სხვა

კილდემონი


დღემდე ამ საიტზე მხოლოდ ჩემი სტატიები იდებოდა ხოლმე, მაგრამ გუშინ ჩემმა ძმაკაცმა ჯარჯიმ მთხოვა რომ მისი ნაწერიც გამომექვეყნებინა, ამიტომ გთავაზობთ ამასაც უცვლელად..

  უკუნი სიბნელე კილს თვალს ჭრიდა. ირგვლივ ვერაფერს არჩევდა. მხოლოდ ამონასუნთქი თბილი ჰაერის ნაკადით ხვდებოდა, რომ მარჯვენა ხელი სახესთან ჰქონდა მიტანილი. უმწეო მდგომარეობაში იყო.
მოულოდნელად მოვარდნილმა სინათლის მძლავრმა ნაკადმა ლამის დააბრმავა, ხელით თვალები მოიჩრდილა და ნელ-ნელა დაიწყო თვალის შეჩვევა ნათელთან. გარშემო საგნების გარჩევა დაიწყო. ტრიალ მინდორში იდგა. ირგვლივ წითელი ფერი ჭარბობდა მწვანეს. თავიდან იფიქრა, რომ ჭარბი ნათების ბრალი იყო, მაგრამ შემდეგ მიხვდა, რომ ცდებოდა.
მინდორი გვამებით იყო სავსე, ხოლო წითელი ფერის სიჭარბე მათი სისხლის დამსახურება იყო. ბალახი, მიწა და იქვე მომდინარე წყალუხვი მდინარეც კი წითლად იყო შეღებილი.

კილი შეძრული იყო ამ სანახაობით. მკვდრების გაცრეცილ სახეებს აკვირდებოდა. მადლობა ღმერთს, ცნობით ვერავინ იცნო. „ნეტავ, რა ძალამ ამოწყვიტა ეს ხალხი?“ – მისი გონება ამ კითხვას დატრიალებდა, მაგრამ ფიქრი დიდხანს არ დასცალდა. გამაყრუებელმა გრუხუნმა მისი ყურადღება მიიპყრო. ხმაური ზევიდან მოდიოდა და თანდათანობით მატულობდა. კილიმ მზერა დაიჩრდილა და ცას ახედა. პატარა, შავი წერტილი ნელ-ნელა იზრდებოდა და გრუხუნით მოიწევდა ხმელეთისკენ. შემდეგ მისი კონტურები გამოიკვეთა და კილიმ ამ შავ წერტილში გამანადგურებელი ამოიცნო.
თვითმფრინავი პირდაპირ მისკენ მოფრინავდა საშინელი ხმაურით და უკან შავ კვალს ტოვებდა ბოლის სახით. კილიმ იქიდან თავის გარიდება მოინდომა, მაგრამ ადგილიდან დაძვრაც ვერ მოახერხა. მისი ფეხები თითქოს მიწას შეზრდილიყვნენ და პატრონს გადაადგილებაში ხელს უშლიდნენ. კილი პანიკაში ჩავარდა. გამანადგურებელსა და მას შორის მანძილი უკვე საკმაოდ მცირე იყო, ის კი ვერ მოძრაობდა. სიკვდილი უკვე გარდაუვალი იყო.
თვითმფრინავი გამაყრუებელი ჭახანით დაენარცხა იმ ადგილს, სადაც ამ რამოდენიმე წამის წინ კილი იდგა, რომელმაც ყვირილით გაიღვიძა თავის საძინებელში გაოფლილმა და ოდნავ შეშინებულმა. მან ირგვლივ მიმოიხედა და მიხვდა, რომ ეს ყველაფერი ესიზმრა და შემდეგ მშვიდად გააგრძელა დარღვეული ძილი.დილით კილიმ ადრიანად გაიღვიძა. წუხანდელი კოშმარის მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი შემორჩენოდა მის მეხსიერებას. ჩაიცვა და სასაუზმოდ აეროდრომისკენ გაემართა. სუფრა, როგორც ყოველი ბრძოლის წინ, ახლაც იქ გაეშალათ და სავსე იყო ყველანაირი კერძით. კილი იქ თავის ოთხ განუყრელ მეგობარს: მორტენს, ბენდიქსს, დარკსს და აბს შეხვდა და მათ გვერდით მიუსხდა.
– როგორ ხართ? – მოიკითხა მან მეგობრები, პურს ვაშლის ჯემი გადაუსვა და მადიანად მოკბიჩა.
– რავიცი, წუხელ ერთმა იდიოტმა თავისი ყვირილით გამაღვიძა, ძილი დამიფრთხო და ახლა გამოუძინებლობის გამო, ცოტა არ იყოს, სუსტად ვარ, – მიუგო აბმა.
კილი მიხვდა, რომ ის „იდიოტი“, ვინც აბი ყვირილით გააღვიძა, თვითონ იყო და აილეწა.
– საშინელი კოშმარი მესიზმრა… მეც არ ვიცი რამ შემაშინა… – შაიდუდუნა მან.
– არა უშავს, მთავარია დღეს ბრძოლისას არ შეგეშინდეს, – მხარზე ხელის დაკვრით გაამხნევა აბმა.
კილმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
– ჰო, მართლა, კილ, დღეს ბრძოლის შემდეგ აქვე, ბარში ხომ არ შევიკრიბოთ? – საუბარში ბენდიქსი ჩაერთო.
– კარგი, შევიკრიბოთ, თუ ცოცხლები დავბრუნდით.
– რამ შეგაშინა კილ? „თეთრების“ გეშინია? – ჰკითხა მორტენმა სიცილით. „თეთრებით“ ის მტრის აეროფლოტს მოიხსენიებდა, მათი თეთრი ფერის გამანადგურებლების გამო.
– არ მეშინია, მაგრამ რაღაცნაირი წინათგრძნობა მაქვს, – მოწყენილად თქვა კილმა.
– მაშინ, დავნაძლევდეთ. ვინც დღეს ყველაზე ცოტა „თეთრს“ ჩამოაგდებს, მან იკისროს საღამოს ყველა ხარჯი, – თქვა დარკსმა.
მისი იდეა ყველამ მოიწონა.
საუზმეს მალე მორჩნენ და ყველა თავ-თავიანთ გამანადგურებლისკენ გაემართა. კილის  წითელი ფერის თვითმფრინავს ფრთებზე შავი ფრთები, ხოლო ცხვირზე დემონის სახე ჰქონდა მიხატული. სწორედ ამიტომ შეარქვეს მის პილოტს „დემონი“.
კილი ქვეყანაში საუკეთესო პილოტს წარმოადგენდა, ხოლო მისი მეგობრები „დემონის“ შემდეგ ყველაზე ძლიერებად ითვლებოდნენ. ამ ხუთეულს ყველა „დემონს და მის მოციქულებს“ უწოდებდა. ჰაერში მათი ყოველი გამოჩენა გამარჯვებით გვირგვინდებოდა, რის გამოც მათ დამარცხების შიში სულ გაუქრათ.
დღეს ჩვეულებრივი დავალება ჰქონდათ შესასრულებელი. მტრის ტერიტორია უნდა დაებომბათ. მოსალოდნელი იყო „თეთრების“ გამოჩენაც და თუ მათაც ჩამოყრიდნენ, არც ეგ იქნებოდა ურიგო.
მოკლედ, ჩვენი ხუთეული არხეინად იყო, თუ არ ჩავთვლით კილის „რაღაცნაირ“ წინათგრძნობას.
ხუთივე თავ-თავიანთ გამანადგურებელში ჩაჯდა და გასაფრენად მოემზადა. ბრძანებას ელოდებოდნენ.
ბრძანება გაისმა და „დემონი და მისი მოციქულები“ ჰაერში აიჭრნენ…

