამას ვერ ჰხედავს დაბრმავებული მელქისედეკი? აღარც მარიამ დედოფალს ესმის ეს საფრთხე\\\”.
ზვიადს გაუხარდა ეს ამბავი ერთის მხრივ, მიხვდა: დიდად წაადგებოდა იგი კათალიკოსის სიჯიუტის დასათრგუნველად.
წასვლას დაადგა ზვიადი და სწორედ ამ დროს გაიღო კარი, დედოფალი შემოვიდა დარბაზში.
სიგამხდრეს უფრო მეტად გაემაღლებინა ისედაც ახოვანი, პირხმელი ქალი. ფერგამკრთალი სჩანდა და სახეგამშრალი.
ჩინური, შავი ფარჩა ეცვა. დიდრონი ალმასების მანიაკი ირისეს დარად უთიმთიმებდა ყელის გარშემო. წვრილსა და გრძელ კისერზე უცნაურად დაბერილი, ენერგიული ძარღვები მოუჩანდა, რისხვიანად უელავდნენ წამოსივებული თვალები.
ზვიადმა თაყვანი სცა.
დედოფალი მშრალად მიესალმა სპასალარს.
ზედ ეტყობოდა: აფხაზეთში მოგზაურობას თუ შინ დახვედრილ უსიამო ამბებს ფრიად მოექანცა დედოფალი.
როცა სპასალარს სალამითვე მიუგო, ნაძალადევად გაუღიმა. ჭარბად წაცხებულ უმარულს ვერ დაეფარა ჩიტის ნაფეხურივით წვრილი, წვრილი ნაოჭები, ფართე და სევდიან თვალების გარშემო მომდგარნი.
უჩვეულო შარიშურით გაიარა საწოლის დარბაზისაკენ. კარის გახურვაზედაც შეამჩნია ზვიადმა, რაღაც დიდი უსიამოვნება უნდა მოსვლოდა ცოლ-ქმარს.
ზვიადმა თაყვანი სცა მეფეს, ღამე ნებისაო, ჩაილუღლუღა.
გიორგი მეფე იჯდა, თრიაქს სწევდა, არც კი გაუგონია სპასალარის გამოსალმება.
დარბაზის კარამდისაც არ იქნებოდა მიღწეული ზვიადი, როცა გიორგიმ თავი აიღო და მიაძახა:
\\\”შენ გეტყვი, ზვიად, მობრუნდი, აქ დაჯე!\\\”
ზვიადი გაოცდა, გიორგის არა სჩვეოდა უკუხმობა მიმავალისა, არცთუ ოდესმე დავიწყნია წარგზავნილისათვის დაბარება შესათვლელისა.
როცა ნარგილეს გვერდით მჯდარს თავზე წამოადგა სპასალარი, დიდხანს იყო გაოგნებული, თითქოს დაავიწყდაო, წეღან რომ უხმობდა ზვიადს.
იდგა გახევებული სპასალარი, ხედავდა, როგორ უსიტყვოდ იტანჯებოდა მეფე, თმა შუბლზე ჩამოფხატოდა, ღაწვები ჩავარდნოდა, სახე დაგრძელებოდა, თმის ყოველ ღერზე ეტყობოდა, თუ როგორ აფორიაქებდა ბუნება საერთოდ გულდინჯსა და უშიშარ ვაჟკაცს.
სპასალარმა ნელა დაახველა, ამით უნდოდა შეეხსენებინა ფიქრით მოცულ გიორგისათვის: რად მიხმეო წეღან?
თავი აიღო.
თრიაქი თუ გსურსო?
შეეკითხა იგი ზვიადს.
მადლობა მოახსენა: არა, უკვე არა ვწევო თრიაქს.
მეფემ სელზე დაჯდომა ანიშნა თვალით, კიდევ მცირე ხანს სდუმდა… მერმე ამღვრეული თვალები ჯიქურად მიანათა სპასალარს და ეუბნება:
\\\”შენ გეტყვი, ზვიად, თუ მელქისედეკმა შორენას გამო რაიმე გკითხა, რას მიუგებ მაშინ?\\\”
ზვიადი აიმღვრა.
\\\”მხოლოდ იმას, რასაც მეფე მიბრძანებს, პატრონი ჩემი\\\”.
გიორგიმ თავი ჩაჰქინდრა და გაუმეორა:
\\\”მხოლოდ იმას რასაც მეფე გიბრძანებს… ჰმ…\\\”
\\\”რადა ბრძანებთ ამას, მეფეთ მეფეო?\\\”
\\\”არა, ისე ვთქვი…\\\”
მცირე დუმილის შემდეგ განაგრძო:
\\\”დედოფალი წამეკიდა წუხელ, სჩანს ეზოსმოძღვარს უჭორავნია… მარიამ ყოველივეს ამცნობდა კათალიკოსს, ალბათ, თუ მელქისედეკმა შორენას წარგზავნა მოითხოვა, აფხაზეთს წარგზავნა და ბედიაში მონაზვნად აღკვეცა, არამც და არამც არ მისცე ჩემის სახელით დასტური. ხოლო…\\\”
აქ ისევ დადუმდა, მცირე ხნის შემდეგ კვლავ განაგრძო:
\\\”ხოლო თუ კათალიკოსი გაჯიქდეს, უთხარი ჩემის სახელით, გირშელს მიათხოვებენ-თქო შორენას, ყველისციხის პატრონს, დედიჩემის დისწულს.
ეცადე აქამდის არ მიიყვანო საქმე, თუ სხვა ღონე არ იქნეს, დაეთანხმე, გურანდუხტმა მზითევი გადმოუგზავნა-თქო უკვე, მეფემ დასტური მისცა-თქო. გირშელს მიათხოვებენ-თქო, ყველისციხის პატრონს. ასე უთხარი და ვნახოთ მერმე…\\\”
ხელახლა თაყვანი სცა ზვიადმა მეფეს, მან კვლავ ჩაიდო ნარგილეს მილი პირში, გააბოლა. მცირე ხანს რეტდასხმული იჯდა და რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ მიაძახა მიმავალს:
\\\”წითელი წაღების ამბავი გამოიყენე შენებურად, ზვიად…\\\”

XXIV

ბინდი გადმომდგარიყო სარკინეთის მთებზე, როცა კათალიკოსის ბაღში ფეხი შესდგა ზვიად სპასალარმა. ღვივოდა მიმავალი სხივის ნამუსრევი ატმების აყვავებულ შტოებზე. ფარშავანგების ჩხავილი მოისმოდა საიდგანღაც.
ზვიადს ეს უნდოდა: შეუმჩნევლად. შეპარულიყო კათალიკოსის სასახლეში როგორმე.
შველმა გადაურბინა გზაზე. ყურდაცქვეტილი შესდგა ნუშის ქვეშ. ერთი შეხედა, შეკუნტრუშდა და შრამელებისკენ გაჰქანდა ჭენებით. უზარმაზარი ნაგაზები გამოენთნენ ღრიანცელით სტუმარს.
ზვიადს დაცდილი ჰქონდა: საერთოდ არ ერჩოდნენ ძაღლები მას, მაგრამ ესენი ისე მჭიდროდ შემოესიენ, ქარქაშიანი ხმლით იგერიებდა, უყვიროდა მყეფარებს.
ბოლოს მისჭირდა საქმე, ერიდებოდა ომებში მრავალნაცად მახვილის ამოღებას, სწორედ ამ დროს გამოსცვივდნენ შრამელებიდან მონები. დატუქსეს ძაღლები.
აივნის კარი გაიღო, ეზოსმოძღვარმა გამოჰყო თავი. ისევ გაუჩინარდა. არ იამა ზვიადს: რად გადავაწყდიო ამ მელაძუა ხუცესს?
იცოდა: უსიტყვოდ მიხვდებოდა ამბროსი სპასალარის დარაზმობის საგანს. დღესვე მოახსენებდა დედოფალს.
მეფესა და სპასალარს აგრე ეწადათ: ყოველივე ისე მოეწყოთ, ვითომდაც მელქისედეკს თავათ განეჭვრიტოს ყოველივე წმინასწარ, სახელმწიფური მოსაზრებით შეეჩერებინოს ფარსმანის საქმე, რაკი ზნეობისა და სჯულის ვითარებანი კათალიკოსის საუფლოს შეადგენდნენ უპირატესად.
კარის ხარიხაზე ფეხი შესდგა ზვიადმა თუ არა, ეზოსმოძღვმარმა კვლავ გამოჰყო ტალანიდან თავი.
\\\”მობრძანდით, ზვიად ბატონო\\\”, – შემოეგება ღიმილით სტუმარს, მარად მოღუშული, შეყრილი წარბები არც კი გაუხსნია ზვიადს, ისე მიუგდო \\\”მწუხრი მშვიდობისა\\\”, ხუცესს და ღია კარში შეასწრო ანაზდად.
სამ დარბაზში გაატარა ეზოსმოძღვარმა სტუმარი. საკმეველისა და მურის სუნი სდიოდა ირგვლივ. თაფლის სანთელი ლიცლიცებდნენ ნიშებში ჩარაზულ ხატების წინაშე.
პიირჯვრის წერით მიჰყვებოდა სპასალარი ეზოსმოძღვარს, მიფათურობდა გარეშემო დაფანტულ დგამს შორის.
საწოლი დარბაზის კარი ღია იყო, შიგ შესვლამდის თვალი მოჰკრა ზვიადმა მელქისედეკის გაფითრებულ სახეს, უზარმაზარ ბალიშზე მთლად დალეულს.
სასთუმალთან უსხდნენ კათალიკოსს მამათა მონასტრის მამაი სტეფანოზ, მცხეთის მიტროპოლიტი რაჟდენი და გაიოზ ბერი.
სამი მემაშხლე თავზე ადგა სტუმრებს. აქაც უამრავი სანთლები ლიცლიცებდნენ ხატებისა და ჯვრების წინაშე.
როცა კათალიკოსს თაყვანი სცა ზვიადმა და ხელზე ეამბორა მას, დარწმუნდა: სრულიადაც არ უნდა ჰქონოდა მელქისედეკს სიცხე. მიხვდა: ეს \\\”ლოგინად ჩავარდნა\\\” მხოლოდ იმას მოასწავებდა, რომ მელქისედეკს არა სურდა ჯერჯერობით შეხვედროდა მეფეს.
ზვიადს ისეთი დაფანჩვული წარბები და გრძელი წამწამები ჰქონდა, მძინარე ეგონებოდა უცხოს. მიუხედავად ამისა, გაუმხელელ ზრახვათა შეცნობის დიდოსტატიც იყო ზვიად სპასალარი.
ახლა ცხადი იყო, თუ რად გამოსტოვა კათალიკოსმა სამი დღის წინათ დანიშნული ბჭობა, სვეტიცხოვლისათვის საჭირო ახალი მასალისა და მუშახელის მოსახვეჭად მოწვეული გიორგის მიერ.
როცა მისალმებანი და ურთიერთის მოკითხვა მოთავდა, ერთბაშად დიდი უხერხულობა შეიცნო ზვიადმა, ამაოდ ეძებდა კათალიკოსთან გასაუბრების საგანს, მაგრამ იგი არ აღმოჩნდა ანაზდად.
ეზოსმოძრვარი ფეხზე იდგა, პირში შესციცინებდა სპასალარს, თავისი რჩხია, ცერცვისფერი თვალებით ეუბნებოდა თითქოს: სთქვი ბარემ, რისთვის მოსულხარ? სულ ერთია, უთქმელადაც ყოველივე ვიციო.
ეკლესიის ყვავებივით დამსხდარიყვნენ დანარჩენი ბერები სარეცელის ირგვლივ. მათგან ისეთი შთაბეჭდილება მიიღო სტუმარმა, დუმილის მოწესედ დამსხდარანო ეს შაოსნები ხატებით მორთულ საწოლის დარბაზში.
გაციებული კამეჩივით ქშინავდა შავწვერა გოლიათი მამაი სტეფანოზ, ასრუტუნებდა ბუკივით მსხვილსა და მეჭეჭიან ცხვირს, წარამარა ხელს ისვამდა ფაფუკ ღიპამდის მიღწეულ წვერზე.
ძლივს აფახულებდა დიდრონ თვალებს წვერგაბურძგვნილი მიტროპოლიტი რაჟდენი, თრიაქით მთვრალს მიუგავდა სახე, პირმოკუმული იჯდა თხაწვერა მოხუცი ბერი გაიოზ, ცხვირმოკლე და ყურკვეთილი მოხუცი
კათალიკოსმა წამუყო და ეზოსმოძღვარი ციყვივით დაყუნცდა სელის სკამზე. მის გამოხედვაში ცნაურდებოდა ის ველური სიფხიზლე, მინდვრის ვირთხას რომ ეტყობა ხოლმე, ველის პირად ახლადგამოსულს სოროდან.
ზვიადი უგუნებოდ შეიქმნა, ხელისგული დაისვა წვერით გაჯაგრულ ნიკაპზე (როგორც ეს მღელვარების დროს მას სჩვეოდა ხოლმე). .
აღარ იცოდა რა ეთქვა, რა მოემოქმედნა.
მოეხსენებინა კათალიკოსისათვის მარტო შენს მეუფებასთან მსურსო საუბარი? ეს უთუოდ შეურაცხჰყოფდა თანადამნსწრეთა.
ბოლოს, როგორც იქნა, ორიოდე ფრაზას თავი მოუყარა
და წაილუღლუღა:
\\\”მეფის დავალებით გეახელით, უნეტარესო. წვივის ტკივილი განუახლდა, თორემ თავათ გეწვეოდა უთუოდ\\\”.
ესა სთქვა, სელიდან წამოიწია და დასძინა:
ხვალ დილას უფლისციხეს მაგზავნისო მეფე, და სწორედ ამ სდროს თავათ კათალიკოსმა შეაგება:
მცირე რამ საუბნო მქონდაო, ზვიად ბატონო, შენთან.
სტუმრები აიყარნენ.
ზვიადმა შენიშნა: ეზოსმოძღვარი სხვებს აცილებდა, მაგრამ ჯერ არა სჩანდა, თავათ იგი თუ წაშავდებოდა აქედან, ვის თანდასწრებითაც საუბარს განსაკუთრებით გაურბოდა სპასალარი.
მცირე ხანს მონუსხულივით შესცქეროდა მელქისედეკის დაშრეტილ სახეს. ახლა მიხვდა ზვიადი: არც კათალიკოსს ნებავდა საუბრის დაწყება, ვიდრე სტუმრების გაცილებას არ მოათავებდა ეზოსმოძღვარი.
სიცოცხლის ნიშაწყალი არ ღიმღამებდა მელქისედეკის სახეზე. მდოგვის ფესვებივით წვრილი, ცისფერი ძარღვები მიიკლაკნებმოდნენ ღაწვის თავებიდან საფეთქლებისაკენ.
გულზე ხელდაკრეფილი იწვა პირაღმა. მისი გრძელი, ნაოჭირანი ხელები მიცვალებულისას მაგავდნენ, დალურჯებოდა თითების ნუნები, ხელის ზურგზედაც უსუსური ძარღვები სჩანდნენ, როგორც უმწიფარ ფოთოლს თუთუნისას ატყვია ხოლმე.
საკმარისი იყო წამიერად დაეხუჭა ღილზე უწვრილესი და ღამეზე უშავესი თვალები, და იგი სამი დღის მიცვალებულს დაემგვანებოდა უცილოდ.
ცხედრის თმას მიაგავდა მისი გამოხუნებული, მგლისფერი წვერი, ნიკაპსა და ტუჩ-პირს შორის ოდნავ გაპუტული.
იწვა და სდუმდა მელქისედეკი.
უსიცოცხლო ბაგენი ისე მოეკუმა, ზედვე ეტყობოდა: დიდძალ ენერგიას ხარჯავდა დუმილის დასაცავად.
ზვიადს უხაროდა, მემაშხალეთა თანდასწრებით რომ არ აპირებდნენ ეს ტუჩები ამეტყველებას. ბოლოს შემოვიდა ეზოსმოძღვარი, ხელზე ემთხვია მელქისედეკს და წაცუნცულდა.
კათალიკოსმა წამუყო მემაშხალეთა. ისინიც გავიდნენ.
მცირე ხანს კიდევ ასე იწვა ხმაგაკმენდილი, აღმოსავლეთის კედელს მისჩერებოდა, თითქოს მანდ ჩარაზულ ხატებს ეკითხებაო თათბირს, ბოლოს ნახევრად ბნელში მწოლარემ დაიწყო ასე:
\\\”ორგზის ვუწვევივარ მეფე გიორგის, მაგრამ ჯანმრთელობამ არ მომცა ნება, რათა ვხლებოდი როგორმე და თავათ მომეხსენებინა იგი, რასაც გაუწყებ, ზვიად ბატონო, ახლა\\\”.
ზვიადი უხერხულად შეირხა სელზე, ისევ დაისვა ხელისგული ნიკაპზე. სმენა დაძაბა, რადგან სახის იერიც უმტკიცებდა მელქისედეკს, რაღაც უცნაური და უკმეხი უნდა წარმოეთქვა ამ წუთში:
\\\”ჯანმრთელობა ჩემი ფრიად შერყეულია, ზვიად ბატონო, უფლის ნებაა ეგეც. არც მე მწადის საქართველოს დაქცევის მოწმე რომ გავხდე. უმალ დამვსებია ეს თვალნი და ყურნი დამგმანვია, სმენად ბოძებულნი უფლისა მიერ.
რამეთუ ნეტარ არიან იგინი, ვისაც სიკვდილი უმალ უწევს, ვიდრე საკუთარის თვალით იხილავდნენ სამშობლოის თვისის იავარყოფას.
ნეტარ არიან იგინიცა, ვინცა გულმართალ წინაპართა აჩრდილებს შორის ლანდადქცევას არჩევენ, გადაშენების გზაზე დამდგარ თანამემამულეთა წიაღში ყოფნას.
ვაი მათ, ვისაც იერემიასებრი გოდება წილად ხვდეს, სამშობლოის თვისის დარღვეულ გოდოლთა და ნაციხართა შორის.
უსჯულობა მოძალებული არს საქრისტეანოსა ზედა. ასეთ დროს სჯულის სიმტკიცე და ზნეობის სისპეტაკე თუ ვერ შევინარჩუნეთ, ვერას გვიშველის ის ციხეები, რომელთაც მეოხებითა მეფისათა აშენებ, ზვიად ბატონო, შენ.
ქვეყანა თავზე დაგვემხობა, იავარქმნიან საქრისტეანოს და ვეღარც ის ცეცხლისმფრქვეველი ხმლები გააწყობენ რაიმეს, გიორგი მეფე რომ აწრთობინებს ფარსმანს, უსჯულოსა და მუცლით მეზღაპრეს.
რადგან ყოველთა დამბადებლისა და ყოვლის მხილველის თვალი სუფევს, ზვიად ბატონო, ყოველგან და მდოგვის მარცვალიც ვერსად დაეცემა თვინიერ ნებისა და ხედვისა მისისა…\\\”
ზვიადს აგრე ეგონა: ამ გრძელ წინასიტყვის შემდეგ მაინც მიაღწევსო სათქმელამდის მელქისედეკი. გონებადაძაბული უსმენდა, მაგრამ ერთბაშად ბაგრატ კურაპალატი ახსენა მელქისედეკმა და ჩვეულებისამებრ შეუდგა მის ხოტბას. \\\”ყოველთა კაცთა, დიდთა და მცირეთა სასოება\\\” იყოო ბაიგრატი, ამიტომაც განავრცოვო მან საქართველო, არცთუ ვინმეს აუგიაო ამდენი ეკლესია სხვას, ვახტანგ გორგასალის შემდეგ.
ყოვლად ქრისტიანი მეფე იყოო ბაგრატი, მიტომაც მიბოძაო კურაპალატობა მას, \\\”საქრისტეანოს უზენაესმა მამამ – ბასილი კეისარმა\\\”.
გასაგები იყო, თუ ვის ეხებოდა ეს იგავები: გიორგი მეფის ქირდვას მოასწავებდა ეს ყოველივე.
არც იმას ახსენებდა მელქისედეკი, ბაგრატის ძემ – გიორგიმ კურაპალატისა და ნოველისიმუსის ხარისხებს ბიზანტიის წინააღმდეგ ბრძოლა რომ არჩია.
ბასილის ხსენებისას ხველა აუტყდა მელქისედეკს, ხოლო ზვიადს ბრაზი წაეკიდა, ბრაზი წაეკიდა, რადგან მთელი სიცოცხლის მანძილზე ამას ნანობდა იგი: ოლთისის ომში რად არ მოვჰკალიო ბასილი?
ცხენდაცხენ შეეჩეხა ხელჩართულ ბრძოლის დროს მას, მაგრამ ვერ შეჰბედა ქრისტიან კეისარს და მის ნაცვლად პატრიციუსს ბასილისკ კულეიბს აძგერა მახვილი.
ხველებისაგან ღონემიხდილ კათალიკოსს ლაპარაკის უნარი წაერთო და ისევ მოკუმა მან თავისი ჯიუტი, ლაინისფერი ბაგენი, რათა ანაზდად შეწყვეტილ საუბრისათვის კვლავ მოეკრიბა ძალა.
სწორედ ამით იდროვა სპასალარმა და ხელისგული ჩამოისვა ნიკაპზე, მღელვარება ძლივს დაიოკა.
სპასალარი ყოველგვარ ენამზეობას მოკლებული იყო, უბრალო საუბარიც ძლიერ უჭირდა ბუნებით მდუმარეს. ლაპარაკის დროს სახე ეღრიჯებოდა, ცხვირის ნესტოები ებერებოდა, მუშტებს იშველიებდა უნებლიეთ, თითქოს ექადნებაო ვისმეს, წარამარა სიტყვას ეძებდა.
მღელვარების დროს წინადადებას უმატებდა \\\”არა\\\”-ს.
\\\”თუ ბასილი კეისარი მართლაც უზენაესი მამაა სრულიად საქრისტეანოსი, როგორც წეღან ბრძანე, უნეტარესო, რად აწამებინა მან სავსებით უბრალოდ ბერი ზაქარია?… იგი ხომ ჩვენს მიერ წარგზავნილი მსტოვარი არა ყოფილა?! არა?
არც თუ წითელი წაღები გაუგზავნია მისის მეშვეობით კომნინისათვის მეფე გიორგის. იერუსალიმს მიდიოდა თურმე ბერი ზაქარია სულის საცხონებლად, არა?…
კათალიკოსი სახტად დარჩა ამის გამგონე. მცხეთის მიტროპოლიტი ახლად ჩამოსული იყო ბიზანტიიდან და სწორედ ზვიადის მოსვლამდის მოახსენებდა კათალიკოსს ბიზანტიის ქართული ეკლესიების ვითარებას, გაკვრით იხსენიებდა ვინმე ზაქარია ბერის შეპყრობას.
მელქისედეკი აიმღვრა, ღაწვის თავები შეუწითლდა, მხოლოდ ეს შეაგება სპასალარს:
\\\”ზაქარია ბერი მართლმორწმუნე როდია, სომეხია იგი\\\”.
\\\”სომეხიაო?\\\”
იქედნურად გაიღიმა ზვიადმა.
\\\”ზააქარია ბერი არტანუჯელი აზნაურია, არიშიანის გვარისა და არიშიანის სომხობა არავის სმენია, უნეტარესო, დღემდის\\\”.
ამ ამბავმა სავსებით დათრგუნა კათალიკოსი, მიტროპოლიტი ასე ამბობდა: ზაქარია დარიშიანი აწამესო ბიზანტიონში. არ ესიამოვნა საკუთარ სამწყსოს მიმართ გულგრილობაში რომ დაიჭირა იგი, მერმე ვინ? ზვიად სპასალარმა, რომელსაც, მელქისედეკის აზრით, მციროდენი წილი ედო ოლთისის ეკლესიის დაწვაში.
ბრაზი წაეკიდა კათალიკოსს, რადგან მიტროპოლიტს სწყევლიდა თავის გუნებაში: ასე რამ გამოაშტერაო ბერიკაცი, რიშიანი და არიშიანიც რომ ვერ გაერჩია ურთიერთისაგან?
ამ მარცხის მიუხედავად არ შემკრთალა მელქისედეკი. მოურიდებლად აღლესა მახვილი მხილებისა და დაიწყო გიორგი მეფის ძაგება უშიშრად. აქაც შორიდან მოუარა სათქმელს.
იგიც ახსენა, გიორგი რომ მისი ნათესავი იყო მკვიდრი, ნეტარხსენებულმა ბაგრატ კურაპალატმა ჩამაბარაო თორმეტი წლის ყრმა.
ბოლოს, როგორც იქნა, მიადგა სათქმელს:
უწესო დედათა მოყვარულიაო გიორგი. კოლონკელიძეს თვალები დაუბნელა, მისი მხოლოდშობილი ქალი ხურსისეულ სასახლეში გადაიყვანა და ხარჭადა ჰყავსო.
მეფის მიერ წინასწარ გაფრთხილების მიუხედავად ზვიადი არ მოელოდა ამას ყოველივეს თუ შეაგებებდა კათალიკოსი.
ფარსმანის ამბავი დაჩრდილა ამ ამბავმა.
ღართისკარიდან შორენას გადმოყვანაც მასთან მოითათბირა გიორგიმ. არც მაშინ ურჩევდა ზვიადი ამის ჩადენას მეფეს.
ღართისკარის ციხე უნდა შევაკეთოო, მოიმიზეზა მან.
ეს გაახსენდა ზვიადს და სწორედ ამით დააშოშმინა კათალიკოსი.
რაიცა შეეხება ხარჭას, დანამდვილებით ვიცი, გიორგი მეფე აქაც სავსებით უბრალოა, ავი ენების მოტანილი უნდა იყოსო ეს ყოველივე. კარგს იზამდაო უნეტარესი, ზოგიერთი სამღვდელო პირის ნათქვამს შეამოწმებდესო წინასწარ როგორმე.
კათალიკოსს გულზე შემოენთო, მიხვდა: ეზოსმოძღვარს რომ გულისხმობდა სპასალარი, ბოლოს თავათაც დაფიქრდა:
თუ მცხეთის მიტროპოლიტს არიშიანი დარიშიანად მოეჩვენა, ხომ შესაძლო იყო ეზოსმოძღვარსაც არეოდა რაიმე?
ვინ იცის?…
ღართისკარის ციხე რომ შესაკეთებელი იყო, ეგეც მიაგავდა ჭეშმარიტებას.
ზვიადმა რა შენიშნა კათალიკოსი მოლბაო, წელში გაიმართა, თავათაც შორიდან მოუარა უმთავრესს, დიდსა და იდუმალ საქმეთ აუწყებდა კათალიკოსს, წარამარა ისვამდა ნიკაპზე ხელისგულს.
\\\”…მაინც დიდი დღე წინ არ უძევს, უნეტარესო, ფარსმან სპარსს, მეფესა და მე, მიწას მეუფებისა შენისას, გადაწყვეტილი გვაქვს სიცოცხლე მოვუსწრაფოთ მაგ მუცლით მეზღაპრეს, მაგრამ ვშიშობთ, მცირეოდენი გაგულისება და შესაძლოა, სარკინოზებთან გაგვექცეს.
არა?
საიდუმლონი ჩვენი სარკინოზებს მისყიდოს.
არა?
და სარკინოზები კარზე გვადგანან, უნეტარესო, არა?\\\”
შესაძლოა, ხურსი აბულელის დარად გაგვექცესო ფარსმანი.
აბულელის ხსენებამ ჟრუანტელი მოჰგვარა მელქისედეკს, \\\”სატანასთან თანაზიარობისათვის\\\” თავათ ჰყავდა შეჩვენებული იგი.
ისევ აუტყდა კათალიკოსს ხველა, კვლავ იდროვა ზვიადმა.
\\\”უმთავრესი მაინც ეგაა, უნეტარესო, დაიწყო იდუმალი ხმით, მიმოიხედა ირგვლივ, რა დარწმუნდა ხატების გარდა სხვა არავინ უსმენდა, ხმამაღლა განაგრძო:
\\\”…როგორმე დავსტყუოთ ფარსმანს რკინათა და ძვალთა მკვეთელი ხმლების საიდუმლო, რომელიღაც უცნობი ბუნების ჰინდურ ფოლადსა ჰხმარობს ის წყეული და არაბულ ფხვიერს უცნაურს.
ჯერ კიდევ ნეტარხსენებულმა ბაგრატ კურაპალატმა სამგზის აწამა იგი, დილეგში ჩააგდო, ენის მოჭრას დაემუქრა, ფეხის ფრჩხილები სათითაოდ დააძრობინა, კრინტი არ დასძრა გაჯიქებულმა\\\”.
ზვიადი შესდგა, კათალიკოსს ჩახედა თვალებში, რა დარწმუნდა, გულმოდგინედ მისმენსო, მხნეობა შეემატა და დასძინა:
\\\”კვეტარიდან ჩამოყვანილ ტყვე დიაცთა შორის მხევალი გვეგულება, ვინმე ვარდისახარი, კოლონკელიძის ასულის პირისფარეში. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ბებერ ფარსმანს შევართვევინოთ იგი, უწესო დიაცთა მოყვარულია ეგ უსჯულო, ვინ იცის, ეგებ ამ დიაცმა დასტყუოს ეს საიდუმლო მას\\\”.
მელქისედეკი არც ისე გულუბრყვილო იყო, ჯერ კიდევ სავსებით ვერ დაარწმუნა იგი სპასალარმა, ხარჭად რომ არა ჰყავდა გიორგის შორენა.
ღართისკარის შეკეთების ამბავი მოსჩანდა მარტოოდენ სარწმუნოდ. ისიც იცოდა კათალიკოსმა, ჯერ კიდევ ჭიაბერის ორმოცზე ამ \\\”სიძვის დიაცის\\\” საჭვრეტად რომ წასულა მეფე.
არც ის დაუმალავს ეზოსმოძღვარს მისთვის, მეფე და დედოფალი რომ წაეკიდნენ ამ ქალის გამო ურთიერთს.
მარიამ დედოფალს ფრიად აფასებდა მელქისედეკი, \\\”ვითარცა წმიდათასწორსა და ეკლესიათა დიდს მოამაგეს\\\”. (რა ვუყოთ, რომ აზნაურებს სძაგთ ეს \\\”სომხის ქალი\\\”?).
მისთვის ცხადი იყო: ღართისკარის ციხეშიაც რომ ჩაეკეტნათ ეს ცდუნებით სავსე დიაცი, მაინც დიდ საფრთხეს უქადდა იგი როგორც დედოფალს, ისე სამეფოის ზნეობას. სწორედ ამიტომაც, ხელი ჩასჭიდა მელქისედეკმა ხელმარჯვე შემთხვევას და ეუბნება ზვიადს:
\\\”მე მივაწვდიდი კარგ თათბირს, ზვიად ბატონო, მეფესა…\\\”
სპასალარმა ყური სცქვიტა:
\\\”თუ თქვენ ფარსმანის მოჯადოება გწადიათ მართლა, მე გირჩევდით კოლონკელიძის ასული შეართვევინოთ მაგ უსჯულოსა. თილისმა ქალიაო, აგრე ამბობენ, ფარსმანზე უფრორე ახალგაზრდათათვის წარუტაცნია მაგ დიაცს გონება\\\”.
ზვიადი მიხვდა, გიორგის რომ გულისხმობდა მელქისედეკი შეფარვით, მაინც არ დაიბნა.
კვლა შეეცადა კოლონკელიძის ასული გამოეთიშა ამ საქმიდან როგორმე. უფრო ენერგიულად ჩამოისვა ხელისგული ნიკაპზე და მიუგო:
\\\”რაც არ უნდა იყოს, ერისთავის ქალია, უნეტარესო, ეგ დიაცი, არა? ვიღაც სარკინოზს თუ ირანელს არ მითხოვდება, არა? გარდა ამისა, ვარდისახარი გრძნეულებით ყოფილა განთქმული, მდაბიორის, მეჯადაგის ქალი, ოვსთა მეფეს ჰყოლია ხარჭად, მერმე ის იყო, ღალატით მოჰკლა ოვსთა მეფე ჭიაბერმა, ციხენი წარუღო, ეს დიაცი ტყვედ წამოიყვანა და თავის სასძლოს შორენას უბოძა იგი\\\”.
მცირე ხნის დუმილის შემდეგ კვლავ მიაშტერა თავისი დიდრონი, მოღუშული თვალები მელქისედეკს, უსიტყვოდ.
შეატყო, რომ ვერც ამით შეაჯერა კათალიკოსი.
\\\”რაიცა შეეხება ფანასკერტელის ქალს, ეს საქმეც მოგვარებულია, უნეტარესო, წინასწარ.
ცხრატბის ცოტა-ერისთავის უმრწემესს ვაჟს, დაჩის სიცოცხლე აჩუქა მეფემ. ასე რომ, მაგ უბედურს შევართვევინებთ ფანასკერტელის ასულს. უკვე მიღებულია დაჩისაგან დასტური.
ძიებას რომ მსვლელობა მიეცეს ამჟამად, სახელი გაუტყდება სასძლოს და ფარსმანის სიკვდილი ვერას უშველის ამ სამწუხარო საქმეს\\\”.
კათალიკოსი ყოველგვარი მოკვდინებისა და თვალების დაწვის წინააღმდეგი იყო. აქამდის ფარსმანის გაძევებას მოითხოვდა იგი, მაგრამ ახლა თავათაც დარწმუნდა, მისი გაძევება სარკინოზებს გაახარებდა, ამიტომაც სარწმუნოდ მიიჩნია ეს ყოველივე.
დაეთანხმა სპასალარს: კათალიკოსის შუამდგომლობის მეოხებით მეფე უბრძანებდა მსაჯულთუხუცესს, საქმეს შეაჩერებდნენ დროებით. მელქისედეკი არა ჰკარგავდა იმედს, რომ ასეთი გულმოწყალება ქრისტეს სჯულისაკენ მოახედებდა ფარსმანს.
ზვიადს აგრე ეგონა, ამით დასრულდაო თათბირი.
გულხელდაკრეფილი იწვა კათალიკოსი, ბაგემოკუმული შესცქეროდა ხატებს, ერთბაშად სახე მიიდრიკა ზვიადისაკენ:
\\\”ეს ყოველივე ჩინებულია და კეთილი, ზვიად ბატონო, მაგრამ… ერთი და უმთავრესი უნდა მოგვარდეს მაინც…\\\”
ესა სთქვა მელქისედეკმა, ღილზე უწვრილესი და ღამეზე უშეავესი თვალები მიაშტერა სპასალარს:
\\\”გულმეცნიერი ბრძანდები, ზვიად ბატონო, და უჩემოდაც მოგეხსენება, თუ რა მძიმე ტვირთი დამაკისრა ამ სოფლად უფალმა. დედოფალი მარიამი ბრძანდებოდა სამი დღის წინათ ჩემთან. იმ სელზე იჯდა და სტიროდა მდუღარე ცრემლით.
შემომჩიოდა მეფის გულარძნილობის გამო, გადაწყვეტილი მაქვსო ბედიის სადედო მონასტერში მონაზვნად აღკვეცა. მოგეხსენება, მარიამ დედოფალს წმინდანად შეჰრაცხს ეკლესია საქართველოისა ოდესმე, მაგრამ ამჟამად მონაზვნად აღკვეცა მისი უთუოდ საზიანო იქნებოდა სამეფოისა ჩვენისათვის.
ამიტომაც მოვითხოვ მეფისაგან, ზვიად ბატონო, კოლონკელიძის ქალი აღკვეცილ იქნას ბედიის მონასტერში\\\”.
ზვიადი სახტად დარჩა, მიხვდა, უკუსაქცევი გზა რომ არ გააჩნდა, ამიტომაც შებრძოლებაზე ხელი აიღო მყისვე და მეფის დანაბარები უყოყმანოდ ამცნო კათალიკოსს.
გირშელს, ყველისციხის პატრონს, მიათხოვესო გურანდუხტი თავის ქალს, მეფე გიორგის მიუცია დასტური უკვე.
ეგეც კეთილგონიერად იცნო კათალიკოსმა…
ნაშუაღამევი იყო, როცა სამმა მემაშხალემ კათალიკოსის ბაღიდან გამოაცილეს სპასალარი.
ზვიადმა მონები დაითხოვა, ვარსკვლავებით მოოჭვილ ცას აჰხედა. მოგვთა ხიდის სანახებში იყივლა მამალმა ხოხობმა.

