ჩემი სტატიები

დაიწყე ბიზნესი


რამდენი ადამიანი აირჩევდა სტაბილურ სამსახურს და რამდენი – საკუთარი ბიზნესის ფლობას და საკუთარი თავის უფროსობას, ქვეყნის შესახებ საინტერესო სტატისტიკაა. ეს ზომავს მეწარმეობას. ამერიკასა და ჩრდილოეთის ქვეყნებში მოსახლეობის ორ მესამედს სურს, საკუთარი თავის უფროსი თავად იყოს.  სამხრეთ ევროპაში კი ორ მესამედს სტაბილური სამსახური ურჩევნია. ანდაზის მიხედვით  – „სამსახური ყველას უნდა, მუშაობა – არავის”.

მეწარმეობა მნიშვნელოვან საზრუნავადაა ქცეული ისეთ ადგილებში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი. ასეთი ქვეყნები აცნობიერებენ, რომ მეწარმეებს ეკონომიკის მნიშვნელოვნად გამდიდრება შეუძლიათ, რის მაგალითადაც ხშირად სილიკონის ველი მოჰყავთ. შეერთებულ შტატებში მილიონობით ადამიანი იწყებს საკუთარ მცირე ბიზნესს და სტატისტიკურად, ამ მცირე ბიზნესებს მეტი წვლილი მიუძღვის ეკონომიკის განვითარებაში, ვიდრე დიდ დამსაქმებლებს.

ტრადიციულად, ეკონომიკური ზრდის განვითარების გზა ინდუსტრიალიზაცია იყო: დიდი ქარხნების აშენება.  ამ გზას ბევრი სამხრეთ აზიური ქვეყანა დაადგა და ამან მართლაც განაპირობა მათი ეკონომიკური ზრდა. თუმცა, შეერთებულ შტატებში ქარხნები იხურება, მაგრამ ეკონომიკას მაინც რიგიანად მისდის საქმე.  ამის მიზეზი, ნაწილობრივ, ისაა, რომ ამერიკაში უამრავი ახალი ბიზნესი იწყება. აზიურ პროდუქტთა უმეტესობის დიზაინი ამერიკაში  იქმნება. მათი ბრენდებიც ამერიკული კომპანიების მფლობელობაშია. ამ კომპანიათაგან მრავალი ახალია და სწრაფად იზრდება.

ამას კულტურული მიზეზიც აქვს. ამერიკელთა უმეტესობა იმ ადამიანთა შთამომავალია, ვინც საკუთარი სამშობლო დატოვა. მათი შთამომავლები კი შესაძლოა, მეტად აფასებდნენ დამოუკიდებლობას. ასევე, ამერიკელები, როგორც წესი, იმ ადამიანებს უფრო მეტ პატივს სცემენ, რომლებმაც საკუთარი ბიზნესი დაიწყეს, ვიდრე მათ, ვისაც უსაფრთხო და მოსაწყენი სამსახურები აქვთ ან მთავრობაზე მუშაობენ. რისკზე წამსვლელებს და შორსმჭვრეტელებს დიდად აფასებენ. რა თქმა უნდა, მარცხისგან დაზღვეული არავინაა – ნებისმიერმა წარმატებულმა მეწარმემ შეიძლება მარცხი განიცადოს, სანამ პირველ წარმატებას მიაღწევს. მაგრამ ეს არავის აფერხებს – აქედან ცნობილი ტერმინიც კი მოდის – „fail fast” (მალე დამარცხდი). რაც იმას ნიშნავს, რომ შეცდომების დაუშვებლად ვერავინ სწავლობს, ამიტომ ეს შეცდომა მალე უნდა დაუშვა და აღარასოდეს გაიმეორო.