ხუთეული წინ მიიწევდა. მათი თვითმფრინავები ერთმანეთის გასწვრივ მიფრინავდნენ. სულ ცოტა მანძილი-ღა რჩებოდათ ფრონტის ხაზამდე.
– აბა, მოციქულებო, თქვენ იცით, – მიმართა კილიმ მეგობრებს რაციით.
– დემონო, გაგვიძეხი, – გაისმა დარკსის სიცილნარევი ხმა.
– ძალები ბარისთვის შემოვინახოთ, დღეს ძალიან არ დავიღალოთ, – ეს უკვე ბენდიქსი იყო.
ფრონტის ხაზიც გამოჩნდა. ხმელეთი დამწვარ-დანახშირებული საომარი ტექნიკით იყო დაფარული. იქაური ჰაერი რომ ჩაგესუნთქათ, ეგრევე იგრძნობდით სისხლის მომლაშო, თავბრუდამხვევ სურნელს. სქელი კვამლი თვალთახედვას უშლიდა ხელს, იგი გამკვრივებულიყო და თითქოს მყარ ნივთიერებად ქცეულიყო. მოკლედ რომ ვთქვათ, „დემონსა და მის მოციქულებს“ წინ ბრძოლის შემდგომი სურათი გადაეშალათ, რომელსაც მათი თვალები ისევე მიჩვეოდნენ, როგორც ყასბის თვალები არიან მიჩვეულნი სისხლის დანახვას.
მოულოდნელად ჰაერში თეთრი წერტილები გამოიკვეთა. მართალია სიშორის გამო მათი შემჩნევა თითქმის შეუძლებელი იყო, მაგრამ ხუთეულმა მაინც მოახერხა მათი დანახვა ტყვიისფერი ცის ფონზე. წერტილები თანდათანობით გაიზარდნენ და მალე, ასეთი სანახაობისთვის მიუჩვეველ მხედველობის მქონე ადამიანსაც კი შეეძლო დაესკვნა, რომ ეს ლაქები წარმოადგენდნენ თვითმფრინავებს. „დემონს და მის მოციქულებს“ „თეთრები“ უახლოვდებოდნენ.
– ნეტავ, სად ჯანდაბიდან გაიგეს ჩვენი აქ გამოჩენა? – გაისმა რაციაში აბის გაღიზიანებული ხმა.
მის არც ერთ მეგობარს არ ჰქონდა პასუხი ამ კითხვაზე.
– არ ვიცი, მაგრამ მე მგონი ეს თეთრი ლაქები ცას კი არა ხმელეთს უფრო დაამშვენებდა, – თქვა კილიმ.
ოთხივე „მოციქული“ მიუხვდა ჩანაფიქრს და წამში აიტაცეს „დემონის“ იდეა.
– მშვენიერია, არ გვაწყენდა გახურება…
– ნაძლევი არ დაგავიწყდეთ…
– ძალები დაზოგეთ ბარისთვის…
ისმოდა მათი აღგზნებული ხმები რაციაში. მოსალოდნელი ბრძოლის გამო თითქოს ჰაერიც კი დაიძაბა. ღრუბლებმა მომენტალურად შეკრეს პირი და ცა სულ აღარ ჩანდა. ისე ჩამობნელდა, თითქოს ღამე ყოფილიყოს. „თეთრები“ ახლა ჩვეულებრივზე უფრო მეტად გამოიკვეთნენ. ისინი შეუჩერებლად მოიწევდნენ ხუთეულისკენ.
კილიმ თვალით მანძილი გაზომა მოწინააღმდეგესა და მას შორის, ყველაზე ახლოს მყოფი „თეთრი“ ამოირჩია და გეზი მისკენ აიღო.
– მოციქულებო, დაინაწილეთ მტერი და შეესიეთ, – ირონიანარევი ხმით თქვა კილიმ.
რაციაში მეგობრების მხიარული, უდარდელი სიცილი გაისმა.
მანძილი „დაღდასმულ თეთრსა“ და კილის შორის უკვე მხედველობაში მისაღები აღარ იყო. თვალისმომჭრელად გაიელვა და კილის ტყვიამფრქვევის ხმა ჭექა-ქუხილის გამაყრუებელ ხმაში ჩაინთქა. ხუთ წამში დამარცხებული „თეთრი“ სპირალურად მიექანებოდა ხმელეთისკენ და უკან შავ, კვამლიან კვალს ტოვებდა.
მეგობრები აღტაცებული შეძახილებით შეხვდნენ „დემონის“ დღეისთვის პირველ გამარჯვებას.
– ჩვენც დაგვითმე, დემონო, – მორტენის ხმამ რაციაში ყველას ხმა გადაფარა.
კილის გაეცინა. ახლა სამიზნეში სხვა „თეთრი“ მოიქცია და მისკენ გააქანა თავისი გამანადგურებელი. მისი მეგობრებიც ჩაერთვნენ ბრძოლაში.
ძნელია ამ ბრძოლის აღწერა. „თეთრები“ ისევე იხრჩობოდნენ თავიანთი დაზიანებული თვითმფრინავების მიერ წარმოქმნილ შავ კვამლში, როგორც დაჭრილი ჯარისკაცი საკუთარი სისხლის გუბეში. „დემონი და მისი მოციქულები“ შეუდარებლები იყვნენ. მათი მოძრაობა ჰაერში, მათი ტყვიამფრქვევების ხმები ჭექა-ქუხილის ხმაურთან გიჟურ მელოდიას ჰქმნიდა. ისინი თანდათანობით უჩქარებდნენ ტემპს, ელვა კი ფაქტიურად მათ დირიჟორს წარმოადგენდა. „თეთრები“ ერთი მეორის მიყოლებით ენარცხებოდნენ მიწას.
ხუთეულმა რამდენიმე წუთში ოცამდე „თეთრი“ ჩამოაგდო, შემდეგ დავალება სისრულეში მოიყვანა და აეროდრომზე დაბრუნდა.
მეგობრებს იქ აღტაცებით შეხვდნენ. მართალია, მათ გამარჯვებას ყველა მიეჩვია, მაგრამ დღევანდელი ტრიუმფი მაინც განსაკუთრებული იყო. დღეს „დემონსა და მის მოციქულებს“ ბუნებაც ულოცავდა. როგორც კი ხმელეთზე დაეშვნენ, მზის პირველივე სხივი მათ თვითმფრინავებს ჩაეხვია და ზეციური ნათელით გაანათა.