XXV

ნააღდგომევს მოუთმენლად მოელოდა მარიამ დედოფალი ყველისციხის პატრონის სასახლეში ჩამოსვლას. მას არ უყვარდა ქმრის ნათესავები, მით უმეტეს გირშელი, მაგრამ ამჯერად მასზე იყო დამყარებული უკანასკნელი იმედი.
დედოფალი დარწმუნებული იყო, როგორც კი შორენას დანიშნავდა გირშელი, გიორგი მყისვე ჩამოეცლებოდა ამ \\\”სიძვის დიაცს\\\” და ავ ენებსაც გამოელეოდათ საჭორაო საგანი.
ბოლოს დაიწყო მდინარეების საგაზაფხულო დიდროაი, არაგვი, მტკვარი და ქსანი განსაკუთრებით გაცოფდნენ იმ წელს, მარიამმა იმედი დაჰკარგა, აღარც სხვანი მოელოდნენ მოკლე ხანში სტუმრებს.
სიყრმის შემდეგ არავის ენახა ყველისციხის პატრონი მცხეთაში. დიდი და მცირე მას აქებდა იმ დღეებში. შვიდ წელს ჰყოლოდათ სარკინოზებს გირშელი და მისი სამი აზნაური ტყვედ, ბოლოს, ბაირამობის დღეს, ხალიფის სასახლეში მიჰყავდათ თურმე ტყვეები. დასძგერებიან გულიამებს იბერიელები, საჭურველი აუყრიათ, თოროსანი ცხენები წაურთმევიათ, ბრძოლით გაუკაფავთ გზა, ერთი წლის წამების შემდეგ ყველისციხემდის მიუღწევიათ ძლივს.
სწორედ კვირაცხოვლობის ნაშუაღამევს შვიდი თოროსანი რაინდი მოადგა დიდი ამალით არაგვის კარის საბრძოლო გოდოლებს.
ქვახვრელთან გადმოელახათ ადიდებული მტკვარი. მდინარეს წარეტაცა ერისთავის მეაბჯრე ქაჩაბურაისძე, ამაოდ გამოსდგომოდნენ აზნაურები, ბოლოს თავათ პატრონს გამოედო თავი, ცხენი დახრჩობოდა მეაბჯრეს.
წამოსწეოდა მხარულით გირშელი, ყმაწვილივით გამოეჩრა სულთმობრძავი იღლიაში, ცურვით გამოეტანა გამოღმა, ისევ გაეცურა მტკვარი, ახლა ცხენდაცხენ გადმოელახა მდინარე.
დიდად გასჭირვებოდათ ქსანზედაც გადმოსვლა.
მეორე დღეს სამშვიდობო პარაკლისი გადაიხადა მელქისედეკმა.
მთელი მცხეთა ისევ ალაპარაკდა გირშელის მამაცობის გამო.
ნაშუადღევს, მელქისედეკ კათალიკოსი, ჭყონდიდელი და მთელი ტაძრეული დიდ დარბაზში ისხდნენ, როცა ვერცხლისჯაჭვიანი დევკაცი დეზების ჟღარუნით შემოვიდა უხმლოდ, შვიდი თოროსანი აზნაურის თანხლებით.
დედოფალს მიეჭრა მყისვე, ცალი მუხლი იატაკს დაჰკრა, თაყვანი სცა და ხელზე ეამბორა, ხელზე ემთხვია კათალიკოსს, გიორგი მეფე გადაჰკოცნა და, როცა სპასალარს მიეახლა, მთელი წყრთით მასზე უფრო დაბალი აღმოჩნდა ზვიადი.
დათვური მოუდრეკელობა მჟღავნდებოდა მის მიხვრა-მოხვრაში, ნახმლევით დაჩეხილი ჰქონდა ღაწვისთავები, ეს ამახინჯებდა მშვენიერ ვაჟკაცს. როხროხა ხმა ჰქონდა, იშვიათად იცინოდა ფრიად თავმოდრეკილი ქცევაში.
დედოფალი თვალს არ აშორებდა სტუმარს, როცა მეფეს გადაეხვია იგი, მარიამის მძაფრმა თვალმა შენიშნა: საკმაოდ ცივად შეეგება გიორგი დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ჩამოსულ ნათესავს.
მტკვარზე გადმოსვლისას გაცივებულიყო გირშელი, ახველებდა, მაინც არად იმჩნევდა შეუძლოდ ყოფნას.
გირშელის გამო უცნაური ამბები ჰქონდა გაგონილი დედოფალს: ქალთა სქესს გაურბისო რატომღაც, ღვინოსა და თრიაქს ეძალებაო.
უმშვენიერესი სეფე მოახლე მიუჩინა დედოფალმა სტუმარს; როცა ანჩაბაისძის ქალს წარუდგინეს, გირშელი უცნაურად აიმღვრა, მამლის ბიბილოებივით გაუწითლდა ნიყვივით ფართე, განზე გამდგარი ყურები.
ორიოდე სიტყვას ძლივს მოუყარა თავი.
დედოფალმა ეს აგრე ახსნა: ალბათ მუსულმანების ტყვეობაში გადასჩვევიაო მანდილოსნებთან მასლაათს.
პურობა აფხაზთა მეფეების სასახლეებისათვის ჩვეული ცერემოუნიით დაიწყო.
უცნაური მადა მოსძალებოდა ნამგზავრს, ნერწყვსა ჰგვრიდა ირმის მწვადების, კეცზე შემწვარი ორაგულების, ორთქლიანი ბეჭისა და მოხრაკულების საამური სუნი. ბუნებით თავაზიანი და მორიდებული ისე ციცქნიდა საჭმელს, როგორც ირემი ნეკერს, გაურბოდა ვაჟკაცი მანდილოსანთა სიახლოვეს ჭამას.
ყველა ატყობდა, უხერხულად რომ გრძნობდა თავს პურობის დროს სტუმარი. თავათ მას აოცებდა მეინახეთა მდუმარება სრული. როგორც მეფე-დედოფალი, ისე მთელი ტაძრეული ისე სადილობდნენ, თითქოს ამ სუფრაზე ყველა ემდურისო ურთიერთს.
პურობას ნადიმი მოჰყვა, განმგეთუხუცესმა მოართმევინა დიდ-დიდნი სამწდეურნი ბაგრატეულნი, ატენური, ხიდისთავური და მუხრანული სუფრას არ აკლდა.
ღვინო ენატრებოდა მაჰმადიან ქვეყანაში დაყოვნებულს, მაგრამ იცოდა: სასახლეში არ იყო მიღებული ღვინის სმა ჭარბად, ამიტომაც ითმენდა შეძლებისამებრ.
ჩუმად სჭამდა მეფეც, მაგრამ ღვინოს მიეძალა რატომღაც, გირშელსაც ეპატიჟებოდა – მოსვიო, სთხოვდა ჟამიდან ჟამზე.
შეუძლოდ ვარო, – მოიმიზეზა გირშელმა. ტუჩს მიადებდა სამწდეურს, შესრუტავდა მართლაც მცირეოდენს, სტკბებოდა ღვინის ჭაშნიკითა და ნელსურნელებით.
ადრე გათავდა ნადიმი იმ დღეს, ყველაზე მეტად გირშელს გაეხარდა ეს. სასახლის ბაღში გაიყვანა მეფემ სტუმარი. ყოველი ბუჩქი, ყოველი ხე თავის სიყრმეს აგონებდა გირშელს.
ამ ყვავილნარში დასდევდნენ იგი და გიორგი პეპლებს, იმ ხილნარში აგებდნენ კაკანათებსა და სასირე ბადეებს, იმ ცაცხვების ფუღუროებში უთვალთვალებდნენ ბუს მართვეებს, ამ მსხლებზე ასულან, ის ატმები გაუკრეფიათ, იმ კაკლების ქვეშ ელოდნენ მწიფე ნაყოფის ცვენას.
მსხლებს ფითრი მოსდებია, ატმებს შტოები შეხმობია, კაკლებს ფუღურო შესდგომია, ლეღვები გადაუჭრიათ, მორჩს შეეცვალა ნაცრისფერი ტანები. ძუძუების დარი კერტები ეგულებოდათ ამ ლეღვებზე, \\\”დედამძუძეებს\\\” უწოდებდნენ მათ.
კაჭკაჭის ბუდეები დაუნგრევიათ იმ ვერხვებზე, იმ ვაშლის ხეებზე ჩამომსხდარ გვრიტებს გამოსდგომიან ტოლები მშვილდისრით, ამ ცაცხვის ქვეშ ერთ ვირზე მჯდარან მეფე და ერისთავი ოდესღაც, თოროსან რაინდებად მოჰქონდათ სახრეებით აღჭურვილებს თავი.
შაშვის მართვეები ჩამოუყვანიათ იმ თუთის ხეებიდან.
ბედნიერი ბალღობა იჭვრიტებოდა ყოველი ხის ფუღუროდან, ყოველი ბუჩქის ძირიდან, ეს უკვე აღარ იყო მათი სიყრმის ლხენის წალკოტი, არამედ ნაღვლის მომგვრელი ბაღნარი სევდისა.
საბაზიერო სახლს ჩაუარეს, ქორ-შავარდნები სთვლემდნენ ხარიხებზე, მენადირეთუხუცესმა მოასხა მეძებრები, მადევრები და მწევრები.
შემოესიენ ძაღლები მეფეს, გირშელს აღტაცება მოჰგვარა ამ სანახაობამ, მხიარულად ყეფდნენ მადევრები, წკმუტუნებდნენ მეძებრები.
ყვითელწინწკლიანი შავი მწევარი შეახტა გირშელს, ოქსინოს ჯუბაჩა დაუსვარა თათებით.
გიორგი ყვრიმალებს უსრესდა ძაღლებს, პირში ხელს უყოფდა ყოველ მათგანს, ფაფუკ ყურებს იღებდა ხელში, თელგამს უწმენდდა თვალწიდოვანებს.
როცა ძაღლები წაასხეს, გირშელი ეკითხება მასპინძელს:
\\\”შენი ავაზა რა უყავი, გიორგი?\\\”
\\\”ჩემი ავაზა გაცოფდა, ბევრი ვუაქიმეთ, ლენცოფის წვენი ვასვით, ბოლოს ნამეტნავად გაბოროტდა, შემომიტია მეცა.
უნდა გენახა გახელებული, ნაკვერცხლებს ჰყრიდა თვალებიდან, აქოჩრილი, დუჟმორეული მომეჭრა, ისეთი უცნაური ხმა გაიღო, როგორიც გაბრაზებულ კატას წამოსცდება ხოლმე.
ახლაც სხეულში მაქვს დარჩენილი ის შიში, რომელიც გულში ჩამეჭრა იმ დღეს. ეს შემემთხვა უჯაჭვოდ, უხმლოდ გამოსულს ამ ბაღში.
მალემსრბოლი უშიშარაისძე მოვარდა, შუბის წვერზე წამოაგო გაცოფებული\\\”.
\\\”სადაური იყო ის ავაზა, გიორგი?\\\”
\\\”მამაჩემს უთავაზა კეისარმა\\\”.
\\\”მაშ ახლა უავაზოდ ნადირობ?\\\”
\\\”ავაზა ერთი კი არა, ორი მყავს. ერთმა ირანელმა მომგვარა ბოკვერები შარშან\\\”.
ორმა მონამ შრამელიდან გამოიყვანა ერთი წყვილი ავაზა. მშვენიერი, ხატულა ბეწვი ჰქონდა ხვადს. განსაკუთრებით იგი წააგავდა ვეფხს. გამოხამებულ, სადოღე ცხენივით ტანმოქნილი, მაღალ ფეხებზე იდგა იოგებმაგარი მხეცი. გრძელი, მოხდენილი ტანი ჰქონდა, ტანზე უგრძესი კუდი, სხივისფერი ულვაში უბრწყინავდა ჩალისფერ ტუჩ-პირის გარშემო.
მიდიოდა თავაწეული, უნდოდ აფასულებდა ყვითლად დაწინწკლულ კატისებრ თვალებს.
ძუ შორიახლო შესდგა, გაბზეკილი კუდი გააშეშა, პირდაღრენილი შესცქეროდა უცხოს.
ხვადმა მეფისაკენ წამოიწია, გაუშვითო, უბრძანა გიორგიმ მონას.
როცა მოეახლათ, გირშელი შედრკა.
ფრთხილად მოსინჯა ხმლის ვადა. გიორგიმ დაამშვიდა სტუმარი. ავაზას მისწვდა, ყვრიმალები დაუსრისა მხეცს, ნადირმა თვალები განაბა.
გიორგი იცინოდა.
ზურგზე ხელს უსვამდა გატვრინულ ხვადს.
ბოლოს ხელიდან გაუსხლტა იგი პატრონს, გირშელისაკენ გაიწია ღრენით, მონები მოიჭრნენ, წაიყვანეს გაავებული.
\\\”სადაურია ესენი?\\\”
იკითხა გირშელმა.
\\\”ჰინდუსტანიდან მომგვარეს, ჩიტას უწოდებენ თურმე ამ ნადირს ჰინდონი\\\”.
\\\”ალ-ჰაქიმს ჰყავდა თორმეტი ამათზე უფრო მოზრდილი ავაზა, – ამბობს გირშელი, – ისინი სავსებით დაგეშილნი იყვნენ, ხალიფის ბაღში დასეირნობდნენ, არას ავნებდნენ გამვლელებს\\\”.
\\\”ახლა ისეთ რამეს გაჩვენებ, რაც თვალით არ გენახოს არასდროს\\\”.
როცა სასახლის ბაღი გადაიარეს და ირმის საჩიხემდის მიაღწიეს, გირშელი გაოცდა მართლაც. იგი ირანშიაც იყო ნამყოფი. მაგრამ არც შაჰის სამხეცეში, არც ფატიმიდების სანადირო პავილიონებში ამდენი ირმები არ ენახა ერთად თავმოყრილი.
უსაყვედურა გიორგის, ცუდად გყოლიაო მოვლილი.
\\\”ეს ირმები შენი სასძლოს, – შორენას მამას წავართვი, კვეტარის ერისთავს\\\”, – მიუგო გიორგიმ, თვალი თვალში გაუყარა სტუმარს. შორენას ხსენებაზე ყურები შეუწითლდა გირშელს, მღელვარების თუ დარცხვენის დასაფარავად საჩიხეს მარგილებს მოსჭიდა ხელები, კისერი წაიგრძელა, საჩიხეში თავი გადმოყო, თვალიერება დაუწყო ქორბუდიან რქების მთელ ტყეს.
განსაკუთრებით ფურები გამოიყურებოდნენ მთლად საწყალობელად. ნაზამთრალი ბალანი გასცვენოდათ, ახალი ჯერ არსად სჩანდა, ზოგსაც ისეთი უსუსური ბეწვი ამოსვლოდა აქა-იქ, როგორიც კორდებს მოედება ხოლმე ბალახი, დასუსხული, მეჩხერი, თებერვლის გასულს, როცა არც ზამთარია, არც გაზაფხული და მთებს ჯერ კიდევ ატყვია რილოჭრელო თოვლისა.
ნუკრები მიყუჟულიყვნენ ყორესთან, თავჩაქინდრულნი სთვლემდნენ, უცნაურად ძაგძაგებდნენ ბედშავნი მზვარეში.
\\\”საქმე ისაა, – ამბობს გიორგი, – ნუკრობიდანვე მთაში იყვნენ ეს ირმები გაზრდილნი, მოვლა კარგი აქვთ, საკვებსაც არ აკლებენ, მაგრამ მცხეთის ჰავას ცუდად იტანენ\\\”.
მენადირეთუხუცესმა ლასტის ფალანგი შეაღო, საჩიხეში შეიყვანა გირშელი მეფემ.
საქონლისა და სკორის სუნი სდიოდა ირგვლივ.
გირშელმა ნუკრებს გადახედა.
\\\”როგორც სჩანს, აცივებთ ბედშავთ!\\\”
ხარები ატორტმანდნენ უცხოს დანახვაზე, უმშვენიერეს ფურს თვალი დაადგა სტუმარმა.
\\\”ეს არის შორენას საყვარელი, ნებიერა, თავათ გაუზრდია თურმე\\\”.
\\\”ახლაც თუ უვლის თავათ?\\\”
იკითხა გირშელმა.
\\\”აქამდის ღართისკარის ციხეში გვყავდა ერისთავის ქალი. ამჟამად ხურსისეულ სასახლეში ცხოვრობს. როცა შენი სასძლო გახდება, მისი ნებაა, თავის ირემს თუ მიხედავს თავათ.
ათანასე ბერი მიამბობდა, შორენას მოძღვარი: ძლიე ენატრებაო თავისი ნებიერა\\\”.
გირშელს ჯერ არ ენახა კოლონკელიძის ქალი, მიშტერებოდა ნებიერას, თითქოს ეწადა ამ მშვენიერი, ლომისფერი ცხოველის ანაგობაში როგორმე ამოეკითხა თავისი სასძლოს ბუნება.
მენადირეთუხუცესი და მონები დაითხოვა გიორგიმ. ჩვენ გადავკეტავთო საჩიხეს.
როცა მარტონი დარჩნენ, მანაც შეხედა ნებიერას, მოაგონდა: ის ორიოდე ბედნიერი წუთი, კოლონკელიძის სასახლეში გატარებული იმ საშინელ ღამეს, როცა კვეტარის ციხე აიღეს სამეფოის სპათა.
გირშელს მიუბრუნდა ისევ:
\\\”ჩვეულებრივი აზნაურის ასული არ გეგონოს შორენა. ვაჟკაცი, მონადირე ქალია იგი\\\”.
მონადირეო?
თავის მამიდებისაგანაც ბევრი რამ ჰქონდა განაგონი შორენას სილამაზის გამო გირშელს, ვერც წარმოედგინა ამ უჩვეულო მშვენების პატრონს მოისარობა და ნადირობა თუ ემარჯვებოდა.
საოცრად მოუნდა საცოლეს ნახვა, უნდოდა ეთქვა სიყრმის მეგობრისათვის, ბოლოს, მაჩვენეთო ეგ ჩემი სასძლო.
გაახსენდა: გურანდუხტს მოელოდნენ სასახლეში, უმისოდ რომ არ შეხვედროდნენ შორენას. დაძრული სიტყვა ხორხის არეში გაეჩხირა და ეს უთხრა გიორგის:
\\\”დედოფალს და კათალიკოსს მოვერიდე დღეს, თორემ სწორედ გითხრა, ღვინის სმა მეწადა პურობის დროს\\\”.
გიორგის შერცხვა, ალბათ შეამჩნია, გულცივად რომ მივიღეო სტუმარი, გაუღიმა გირშელს, მხარზე ხელი დაჰკრა და ეუბნება:
\\\”მაშ კარგი, ძველი დრო მოვიგონოთ ერთი, სმაში გავეჯიბროთ ერთმანეთს\\\”.
მცირე ხანს შესდგა, ახედ-დახედა გირშელს და დასძინა:
\\\”თუ ნამდვილი ღრეობა გწადია, უნდა გადავიცვათ როგორმე\\\”.
გირშელი გაოცდა.
ოქსინოს ჯუბანი ეცვა, ვერცხლის ბექთარნი მასზედ, ვერ გაეგო, რა უნდა ჩაეცვა ამაზე უკეთესი სტუმრად წასულს?
\\\”არა, მდაბიორის სამოსი უნდა გადავიცვათ ორივემ\\\”.
გირშელმა გაიღიმა.
კარისკაცთა შორის არავინ ეგულებოდა გიორგის ისეთი, ვისი სამოსიც მოერგებოდა სტუმარს. ზვიადს სთხოვა სანადირო დიდი ტყავკაბა, არც ეგ გამოადგა დევკაცს.
ბოლოს მალემსრბოლი უშიშარაისძე მოაგონდა მეფეს, სასაცილო იყო ნასხვისარში ახმახი გირშელი. უშიშარაისძის ხამლის სამოსი და კურდღლის ტყავის ჯუბაჩაც მოკლე აღმოჩნდა მისთვის. ბოლოს მამამზეს ტყავკაბა გამოსძებნეს, მცხეთიდან წასვლისას დარჩენოდა იგი ერისთავს, უკვე გახუნებული და პეწგადაცლილი საკმაოდ.

XXVI

როცა მეფემ ინით შეიღება წვერი, გაოცებული მიაშტერდა გირშელი.
\\\”იცი, გიორგი, უცნაურად მაგონებ ალ-ჰაქიმს, სწორედ ასეთი წითური წვერი ჰქონდა ხალიფას, მკვიდრი ძმა ეგონები სარკინოზებს მისი\\\”.
\\\”სარკინოზებთან ომებში ეხმარებოდა მამაჩემი კეისარს, დიაცთა მოყვარული იყო ბაგრატ კურაპალატი თურმე, ვინ იცის, ეგებ ხალიფას დედას გადააწყდა სადმე\\\”.
გირშელმა გაიღიმა.
\\\”დამავიწყდა, შენთვის მეამბნა: სწორედ იმ ღამეს, როცა გულიამები დავხოცეთ, ხალიფა ალ-ჰაქიმი სასეირნოდ წასულა და უკვალოდ დაკარგულა თურმე\\\”.
გიორგი გაოცდა და გირშელმა დასძინა:
\\\”ასე რომ, შენ შეგიძლია სარკინოზეის ღმერთად გამოაცხადო თავი\\\”.
იცინოდნენ, აღმა მიყვებოდნენ არაგვს.
\\\”ღმერთი არ გაგიწყრეს, გირშელ, არავისთან წამოგცდეს, თორემ ამასაც მკრეხელობად ჩამომართმევს კათალიკოსი\\\”.
შესდგნენ მცირე ხანს.
მოგელავდა გაშმაგებული მდინარე, სოჭის ძელები მოჰქონდა, ყინულის ხორგები და დამხრჩვალი ცხენები.
უღლიანი კამეჩები მოეტაცნა წყალს. თავ-კისერი მოუჩანდათ ბედშავებს მხოლოდ, საწყალობლად ყროყინებდნენ, ნაპირისაკენ იცქირებოდნენ.
იძალებდა ორთაგან ერთი, ზეაისროდა თავის კერძ უღელს, დასძირავდა მეორეს წყალში.
მოჰქონდა დაუღლებულნი არაგვს, მორიგეობით ყვინთავდნენ ბედშავნი.
\\\”ასე გადაჰკიდებს ხანდახან ორ კაცს ერთ უღელზე ბედი\\\”.
ესა სთქვა გიორგიმ და გირშელმა მიუგო:
\\\”ან ერთს დაახრჩობს, ან მეორეს ბოლოს\\\”.
\\\”შესაძლოა, ორივენი მოაშთოს ერთად\\\”.
ვიღაც ვაჟები გაშიშვლდნენ რიყეზე, ცურვით გაეკიდნენ წყალწაღებულ პირუტყვებს.
\\\”სიყრმეში მე და შენაც გადაგვილახავს ასეთ დროს არაგვი, ბიჭი ხარ და ახლა გადასცურავ\\\”.
ეუბნება გირშელი დეიდაშვილს.
გიორგის გაახსენდა მუდმივი ჯიბრი სიყრმის მეგობართან.
\\\”რატომაც არა, შენ თუ მტკვარი გადასცურე გუშინწინ, ნუთუ მე არაგვს ვერ მოვერევი?\\\”
\\\”უნდა გითხრა, მტკვარი არ ყოფილა ასე მოდიდებული იმ ღამეს\\\”.
მცირე ხნის შემდეგ ამბობს:
\\\”ჩვენ ორივეს გვჯობნიდა ერთი მდაბიორი\\\”.
\\\”რომელი?…\\\”
\\\”დრუიძე?…\\\”
\\\”არა, გაბოი, ვგონებ, რა გვარი იყო გაბოი!\\\”
\\\”კოხრიჭისძეა გაბოი, მის სახლში მივდივართ სწორედ\\\”.
ესა სთქვა გიორგიმ, არაგვს მიჰხედა კვლავ. კამეჩებს მისწეოდნენ ბიჭები. გაეხარდა, რადგან კამეჩები უყვარდა გიორგის.
მუდამ უკვირდა: რად ყროყინებსო ასე ნაღვლიანად ეგზომ ძლიერი ცხოველი?
ახლაც ეს უთხრა მეგობარს.
\\\”შენ რა გგონია, – ამბობს გირშელი, – ძლიერს უფრო მეტად უჭირს ამქვეყნად. მიტომაც მუდამ დაღრენილნი დადიან ლომები, ვეფხვები და ავაზები, ხოლო თრითინები და ციყვები მუდამ მხიარულად დაცუნცულობენ.
არაბეთში მომისმენია ლომების ბუხუნი. გამოდგებიან უდაბნოში, შემზარავად გრგვინავენ, ამაზრზენია მათი უცნაური გლოვა\\\”.
მდუმარედ მიჰყვებოდნენ ორივენი ნაპირს. . .
გირშელი ბანიან სახლს მიაჩერდა ერთს.
გახსოვს, გიორგი, მზრდელს რომ გავეპარეთ კვირაცხოვლობას. ვიღაც ლოთებმა ღვინო გვასვეს, აგვეკვიატა ერთი კუზიანი. იმ სახლის სარდაფში ჩაგვიყვანა, მეძავებთან.
გამოგვიდგნენ ჭარმაგი კაცები, თქვენ რა გინდათო მეძავებთან, ღლაპებო?
დაგვიცაცხანეს, დარცხვენილნი გამოვიპარეთ.\\\”
გიორგის გულიანად გაეცინა ამის გამგონეს.
იმ სახლის ბანზე ახლაც ისხდნენ ქალები.
გადასცქეროდნენ მოზღვავებულ არაგვს.
ვიღაც ვაჟებს ბადე ამოჰქონდათ წყლიდან.
გიორგი და გირშელი გადადგნენ კბოდეზე.
ბადე გაშალა მებადურმა თუ არა, ორაგულები, ციმორები და კალმახები აცეკვდნენ რიყეზე.
თევზი გვიზიარეთო, გადასძახეს გოგონებმა ყმაწვილებს.
გირშელი ათვალიერებდა გზადაგზა ქუჩებს, უთვალთვალებდა ბაღებსა და ბანებს.
ზედიზედ იგონებდა სიყრმეს.
მამლების, ვერძების ბრძოლას, ბერიკობასა და ჭონას. მთვარიან ღამეში სასახლიდან გაპარვას, მზრდელის ბუზღუნსა და არაგვში თევზაობას.
ოჩხის ამოღებას, ჩანგლების სროლას, თოვლის გოდოლების აგებას და მათ შემუსვრას.
ამ საუბარში გართულნი მოსულიყვნენ მთავართა სანათლოის უბანში.
როცა ხურსისეულ სასახლემდის მიაღწიეს, გირშელი ყმაწვილივით ატყდა: მაინც მდაბიორებს ვგავართ, სასახლის ეზოში შევიჭვრიტოთ, ფხოველი დიაცები დავლანდოთო შორიდან მაინც.
გიორგიც გააყმაწვილა სიყრმის ტკბილმა მოგონებამ, თავათაც ეწადა ასეთი რამ მოემოქმედნა, მაგრამ ეს არ უნდოდა გირშელის თანხლებით ექნა.
სტუმარი მაინც არ იშლიდა თავისას. თვალმოკვრით მაინც ვნახოო შორენა.
გიორგი დაფიქრდა: ვაითუ სხვარიგად ახსნასო, ხურსისეულ სასახლის ბაღში შეიყვანა გირშელი.
აივანზე ბნელოდა.
გულით უნდოდა არავინ დახვედროდათ შინ.
ძაღლები აყეფდნენ ანაზდად.
ფხოველი დიაცი გამოეგება ხილნარში შესულებს, ტანმორჩილი ნაყვავილევი.
\\\”მწუხრი მშვიდობისა\\\” შეაგება სტუმრებს.
შორენა იკითხეს.
დიაცი შეკრთა.
ათანასე ბერმა წაიყვანაო სალოცავად ზედაზენს შორენა მოახლეები მისი. ვარდისახარიღა დარჩა შინ, რაკი შეუძლოდ იყო იმ დღეს.
ვარდისახარს ვუხმობო, თუ გნებავთ.
ამას ამბობდა ჩოფურა დიაცი.
ვარდისახარის ნახვა არავის ეწადა, ამიტომაც გაბრუნდნენ ანაზდად.
ფხოველი დიაცი არ მოეშვა: რომელი სოფლისანი ხართ, ან ეს გვარქვით, რად იკითხეთო პატრონი ჩვენი?
კლარჯეთელი მწირები ვართო, კოლონკელიძის ნაცნობნი ძველნი.
მაშ მოიცადეთ, სადაცაა მოვლენო, ემუდა ფხოველი დიაცი:
მცირე ხნის შემდეგ გამოგივლითო კვლავ, დაუბარა გიორგიმ, ქუჩაბანდისკენ გაუხვიეს.
როცა სამეფო საჯინიბოს ჩაუარეს, გირშელმა აიჩემა: შენი კვიცების ქება გამიგია, მაჩვენეო ახლა.
თავლაში შესვლისთანავე ეცათ ის სუნი, რომელიც ცხენის მოყვარულთ არა სძაგთ ხოლმე.
პატრონის დანახვაზე ჭიხვინი მორთეს საომარმა ცხენებმა.
გიორგის გაუნზომლად უყვარდა ისინი. ჭირთამთმენნი მრავალთა, მრავალი ომის თანაზიარნი.
ეს ცხენებიც ისევე დაჩეხილნი იყვნენ, როგორც მათი პატრონის ჯერაც ახალგაზრდა სხეული.
ხუმრობით იტყოდა ხოლმე გიორგი:
\\\”ეს კარგი, ჩვენ კაცნი რომ ვხოცავთ ურთიერთს, მაგრამ ამ საცოდავ პირუტყვებს რას ვემართლებით, ნეტავ?\\\”
სათითაოდ მიეახლა თითოეულს, ეფერებოდა, ყურებზე, საოლავებზე ხელს უსვამდა, თვალებს უკოცნიდა, საალერსო სახელებს ეუბნებოდა სათითოოდ.
ეს მშვენიერი ერთგული ცხენებიც იფერებდნენ ალერსს. ხვიხვინებდნენ, ფრუტუნებდნენ, ალერსიანად თავს უქნევდნენ პატრონს.
სტუმარს ეუბნება გიორგი:
\\\”შენ გეტყვი, გირშელ, ხვალ რომ ტახტიდან გადამაგდოთ ერისთავებმა, მეჯინიბედ დავდგები უთუოდ, ცხენებს მოვუვლი და ეს მომგვრიდა უდიდეს ბედნიერებას\\\”.
აღტაცებული შესცქეროდა ყველისციხის პატრონი ნაომარ იაბოებს, მკერდდაჩეხილ ულაყებს, არაბულ კვიცებსა და თექურ ჭაკებს.
სიყრმის მეგობარს მიუბრუნდა:
\\\”იცი, გიორგი, ომში ცხენები მეცოდება ყველაზე მეტად, მრავალგზის მინატრია: ოღონდ ცხენს ნუ გამომიკლავენ ბრძოლაში და მე მზადა ვარ, თავათ შევუშვირო მტრის ისარს მკერდი.
როცა ქაჩაბურაისძე წარმტაცა მტკვარმა, ცხენი შემეცოდა და ამიტომაც არ დავიზოგე თავი, მეჯინიბეს მივუგდე ჩემი, მხარულით გავსდიე მეაბჯრეს\\\”.
საჯინიბოს ეზო გადაიარეს.
გაბოის სახლში ბჟუტავდა ჭაღი.
ეს იყო ჩვეულებრივი სოფლური დარბაზი უზარმაზარ დედაბოძზე დაყრდნობილის სახურავითა. ჩაჩხები ეკიდა სხვენზე. მჭვარტლში გამურული სრულიად.
დაფაცურდა გაბოი.
შუაცეცხლზე ჯაჭვი იყო ჩამოშვებული. ბატი ეკიდა ზედ. დიაცი კერას უჯდა.
ტრიალებდა ბატი, ძირს დადგმულ ტაფაზე იღვრებოდა ცხიმი.
ფრთას აწობდა დიაცი ცმელში, უსვამდა ისევ ბატს.
საამური სუნი იდგა ქოხში. ნერწყვი მოადგათ გირშელსა და გიორგის.
ერთადერთი უცხოთაგანი დაუხვდათ, მუნ, უნდილაისძე, ჯავახელი მეცხვარე.
\\\”აბა თუ იცნოთ ჩემი სტუმარი?\\\”
ეუბნება სიყრმის მეგობრებს გიორგი.
ვერც გაბრიელმა, ვერც ქიტესამ და ვეღარც ესტატემ ვერ იცვნეს სტუმარი.
მეფეს არ უნდოდა გირშელის ვინაობა შეეცნო მეცხვარეს, ამიტომაც ეუბნება დამხვდურთ:
\\\”კარგი, დასხედით, ჯერ დაგვალევინეთ ღვინო, მერმე გაგაცნობთ ამ ვაჟკაცის ვინაობას\\\”.
გაბოი სხვენზე აძვრა, სამწლიანი დუმა ჩამოიღო.
უცნაური სიღატაკე სუფევდა ირგვლივ. ჯვალოს ძონძები ეკიდა კედლებზე, დაფხრეწილი მუთაქები და დოშაკები ეგდო კუთხეში, სამი აკვანი იდგა საწოლის წინ, საწყალობლად ღნაოდნენ ბალღები.
უმწეოდ სტიროდა პატარა ბიჭუნა, მერმე სლოკინი აუვარდა, ხველა დააწყებინა, ყვინჩილასავით ყიოდა თანაც.
დიაცები სუფრის თადარიგით იყვნენ გართულნი, ბალღებისთვის არავის ცხელოდა.
გიორგი მივიდა, დაუყვავა პატარას.
საჩვენებელი თითი დაადო ნიკაპზე. ეუბნება:
\\\”ალალი, ალალი..\\\”
დუმა ქვაბში ჩააგდეს, ლოქო მოართვეს სტუმრებს. ქინძის სუნი ეცა დამშეულ გირშელს. უარესად გაუხელდა მადა.
გიორგი თავათ მიუჯდა კერას. ფრთა გამოართვა დედაკაცს. თავათ აწობდა ცხიმში, ჯაჭვზე დაკიდებულ ბატს უსვამდა ნელ-ნელა.
\\\”რამდენი შვილი გყავს, ქალო?\\\”
ეკითხება გიორგი დიაცს.
\\\”მენა? მენა, ორი\\\”.
\\\”ტყუპები?\\\”
\\\”ტყუპები\\\”.
მიუგო დარცხვენით დიაცმა.
\\\”გაგიზარდოს, გაგიზარდოს, ქალო\\\”.
ისევ ჩააწო გიორგიმ ტაფაში ფრთა, ბატს წასცხო კვლავ და ეკითხება დიაცს:
\\\”ეს მესამე ვისია, ქალო?\\\”
\\\”ჩემი დაი სტუმრადაა ჩვენსას, იმისია ი პატარაი, ყივანა ხველა შეეყარა ბედშავს\\\”.
გირშელი ხარბად სჭამდა ლოქოს, ესტატეს სავსე ხელადები მოჰქონდა ჭურიდან.
\\\”ერთ ძმაკაცთან ვიყავი სადილად დღეს, მშიერი დამტოვა მაგ ოჯახქორმა\\\”.
ესა სთქვა გირშელმა, ლავაში დაახვია ნიჩაბისებრ ხელით, წვენში ჩააწო და ჩაიბღუჯა პირში.
ღვინო მოსწყურდა სველი ხელადების დანახვისას გიორგის. გირშელმა მორიგი ჯამი გადასცა ესტატეს.
ეუბნება:
\\\”ჩვენი გლახუნა ვადღეგრძელოთ ამ ჯამით\\\”.
გიორგიმ სასმური გამოართვა მეგობარს. ზეასწია და ამბობს:
\\\”ჯერ ჩემი სტუმარი მიდღეგრძელეთ, იკუნკელისძე\\\”.
გირშელმა გაიღიმა და არა სთქვა რა.
\\\”ეგ კაცი ცოლის შესართავადაა მცხეთას ჩამოსული, ადიდებული მტკვარი გადაულახავს.
ვაჟკაცთა წესია ასეთი: გულის მიჯნურისთვის არ დარიდება საფრთხისა\\\”.
გლახუნამ თვალი მოავლო მიწურს, რა დარწმუნდა, დიაცები გაკრეფილანო:
\\\”არა, გატყუებთ, ბიჭებო, მას ერთი სიძვის დიაცი ჰყავს მცხეთაში, ამადაც გაუწირავს თავი\\\”.
გაბომ შენიშნა: გლახუნა ეჯიბრებოდა ღვინის სმაში უცხოს. ამიტომაც უჩურჩულა ესტატეს:
ცოტა არაყი ჩაუსხიო მაგ გოლიათს ყანწში, თორემ დაგვათრობსო ყველას.
გიორგის მიუბრუნდა შემდეგ ამისა:
\\\”საჭმელს მიეძალე, გლახუნა, თორემ ეგ ღვინო მატყუარაა, იცოდე\\\”.
გლახუნამ ბარკალი ააგლიჯა ბატს. გირშელი უხმოდ ილუკმებოდა, ნადირისებრი კბილებით გლეჯდა ხორცს, ძვლებს ხრავდა, ილოკავდა ცხიმში ამოსვრილ ხელებს. მადიანად შეექცეოდნენ მდაბიორებიც. ამათ შემყურეს გლახუნასაც მოეცა მადა.
როცა მეინახეთა და ოჯახის წევრთა სადღეგრძელოები ჩამოთავდა, უნდილაისძეს გადახედა გიორგიმ. რა დარწმუნდა, აღარ არისო იგი უკვე ამ სოფელს, მოზვრის ყანწი ზეასწია და ამბობს:
\\\”ერთი სადღეგრძელო მეც მათქმევინეთ, კაცნო, ხომ გახსოვთ სიყრმის მეგობარი ჩვენი, დედიჩემის დისწული – გირშელი\\\”.
\\\”როგორ არ გვახსოვს, გლახუნავ, გვითევზავნია არაგვში მასთან\\\”.
მიაძახეს სამთა.
\\\”ჰოდა… სარკინოზებს გამოჰქცევია, ყველისციხეში ჩასულა აღდგომა დღეს.
ვადღეგრძელოთ, ბიჭებო, გირშელი.
გეხსოვნებათ, ალბათ, ღვინის სმაში გვეჯიბრებოდა ოდესღაც. აქა გვყავდეს, ვუჩვენებდი სეირს\\\”.
\\\”ჰაი, ჰაი, აქა გვყავდეს ნეტა!\\\”
როხროხებს გაბოი.
ნადირისებრი ღოჯები გამოაჩინა გირშელმა, ყანწი დასცალა და ბატის კურტუმს დაუწყო ღრღნა. ერთ წუთში აელეწა სახე, უცნაური რყევა შეიცნო, ჯამში ჩააგდო ცხიმიანი ხორცი.
გული აერია, მაგრამ თავი შეიკავა, ორივე მკლავით მუხლისთავს მოეჭიდა.
გაბრიელმა ჯიხვი გაავსო კიდემდის.
წესისამებრ, ვადღეგრძელოთ მეფე გიორგი.
ჩამოიარა ჯიხვმაც. უხმოდ ჭამას შეუდგნენ მეინახენი კვლავ.
ესტატემ ესა სთქვა მხოლოდ:
\\\”რასა სჭამს ნეტავ ი ბედშავი მეფე გიორგი ახლა?\\\”
\\\”სამი წლის დუმას შეექცევა ალბათ ჩვენსავით, ირმის მწვადები გამოულეველიაო სასახლეში თურმე\\\”.
გაიხუმრა უნდილაისძემ.
მეფე გიორგი მართლაც სჭამდა სამი წლის დუმას იმ წუთში.
გაეცინა.
პეშვით მოიწმინდა ულვაშიდან ცხიმი.
გიორგის შეეშინდა, ჩემი ვინაობა არ შეიცნოსო მეცხვარემ.
წამუყო გაბრიელს:
კიდევ ატაკეო მოზვრის ყანწი უნდილაისძეს.
კიდემდის გაავსო თამადამ ყანწი. შენი ცოლ-შვილის სადღეგრძელოსა ვსვამთო.
წელი მოსტეხა მუხრანულმა ჯავახელს. თავი ჩაჰკიდა და დაიწყო თვლემა.
გირშელსაც ძლიერ მოეკიდა ღვინო. როგორც ყველაფერში, სმაშიაც ეჯიბრებოდა თავის ნათესავს.
გამწედ სვამდა თავათ, გიორგის მიერ დაცლილ ყანწებსა და ჯამებს უთვალთვალებდა თანაც.
\\\”ჩემთან ჯიბრი გადაგიტანს, იკუნკელისძევ\\\”.
მიაძახა გლახუნამ, სულმოუთქმელად გამოსცალა უზარაზარი ჯამი და ისევ გირშელს გადაულოცა.
გირშელმა მიამიტად შესცინა.
ქიტესა, ესტატე და გაბოი გაოცებულნი იყვნენ.
აროდეს ენახათ, ასე ხალისიანად რომ ესვა მეფეს.
გირშელმა თრობა შეიცნო უკვე.
აუხირდა გიორგის: დღეს ეს ვიკმაროთ, წამო, ხურსისეულ სასახლეში შევიჭვრიტოთო.
გიორგიმ იცოდა: სმა რომ შეეწყვიტათ, გირშელი უთუოდ წაათრევდა ფხოველი დიაცების სანახავად მასაც. თავს ვერ შეიკავებდა სასძლოს დანახვაზე მთვრალი, მთელი ქვეყანა გაიგებდა ამ ამბავს.
ანიშნა გიორგიმ გაბრიელს: გაეგრძელებინა როგორმე სმა.
მიცვალებულთა შენდობანი მოთავდა.
ომებში დახოცილი მეგობრები მოიგონეს.
ადგილის დედაც ადღეგრძელეს ბოლოს.
წამოდგა ძველი მონადირე, ესტატე.
\\\”ეს ღმერთმა გაუმარჯოს იმ მამალ ორაგულს, აღმა რომ მიჰყვება ამაღამ არაგვს, უფსკრულეში დაეძებდეს თავის დედალს, ვაჟკაცურად მიარღვევდეს ტალღებს, რათა გუდამაყარში წამოეწიოს და მისწვდეს საწადელს\\\”.
გიორგის გულზე ეცა ეს სადღეგრძელო.
გირშელი მოაგონა ამ ორაგულმა რატომღაც.
ბრაზი წაეკიდა, მაგრამ დადუმდა.
მოზვრის ყანწმა ჩამოიარა კვლავ. გირშელს სასმური ჩამოართვა გიორგიმ, ცერის ფრჩხილზე დააპირქვავა.
ახლა ქიტესამ აიღო ყანწი.
\\\”ეს ღმერთმა გაუმარჯოს იმ ფურირემს, რომელიც საჩიხეში ჰყავს დამწყვდეული მეფე გიორგის, მყვირალობის დრო მოდგება თუ არა, აბღავლდება და ეძახის გულის სწორს\\\”.
გირშელს ნებიერა გაახსენა ამ სადღეგრძელომ, ხოლო ნებიერამ – შორენა. მხარზე დაეყრდნო თავის ნათესავს და უჩურჩულა:
თუ შენ არ წამოხვალ ახლავე, მე წავალ და ვინახულებო ფხოველ დიაცებს.
იჭვნეულობა გულზე წაეკიდა გიორგის.
ცოტა მადროვე, წამოვალო ახლავე.
ესა სთქვა, ჯიხვი გაავსო კიდემდის, ხელში აიღო და ამბობს:
\\\”ეს ღმერთმა გაუმარჯოს იმ ხარირემს, რომელიც საფურცლეს ტყეში დასდევს ამ წუთში თავის ფურს და სხვა ხარი თუ შეეზიარა, რქებით გამოფატრავს მეტოქეს\\\”.
ხარირემის სადღეგრძელომ წააქცია გირშელი.
გული აერია თუ არა, წამოვარდა, მაგრამ პურის კიდობანს გადააწყდა ბნელში და დაყორდა სოხანეზე დევკაცი.
ოთხმა ვაჟკაცმა ძლივს გაათრია გირშელი ფარდულში.
ჩალაზე დააწვინეს, ნაბადი დაახურეს ზედ, მაგრამ გაბრიელის ნაბადი კვირისთავამდისაც არ მისწვდენია გოლიათს.
გირშელმა ხვრინვა ამოუშვა მყისვე.
გიორგი გამობრუნდა და ეუბნება მეგობრებს:
\\\”იცით, ბიჭებო, ეგ კაცი ვინ არის? გირშელია, დედიჩემის დისწული\\\”.
\\\”შე კაცო, დროზე რომ გეთქვა, არ დავათრობდითო ასე უღმერთოდ\\\”.
ამბობს ნაღვლიანად გაბოი.
სამივენი მიეახლნენ გირშელს და გადაჰკოცნეს მძინარე.
\\\”იცით, ბიჭებო, მეცნაურებოდა ეგ კაცი, მაგრამ ნახმლევი მებლანდებოდა თვალში\\\”.
ესა სთქვა ესტატემ.
უკვე შეღამებული იყო, როცა სტუმარი გამოაცილეს სამთა.
საჯინიბოში გავიაროთო, მოისურვა გიორგიმ.
როცა შიგ შევიდნენ, ოქროსფერი ულაყი შემიკაზმეო, ეუბნება გლახუნა გაბრიელს.
კოხრიჭისძე გაშრა, მხრები აიჩეჩა.
რა დროს შეკაზმვააო ცხენისა?
უჩვეულოდ გაფიცხდა გლახუნა.
მეფე გიორგი გიბრანებს: ახლავე შეჰკაზმეო ცხენი.
ბუზღუნით დაითრია უნაგირი გაბომ.
გაოგნებული შესცქერიან ესტატე და ქიტესაც მეფეს.
ბუნებით მშვიდსა და თავაზიანს არ სჩვეოდა ამნაირი ჭირვეულობა.
ბოლოს ხნით უფროსმა მოიკრიბა მხნეობა. ქიტესა მიეჭრა და ეუბნება გიორგის:
უკეთუ არ გვამცნობ, სად მიდიხარ, შენს ნაბრძანისს არ შევასრულებთო.
\\\”ბევრს ნუ ლაყპობ, შენ გეტყვი, ესტატე, გაიქე, უშიშარაისძე აქ მომგვარე ახლავე, ზედაზენს უნდა წავიდე ამაღამ\\\”.
\\\”არაგვი გაცოფებულია და ზედაზენს ამაღამ წასვლა?!\\\”
დაუჩოქა ჭაღარა ქიტესამ.
\\\”სამივენი დაგვხოცე, თუ გნებავს, არ გაგიშვეთ ზედაზენს ამაღამ\\\”.
გაბრიელმა უნაგირი ძირს დასდო. ფერხთით დაუვარდა გაგულისებულს.
ჩვენ გადავლახავთ შენს მაგივრად არაგვს, რასაც გვიბრძანებ, აგისრულებთო ახლავე.
\\\”არა, ჩემს მაგივრობას ვერ გასწევთ თქვენ\\\”.
\\\”მაშ, რაც გენებოს, ის გვიყავი, არ შეგიკაზმავთ, გლახუნავ ცხენს\\\”.
ესა სთქვა გაბომ და უნაგირი კვლავ შეიტანა თავლაში.
დაუჩოქა ქიტესამ გიორგის, სიყრმის მეგობრობა მოაგონა, ნუ დაადგამო გაბოის პურ-მარილს ფეხს, საქმე რა მისჭირდა, დედის სული დააფიცა ბოლოს.
დედა უყვარდა გიორგის ყველაზე მეტად ამქვეყნად. აქ კი მოტყდა უცნაურად გაჯიქებული.
\\\”მაშ ჩამომეცალეთ სამივენი ახლავე, მარტოობა მომძალებია\\\”.
განაცხადა გლახუნამ მტკიცედ.
სამივენი გადაჰკოცნა მთვრალმა.
\\\”ბატონი ბრძანდები, ვარდი გფენია შენს გზაზე\\\”.
მიუგო ქიტესამ.