სამხრეთ ევროპაში, სადაც კანონის უზენაესობა და საკუთრების უფლება დაბალ დონეზეა, ადამიანებს რომლებიც წარმატებულ ბიზნესებს იწყებდნენ, ან უსამართლო გადასახადების გადახდა უწევდათ ან საერთოდ ართმევდნენ ბიზნესებს. დროთა განმავლობაში, ამ ადამიანთაგან ბევრმა მთავრობაზე მუშაობა და იმ მხარეს ყოფნა არჩია, რომელიც გადასახადებს აგროვებს. ასეთი სამუშაო არ იყო რთული და  უსაფრთხოც იყო. საქართველოში ადამიანები უმეტესად ფლობდნენ მიწას და მას ამუშავებდნენ. აქ ჯერ კიდევ არსებობს განცდა, რომ კომერცია ვიღაც სხვა ადამიანების საქმეა. იმ ფაქტს, რომ საქართველოში ახლა კაპიტალისტური ეკონომიკაა, ჯერ ყველას თავში არ შეუღწევია.  სამაგიეროდ, ეს ამცირებს კონკურენციას, რაც მეწარმესთვის მომგებიანია. არსებობს მრავალი წუხილიც – ბევრს ჰგონია, რომ ბიზნესის დაწყებას მეტი ფული სჭირდება, ვიდრე ეს სინამდვილეშია, რომ დაფინანსება უფრო ძნელი მოსაპოვებელია, ვიდრე სინამდვილეშია, და ბევრს ჯერ კიდევ ეშინია, რომ ყველაზე პატარა შეცდომა ბიზნესს დააკარგვინებს და ციხეში ამოაყოფინებს თავს. ამასობაში, სამთავრობო ინიციატივები და ახალი კანონები ისეთი სისწრაფით ჩნდება,  რომ თუ ინიციატივა შენს სექტორს შეეხო, დღე-ღამეში შეიძლება შეცვალოს ყველაფერი.

გამჭვირვალობის ნაკლებობაც სერიოზული საფრთხეა. ეკონომიკის სათავე, ანუ მთავრობა ძალიან ჩართულია უდიდეს ეროვნულ პროექტებში. მაგრამ თუ რა მოუვათ ამ პროექტებს, რომელი კანონები შეიცვლება და  როგორი სურათი შეიქმნება, დამოკიდებულია ადამიანთა მცირე ჯგუფის გადაწყვეტილებაზე და ამის შესახებ საზოგადოება გვიან იგებს. მეწარმეობა შეიძლება ძალიან სარფიანი იყოს მაშინ, როცა ან ამ მცირე ჯგუფის წევრი ხარ და ან მასთან დაკავშირებული, მაგრამ მას, ვინც არცერთ ამ კატეგორიას არ განეკუთვნება, რთული გზა ელის.

ეს პრობლემა რთულდება იმით, რომ მთავრობას არ აქვს გრძელვადიანი ცენტრალური ეკონომიკის პოლიტიკა. საწყისი გეგმა შევარდნაძის გადადგომის შემდეგ, როდესაც ქართული ეკონომიკა, პრაქტიკულად, არ არსებობდა, იყო ის, რომ ბაზარი თვითდინებაზე მიეშვათ. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობდა მთავრობა. ამ კონცეპტუალურმა მოდელმა არც ისე წარმატებით იმუშავა. საბოლოოდ, ეს იმას ნიშნავდა, რომ მთავრობას შეეძლო იმ სექტორში ჩარეულიყო, რომელშიც მოისურვებდა და როცა მოისურვებდა. ქვეყნების უმრავლესობას, რომლებმაც ბოლო დროს მაღალი ეკონომიკური ზრდა განიცადეს, გააჩნდათ გეგმა საკვანძო სექტორებისათვის ეკონომიკაში და ენერგიის წარმოებაში. ბიზნესის წამოწყებასა და ეკონომიკის მართვაში დაგეგმვა ყველაზე მნიშვნელოვანია.

ზოგი იტყოდა, რომ მხოლოდ გიჟი დაიწყებდა ამ სიტუაციაში ბიზნესს. მეწარმე კი იტყოდა, რომ იღბალი მხოლოდ გაბედულს სწყალობს.