– კილ, რა გჭირს, დალიე, – უთხრა დარკსმა მხიარულად, თითქმის ყვირილით, რათა ბარში მყოფთა ხმაური გადაეფარა.
კილიმ უბრალოდ თავი გააქნია და კვლავ თავის ლუდით სავსე კათხას მიაჩერდა. დარკსს ბევრი ლაპარაკი აღარ დაუწყია, უბრალოდ კილს ზურგი შეაქცია და ხალხში გაერია. დღეს მხიარულების მიზეზი ნამდვილად ჰქონდა. ბარში გაწეულ ყველა ხარჯს აბი იხდიდა, რადგან დღეს მან ყველაზე ცოტა „თეთრი“ ჩამოაგდო. ამიტომ, დარკსი ლუდს უზომოდ სვამდა. აბი კი, მიუხედავად წაგებული ნაძლევისა, მაინც მხიარულობდა დარკსთნ, მორტენთან და ბენდიქსთან ერთად. მხოლოდ კილი არ იყო მხიარულების გუნებაზე. ბარშიც ძალით წამოიყვანეს მეგობრებმა.
დღეს, ბარში ყველა მყოფი ადამიანი „დემონისა და მისი მოციქულების“ ტრიუმფს აღნიშნავდა, იქაური ჰაერიც კი გაჟღენთილი იყო სიხარულის მოტკბო არომატით.
– ხალხო, – დაიღრიალა დარკსმა, იქვე ერთ-ერთ მაგიდაზე აბობღდა და ყვირილთვე განაგრძო, – ერთი წუთით გაჩუმდით, ცოტა ხნით თქვენი ყურადღება მომაპყარით, ახლა მე მინდა, რომ ჩვენი უმამაცესი „დემონის“ სადღეგრძელო შევსვათ! – მან კილს ერთგული და პატივისცემით გაჯერებული მზერა მიაპყრო, – ის რომ არ ყოფილიყო, დღეს ჩვენ – „დემონი და მისი მოციქულები“ – საერთოდ არ ვიარსებებდით. მისი სიმამაცე რომ არა, არც მე, არც აბი, ბენდიქსი და მორტენი ცოცხალთა სიაში არ ვეწერებოდით. მაშ, გაუმარჯოს კილს, მსოფლიოს ყველა პილოტს, მებრძოლსა და ადამიანს შორის საუკეთესოს! – სიტყვა დაამთავრა თუ არა, დარკსმა სასმისი მოიყუდა და ბოლო წვეთამდე გამოცალა.
ხალხმა ერთხმად იღრიალა: „გაუმარჯოს!“ და თითოეულმა დარკსის მაგალითს მიბაძა.
კილი თავს უკვე უხერხულად გრძნობდა. სხვას შეიძლება სიამოვნებდეს ასეთი პატივი, მაგრამ კილი ასეთი ადამიანების რიცხვს არ ეკუთვნოდა. იგი წამოდგა, თავის დაკვრით ყველას დიდი მადლობა გადაუხადა, შემდეგ მოიბოდიშა და ბარიდან გამოვიდა.
საღამოს გრილმა ჰაერმა კილი გამოაცოცხლა. გადაწყვიტა ბანაკამდე მანქანით კი არა, ფეხით წასულიყო. ბნელი, ვიწრო შესახვევიდან პირდაპირ მთავარ გზაზე გავიდა და ჩრდილოეთისკენ აიღო გეზი.
ფიქრებში გართულმა ვერც კი შეამჩნია როგორ ჩამოწვა უკუნი სიბნელე. ირგვლივ ვერაფერს ამჩნევდა. მთელი დღე წუხანდელ სიზმარზე ფიქრობდა. ვერ მიმხვდარიყო, რისი ნიშანი უნდა ყოფილიყო ეს ზმანება.
ფიქრებიდან ხმაურმა გამოარკვია. მისკენ ვიღაც მოდიოდა, მაგრამ სიბნელის გამო ვერ ხვდებოდა, თუ ვინ უნდა ყოფილიყო. უცნობი ბანაკის მხრიდან მოდიოდა, ამიტომ ეგრევე გამორიცხა ის ვერსია, რომ იგი რომელიმე თავისი მეგობართაგანი იყო. სილუეტი მის წინ გაჩერდა.
– ვინ ხარ? – იკითხა კილიმ.
პასუხად უცნობმა ჩაიცინა.
კილი გაღიზიანდა. თვალები მოჭუტა, იქნებ სახე დავუნახოო. ეს ცხდა უშედეგო გამოდგა. სილუეტი ზუსტად კილის სიმაღლის და აგებულების იყო.
– მიპასუხე, ვინ ხარ? – ხმას აუწია კილიმ.
– მე შენ ვარ, – უპასუხა ცივმა, ირონიით სავსე ხმამ.
კილი დაიბნა. ეგონა, უცნობი ამასხარავებდა და რევოლვერისკენ ხელის გაპარება დააპირა, მაგრამ არ გამოუვიდა. კილი გაშრა. სხეული მას არ ემორჩილებოდა. ადგილიდანაც ვერ იძვროდა. დაყვირება მოინდომა, მაგრამ ესეც არ გამოუვიდა. გაბოროტებული მზერა კვლავ უცნობს მიაპყრო.
ცივმა ხმამ კვლავ გაიცინა.
– რაო, ვერ მოძრაობ? ხომ არ გაგიკვირდა? – ხმამ გადაიხარხარა, სილუეტის მხრები ათამაშდნენ, – ახლა კი კარგად მომისმინე, დემონო. ორ დღეში შენ და შენს მოციქულებს მოგიწევთ ბრძოლა თქვენ მტრებთან. ამ ბრძოლაში შენი მეგობრები დაიხოცებიან და შენც მოკვდები, თუ დახმარებას არ მთხოვ.
კილი გაფითრდა. რა სისულელეებს როშავდა ეს უცნობი? ყველანი დაიხოცებითო… დახმარება უნდა მთხოვოო… კილი უკვე გაგიჟების პირას იყო მისული. ერთხელ კიდე გაიბრძოლა და მოახერხა ამოძრავება. ხელი რევოლვერის ბუდეზე იკრა და გახევდა, იქ იარაღი რომ არ დახვდა. არადა, ბარიდან გამოსვლისას რევოლვერი თავის ბუდეში ჰქონდა.
– იარაღს ხომ არ ეძებ? – უთხრა სიცილით უცნობმა და ცხვირწინ რევოლვერი აუთამაშა, – გინდა დაგიბრუნო?
კილი გაცხოველებული უყურებდა იარაღს.
უცნობმა რევოლვერი დაუბრუნა. კილიმ ის ეგრევე სილუეტს დაუმიზნა და დაუღრიალა.
– ვინ ხარ?
უცნობმა ხმამაღლა გადაიხარხარა, მისი მხრები წეღანდელზე უფრო მეტად ათამაშდნენ.
კილი სულ მთლად გაცოფდა, თავს ვეღარ აკონტროლებდა.
გზაზე გამეფებული სიჩუმე რევოლვერის გასროლის ხმამ დაარღვია.
უცნობი სიცილი შეწყვიტა და დაბარბაცდა. კილის ეგონა მოვკალიო.
უცებ, სილუეტი კვლავ გაიმართა.
– შენ გგონია, ჩემი მოკვლა შეგიძლია? – თქვა იმავე ცივმა ხმამ და უფრო გულიანად ახარხარდა.
კილი გაოცებული იყო. ეგონა ყველაფერი ესიზმრებოდა. ხელზე იჩქმიტა, იქნებ გამომეღვიძოსო, მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი რეალობა იყო. მოულოდნელად, ფეხებში ძალა გამოეცალა და ჩაიკეცა.
– კარგად დაიმახსოვრე, რაც გითხარი, დემონო, – უთხრა უცნობმა და სიბნელეში შერევა დაიწყო.
– ვინ ხარ, მითხარი, – ძლივს, უღონოდ ამოღერღა კილიმ.
უცნობმა ჩაიცინა.
– დემონი ვარ, ოღონდ შენგან განსხვავებით ნამდვილი დემონი, – უთხრა კილის და ჰაერში გალღვა.
მიწაზე გართხმულ კილის მომხდარზე ფიქრი აღარ შეეძლო. ორიოდე წამში მას ისე ეძინა, თითქოს არაფერი მომხდარიყოს. მისი მშვიდი, თანაბარი სუნთქვის ხმა ფოთლების შრიალში იკარგებოდა…