XXVII

მიდიოდა გიორგი, გაუგებარ სიტყვებს როშავდა თანაც.
მეგობრები შორიდანაც ატყობდნენ: ვიღაცას ემუქრებოდა იგი.
ყორეებს ეფარებოდნენ, უთვალთვალებდნენ, ერთი ვნახოთ, სად წავაო ახლა?
მოედანი გადაირა გლახუნამ, ხურსისეულ სასახლისკენ გადაუხვია მხარმარცხნით.
ეზოში შევიდა და შესდგა.
სამივემ ირწმუნა მცხეთაში გავრცელებული ჭორი: კოლონკელიძის ქალს ყვარობსო მეფე გიორგი.
გადაჰხედეს ურთიერთს, ჩამოსცილდნენ მართლაც.
ხილნარში შევიდა გიორგი, ახედა ზედაზენის მთებიდან გადმომდგარ მთვარეს.
დათოვლილივით მოსჩანდნენ ატმისა და ვაშლის ხეები, მსუბუქი ბორიო ოდნავ აქანავებდა ხეთა კენწეროებს.
ტოკავდა შტოთა ნაჩრდილევი სითვით ნაქარგივით ამოჩითული მიწაზე, ასე ეგონა ბილიკზე მიმავალს: ქარცემულივით ტორტმანობსო მთელი ქვეყანა.
მიწის სუნი, ნაზამთრალი ფესვების სუნი, ატმის ყვავილის ნელსურნელება იკმეოდა ირგვლივ.
სიმთვრალემ მხნეობა შეჰმატა.
არც დედოფლის რიდი ჰქონდა ამ წუთში, აღარც მელქისედეკ კათალიკოსისა. იგიც სულ ერთი იყო მისთვის, თუ რას იტყოდნენ სასახლეში ავი ენები?
ჭაღები ქათქათებდნენ ხურსისეულ სასახლეში.
ალბათ მობრუნებულაო ზედაზენიდან შორენა.
\\\”გირშელი კი არა, მამაჩემი რომ წამოდგეს, ბაგრატ კურაპალატი, არ შევეპუები მასაც\\\”.
ესა სთქვა თითქმის ხმამაღლა გიორგიმ.
ცა ისეთი მაღალი იყო, ვარსკვლავებიც ისე ნაზად აფახულებდნენ იისფერ წამწამებს, არასოდეს ასეთი ბედნიერება არა უგრძვნია გიორგის.
ჯერ კიდევ ყრმას შეაჩეჩეს დედოფალი მზრდელმა და მელქისედეკმა, ისე, როგორც მდაბიორს მიუგდებენ მეზობლიანთ თხუპნიას. ბოლოს თავი მოაბეზრეს სეფექალებმაც, რადგანაც სძაგდა მოძალებული დიაცი.
ამის მეტად არ ეგემნა მიუწვდენელი სიყვარულის ტკბილი ბადაგი.
შესცქეროდა თეთრად მოქათქათე ხილნარს. სიყვარული, ღვინო და ყვავილთა ნელსურნელება შემოგზნებოდა გულზე.
კიდევ შეჰხედა სასახლის სარკმელებს.
დარწმუნდა: ჩამოსულაო შორენა, რადგან ცაც ისეთი მაღალი იყო, ვარსკვლავებიც ნაზად ნაბავდნენ იისფერ წამწამებს, ოცნებასა და ზმანებას დაებანგა ქვეყანა სრულად.
სიჭაბუკის შემდეგ ეს პირველად შედიოდა ხურსისეულ ეზოში გიორგი. საჯინიბო ღია იყო, შრამელები აეღოთ, მხოლოდ უზარმაზარი ქვის კიბე დარჩენილიყო უცვლელად.
ჰინდური თუთიყუშები ჩხაოდნენ სადღაც. კიბის შუაგულამდის ისე მიაღწია, არც მონების, არც ძაღლების ჭაჭანება არსად ისმოდა.
\\\”კარგად კი ჰყოლია დაცული ფხოველი ტყვეები გამოყრუებულ ათანასე ბერს!\\\”
გაიფიქრა გიორგიმ. ინანა: აქამდის რად არ შემოვიპარეო გადაცმული ამ სასახლეში?
სულ რამდენიმე ხარისხი ჰქონდა დარჩენილი კიბისა, ტალანიდან შინაური ავაზა გამოვარდა და კიბის თავზე შესდგა.
ფოსფორული შუქი ქათქათებდა ნადირის თვალებში.
გაუკვირდა: აქამდის ცოცხალი ყოფილაო ხურსისეული ავაზა?!
კიდევ აიარა ორიოდე ხარისხი. ავაზა დაიძრა დინჯად და წამოვიდა უცხოს შესახვედრად.
თორი არ ეცვა მეფეს, შეკრთა, ხმლის ვადაზე წაივლო ხელი.
ვიღაც დიაცმა გამოსდია ავაზას. უცნობის დანახვაზე შეკრთა.
ამასობაში ავაზა მიეახლა გიორგის, მუხლის თავზე უყნოსა ძაღლივით.
მარცხენა ხელი გამოიღო გიორგიმ, უნდა მიალერსებოდა მხეცს, მაგრამ საეჭვოდ მიიჩნია სტუმართმოყვარეობა მისი.
მარჯვენათი მოზიდა ხმალი.
\\\”ნუ გეშინია, არას გავნებს, ბატონო\\\”.
მიაძახა კიბის თავზე შემდგარმა ქალმა.
შერცხვა კიდევაც ოდნავ, დიაცმა რომ შეამჩნია შეკრთომა ვაჟკაცს.
ტალანში შესულს ეცნაურა შინდისფერ მანდილიანი დიაცი.
\\\”მწუხრი მშვიდობისა\\\”.
ეუბნება სტუმარი.
\\\”ვინა გნებავთ, ბატონო?\\\”
ხმა გაიღო ქალმა.
\\\”დიასახლისი ამ სახლისა\\\”.
მიუგო გიორგიმ.
\\\”ამ სახლის დიასახლისი?\\\”
დადუმდა მცირე ხანს და დასძინა:
\\\”სარკინოზებთანაა წასული იგი\\\”.
\\\”ვინა ცხოვრობს სასახლეში ამჟამად?\\\”
\\\”ფხოველი ტყვეები, ჩვენ\\\”.
\\\”შენ ვინ იქნები, ქალავ?\\\” .
\\\”პირისფარეში ერისთავის ქალისა\\\”.
\\\”თვითონ შორენა სადა ბრძანდება, პატრონი შენი?\\\”
\\\”შორენა და მისი მოახლენი ზედაზენს წაიყვანა ჩვენმა მოძღვარმა:\\\”
\\\”შენი სახელი მობოძე, ქალავ\\\”.
\\\”ვარდისახარი, ბატონო ჩემო\\\”.
გიორგის მცირე რამ სმენოდა ამ ქალის გამო, დაკვირვებულად ახედ-დახედა დიაცს.
\\\”შენ თავათ ვინა ბრძანდები, ბატონო?\\\”
\\\”მეფე გიორგის მალემსრბოლი, ავშანისძე ვარ, გლახუნა\\\”.
მეფე გიორგის ხსენებაზე ანაზდად შეშფოთდა ქალი.
\\\”მობრძანდით\\\”, – ეუბნება მოწიწებით სტუმარს, დიდ დარბაზისკენ გაუძღვა წინ.
ოთხივე კუთხეში კაცის სიმაღლე შანდლები ენთო, ხალასი ვერცხლისა. ნიშებში თაფლის სანთლები ბჟუტავდნენ.
ირმის რქები და ტყავები ეკიდა კედლებზე, გაშლილი ვაშკარანები, ღია სკივრები და ზანდუკები ელაგა ირგვლივ.
შუაგულ დარბაზში ვერცხლის ტაბაკი იდგა, გახსნილი გრაგნილი ზედ იდო გრძელი. სწორედ ამ ტაბაკთან მიიყვანა ვარდისახარმა სტუმარი, სელზე დაჯდომა შესთავაზა მყისვე.
გიორგიმ მოურიდებლად დახედა გრაგნილს.
ეს რა არისო? .
ეკითხება დიაცს.
\\\”მზითვის წიგნია ერისთავის ქალისა\\\”.
ვარდისახარმა ახედ-დახედა სტუმარს.
ასე დაასკვნა სამოსის მიხედვით: მდაბიორია ვიღაცა, ალბათ, გულახდილად დაუწყო ამიტომაც მას საუბარი.
მარტოშთენილისათვის აღტაცება მოეგვარა, როგორც სჩანდა, შორენას მზითევს. სათითაოდ უჩვენებდა ყოველივეს სტუმარს.
დაუზარებლად ეტიკტიკებოდა მეფეს, აქებდა თავის პატრონს თანაც.
გულნაზიაო და პირმშვენიერი შორენა. ურთიერთისაგან არ არჩევსო დიდსა და მცირეს, მანდილოსანის სინატიფე და რაინდის ლომგულოვნება თანაბრად შერწყმულიაო მასში.
ბედმა უმუხთლაო ჩემს პატრონს ერთხელ, დააბეზღესო მსტოვარებმა კოლონკელიძე, მეფის ღალატი შესწამესო უბრალოდ, ზვიად სპასალარს აძაგებდა, კვეტარის დამქცეველს, თვალები დაუბნელესო უმიზეზოდ ბედკრულ ერისთავს.
ზვიადმა მოუკლაო ერისთავის ქალს საქმრო, ბოლოს თავათ მეფეს უნდოდა ცოლად შეერთო, მაგრამ მელქისედეკმა და დედოფალმა არ დაანებესო. მაინც მოხედაო შორენას ღმერთმა…
ახლა თავისი ცხოვრების ამბავიც წამოიწყო ვარდისახარმა.
მეც ვიყავიო ბედნიერი ოდესღაც, ოვსთა მეფე მიგულებდა სასძლოდ (არ გაუმხილა, ხარჭად რომ ჰყავდა ოვსთა მეფეს, არც ის უთქვამს, ჭიაბერმა რომ მოაწამვლინა იგი).
უცებ შესწყვიტა ამგვარი ტიკტიკი.
\\\”მაინც რა საქმე გაქვს შირენასთან, კაცო?\\\”
\\\”ნაბრძანები მაქვს პირადად მოვახსენო საუწყებელი\\\”.
\\\”მაშ დაიცადე მცირედი, გამოჩნდებიან სადაცაა ალბათ\\\”.
გიორგიმ თავათაც არ იცოდა ამ წუთში, მართლაც რომ შემოსულიყო შორენა, რა უნდა ეთქვა მისთვის მოულოდნელ სტუმარს?
ბიორგიმ საუბარში შეატყო: დიაცმა არც კი იცოდა, მოდიდებული რომ იყო არაგვი.
მთელი კვირაა გარეთ არ გამიხედავს, შორენას მზითევს ვითვლი და ვალაგებ, გურანდუხტს მოველითო ხვალ.
ესა სთქვა ვარდისახარმა და გახსნილ ვაშკარანებთან მიიყვანა სტუმარი.
საყდრის იარაღებს აჩვენებდა დიდის მოწიწებით. ოქროთი შეჭედილ ხატებს, ვერცხლის ლუსკუმიან ჯვრებს, დიდრონი იაგუნდებით, ლალებითა და საფირონებით მოოჭვილთ.
ძელი ჭეშმარიტი გადმოიღო ერთი, ხოშორის მარგალიტებით შემკული, სახარება და ფსალმუნი ფერადი მინიატიურებით დამშვენებული, ოქროთი მოჭედილი ბუდეებიც მათთვის.
სპილოს ძვლის ზანდუკი გახსნა, საყურეები ამოიღო ბადახშანის ლალებითა, ნიშაბურის ფირუზებით. მურასა ჯაჭვებითა და თითრიმებითა.
შესანიშნავი მანიაკები გადაიცვა ყელზე, ვარდისფერი იაგუნდებითა.
წითელი, ყვითელი და პირისფერი იაგუნდები ისხდნენ ბეჭდის თვლებში.
მიჭვრიტანები ამოალაგა ოქროთი მოზარნიშებულნი, საყურეები ყვრიმალებთან მიჰქონდა, ბეჭდებს თითებზე იზომავდა.
ასე ეგონა: თვალს მოსჭრისო მათი დანახვა ხამლის სამოსში გამოწყობილ \\\”მდაბიორს\\\”.
როცა პატიოსანი თვლები წამიერად მიეახლებოდნენ ვარდისახარს, ეს ყოველივე ბრწყინვალებას ჰმატებდა ისედაც პირმშვენიერ დიაცს, მაგრამ მათგან მოგვრილი აღტაცება თვალსაჩინოდ ჰხდიდა მდაბიორობას მისას.
ახლა დიდი ზანდუკი გახსნა ჯვრის ჩუქურთმებით შემკული.
ოქროს ფიალები ამოალაგა, ვერცხლის ჯამები, ვერცხლნაქანდაკები ლანგარები, წეროსყელიანი სურები.
ოქროს ფიალა აიღო გიორგიმ. ირმები იყო ზედ გამოსახული, ფური და ხარი მიჰყვებოდნენ ურთიერთს, წყვილებს წყვილებიდან თიშავდა მგელკაცების უცნაური ფიგურები.
დიდ სურაზე ნადირობა იყო გამოხატული, ხოხობზე მონადირე მოისარები მოსჩანდნენ, მაძებრების თავები, გაქცეული ნიამორების გადრეკილი ზურგები, ვაზის ლერწები და ფოთლები გარს ერტყა სხვათა, უდიდესი გულმოდგინებით შესრულებულნი ოსტატის მიერ.
ახლა საპირისფარეშოს ოქროს გოდოლები გადმოიღო ვარდისახარმა, უმარილის სალესი ჯამები, თმის საყოფები, ყურისა და კბილის საჩიჩქნი ჩხირები ოქროისანი, ბროლისტარიანი თმის სახვევები, გველებრ დაგრეხილი ოქროს მარყუჟები ნაწნავების დასაგრაგნელი.
მოჩვენებითი გულისყურით ათვალიერებდა ნივთებს გირგი.
გამოართმევდა ვარდისახარს, სინჯავდა, აქებდა სათითაოდ ყველაფერს.
ორხოვის ნოხები ამოალაგა დიაცმა, ხატაური და ჰინდური სტავრა, ოქროთი ნემსურნი სრულად.
ვერცხლის თუნგები აბანოში სახმარი, ფერადად ნაქარგი აბანოს სიუზანები, მოვის პერანგები, მარგალიტის თირთიმებითა და ყირმიზი ლალებით დამშვენებულნი.
საწმერთულებს თვალი წაატანა გიორგიმ, პირისფერს, ბროწეულის ყვავილისა და სინგურისფერისას.
გულისპირები ამოჰყვა მათ. ფერადი მაშიები, მარგალიტით მოოჭვილი ქოშები.
ერთი საწმერთული აიღო გიორგიმ ხელში, ხოხბისყელისფერი, ტოტებზე ირმის თავები იყო სითვით ამოქარგული, მეორეზე ვაზის ფოთლები და მტევნები იყო ოქრომკედით ამოყვანილი.
ხატაური და ირანული დიბის კაბები გადმოიღო ვარდისახარმა, ნარინჯისფერნი, მზისფერნი და ზღვისფერნი.
ცხრა კაბა ქირმანული ფერადი შალისა, ცხრა საწმერთული გვიმრისფერნი, ენდროსფერნი და პირისფერნი.
ოქროს ქამრები, მძიმე სარტყელები ამოალაგა თეთრი, შავი და უნაბისფერნი.
ყვითელი, მწვანე, ჟრუნი და იისფერი ქათიბები, ოქროს სინსილიანნი, ტყავკაბები, ოქროქსოვილი ზორტებით და მარგალიტისფოჩვებიანნი.
კვერნის ტყავები მარგალიტის საყურეებით, ოქროსა და ალმასების ღილებითა.
ქვეშაგებს თვალი მოჰკრა გიორგიმ, დორებს, საფენებს, ვაშკარანებს, მაფრაშებს, თასებს, ხატაურსა და ირანულ ლანგრებს, ვაზებს და სურებს.
ქირმანული ხალიჩები ეყარა ირგვლივ, ოქრომკედით მოქარგული მუთაქები, ბალიშები და ნატები.
ახლა ცხენსაკაზმი აჩვენა დიაცმა.
მურასა ოქროთი შეჭედილი უნაგირები, მშვლის ბეწვის თოქალთოები, ოქრომკედით კიდემოხატული, ვერცხლის სამკერდენი, საცხენო თორნი, ბიზანტიური, ქართული და ირანული, ვერცხლით შეზიკული აღვირები, ლაგამები და მოსართავები.
მარგალიტის ქუდი ხელში შერჩენოდა ვარდისახარს, თავზე დაიხურა და გაუღიმა სტუმარს.
\\\”ერთ წუთში მე ვიქნები ერისთავის სასძლო\\\”.
ნაღვლიანად დასძინა:
\\\”ეჰ, ერთ დროს მეც გამიღიმა ბედმა, მაგრამ რისხვით მობრუნდა ჩემს თავზე ცარგვალი!\\\”
გიორგიმ შეჰხედა დიაცს.
გაახსენდა ზვიადის ნაამბობი: მეჯადაგის ქალი ყოფილაო ვარდისახარი. შესცქეროდა, უკვირდა: როგორ წარმოშვაო მეჯადაგემ ეგზომ მშვენიერი დიაცი:
თვალი შეავლო მარგალიტის ქუდს და მწყრისფერ აბრეშუმის კაბას.
მოაგონდა: ეს ქუდი ეხურა შორენას, როცა კვეტარის ციხის კარებთან შეაგებეს იგი მეფეს. სწორედ ეგ მწყრისფერი კაბა ემოსა იმ საღამოს.
მართლაც სადედოფლო ქალი იდგა მის წინაშე. შორიახლო იწვა ავაზა, წინა თათებზე დაედო თავი.
ოდნავ, სულ ოდნავ ჭორფლიანი, მაგრამ თეთრი, ვაშლის ყვავილისფერი სახე ჰქონდა, ავაზას დარი თვალები.
მწყრისფერი აბრეშუმი დიდად ჰშვენოდა, ნასხვისარობა ეტყობოდა კაბას:
მკვრივად შემოტმასნოდა იგი გათქვირულ ძუძუებსა და სავსე თეძოებს.
ზედატანი ოდნავ გაცრეცილი იყო სწორედ იმ ადგილას, სადაც ძუძუს კერტები ზედმოსდგომოდა მწყრისფერ აბრეშუმს.
ახლა დარწმუნდა გიორგი: მართლაც გრძნეული უნდა იყოსო ეს დიაცი.
განზრახ შეეკითხა ვარდისახარს:
ვის მიჰყვებაო ცოლად ერისთავის ასული?
ვარდისახარი გაოცდა: როგორ არ სცოდნიაო ეს ამბავი მცხეთელს? მთელი ქალაქი ამ ქორწინების გამო ჭორაობსო დღენიადაგ.
\\\”მაინც ვის?\\\”
გაუმეორა გიორგიმ კითხვა.
\\\”მეფე გიორგის ბრძანებით, გირშელს, ყველისციხის პატრონს\\\”.
მოწიწებით წარმოსთქვა ერისთავის სახელი დიაცმა.
ცემულივით ზეწამოიჭრა სტუმარი, ამ წუთში ირწმუნა: სამუდამოდ დავკარგეო შორენა.
სამსჭვალივით ეცა გულზე ეს სახელი \\\”გირშელი\\\”.
განზრახ შეეკითხა დიაცს:
\\\”რა კაცია ნეტავ ეგ გირშელი?\\\”
\\\”დიდი ვაჟკაცი, მოისარი ფრიად, ერისთავი უსაჩინოესი, გიორგი მეფის დედის დისწული\\\”.
კიდევ აპირებდა ვარდისახარი ამ რაინდის სხვა სიქველეთა ჩამოთვლას, მაგრამ სტუმარმა არ აცალა და სიტყვა ჩაუგდო საუბარში ასეთი:
\\\”ალბათ ბედნიერია ერისთავის ქალი, ჰა?\\\”
\\\”ჩემს პატრონს სხვა უყვარდა, არხეგოსი, ერისთავი ჭიაბერ, მაგრამ რა ჩარა აქვს ახლა, გიორგი მეფის ტყვეები ვართ ჩვენა, არჩევანის ნება ვინ მოგვცა ბედშავთ?\\\”
\\\”ასე რომ, რასაც მეფე გიბძანებთ, ყოველივეს შეასრულებთ, არა?\\\”
გაეხუმრა გიორგი და მის მკერდს დაადგა თვალი.
ქალმა ეს შემთხვევა დაიჭირა, აიმღვრა, აღარ იცოდა, რაეპასუხნა.
\\\”აფსუს, რად არა ვარ მეფე გიორგი?!\\\”
ვითომდაც ნაღვლიანად ამბობს სტუმარი. კიდევ შეხედა აბორცვილ ძუძუებს და კვლავ გაუღიმა, ახლა უფრო მოურიდებლად, მრუშად.
\\\”მეფე გიორგი რომ იყვე, რას იზამდი ნეტავი?\\\”
\\\”მეფე გიორგი რომ ვიყვე? ხარჭად აგიყვანდი შენაც\\\”.
ეს უთხრა, ახლოს მიეჭრა დიაცს, ავაზისფერ თვალებში ჩააშტერდა, მარჯვენა ძუძუზე წაუცაცუნა ხელი. (ასეთი მშვენიერი ძუძუები არასოდეს ენახა ქალის სხეულზე გიორგის).
ვარდისახარი აილეწა.
\\\”ხელები დაიმოკლე, ბედშაო!\\\”
შერისხა და მარჯვენა ხელზე\\\”წაუტლაშუნა მამკაცს მარცხენა.
გიორგიმ ხელი მოუნაცვლა, ახლა მარცხენა წაუცაცუნა მარცხენა ძუძუს, მერმე მარჯვენა გამოიღო სწრაფად, ქედზე შემოჰხვია, მოიზიდა დიაცი.
მკერდზე შემოენთო ქალის სხეულის სილბო და სიტფო.
უარესად აღელდა მთვრალი, თავი გადაუწია მკლავებში ჩაბუღუჯულს, უნდოდა მისწვდენოდა მის წითელსა და ვნებიან ტუჩებს, მაგრამ ლეღვის შტოსავით გადაიკეცა ქალი.
მარჯვენა გამოიღო, მკერდზე ხელი ჰკრა მამაკაცს და მიახალა: \\\”თუ მართლა მეფის მიერ ხარ მოგზავნილი, ისე გაისარჯე, როგორც მეფეთა მოციქულებს ეს ეკადრება, ბრიყვო\\\”.
ასეთი სიტყვა არავის უკადრებია გიორგისათვის ჯერ.
ბრაზი, ღვინო და ვნება მოეძალა ერთბაშად, ნაბიჯი წინ წასდგა კვლავ და ეუბნება დიაცს:
\\\”მე თვითონ ვარ მეფე გიორგი\\\”.
იქედნურად გაუღიმა ქალმა:
\\\”მეფე გიორგის მიგიგავს წვერი\\\”.
სტუმარმა ჩაიცინა, კვლავ წაეპოტინა იგი ვარდისახარს.
მცირე ხანს იბრძოდნენ დიაცი და მამაკაცი. მკლავების სალტეებში მომწყვდეული ატირდა.
თუ არ მომეშვები, ვიკივლებო ახლავე.
მკლავები შეუშვა გიორგიმ, ვარდისახარმა იდროვა, ხელი ჰკრა ისევე მკერდზე, დაბარბაცდა მთვრალი, მუნვე გაწოლილ ავაზას ზედ გადააწყდა. ნადირი განზე გადაუხტა, თვალები აუბრიალა უცხოს, შემზარავად ლაშდაღრენილმა.
თავისი გაცოფებული ავაზა მოაგონა გიორგის ფოსფორულმა ელვამ, ხმალს ხელი მიჰყო, ელვის უსწრაფესად ძირს დასცა მხეცი.
სისხლის დანახვისას შედრკა უცნაურად ქალი. გიორგიმ ხმალი გასწმინდა, აუღელვებლად ჩააგო ქარქაშში. კვლავ მიეახლა ვარდისახარს.
ასე ეგონა, დავიუფლეო შემკრთალი დიაცი.
გაიბრძოლა ქალმა, ისევ ატირდა, მაგრამ მტკიცე მკლავები შემოჭდობოდა სხეულზე. გახელებული მთვრალი ჰკოცნიდა ყვრიმალებზე, კისერზე.
საკინძე გაუფხრიწა გიორგიმ და ძუძუზე უკბინა გახელებულმა.
ვაჰმეო, იყვირა ვარდისახარმა და როცა შემკრთალი მამაკაცი მოეშვა კვლავ, მარჯვენა მკლავი მოუქნია და სტკიცა სილა.
გონს მოვიდა მთვრალი, სიწითლემ იფეთქა მის სახეზე.
ავაზას ლეშზე გადააბოტა და მიმართა ღამეს.