როგორ იწყება ბიზნესი? ჯერ იდეით, შემდეგ დაწერილი გეგმით, რომელიც ფინანსებსაც მოიცავს, მიზნებსაც, კონკურენციასაც, მარკეტინგსაც, ასევე – მფლობელობას, მენეჯმენტს და წყობილებას. იდეა ყველაზე სახალისო ნაწილია, მაგრამ ყველა წარმატებულ რისკს გააჩნია წინასწარ დაწერილი გეგმა. განზრახვების და გეგმების ფურცელზე გადმოტანა სისუსტეებს ააშკარავებს და ფინანსების მოძიების დროც დგება.

პირველი ინვესტორები, როგორც წესი, მეგობრები და ოჯახის წევრები არიან ხოლმე. მათ შეუძლიათ, გაასესხონ ფული, მაგრამ ამერიკაში მაინც, როგორც წესი, ადრეული სტადიის ინვესტორებს უნდათ ხოლმე ბიზნესის მეწილეები გახდნენ ინვესტიციის სანაცვლოდ. მათ ‘ანგელოზებს~ ეძახიან. მას შემდეგ, რაც ბიზნესი დაწყებულია და მუშაობს და რაღაცა სახის წარმატებას აჩვენებს, ინვესტორთა ახალი ჯგუფი იჩენს თავს, რომელთაც რისკიანი კაპიტალისტები ჰქვიათ. ჯერჯერობით, საქართველოში არც ისე ბევრი ანგელოზი და რისკიანი კაპიტალისტია. ბანკები უხვადაა, მაგრამ ისინი სესხის სანაცვლოდ რამის ჩადებას ითხოვენ.

ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია დაიწყოს ბიზნესი. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და უძველესი ბიზნესი ვაჭრობაა. ახალგაზრდა ადამიანებს უჩნდებათ იდეა, მიჰყიდონ თავისი თაობის ადამიანებს საგნები,  რომლებიც ადრე არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენდა. მეწარმეები თავიანთი ბუნებით  ძალიან შემოქმედებითი, მეოცნებეები და შეუპოვრები არიან. ქართულ სკოლებში არსებული მრავალი პრობლემიდან ერთ-ერთი არის ის, რომ არ ხდება იმ უნარ-ჩვევების გამომუშავება და წახალისება, რაც აუცილებელია ახალი ბიზნესის დასაწყებად. საუკეთესო მოსწავლედ ითვლება მოსწავლე, რომელიც რაც შეიძლება ნაკლებ შეცდომას უშვებს სამუშაოს შესრულებისას და არა ის, ვინც ახალი წამოწყებების მცდელობით გამოირჩევა.

საქართველომ ქვეყანაში სამეწარმეო გარემოს გასაუმჯობესებლად გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგა. მაგალითად, საქართველოში მთელ მსოფლიოსთან შედარებით, ყველაზე ადვილია ბიზნესის დარეგისტრირება. ასევე საგადასახადო კოდექსიც, სხვა ქვეყნებთან შედარებით, გაცილებით მარტივია. ახლა სკოლებმა უნდა წაახალისონ ხედვის  გამომუშავება და რისკის შეფასება. ადამიანებს არ უნდა ეშინოდეთ უცნობ ადამიანებთან ერთად ინვესტიციების განხორციელების, ამას კი მაღალი სოციალური ნდობა სჭირდება. ქვეყნები, სადაც მეწარმეობა მაღალ დონეზე დგას, მაღალი ნდობის საზოგადოებით გამოირჩევიან. საქართველოში ეს ნდობა არ არსებობს, მაგრამ ეს ნელ-ნელა გამოსწორდება.

ასე რომ, თუ მომავალში თქვენი მეგობარი ან ნათესავი გაგიზიარებთ ახალ ბიზნეს-იდეას, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პირველი ინსტინქტი იქნება პრობლემების და სირთულეების ჩამოთვლა, უმჯობესია მოუსმინოთ მას ბოლომდე და წაახალისოთ მისი წამოწყება.

მარკ მალენი

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s