ისევ ის სიბნელე ჩამოწოლილიყო კილის გარშემო. გარშემო ვერაფერს არჩევდა. კვლავ გაურკვევლობა სუფევდა ირგვლივ. ჰაერი დამძიმებულიყო და კილის სულს უხუთავდა. აბსოლუტური სიჩუმე აყრუებდა.
თითქოს ცა გაიხსნაო, მოულოდნელად კილის თავზე ჩახჩახა სინათლე აინთო, მაგრამ ადგილი, სადაც თვითონ იდგა კვლავ ბნელით იყო მოცული. უცებ, კილის გვერდზე ის სილუეტი აისვეტა, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ შეხვდა. წინა გამოცხადებისგან განსხვავებით, ახლა დემონ-უცნობს თვალები წითლად უელავდა.
– როგორც ხედავ, კილდემონო, ჩვენ შენს კოშმარში ვმიყოფებით, – დაიწყო დემონმა, – და თუ კარგად გახსოვს, ამ კოშმარს არც თუ ისე სახარბიელო დასასრული აქვს. დამიჯერე, ეს კოშმარი რეალობად გექცევა, თუ ჩემს დახმარებას არ მიიღებ. საკმარისია, მხოლოდ მთხოვო, მეტს არაფერს გთხოვ.
კილიმ მას დაფიქრებული მზერა მიაპყრო. ნუთუ მართალს ეუბნება? ნუთუ კილის და მის მეგობრებს სიკვდილი ემუქრებათ? არა, ძნელი დასაჯერებელია.
– რა გარანტია მაქვს, რომ არ მატყუებ? – ჰკითხა მან დემონს.
– არანაირი, – სიცილით უპასუხა დემონმა.
ცაში გამაყრუებელი გრუხუნი გაისმა და კილის ფიქრები შეაწყვეტინა. მან ზევით აიხედა და შავი წერტილი დაინახა. ყველაფერი მეორდებოდა. წერტილი ღრიალით მოიწევდა წინ და ნელნელა იძენდა ფორმას. ცოტა ხანში კილის შეეძლო მისი მიმართულებით მფრენი გამანადგურებლის ამოცნობა და შეცბუნდა.
– გეცნო? – ჰკითხა დემონმა სიცილით.
კილი თვალს ვერ წყვეტდა თვითმფრინავს, რომელშიც მან თავისი გამანადგურებელი ამოიცნო. შეცდომა შეუძლებელი იყო. იგივე ფორმა… იგივე ნახატები… კილი გაოცებული იყო.
– ეს, თუ არ ვცდები, შენი თვითმფრინავია, – უთხრა თითქოს-და ჩაფიქრებული ხმით დემონმა.
კილი მას ყურადღებას არ აქცევდა.
თვითმფრინავი უკვე საკმაოდ ახლო მანძილით იყო დაშორებული მისგან. კილის მოულოდნელმა სანახაობამ შიშის ზარი დასცა. პილოტის კაბინას ლუქი ახდილი ჰქონდა, ხოლო შიგნით თვითონ პილოტი ღვედების გადაჭრას ცდილობდა გამანადგურებლიდან თავის დასაღწევად, რომელიც ცოტა ხანში ალბათ ცეცხლის ალში დაინთქმებოდა და სიცოცხლეს მოუსწრაფებდა. კილიმ ამ პილოტში თავისი თავი ამოიცნო.
– ეს კი, ალბათ, შენ ხარ, – ჩაილაპარაკა დემონმა ირონიულად.
სასიკვდილო განაჩენ-გამოტანილი პილოტი მოეშვა, ფართხალი შეწყვიტა და რაღაცის ყვირილი დაიწყო. კილი ვერ ახერხებდა სიტყვების გარჩევას, პილოტის ხმას თვითმფრინავის გრუხუნი ფარავდა. თვითმფრინავი მოახლოვდა, რამდენიმე წამიც და იგი კილის დემონთან ერთად გაჭყლეტდა.
– მგონი, საკმარისია, ამჯერად რაც ნახე, არა? – უთხრა დემონმა.
უცებ ტკაცუნი გაისმა და ირგვლივ მომენტალურად ყველაფერი შავ, მძიმე წყვდიადში ჩაიძირა. კილი დემონის სისხლისფერ, მანათობელ თვალებთან აღმოჩნდა პირისპირ.
– რა მოხდა შემდეგ? – ჰკითხა კილიმ.
თვალები შეირხნენ, აშკარა იყო, რომ დემონი თავს ირონიულად აკანტურებდა.
– ეს უკვე შენზე არის დამოკიდებული, კილდემონო, – გაისმა მომღიმარი ხმა, – ახლა კი, დროა, დაბრუნდე. კარგად დაფიქრდი, რა გირჩევნია – სიცოცხლე თუ სიკვდილი?
კვლავ გაისმა ტკაცუნი და წითელი თვალები გაქრნენ. წყვდიადმა გალღობა დაიწყო. ჰაერი თითქოს ამჩატდა. კილი იღვიძებდა…

ქუთუთოები ძლივს დააშორა ერთმანეთს. ანთებული ნათურების სინათლემ თვალი მოსჭრა. ირგვლივ ხალხის სიახლოვეს გრძნობდა. თვალები რომ გაახილა, აღელვებული ხმები გაისმა.
– მადლობა ღმერთს…
– როგორ შეგვაშინე…
კილი საწოლზე წამოჯდა. ახლა უკვე ბანაკში იყო, თავის საწოლ ოთახში. ეტყობა, გონწასული ნახეს მეგობრებმა გზაზე და წამოიყვანეს. ოთახი ხალხით იყო გაჭედილი. უცებ, დარკსმა დაიღრიალა.
– აბა, ყველა გარეთ გავიდეს! ხომ ხედავთ, გონს მოვიდა.
სულ ცოტა ხანში ოთახი ხალხისგან დაიცალა და კილისთან მხოლოდ მისი ოთხი მეგობარი დარჩა. მათ შეშინებული სახეები ჰქონდათ.
– ახლა, გვითხარი, კილ, რა მოგივიდა? გონი რატომ დაკარგე შუა გზაში? – ჰკითხა აბმა, – ნამდვილად მახსოვს, რომ ბარში შენ წვეთი არ დაგილევია, ამიტომ ამ შემთხვევას სიმთვრალეს ნამდვილად ვერ მივაწერთ.
კილი ჩუმად იყო. ახლა იმაზე ფიქრობდა, ეთქვა თუ არა მეგობრებისთვის ყველაფერი, რაც კი ნახა. რომ ეთქვა, ისინი ალბათ აბუჩად აიგდებდნენ, სასაცილოდაც არ ეყოფოდათ მისი ისტორია. გადაწყვიტა, რომ ყველაფერი დაემალა მათთვის.
– სიბნელე იყო. ფეხი რაღაცას წამოვკარი და თავი დავარტყი, – მეტი დამაჯერებლობისთვის კილიმ კინკრიხოზე ხელი მოისვა, – ალბათ, მაგ დროს დავკარგე გონება.
მეგობრებმა თითქოს დამაკმაყოფილებლად ჩათვალეს მისი პასუხი. მხოლოდ დარკსი უყურებდა დამაფიქრებელი მზერით.
– და ფეხით რატომ წამოხვედი? – ჰკითხა მან.
კილი დაიბნა. არ იცოდა როგორ აეხსნა მისი წინათგრძნობის ამბავი, მაგრამ მიხვდა, რომ არც უნდოდა ამის ახსნა მათთვის.
– სუფთა ჰაერის ჩაყლაპვა მინდოდა. ბარში უჰაერობა იყო და მაგიტომ წამოვედი, – ურცხვად მოიტყუა კილიმ.
ახლა მისი მეგობრები საბოლოოდ დაკმაყოფილდნენ კილის პასუხით, მათ შორის დარკსიც.
– კარგი, კილ, ჩვენ გავალთ. გენერალს სურს შენი ნახვა, – უთხრა მორტენმა და ოთხეულმა კილი ოთახში მარტო დატოვა.
იგი საწოლზე მიესვენა. საშინლად იყო გამოფიტული.
ცოტა ხანში ოთახში გენერალი შემოვიდა. მისი მაღალი, გამხდარი, განიერმხრებიანი ფიგურა შემოსილი იყო სამხედრო ჯილდოებით და ჩინებით დაფარული ფორმით. მოკლედ შეჭრილი ჭაღარა თმა მარჯვნივ გადაევარცხნა. გამჭვირვალე, ცისფერი თვალებით კილის მისჩერებოდა. იგი საწოლს მიუახლოვდა და იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა.
– როგორ ხარ, დემონო? – ჰკითხა მზრუნველი ხმით.
– კარგად მამა, შენ როგორ ხარ? – კითხვა დაუბრუნა კილიმ.
გენერალს გაეცინა.
– მეც კარგად ვარ. გავიგე შენი პირველი დაცემის ამბავი. ეგ როგორ დაგემართა?
კილიმაც გაიცინა მამასთან ერთად, მაგრამ მისი კითხვა უპასუხოდ დატოვა.
ცოტა ხნით ოთახში დუმილი ჩამოწვა.
– შვილო, შენ დაღლილი ხარ, დასვენება გჭირდება, – წამოიწყო გენერალმა, – ერთ დღეს გაძლევ ძალების აღსადგენად. ზეგ კი, დავალებაზე უნდა გაგზავნოთ შენ და შენი მეგობრები.
კილი გაშრა. დემონის ნაწინასწარმეტყველები ნელ-ნელა უხდებოდა.
– რა დავალებაა? – ჰკითხა მამას უსიცოცხლოდ.
– ნუ, თქვენი ხუთეულისთვის ეს ჩვეულებრივი დავალებაა. ჩვენმა ჯაშუშმა ინფორმაცია მოგვაწოდა იმის შესახებ, რომ „თეთრები“ ზეგ ჩვენი ტერიტორიის დაბომბვას აპირებენ. მათი ქვეითები კი შემდეგ შემოსვლას და ჩვენ აოხრებას აპირებენ. „თეთრების“  შეჩერება კი თქვენ გევალებათ, – უთხრა მამამ უბრალოდ.
კილის სული ეხუთებოდა. საქმის ასე შემოტრიალებას ვერ წარმოიდგენდა. ნუთუ, დემონის ნათქვამი მთლიანად მართალი იყო?
– კარგი, შვილო, დაგტოვებ მარტო, – გენერალი წამოდგა, – შენ ახლა უნდა დაისვენო. ხვალინდელი დღე მთლიანად ძალების აღსადგენად გამოიყენე, – უთხრა ალერსიანად შვილს და ოთახიდან გავიდა.
კილიმ გადაწყვიტა დაეძინა, იქნებ სიზმარში დემონი ვნახოო. მართლაც, რამდენიმე წამის შემდეგ კილის ღრმად ეძინა, მაგრამ იმ ღამით მას არც დემონი უნახავს, არც ის საზარელი კოშმარი თუ წინასწარმეტყველება…