XXVIII

\\\”…ახლა ქორწინებისათვის კვიმატი დღეების გამოც უნდა მოგითხროთ მცირეოდენი.
ბაზაფხულის სამივე თვეში კურდღლის დღენი სამივენი ნავსია…
ზაფხულის სამივე თვეში ცხენის დღენი სამივენი ნავსია.\\\”
ფარსმან სპარსის სამთვარიოდან.
შოშიები მობრუნებულიყვნენ მცხეთაში.
არსაკიძე აივნიდან უთვალთვალებდა. აურაცხელი, მშვენიერი ფრინველი შერეოდა ჭადარს.
ეშვებოდა ბინდი.
არსაკიძე ჯერ კიდევ ჰხედავდა ხოჭოს ჯავშანივით ლაპლაპა ნაკრტენზე ალაგ-ალაგ სხურვებულ სიშავეს. ერთობლივად ჟიოდა, ჟღურტულებდა სირი.
შოშიები არ აპირებდნენ დაცხრომას. უცხოსა და უცხო ქვეყნების ამბავს უამბობდნენო თითქოს ურთიერთს, ერთად ყოფნით გახარებულნი.
დაქანცული იყო დღიურ ჯაფისაგან კონსტანტინე. სვეტს მიყრდნობილი შესცქეროდა, ყურს უგდებდა ამ სანახაობას.
ასე ეგონა მჭვრეტელს: სადაცაა შევიცნობო მათი იდუმალი ჟღურტულის შინაარსს.
უცნაური სიმარტოვე შეიცნო.
სიყრმე მოაგონდა თავისი.
სწორედ მის, სარკმელთან მოდიოდნენ ისინი გაზაფხულზე კვეტარში.
ნეკერჩხლის ხეზე ათევდნენ ღამეს.
შოშიებს მოჰქონდათ გაზაფხულის სიხარული მთაში.
დედა მოაგონა ამ ამბავმა არსაკიძეს.
დაფათურებს ალბათ შაოსანი, მთიულური ქვითკირის ეზოში.
ყორნები შემომსხდარან მახლობელ ნაძვებზე, უხიაგი ყრანტალით უხმობენ ღამეს. შოშიები ჟივიან ნეკერჩხლის მწვანეში.
თვალნათლივ ჰხედავს კონსტანტინე შავ ცხვრებს.
მოისმის ნეზვებისა და ბატკნების ერთობლივი ბღავილი.
გონების თვალი მიაყოლა შავადმოსილ მოხუცის ლანდს.
დაფაცურობს დედა, დასდევს დახუთულ ცხვრებს.
ვიდრე ერთს გამოსწველიდეს, რომელიმე თოხლი შეუვარდება ჯიქანში შაქს.
დაიჩოქებს, ურაჯგუნებს გამობერტყილ ძუძუებს.
სიყრმეში თავათ ეხმარებოდა ცხვრის წველისას დედას, საჩიხეში შერეკავდა ბატკნებს, ხელს წაავლებდა ყურზე, სათითაოდ მოჰგვრიდა ჯირკვზე მჯდარ მოხუცს.
ამ წუთში შემოესმა არსაკიძეს გულგანაწყენი ბღავილი.
დაფაცურობს შუაცეცხლთან დედა.
ჩრაქვით გააღვიძებს ცეცხლს.
რძეს ჩააყენებს…
ილოცავს…
ხატს შეავედრებს თავის ერთადერთ ვაჟს.
დაწვება მოხუცი იმ იმედით: სიზმარში მაინც ვნახოო გადაკარგული შვილი.
\\\”უტა\\\”, მოესმის არსაკიძეს თავისი ლაზური სახელი.
შოშიები დაცხრნენ.
მდუმარებამ დაივანა ბაღში.
მთვარე ჯერაც არ ამოსულიყო.
ქიმერებივით მოსჩანდნენ ცაცხვების, ჭადრების და ფითრიანი მსხლების სილუეტები.
უყვარდა არსაკიძეს ჭვრეტა ღამისა, როცა ქვეყანა ბნელითაა მოცული და მხოლოდ ჩქამით შეიცნობა, რომ სიცოცხლე ჯერაც ფეთქავს მიწაზე. აივანზე მარტო დარჩენილს მოესმის თითქოს დედის ნათქვამი ლაზურად: რძე დალიეო, უტა!
დასძაბა გონების ძალი თვალდახუჭულმა: სურდა შეეცნო, თუ რას ეტყოდა შორეული ჩვენება დედისა?
უსუსური აღმოჩნდა გონება.
ახლა ნანობს არსაკიძე: რად არ ვასწავლეო მოხუცებულს წიგნი?
სიტყვიერად უთვლიდა მოკითხვას შორიდან.
ხან წაბლს გამოუგზავნიდა, ხან ზღმარტლს, ხან პანტას, დედის მიერ ხელშენავლებს. ფხოვურ პაჭიჭებს, ჭრელ წინდებს, კალთებმოქარგულ ფხოვურ ჩოხას.
იმდენი სიყვარული და სიტფო თან ჩამოჰყვებოდა ხოლმე ამ საგნებს, დიდხანს, დიდხანს ყოფნიდა ჯაფისაგან წელში გაწყვეტილ ოსტატს ეს ყოველივე.
უთვლიდა დედა:
დავსნეულდიო, შვილო, მეშინია: არ ამომხდესო უშენოდ სული.
ცნობა მოვიდა კვეტარში: გაუცვნიხარო გიორგი მეფეს.
ალბათ მეფესაც ეყოლებაო დედა, ალბათ მეფესაც ეყვარებაო დედა.
დედა დააფიცეო მეფეს, შეევედრეო ჩემს მაგივრად, გამოგიშვასო დედის სანახავად.
ერთხელ მაინც, ერთხელ მაინც თვალი მოგკრა როგორმე.
ციკვდილის წინ დაგლოცო, შვილო, შემდეგ ამისა ნუ შემრჩება სუნთქვა, შემდეგ ამისა მიმიღოსო უფალმა.
გზა რომ ვიცოდე, კვალი რომ ვიცოდე, თავათ წამოვიდოდი როგორმე, პურის მცხობელად დავდგებოდი შენს ახლოს სადმე, თავს არ დავიზოგავდი, წამოვფორთხდებოდი როგორმე, ფეხები დამისივდა, ძველებურად ვეღარ ვჯდებიო ცხენზე.
ეგეც არ იყოს, ვინღა მიხედავსო მამას, ფხოვურ მიწაში მარტოკა მწოლარეს?
საკლავს ვინ შესწირავსო სულის საცხონებლად, ხუცს ვინ აწირვინებსო სალხენად მისდა.
ისევ ისა სჯობია თავათ ინახულოო მოხუცი დედა.
ეს შემოუთვალა არსაკიძეს დედამ, კალატოზის ბოდოკიას პირით.
ფხოველი დიაცი ჰყავდა ბოდოკიას, ლაზს.
არა ჰქნა დედაკაცმა ბარში ჩამოსვლა, ვერ მოვშორდებიო წინაპართა საძვალეს.
თავათ მიდიოდა ამიტომაც ბოდოკია სამ თვეში ერთხელ ცოლის სანახავად ფხოვს.
მას შემდეგ, რაც ფარსმან სპარსს აჰყარეს პატივი, არსაკიძე გახდა ხუროთმოძღვარი მეფისა.
მეფისათვის უნდა ეთხოვა მას ფხოვს წასვლის ნება.
ერიდებოდა თხოვნას.
თავათაც ენატრებოდა მოხუცის ნახვა, მაგრამ არ იქნა და ვერ მოთავდა სვეტიცხოველი.
რაც უფორ მაღლა მიიწევდა შენობა, მით უფრო და უფრო რთულდებოდა ოსტატის საქმე.
ხარაჩოები ინგრეოდნენ ზამთრობით, მუშახელი ზიანდებოდა.
დაიღუპებოდა რომელიმე ოსტატი, მშენებლობა შეფერხდებოდა.
კაცის მაგივრად კაცის პოვნა ხომ ადვილია, ოსტატის ნაცვლად ოსტატის გამონახვა ასევე ძნელი.
კარგად იცოდა კონსტანტინემ:
ქმნილების დაწყებაა მთავარი, მაგრამ დასრულება მისი უმთავრესია მაინც.
დიდი მოამაგე იყო მელქისედეკ კათალიკოსი, მაგრამ ჟამიდან ჟამზე ხელს უშლიდა არსაკიძეს. ფარსმანის მაგალითით დაშინებულს, ყოველ წვრილმანში \\\”წარმართობა\\\” ელანდებოდა, უნებლიეთ ებრძოდა ბერიკაცი ქართულ მოტივებს, ძველბიზანტიურ მკვდარ სქემებზე შეყვარებული.
თავათ არსაკიძესაც ბერძნული სკოლა ჰქონდა ბიზანტიონში განვლილი. მას შემდეგ, რაც თავისთავადი გახდა ოსტატი, გადაუხვია მასწავლებელთა გზას.
(ეს ასე ყოფილა მუდამ: ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატი, ვერც იგი გახდება ოდესმე ოსტატი, მუდამ ოსტატებს ვინც შეჰყურებს პირში).
იჭვნეულად შესცქეროდა მელქისედეკი არაქრისტიანთ ოსტატთა შორის. უნიჭო ქრისტიანს არჩევდა ნიჭიერ ირანელს, ანდა სარკინოზს.
არსაკიძესაც ახელებდა მელქისედეკის უთავჟამო მითითებანი. მუდამ სძაგდა ისეთი ოსტატები, რომელთაც პირჯვრის წერის მეტი არა ესწავლათ რა.
გამოგზავნიდა ხოლმე რომელიმე მეჯადაგეს კათალიკოსი, მართლმორწმუნეაო, შემოუთვლიდა, გამოიყენეო ეს ოსტატი როგორმე.
სასტიკად ტუქსავდა ამ \\\”მეჯადაგე ოსტატებს\\\” არსაკიძე.
ბრაზმორეულნი გარბოდნენ ეზოსმოძღვართან, ხანაც კათალიკოსს დაუხვდებოდნენ წინ, მშენებლობის მოსახილველად მოსულს.
აბეზღედნენ არსაკიძეს: მართლმორწმუნეებს სდევნისო \\\”წარმართი ფხოველი\\\”, იბერიელებსა და ქრისტიანებს აქვეითებს, აწინაურებსო ლაზებსა და ფხოველებს.
გასულ წელს ხარაჩოებიდან ჩამოვარდა კალატოზი გარისელისძე, მოქანდაკე ქველაისძე, მეჩუქურთმე კვირიკაისძე, მეფის მხატვარი ოტობაია, მექანდაკენი: როსტომაისძე და წვერგრძელისძე.
წრეულს მიწისძვრის დროს, თებერვლის 3-ს, კედელი ჩამოწვა.
ასზე მეტი მონა ხელოსანი გასრისა, სამას ფხოველთაგან მხოლოდ სამოცი გადარჩა.
ცუდი კვება და სახადი მუსრს ავლებდა მუშახელს.
მოაქუჩებდნენ ცხედრებს, დავითნს წაუკითხავდა ხუცესი, დაჰყრიდნენ ურმებზე და ჩაჰყრიდნენ ქალაქს გარეთ ორმოში (არც კაცს, არც ქვას, არც სიტყვას არ შემოუნახავს მათი სახელი).
არსაკიძე ჰხედავდა ამას ყოველივეს.
გული სტკიოდა, ვერ ბედავდა ხმის ამოღებას.
ასეთ დროს ტაძრის მიტოვება და ფხოვს წასვლა ღალატი იქნებოდა საქმისა უთუოდ.
\\\”ხელოვნება გულის სისხლს მოითხოვს საფასად, თუ მთელი ჯანი არ შეალიე ამ სასტიკ ბომონს, არაფერი გამოგივა ხელიდან\\\”.
იტყოდა ხოლმე არსაკიძე.
ღამემ დაივანა რატისეული სასახლის ხილნარში.
ვარსკვლავები აყვავდნენ ცაზე. კალთები შეუწითლდა დასავლეთით ცას.
ჯვარის მონასტერს წამოადგა მთვარე.
ტურების კივილი მოისმოდა შორიდან, კატები ღნაოდნენ ბაღჩაში.
შეკრთა ბნელში მდგომარე უეცრად.
ნონაი ეპოტინებოდა მკლავზე.
შესჭამეო რაიმე, შვილო.
დიდხანს უჯდა შუაცეცხლს ნონაის სამყოფელში ლაზი.
ქუმელი ძლივს შესჭამა მცირედი.
მადლი უძღვნა ნონაის.
ხელის დაბანა მოეწადინა.
ფრჩხილებზე დაიხედა უეცრად.
გაახსენდა: ფეხი რომ დაუცურდა ხარაჩოზე ამ დილით, მოებღაუჭა ძელს. ფრჩხილები დამსხვრეოდა მარჯვენაზე სრულიად.
დანა გალესა, ქნა დაუწყო ფრჩხილებს.
ადგა ნონაი.
წიგნი მოუტანა ყდაგახუნებული.
ფრჩხილის დაქნისათვის სწერიაო ამ წიგნში რაღაც.
\\\”უკეთუ ურჩხულის დღეს ფრჩხილი დაიქნას ვინმემ გულის სწორთან წაკიდებას ელოდეს იგი. ვინცა ძროხის დღეს დაიქნას, სიხარულია უეცარი მოსალოდნელი. კურდღლის დღეს – საყვარელთან წაკიდებასა, გველის დღეს – მორიელისაგან დაკბენას. ცხენის დღეს – ქრთამებსა ფრიადს, ლომის დღეს – საწადელი აუხდეს\\\”.
თავი აიღო არსაკიძემ, შესცინა მხევალს.
\\\”ვისია ეს წიგნი, ნონაი?\\\”
\\\”ფარსმან სპარსმა უსახსოვრა განსვენებულ რატის ოდესღაც\\\”.
დიდხანს იჯდა არსაკიძე კერასთან.
კითხულობდა სამთავროის, ცეცხლის შუქთან მიჰქონდა წიგნი.
ნონაი კუთხეში მიგდებულიყო დათვის ტყავზე.
ბოდავდა ძილში.
კენჭი შემოვარდა სარკმლიდან.
ჩქამი შეიცნო არსაკიძემ, მიიხედ-მოიხედა, კვლავ განაგრძო სამთვარიოს ფურცვლა.
ახლა მის ფერხთით დაეცა კენჭი.
ადგა, ბაღჩაში გავიდა.
ჭოტის ხმა მოდიოდა მუხოვანიდან.
შინ შებრუნება დააპირა და სწორედ ამ დროს გაიელვა ცაცხვის ქვეშ თეთრრიდიანმა ლანდმა.
მიეახლა თუ არა, მთვარის შუქზე ვარდისახარი შეიცნო.
დარბაზში აიყვანა სტუმარი.
შემკრთალი ეჩვენა ვარდისახარი, ქუშამომჯდარსავით ქშინავდა დიაცი.
ჭაღები დააქვრეო, ეს იყო პირველი სიტყვა სტუმრისა.
შემოგვისწრებსო ვინმე.
ეუცნაურა მისი ნათქვამი არსაკიძეს.
სელი მოუტანა და დასვა დიაცი.
დარბაზს თვალი მოავლო ვარდისახარმა, მიაშტერდა კედელზე დაკიდებულ ფარებსა და რკინის პერანგებს.
ისევ შეევედრა ვაჟს:
შუქი რაღად გინდა, დააქვრეო ჭაღები.
\\\”რად უნდა დავაქრო, ქალავ? ნონაის სძინავს, რატისეულ მხევალს, სხვა ვინღა მოვა ამ ღამეში ჩემთან?\\\”
თავათაც აიღო სელი, გვერდით მიუჯდა.
უფრო მეტად დამშვენებულიყო ტყვეობაში ვარდისახარი.
მოეწონა წაწალყოფილი.
ქედზე ხელი გადაჰხვია, აკოცა ყვრიმალში.
ნებას დაჰყვა დიაცი, წელზე ხელი მოავლო, მოიზიდა, თავი გადაუწია, დიდხანს, დიდხანს უწუწნიდა გოლეულივით ტკბილსა და ვნებიან ტუჩებს.
მერმე მოსწყდნენ ერთიმეორეს ვნებისაგან აღრეულნი.
თრიაქით მთვრალს მიუგავდა ვეფხისებრი თვალები დიაცს.
ხორბლისფერი ნაწნავები დაუხსნა არსაკიძემ, თავის გარშემო სამკეცად შემოგრაგნილი.
ადექი, ტახტზე დავჯდეთო, შეევედრა ვაჟი.
აქ მირჩევნიაო, აიჩემა ქალმა.
კიდევ შეევედრა ვაჟი, მაინც გაჯიქდა ვარდისახარი.
მივიდა ვაჟკაცი, ბალღივით აიყვანა გათქვირული დიაცი და ტახტზე დააწვინა ძალით.
ქალი წამოდგა, ჯდომა სჯობიაო წოლას.
არსაკიძეს გვერდით მიუჯდა ისევ.
თავი აარიდა საყვარლის ხვევნას ვარდისახარმა. შერისხა ვაჟმა, დიაცი ადგა, ტახტის წინ დაიჩოქა, მუხლზე თავი დაადო არსაკიძეს. ბალღივით აქვითინდა.
ვაჟმა არა ჰკითხა მიზეზი.
დიდი ხნის გაყრის შემდეგ მოსულს ანაზდად აუჩქროლდაო გული. ალერსითა და ლაციცობით მოიოხეს ვნება.
წყალი ითხოვა სტუმარმა.
მოიკლა თუ არა წყურვილი, გამხიარულდა, ატიკტიკდა თავისებურად.
შორენა ზედაზენს იყო, გუშინ მობრუნდაო ძლივს გურანდუხტი შინ დაუხვდაო.
\\\”ტირილით გადაეხვიენ დედა-შვილი ურთიერთს, ქვა ადუღდებოდა მათი შემხედვარე.
ნიშნობა იქნება მალე\\\”.
აქებდა, ადიდებდა ვარდისახარი გირშელს, ყველისციხის პატრონს.
ქვეშეცნეულად არ მოსწონდა ეს კაცი არსაკიძეს, არც მისი ხსენება იამა ახლა, მაინც ყურს უგდებდა დიაცის ტიკტიკს.
\\\”გუშინ თვალი მოვჰკარი, – განაგრძო ვარდისახარმა, – ჰშვენოდა ცხენზე ჯდომა ერისთავს. გიორგი მეფეს მიჰყვებოდა ცხენდაცხენ. სულ რჩეული რაინდები ახლდნენ. თორ-აბჯარში ჩაჭედილნი სრულად. სახის იერით გიორგი ბრწყინავდა, ახოვანებით გირშელი – ყველისციხის პატრონი.
მოოქროვილი თორი ეცვა მეფეს, ხოლო ერისთავს – მოვერცხლილი სრულად\\\”.
იჭვნეული იყო არსაკიძე ფრიად, განსაკუთრებით ვარდისახარის მიმართ. დღემდის ვერ ეპატიებინა მისთვის ოვსთა მეფის ხარჭად ყოფნა ოდესღაც.
\\\”შენ მაინც რომელი უფრო მოგეწონა, ვარდო. გიორგი მეფე, თუ ერისთავი გირშელი?\\\”
დამცინავი კილოთი შეეკითხა დიაცს.
კითხულმა ვერ გაიგო დაცინვა.
\\\”მართალი გითხრა, გიორგი მეფე, – მე არ მიყვარს მამაკაცი ახმახი\\\”
არსაკიძე აიმღვრა, მაგრამ დადუმდა.
აივნიდან ჩქამი შემოესმათ.
მასპინძელი გარეთ გავიდა.
ძაღლი დარჩენილიყო ტალანში. ძირს ჩაუშვა, კარი გადარაზა ისევ.
ვარდისახარი ზეზე დაუხვდა. ამბობს:
\\\”შინ უნდა წავიდე, თორემ შორენა დაწვება უჩემოდ. ტანზე უნდა გავხადო ჩემს პატრონს.\\\”
\\\”შეიცადე მცირე ხანს\\\”.
მიეახლა ვაჟი.
ტახტზე დასვა კვლავ. გვერდით მიუჯდა, თმა გადაუწია და ყურის ბიბილოზე აკოცა.
ატიკტიკდა ვარდისახარი ისევე.
საიდუმლო უნდა გაგიმხილო ერთი. ფიცის ქვეშ გამანდოვო გურანდუხტმა, შორენას დედამ.
დაინტერესდა არსაკიძე.
რა გიამბოო გურანდუხტმა ასეთი?
გაჯიუტდა დიაცი.
შეევედრა არსაკიძე კვლავ.
\\\”მაშ შემომფიცე, შორენასაც რომ არ გაუმხელ\\\”.
სამკეცი ფიცი დასდო არსაკიძემ.
\\\”თურმე ნუ იტყვი, – იდუმალის ხმით დაიწყო ქალმა. – შორენა როდი ყოფილა შენი ძუძუმტე\\\”.
\\\”მაშ, ვინა?\\\”
შეაწყვეტინა გაოცებულმა სიტყვა.
\\\”მზექალაი, კოლონკელიძის ხარჭის ნაშობი\\\”.
\\\”სადღაა მერმე მზექალაი?\\\”
\\\”აკვანშივე მომკვდარა იგი თურმე\\\”.
ვარდისახარი მცირე ხანს შესდგა, ისევ მიმოიხედა და განაგრძო:
\\\”ჰოდა… მზექალაი ყოფილა ძუძუმტე შენი\\\”.
\\\”მაშ, რად გვეუბნებოდნენ, ძუძუმტენი ხართო?\\\”
\\\”ალბათ მაშინაც იცოდნენ, ყმაწვილები რომ წაწლობენ ფხოვში, შეშინებია გურანდუხტს, ამიტომაც დაუთქვამს ძუძუმტეობა თქვენი\\\”.
ესა სთქვა ვარდისახარმა. ცბიერად გაუღიმა საყვარელს.
თითქოს უსიტყვოდ ეკითხებოდა თვალებით: ხომ არ გაგეხარდა, რომ არა ხარო შორენას ძუძუმტე?
გაოცდა არსაკიძე ამის გამგონე. დიაცის ღიმილის შინაარსს არც კი ჩასწვდენია.
\\\”მარტოკა იზრდებოდა კვეტარის ციხეში შორენა, აზნაურთაგანი არავინ იყო ახლომახლო, მონები სად გაუწევდნენ მეგობრობას აზნაურს? სიყრმიდან ერთად იზრდებოდით ორნი, ამად დაუთქვამთ, ძუძუმტენი ხართო\\\”.
ესა სთქვა და კვლავ შეხედა გამომცდელი ღიმილით ვაჟს, გაკვირვების მეტი ვერაფერი ამოიკითხა მის სახეზე.
ადგა და ისევ დააპირა წასვლა.
\\\”ამდენი ხანია არ შევყრივართ ურთიერთს, რად გეჩქარება შინ წასვლა, ვარდო?\\\”
ეს უთხრა, თვალებში ჩახედა და დასძინა:
\\\”სხვა ვაჟს ხომ არ დაადგი თვალი?\\\”
გაწითლდა ანაზდად დიაცი.
საეჭვოდ ეჩვენა ეს გაწითლება ვაჟს. გაახსენდა: როცა გიორგი მეფეს აქებდა, უცნაურად ელავდა მის თვალებში ვნება.
ქედზე წაავლო ხელი დიაცს კვლავინდებურად.
\\\”ჭაღები ჩააქრე\\\”.
შეევედრა ვარდისახარი კვლავ.
ბრაზმორეული ეუბნება ვაჟი:
\\\”არა, არ ჩავაქრობ ჭაღებს\\\”.
მარჯვენა ხელი წელზე შემოარტყა მტკიცედ, მარცხენათი გულისპირი აართვა, შიშველ ძუძუებზე დაუწყო ლაციცი.
ნუო, შეევედრა ვარდისახარი, ოღონდ დღეს გამიშვი შინ, სხვა დროს გავეპარები პატრონს, მთელი ღამით მოვალო თუგინდ.
სხვა დროსო?.
უარესად გახელდა ვაჟი.
სხვა დროს ეგებ სხვა მომინდესო მეც.
ქალი აილეწა.
ვაჟმა დაუყვავა.
ხელი დაავლო, ნატებით მოგებულ ტახტზე გადააწვინა.
გაიბრძოლა დიაცმა.
მუხლი დააჭირა მკერდზე ვაჟმა, ცალი მკლავით ორივენი შეუკრა, ცალითაც გაუხსნა მოვის პერანგის საკინძე. მარგალიტის ღილებს ნუ დამაწყვეტო.
შეევედრა ვარდისახარი.
ვაჟს აღარაფერი ახსოვდა უკვე…
ყელზე ჰკოცნიდა, შიშველ ძუძუებზე ელაციცებოდა ხელით. წუწნიდა გოლეულივით ტკბილსა და ვნებიან ტუჩებს.
ხურვებაშეყრილივით უცახცახებდა მთელი სხეული დიაცს.
თვალები უბზინავდა, ნაკოცნი ტუჩები და ბაგეები უნაბისფერი გაუხდა, მაინც ებრძოდა ვაჟს.
ისევ შეუკრა ხელები არსაკიძემ, მარცხენა ძუძუ ამოუღო მოვის პერანგიდან, დაუკოცნა, დაუსრისა გახელებულმა და როცა მარჯვენა გამოუღო ძალით, საკოცნელად უნდა მისწვდენოდა, წამოვარდა, ხელი შეუშვა დიაცს.
\\\”ეს რა გატყვია ძუძუზე?\\\”
ქალი გაწითლდა, გაინაბა, ვეღარ წამოდგა.
ვაჟი ისევ დააცქერდა მარჯვენა ძუძუს, ნაკბილარები შეიცნო.
გაცოფებული ზეწამოიჭრა, მიახალა უკმეხად:
\\\”მეძავო, მრუშო, კიდევ არ იშლი ბოზობას? არ გეყო, რაც გათრია ოვსების მეფემ?\\\”
ვარდისახარი წამოვარდა, საკინძე გაისწორა. ეუბნება არსაკიძეს:
\\\”მხოლოდ ამასა გთხოვ, ნუ შეურაცხმყოფ უბრალოდ. შენ მზესა ვფიცავ, არავისთვის გამიყვია შენი სიყვარული\\\”.
\\\”ჩემს მზეს ნუ იფიცავ ამაოდ, შენი დაიფიცე, მრუშო!\\\” ეუბნება ვაჟი, ჭირვეული ბალღივით აბაკუნებს ფეხებს.
\\\”დამშვიდდი, დამშვიდდი, – ევედრება ვარდისახარი, – ოღონდ დამშვიდდი, ყოველივეს გიამბობ წვრილად\\\”.
\\\”რას მიამბობ იმაზე მეტს, რაც საკუთარი თვალით ვნახე?!\\\”
ქალი ადგა.
საკინძე გაისწორა.
სამი მარგალიტი აეწყვიტა იჭვნეულს.
სად არისო ჩემი მარგალიტები?
სამივენი მოუძებნა არსაკიძემ, ხელში მიაჩეჩა გაწბილებულს.
\\\”ალბათ ახალ კუროს უჩუქნია ესენი შენთვის. თან წაიღე, არ დაგავიწყდეს. საჩუქრებზე ხარბი ხარ, ვიცი\\\”.
\\\”შორენამ მაჩუქა მოვის პერანგი, მარგალიტის ღილებიანი, გუშინ\\\”.
ვაჟმა გესლიანად გაიღიმა.
ქალმა ეს უთხრა მხოლოდ:
\\\”თუ ჩემს სიტყვას არ ერწმუნები, ისე იფიქრე, როგორც გენებოს\\\”.
ქალის სიმშვიდემ უარესად გაახელა ვაჟი.
\\\”სთქვი ახლავე, ვისია ეგ ნაკბილარი, თორემ ცოცხალი ვერ გახვალ აქედან\\\”.
ვარდისახარი მიეჭრა, ტუჩებზე დააფარა ხელი.
\\\”იყუჩე, შმაგო, მხევალი არ გააღვიძო, მოითმინე, გიამბობ ახლავე\\\”.
\\\”ვინც არ უნდა მოვიდეს, ყველას ვეტყვი, ბოზი რომა ხარ და გამტეხელი ფიცისა\\\”.
კაბა გაისწორა ვარდისახარმა.
გულხელდაკრეფილი დაჯდა სელზე და უამბო ყოველივე, რაც შეემთხვა სამი დღის წინათ.
მეფის მალემსრბოლი მოვიდაო ხურსის სასახლეში, იმან მიყოო ეს ყოველივე.
\\\”ის გერჩია, მოეკალი მალემსრბოლს მეფისას\\\”.
ქალი იჯდა, სტიროდა საწყალობლად.
თავზე დაადგა არსაკიძე:
\\\”თუ მრუში არა ხარ, რად შეუშვი უცხო კაცი მარტოხელამ შინ?\\\”
\\\”შენ თვითონ იფიქრე, როგორ შემეძლო ტყვეს მეფის მიერ წარმოგზავნილი შინ არ შემეშო?
არც თუ მარტო ვყოფილვარ, მხევალი მელანია შინ იყო, მაგრამ დასძინებია მაგ ჩემი ცოდვით სავსეს\\\”.
\\\”შენ თუ არა სტყუი, მაშ, რა ერქვა მაგ მალემსრბოლს მეფისას?\\\” .
ქალი დაფიქრდა. თავი აიღო, თვალებში ჩააცქერდა ვაჟს, ყოყმანით ამბობს:
\\\”ავშანისძე გლახუნა\\\”.
ზეწამოიჭრა არსაკიძე.
\\\”მიტომაც აქებდი მეფე გიორგის, ბოზო?\\\”
ეს უნდოდა ეთქვა. ენის წვერზე დაიჭირა სიტყვა.
გაიფიქრა თავისთვის:
\\\”კიდევ უარესი, გიორგი მეფე ყოფილა თავათ, კბენას არ დაგაჯერებდა იგი\\\”.
ახლა სავსებით დარწმუნდა, მიღალატაო წაწალმა უცილოდ.
მიახალა დიაცს:
\\\”აბა ადექი, აღარ გნახოს ჩემმა თვალებმა, ბოზო\\\”.
აქვითინდა დიაცი, ისევ ფერთით ჩაუვარდა. მუხლებს უკოცნიდა:
ნუ გამწირავ, უბრალო ვარო, სავსებით.
თუ შენ არ წახვალ, მე გაგეცლებიო ახლავე, – მიახალა ვაჟმა.
წამოვარდა პირგამეხებული ქალი.
ცრემლები მოიწმინდა, რიდე მოისხა:
\\\”მე წავალ, მაგრამ შურს ვიძიებ, იცოდე\\\”.
როცა კიბეზე ჩააცილა არსაკიძემ სტუმარი, მთვარის შუქზედაც ამჩნევდა: მხრების თავები თოკავდნენ ვარდისახარს.
ეს ამბავი მოხდა პარასკევს, ურჩხულის დღეს…

XXIX

Pour etre plus qu’un Roi
tu te crois quelque chose.
თუ გსურს აღემატებოდე მეფეს,
უნდა წარმოადგენდე კიდეც რაიმეს.
მთელი ღამე არ სძინებია არსაკიძეს.
ძაღლები ყეფდნენ ცაცხვების ქვეშ. ვიღაც აფორიაქებდა რატისეულ სასახლეს.
არსაკიძე ადგა.
ხმალი შეირტყა და ბაღჩაში გავიდა. ხილნარში არავინ აღმოჩნდა. ძაღლები გარს შემოერტყნენ, კუდს აქიცინებდნენ, თათებს უცაცუნებდნენ, ეალერსებოდნენ ახალ პატრონს.
ეძინათ ყვავილებსა და ფუტკრებს.
უცნაური ზუნი ისმოდა სკებიდან, ძილში გალობდნენო ეს საყვარელი მწერები თითქოს.
შორიდან, ძლიერ შორიდან მოდიოდა ხოხბის ყივილი.
ვაჟკაცურად ებრძოდა წიწამურის ველზე მამალი ხოხობი ღამეს.
თეთრი, მთლად თეთრი ღრუბლები ელავდნენ მთებზე, ეს ღრუბლები, ეს ზეთისხილისფერი მთები ისეთი გამჭვირვალენი იყვნენ, სადაცაა მოეშვებიან მიწას და გაიქნებიანო ეთერში.
მათ ქვემოთ, არაგვს შეყოლილი ბარი ზღვას მიაგავდა ლაზისტანის ყურეში მთვლემარეს.
იდგა არსაკიძე, იგონებდა ზღვასა და სიყრმეს…
შინ შებრუნდა.
ხმალი შეიხსნა. ძილი არსად სჩანდა მაინც…
ვარდისახარმა შეაშფოთა მისი გონება.
…ეს ღალატი? იგი არ ყოფილა მოულოდნელი.
ამაზე უფრო უცნაური სხვა რამე იყო: შორენა რომ არ აღმოჩნდა ძუძუმტე მისი!!!
ძუძუმტე!!!
მზექალაო?
ახლა იგონებდა არსაკიძე: დედა ახსენებდა წარამარა ამ სახელს. ერთხელ აწირვინა კიდევაც მისდა სალხენად ხუცს.
იწვა ბნელ დარბაზში პირაღმა. ისევე შორენას ეპოტინებოდა ფიქრი.
…და როგორც თიბათვის მიწურულს, სკაში გამოჩნდება თუ არა დედაფუტკარი ახალი, აიყრებიან, აზვავდებიან მამლები, გამოუდგებიან გაქცეულ დედოფალს, ასე წამოიშალნენ მისი ფიქრები და გასდიეს შორენას ამ წუთში.
მართალს ამბობს ვარდისახარი.
თავათ იგონებს ყოველივეს წვრილად, მზექალაის სიკვდილის შემდეგ ლაზისტანს წავიდა არსაკიძის ოჯახი, ხუთი წელი მანდ დაჰყვეს, კონსტანტინეპოლში – ათი. ბოლოს კვლავ მიბრუნდნენ ფხოვს.
გუშინდელ დღესავით ახსოვს არსაკიძეს შორენასთან შეხვედა კვლავ, ახლად შეღერებული გოგონა იყო, ღაწვისთავებზე სცემდა ქერა კულულები. ხტოდა, უსტვენდა, ცელქობდა ბიჭსავით, ფაფარზე მოეჭიდებოდა, დააჭენებდა უბელო ცხენებს.
არსაკიძემ გადაწყვიტა: უთუოდ ენახა ამ დღეებში კოლონკელიძის ქალი. რაკი გურანდუხტი მცხეთას ჩამოსულა, არ გაძნელდებოდა შორენას ნახვა.
ისევე, როგორც ფხოვში, მიუწვევლად შეივლიდა კოლონკელიძიანთ ოჯახში, ისე უბრალოდ, როგორც ძუძუმტე მივა ხოლმე ძუძუმტეს სახლში. გაახსენდა: ამ კვირას იმდენი საქმე ჰქონდა, გაძნელდებოდა ასეთი რამ. მარტოკაც რომ შეხვედროდა, მერმე რა?
თავათ ხომ ვერა ჰკითხავდა არსაკიძე, ფიცი ჩამოართვა ვარდისახარმა (რა ვუყოთ, რომ თვითონ ფიცისგამტეხელი აღმოჩნდა დიაცი?). როგორმე უნდა გაეგო არსაკიძეს: შორენამ თუ იცოდა ეს ყოველივე?
უცნაური რამ მოხდა მაინც: ერთის დაკვრით შეიცვალა სიყრმის მეგობარი მის თვალში.
მოაგონდა ის ღამე, სამთავროს ეკლესიაში, მწუხრის შემდეგ.
ეზოსმოძღვრის ყორნისფერი ანაფორა დალანდა.
რიდემოსხმული, თავჩაქინდრული მიდიოდა შორენა თავის მოახლეთა შორის. საოცარი ტანჯვის იერი გადასდიოდა სახეზე. თვალს არიდებდა ცნობისმოყვარე დიაცების ბრბოს.
მჭმუნვარე ფერნამკრთალობა განრთხმულიყო მის სახეზე, მხრებზე, მთელს ანაგობაზე.
მოურიდებლად უჭვრეტდნენ მლოცველები, მაინც მოდიოდა ქედმაღალი და გულმართალი, ამაყად მოქონდა ბედისაგან დაკისრებული კირთება.
ეს გაიფიქრა არსაკიძემ და წარმოუდგა მარჩბივი ჩვენება. ვარდისახარი ამოუდგა შორენას გვერდით. კისკისა, ტიკტიკა, ფეოვანი, ჭარბვნებიანი, სიცოცხლეზე შეყვარებული, მარად სიმდიდრის მონატრული და მქირდავი ბედისა.
მხოლოდ ვნებისათვის, მხოლოდ სარეცელისათვის გაჩენილი ეს აშარი დიაცი.
…ეგეც კმაროდა მისგან: საყვარელი ხელიდან ეცლებოდა და სამი ცალი მარგალიტის დაკარგვას მისტიროდა ხარბი.
ახლა ესეც მოაგონდა არსაკიძეს: როგორ ეკვინტრიშებოდა ვარდისახარი კვეტარის ერისთავს!
…ავხორცი იყო კოლონკელიძე. მხევლებს, მექათმეებს და ხაბაზებსაც არა ზოგავდა, ისეთ დიაცებს, თორნის პურის, ხინკლის და საბუდარის სუნი რომ უდისთ მუდამჟამს.
მისი ბუშების გაბარებისაგან სიცოცხლე ჰქონდა გამწარებული გურანდუხტს, საბრალოს.
არსაკიძემ თავათ წაუსწრო ერთხელ, სამრეცხაოში მიემწყვდია ვარდისახარი ერისთავს, გათქვირულ, შიშველ მკლავებზე სჩქმეტდა.
ხტოდა, კისკისებდა ვარდისახარი და ეს კისკისი მოაგონებდა არსაკიძეს გახელებულ ჭიხვინს იმ ფაშატისას, რომელიც განზრახ გაურბის ხოლმე მოძალებულ ულაყს, რათა მომეტებულად ააღელვოს მამრი და გაგრილებისას უფრო ხარბად დააცხრეს ვნებას.
როცა შორენა და ვარდისახარი პირისპირ წარსდგნენ არსაკიძის წარმოდგენაში, ოვსთა მეფის ხარჭაყოფილი კოლონკელიძის ქალმა დაჩრდილა ანაზდად.
ოდნავ ტლანქი, თიქმის მამაკაცური ხელები ჰქონდა ვარდისახარს, როცა თმას გადაიწევდა, საკმაოდ მოზრდილი, მოყვითალო ყურები გამოუჩნდებოდა ხოლმე, ხმა ჰქონდა ბოხი, იგიც მამაკაცური ოდნავ.
ფაქიზი იყო შორენა, როგორც ქერუბიმის ფრთენი და სევდიანი, როგორც ყინცვისის მჭმუნვარე ანგელოსი.
ყელისმიერი ხმა ჰქონდა, ისეთი წკრიალა, როგორც ვერცხლის ეჟვნები, ხევისბერების დროშის ბუნზე შებმულნი.
ჰარილესავით რბილი და ტფილი იყო მისი ბუნება სრულად.
კედლისკენ მიბრუნდა არსაკიძე, თვალები დახუჭა, დაძინება სცადა, ადრე უნდა გასულიყო ხარაჩოებზე.
ზანზალაკების ჟღარუნი ისმოდა შორიდან, შოლტის ტლაშუნი კეპავდა ღამეს, არაგვის შუილი მოდიოდა მაინც, რომელიღაც ჩიტი აჭიკჭიკდა, ბულბული არ უნდა ყოფილიყო იგი, გაბმულად უსტვენდა სირი, ასე ეჩვენა არსაკიძეს, გულის მიჯძნურს უხმობსო ბნელში.
ძაღლები აყეფდნენ სადღაც, ისევ დავარდა მყუდროება, ქათმებს დაუქშია ნონაიმ, ჟრუნი შუქი შემოადგა სარკმლებს და ძილმა გააბა პოტიკი მილულულ წამწამებზე ძლივს…
ეზმანა: შემოდგომის წყნარ დღეს მიდიოდა ვითომც თავთუხის ყანებში. მუხლისთავებზე სცემდა მწიფე თაველები, ყაყაჩოები ჰყვაოდნენ ირგვლივ. წითელი ჯახველი და კუნელი ელავდნენ აქა-იქ. მუხა იდგა ველზე, შტომრავალი და დიდი. ქედნები შემომსხდარიყვნენ ზედ. კბილად, ტკბილად ღუღუნებდნენ ქედნები…
სარწყავი რუები გადმოეშვათ კორდიდან. ხვატისაგან დახეთქილი მიწა ხარბად სვამდა წყალს.
საცეხვავის დარი დათვოულები გაემართათ ამ რუზე. დაქანცულ აქლემებსავით აკანტურებდნენ ეს ახმახი დათვოულები თავს. დაესხმოდა წყალი ძელის ბოლოს გამართულ გეჯაზე, აყირავდებოდა ძელი, გადმოიღვრებოდა წყალი, გაადენდა დათვოული ფიცარზე ბრაგვანს.
კვლავ შეიმართებოდა ძელი, კვლავ აივსებოდა გეჯა, კვლავ იზღვრებოდა წყალი და ისმოდა დათვოულების რახუნი მორებზე.
განა თუ ერთი იყო დათვოული. სანამ თვალი გასწვდებოდა თავთუხის ყანებს, ყველგან იდგნენ დათვოულები, მთელს ხეობაში გაისმოდა გაბმული რახუნი…
მთლად საოცარი ეს იყო: ამ დათვოულების მიუხედავად, მაინც გავსილიყო თავთუხის ყანები დათვებით. კოტრიალებდენ, ღრიალებდნენ მხეცები, ტორებით თქერავდნენ პურეულს.
მიდის არსაკიძე ყანაში, ხედავს, – შორენა მოადგა გაღმიდან რუს.
ისკუპა ისე მკვირცხლად ქალმა, ისე, როგორც ნადირობის დროს ეს სჩვეოდა ფხოვში.
მოდის, მოარღვევს თავთავების ზღვას. თოვლივით თეთრი აცვია სამოსი, სოსანისფერი საწმერთული ზედ.
თავი დახარეს თავთუხის თავთავებმა, ნაზად იზნიქებიან ყაყაჩოებიც.
ერთბაშად მოსწყდნენ მუხის შტოებიდან ქედნები, მხრებზე შეასხდნენ შორენას და მორთეს ღუღუნი.
აღრიალდა ორი დათვი შორენას დანახვისას. მწიფე წაბლისფეზრი ერთი, გვიმრისფერი მეორე.
აღიმართნენ, მოალაჯებენ კაცურად, ღრიალით მიაშურეს ქალს.
მიარღვევს არსაკიძე თავთუხის ზღვას, უნდა მიუსწროს, გაჰკვეთოს ორივენი ხმლით, გადაარჩინოს გულის სწორი განსაცდელს.
ხმალი მოზიდა არსაკიძემ, მაგრამ გაუჩხიბავს ვიღაცას ხმალი. მიეშურება, თაველების ფხა ედება ფეხებზე, მუხლები ისე დაუმძიმდა, ჩაფლულაო ფისით გავსილ ზღვაში. დათვები ღრიალებენ, ტორით თქერავენ ოქროსფერ თავთავებსა და წითელ ყაყაჩოებს, სადაცაა ეცემიან და გაბდღვნიან შორენას.
\\\”ჰარაი!\\\”
ყვირის არსაკიძე, მაგრამ აღარ ერჩის ხმაც.
\\\”ჰარაი!!!\\\” ყვირის არსაკიძე და მიარღვევს ყანას, ყანას კი არა, ფისის ზღვას, თავთუხის ფხა ებლანდება ჩოხის კალთებზე, ვერ იძვრის ვაჟკაცი. დათვები ფერხთით დაუწვნენ შორენას, აღარ ღრიალებენ, აღარ ტორავენ მიწას. შორენამ თავზე ფეხი დაადო ერთს, საწმერთულის ტოტი გამოუჩნდა, ვაზის ფურცლებიც, ზედნაქარგი ოქროთი. მერმე დასწვდა ორივეს, ეალერსებოდა ორივეს ქეჩოზე.
შორიდან შესცქერის გარინდებული არსაკიძე, თუ ვით ეფერება მისი უნაზესი მეგობარი მხეცებს.
ქედნები შემომსხდარან შორენას მხრებზე, სულზე უტკბილეს სძლისპირებს გალობენ, ნაზად იდრეკენ წითელი ყაყაჩოები კლერტოებს, იზნიქებიან ოქროს თაველები, თაყვანსა სცემენ სანატრელ სასძლოს. დათვები მის ფერხთით წვანან, ვნებამორეული აფახულებენ თვალებს.
სწორედ ასეთ დროს გააღვიძა არსაკიძე ნონაიმ.
დარბაზში მკრთალი შუქი იდგა.
აბრძანდი, ბატონო, მორიელებმა გამოსტეხესო ქვითკირი.