მეორე დღეს კილი ოთახიდან საერთოდ არ გასულა. ფიქრობდა, იქნებ რამე შეცდომა დაუშვეს შტაბში და ხვალ „თეთრები“ სულაც არ აპირებდნენ შემოჭრას. მაგრამ, მის ოთხაში მთელი დღის განმავლობაში არავინ შემოსულა ამ შეცდომის სახარებლად.
მთელი დღე საწოლზე იყო გაშოტილი, თვალები ჭერისთვის ჰქონდა გაშტერებული და სულ დემონის სიტყვებზე ფიქრობდა. თანდათანობით იჯერებდა მისი წინასწარმეტყველების ყოველ სიტყვას.
იქნებ, ყველაფერი თავისი მეგობრებისთვის მოეყოლა? ამით ხომ მათ სიცოცხლეებს იხსნიდა? მაგრამ, იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ მეგობრები მის მონაყოლს ან ფანტაზიის ნაყოფად ჩაუთვლიდნენ, ან ყველაფერს იმით ახსნიდნენ, რომ კილიმ წუხელ თავი ქვას ძლიერად დაარტყა.
კილი დიდხანს და უშედეგოდ ფიქრობდა…
საღამოს მეგობრებმა მოინახულეს. მხიარულად იყვნენ. მათაც იცოდნენ ხვალინდელი დავალების ამბავი და ამის გამო იყვნენ ასეთ ამაღლებულ განწყობაზე. როგორც ყველა ბრძოლის წინ, ახლაც თავდაჯერებულები და დარწმუნებულები იყვნენ გამარჯვებაში. კილი კვლავ დაფიქრდა, ვუთხრა ყველაფერი თუ არაო, მაგრამ მაინც გადაიფიქრა. არ უნდოდა მეგობრებისთვის გუნება მოეშხამა. იქნებ დემონი ატყუებდა, ან საერთოდ შეიძლება დემონიც მისი ფანტაზიის და წარმოსახვის ნაყოფი იყო.
– აბა, ხვალ ბრძოლის მერე სად წავიდეთ? – იკითხა ბენდიქსმა.
ყველამ გაიცინა კილის გარდა.
– მე ბარში წასვლაზე არ დაგთანხმდებით, – თქვა მორტენმა და თავი გააქნია.
– რატომ? – მიუბრუნდა აბი.
– იმიტომ, რომ ძალიან ხმაურიანი ადგილია, თან ისეთი ბარმენი არის მაგ ბარში, როცა ლუდს მისხამს, ასე მგონია, შხამს გაურევს. მე კი, ჯერ სიკვდილი ნამდვილად არ მსურს.
კილის ისეთი გრძნობა გაუჩნდა, თითქოს შიგ მკერდში რაღაც ჩასწყდა. იქნებ, მაინც უნდა უთხრას მეგობრებს? არა, არ ღირს. მაინც არ დაუჯერებენ.
– კილ, რა ჩუმად ხარ? ხომ არ გეშინია ხვალინდელი ბრძოლის? – სიცილით ჰკითხა მორტენმა სიცილით. იგი ამ კითხვას ყოველთვის უსვამდა ყოველი ბრძოლის წინა დღეს ხოლმე.
– უჰ, ლამის დამავიწყდა, მეთქვა… – შეიცხადა დარკსმა, – როგორც გვაცნობეს, ხვალ „თეთრებს“ წინ „შავი ანგელოზი“ გამოუძღვება.
მეგობრებს გაოცების შორისდებულისმაგვარი რამ აღმოხდათ. ხუთივემ იცოდა, თუ ვინ იყო „შავი ანგელოზი“. იგი იგივე რეპუტაციით სარგებლობდა „თეთრების“ ბანაკში, როგორითაც „დემონი“ სარგებლობდა. მის საჰაერო ბრძოლებზე ლეგენდები იყო შექმნილი. მოკლედ რომ ვთქვათ, ხვალ ჰაერში ერთმანეთს ორი ცოცხალი ლეგენდა – „დემონი“ და „შავი ანგელოზი“ – შეებრძოლებოდა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ერთმანეთს.
მეგობრები ამხნევებდნენ კილის. მათ იცოდნენ, რომ „ შავი ანგელოზის“ ჩამოგდება „დემონის“ გარდა ამქვეყნად არავის შეეძლო, ამიტომ ყველანაირად ამხნევებდნენ და აგულიანებდნენ.
ცოტა კიდევ ილაპარაკეს მომავალ ბრძოლაზე. ტრადიციისამებრ, დანაძლევდნენ, ვინც ყველაზე ცოტა „თეთრს“ ჩამოაგდებდა, ის იკისრებდა საღამოს ყველა ხარჯს.
შუაღამე იქნებოდა, როცა ოთხეული კილის ოთახიდან გაიკრიფა. მათ „დემონს“ მშვიდი ძილი უსურვეს და თავ-თავიანთი ოთახებისკენ გაემართნენ.
კილი მარტო დარჩა. მან ვერ შეძლო მათთვის ყველაფრის მოყოლა.
კიდევ რამდენიმე საათი იყო თვალდაჭყეტილი ფიქრებში გართული, შემდეგ კი ახალშობილის მშვიდი ძილით დაიძინა…