XXX

\\\”ვეფხის დღესაა განსაცდელი მოსალოდნელი\\\”
ფარსმან სპარსის სამთვარიოდან.
შიში უცხო იყო არსაკიძისათვის.
რა დროს მორიელებია? დამაცალეო ძილი.
\\\”თუ არ გჯერა, აგერ გაჩვენებ, ბატონო\\\”.
ესა სთქვა, ორი მორიელი აჩვენა ჩხირზე წამოგებული ნონაიმ.
არსაკიძე გაოცდა.
ერთი ჩემს სამყოფლოში მოვკალი წუხელ, ერთიც ამ დილით, შენი სასთუმალის გასწვრივ\\\”.
არსაკიძე წამოდგა.
ჭაღები აანთეს, გოგირდი დაახრჩოლეს. სჩხრიკეს დიდი დარბაზის კედლები. სასტუმროს, საწოლის, მხევალთა სამყოფელოის ხვრელები და ჭუჭრუტანები, ვეღარსად ნახეს სხვა.
ჭაღი აიღო ნონაიმ, ეგებ სარდაფში წავაწყდეთო რაიმეს, ობობის ქსელით დაბლანდული იყო ირგვლივ ყველაფერი.
ობის სუნი იდგა სარდაფში.
დაჟანგული თორები და ზუჩები ეკიდა კედლებზე, კაცისა ხენის ჯავშანები, უნაგირები, საბარკლენი, სამკლავენი, პოლოტიკნი და ბექთარნი, შუბები, წათები, ხარჩა და ქიმურჯნი, დიდ-დიდნი, საბრძოლო ბოძალნი, ჯიხვისა და ირმის რქები, ჩუგლუგები, დაჟანგული ხმლები.
ღამურებით გავსილიყო იქაურობა.
თავქვე ეკიდნენ მღამიობები ჭერზე, ჭაღის შუქზე დაფრთხნენ, წრიპინი ასტეხეს, მორთეს რიალი ირგვლივ. აწყდებოდნენ ჭერსა და კედლებს, ტყაპანით ძირს სცვივოდნენ ზოგნიც, ფართხალებდნენ საწყალობლად მტვერში.
ერთ კუთხეში ირანული განჯინა იდგა, სადაფებით მოოჭვილი. ძველი ეტრატები ეყარა ზედ, ხატების ნამუსრევი, ძველებური სამაჯურები, აზარფეშები და ფიალები.
სიძველეთა მოყვარული იყო არსაკიძე, მორიელების ამბავი გადაავიწყდა. განჯინას მიადგა, ამ ძველ ნივთებს დაუწყო ჩხრეკა.
სათითაოდ ხელში იღებდა, მტვერს აცლიდა, უჭვრეტდა, თარიღებსა და წარწერებს უთვალთვალებდა. ფიალებს შორის სავსებით უცნაური ნივთი იპოვნა ერთი, მტვერსა და დინგელში ამოგანგლული სრულად.
გასწმინდა, დინგელი შემოაცალა.
ეს აღმოჩნდა ბეჭდის დარი ტვიფარი სპილენძისა, მელის – სახე იყო ამოჭრილი ზედ.
ჭაღთან მიიტანა არსაკიძემ ტვიფარი, არავითარი თარიღი არ აჩნდა მას.
\\\”ეს რაღაა, ნონაი?\\\”
ეკითხება მხევალს.
ნონაი დადუმდა. გაოგნებული შეაშტერდა პატრონს. მუშტით მოიკუმა ბაგე.
არ მოეშვა არსაკიძე მხევალს.
არ არისო მართებული მიცვალებულის აუგად ხსენება, – ამბობდა მხევალი.
ისევე შეევედრა არსაკიძე ნონაის, უნდა მამცნო, თუ რას მოასწავებსო ეს ტვიფარი მელის სახისა?
ბოლოს ვეღარ დაიტია საიდუმლო დიაცის გულმა.
\\\”ეს მოხდა ჟამიანობის წელს. მე ახლად მოყვანილი ვიყავი აფხაზეთიდან ამ სახლში. ხუთშაბათს, თებერვლის სამს, ნაშუაღამევს, სამჯერ იძრა მიწა. ღართისკარის ციხე დაზიანდა იმ წელს. სამეფო პალატები ჩამოიქცა უფლისციხეში. მეფე გიორგი ომში იყო, აღარ მახსოვს, ვის ეომებოდა მაშინ.
სამი კვირის შემდეგ ჟამიანობა დაიწყო, მამათა მონასტერში დიდძალი ბერი იმსხვერპლა სენმა, ჟამმა მოჰკლა მცხეთის მიტროპოლიტი იოანე.
ბოლოს მეციხოვნე ლაშქარს მისწვდა ის წყეული. ერთ თვეში ათასამდე მონასპა დაიხოცა არაგვის კარისა და მუხნარისას ციხეებში.
მუცლით მეზღაპრენი მეორედ მოსვლას აუწყებდნენ ხალხს. ქადაგად დავარდა დაყუდებული ბერი, ანთიმოზ.
ხალხს ამცნო: მწვალებლები არიანო მცხეთაში და ამიტომაც განრისხდაო უფალი.
შესმენილ იქმნა მელქისედეკ კათალიკოსის წინაშე ხურსი აბულელი და მისი სახლთუხუცესი რატი.
ხურსი ვერ შეიპყრეს, რადგან ჯერ კიდევ სარკინოზებთან გაქცევამდის, მთიულებთან იმალებოდა ხურსი. მოგეხსენება, დაბალ ღობეს უმალ მისწვდებიან.
ფიწლებით შეიარაღებული ბრბო შეუცვივდა სასახლეში რატის, მცირე ხანს იმ კოშკს შეაფარა საცოდავმა თავი, სწორედ მაშინ მოარღვიეს ჩარდახი კოშკს, ცეცხლი შემოაგზნეს, გამოიყვანეს ძლივს.
ჩაქოლვა უნდოდათ, მაგრამ მელქისედეკმა შეივრდომა. ბოლოს მოვიდა ეზოსმოძღვარი ამბროსი. მელის ტვიფარით დავდაღოთო ეშმაკის კერძი. ამ სარდაფში შემოათრიეს ბედკრული. ეგ ტვიფარი გაახურეს ცეცხლში, მელის სახით დადაღეს, როგორც მწვალებელი და სატანის თანაზიარი\\\”.\\\”შენ რა გგონია, ნონაი, ახლა, ბრალი თუ მიუძღოდა რაიმე რატის?\\\”
შეეკითხა არსაკიძე.
\\\”მენა? მწვალებლობისა რა მოგახსენო, ბატონო, ერთი ბნელი დიაცი გახლავარ მენა, ან ამდენი სად გამეგება, მაგრამ ეშმაკი, რაც მას ვემსახურებოდი ათი წლის მანძილზე, ეშმაკი თვალით არ მინახავს ამ სასახლეში, მენა\\\”.
არსაკიძე დადუმდა.
კვლავ აიღო მელის ტვიფარი ხელში. ახლა უფრო დაკვირვებულად დაუწყო ჭვრეტა.
ნონაიმ ყოველ კუთხეში დაახრჩოლა გოგირდი.

* * *

საუზმის დროს ისევ მორიელების გამო ჩამოაგდო ნონაიმ სიტყვა.
რატის ვაჟი, საცოდავი ვაჩე, დაკბინესო ამ სარდაფში მორიელებმა.
\\\”ოდითგანვე წყევლა სდებია რატის ოჯახს, მესამე მუხლის ნაშიერთაგანს ყოველს მორიელი დაჰგესლავდა თურმე\\\”.
გულში გაეღიმა არსაკიძეს ამის გამგონეს, მაინც ბოლომდის მოუსმინა მხევალს.
\\\”ნადირობიდან მობრუნებულიყო რატის ვაჟი გვიან, შესულიყო სარდაფში, აფათურებდა სიბნელეში ხელს და სწორედ ამ დროს მისწვდენოდა მორიელი თურმე. და ეს მოხდა ურჩხულის დღეს…\\\” – ნაღვლიანად დასძინა ნონაიმ.
ურჩევდა არსაკიძეს მხევალი:
\\\”გიორგი მეფე დიდად გწყალობს, ბატონო, სთხოვე სხვა სასახლე მიგიჩინოს სადმე, თუ მეც თან წამიყვან, ხომ კარგი, თუ არა და ჯვარი გწერია ჩემის თვალისაგან, მე მაინც განწირული ვარ, ბატონო, სხვასაც ბევრს შეაძლიეს ეს სასახლე შენამდი, არავინ დადგა ამ წყეულ სახლში, მხოლოდშობილი ხარ დედიშენისა, მებრალები ვაჟკაცი, ბატონო\\\”.
გაიღიმა არსაკიძემ:
\\\”ეჰ, ჩემო ნონაი, მე ხმლით სიკვდილი დამითქვა მუცლით მეზღაპრემ ერთმა, ასე რომ, მორიელის გესლი ვერას დამაკლებს\\\”.
არსაკიძე ადგა, წასვლა დააპირა.
შეევედრა ნონაი, – ცუდი სიზმრები მქონდა ბატონო, ნუ წახვალო სამუშაოზედ დღეს.
სამაგიეროდ მე მქონდაო კარგი სიზმრები, – გაიცინა არსაკიძემ.
შინიდან გამოსულმა პირჯვარი გადაიწერა მაინც.
ნისლი დასწოლოდა ხილნარს. გიშრის ორნამენტებივით მოსჩანდნენ ტოტები და შტოები. ფოთლებს სილურჯე გასცლოდა, მდელოს გახუნებოდა ფერი. ცვარის ნიჟარები ცახცახებდნენ ყვავილების სათუთ წამწამებზე.
ჯანღს დაებურა მთები.
დაძრულიყო ნისლი კავკასიონის თვალშეუდგამ ქარაფებიდან, ხეობებიდან, ღრანტეებიდან გადმოხვეწილი გამოჰყოლოდა არაგვის ხეობას და აევსო ქვეყანა არმურით…
თემშარაზე გასულს ზანზალაკების ჟღარუნი მოესმა. ქიმერებივით მობობღავდნენ აქლემები ნისლში. გამვლელები დალასლასებდნენ ირგვლივ, როგორც ლანდების უცნაური ბერიკაობა.
აღარა სჩანდნენ მეფისა და კათალიკოსის სასახლეები, მათი მიმდგომი გალავნები, ციხე-კოშკები, ქვითკირები, ქარვასლები, ფანჩატურები. ცისკიდურებზე ციხეების ნაჩრდილევიც აღარსად იყო.
ამ ნისლში ჩაფლულ სასახლეებს, ციხეებს და ფანჩატურებს, ყველას ზედ დასცქეროდა სვეტიცხოველი. ნისლს ვერ დაეთრგუნა მისი უცნაური ტანკენარობა და ისეთ წუთებში, როცა შენობებსა და ხეებს, კაცსა და ცხოველს, ყვავილსა და ფოთოლს, ყველას გასცლოდა პირველადი მშვენება და ხალისი, იდგა ეს ტაძარი უფრო დიდებული ვიდრე ნამდვილად იყო ამ წუთში.
წვრილმანი ზადი ნისლს დაეფარა, ხოლო ანაგობას მისას ვერ მორეოდა იგი, ასე რომ, შორიდან მაცქერალს დასრულებული ეგონებოდა ტაძარი.
ჟამის მანძილიდან შესცქეროდა გახარებული ოსტატი თავის ქმნილებას.
\\\”როცა ყველაფერს წვიმა წარხოცავს, როცა ყველა ხმას ქარი წაიღებს, სვეტიცხოველი შეიმატებს დიდებას კიდევაც. მართლაცდა, სხვა რა ევალება ოსტატს, თუ არ წამიერის მარადჟამულად ქცევა? სხვა რა ევალება ამქვეყნად ოსტატს, თუ არ ჭიდილი წარმავლობის ნისლთან?\\\”
გადაელახა ზედაზენისა და არმაზის მთები, ტაშირისა და ტაშისკარისკენ დაძრულიყო ნისლი.

* * *

ტაძრის კარიბჭესთან უხიაგი ამბავი დაახვედრეს ახალი:
გუმბათზე ფიქალის დაგებისას ფეხი დაუცურდა თურმე კირითხუროს, კარაისძეს სტეფანოზს, მიწამდი არ დაჰყოლია მაგ უბედურს სული.
შემზარავ სანახაობას წააწყდა ხუროთმოძღვარი მეფისა.
ტვინი და თმები ურთიერთში აღრეულიყო. არსაკიძემ ბრძანა და ტაძარში დაასვენეს მისი ადღვებილი ნეშთი. ტაძრიდან გამოსულს სამცხელი მონები შემოეხვივნენ გარს. უმი მხალის მეტს არას გვაჭმევენ, აღარ არისო სამუშაო ღონე.
ასისთავმა შემოსჩივლა: ცამეტი მონა გაგვექცაო წუხელ.
\\\”წავალ, ვინახულებ განმგეთუხუცესს, ეგებ საკვები მისცენო რიგიანი მონებს\\\”.
ეს გაიფიქრა არსაკიძემ, გამობრუნდა გულარეული.
გალავნის კარებთან კალატოზი შემოეყარა ყბაახვეული. გუშინ საღამოს ბერძენ მუშებს გვცემესო ლაზებმა.
კირითხუროი ბოდოკია ახმობინა არსაკიძემ. გულმართალი კაცი იყო ბოდოკია, ლაზი.
დაამოწმა მოხუცმა: მართლაც სცემესო ლაზებმა ბერძნებს, ისიც დასძინა: ჩვენს ლაზებს მიუძღოდათო ბრალი.
ახალგაზრდა მონა წათაია წასტანებია ბერძნის ულუფა ოსპის წვენს.
აყვირებულა ოსპის პატრონი. წათაიას შემოუკრავს და წაუქცევია ბერძენი. ბერძენს ბერძნები მიშველებიან, შემოკრებილან ლაზებიც, წასარჩლებიან ლაზს, ვაგლახად დაუჟეჟავთ ბერძნები.
არსაკიძემ სასტიკად დატუქსა თვისტომნი და გავიდა ეზოდან.
მზეს ყური ამოეყო უკვე. ჯერაც ისეთი ყვითელი იყო იგი, როგორც კვერცხის გული რძეში ნახარში. ნელ-ნელა გაიფანტა ნისლი, ჰაერი ამღვრეული მოსჩანდა მცირე ხანს, როგორც არაგვის საგაზაფხულო დიდროაის ჟამს. ციხეების კბილოვანი ქონგურები გამოჩნდნენ ცისკიდურებზე, კოშკების, სასახლეების, ქარვასლების ზეთავები მოიხატნენ ცაზე.
ჯერ ნახშირისებრ მრუმე ხაზებით გარსმოვლებულნი მოსჩანდნენ ისინი. გამოხდა ხანი, მუქი სვირინგები გაიცრიცნენ მინისფერ ფონზე. ლაინისფერი და იისფერი ებრძოდნენ ურთიერთს ცარგვალზე მცირე ხანს, ენდროსფრად შეიღებნენ დურაჯისფერი ქულები, კრაველებივით მიმობნეულნი ცაზე, ბოლოს სოსანისფერი წამლებით შეღება ღრუბლები უჩინარმა არსთა მხატვარმა, იფეთქა ფურცლოვანში სიმწვანემ და აჟღურტულდნენ ჩიტუნები საამოდ.
სასახლის ბაღში ფარშავანგები ჩხაოდნენ უკმეხად.
ნაშუადღევამდის უცადა არსაკიძემ განმგეთუხუცესს, მერმე ასე უთხრეს: უფლისციხიდან მოველითო, მცირე ხნის შემდეგ თუ შემოივლი, აქ დაგხვდებაო უცილოდ.
თავი სტკიოდა ღამენათევს.
ასე იფიქრა:
ბაღში გავივლი, გამიაროსო ვინძლო ტკივილმა. ალუჩების მწვანეში ბულბულები უსტვენდნენ. წინა ღამით დაწყებულიყო ხეხილიდან ყვავილების ცვენა.
მიწის წვენით დაბერილი კვირტები უღიმოდნენ მზეს. თოვლის ფიფქივით მოეჩითა ყვავილთა ნამუსრევს მიწა, ახლაც მოციალებდნენ ისინი ჰაერში ამაოდ. მშვლები დაჯირითობდნენ ბაღში.
კოლონკელიძისეულ ირმებს თვალს შევავლებო, ეს გაიფიქრა არსაკიძემ, საჩიხესკენ მიმავალს დაადგა ბილიკს.
საჩიხეს ფალანგთან სეფემოახლენი დაუხვდნენ სამნი. ვერც ერთი ვეღარ იცნო ლაზმა.
ერისთავის ქალს ვახლავართო, ამბობდა ჭორფლიანი მოახლე.
საჩიხეში შესულიყო თავათ შორენა. ეფერებოდა, თვალებს უკოცნიდა ნებიერას. გარინდებული იდგა ლომისფერი ირემი, ალერსიანი თვალებით შესცქეროდა თავის გამზრდელს. ადამიანსა და ნადირს უსიტყვოდაც ეპოვნათ საერთო ენა. ნესტოები დაბერვოდა ნებიერას, აპაკუნებდა გიშრისფერ ჭლიკებს. მხოლოდ მაშინ მოიხედა შორენამ, როცა ირემი შეკრთა უცხო პირის მიახლებისას.
ველის ყაყაჩოსავით შეუწითლდა ღაწვები ქალს. თვალებიდან იელვა ზღვისფერმა სილურჯემ. გახარებულმა მიაძახა:
\\\”უტა!\\\”
ეს არ იყო ბავშვობაში შერქმეული უბრალო სახელი, არამედ გაცილებით უფრო ტკბილი, ვიდრე მოგონება სიყრმისა, დედის ალერსს იტევდა იგი, დაღუპული მამის გლოვას, ლაზისტანის მშობლიური ზღვის შრიალს, ფხოვში გატარებული სიჭაბუკის ლხენას.
ამ სიტყვაში კვლავ განეცხადა მას ის ბედნიერი წუთები, როცა პირველად შეხვდნენ ისინი ურთიერთს ფხოვში, როცა არც ერთმა მათგანმა იცოდა, თუ რა იყო მათ შორის ქალი და ვაჟი.
ახლა?
ახლა უკვე დობილის ხმა როდი იყო ეს, არამედ ძახილი ქალისა.
არსაკიძე მიეჭრა, მაგრამ კვლავინდებურად გადახვევა ვეღარ შეჰბედა, ორივე ხელი დაუკოცნა სახეალეწილმა.
შორენა გაოცდა ანაზდად, მაგრამ არა უთხრა რა, მარჯვენა ლოყაზე აკოცა ვაჟს.
მყისვე შეამჩნია ყვავილის მიერ ოდნავ დაკენკილი სახე.
ეკითხება შემკრთალი:
\\\”რა მოგივიდა, უტა?\\\”
არსაკიძეს არც კი ახსოვდა, ნაყვავილევი რომ აჩნდა სახეზე, იფიქრა: ძველებურად რომ არ მოვეხვიე, ეუცხოვაო ქალს, ალბათ.
\\\”რაო, რას იკითხავ, შორენა?\\\”
\\\”რა მოგივიდა სახეზე, უტა?\\\”
\\\”ყვავილი მოვიხადე მცხეთაში\\\”.
\\\”ვინ გივლიდა, ბედშავო?\\\”
\\\”გომურში ვეგდე უპატრონოდ, გარეუბანში, მონაზონი მივლიდა სამადლოდ ერთი\\\”.
არსაკიძის თვალი შორენას ანაგობას მისწვდა.
ალმასის ქუდი ეხურა ერისთავის ქალს, კვერნის ქათიბი ზედ ეცვა, მარგალიტის საყბეურებით და ხოხბისყელისფერი საწმერთული, ოქრომკედით ტოტებმოქარგული.
წინა ღამის სიზმარი მოაგონდა ანაზდად, ყაყაჩოებისა და თაველების თაყვანისცემა. თავთუხისფერი თმები ჰქონდა შორენას, თვალებში უელავდა ლაზისტანის ზღვისა სილურჯე.
გაოცდა არსაკიძე: რა მალე ამიხდაო ზმანება.
ფაქიზი იყო ამ დილითაც იგი, როგორც ქერუბიმის ფრთენი, ხმა ჰქონდა წკრიალა (ვერცხლის ეჟვნები, ხევისბერების დროშას შებმულნი!…) როცა საჩიხედან გამოვიდნენ, მოახლეების სახეზე გაოცება ამოიკითხა ლაზმა.
სჩანდა: უკვირდათ კიდევაც: რად მიესალმაო ასე ტფილად ერისთავის ქალი ვიღაც \\\”ფხოველს\\\”, კირით მოთხუნულ ჩოხაში მორთულს.
დაწინაურდნენ.
მოახლეების ვინაობა იკითხა ვაჟმა.
\\\”დედოფალთან ვიყავი წვეული, სეფექალები თან გამომატანა ნებიერას სანახავად წამოსულს\\\”.
ნეტარების ღიმი ეხატებოდა არსაკიძეს. სახეზე.
დაცვარულ მწვანეში მხიარულად უსტვენდნენ სირნი, ჟრიამულით ეგებებოდნენ ნისლის ზღვიდან მშვიდობით გამოსულ მზეს.
ახლა მოაგონდა არსაკიძეს, მზის დაბნელებას მოელოდნენ ამ დღისათვის ვარსკვლავთმრიცხველნი. გამტყუნდა ფარსმან სპარსის ვარაუდი ამჯერად.
მიდიოდა არსაკიძე შორენას გვერდით.
ამო იყო მისი სუნთქვა და მისი ხმა, ნაზი და ველური იერი ჰქონდა თავათაც, უფრო სანუკველი, ვიდრე საგაზაფხულო ნელსურნელება მიწისა.
წარამარა ახსენებდა არსაკიძის ლაზურ სახელს. ძველებურად ეტიკტიკებოდა \\\”უტას\\\”, როგორც ნაძმობს, როგორც ძუძუმტეს.
მხოლოდ ერთმა ამბავმა გააოცა არსაკიძე ფრიად. სიტყვაც არ დაუძრავს თავის დანიშვნის გამო, არც გირშელი უხსენებია, ყველისციხის პატრონი. ვარდისახარი მოიგონა რატომღაც. მომავალ კვირას ვათხოვებთო ვარდისახარს. არსაკიძემ დაიჭირა გამომცდელი შემოხედვა ქალისა: ყველაფერი ვიციო, რაც რამ მომხდარა თქვენს შორის ოდესმე. ეს ამოიკითხა მის მზერაში ვაჟმა.
გულის გარეთ შეეკითხა არსაკიძე:
ვის მიათხოვეთო ვარდისახარი?
\\\”მეფე გიორგის ბრძანებით, ფარსმან სპარსს\\\”.
მცირე ხნის დუმილის შემდეგ დასძინა ერისთავის ქალმა:
\\\”მხოლოდ ამ დილით დაითანხმა დედამ, ასე ამბობდა მანამდის: მონაზვნად შევდგები, ან არადა, არაგვში დავიხრჩობო თავს\\\”.
მეფის სასახლემდე მიაცილა კოლონკელიძის ქალი კონსტანტინემ. გამოთხოვებისას ეუბნება შორენა:
\\\”ხურსისეულ სასახლეში გვინახულე, უტა…\\\”
მიდიოდა წაბლების ხეივანში. ყოველ წუთს თვალწინ ედგა შორენა. მისი ხმა, მისი სუნთქვა ჯერაც არ გაჰყროდა არსაკიძის ცნობიერებას.
ასე ეგონა: გვერდით მომყვებაო კიდევ. ახსენებდა თითქოს მის ლაზურ სახელს, აგონებდა სიყრმეს, სიჭაბუკის შეწყვეტილ ლხენას, დედას უნაზესს, ფხოვურ მაღალ ცას და ლაზისტანის კამკამა ზღვას.
ისევ მოესმა სივრცეში შორენას ხმა, ისევ იელვა მის წინაშე ზღვისფერმა თვალფბმა.
უმზაკვრო იყო მისი შემოხფდვა, ზეცის რეკვასავით ამო – მისი ხმა.
\\\”მართლაც, მართლაც ღირსია შორენა ველის ყაყაჩოები თაყვანსა სცემდნენ. ოქროს თაველები თავს იდრეკდნენ მის წინაშე და უმძვინვარესი მხეცები ეგებოდნენ ფერხთით სანატრელს\\\”.
ასე ეგონა არსაკიძეს ამ წუთში, სავსებით ახალი ადამიანი შემატებოდა მის ცნობიერებას. აღარა ჰგავდა იგი ფხოველ ძუძუმტეს, ხელახლად შობილაო ეს ქალი მისთვის, ამ გაზაფხულის მშვენიერ დილას.

* * *

სხვა რამეც უკვირდა არსაკიძეს:
\\\”ვარდისახარი… ფარსმან სპარსს?…\\\”
ჯერ კიდევ ამ გაზაფხულზე მსაჯულთუხუცესის მიერ წვეული იყო ფარსმანი, რაღაც საშინელი ბრალის გამო პასუხის საგებლად.
ახლა ვაზირებს გადაუწყვეტიათ მისი დაოჯახება, თითქოს რომელიმე დიდი ერისთავი ყოფილიყოს ფარსმანი, ისე გულმოდგინედ ეკიდება მის დაქორწინებას მთელი სასახლე…
\\\”უცილოდ მოსჭორა დიაცა გლახუნა ავშანისძის გამიჯნურების მბავი. სეფექალები რამ გამოლია სასახლეში, ოვსთა მეფის ხარჭაყოფილს რომ არ დასხმოდა გიორგი მეფე თავს?!\\\”
მხოლოდ ეს იწვევდა ნატამალს იჭვისას: ბებერ ფარსმანს ვინ მისცაო საკბენი კბილები?
ან გიორგი მეფის შერქმეული სახელი \\\”გლახუნა ავშნისძე\\\” სად გაიგონა ვარდისახარმა?
ამ წუთში სამუდამოდ შესძაგდა ეს ქალი.
ინანა: ფხოვურ ცის ქვეშ გატარებული ტკბილი ღამეები, ინანა თავისი პირველი ვნება ამ \\\”უსირცხვილო სიძვის დიაცის მიმართ…\\\”

XXXI

განმგეთუხუცესი უცხვირპირო კაცი აღმოჩნდა. უკმეხად მიიღო ხუროთმოძღვარი მეფისა.
კურდღლის ტყავის ჯუბაჩა ეცვა, ზანტად აფახულებდა ლოპინარისფერ თვალებს, უზარმაზარ სელზე იჯდა სახედაჭმუჭვნილი, უკბილო ბებერი.
იჭვნეულად შესცქეროდა არსაკიძეს თავის დაფაანჩვულ, თეთრი წარბებიდან.
ქუშამომჯდარ ცხენსავით ქშინავდა, უსიტყვოდ უსმენდა არსაკიძეს. როცა მოხსენება მოათავა ლაზმა, თავი აიღო ბერიკაცმა, მკლავი შემოიდგა ყბაზე და უგუნებოდ შეეკითხა ხუროთმოძღვარს:
\\\”ოსპის წვენის გამო წაკიდებულან ლაზები და ბერძნები?\\\”
დიახო, დაუდასტურა არსაკიძემ იმ იმედით, საზრდოს გამოუცვლიანო მონებს.
\\\”ალბათ გემრიელი ყოფილა ოსპის წვენი, არა?\\\”
ესა სთქვა, ულოსავით დაგრეხილ, თეთრ ულვაშზე ჩამოისვა პეშვი, მერმე დაასწრო სტუმარს, სელიდან წამოდგა და გესლიანი ღიმილით ეუბნება:
\\\”ეს იცოდე, ჭაბუკო, მაძღარი მონები ვერაფერს შეჰქმნიან კარგს. ეს ციხეები, ეს ეკლესიები და ეს სასახლეები მშიერების მიერაა აგებული\\\”.
სახეში შეაჩერდა არსაკიძეს და ეკითხება:
\\\”შენ ლაზი ხარ, ხომ?\\\”
ლაზი გახლავარო, დაუმოწმა არსაკიძემ.
\\\”თუ ლაზი ხარ, ეგეც გეცოდინება, ჭაბუკო, სადოღე ცხენი თუ გააძღე, ჰელოზე სხვა მიასწრებს უცილოდ, მწევარი თუ გააძღე, კურდღელს ვერ მიეწევა, მგელი რომ მგელია, მგელი რომ მშიერი არ დარწოდეს, მაკე ცხვარიც გაასწრებდა უთუოდ.
ხალხი თუ გაძღა, ჭაბუკო, ეს იცოდე, ლოცვასაც მიატოვებს და შრომასაც, მაშინ აღარც ციხეები გვექნება და აღარც ეკლესიები…\\\”
\\\”ჰი, ჰი, ჰი,\\\” – ჩაიხვიხვინა ბერიკაცმა. ნადირისებრი ღოჯი გამოუჩნდა ორი.
იდგა მის წინაშე არსაკიძე მდუმარედ, წასვლა ეჩქარებოდა, მაგრამ ვერ გაებედნა ნაბიჯის გადადგმა. ახლა ღირკილოებზე წაეპოტინა განმგეთუხუცესი.
\\\”შენ ქრისტიანი ხარ, ხომ?\\\”
ქრისტიანი ვარო, ეგეც დაუდასტურა ლაზმა.
\\\”აბა ერთს კიდევ გეტყვი, ჭაბუკო, განა თუ ჩემი გამონაგონია ის, რაც გითხარი. უფალი ჩვენი მაცხოვარიც ამას ასწავლიდა ხალხს.
უდაბნოში შიმშილობდა თავათ, შეგირდებსაც აშიმშილებდა. იგიც ხომ გახსოვს, ჭაბუკო, ხუთი პურითა და შვიდი თევზით რომ გააძღო მან ბევრზე ბევრი?
რაკი ქრისტიანი ხარ, ეგეც მართებულია რომ იცოდე, ჭაბუკო: ხალხს სამი რამე უნდა ასწავლოს ერის წინამდგომმა ყოველმა: შიმშილი, ლოცვა და შრომა, ხოლო რაიცა შეეხება ომს, ომში აზნაურები წაასხამენ მონებს…\\\”

XXXII

სვეტიცხოველის კარიბჭესთან ბოდოკია შემოეგება არსაკიძეს.\\\”
\\\”შენ გიცდიდი, ოსტატო\\\”.
ამბობს ბოდოკია.
\\\”ხომ არაფერი მომხდარა კიდევ?\\\”
\\\”ჩუქურთმიანი ლოდია ჩრდილოს კედელზე გასატანი, ოსტატო\\\”.
ნაბიჯს აუჩქარა არსაკიძემ. მიხვდა, თუ რომელ ლოდს გულისხმობდა ბოდოკია ლაზი.
სვეტიცხოვლის ტაძარზე ახლაც დარჩენილია მოდელი ტაძრისა.
სწორედ ამ მოდელის ქვემოთ დატანებულია ეს ჩუქურთმიანი ლოდი, სამმხარიანი ჯვარია მასზედ და ასომთავრული წარწერა ასეთი:
\\\”ნებითა ღვთისათა განახლდა სამირონე ესე, ბრძანებითა ქრისტეს მიერ კათალიკოსის მელქისედეკისათა. შეიწყალე უფალო, მონა შენი კალატოზნი ოთხნი, ამინ\\\”.
დიდზანს ჭირვეულობდა ამ ლოდის გამო კათალიკოზი, სამგზის დაიწუნა ჩუქურთმიანი ჯვარი, ბოლოს, როგოც იქნა, ეს უკანასკნელი მოიწონა. ამიტომაც ჰქონდა ნაბრძანები არსაკიძეს:
უჩემოდ არ ჩადგათო ლოდი.
ეს ამბავი პარასკევს მოხდა, შაბათს მელქისედეკი აპირებდა მშენებლობის დასათვალიერებლად მოსვლას, ამიტომაც ეჩქარებოდათ ოსტატებს.
კალატოზებმაც იცოდნენ მელქისედეკის ჭირვეულობის ამბავი, ამიტომაც ვეღარ ანდეს მისი ატანა მონებს. ხუთივენი ავიდნენ ხარაჩოზე.
როცა საბელით აზიდეს ლოდი, მოხუცი ბოდოკია წაეპოტინა პირველი, მარყუჟიდან გამოხსნა ლოდი, მაგრამ ვეღარ მოერია თავათ.
სამი დანარჩენი კალატოზი უმარჯვოდ იდგა, ხარაჩოს ძელები გაესიპა ნისლს, ფეხი ვეღარ მოიმაგრეს, ამიტომაც ვერ მოეშველნენ ბოდოკიას დროზე.
ლოდიც გასიპული იყო, ხელი მოეცარა ბოდოკიას, მაგრამ მკერდი მაინც შეაგება ოსტატმა, ისევ წაეპოტინა, მაგრამ ვეღარ შეიმაგრა ლოდი.
დაწინაურდა კონსტანტინე არსაკიძე, მკლავები შემოაჭდო ლოდს და საოცრად გაწითლდა მთელს სახეზე. კალატოზებიც დაიძრნენ ადგილიდან, მაგრამ ვერც ერთმა მოიკიდა სველ ხარაჩოზე ფეხი, კარგა ხანს გაუძლო არსაკიძემ ოთხი კაცის ტვირთს, ვეღარც მას მიეშველნენ დროზე.
ხელი გაეშვა?
ბოდოკია იქვე იდგა, დაშავდებოდა მოხუცი, ბოლოს ჩუქურთმიანი ლოდიც დაიმსხვრეოდა უცილოდ.
იმარჯვეს ისევე სამთა, წელმოწყვეტილი ბოდოკიაც მიეშველა. მაჯაგანით ჩასვეს ჩუქურთმიანი ლოდი, მაგრამ ნირშეცვლილი არსაკიძე შეჰქანდა ხარაჩოზე.
თვალი წაატანა ბოდოკიამ, ლაინისფერმა გადაჰკრა ხუროთმოძღვარს სახეზე.
როცა იგი ძირს ჩამოიყვანეს, წელი ვერ გამართა არსაკიძემ.
მშვილდივით მოკეცილი დაეცა მიწაზე. საკაცეზე დააწვინეს ხუროთმოძღვარი მეფისა, თორმეტმა კალატოზმა წაიყვანა არსაკიძე რატისეულ სასახლეში.
ატირდა საწყალობლად ნონაი.
\\\”წუხელი ცუდი სიზმარი მქონდა, არ დამიჯერა ბატონმა, მიტომაც შეემთხვა ხიფათი\\\”.
მელქისედეკი უფლისციხეში იყო იმ დღეს, მსახურთუხუცესი წარგზავნა ავადმყოფის სანახავად გიორგი მეფემ. ფარსმან სპარსი იხმეს, მაგრამ ავად ვარო, მოიმიზეზა ფარსმანმა. უფლისციხეში აფრინეს კაცი, თურმანიძე თმოგვს წასულიყო წინა დღეს.
ორი კვირის მანძილზე სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე იყო არსაკიძე მისული, უმწეოდ დაფათურებდა ნონაი, შავ შარბათს, თემრი ჰინდის, უშხულისა და ბროწეულის წვენს ასმევდა ავადმყოფს, სვინტრისა და თალგამის მხალს აჭმევდა დღენიადაგ.
არ აპირებდა ავადმყოფი გამობრუნებას.
ბოლოს დარწმუნდა არსაკიძე, მომიხდებაო სიცოცხლის დათმობა. ნაღვლობდა ოსტატი ფრიად დაუსრულებელი რომ რჩებოდა სვეტიცხოველი.
მთელი სიცოცხლე სხვის ქვეყნებში ყიალსა და უსაზმნო შრომაში დალია, ცხრაკარსა და ითვალისში აგებული ორიოდე ეკლესია უკვდავებას ვერ მოუხვეჭდა მის სახელს.
კარგად იცოდა ოსტატმა: მუზები დიახაც მიელტვიან უღრან ტყეესა და უკაცურ მთებს, მაგრამ უკეთუ მათი შთაგონების საგანი სატახტო ქალაქებს ვერ მისწვდა, ვერც ერთი ოსტატი გაითქვამს სახელს.
სვეტიცხოველი იყო მისი სიჭაბუკის, მამაკაცობის უსაჩინოესი ქმნილება, საქართველოს გულში აგებული საჩინო ადგილზე. რამდენი შრომა და ტანჯვა შეალია ამ დიდ ქმნილებას და ახლა სიკვდილს უნდა გადაეჭრა გზა!
ეცოდებოდა მოხუცი დედა, ფხოვის ცივ მიწაში დარჩენილი მამის ძვლების ერთგული დარაჯი! ბოდოკია უნდა წარეგზავნა კვეტარს, მაგრამ საქმეს ხომ ვერ მოაცდენდა ჩინებულ კალატოზს?
ეს კი ეწადა, სულზე მოესწრო როგორმე დედას, ეგებ მისმა ლოცვამ და სიყვარულმა გადამარჩინოსო სიკვდილს.
ერთი და უსაწყალობლესი დარდიც უნდა გაჰყოლოდა ამ უხეირო წუთისოფლიდან.
ერთხელ მაინც, ერთხელ მაინც კიდევ ენახა შორენა, როგორმე შეევლო საღამო ჟამს ხურსისეულ სასახლეში და ერთხელ მაინც გაეგონა მისი პირისგან დედის მიერ შერქმეული ლაზური სახელი \\\”უტა\\\”!
სულზე მოუსწრო თურმანიძემ ავადმყოფს.
მარჯვენა მკლავი გაუხსნა აქიმმა. სისხლი ადინა ძარღვიდან. გრილი შარბათები ასვა, ვარდის კაჭაჭის ფოთლები დაანაყვინა ნონაის, უხვად ასვა წვენი, ქაფურში გავლებული გრილი ტლეები შემოადგა.
სამ დღეში გამომჯობინდა არსაკიძე.
ასე დააწესა აქიმმა: ორ თვეს მაინც არ გასულიყო ხარაჩოზე ხუროთმოძღვარი მეფისა.
არც ცხენზე შემჯდარიყო ორ თვეს, ფიცხელი მოძრაობა აღკვეთოდა ყოველნაირი.
ერთი კვირის შემდეგ თავათ დგებოდა ფეხზე.
მთელი დღე იჯდა რატისეულ სასახლის აივანზე. გულშემოყრილი გასცქეროდა თავის საყვარელ ქმნილებას შორიდან.
ყოველ დილას მოდიოდა ბოდოკია, მითითებებსა და თათბირებს ღებულობდა ავადმყოფი ოსტატისაგან. თითქმის ყოველ დილით ხედავდა აივნიდან არსაკიძე სანადიროდ მიმავალ შორენას.
გიორგი მეფის ოქროსფერ ულაყზე იჯდა ერისთავის ასული, ორი მოახლე და ორი დიაკონი მისდევდნენ ცხენდაცხენ, შავარდნიანი ბაზიერებიც თან ახლდნენ. მხარმარჯვნითა და მხარმარცხნით გიორგი და გირშელი მიჰყვებოდნენ საომარ ცხენებზე გადამჯდარნი, თორმეტი თოროსანი რაინდი თან ახლდა მეფესა და ერისთავს.
სულ ბოლოს ურმით მიჰყავდათ გიორგი მეფის ავაზები მონებს, ატლასის დორი ზედ ეხურათ ავაზებს, საბელის თავი ურმის უკან მიმავალ მონებს ეჭირათ ხელში.
აივნიდანვე ამჩნევდა არსაკიძე, შორენა მხიარულად ებაასებოდა მეფესა და ერისთავს.
სანადირო ტყავკაბა ეცვა გირშელის საცოლეს, ოქროქსოვილი ზორტებითა და მარგალიტების ფოჩვებით შემკული. ტარსიკონის ჩექმები ფეხზე, ვერცხლის უზანგებამდის წვდებოდა ბროწეულის ყვავილისფერი საწმერთულის ტოტები.

XXXIII

\\\”…და წარმომგზავნა ღმერთმა, რათა შევმუსრო კაცთაგანნი სამი ჯურისა: ქედმაღალნი, მრავალგვართა ღვთაებათა თაყვანისმცემელნი და მხატვარნი.
უფრთხილდით, კაცნო, უფლისა და ადამიანის გამოსახვას, ნება გეძლევათ ხატოთ მარტოოდენ ხენი, ყვავილნი და ქმნილებანი უჰასაკონი…\\\”
როცა მარტოობა გულზე შემოეგზნებოდა, გადმოიღებდა ტილოსა და წალებს არსაკიძე, ხატავდა თავისთვის…
ერთ დღეს, ნასადილევს, ტახტზე წამოწოლილიყო ავადმყოფი. სამი ბერი ამოვიდა რატისეული სასახლის კიბეზე. ხუროთმოძღვარი მეფისა იკითხეს.
შემოფათურდა ნონაი: ვიღაც ბერები გკითხულობენო, ბატონო.
მობრძანდნენო, უთხრა არსაკიძემ.
როცა სტუმრები დარბაზში შემოვიდნენ და თავსაბურავი მოიხსნეს, არსაკიძემ მელქისედეკ კათალიკოსი შეიცნო.
კონსტანტინე შეკრთა, მაგრამ წამოდგომა არ დაანება მელქისედეკმა, თავათ მოიტანა მის სასთუმალთან სელი.
დაჯდა, ალერსიანად გამოკითხა ჯანმრთელობის ამბავი.
ჯვალოს ჩოხა ეცვა მელქისედეკს, სავსებით გახუნებული. ბერული, ორკაპიანი არგანი ეჭირა ხელში. მცირე ხანს დარჩნენ სტუმრები, მწუხრზე მეჩქარებაო, მოიმიზეზა კათალიკოსმა და წამოდგა.
ჯვარი გადასწერა ავადმყოფს.
ეუბნება:
\\\”დღეს შევევედრებით უფალს განკურნებისა შენისათვის, შვილო, მალე გაჯანსაღდები ღვთით, სვეტიცხოველს დაასრულებ მალე, ტაძრის კურთხევაზე ფრიად საპატიო სტუმრებს მოველით ბიზანტიონიდან\\\”.
ეს მოხდა შაბათს საღამოს.
გაოცებული იყო არსაკიძე: როგორი სათნო კაცი ყოფილაო მელქისედეკი! ტკბილად შესაყრელი და ამოდმოუბარი ეჩვენა საერთოდ ბუზღუნა და ჭირვეული მოხუცი.
საქმიანობაში აუტანელი იყო მელქისედეკი, წვრილმანი, სასტიკი, განუზომელად ახირებული ხშირად.
კირითხუროებს, კალატოზებს და მონებს მეხივით ეშინოდათ მისი.
როცა იგი მშეენებლობის სათვალყუროდ ჩამოივლიდა, ორ ათასამდე მუშა ისე გაიტვრინებოდა, ალალმა ჩაუქროლაო ნიბლიების გროვას. არც არავინ იცოდა არასდროს, რომელ წუთს, რომელი ჭიშკრიდან შემოვიდოდა იგი სვეტიცხოვლის ეზოში. თავის გახუნეულ ჯვალოს ჩოხაში, უბრალო ბერისგან ძლივს გაარჩევდა მას კაცი.
როცა ყველა დარწმუნებული იყო, უფლისციხეშიაო მელქისედეკი, იმავე დღეს მოაკითხავდა ტაძარს.
ხმა დავარდებოდა: ავად გახდაო კათალიკოსი, ბალღებივით გაიხარებდნენ მონები, სწორედ იმ საღამოს მიადგებოდა ხარაჩოებს.
ყველას ეს აოცებდა: თრითინასავით დაძვრებოდა ზედ მუხლებდასიებული, ჩია ბერიკაცი.
ნონაი შემოვიდა. წამლები შეასვა ავადმყოფს, ცხელი რძე მოუტანა და წაფრატუნდა.
სიბნელემ დაივანა დარბაზში. ერთადერთ ვარსკვლავს თვალი ჰკიდა არსაკიძემ. მერმე დიდხანს იწვა პირაღმა. ისევ მელქისედეკის გამო ფიქრობდა იგი.
როგორი სასტიკი გამომეტყველება ჰქონდა მას ნამწუხრევს, სამთავროს ეკლესიაში ქადაგების ჟამს, როცა იაკობის მიერ ღმერთთან შერკინებას განუმარტავდა მრევლს. სიყრმიდანვე აოცებდა არსაკიძეს ეს უცნაური ადგილი დაბადებისა, ჯერ კიდევ ადრიან სიჭაბუკეში, კონსტანტინეპოლში, მრავალჯერ უთქვამს: რა თამამად მოუციაო ამ სტრიქონების ავტორს ადამიანის ჭიდილი ღმერთთან?
ახლა უცნაურად აეკვიატა ასეთი განზრახვა: უთუოდ დაეხატა იაკობის შერკინება უფალთან.
ისე ცოცხლად წარმოუდგა თვალწინ დასახატი საგანი, შეეშინდა, ჩვენებად არ გადამექცესო ეს ყოველივე.
ორ-სამგზის იცვალა გვერდი. ვეღარ მოისვენა. ღამე არ ყოფილიყო, უთუოდ ადგებოდა, შეუდგებოდა ხატვას.
წამოდგა. ჯოხი აიღო. ბაღჩაში ჩავიდა. ეძინა ყოველივეს ირგვლივ.
ოდნავ, სულ ოდნავ იჭვრიტებოდა მოყვითალო ღრუბლის ბლონდიდან მთვარე, იისფერი რკალი გარს ერტყა მნათობს.
იდგა ცაცხვის ქვეშ არსაკიძე, უხაროდა სასიცოცხლო ღონე რომ შეემატა მის იოგებს. ათიოდე დღეც და უჯოხოდ ივლიდა, უთუოდ შეივლიდა შორენას სანახავად.
გადაჰხედა მთვლემარე ხილნარს. ასე ეგონა, მძინარე ბუნება მღერისო ძილში. მღეროდნენ ჩრდილად ქცეული ხეები, მთვლემარე ყვავილები, დაცვარული ბალახი, ტკბილის სძლისპირივით მოესმოდა ფუტკრების ზუნი, მღეროდნენ ცისკიდურებზე გაწოლილი მთებიც, მათ ფერხთით გადაშლილ ზღვისფერ სილურჯეში არაგვი დვრინავდა ამოდ.
ვაჟკაცურად ებრძოდა წიწამურის ველზე მამალი ხოხობი ღამეს
კვირა დილას უთენია წამოდგა.
სამთვარიო ამ დღისათვის იუწყებოდა:
\\\”დღე კეთილი, ღვინის ძვრა, ვენახის დარგვა, ქორწინი, ნადირობა და მგზავრობა ყოველივე კეთილი…\\\”
სამთვარიო გადასდო, ჯოხი აიღო, ისევ დააგდო, ადგა და აივნამდის მივიდა უჯოხოდ.
ბაღს გადაჰხედა.
გახარებული ჭიკჭიკებდა ჩიტბატონა მწვანეში. სიცოცხლე და შთაგონება შეემატა კვლავ.
შინ შებრუნდა, სამხატვრო ხელსაწყონი მოიმარაგა. წამლები შეამზადა, ტილო განფინა.
რამდენიმე ხაზი მიმოავლო ტილოზე. უბრალო კონტურები მოხაზა ზედ, ნაღვარევს გადაღმა მდგარი აქლემების, კარაულების, იაკობის ორი ცოლის, ორი მხევალის, ათერთმეტი ვაჟის ბანაკი.
ახლა, ნაღვარევს გადმოღმა, ველზე მარტო მდგარი იაკობის ფიგურა მოხაზა და სწორედ ამ დროს ნონაი შემოვიდა, ვიღაც ჩალმიანი ბერიკაცი მოსდგომია უკანა კიბეს. ხუროთმოძღვარს მეფისას იკითხავსო.
არსაკიძე მიხვდა, ვინც უნდა ყოფილიყო ეს ჩალმიანი მოხუცი.
ისე მოძალებული ჰქონდა შთაგონება, არავის ნახვა ეწადა ამ წუთში.
სახე დაეღმიჭა ბრაზისაგან.
ამპარტავნობაში ჩამომართმევსო, ეს გაიფიქრა და უბრძანა მხევალს: მობრძანდესო სტუმარი.
არსაკიძე გაოცდა, როცა უკანა კარიდან შემოვიდა ფარსმან სპარსი დარბაზში.
წელში მოდრეკილი, თითქმის ქოსა მოხუცი ისე მოდიოდა, თითქოს ეპარებაო რაიმეს, გრძელი ყავარჯენი ეჭირა ხელში, ვერცხლით მოჭედილის სახელურითა.
შემოსვლისთანავე მიესალმა მასპინძელს და, როცა მოწოდებულ სელზე დაჯდა, ასეთი რამე შეაგება არსაკიძეს:
\\\”ეს მიბრძანე, ჭაბუკო, ამ სახლის უკან რატისეული კოშკია, არა?\\\”
არსაკიძე გააოცა ამ კითხვამ.
ერთი გაიფიქრა: ალბათ თრიაქისაგან თუ დამთვრალაო ამ დილით? შეაშტერდა სახეზე.
არა
მთვრალი არ უნდა ყოფილიყო ფარსმანი, თავაზიანად მიუგო მოხუცს:
\\\”დიახ, კოშკია, ბატონო\\\”.
\\\”ეჰ, მე კი სახაბაზო მეგონა თავდაპირველად, შვილო\\\”.
ყავარჯენს მოეჭიდა ორივე ხელით, იატაკს დაჰხედა და ამბობს:
\\\”ცუდი ყოფილა სიბერე, შვილო, სიცოცხლე აღარა ღირს როცა სახაბაზოსა და კოშკს ურთიერთისაგან ვეღარ გაარჩევ\\\”.
\\\”ჰო, ჩარდახმორღვეულია ის კოშკი, შესაძლოა, იმიტომაც ვეღარ გაარჩიეთ, ოსტატო\\\”.
\\\”ეჰ, უკვე აღარა ვარ ოსტატი, შვილო, ამჟამად გიორგი მეფის შავარდნებს რევანდის ოყნას ვუკეთებ. თრიაქ ფარუხს ვასმევ მიმინოებს ფილენჯისაგან განსაკურნავად.
როცა მეჯადაგეები ოსტატები გახდებიან, ოსტატებმა რევანდის ოყნა უნდა გაუკეთონ შავარდნებს\\\”.
არსაკიძე მიუხვდა ამ იგავების შეფარვულ შინაარსს, დაცდილი ჰყავდა ოსტატი ძველი: ფარსმანი სათქმელს აროდეს იტყოდა ჯიქურად. მუდამ ირიბად მიმართავდა სიტყვას, უკუსაქცეველ ხვრელს აიტოვებდა თანაც, ორლესული მახვილივით მძაფრი იყო მისი ნათქვამი მუდამ, კალმახივით უსხლტებოდა ხელიდან მსმენელს.
\\\”რად იკითხე, ოსტატო, ამ კოშკის ამბავი წეღან?\\\”
\\\”ალბათ მოგეხსენება, ჭაბუკო, როცა კაცს სიბერე მოუწევს, ბალღს დაემსგავსება იგი. აკი ასე სჩვევიათ ბალღებსაც ისეთ რამესაც იკითხავენ ხოლმე, რაც კარგად იციან თავათაც.
ბალღები და მოხუცები იმითაც ჰგვანან ერთმანეთს, რომ მათ თანაბრად აეშლებათ ხოლმე საღერღელი ლაპარაკისა.
მხოლოდ ესაა: ბალღს არ ეშინიან სისულელის თქმისა, იგი აგრე ვარაუდობს ალბათ ქვეშეცნეულად: გავიზრდები, ჭკვიანურსაც ვიტყვიო. მოხუცებულიც აცუნდრუკდება ხშირად, რადგან გამოცდილებიდანაც კარგად იცის, მხოლოდ ბრძენკაცებს ემტერებოდნენ მეფეები, და არსად არც ერთ მეფეს, თუგინდ სულელსაც, შლეგები არ ჩამოუხრჩვია ჯერ.
რადგან თვით უჭკუო მეფეებსაც მუდამ ესმოდათ: სულელები სათითაოდ რომ ჩამოეხრჩოთ, მაშინ ვერც ხარკს მოხვეჭავდნენ, ვეღარც მონასპებს იპოვნიდნენ ომში წასაყვანს.
ეგეც ხომ გსმენია: არავინ ისე მამაცურად არ იბრძვის სხვის ომში, როგორც სულელი. მე ვიყავი მუდამ ასეთი შლეგი, სხვათა ომებში მამაცი შლეგი. რაიცა შეეხება კოშკს, ახლა გამახსენდა: ამ კოშკში ჰყავდა დამწყვდეული მეფე გიორგის რატი. ჭკვიანი კაცი იყო სახლთუხუცესი რატი. მან კარგად იცოდა: ვინც მეფეთა სამსახურისათვის თავს გადასდებს, მას საკუთარი სახლის უკან მზად უნდა ჰქონდეს დილეგიც.
რადგან ქარის ქროლვასა ემსგავსება მეფეთ წყალობა, ხან აღმა მიჰქრის ეს ნიავი, ხანაც – თავდაღმა\\\”.
ფარსმანს ყავარჯენი გაუვარდა ხელიდან. დასწვდა, ისევ
აიღო და განფენილ ტილოს შეავლო თვალი.
\\\”ცუდ დროს მოვსულვარ, როგორც სჩანს, ჭაბუკო, სახატავად მოგიცლია, ვხედავ\\\”.
\\\”არაფერია, ოსტატო, მცირე რამ უნდა დამეხატა ჩემთვის. დიდი ხანია ფერწერაში არ მივარჯიშნია\\\”.
\\\”ვინ გასწავლიდა ბიზანტიონში ფერწერას?\\\”
\\\”მხატვართუხუცესი ავრელიოს ალოსტოს\\\”.
\\\”ავრელიოს ალოსტოს! როდოსელი ბერძენი, არა? ფერწერაში ნიჭი მოგდგამს, გეტყობა…
როდოსელი ბერძენი, დიახ\\\”.
კვლავ გაიმეორა მხატვართუხუცესის სახელი და გვარი ფარსმანმა. თვალები მიაშტერა არსაკიძეს, მაგრამ ფარსმანი ისე ხშირად აფახულებდა წითურ წამწამებს, მისანიც ვერ შეიცნობდა მის გულის ხმას ამ წუთში. თვალებიც ისე უციმციმებდა, როგორც ვარსკვლავი ბოროტი.
\\\”აბა, ერთს გეტყვი, ჭაბუკო, ყველაფერზე უფრო ძვირფასი მხატვრისათვის მაინც იგია, რაც არც მელქისედეკ კათალიკოსს შეუკვეთია და არც მეფე გიორგის, ის, რასაც მოცალეობის ჟამს დახატავს იგი თამაშით.
ეგეც იცოდე: მაინც მოცალეობა და ფანტაზიაა შემოქმედების მკვიდრი მშობელი\\\”.
მიუხვდა ლაზი ამ შეფარვული აზრის სანიშნოს. არსაკიძეს მხოლოდ რამდენიმე ხაზი ჰქონდა გავლებული ტილოზე, ამ იგავით ეს უთხრა ფარსმანმა: ეს რამდენიმე ხაზიც სჯობიაო შენ მიერ აგებულ სვეტიცხოველს.
ან რა ნიჭის გამო შეიძლებოდა ამ მონახაზის მიხედვით მსჯელობა?
ცხადია, დასცინოდა იგი არსაკიძეს.
არსაკიძე აიმღვრა, მაგრამ არა აკადრა რა მოხუცებულ სტუმარს. თავისი ბერძნული განათლების მიუხედავად, არსაკიძე მაინც ლაზი იყო და არსად ისეთ პატივში არ არიან მოხუცებულნი, როგორც ოდითგანვე ლაზების ქვეყანაში.
\\\”სამოცდახუთი წელი შემისრულდა გუშინ. თუმცა ახალ ცხოვრებას მოვეკიდე, მხოლოდ გუშინწინ შევირთე ცოლი. ხელცარიელი მივდივარ სამარეში, შვილო, რადგან მუდამ იმას ვაკეთებდი, რასაც კეისარი, ხალიფა და აფხაზთა მეფეები მოისურვებდნენ\\\”.
ამ სიტყვებმა ფრიად გააოცა არსაკიძე.
წლების მაძილზე უსაუბრია მასთან და არც ერთხელ კრინტიც არ დაუძრავს თავისი ცხოვრების გამო ფარსმან სპარსს.
მხოლოდ ერთი რამ ყურმოკვრით ჰქონდა მას განაგონი ამ უცნაური მოხუცის გამო.
ის ტყირპიანი დედაკაცი თებრონია მხევალი როდი ყოფილა მისი, არამედ წანარელ მონაზვნის ნაბიჭვარი.
მონასტრიდან გაუგდიათ ფეხმძიმე დიაცი, მონაზონი ძმებთან წასულა. ტყირპიანი შვილი როგორც კი ჰყოლია, გუდანურში ჩაუსვამთ ბალღი და ფარსმანის კარებში შემოუდგამთ ღამით.
ფარსმანმა გაზარდა მერმე თავისი ხარჭის ნაშობი და მხევალი თებრონია შეურქმევია მისთვის.
წამოდგა ფარსმანი, განფენილ ტილოს მიეახლა, ყავარჯენს დაებჯინა, კიდევ შეჰხედა ნახატებს და ასე სთქვა:
\\\”შესაძლოა წინასწარ იცოდე მხატვარმა კიდევაც, რომ შენს სურათს ზედაც არ შეხედავს არავინ, გული საგულეს უნდა გქონდეს მაინც.
რადგან ეგ ასეა: ჩვენს აზნაურებს მიმინოს სკორე ურჩევნიათ სურათებს, ხოლო დიდვაჭრებს – ნოხები, ბიზანტიელ პატრიციებს – ცხენები, ეპისკოპოზები ასე ამბობენ: მკრეხელებიაო მხატვრები, ღმერთს უტოქდებიან ისინი, უჰასაკო საგნებს შთაბერავენო სთელს.
ვერც კონსტანტინეპოლში გაყიდი შენს სურათს, რადგან ბიზანტიელი აზნაურნი და უაზნონი ამას მოითხოვენ: ბასილი კეისარი უნდა ხატოსო მხატვარმა თეთრ რაშზე გადამჯდარი, ჰოროლსა სცემდესო ხახადაბჩენილ ურჩხულს.
არცთუ მუსულმანთაგანი შეიძენს შენს სურათს ვინმე, რადგან მართლმორწმუნე მაჰმადიანი ფეხსაც არ შესდგამს იმ სახლში, სადაც სურათი ჰკიდია, ან ძაღლი აბია სადმე.
მე ერთი ჭილის ეტრატი მაქვს შინ და იმ ეტრატში ასე სწერია:
\\\”ვაჲ მას, ვინაც გამოხატოს ცოცხალი არსი. განკითხვის დღეს, მხატვრის მიერ გამოსახული პირები გაცოცხლდებიან, სურათიდან ჩამოვლენ, მიეჭრებიან დამხატველს და მოსთხოვენ სულს.
და მხატვარი იგი, რომელიც ვეღარ შესძლებს საკუთარი სულის მიცემას, უცილოდ დაიწვება უშრეტი ცეცხლით\\\”.
დამერწმუნე, ჭაბუკო, ყველაზე კარგი სურათი იგია, რომელსაც არც უფლისციხეში, არც კონსტანტინეპოლში, არც ქაიროში არ ყიდულობენ ამჟამად, სწორედ იგი, რომლისთვისაც სულს მოსთხოვენ ერთ დღეს დამხატველს\\\”.
ფარსმანმა დილა მშვიდობისა დაუბარა არსაკიძეს, არც ჯანმრთელობისა, არც სვეტიცხოველის გამო უკითხავს რაიმე.
წასვლის წინ ესა სთქვა მხოლოდ:
მეფე გიორგის შავარდენი გახდომია ავად, რევანდის ოყნა უნდა გავუკეთოვო შავარდენს.
წავიდა თუ არა ფარსმანი, არსაკიძემ განაგრძო ხატვა.

* * *

სრული სამი კვირა მოანდომა არსაკიძემ ამ სურათს, რადგან აქიმი ჯერაც არ ანებებდა სამუშაოდ წასვლას.
როცა მოათავა, შუა დარბაზში დადგა, სიხარულით აღვსილი შესცქეროდა თამაშითა და ლაღბობით დაწერილს.
შიდა ფონზე აქლემები და კარაულები მოსჩანდნენ ნახევრად ბნელში, ორნი ცოლნი, ორნი მხევალნი და ათერთმეტნი ძენი იაკობისნი, ხოლო ნაღვარევს გადმოღმა იდგა იაკობ მარტოი მუნ და ერკინებოდა მას უზარმაზარი დევკაცის ლანდი.
წვერი ჰქონდა ირისესავით თიმთიმა და დაფანჩვული, ბრწყინვალე შარავანდი ემოსა გარშემო თავისა, თევზის ქერეჭის დარი ჯაჭვი ეცვა იაკობის ღმერთს, ცეცხლებრ უელავდნენ მგლისფერი თვალები.

XXXIV

აქიმის მიერ დათქმული ყავლი ჯერაც არ იყო გასული, არსაკიძემ მშენებლობას მიაშურა დილა ადრიან. გაიხარეს მის დანახვაზე კალატოზებმა და მონებმა.
ბოდოკია წინ გადაუდგა.
ჯერ ნუ ახვალო ხარაჩოზე, ბატონო, არა ჰქნა არსაკიძემ, შეჰყვა ხარაჩოებს. ათვალიერებდა ლავგარდანების ჩუქურთმებს, თაღების მოხატულობას. ფასადების ბარელიეფებს.
ტაძრის გუმბათამდის მიაღწია ძლივს, დოინჯი შემოიდგა თეძოზე.
ბოდოკიამ ფერმკრთალობა შენიშნა მყისვე.
ცუდად ხომ არა ხარო, ოსტატო?
არ გაამხილა თირკმელების ტკივილი.
არაფერიაო, სთქვა, ხელი მოსჭიდა ფიჭვის ძელს.
კალატოზებთან ერთად ისადილა იმ დღეს, მწუხრის მოწევამდის დადიოდა ხარაჩოებზე.
ძელსა ჰკრეს სამთავროს ეკლესიაში. მონები გაიკრიფნენ მშენებლობიდან. დადიოდა ტაძრის გარშემო, უთვალთვალებდა თავის საყვარელ ქმნილებას ბინდისას. წელს იტკივებდა დამაშვრალი, მაგრამ შორენას ნახვის, წადილი მოსძალებოდა მაინც.
წყნარი, წყნარი საღამო იყო, კვიპაროსების წვეროკინები ქანაობდნენ ნელა. ბეღურები ჟიოდნენ ალვების მწვანეში. ქუჩებში არავინ სჩანდა.
საგოდებელი გადაიარა, უსიცოცხლო შარიშური გაჰქონდა ლაშქარასა და შუფხას კლერტოებს.
მზე ეთხოვებოდა კავკასიონს, შაშვი კუთავდა სუროს მწვანეში.
ახლად აფრენილი ბუს მართვეები მიფრინავდნენ მუხოვანისკენ. უმწეონი მათ შორის სულ დაბლა, სულ ახლოს ჯდებოდნენ ტოტებზე.
სასაცილონი იყვნენ ეს მოღუშული არსებანი. ჯერაც არ გაჰყროდა ქვეყანას ნათელი. ისინი ვერ ჰხედავდნენ არსაკიძეს.
გაფუყული ისხდნენ, უცნაურად კუსავდნენ ცეცხლისფერ თვალებს.
კაცს ეგონებოდა, ამსოფლიური ჭმუნვა უკვე შეჰყრიათო ახლად მოჩიტულთ.
თემშარაზე გასულს ფეხშიშველა ბალღები შემოეყარნენ არსაკიძეს, უდარდელად მოიმღეროდნენ საკინძეგაღეღილი ბიჭუნები, ზალობელ ანგელოსებსავით აღებდნენ პირს.
სამთავროს მონასტრისაკენ მიდიოდა ბერების ლაშქარი.
რაღაც უცნაურმა სუნმა ჩამოუქროლა არსაკიძეს. ბნელ სენაკებსა და საოსტიგნოებში რომ სცემია, სწორედ ისეთმა, საკმეველის, სამოგვისა და ოფლის სუნმა.
უღიმღამოდ, უხალისოდ მიედინებოდა შავჩოხიანების ბრბო, ლანჩების ერთობლივი ტკაპატკუპი ისმოდა თემშარაზე, ჩრდილებივით მიემართებოდნენ დასავლეთისკენ ისინი. უზარმაზარი ლანდები რჩებოდათ უკან. სჩანდა, სამონასტრო ვენახებიდან ბრუნდებოდნენ. ხელში სასხლავი ეჭირათ, ზოგს ბარი მიჰქონდა, ზოგს – წალდი, ზოგსაც წალამის კონები ეკიდა ზურგზე, ჩოხის კალთებზე მოსდებოდათ ბირკა და ნარი.
მიიჩქაროდნენ დაღვრემილი, წელში გადრეკილი მოხუცები, საღამოს ბორიო არხევდა თეთრ წვერებსა და შავ კალთებს ჩოხისას.
უსიხარულოდ გასცქეროდნენ ჩამავალ მზეს, გახუნებული სამოსი ეცვათ, შავი კრიალოსნები ეკიდათ კისერზე. მიალაჯებდნენ მტკიცედ, შავწვერიანი, მხარგრძელი ვაჟკაცები. ტანზე თორნი, წელზე ხმალი და ფეხზე დეზი უფრო დაამშვენებდა მათ, ვიდრე ეს გაცრეცილი ბერული ჩოხანი.
გოდოლების შესამუსვრელად გამოდგებოდნენ ეს მუხლმაგარი და მხარგრძელი გოლიათები.
ღვიოდნენ ღაჟღაჟა ლოყები, ბიბინებდნენ წამახული ულვაშები და ჭავლივით მღელვარე წვერები. მიდიოდნენ თავჩაქინდრულნი, მიალაჯებდნენ გრძელბაარკლიან ფეხებს. ქოსა და დაღრეკილი მამაკაცებიც ერიენ მათ შორის, თავწვრილა, კისერმოკლე, წვივგადრეკილი ჩია კაცები, დიაცური წრიპინა ხმა რომ გადაჰყვებათ ხოლმე ბალღობიდნ შუაკაცობაში, ჰერმესსა და აფროდიტეს შორის მარად მერყევთ.
ისეთნი, ვინც დიაცებს ჭირის დღესავით სძაგთ, რაკი მათი მკლავები ხმალს ვერ მოიქნევენ, ერქვანს ვერ გამართავენ, პურს ვერ მოიწევენ, ჰოროლს ვერ სცემენ, მტერს ვერ შეუტევენ რისხვით.
ბუნებით ცვედანნი, სახითა ქოსანი, სიყრმეშივე დაბერებულნი, ხოლო სიბერეში ყრმასავით ცუნდრუკა.
არსაკიძე ზიზღით შესცქეროდა ამ ზლაზვნია, წლაწვნია, წრიპინა, მკერდჩავარდნილსა და თეძოგანიერ ქალაჩუნებს.
ბოლოს ამ ლაშქარს უკან მიჰყვებოდნენ ყრმანი ჭაბუკთაგანნი, უწვერულნი, ფერგამკრთალნი, კისერგრძელნი და პირმშვენიერნი, წარბმოხატულნი, მკერდგანიერნი და ახოვანნი.
მათაც დაამშვენებდა უთუოდ ჯიშიან, მაღალ ცხენებზე ჯდომა და გამართული ჰოროლებით იერიშების მიტანა. სულ პაწია ბიჭუნებიც ერიენ მათ შორის, ხშირკულულიანნი, თმახუჭუჭა და ლელივით წვრილნი, ცვილისფერი იერი გადაჰკრავდა მოყვითალო სახეებს.
არსაკიძე სათითაოდ აკვირდებოდა მათ, ცვილის, გუნდრუკის და ბნელი სენაკების დახშული სუნი ასდიოდა ამ ჭაბუკების ჩოხებსაც.
\\\”ქრისტეს მიერ გლახაკნი!\\\”
გახმიანდა ოსტატის გულში ხმამაღალი ფიქრი, შეძრწუნდა ანაზდად. თითქოს ჯერაც არ ენახა მას ბერების მთელი ლეგიონები უფლისციხესა, ტრაპეზუნდსა და ბიზანტიონში. მისწყდა მათი ლანჩების ერთობლივი ტკაპუნი და ერთბაშად ცხენების თქარუნი მოესმა არსაკიძეს.
მთიდან მოჰყავდათ მწყემსებს გიორგი მეფის ცხენების რემა. ფეხშიშველა მონები ისხდნენ უბელო ჭაკებზე, ბირკათი ფაფარდახუნძლული ულაყები ორ-ორ კაცს მოჰყავდათ საბელით.
ჭიხვინებდნენ საომარი ულაყები, დუჟმორეულნი ღეჭავდნენ ლაგამს, მათ ხვიხვინში ისმოდა უცნაური ძახილი სქესისა…
მოკვინტრიშებდნენ თაფლისფერი კვიცები, ცეკვით მოსდევდნენ მუცელდაბერილ ჭაკებს.
გამოექცა მგლისფერი აჯილღა ორ ვაჟკაცს, აყიროსავით გადააგდო ერთი მათგანი მტვერში, უკანა ფეხებზე ზეაღიმართა, ტორები შემოჰხვია ჩალისფერ ფაშატს, რომელიც თოკით მიჰყავდა მელოტ ბერიკაცს.
ფაშატი შეტოკდა, როგორც მარტოხე გრიგალისაგან შეშფოთებული, მაგრამ მოხუცს შეებრალა მშვენიერი ულაყი, გააკავა ჭაკი და აცალა გაგრილება გამიჯნურებულს (ალბათ სიჭაბუკე გაახსენდა თავისი).
ერთობლივი ჭიხვინი ასტეხეს საომარმა ულაყებმა და იაბოებმა, შურით აღვსილი ეროსი ფაფარში მისწვდენოდა ცხენების რემას.
ახლა კამეჩის ურმებმა აამტუტეს გზა.
წყვილ-წყვილად მოედინეოდნენ ქედმოდრეკილი კამეჩები. მოაჭრიალებდნენ ნაბდებით გადახურულ ურმებს, ნაღვლიანად ქშინავდნენ ბეჰემოტების უკანასკნელი ნაშიერნი, ურმით მოასვენებენო ციხე-ქალაქში ღამეს…
\\\”მხოლოდ მოცლილებს ემარჯვებათ გამიჯნურება!\\\”
ეს გაიფიქრა არსაკიძემ და უკლო ნაბიჯს.
ხურსისეულ სასახლესთან მისულმა უკან მოიხედა, ორიოდე ლანდი ღიმღამობდა მოსახვევებთან.
მათაც აცალა ჩავლა და ხილნარში შევიდა ანაზდად.
მღელვარებით აღვსილმა მოათავა კიბის ხარისხები. რა უბრალოდ შეუვლია კოლონკელიძიანთ ოჯახში უწინ!
თავათაც აოცებდა ეს მღელვარება ახლა.
დიდი დარბაზი ღია იყო ჯერაც. ორიოდე ჭაღი ლიცლიცებდა შიგ. ზედ კარის ზღურბლთან დამჯდარიყო მხევალი ხათუთაი. ჩხირებგაყრილი წინდა გავარდნოდა ხელიდან.
მიესალმა არსაკიძე დედაკაცს. ხმა არ გაუღია სამაგიერო დამხვდურს. თვალებში ჩაჰხედა დიაცს, მიცვალებულს მიაგავდა მძინარე. დარბაზში შესულმა დაახველა ნელა, არც აქ შეჰგებებია ვინმე. ქორბუდიანი ირმსთავები ეკიდა კედლებზე. რაღაც უცნაურ სევდას დაევანებინა ჩაშავებულ, ჩამქრალ თვალებში.
რკინის ჩაბალახი შენიშნა კაჩხებზე, სამფარეშოსანი თორები, ქეიბურნი და მშვილდები ირგვლივ.
ფრთხილად გაიარა გაუხსნელი ზანდუკებისა და ვაშკარანების გვერდით, უკანა კარი ოდნავ იყო გამოღებული.
ზედ ზღურბლთან შეჩერდა სტუმარი.
უნებლიედ შეიჭვრიტა მცირე დარბაზში. აქ კი მოულოდნელ სანახაობას წააწყდა თვალი.
შვიდი ხევისბერი მოსხდომოდა ტაბლას, ფხოვური იაფუხები ეყარა ზედ. სათითაოდ შეიცნო არსაკიძემ ფხოველნხი: მუროჩი ქალუნდაური, მამუკა ბალაჩაური, მარტია ბაღათაური, ზეზვაი მისურაული, ბერდია ბებურაული, უშიშა ღუდუშაური და შიოლა აფხანაური.
სუფრის თავში გურანდუხტი შენიშნა არსაკიძემ.
ისხდნენ წვერგაბურძგვნილი, რკინისჩაბალახიანი ხევისბერები, ჭაღების ლიცლიცზე კაშკაშებდნენ ხოჭოსფერი თორნი. თავჩაქინდრულნი უსმენდნენ შორენას.
\\\”…დიაცი ვარ, მაგრამ მამაჩემის თვალების დაწვას მაინც არ შევარჩენ მეფე გიორგის. უჩემოდ ნუ დაიწყეთ ამბოხს. წყაროსთვალის წმ. გიორგის ხატობაზე კვეტარში გავჩნდები. მამისეულ თორს გადავიცვამ, მის მუზარადს დავიხურავ, მის ხმალს შევირტყამ, მის საომარ ცხენზე შევჯდები, ლაშქარს გავუძღვები წითელის დროშით. მაშინ გამოჩნდება ქუდოსანთა სიმამაცე, ფხოველნო!
ჩემი ბედი, თავადიციხე რომ არ დაარღვია მეფე გიორგიმ კვეტარში. საბრძოლო გოდოლები მოათავეთ როგორმე.
მამაჩემის ბრალი ეს იყო: ფხოვში შემოსვლა რომ აცალა ზვიადის ლაშქარს. მეფე ციხეში შეიპატიჟა, ზვიადის მოსვლამდის არ დასთხარა თვალები.
ამიერიდან არ გავიმეოროთო ასეთი შეცდომა, ფხოველნო, გუდამაყარში შევეგებოთ ზვიადის ჯარებს\\\”.
წამოდგა უხუცესი, მუროჩი ქალუნდაური.
მამამზემ და ტოხაისძემ დაგვაღალატაო იმჯერად. პირობა ქონდათო, გუდამაყარში შებმოდნენ ზვიადს.
ესა სთქვა ქალუნდაურმა და არსაკიძე შეშფოთდა ანაზდად.
ხედავდა: ცუდ საქმეში აბამდნენ შორენას.
ვეღარ მოითმინა, კარი შეაღო და დარბაზში შევიდა ჯიქურად.
წამოცვივდნენ თორიანი ხევისბერები.
ცხვრის სუნი ეცა არსაკიძეს, ერბოს სუნში აღრეული ცხვრის სუნი.
მიუალერსა მუროჩი ქალუნდაურმა არსაკიძეს, მარჯვენა მკერდზე აკოცა მანაც.
გამოჰკითხავდა ჯანმრთელობის ამბავსა, ცოლ-შვილს თუ მოეკიდე, ან მცხეთაში რას აკეთებო?
გურანდუხტი აიმღვრა, მაგრამ მაინც ტკბილად შეეგება სტუმარს.
წამუყო მოახლეს, იაფუხი და ხინკალი მოატანინა მყისვე.
მერმე ადგა, დიდ დარბაზში გავიდა. ღია კარიდან ესმოდა არსაკიძეს, თუ როგორ დატუქსა ერისთავის ცოლმა მხევალი ხათუთაი.
თუ სტუმრების მოსვლას არ გვაუწყებ რად დაგსვესო კარის ალაგზე?
ხინკალმა და ხევისბერებმა ფხოვი მოაგონა არსაკიძეს, კოლონკელიძის ციხეში გატარებული ბედნიერი საღამოები.
გვერდით მიუჯდა შორენა უტას.
\\\”შენი დაშავების ამბავი გუშინწინ გავიგეთ მხოლოდ, ვარდისახარი ასე გვიამბობდა: კლარჯეთს წარგზავნაო კათალიკოსმა. გუშინ უნდა გამომეარა რატისეულ სასახლეში შენთან. მოულოდნელად გვეწვიენ ხევისბერები ჩვენი\\\”.
ახლა მარტია ბაღათაური მოუჩოჩდა არსაკიძეს.
დედაშენი ვნახეო გასულ კვირას, ხატობას. წვერის ანგელოზთან მოეყვანა საკლავი, აწირვინაო მამაშენის სულის სალხენად ხუცს.
ბაგის კოცნით მოგიკითხაო დედამ, დღედაღამ გავედრებსო ფუძის ანგელოსს, გმირსა კოპალეს კარატისისას და ფიწალეს ლაშქართ წინამღოლს.
შემოგევედაო დედა, როგორმე დაეთხოვე იმ ურჯულო მეფე გიორგის, თუნდაც ერთხელ ინახულეო დედა.
ნავახშმევს სამმა ჭაღიანმა დიაცმა დასაძინებლად გააცილა ხევისბერები.
მოროჩი ქალუნდაურმა არ ინდომა ჯერ მოსვენება. მაინც არ მეკარებაო ძილი. გურანდუხტს მიუჯდა და დაიწყეს ჩურჩული.
შორენა ალერსიანად ეტიტინებოდა არსაკიძეს. წარამარა ახსენებდა მის ლაზურ სახელს, ეფერებოდა, ეხუტეოდა უტას. როცა მისი ავადობის მიზეზი გაიგო, ჰქირდავდა კიდევაც ნაძმობს:
\\\”ვერ ყოფილხარ ვაჟკაცი, უტა, ოთხი კაცის ტვირთმა როგორ მოგწყვიტა წელი? შენ ისეთი ლომკაცი მეგონე, მტრის ლაშქარს შეებმის-მეთქი მარტოკა\\\”.
სულ ახლოს მიჰქონდა ვაჟის სახესთან პირი. ღელავდა არსაკიძე, როცა მისი სანუკველი სუნთქვა ეალერსებოდა ღაწვებზე.
მალე ხევისბერი ქალუნდაურიც გაიყვანეს მცირე დარბაზიდან გურანდუხტმა და ორმა მოახლემ, შორენამ მხარზე ხელი დაიდო არსაკიძეს. ყურის ბიბილოსთან მიუტანა პირი:
\\\”იცი, უტა, ვარდისახარი ფხოვს აპირეს ხატობაზე წასვლას. პირიმზისაც თან მიჰყავს, ჩვენი მხევალი. გაპარვას აპირებენ ღამით\\\”.
ესა სთქვა შორენამ, გამომცდელი მზერით მიაშტერდა არსაკიძეს.
უხიაგად მოიღუშა ლაზი. დუმილით ამცნო: არად ვაგდებო ვარდისახარის მისვლა-მოსვლას ამიერიდან.
ლოყა დააყრდნო ხელისგულზე შორენამ, ნაღვლიანად ეუბნება არსაკიძეს:
\\\”იცი, უტა, მე ძლიერ მენატრეა კვეტარში ჩასვლა. ერთხელ მაინც მაჩვენა ბედშავი მამაი, ჩვენი ციხის ჩარდახიდან დამანახვა ფხოვეთის მთები…\\\”
კიდევ უნდოდა რაღაც ეთქვა შორენას და სწორედ ამ დოს შემობრუნდა გურანდუხტი დარბაზში.
ლაზისტანის ზღვა ელავდა შორენას ზღვისფერ თვალებში, ისეთი სიყვითლე გადასდიოდა თავთუხისფერ კულულებს, როგორიც ახლად გამოჩეკილ ხოხბის ლაპებს გადაჰკრავს ხოლმე.
ცხვრის სუნი, ერბოს სუნი დაეყენებინათ ხევისბერის ტყაპუჭებს დარბაზში, მაგრამ არსაკიძის სათუთ ყნოსვას მაინც წვდებოდა სანატრელი დიაცის თმის სუნი.
როცა ორმა ჭაღიანმა მხევალმა ხურსისეულ სასახლის ჭიშკართან მიაცილეს არსაკიძე, ვარსკვლავებით მოოჭვილ ცარგვალს აჰხედა ოსტატმა და მის გულში გახმიანდა გოლეულივით ტკბილი და მათრობელა სიტყვები:
\\\”ვითარცა სურინ ირემსა წყაროს მიმართ წყალთასა, ეგრე სურინ სულსა ჩემსა შენდამი…\\\”
შუაღამე გადასულიყო უკვე, როცა რატისეულ სასახლეში მიბრუნდა სევდისაგან გაოგნებული.
ბუს მართვეები იძახოდნენ მუხოვანში სადღაც.
ვაჟკაცურად ებრძოდა წიწამურის ველზე მამალი ხოხობი ღამეს…