– ხედავთ? – გაისმა კილის ხმა რაციაში.
– კი, ვხედავ, – დაეთანხმა დარკსი.
დანარჩენებმაც იგივე უპასუხეს.
კილიმ ყველაზე ადრე შეამჩნია შორიდანვე შავი ღრუბლების ფონზე მათკენ მფრენი უამრავი „თეთრი“. კილის გული შეუფრთხიალდა. მიხვდა, რომ დემონის ნათქვამში იოტისოდენა ტყუილიც კი არ ერია. დღეს ისინი იხოცებოდნენ.
– მისმინეთ, – დაიწყო ლაპარაკი კილიმ, – იცოდეთ, რომ თქვენზე ძვირფასი არავინ მყავს. ძმებივით მიყვარხართ და თუ რამე მოხდა, იცოდეთ ეს.
კილი გაჩუმდა.
რაციაში დარკსის ხარხარი გაისმა.
– რა მოხდა კილ? ხომ არ შეგაშინეს თეთრებმა?
– ჰო, აბა გული რას უნდა აეჩუყებინა „დემონისთვის“? – სიცილითვე აჰყვა აბი.
დანარჩენებმაც გაიცინეს.
– კარგით, მოვრჩეთ ლაპარაკს, – თქვა კილიმ და „თეთრებს“ გახედა. ოცდაათამდე გამანადგურებელი მაინც იქნებოდა, – ახლა მთავარია ჭკუაში ვაჯობოთ. მორტენ, ბენდიქს, – თქვენ მარცხნიდან მოუვლით. აბ, დარკს, – თქვენ კი მარჯვნიდან. მათ მოწინავეებს მე ჩამოვყრი.
მეგობრებმა მოიწონეს მეთაურის სტრატეგია. მათ გულში კილის თავგანწირულობამ ბრძოლის ჟინი კიდევ უფრო გააღვივა და მთელი სიჩქარით გაფრინდნენ „თეთრებისკენ“.
კილის ყველაფერი დაავიწყდა: დემონის ნათქვამიც და ისიც, რომ ამ ბრძოლაში ხუთივეს სიკვდილი ელოდათ.
„დემონი და მისი მოციქულები“ „შავი ანგელოზისკენ“ და „თეთრებისკენ“ ბგერის სიჩქარით მიფრინავდნენ. ხუთეული სამ ნაწილად გაიყო და კილის გეგმის შესრულება დაიწყეს. მორტენმა და ბენდიქსმა „თეთრებისთვის“ მარცხნიდან შემოვლა დაიწყეს, აბმა და დარკსმა კი მარჯვნიდან. კილიმ ერთი „თეთრი“ მონიშნა თავისი მახვილი მზერით და პირდაპირ მისკენ გაქანდა.
ბრძოლა დაიწყო.
კილის ტყვიამფრქვევი გამალებით მუშაობდა. რამდენიმე გასროლის შემდეგ პირველი „თეთრი“ გაეხვა ცეცხლში და ალმოდებული გაექანა ხმელეთისკენ. კილი ახლა მეორე „თეთრს“ გამოუდგა.
– როგორ არის თქვენთან საქმე? – იკითხა რაციაში.
– მე და აბმა ერთი უკვე ჩამოვაგდეთ, – გაისმა დარკსის აღგზნებული ხმა, – შენთან რა ხდება?
– მეც ერთი მყავს ჩამოგდებული, – უპასუხა კილიმ, – მორტენ, როგორ გაქვთ საქმე?
ცოტა ხნით დუმილი ჩამოვარდა.
– მორტენ! – გაიმეორა უფრო ხმამაღლა კილიმ. ამასობაში მან მეორე „თეთრი“ გაისტუმრა საიქიოს.
– ბენდიქსს „ანგელოზი“ მისდევს! – გაისმა რაციაში მორტენის შეშინებული ხმა.
ამ ამბავმა მეგობრებს შიშის ზარი დასცა.
– მე ვეღარაფრით ვშველი, – დაიყვირა გამწარებულმა მორტენმა.
– მგონი ჩამოვიშორე, – გაისმა რაციაში ბენდიქსის უშფოთველი ხმა.
ბენდიქსის ხმის გაგონებამ ყველას შვება მოჰგვარა.
– სად არის ახლა? – ჰკითხა კილიმ.
– არ ვიცი, მე ვეღარ ვხედავ. ალბათ… – ბენდიქსს სიტყვა არ დაუმთავრებია, რომ მისი და მეგობრების გამანადგურებლებს შორის კავშირი მოულოდნელად გაწყდა.
რაციაში მორტენის ყმუილისმაგვარი ხმა გაისმა. დანარჩენები დუმდნენ.
კილიმ სიმწრისგან მხოლოდ კბილები გააღრჭიალა. ყველამ იცოდა, თუ რას ნიშნავდა ყოველივე ეს. ბენდიქსი აღარ იყო.
უკვე მესამე „თეთრი“ ჩამოაგდო. მათ კი თითქოს ბოლო არ უჩანდათ.
– „შავი ანგელოზი“ ახლა მე გამომიდგა! – შეშინებულმა დაიყვირა მორტენმა.
– დაწყნარდი, ახლავე მოვალ და მოგეშველები, – უთხრა კილიმ და მარცხნივ აიღო გეზი, სადაც სასიკვდილოდ განწირული მეგობარი ეგულებოდა.
– არ მინდა სიკვდილი! – ყვიროდა ცრემლნარევი ხმით მორტენი, – არ მინდა…
კავშირი გაწყდა…
ახლა უკვე კილიმ დაიღრიალა დაჭრილი მხეცივით.
– კილ, ჯობია თავი მოთოკო, ჯერ კიდევ ბევრი თეთრი გვყავს ჩამოსაგდები, – გაისმა რაციაში დარკსის ჩუმი, დამწუხრებული ხმა.
კილი დაფიქრდა. დარკსი მართალი იყო, ახლა გრძნობებზე აყოლა უგუნურება იქნებოდა. ჯერ მტერი უნდა გაენადგურებინა.
– რა ხდება თქვენთან? – იკითხა კილიმ ძალაგამოცლილი ხმით.
– ჩვენ უკვე შვიდი „თეთრი“ ჩამოვაგდეთ, – გაისმა პასუხად აბის მშფოთვარე ხმა.
– მაგრამ, მაინც ბევრნი არიან… – თითქოს აბის აზრი დაასრულაო, ისე ჩაილაპარაკა დარკსმა ჩუმად.
კილის ამ დროისთვის უკვე ხუთი მტრის თვითმფრინავი ჩამოეგდო. გადაწყვიტა იქით წასულიყო, სადაც „შავი ანგელოზი“ ეგულებოდა და გზად ყველა შემხვედრი „თეთრი“ ჩამოეგდო. ასეც მოიქცა.
რამდენიმე წუთში სამი „თეთრი“ გამოთიშა ბრძოლას და გაშლილ, ცარიელ სივრცეში აღმოჩნდა. „შავი ანგელოზი“ არსად ჩანდა.
– კილ, „შავი ანგელოზი“ დავინახეთ! – გაისმა დარკსის ოდნავ შეშინებული ხმა.
„დემონმა“ თავის გამანადგურებელს გეზი მარჯვნივ ააღებინა. შურისძიების წყურვილი კლავდა.
– მე მომსდევს! – დაიყვირა რაციაში შეშინებულმა აბმა.
– გამაგრდი, სანამ მე მოვალ, დარკსი მოგეხმარება, – შეუძახა კილიმ და თვითმფრინავი მათკენ მთელი სიჩქარით მიმართა.
ათიოდე წამში დაინახა აბის და დარკსის თვითმფრინავები. დარკსი „თეთრებს“ ბოლო ძალებით იგერიებდა, ხოლო აბი თეთრი, შავფრთებიანი გამანადგურებლისგან თავის დახსნას ცდილობდა.
– ძრავა ამიფეთქეს! – დაიღრიალა დარკსმა, – ვვარდები!!!
კილიმ შეშინებულმა გახედა და დაინახა ნაცნობი, შავ კვამლში გახვეული მეგობრის თვითმფრინავი, რომელიც მთელი სიჩქარით ეშვებოდა ქვევით. ხსნა აღარსად ჩანდა.
– კილ! – გაისმა დარკსის უსიცოცხლო ხმა რაციაში, – შენ უნდა მოიგო ეს ბრძოლა! ჩვენი გულისთვის…
ხმა გაწყდა. კილი იმ გამანადგურებლის ალმოდებულ ნარჩენებს ჩასცქეროდა, რომელშიც ცოტა ხნის წინ მისი ერთგული მეგობარი იჯდა.
კილიმ აბისკენ გაიხედა და სანახაობამ, რომელიც იქ დახვდა, ლამის ჭკუიდან შეშალა. მთლიანად ცეცლში გახვეული თვითმფრინავი ქვევით ეშვებოდა.
– აბ! – დაიღრიალა კილიმ.
პასუხი არ იყო.
-აბ!
პასუხი კვლავ არ იყო.
– ააააააააააააააააბ! – გამძვინვარებულმა კილიმ დემონურად დაიღრიალა.
პასუხი ისევ და ისევ არ იყო. აბიც აღარ იყო.
კილიმ თვალი მოკრა ყველაზე საძულველ გამანადგურებელს – „შავ ანგელოზს“, რომელსაც პირდაპირ მისკენ აეღო გეზი.
გაბოროტებულმა პირდაპირ მისკენ გააქანა თვითმფრინავი. სიძულვილისგან თვალთ დაუბნელდა, თითქოს შავი გაუმჭვირვალე ფარდა ჩამოაფარესო. ყურებში სისხლი უშხუოდა, ხელ-ფეხში ძალა გამოეცალა.
ცოტა ხანში კვამლის მწარე, მახრჩობელა არომატმა გამოაღვიძა. მხედველობა და ყველა სხვა დაუბრუნდა და დაინახა, თუ როგორ მიექანებოდა პირდაფჩენილი სიკვდილის ხახაში. „შავმა ანგელოზმა“ დაამარცხა „დემონი და მისი მოციქულები“. აღსასრული მოახლოვდა და მასთან ერთად მეგობრებთან შეხვედრის დროც.
ხმელეთზე ხალხი ირეოდა. უამრავი თეთრ-ფორმიანი ადამიანი ჭიანჭველასავით დაფუთფუთებდა ქვევით და იქით მიიწევდნენ, სადაც წესით კილის ბანაკი იყო.
პილოტის კაბინა კვამლით გაივსო. ცოტაც და კილი გაიგუდებოდა. მან ლუქი გააღო და კაბინა ჰაერით გაივსო. სასიცოცხლო ძალები დაუბრუნდა. იქნებ კიდევ შეიძლება გადარჩენა? მან ღვედების გახსნა სცადა, რომლებითაც იგი სავარძელზე იყო მიჯაჭვული, მაგრამ უშედეგოდ. მოეშვა. ბრძოლას აზრი აღარ ჰქონდა. იგი კვდებოდა. „დემონი“ იღუპებოდა.
დემონი!!!
მგონი, დროა დემონს დახმარება სთხოვოს.
– დემონო!!! დამეხმარე!!! გთხოვ!!!
ხმელეთამდე ორმოცდაათიოდე მეტრი-ღა რჩებოდა. დემონი კი არ ჩანდა. კიდევ ერთხელ დაიღრიალა. მიწაზე მისი გამანადგურებლის ჩრდილი გამოიკვეთა. დამფრთხალმა ხალხმა გაფანტვა დაიწყო.
„ბენდიქს, მორტენ, დარკს, აბ, მოვდივარ…“ – გაიფიქრა კილიმ.
„დემონი“ გამაყრუებელი ჭახანით დაენარცხა მიწას…