XXXV

მარიამ დედოფალი ბიზანტიონს წასასვლელად ემზადებოდა, ამიტომაც აფხაზეთს გაემგზავრა სულიწმინდის მოფენის დღეს.
გირშელის ნიშნობა წინა კვირას შესდგა. ქორწილს აჭიანურებდა გურანდუხტი რატომღაც.
ხან ამას მოიმიზეზებდა: შორენას მზითევს მოველიო კვეტარიდან, ხანაც თავის ძმას უცდიდა დაჩის, ცოტა-ერისთავს ცხრატბისას.
გიორგის ნანახი ჰქონდა შორენას მზითევი, მაგრამ ასე ვარაუდობდა მეფე: ალბათ სხვა საჭურჭლენიც ექნებაო ერისთავის ქალს გადამალული ფხოვში.
თავათ არ სწუხდა მაინცდამაინც გიორგი, გირშელის ქორწინება რომ გადასდეს შემოდგომის მიწურულისთვის. პირიქით, ეს უნდოდა მეფეს: დედოფლის ბიზანტიონს წასვლამდი არ შემდგარიყო როგორმე იგი. მცირე იმედი ჭიატობდა სადღაც. ხანაც ყოველივე წაგებულად ეჩვენებოდა წინასწარ.
ეს შემოდგომა არც ისე შორს იყო.
მერმე?.
მერმე იწყებოდა საშინელი და გადაუხიდავი უფსკრული. ფიქრიც უმძიმდა ამის გამო… თრიაქის წევასა და ღვინის სმას უმატა, უცნაურად გამოიცვალა, ნადირობასა და ქეიფს მიეძალა ბოლოჟამს. ომის მონატრული იყო მეფე.
ისეთი ომი ატეხილიყო სარკინოზებთან, ან ბერძნებთან, ერთად დაღუპულიყვნენ თუნდაც გირშელი და გიორგი, ისე, როგორც დაუღვლილ კამეჩებს მოაშთობს ხოლმე დიდროაის ჟამს არაგვი.
როცა გირშელი მცხეთაში იყო, გიორგი ყოველ წუთს უთვალთვალებდა მას, განსაკუთრებით საღამოობით არ აშორებდა თვალს, უცილოდ უნდა სცოდნოდა, თუ სად იყო ყველისციხის პატრონი ამ დროს?
ერთი რამ იყო სანუგეშო მხოლოდ: თავათ შორენა გულგრილად ეკიდებოდა თავის საქმროს, გაცილებით უფრო ტფილად ეპყრობოდა გიორგის, ამიტომაც მოუხშირა წვეულებებს, ნადიმობასა და ნადირობას მეფემ.
არც გურანდუხტი ანებებდა დანიშნულებს პირისპირ შეყრას და ეს ამბავი განუსაზღვრელად ახარებდა გამიჯნურებულ მეფეს.
თიბათვის პირველს გირშელი ყველისციხეში იხმეს საერისთავოს საქმეების მოსაგვარებლად.
ორი კვირაც ვეღარ მოითმინა სასიძომ და კვლავ ჩამობრუნდა მცხეთაში.
სწორედ იმ საღამოს, როცა ყველისციხის პატრონი კვლავ ეწვია მეფეს, ზვიად სპასალარი დაუბარებლად გამოცხადდა სასახლეში.
უცნაურად აღელდა გიორგი, როცა ზვიადის ტლანქი ნაბიჯები შემოესმა დიდ დარბაზში მარტო მჯდომარეს.
მსახურთუხუცესი შემოჰყვა სპასალარს, სელი მიაწოდა სტუმარს. მოუთმენლად წამოდგა ზვიადი, მისთვის უჩვევი მღელვარებით მოახსენა გაფითრებულ მეფეს:
მსტოვარებს უსიამო ამბავი მოეტანათ ფხოვიდან. კვეტარის საბრძოლო გოდოლების კვლავ აგებას შესდგომიანო ხევისბერები. თვალდამწვარი კოლონკელიძე ვერაფერს ხედავს, მაგრამ ისე იქცევა თურმე, სმენაც წართმევიაო ვითომდაც.
\\\”კოლონკელიძე წაჰკიდებია მოღალატე მამამზე ერისთავს, – განაგრძო სპასალარმა, – კიდევაც რომ აჯანყდნენ ფხოველნი, მამამზე და ტოხაისძე არ მიეშველებიან ერისთავს, არა, დიდონი და ღალღაიც გადასდგომიან, მეფევ ბატონო, კოლონკელიძეს.
გაზაფხულზე თავს დასხმიან საერთო ჯარით, საცხოვარი და ხვასტაგი წაუსხამთ კიდევაც.
ერთი უსიამო ამბავიც საჭოჭმანოა ოდნავ: შემოდგომის დამლევს მამამზის ქალი, კატაი, უნდა შეირთოს სახლთუხუცესმა ტოხაისძემ თურმე\\\”.
კარგად იცნობდა მეფე გიორგი თალგვა კოლონკელიძეს, თუმცა ცოლ-შვილი მცხეთაში ჰყავდა მძევლად, მაგრამ თავაწყვეტილი ერისთავი უდიდესი განსაცდელის წინაშეც უკან არ დაიხევდა, თუ შურისგების საქმე ამას მოითხოვდა მისგან.
როცა ზვიადმა მოხსენება დაასრულა, მეფე სახეზე მიაჩერდა სპასალარს და ეუბნება:
\\\”მერმე?\\\”
\\\”მერმე შენი ბრძანებაც თუ იქნება, მე აგრე მგონია, მეფევ ბატონო, ლაშქარი უნდა წარვგზავნოთ დაუყოვნებლივ ფხოვს, კოლონკელიძე უნდა შევიპყრათ ახლავე. თავი მოვკვეთოთ მოღალატეს, სანამ მამამზე ერისთავსა და დიდოელებს შეირიგებდეს, არა?\\\”
მეფე თავჩაქინდრული იჯდა და სდუმდა.
ზვიადმა ეს დუმილი თანხმობის ნიშნად მიიჩნია და განაგრძო უფრო თამამად:
\\\”ახალი ამბოხის თავკაცებიც ახლავე შევიპყრათ, შვიდივე ხევისბერი, არა?….\\\”
მუროჩი ქალუნდაური, მამუკა ბალაშაური, მარტია ბაღათაური, ზეზვაი მისურაული, ბერდია ბებურაული, უშიშა ღუდუშაური და შიოლა აფხანაური\\\”.
ამათაც დავაყრევინოთო დაუყოვნებლივ თავები, ესეც უნდა განეცხადებინა სპასალარს, მაგრამ როცა ხევისბერების ჩამოთვლა მოათავა, გიორგის თავი არ აუღია, ზედაც არ შეუხედავს მისთვის, იჯდა და მდუმარებდა კვლავ…
და მაშინ მიხვდა ზვიადი, თანხმობის ნიშანს რომ არ მოასწავებდა დუმილი მეფისა.
გააოცა და შეაძრწუნა ამ ამბავმა გიორგი.
ომიო?
ომი დიახაც ენატრებოდა, მაგრამ არა შინაური, არამედ გარეშე მტერთან, შინაური ომები სძაგდა ჟამის დღესავით მეფეს.
გარდა ამისა, იგიც იცოდა: შორენა დიდად გამბედავი და თავნება დიაცი იყო, დაბრმავებულ ერისთავის დალაშქვრა თუ საჭირო შეიქმნებოდა, ვინ იცის, რას მოიმოქმედედა თვალებდამწვარი მამის მხოლოდშობილი ქალი?!!
გირშელის ჯვარისწერა საერთოდ არ შესდგებოდა, ალბათ. ეს არ აწუხებდა გიორგის. მთავარი ის იყო, ომის ატეხამდის ერისთავის ქალი კვლავ ღართისკარის ციხეში უნდა დაემწყვდიათ უცილოდ.
ესეც იყო, ზვიად სპასალარის სიფრთხილე მუდამ გადაჭარბებულად ეჩვენებოდა მეფეს. არც მსტოვარების ნაუწყები მართლდებოდა ყოველთვის.
იცოდა: გადაჭარბებულ სიფრთხილეს თან რომ სდევენ მოჩვენებანი.
ამას ეტყოდა ხოლმე ზვიადს:
შენმა მსტოვარებმა თუ მუდამ მართალი სთქვეს, შიმშილისაგან ამოსწყდებიანო უცილოდ.
ბოლოს თავი აიღო გიორგიმ. სპასალარი დაითხოვა. ასე უთხრა: ხვალ გეტყვიო პასუხს.
გუნებაში ასე გადასწყვიტა: თავათ წასულიყო უჯაროდ, უამალოდ ფხოვს, როგორც მონადირე და მოქეიფე ვინმე რაინდი.
თავათ შეემოწმებინა ეს ყოველივე, რათა უსაზმნოდ არ დაღვრილიყო სისხლი.
მხოლოდ ერთი რამ აბრკოლებდა ამ საქმეს: არ უნდოდა გირშელი მარტო დაეტოვებინა მცხეთაში. გულცივად ექცეოდა თავის საქმროს შორენა, მაგრამ ვინ იცის, ხვალ ან ზეგ რა მოხდებოდა მათ შორის?!
კანონად ჰქონდა მიჩნეული მეფე გიორგის: მსტოვარებსა და დიაცებს ნურვინ ენდობაო ბოლომდის.
იმ ღამესვე გაუზიარა ეს ამბავი გირშელს, წასვლას ვაპირებ, მაგრამ როგორ დაგტოვოო სტუმარი მარტო?
გირშელიც განსაცდელის მოყვარული იყო ბუნებით, მუდამ საფრთხე ენატრებოდა რაინდს.
ეგეც ეწადა ერისთავს, თავისი მომავალი ცოლოური ენახა, თანაც ჯიხვებზედაც წაინადირებდნენ გზადაგზა, ხატობაში წაიქეიფებდნენ სადმე.
ერთ დარბაზში მოთავსდნენ ყმაწვილებივით იმ ღამეს, ისევ იგონებდნენ სიყრმეს, იცინოდნენ, ხუმრობდნენ საწოლში. იმ ღამესვე გადაწყდა: იდუმალად გაპარულიყვნენ მცხეთიდან, ზვიადის მეტს არავის სცოდნოდა ფხოვს წასვლის ამბავი.
ძველმანები თან წაეღოთ მრავალნაირი, წვერი ინით შეეღებათ, არავითარი ამალა არ წარეტანათ თან, ეს ყოველივე მართლაც ყმაწვილურ ხალისს ჰგვრიდა ამ იდუმალი მოგზაურობის გმირებს.
მხოლოდ ორი მხლებელი გააფრთხილეს, მალემსრბოლი უშიშარაისძე პიპა და კოხრიჭისძე გაბოი, ძველი მეჯინიბე.
აფხაზური სატალახო ცხენებით უნდა ემგზავრათ, რადგან არაბული ან თექური ულაყები არ გამოდგებოდა მთაში.

* * *

უთენია გავიდა ოთხი გადაცმული მხედარი მცხეთიდან. რკინის ჩაბალახები ეხურათ თავზე, ჟანგისფერი თორნი ზედ ეცვათ, ღარიბული თექანი მიჰქონდათ უნაგირების ტახტაზე მიკრულნი.
ლაღბობით დაიწყეს მგზავრობა: მეჯინიბე და მალემსრბოლი წინ გაუშვეს პირველად.
იცინოდა თავათ ახმახი გირშელი, მალებრბოლის უშიშარაისძის ანაგობის გამო.
ტანმორჩილ, სატალახო ცხენზე იჯდა ეს უზარმაზარი დევკაცი, თავზე ძველთაძველი ჩაფხუტი ეხურა (კურაპალატის ჟამინდელი), ნახმლევისაგან კიდეშელეწილი, ხელში ჰოროლი ეჭირა თოროსანს, ხოლო ფეხები თითქმის მუხლამდე უწევდა აფხაზურ ცხენს. (უკანიდან შეეხედა ვისმეს, თავათ გირშელიც ასეთი მოსჩანდა თავის ცხენზედაც).
\\\”გლახუნა, რა ჰქვია შენს მალემსრბოლს, მუდამ მავიწყდება მისი სახელი?\\\”
\\\”პიპა\\\” – ეუბნება გიორგი.
\\\”ამხელა კაცს ვინ დაარქვა პიპა?!\\\”
ხარხარებდა გირშელი.
\\\”მე დავარქვი სიყრმეში, ისე ბერძნული სახელი ჰქვია, ანაქსიმანდრეს, მცხეთის მიტროპოლიტს, მაქსიმეს მოუნათლავს მას ჟამსა შინა.
შენ კარგად იცი, მე ყველაფერი მეზიზღება ბიზანტიური\\\”.
ჯერ საფურცლეშიაც არ იყვნენ მისული, საშინელი ხვატი დააცხრა მიწას, მოფუყულნი სტიროდნენ იფნის, მურყანის და ტირიფის ფოთლები, ხვატისაგან დახეთქილ მიწაზე მიაჯირითებდნენ დასიცხული მხედრები გაღვარულ ცხენებს.
პიპამ ნეშო აკინძა, მუზარადზე წამოიცვა, გაბოი ხუმრობდა: დათვოულად გამოდგებაო ყანებში პიპა.
დასიცხული კამეჩეი ეყარნენ ჭალების ჭოჭში, ნაღვლიანად ყოყინებდნენ მხედრების დანახვისას. ენაგამოვარდნილი ჯოგის ძაღლები ფეხებში უცვიოდნენ ცხენებს, ღუღუნებდნენ განკერძოებულ მუხებში შეკუჟული ქედნები, დასაწყურვებლად მიიწევდნენ გზადაგზა ცხენები.
ცას აწყდებოდნენ საირაოზე გადმოსული ქორები, წრეებს ხაზავდნენ გაკრიალებულ ცარგვალზე, საწყალობლად ყიოდნენ ქორები, ცას შესტიროდნენ გადარუჯულ მიწის სიმძიმილს.
სურათზე ნახატივით მოსჩანდნენ ციხეების, ეკლესიების და ქვითკირების კონტურები უსაზღვრო სილურჯეში. ხვლიკები გადარბოდნენ გზებზე. ძერასფერ ქარაფების კიდეებს შეფარვით ეტმასნებოდნენ თავაწეული გველები. არაგვი მოხტოდა ლოდებზე. კლდეებს აწყდებოდა მდვრინავი ეხო.
არაგვის პირად დაისვენეს, ტიკი გახსნა გაბოიმ, წაიხემსეს, თითო-ოროლა მოზვრის ყანწი დასცალეს. დასთქვეს: გუდამაყარს ვუწიოთ საღამოს, და განაგრძეს გზა.
ეკლესიამ იელვა მთაზე, მონასტრის თეთრი კედლები გამოჩნდა შორიდან.
სოფელშიაც არ იყვნენ შესული, ყანებიდან გამოვიდა ფეხშიმშველა მონაზვნების მთელი ლაშქარი. მოდიოდნენ შავადმოსილი, თავდაბურული დიაცები, მტვერში ამოსვრილი ძაძები ეცვათ.
\\\”როგორ უძლებენ ამ შავებში ამნაირ ხვატს?\\\”
ეუბნება გირშელი გიორგის.
\\\”სიცხეს დიაცი უფრო იტანს\\\”.
მიუგო გიორგიმ.
მეწინავე მონაზონს თეთრ ტილოში გახვეული თიხის ლაზარე მიჰქონდა. ფქვილის ტომრებსა და თეთრ ტოპრაკებს მიათრევდნენ სხვანი. მიდიოდნენ ფეხშიშველა მონაზვნები, გალობდნენ:
ლაზარე მოდგა კარსა,
აბრიალებს თვალსა…
გიორგი და გირშელი მხარმარცხნით მიჰყვებოდნენ გზას, იდუმალ უჭვრეტდნენ მონაზვნებს. გადაიხარა გირშელი ცხენიდან, უჩურჩულა გიორგის:
\\\”არაფერი ისე შემზარავი არაა ამქვეყნად, როგორც მახინჯი დიაცები ერთად შეყრილნი. როგორი მოდრეკილი, კუკუმოქცემული, დაღრეჯილი ანაგობა აქვთ ამ საცოდავებს!\\\”
მართლაც საშინელი ფიგურები მიფორთხავდნენ მტვერში.
თოჯინებსავით გამოჩორგვილნი, თეძოდაშლილნი, ფეხმოქცეულნი, მენჯბრტყელნი და თავწვრილა, მხარგანიერნი, გრძელწელიანნი, მოკლეფეხება, დათვოულის ძელივით აყლაყუდანი ზოგნიც.
\\\”ლამაზებიც არიან შიგადაშიგ, – ეუბნება ხმადაბლა ყველისციხის პატრონს გიორგი, – აბა დააკვირდი ქარაფის პირად მიმავალთ, აშოლტილი გოგონებია ისინი, მე დავინახე ჯერ კიდევ მაშინ, როცა მთავარ გზაზე გადმოუხვიეს\\\”.
ცხენები ააჩქარეს, გაუსწორდნენ მეწინავეთა. შეფარვით უჭვრეტდნენ ეს დიაცები თოროსან რაინდებს, შესწითლებოდათ დასიცხული ლოყები.
თავსაფრებიდან ელავდნენ ნაღვლიანი, ღამეზე უშავესი თვალები. სხვანიც შენიშნა გირშელმა: ქერათმიანი, თეთრყირმიზა დიაცები, ოდნავ ჭორფლიანი, მკერდსავსენი და თეძოსავსენი, სწორბარკლიანი, დროშის ტარივით აშოლტილი დედაკაცები.
უთვალთვალებდნენ დასიცხული მეფე და ერისთავი სიმრგვალისა და სირბილის ტოკვას ძაძით შეფარვულს, განიერი თეძოების რყევას. მტრედის ხუნდივით პაწია და თეთრი ფეხები მიტოპავდნენ მტვერში…
გიორგი კვლავ გადმოიხარა ცხენიდან, გირშელს ეუბნება ჩურჩულით:
\\\”ვინ დასწყევლა ეს მშვენიერი დიაცები, მუდამ მგლოვიარენი იყვნენ, ჭკნობას შეუნახონ მშვენება, რათა ერთ დღეს მოვიდეს სიკვდილი და ისე მოიმკას ისინი, რომ ერთხელ მაინც არავინ იგემოს მათი მშვენიერი სხეულის სიმწიფე!\\\”
\\\”იცი, გლახუნა, სარკინოზების ქვეყანაში უზომოდ მახელებდა ჩადრიანი დიაცების მზერა, როგორც ენკენისთვის მიწურულში თეთრ ყურძენს ამოდ შეაყვითლებს ხოლმე მზვარე, ისე ამშვენებს მუსლიმთა ქვეყანაში ჩადრის ჩრდილი დიაცის სახეს.
მუდამ მახელებდა ეს უცნაური სიყვითლე, ჩადროსნების ღაწვზე დაჭერილი შეფარვით.
მაჰმადიანი დიაცებიც კარგი ბოზებია ზოგნი, მიდიხარ ხანდახან ქუჩაბანდში, მწუხრისას, ზღვაური აფრიალებს კაბებსა და ჩადრებს. ჩამოგიქროლებს ჩადროსანი პირშებურვილი, თუ მოეწონე, წაეხმარება ნიავს, ხელს აჰკრავს უცაბედად ჩადრს და გაჩვენებს ირანულ ვარდზე უტურფესს პირს.
მე იმ ვარდს ვგულისხმობ, გლახუნა, ეკბატანას ბაღში რომ ჰყვავის ხოლმე სულ პირველად, ვარდობის თვეში.
წითელი არ გეგონოს იგი, არამედ ძველთუძველესი სპილოსძვლისფერისა, შენ რომ სკიპტრა მაჩვფნე ერთხელ, ბაგრატეული, სწორედ იმ ფერისა, გლახუნა, გესმის?
სწორედ იმ ფერის დიაცები მიყვარს, გლახუნავ, მე, ჩადრის ჩრდილში შენახული, იშვიათად, სავსებით იშვიათად თვალნაკრავი, გესმის?\\\”
\\\”მოკლედა სთქვი, გირშელ, სიმოკლე ამშვენებს ხანდახან სათქმელს, შენს საცოლეს რომა აქვს, კოლონკელიძის ქალს, სწორედ ისეთი, არა?\\\”
თავი დაუქნია გირშელმა ცბიერად მომღიმარე გიორგის და დეზი ჰკრა ცხენს, რადგან ბოგირზე გადასვლისას გაოჩნდა იგი.
აღმართი მოათავეს, მონაზვნებმა მარჯვნით გადაუხვიეს, ჭილყვავივით შეესიენ ისინი კალმუხის ქუდივით აწოწილ გორაკს.
დაღმართიდან ოციოდე თოროსანი რაინდი ამოდიოდა, როცა ოთხ მხედარს გაუსწორდნენ, შესძახეს:
ვინა ხართო?
გიორგი მეფის ყმანი ვართო.
შეაგებეს ოთხთა.
დაქვეითდნენ მხედრები, პატივითა ხილვა მოუწყვეს, ოთხივენი გადაკოცნეს და გაუდგნენ მცხეთისკენ გზას.
გიორგიმ განაგრძო გირშელის მიერ შეწყვეტილი საუბარი.
\\\”თუ შენ ჩადრის ჩრდილში დამშვენებულნი აგრე გყვარებია, არც ის ბეხრეკა ფარსმანი ყოფილა უჯილაგო\\\”.
\\\”მერმე შენ რა ჰქენი, გლახუნავ?\\\”
\\\”რა და ფარსმანი სადედო მონასტერს შეეჩვია მცხეთისას, ულამაზეს გოგონებს ახადა ნამუსი. შარვაშიძის ქალს ნაბიჭვარი გაუკეთა, მონათა შვილებს ნუღარ იკითხავ, ბოლოს ფანასკერტელის ქალი მოიგდო ერთი, სწორედ მასაც ჰქონდა ძველი, ძველი სპილოსძვლისფერი ღაწვები. შენ რომ გყვარებია, სწორედ ისეთი, გირშელ\\\”.
\\\”მერმე?\\\” ეკითხება მსუნაგი გირშელი.
\\\”მერმე და ბისტი… შენ რა გგონია, ჩვენი კანონები მხოლოდ სულელებისთვისაა დაწერილი, ჩემო გირშელ. ჭკვიანები ისე აჭახრაკებენ თავიანთ დანაშაულს, მათ მაგივრად სულელები გაებმებიან ხოლმე მახეში.
მელქისედეკ კათალიკოსი კალიასავით ახტა და დახტა, უსასტიკესად დასჯა მოითხოვა მისი\\\”.
მეფე გაუჯავრდა ცხენს, გირშელმა ვეღარ მოითმინა და ისევ იკითხა:
\\\”მერმე შენ რა ჰქენი, გლახუნავ?\\\”
\\\”მე რა უნდა მექნა? ფარსმან სპარსი ციხეთა მშენებელია საუკეთესო მთელს აღმოსავლეთში, ვიღაც ფანასკერტელის გომბიოსთვის ხომ არ მოვსჭრიდი თავს?
დავაჯილდოვეთ პირიქით ამისთვის, ზვიად სპასალარი შემომიჩნდა: ფარსმანმა ზოგი რამ საიდუმლო იცის ჩვენი, ეს უნდა დავტყუოთო, ამიტომაც შევრთეთ, შენ რომ იცოდე ვინ?…\\\”
გირშელმა ცხენი შეაყენა.
ვინაო?
იკითხა.
\\\”ვინ და ვარდისახარი, შენი საცოლეს, შორენას, პირისფარეში.
შენი მსუნაგობის ამბავი ვიცი, ეს დიაცი რომ ნახო, შესაძლოა ქორწილი მეორე შემოდგომამდის გადასდო კიდევაც\\\”.
გირშელი დაინტერესდა, გაუღიმა გიორგის, მერმე ყმაწვილურად, ქარაფშუტულად ეკითხება მეფეს:
\\\”სადაა მერმე ის დიაცი ახლა? შენ ხომ იცი, ბებრის ცოლი ფრიად ტკბილია\\\”.
\\\”მაგის ჟინი მეცა მჭირს, გირშელ, თუ სადმე მოვახელე, შენს წყალობას არ მოვუცდი, იცოდე\\\”.
გიორგიმ ცხენი შეაყენა, რადგან უშიშარაისძე და კოხრიჭისძე აღარსად სჩანდნენ.
აზღვავებული ხალხი შესეოდა ყანებს. დროშები და ხუცები მიუძღოდნენ ბრბოებს.
მდინარეებში საბანაოდ მიჰქონდათ ხატები.
ფეხშიშველა დიაცები გალობდნენ ლაზარეს, ორღობეებში ბიჭები წყლით წუმპავდნენ გოგოებს. ტკარცალებდნენ გაქცეული დიაცები.
გიორგიმ ერთ ხილნარში გადაიხედა:
\\\”ფშატი აყვავებულა ამ სოფელში, გირშელ, გოგოები ახურვებულან მიტომაც\\\”.
ეუბნება ყველისციხის პატრონს.
სიცხისაგან შეჭარხლული გირშელი გაოგნებული იჯდა უნაგირზე, მაინც უთვალთვალებდა ფეხშიშველა დიაცებს. განზრახ ჩამორჩებოდნენ მეფე და ერისთავი მხლებლებს, სტკბებოდნენ მრუში ამბების მოყოლითა და ბილწსიტყვაობით.
ქუშამომჯდარი ხვნეშოდა აფხაზური ცხენი გირშელის გოლიათური სხეულის ზიდვისაგან.
ციხე-სოფელში შევიდნენ უკვე. სახედრები ღრიალებდნენ ქედზე გადმომდგარნი, კოკებით დატვირთულებს მოაჯირითებდნენ სხვათა, მიწამდი უწევდნენ ფეხებს ვირზე გადამჯდარი ვირგლა ბიჭები.

XXXVI

ძელსა ჰკრეს თეთრგუმბათიან ეკლესიაში. შურისდარ ბილიკებიდან ბღავილით დაიძრნენ ცხვრის ფარები, მღვრიე ტალღასავით შეესხნენ მთის კალთებს, კოტრიალით, ცვიოდნენ ნეზვები და ვერძები წყალში.
ბღაოდნენ საძოვრებიდან მობრუნებული კუროები, ჭიხვინებდნენ მუცელდაბერილი ჭაკები, ფეხშიშველა დიაცები დაძრწოდნენ ორღობეებში, თიხის ლაზარე ეჭირათ ხელში, საწყალობლად გალობდნენ:
ლაზარე მოდგა კარსა,
აბრიალებს თვალსა…
ღმერთო, მოგვეც ტალახიო,
აღარ გვინდა გორახიო.
მდუმარედ ისხდნენ მოქანცული მხედრები გაღვარულ ცხენებზე, უთვალთვალებდნენ ფეხშიშველა დიაცების გათქვირულ ძუძუებსა და მზისგან დაბრაწულ, შიშველ წვივებს.
ენატრებოდათ სეფექალებისგან თავმობეზრეულებს ქარცემული ლოყების კოცნა, გომიჯივით მკვრივი ძუძუების სრესა…

* * *

შევიდოდნენ ხევში, გზირები დაუხვდებოდათ, გაივლიდნენ ხეობას, ციხეებიდან უყივლებდნენ. შემოერტყმოდნენ შუბოსნები გარს, დაზვერავდნენ, ჰკითხავდნენ: ვისნი ხართო?
გიორგი მეფის ყმანი ვართ, დიდოეთს მივდივართო ცხენების სასყიდლად.
ქრთამებს მიართმევდნენ ციხისთავებსა და ხევისთავებს და მიიწევდნენ ფხოვის მიწაზე წინ.
ცხენები ძლივს მიფოხრიკობდნენ შემრეცილ ბილიკებზე.
მთების ჩრდილები ტაფობებზე წვებოდნენ, ჰკიოდნენ ტურები, შემოღამებული არწივები ჰყიოდნენ მთებში. შავი არაგვის პირად ციხე იდგა ოთხგოდოლიანი.
კოხრიჭისძემ აიჩემა:
შევიპაროთო ციხეში, მეჯინიბეებს ვიცნობო იქაურს. გაგვათევინებენო როგორმე ღამეს.
არა ჰქნა გლახუნამ, სადმე ფიჭვნარში შევუცადოთო ცისკარს.
წიწვიანი ტყეები დაიწყო, ამოდ ქშუოდნენ ქარაფებიდან გადაკიდული ჩქერალები, სვავები დგებოდნენ უფსკრულებიდან, მთის მგელი ყმუოდა ხევში.
გზა აერიათ მხედრებს, რომელიღაც ხეობაში დაეკარგათ ბილიკი, გლახუნამ მოითხოვა: თორ-მუზარადი დავმალოთ, ჰოროლები ხელიდან გავაგდოთ, თორემ გაძნელდებაო ფხოვის მიწაზე მგზავრობა.
ავაზასფერი კლდეები გამოჩნდნენ გზიდან.
როცა გირშელმა და პიპამ ძველმანები გადაიცვეს, სიცილს არ იკავებდნენ გლახუნა და გაბოი, საფრთხობელას მიაგავდნენ ძონძებში გადაცმული მხედრები.
უკვე შეუძლებელი გახდა ცხენით სვლა, მოსართავები წარამარა უწყდებოდათ გირშელსა და პიპას.
დაქვეითდნენ, ხელით მიათრევდნენ ცხენებს.
გირშელის ტაიჭი სავსებით დავარდა. პიპა უკანიდან აწვებოდა და ასე მიჰყავდათ ორ ვაჟკაცს ერთი ცხენი.
დეკათი მოფენილ ტაფობს მიადგნენ ერთს, საწყალობლად წიოდნენ როჭოები ჩირგვებში.
ორიოდე როჭო ძლივს მოინადირეს.
ცეცხლი გააჩაღეს, მწვადები შეწვეს, გაბოს არაყი აღმოაჩნდა ტიკში.
სამი თოროსანი ფხოველი წამოადგათ თავზე.
მათაც ესა ჰკითხეს, რომელი სოფლისანი ხართ, რად მოსულხართო ფხოვს?
გლახუნამ სავსე ყანწი მიაწოდა სამთაგან უხუცესს.
\\\”შენ გეტყვი, ძია კაცო, ვინ განაგებს ამჟამად ფხოვს?\\\”
\\\”ერისთავი კოლონკელიძე\\\”.
\\\”ჰო, მაგრამ, აკი ბრმაა კოლონკელიძე?\\\”
ბრმაა, მაგრამ მაინც უკეთ ხედავს, ვიდრე იგი, ვინც თოლები დავსწვაო ერისთავს.
ვინ დასწვაო თოლები კოლონკელიძეს?
\\\”მაგ პირძაღლმა მეფე გიორგიმ\\\”.
ყველისციხის პატრონმა ძლივს შეიკავა ღიმილი. როჭოს კურტუმი დაითრია და ღოჯებით დაუწყო ღრღნა.
გაეცალნენ თუ არა ფხოველნი, ერისთავს ეუბნება გიორგი:
\\\”შენ გეტყვი, გირშელ, სხვა მეფეებიც ჩემსავით გადაცმულნი რომ ივლიდნენ, ქება არ მოაკლდებოდათ დილას და საღამოს\\\”.
ბილიკს შეუდგნენ ფიჭვნარში მიმავალს.
ცეცხლი დაანთეს აქაც. ცხენებს თოფრები გაუკეთეს, ქეჩები დააგეს მიწაზე.
მორიგეობით ეძინათ დაქანცულებს, მორიგეობით ყვინთავდნენ შუაღამემდის.
გუთანი გადავიდა ცაზე.
უცნაური ჩქამი გახმიანდა ტყეში, საშინელი ღნავილი ისმოდა ჩირგვებში, კატის კნავილის მინაგვარი ხმა.
გირშელმა ხმალი აიღო და შეუვარდა ბუჩქნარში ნადირს.
მცირე ხანს მისდევდა ღიჭიანში ლანდს, მერმე ფოსფორული ნათელის ელვა შენიშნა, შეუტია ხმლით, ისევ დადუმდა ტყე. ხელცარიელი გამობრუნდა და მიუჯდა ჩანაცრულ ცეცხლს.
\\\”რა მოგელანდა, გირშელ?\\\”
ეკითხება გლახუნა.
\\\”ავაზა იყო ვგონებ, ხვადები იბრძოდნენ ბნელში\\\”.
პიპა და გაბოც გამოფხიზლდნენ ავაზის ხსენებაზე. მიაყურეს, ახლა ხევში ისმოდა ჩხავილი, ისეთი, როგორიც ამძუვნებულ კატებს სჩვევიათ ხოლმე.
\\\”უსასტიკესი მხეცია ავაზა, – დაიწყო გირშელმა, – ხომ ყოველ ნადირს ეშინია ადამიანისა, როცა ეგვიპტიდან გამოვიქეცი, ვეფხი შეგვეფეთა ოაზისებში, არაბთა სოფელს შესჩვეოდა ერთს, შვიდმა იბერიელმა სამი ვეფხი მოვინადირეთ ერთ კვირას, ლომი რომ ლომია, იგიც არ შეუტევს უმიზეზოდ კაცს.
ავაზა მოსახლეობას თავს ესხმის ეგვიპტეში, განა თუ ღამით, დღისით, მზისით, გაიტაცებს ბალღებს და ძროხებს. ერთი ვიროსანი მოლაჰ დაჰგლიჯა ჰალებში\\\”.
\\\”ავაზა, ფხოვში?…\\\”
იკითხა გაბომ.
\\\”სწორედ ამ ჩალისფერ კლდეებს ირჩევს თავის სამყოფლოდ ავაზა, სწორედ ისეთ ქარაფებს, ტაფობის გვერდით
რომ ვნახეთ წეღან, დალეწილ კლდეებში დაიდებს ბუნაგს, თუ ბოკვერები ჰყავს აქ სადმე მახლობლად, გამოვეთხოვოთ ჩვენს ცხენებს ამაღამ.\\\”
\\\”როგორ, განა ცხენებსაც შეჰბედავს ავაზა?\\\”
იკითხა პიპამ.
\\\”ცხენებსაო? სპილოებს ახტებიან ხანდახან ქედზე. განსაკუთრებით ძუ ავაზაა საშიში, ცხოველთა შორის ძუ ავაზაა უმამაცესი\\\”.

* * *

რაც უფრო ღრმად შედიოდნენ ფხოვში, მით უფრო ძნელდებოდა მოგზაურობა, ყოველ მთის ცხვირთან ციხე უხვდებოდათ, ყოველი ხევის ყელთან – გზირები, უამრავი საფასი გასცეს ხევისთავების მოსაქრთამავად.
გზირებისა და მსტოვარების დაკითხვას ვეღარ აუდიოდნენ მხედრები.
დიდოეთს მიმავალ ცხენის ვაჭრებად თავის გასაღება უკვე სახიფათო იყო. გიორგი დარწმუნდა: დიდონი მართლაც მტრად შეერაცხათ ფხოველთა, ერთ-ორ ადგილას ზვიადის მსტოვრები მოიკითხეს.
უფლისციხეს გაქცეულანო, ამის გაგება მოახერხეს მხოლოდ.
ახლა ქორისფერი კლდეები გამოჩნდნენ…
ერთ გვირაბში გაათიეს მეორე ღამე, ითათბირეს, დასთქვეს: ერთად არ ევლოთ ოთხთა, სადაურობას თუ ჰკითხავდათ ვინმე, სხვადასხვაგვარი პასუხი მიეცა თითოეულს.
მეფე და ერისთავი ასე ეუბნებოდნენ გზირებს: გიორგი მეფის ყმანი ვართო, უფლისციხის დილეგიდან გამოქცეულნი.
უბრძანეს მეაბჯრესა და მალემსრბოლს:
დიაცებთან სიახლოესა და ლუდის სმას განრიდებოდნენ. პურ-მარილზე არავის სწვეოდნენ, საკუთარი საფასით ესაზრდოვათ გზადაგზა.
გაშორდნენ გზაჯვარედინზე ურთიერთს, დასთქვეს: ხატობაზე შევხვდეთო ერთმანეთს.
თითო ციკანი უნდა წაეყვანათ საკლავად ხატში.
იცოდა გიორგიმ: ხატობაზე მოსულ უცხო \\\”მეზღვნეს\\\” პატივისცემით ეკიდებოდნენ ფხოველნი.
პიპასა და გაბოის ებრძანათ: როგორც კი სიტყვა მოიტანდა, შეძლებისამებრ ეგინებინათ გიორგი მეფე და ზვიად სპასალარი, ამ გზით გამოერკვიათ მოსახლეობის განწყობილება ფხოვში.
ისიც დააბარეს: აუგად ეხსენებინათ მელქისედეკ კათალიკოსი, მამამზე ერისთავი, დიდონი და ღალღაი.
ხატში მისულთ, მახლობელ ტყეში გადაემალნათ ცხენები.
გირშელი და გიორგი ფეხით დაადგნენ გზას. ყველისციხის პატრონი არ იყო ფხოვში ნამყოფი. გაოცებული შესცქეროდა ფხოველთა ხატებს, მათ დეკანოზებს. გზისპირად აღმართულ ქვის ყორეებს, სალოცავებად მიჩნეუსლთ.
სიბრალულით აღვსილი უყურებდა სოფლების ბოლოს, ნაკელით სავსე სამრელოებში დამწყვდეულთ, მშობიარე დიაცებს.
ბოლოს გამოჩნდა ნანატრი ხატი.
გიორგიმ და გირშელმა ციკნები იყიდეს, ცალ-ცალკე შევიდნენ ხატის ეზოში \\\”მეზღვნენი\\\”:
გირშელი გაოცებული შესცქეროდა ჯიხვის რქებით შემკულ ხატის დარბაზის სვეტებს. შორიდან უმზერდა გიორგის, ცდილობდა საქციელით მიებაძნა მისთვის. გაკვირვებული უთვალთვალებდა საჯურუმოსთან მიყვანილ გიჟებს. მედროშენი დროშის ბუნს ადგამდნენ სულით ავადმყოფებს ქედზე, ხუცი ხუცობდა, აჟღრიალებდა დროშებს, ამწყალობებდა ხელფეხგაკოჭილ გიჟებს.
ეზოში თოროსანი ფხოველები ირეოდნენ.
ხატის დარბაზის წინ დიდი დროშა ესვენა ქვის ტახზე. დხროშის გვერდით ხუცი იდგა. ხატის დროშის წინ დაიჩოქა მეფე გიორგიმ. ცალ ხელშნი ციკანი ეჭირა, ცალში ანთებული კელაპტარი, აღმოსავლეთისკენ პირხშექცეულს.
ხუცმა უბრძანა და ცალი მუხლი მიწას დაჰკრა მახვეწარმა.
თვალი ზეასწია ხუცმა, ცარგვალს მოავლო თვალი.
\\\”ააა, ღმერთმა ადიდოს შენი ძალი, წმინდაო გიორგივ, შენს გასამარჯვებლად მაიხმარი, ავშანისძეი გლახუნა, შენდ სამსახურ არ დაუკლავ, ააა, შენს წყალობას ნუ დააკლებ, ღმერთ შენს ბატონობას გაუმარჯვებს.
ააა, დიდება ღმერთსა, დიდება მზესა, მზის მიმყოლ ანგელოსთა, გეხვეწები ლაღის მტრისად, მწარის სიკვდილისად…\\\”
მერმე ისეთი იდუმალი ბუტბუტი დაიწყო ხუცმა, არც შორიახლო მდგარ გირშელს და არც დაჩოქილ მეფეს აღარ ესმოდათ მისი დამწყალობება.
დასტური მივიდა, ციკანი გამოართვა გიორგის, გაჩაჩხა.
ხუცმა ყელი გამოჰღადრა მსხვერპლს.
დასტურმა ჯამი გაავსო ცხელი სისხლით, ხუცმა წამუყო გიორგის, მანაც თითები ჩააწო ტფილ სისხლში, ხელი გაინათლა, შუბლზე და ღაწვის თავებზე წაიცხო.
გიორგი გაეცალა სასანთლო კოშკს, შორიახლოდან უჭვრეტდა გირშელის \\\”განათვლას\\\”.
ისეთი საცოდავი გამომეტყველება ჰქონდა მახვეწარს, გიორგი ძლივს იკავებდა ღიმილს.
ბოლოს გაბოი და პიპაც გამოჩნდნენ.
ციკანი გაექცა პიპას, დაბობღავდა ახმახი, კიკინებდა ციკანი, ხელიდან უძვრებოდა მახვეწარს.
გირშელი და გიორგი უმზერდნენ ამ სანახაობას, ეცინებოდათ, ვერ ბედავდნენ სიცილს.
ბოლოს დასრულდა დამწყალობება. იფნების ჩრდილებში დალაგდნენ ხატიონები ჯგუფ-ჯგუფად.
ერთად თავმოყრა ეწადათ ოთხთა, ვერა ბედავდნენ ამასაც, დამდურებულივით გვერდს უქცევდნენ ხატიონების ბრბოში ურთიერთს.
შეწყდა ხატის დროშების ჟღრიალი, საკოდეებიდან გამოჰქონდათ დასტურებს ნაკურთხი ლუდი, ურიგებდნენ მდელოზე ფეხმორთხმულ ხატიონებს.
მოხარშულ ხორცს პირდაპირ მიწაზე ჰყრიდნენ შულტები.
ვიღაც წითური, სახედაჩეხილი ფხოველი მიეკედლა გიორგის, მხარბეჭიანი, ჟღალთვალება ვაჟკაცი, ქალუნდაური გოდერძი.
წარამარა უჭვრეტდა მის ხმალს.
ჰკითხავდა ვინაობას, სადაურობას.
ეგეც უთხრა თავაზიანად: ჩვენი ხატების საჭვრეტად ხომ არა ხარო მოსული? ან მსტოვარი თუ ხარო, მეფე გიორგის მიერ წარმოგზავნილი ფხოვს?
მეფე გიორგის ხსენებაზე ვითომც აილეწა ავშანისძე გლახუნა.
წმ. გიორგიც შეაჩვენებსო მეფე გიორგის და მის მსტოვრებს, მღვდელი შემომაკვდაო უფლისციხეში ერთი, ამიტომაც სამ წელს ვიჯექიო დილეგში.
გოდერძი ქალუნდაური თანაგრძნობით მოეკიდა სტუმარს, თავისი ცხოვრების ამბავიც მოუთხრო. მეშუღლენი მყავსო ბევრზე ბევრი. ხევისბერის, მუროჩი ქალუნდაურის ვაჟი აღმოჩნდა იგი. ლუდი და ხაშლამა შესთავაზა.
ახლა თავათ დაუწყო მეფე გიორგის ძაგება ფხოველმა, არ შევარჩენთო ფხოვის დალაშქვრას.
ფერხისაის ცეკვა დაიწყეს უკვე.
მკლავებით გადაებნენ მოცეკვავენი ურთიერთს, ქორებივით დაბობღავდნენ მთვრალი ვაჟკაცები, ქორისფერი თორ-აბჯარი ეცვათ. ორ მწკრივად ცეკვავდნენ, თანაც ორ პირად მღეროდნენ ხატიონები, წამოიწყებდა გამყივანი ხმით გუნდის მეთაური:
დღესამ დღეობა ვისია
წმინდისა გიორგისია…
მთელი მწკრივი დვრინავდა, იმეორებდა სიმღერას ერთხმად, ახლა მეორე გუნდის მეთაური იწყებდა:
ვალი მიკიდავ ქაჯებსა,
რად მკითხავ, ქრისტის დედაო,
ცომს ზელდა ქაჯის ბებერი,
მივასწარ ცხობაზედაო,
ისევ პირველი გუნდის მეთაურმა დაიწყო:
ნუ გაიქცევი. გიორგივ,
სამძიმარ მომდევს ხელაო,
არ გაიქცევის გიორგი,
ჯაჭვი ზედ აქვის ჭრელაო.
ნელ-ნელა, მწკრივად როკავდნენ აბჯრიანი, ზუჩიანი ვაჟკაცები, ფხოვის ნაძვეbივით აშოლტილი ჭაბუკეი ხატის კარისკენ მიიწევდნენ ცეკვით.
პირისპირ დაუდგებოდნენ ურთიერთს გუნდები, მარჯვნით ტრიალებდნენ ხატიონები, მარცხნით ფრიალებდნენ ჩოხის კალთები. ჟღარუნებდნენ აბჯრები, ომახიანი ხმით დვრინავდნენ წმ. გიორგის ყმები.
მოათავებდნენ ცეკვას, იფნების ქვეშ მიუსხდებოდნენ სუფრას, ახლა სხვანი დგებოდნენ და ებმოდნენ ფერხულში მწკრივად.
ბოლოს გაიკრიფნენ მამაკაცები, ახლა მშვენიერ ფხოვურ სადიაცოთი მორთულმა ქალებმა დაიწყეს როკვა, ფრიალებდნენ გრძელფესვიანი, აბრეშუმის მანდილები, წითელ-ყვითელი შიბებით შემკული კაბები.
გიორგიმ თვალი წაატანა ვარდისახარს ერთ მწკრივში. მეორე მოახლეც ეცნაურა, პირიმზისა.
ფაშატივით ხტოდა ვარდისახარი, შვენოდა შიბებითა და ჯვრებით მოხატული სადიაცო ფხოვური სათაურა, უმანდილოდ თავზე დადგმული.
ტოკავდნენ მისი მშვენიერი, მაღალი ძუძუები, უცხო თვალიც შეამჩნევდა, გადაჩვეულიყო ფხოვურ ფერხისაის.
ყანწი გაუვსო ქალუნდაურმა გიორგის, გამოსცალა სტუმარმა და ისევ მიჰხედა მოცეკვავე დიაცებს. უნდოდა ენახა, ფერხისაის რა მოათავებდნენ, საით წავიდოდნენ ვარდისახარი და პირიმზისა?
ადრე მოეკიდა გოდერძი ქალუნდაურს ლუდი.
უსაყვედურა სტუმარს:
\\\”ჩვენი დიაცების საჭვრეტლად მოსულხარო, კახო\\\”.
გიორგიმ გაუღიმა ქალუნდაურს და ისევ გამოსცალა ყანწი.
გირშელი უკვე სავსებით დამთვრალ ფხოველებს მიჰკედლებოდა. სამი მოხუცი გარს უჯდა ერისთავს, სამივენი ხმამაღლა ლანძღავდნენ მეფეს. ფხოვის არწივებისა და ჯიხვებისათვის ვინ გასჭედაო ხუნდები? არც ერთ მეფეს ეს არ შესძლებია ჯერ, ვერც
გველისფერი წმ. გიორგი – იახსარი მტრად მოიკიდაო გიორგიმ, ვერ გადაურჩებაო წმინდანის რისხვას, წელს მოსწყვეტსო გველისფერი წმ. გიორგი მას. თუ ხელში მოვიგდეთ მეფე და მისი სპასალარი, სამრეკლოზე დავკიდებთო თოკით.
გირშელმა თავი აიღო, შენიშნა შორიდან:
გიორგი და წითური ფხოველი გაცხარებულნი ლანძღავდნენ ურთიერთს.
ერთბაშად წამოიჭრნენ და იშიშვლეს ხმლები.
შემოუარეს ნავარდი ურთიერთს.
შეუძახეს.
შეუტიეს და შეიბნენ ხმალდახმალ.
წამოსცვივდნენ ფხოველები და წრე შეჰკრეს წაკიდებულთა გარშემო.
გირშელიც წამოდგა დინჯად, მიმოიხედა: უშიშარაისძე და გაბოიც მწკრივში იდგნენ გაფითრებულნი.
უყივლა გიორგიმ ქალუნდაურს, ბექთარზე აძგერა ხმალი.
მტკიცე აღმოჩნდა ფხოველის ბექთარი, შემოუქნია ქალუნდაურმა მეფეს, ფარი იფარა გიორგიმ და ნაპერწკლებმა გაიელვეს ჰაერში.
შეუძახა.
შეუტია და უყივლა ქალუნდაურმა:
გამიმაგრდიო, ჯაბანო კახო.
უკუიქცა გიორგი, ფარი იფარა, კვლავ შეუძახა და შეუტია მედგრად.
განზე გადაუხტა ფხოველი, ფარით აიცდინა ელვასავით მოქნეული ხმალი და სწორედ ამ დროს მდელოზე დაუცურდა ბანდულიანი ფეხი, ცალი მუხლით წამოიჩოქა.
შესდგა გიორგი, ანიშნა მოპირდაპირეს: არ გერჩიო ნაბიჯმოცარულს.
ისევ გაიმართა მამაცი ფხოველი წელში, თავს ზევით ასწია ფარი, ცალი ხელით ხმალი გადაიცდინა, ცალითაც მუზარადს უწია მტრისას.
აბჯრების ჭახანი ისმოდა, მუზარადებს გაჰქონდათ ჟღრიალი, უცნაურად წკრიალებდნენ ელვარე მახვილები ჰაერში.
გირშელმა თვალი მოავლო გარსმოჯარულ ბრბოს.
მოწყურვებულ ქორებივით ტორტმანებდნენ სისხლში განათლული ფხოველები ირგვლივ, ხელები, ღაწვები და შუბლი სისხლით ჰქონდა გათხუნული ყველას. გაავებული შესცქეროდნენ ფხოველთან მებრძოლ არათვისტომს.
ყივანა ქორებს მოსწყურებოდათ სისხლი!
შემოაკვდებოდა გიორგის ეს მწითური ფხოველი, მყისვე გაიშიშვლებდა მთელი ტომი ხმალს და მაშინ ოთხ ვაჟკაცს მოუხდებოდა მთელ ლაშქართან პირისპირ შებმა.
ადგილი შეინაცვლა გირშელმა. უშიშარაისძესა და კოხრიჭისძეს შორის ჩადგა, მკლავში უჩქმიტა ორივეს ფრთხილად.
უსიტყვოდ ამცნო: მზად იყავითო ახლა.
მიწისფერი გადასდებოდა მეაბჯრესა და მალემსრბოლს. თავათაც გაფითრებული იდგა გირშელი, ხმლის ვადაზე ხელი წაევლო.
კიდევ ერთი წუთი, ერთი დაფახულება თვალისა, სულ ერთია, გიორგი წაიქცეოდა, თუ ფხოველს წააცლიდნენ თავს, გირშელი მზად იყო, გაარღვევდა ფარხმალიან ფხოველების ბრბოს, ხმალზე გაივლებდა ხელს და ისე შეებმებოდა მთელს ტომს, როგორც გაავებული ავაზა სპილოს.
დაწინაურდა ისევ ფხოველი, დაიჟღრიალა გიორგის ფარმა, ხმლის წვერმა შელეწა იგი, გიორგის მკლავიდან იფეთქა სისხლმა.
დაიღრიალა გამძვინვარებულმა ბრბომ.
და როგორც ეგვიპტელ ხალიფას ცირკში გამოუშვებენ გალიიდან ავაზას, მიუსევენ ცხრა შუბოსანს ზედ, აკუწავენ თუ არა ვაჟკაცები მხეცს, გახარებული ბრბო შემოანგრევს ჭიშკარს, დიდი და მცირე მივარდება სულთმობრძავ ნადირს, რათა ავაზას სისხლში განათლონ შუბები, ასე ეგონა გირშელსაც:
აჰა, ამ წუთში გაიძრობენ ფხოველნი ხმალს, რათა უცხოს სისხლში განათლონ ხმლები.
შეტოკდა გირშელი, წინ გადადგა ერთი ნაბიჯი და ხედავს, ხედავს, მაგრამ თვალს არ უჯერებს.
მარცხენა მკლავიდან სისხლი მოთქრიალებს გიორგის, ფარი გადააგდო, ხმალი შემართა კვლავ, უფრო მძვინვარე გაუხდა სახე, შემზარავი ხმით შეუძახა მოპირდაპირეს, ზედიზედ იფარა ხმალი, დაწინაურდა სწრაფად და სწრაფად მიიმწყვდია მოპირდაპირე აბჯრიან ფხოველების მწკრივთან და მერმე მთელმა ტომმა დაიზრიალა…
დაიშალა მწკრივი, ვიღაცეებმა წინ გაუსწრეს გირშელს, ბრბო გაარღვია შეშფოთებულმა ერისთავმა.
ხმლის გაშიშვლებას აპირებდა ყველაზე ადრე და თვალი წაატანა ამ დროს, გაფითრებულ ქალუნდაურს ხმლის ვადა ეჭირა ხელში.
გაუღიმა გიორგიმ ფხოველს, უცნაურმა სიკეთემ გაიელვა მის თეთრ კბილებზე. მიეჭრა უხმლოს, სისხლიანი მარცხენა მხარზე დაადო, ცალითაც ხმალი გაუწოდა თავისი.
\\\”ნაძმობნი ვიყოთ დღეიდან, გოდერძი\\\”.
გადაეხვივნენ მოპირდაპირენი ურთიერთს.
აჩოჩქოლდნენ ფხოველნი, უცხოს მიერ ნაჩუქარ ხმალს მისცვივდა დიდი და მცირე.
ხევისბერი მუროჩი ქალუნდაური მივიდა დამარცხებულ ვაჟთან პირველი.
ნაჩუქარი ხმალი გამოართვა, ყურადღებით დაუწყო ჭვრეტა.
არაოდეს ენახა ასეთი რამ ხევისბერს.
სისხლში გასვრილი ეგონა, ჩოხის კალთით გასწმინდა, ისევ დახედა ზედ.
მოწითანო და მომწვანო სხივი ცვალებადად ელავდა გამოხურვებულ ოქროსებრ მოლაპლაპე ხმალზე.
ვადის ქვემოთ თავწაგრაგნილი ჯვრები იყო ზედ ამოჭრილი.
შუაზე ფრთოსანი ჭაბუკი ერთი, და სახე მგლისა.
წარწერაც შენიშნა ხევისბერმა.
გიორგი შეკრთა, ვაითუ ვინმემ ამოიკითხოსო ზედ წარწერა:
\\\”მეფეთ მეფე გიორგი – მესსიის მახვილი\\\”.
დამშვიდდა გიორგი, როცა წამკითხველი არავინ აღმოჩნდა.
\\\”მგლისსახიანი გორდაი ვინ მოგცა, ჭაბუკო?\\\”
ეკითხება მოხუცი მეფეს.
სარკინოზებთან ნაომარი ვარ, მათი ერისთავი მოვკალი ერთი, მას ავართვიო ეს ხმალი.
გაეხარდათ ფხოველებს უსჯულოებთან ნაომარი ვაჟკაცის დანახვა.
სათითაოდ აშიშვლებდნენ თავიანთ ხმლებს. გიორგისეულს უსვამდნენ ზედ, გაოცებულნი ხედავდნენ, ყველივით სჭრიდა ნაჩუქარი \\\”გორდაი\\\” ფხოვურ ხმლებს.
მიიპატიჟა ხევისბერმა ქალუნდაურმა გიორგი.
მკლავი შეუხვიეს, დალოცეს, ლუდი შეასვეს მძივებით შემკული ყანწით.
მივიდა ხუცი, ვერცხლი ჩასთალა ლუდით სავსე ყანწში, ქალუნდაურმა დალია და დაალევინა ნაძმობს, \\\”ფიცვერცხლი\\\” სჭამეს მეფემ და ფხოველმა.
გირშელი. გაბოი და პიპაც შემოისხეს ქალუნდაურებმა გარს.
უცხონი ხართო თქვენაც. უცხოთაგანნი ერთად დავსხათო სუფრაზე.
ლუდს იპარავდნენ სტუმრები ჩუმ-ჩუმად.
როცა ფხოველები დათვრნენ და იფნების ქვეშ ამოუშვეს ხროტინი, ოთხივენი სათითაოდ გაეპარნენ მასპინძლებს. ცხენები მოიკითხეთო, უბრძანეს გაბოსა და პიპას, ხატის ტყეში დაგველოდეთო.
შულტები და დასტურნიც იფნების ქვეშ ეყარნენ მთვრალნი. ხატის ეზოდან გამოსულთ ვარდისახარი და პირიმზისა შეეყარათ გირშელსა და გიორგის.
ვარდისახარმა ავშანისძე იცნო, \\\”მალემსრბოლი მეფისა\\\”, მაინც თავაზიანად მიესალმა ფხოველი სტუმარს.
გირშელი მთვრალი იყო, მეფის ნაამბობი გაახსენდა, თვალი დაადგა გათქვირულ დიაცს.
ვარდისახარმა იცნო შორენას საქმრო. გააოცა ღარიბულმა სამოსმა მისმა. ფრიად ნაწყენი იყო თავის პატრონზე, ხელაღებით მიმათხოვაო ბებერ ფარსმანს. ამიტომაც მიიყვავილა გირშელი.
ეკეკლუცებოდა გამიჯნურებულ ერისთავს.
გირშელმა იდროვა, მკლავში ხელი წაავლო დიაცს და ხატის ტყისკენ გაემართნენ ოთხნი.
პირიმზისა მორცხვობდა, უგუნებოდ მიყვებოდა გიორგის.
მოეწონა მშვენიერი ვაჟკაცი, მაგრამ ვარდისახარისა რცხვენოდა ქალწულს, მტრედის ხუნდივით გატვრინული გვერდზე ეკვროდა მამაცს.
ეკითხება გიორგის:
რად წაგეკიდაო ხევისბერის ვაჟი?
მე და ვარდისახარი შორიდან ვუჭვრეტდითო შუღლობას თქვენსას.
შენ გითვალთვალებდი, ამიტომაც წამეკიდაო ფხოველი.
იცრუა გიორგიმ.
იამა პირიმზისას ეს ამბავი, კიდევ უნდოდა რაღაც ეკითხა უცხოსათვის, მაგრამ პირი უშრებოდა ვნებისაგან აღრეულს.
წიფლის ჩრდილის ქვეშ კოცნა დაუწყო ავშანისძემ დიაცს. ყოველ ხესთან შეაყენებდა, თავს გადაუწევდა, აკოცებდა და განაგრძობდნენ გზას.
წინ მიმავალი წყვილი ტყის სიღრმეში გაუჩინარდა.
გირშელმა ბალღივით აიყვანა ვარდისახარი, ჯერ უღონოდ ეწინააღმდეგებოდა დიაცი. მერმე გაიტვრინა. იამა ესოდენ ძლიერი ვაჟკაცის სუნთქვა.
გვიმრის ბუჩქებში დააწვინა ვარდისახარი გირშელმა. კვლავ შეეცადა ურჩობას დიაცი, მაგრამ როცა ვაჟკაცის გახურებულმა ტუჩებმა სუნთქვა შეუკრეს, ათრთოლდა ანაზდად, ბაგეზე დაადნა გირშელს…
გიორგი და პირიმზისა უზარმაზარ წიფლის ქვეშ იწვნენ, ნეტარების ცრემლით სტიროდა ქალი.
მალემსრბოლის სტვენა შემოესმა გიორგის. უკანასკნელად აკოცა და ახლა იგრნო, ცხვრის სუნი უდიოდა ფხოველ მხევალს.
ჯიხვის რქასავით მოდრეკილი მთვარე ზედ დანათოდა ხატისტყეს.
ცხენების ფრუტუნი ისმოდა შორიდან.
როცა დიაცები სოფლის ბოლომდის მიაცილეს რაინდებმა, ცხენებზე შესხდნენ და გიორგიმ ეს უთხრა თავის დედის დისწულს:
\\\”ჩემთან ჯიბრი გადაგიტანს, იცოდე, გირშელ\\\”.
ყველისციხის პატრონმა გაიღიმა, ახალ მთვარეს გაუსწორა თვალი.

XXXVII

ფხოვში მგზავრობამ დაარწმუნა მეფე, ხელახალი ამბოხი არ უნდა ყოფილიყო მოკლე ხანში მოსალოდნელი.
\\\”გაავებული ხევისბერების ქადილი გაუზვიადებიათ შენს მსტოვრებს, – ეუბნება სპასალარს, – ორგზის დავზვერეთ კვეტარის ციხე. გაბოი შევგზავნეთ, ერთი ღამე თავლაში გაათია კოხრიჭისძემ მეჯინიბეებთან, გოდოლების განახლების ამბავიც გამოუკითხავს წვრილად.
დიდოელების თავდასხმას მოელიან, ამადაც აპირებენო ციხის განახლებას.
მე ასე მგონია, საჭიროა ერთი მეჯინიბე მოვისყიდოთ როგორმე, ზვიად. ცხენი ჰყოლია კოლონკელიძეს უცნაური, დაატარებს თურმე ფხოვის თვალშეუდგამ ქარაფების კიდეზე თავის ბრმა პატრონს.
სწორედ ამ ცხენის მეჯინიბე თუ მოვიქრთამეთ, გვეცოდინება სად რას დადის ერისთავი კოლონკელიძე\\\”.
ზვიადი სდუმდა და მეფემ განაგრძო:
\\\”მე მაინც დარწმუნებული ვარ, ზვიად, მამამზესა და ტოხაისძეს მართლაც წაჰკიდებია თალგვა, რაიცა შეეხება დიდოთა, ეს ამბავი განზრახ უნდა იყოს მოჭორილი, რათა ციხეთა და გოდოლთა განახლება თვალში არ გვეცეს ჩვენ\\\”.
ზვიად სპასალარს არა სჯეროდა ნიშანდება მეფისა, ამბოხის საფრთხე კარზე მომდგარი ეგონა, მაგრამ ვერაფერი შეჰკადრა პატრონს.

XXXVIII

საერისთავოებში მშვიდობა სუფევდა სხვა მხრით.
არიამ დედოფლის აფხაზეთში დაყოვნებამ და მელქისედეკ კათალიკოსის კლარჯეთს გამგზავრებამ ფრიად საამური გახადა სასახლეში ცხოვრება.
ეზოსმოძღვარს უცნაური სვირინგები გამოაყარა ტანზე.
არა მარტო მეფე, მთელი სასახლე, მთელი მცხეთა და უფლისციხე ამას ნატრობდა: კეთრი აღმოაჩნდეს ეზოსმოძღვარს ეგებ და ამ სვირინგებს თან გადაჰყვესო გულბოროტი ხუცესი.
გიორგი და გირშელი ხან უფლისციხეში ნადირობდნენ, ხანაც მცხეთაში ქეიფობდნენ იდუმალ.
ნადიმებს ნადირობა მოჰყვებოდა ხოლმე, ნადირობას ისევ ნადბიმი, ჯირითი, ჰოროლის ტყორცნა და ცხენბურთი.
ბოლოს მოაღწიეს ცხრატბის ერისთავმა დაჩიმ და მისმა მეუღლემ რუსუდანმა.
დაქალებულიყო ფანასკერტელის ასული, მონაზვნური სიყვითლე უკვე გადასცლოდა სახიდან, მკერდი აბურცვოდა, თეძოები დამრგვალებოდა, ახელებდა ვაჟკაცებს ბეჭედივით ვიწრო ტუჩ-პირის ზემოთ ოდნავ, ოდნავ შესამჩნევი ბუსუსები ულვაშის დარი.
ვნებიანად აფახულებდა გრძელწამწამიან თვალებს, ურიდოდ დადიოდა ქალაქში, თრიაქსა სწევდა იდუმალ, კვიცივით უკან დასდევდა მეფე გიორგის.
გიორგი და გირშელი იოლად ათრობდნენ დაჩი ერისთავს, მორიგეობით დაათრევდნენ სანადიროდ მის ცოლს.
გააშაირეს მცხეთელებმა დიაცი.
ცხრატბის ერისთავის მეუღლეს ცხრა ღამეც არ გაუთევიაო ქმართან.
ქმრისათვის თვალის ასახვევად მუდამ ლოცულობდა ერისთავის ცოლი, ხატებსა და ლოცვას მიანება იგი ქმარმა, გირშელსა და გიორგის აეკიდა თავათაც.
ღვინის სმაში იჯაბნებდნენ მეფე და ერისთავი მას, სამაგიეროდ ჰოროლის ტყორცნაში სჯობნიდა ორივეს.
დაჩის სრულიადაც არ აწუხებდა თავის დისწულის, შორენას, მოსალოდნელი ქორწილის ამბავი.
სასახლის ჭორები გამოეკითხა წინასწარ, ყურმოკვრით გაეგო:
მეფე გიორგის თვალი უჭირავსო ყველისციხის პატრონის სასძლოზე.
ამიტომაც ურჩია დისწულს: მე ისეთი ამბები მესმის, გათხოვებაზე ხელი აიღე სრულად, მონაზვნად აღიკვეცეო მცხეთაში.
სასახლეში სტუმრობის დროს მიმინოების ლაზურად გაწვრთნამ გაიტაცა დაჩი, გულით ეწადა, თავის საერისთავოში შემოეღო ეს ახალი დარგი ნადირობისა.
გვიან ღამემდის არა სცხრებოდა ციხეების ჩარდახებზე სტუმრების, სეფექალების, რაინდების ხარხარი და კისკისი.
უომრად მოწყენილი აზნაურები მოგროვდნენ მცხეთაში, უამრავი სიძვის დიაცები თან ჩამოჰყვა საერისთავოებიდან მათ. მოხუცებული ერისთავების ახალგაზრდა ცოლები და აზნაურების ქვრივები.
კათალიკოსისაგან კურთხევის მისაღებად ჩამოსულიყვნენ ისინი მცხეთაში, რაკი მელქისედეკი მანდ არ დაუხვდათ, ბახუსისა და აფროდიტეს წყალობასაც დასჯერდნენ ბოლოს.
გიორგისა და გირშელის ყმაწვილურ გართობას ერთიც შეემატა ახლა.
ერთმა ინგილომ ორი ავაზა მოჰგვარა ჰერეთიდან მეფეს.
სწორედ იმ დღეს პირველი ბავლი გაეგდოთ გიორგისა და გირშელს მიმინოებისათვის სასახლის ბაღში.
კონსტანტინე არსაკიძე მოეწვია საგანგებოდ მეფეს, ლაზურად უნდა გავაწვრთვნევინოო მიმინოები.
რა დროს ბავლია, ფიქრობდა გულამრეზილი კონსტანტინე,