– ეს ბოლო იყო? – იკითხა თეთრების გენერალმა და „დემონის“ თვითმფრინავზე მიუთითა საჩვენებელი თითით.
– დიახ, ბატონო გენერალო, – მოახსენა ჯარისკაცმა.
– ტერიტორია ჩვენებმა უკვე გაწმინდეს, არა?
– დიახ, უკვე გაწმენდილია, ბატონო გენერალო.
– მაშინ, დაიწყეთ მოქმედება!
ეს ბრძანება სწრაფად მოედო ჯარს. თითოეული ჯარისკაცი მწყობრში მოექცა და ნიშანს დაუწყო ლოდინი. გენერალი მათ წინ დადგა, შემაღლებულ ადგილზე. ხმის ჩასაწმენდად ჩაახველა.
– დღეს, – მიმართა მან ჯარს, – თქვენ უნდა ასახელოთ თქვენი სამშობლო. დღეს თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი წინაპრების სახელი. დღეს თქვენ უნდა იომოთ! დღეს თქვენ უნდა გაიმარჯვოთ! – შემდეგ მან ცეცხლმოკიდებული, კვამლში გახვეული „დემონისკენ“ გაიშვირა ხელი, – თქვენ მათ არ უნდა მისცეთ უფლება, რომ შეგილახოთ თავმოყვარეობა. თქვენი თეთრი ფორმა თქვენი სამშობლოს სიწმინდის სიმბოლოა! ამიტომ, ნუ მისცემთ მათ უფლებას, შელახონ თქვენი სამშობლოს ღირსება!!!
მეომრებმა ღრიალი მორთეს. მათ იგრძნეს გენერლის წარმოთქმული სიტყვის ნამდვილი ძალა. ისინი ერთად ახლა შეუჩერებელ ტალღას წარმოადგენდნენ. ადგილიდან დაძვრას აპირებდნენ, მაგრამ მოულოდნელმა შემთხვევამ მათი წინსვლა შეაფერხა.
იქ, სადაც „დემონის“ გამანადგურებელი დაეცა, ახლა ცეცხლოვანი სვეტი აღმართულიყო, რომლის თავიც თითქოს ცას ებჯინებოდა. ჯარისკაცები შიშით შესცქეროდნენ ამ მოვლენას.
– ეს რა ჯანდაბაა? – იკითხა გაოცებულმა გენერალმა.
– არ ვიცი, ბატონო გენერალო, – უპასუხა მის გვერდით მდგარმა არანაკლებ გაოცებულმა ოფიცერმა.
წვიმა დაიწყო, ცეცხლის სვეტი კი შეუპოვრად, შეუდრეკლად იყო აღმართული. მის მწველ ენებს თითქოს წყალი საერთოდ არ ეხებოდათ. ხალხი შეშინდა ამ სანახაობით.
– დროზე, წყლით ჩააქრეთ ეს რაღაც, – ბრძანება გასცა გენერალმა. სიტყვა „რაღაც“ მან შიშით წარმოთქვა.
ჯარისკაცები დაფაცურდნენ, სათლები წყლით აავსეს და ცეცხლისკენ გაემართნენ და ის იყო ჩაქრობა უნდა დაეწყოთ, რომ მოხდა საოცარი რამ. როგორც კი ისინი სვეტს სამ მეტრზე მიუახლოვდნენ, მან გაფართოება დაიწყო, ხოლო ჯარისკაცების უკან მიწა თითქოს უფსკრულში ჩაინთქა და ამ ფართო ნაპრალმა წრის ფორმა მიიღო. ცეცხლოვანი სვეტი ნელ-ნელა ფართოვდებოდა და მეომრებს დაწვით ემუქრებოდა, ხოლო მათ უკან დასახევი გზა არ ჰქონდათ, რადგან ნაპრალი იმდენად გაფართოვდა, რომ შეუძლებელი იყო მისი გადალახვა.
სხვა ჯარისკაცები ამ სანახაობას ხმაგაკმენდილები, შეშინებულები უყურებდნენ. ისინი, კი ვინც ნაპრალს იქით, ცეცხლის სვეტის პირისპირ აღმოჩნდნენ, პანიკაში ჩავარდნენ და აქეთ-იქით დარბოდნენ. ხსნა არსად ჩანდა.
ცეცხლის ენებსა და ნაპრალის ნაპირს შორი თითქმის ერთმი მეტრი-ღა იყო დარჩენილი, როდესაც ერთი ჯარისკაცი უფსკრულში გადახტა, ტანჯვით სიკვდილს ისევ ეგეთი სიკვდილი არჩია, მაგრამ აქ კიდევ უფრო დიდი საოცრება მოხდა. მისი ჩახტომიდან ორი წამი იქნებოდა გასული, როდესაც ნაპრალიდან აგონიაში ჩავარდნილი ადამიანის კივილი გაისმა, რომელიც მალევე მიწყდა და შემდეგ უფსკრულიდან წითელი ცეცხლის ენები ამოიჭრა. ცეცხლი ახლო მახლო ყველაფერს მოედო, ის ჯარისკაცები, რომლებიც ნაპრალს იქით აღმოჩნდნენ, რამდენიმე წამში ფერფლად იქცნენ.
შეშინებული, დაპანიკებული ხალხი აქეთ-იქით  გაიფანტა, ეშინოდათ ცეცხლი ჩვენც არ მოგვწვდესო.
უცებ, ცეცხლმა უკან დახევა დაიწყო. იგი მინელდა და ნელ-ნელა მისი მასშტაბებიც შემცირდა. იგი დაპატარავდა და ადამიანის ფორმა მიიღო. ჯარისკაცები და გენერალი პირდაღებულები შესცქეროდნენ ცეცხლოვან ადამიანს.
თუ, მკითხველო, მცირედი ლოგიკა მაინც გაგაჩნია, მიხვდები, რომ ეს კილდემონი იყო. ცეცხლის ფიგურისა და თავის ფონზე ფონზე შავი, დემონურად დაფჩენილი პირი და ბოროტად აელვარებული სისხლისფერი თვალები მოუჩანდა.
კილდემონმა ხელები ცისკენ აღმართა. წვიმა შეწყდა. გენერალმა და მისმა ჯარისკაცებმა თავის შველა გადაწყვიტეს და დაიფანტნენ, მაგრამ გაქცევაში ხელი კიდევ ერთმა მოულოდნელობამ შეუშალა. უცებ, კილდემონმა ტაშის შემოკვრის მაგვარი რამ გააკეთა, რამაც გამაყრუებელი გრუხუნი გამოიწვია. მიწამ შლა დაიწყო. ხალხმა ღრიალი დაიწყო, აღარ იცოდნენ როგორ დაეღწიათ თავი ამ ჯოჯოხეთისთვის. ყველაზე უარესი კი წინ ჰქონდათ.
კილდემონმა პანიკაში ჩავარდნილ ჯარს ანთებული, აღგზნებული მზერა მოავლო, შემდეგ ცას ახედა, ხელები კვლავ მაღლა აღმართა და საშინელი ხმით დაიღრიალა. მიწისძვრა შეჩერდა. ხალხს ეგონა. მგონი გვეშველაო. მარტო გენერალი არ ფიქრობდა იგივეს. მას გული უგრძნობდა, რომ წინ რაღაც საშინელი რამ ელოდათ.
ცაზე შექუჩული ღრუბლები კიდევ უფრო ჩაშავდნენ. მათ შორის პატარა ნაპრალი გაჩნდა, რომელშიც მზის სხივმა გამოაღწია და კილდემონი გაანათა. მან კიდევ ერთხელ დაიღრიალა. კოკისპირული წვიმა დაიწყო. რამდენიმე წამის შემდეგ მთელი ჯარი გალუმპული იდგა კილდემონის გარშემო.
– არაფრის სუნი არ გცემს?
– რა უცნაური სუნია…
– რა ხდება?
ისმოდა შეშინებული ხმები მეომრებს შორის.
უცებ ჰაერი ვიღაცის კივილმა გააპო.
– ეს ბენზინია! ციდან წყლის მაგივრად ბენზინის წვეთები მოდის! – მორთო ვიღაცამ ღრიალი შუაგულ ჯარში.
ხალხი აფუთფუთდა. ყველა ხვდებოდა, თუ რას ნიშნავდა ეს. კილდემონი მათ ცოცხლად დაწვას უპირებდა. მათი აღსასრული მოახლოვდა.
გენერალი პანიკაში აღარ ჩავარდნილა. ის თითქოს შეეგუა რეალობას. აღარ იბრძოდა თავის გადასარჩენად, რადგან იცოდა, რომ ეს შეუძლებელი იყო. მის წინ თვით ხორცშესხმული სატანა იდგა, უფრო სწორად ცეცხლშესხმული. იგი ხედავდა კილდემონის აელვარებულ, სისხლმოწყურებულ წითელ თვალებს. ისიც დაინახა, თუ როგორ მოეღრიცა პირი სიამოვნებისგან, როდესაც პანიკაში ჩავარდნილი ხალხი დაინახა.
კილდემონმა კიდევ ერთხელ დაიღრიალა. ამჯერად ციდან ცეცხლის წვიმა წამოვიდა. მეომრები აალდნენ. ირგვლივ ისმოდა ტირილი, კივილი, ყვირილი. აუტანელი ტკივილისგან და დამწვრობებისგან დაკრუნჩხული სხეულები აქეთ-იქით გორავდნენ. მათ შორის კი კილდემონი იდგა, რომელიც ამ სანახაობის ცქერისგან მიღებულის სიამოვნებისგან თავბრუ ეხვეოდა. მან გაიმარჯვა.
ცოტა ხანს კიდევ გაგრძელდა ცეცხლოვანი წვიმა, შემდეგ კი შეწყდა. შავი ღრუბლები ჰაერში გალღვნენ.
კილდემონს ფეხი მოეკვეთა და ჩაიჩოქა. ირგვლივ უამრავი გვამი იყო. უამრავი მტერი ამოხოცა. ახლა რა აზრი ჰქონდა მის სიცოცხლეს? – არანაირი. მისი მეგობრები მკვდრები იყვნენ.
მოულოდნელად, მის გვერდით მაღალი, გამხდარი ფიგურა აისვეტა. კილიმ ახედა და დემონი იცნო.
– მშვენიერი საქმეები დაგიტრიალებია, კილდემონო, – ჩაიცინა ახალმოსულმა.
დუმილი ჩამოვარდა.
– აღარ მინდა სიცოცხლე, – ჩაილაპარაკა კილიმ.
დემონმა გაოცებულმა დახედა.
– რაო? აბა, რატომ მთხოვე დახმარება?
– მე… მე… უბრალოდ შურისძიება მინდოდა. ახლა, კი, სიცოცხლის სურვილი საერთოდ აღარ მაქვს, – თავი ჩახარა კილიმ.
– ცუდია… – თავი გააქნია დემონმა, – ნამდვილად ცუდია. დარწმუნებული ხარ შენ გადაწყვეტილებაში?
კილდემონმა თავი დაუქნია.
– მაშინ, – დემონმა თითები გაატკაცუნა, – დატკბი უკანასკნელი წამებით. ეს ცეცხლი ცოტა ხანში ჩაქვრება, – მან იმ ალზე მიუთითა, რომელშიც თვითონ კილი იყო გახვეული, – ხოლო, მასთან ერთად შენი სიცოცხლეც დასრულდება.
კვლავ დუმილი ჩამოვარდა.
– სამწუხაროა, – ჩაილაპარაკა დემონმა და ჰაერში გალღვა.
კილდემონმა ტანზე დაიხედა. ცეცხლი, მართლაც, ნელ-ნელა ქვრებოდა.
ცოტა ხანში აბს, ბენდიქსს, მორტენს, და დარკსს ნახავდა. ისევ წავლენ ერთად ბარში, ისევ ჩამოაგდებენ „თეთრებს“, ისევ დადებენ სულელურ ნიძლავებს…
აჰ… როგორ დაიღალა…
მიწაზე გაწვა. ცეცხლის ალი მხოლოდ გულის ადგილზე შერჩენოდა და ნელ-ნელა სუსტდებოდა. ქარმა დაუბერა და ცეცხლიც ჩაქვრა…
კილდემონის უსულო სხეული მზის სხივების შარავანდედში გაეხვა და ზედ ნაზი სიო დასთამაშებდა…

……
– გომენ!
– გისმენთ, მესიე…
– ხომ ნახე ყველაფერი?
– დიახ, მესიე…
– ჰოდა, არ გაგიჭირდება „შავი ანგელოზის“ მოძებნა…

მორჩა
8.07.11-10.07

საავტორო უფლებები დაცულია ® ჯარჯი ჩარკვიანი

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s