სხვა

ბიძინა ივანიშვილის განცხადება


ქართველმა ბიზნესმენმა, ბიძინა ივანიშვილმა ახალი პარტიის შექმნის შესახებ ვრცელი განცხადება გაავრცელა, რომელსაც ”ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ: ”მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელისუფლების ტოტალურმა მონოპოლიზებამ და ჩატარებულმა კონსტიტუციურმა ცვლილებებმა, რომელთა მიხედვითაც ნათლად ვლინდება სააკაშვილის სურვილი , ყველანაირი კონსტიტუციური ვადის ამოწურვის მიუხედავად, შეინარჩუნოს ძალაუფლება და დარჩეს ხელისუფლების სათავეში, მიმაღებინა გადაწყვეტილება, შევქმნა პოლიტიკური პარტია და მონაწილეობა მივიღო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

სააკაშვილის მმართველობის დროს დაშვებული იყო (და დღემდე გრძელდება) ისეთი უამრავი პატარა, დიდი და მიუტევებელი შეცდომები, რომ მის ადგილზე ნებისმიერი საღად მოაზროვნე და გონიერი პოლიტიკოსი ვადაზე ადრე წავიდოდა პოლიტიკიდან და პატიებას სთხოვდა თავის ხალხს.

პოლიტიკოსი, რომელიც პატივს სცემს საკუთარ ქვეყანას, თავის ხალხს ან ელემენტარული თავმოყვარეობა მაინც გააჩნია, გააცნობიერებდა, რომ ლეგიტიმური გზით პოლიტიკაში დარჩენა შეუძლებელია და არ შეეცდებოდა კანონიერების ჩანაცვლებას: პირველი _ ძალადობით და მეორე _ სიცრუით.

I _ საგადასახადოს, პროკურატურის და სასამართლოს გამოყენებით ქართულ ბიზნესზე ისეთი გაუგონარი ძალადობა განხორციელდა, რომ საქართველოში, პრაქტიკულად, თავისუფალი ბიზნესი აღარ არსებობს _ მას სააკაშვილის ჯგუფი, შესაბამისი ფინანსური შემოსავლებით, მთლიანად აკონტროლებს; ნორმად გახდა დემონსტრაციების აგრესიული დარბევა, მონაწილეების დაუზოგავად, უმოწყალოდ ცემა და დევნა, ხოლო 26 მაისის აქციის დარბევის შემდეგ არიან მოკლულები და დაკარგულები; საოცრად გამარტივდა ხალხის დაჭერა და ეგრეთ წოდებული საპროცესო გარიგებით _ ფულის გადახდის შემდეგ გამოშვების პროცესი. დაჭერების  ამ მეთოდმა საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი უკიდურესად დააშინა და არნახული სიღარიბის ზღვართან მიიყვანა.

II _ დამთრგუნველია ყველა იმ სიცრუის მოსმენა, რაც საინფორმაციო საშუალებებიდან მოედინება. ყოველდღიური ტრაბახი და ტყუილების კორიანტელი სააკაშვილის მიღწევების შესახებ უაღრესად შეურაცხმყოფელია. აღმაშფოთებელია, რომ სააკაშვილი საზოგადოებას ასეთი დონის ბრიყვად მიიჩნევს. ქვეყნის პრეზიდენტის მიერ შექმნილი სიცრუის მანქანა არათუ ჩვეულებრივ მოქალაქეს, პროფესიონალ ანალიტიკოსსაც კი უძნელებს თეთრის შავისაგან გარჩევას. სიცრუის ქსელში ჩართულმა ფსევდოოპოზიციურმა პოლიტიკოსებმა, პარტიებმა და საინფორმაციო საშუალებებმა ისეთი გარემო შექმნეს, რომ საზოგადოების პოლიტიკურად ყველაზე აქტიურ ნაწილსაც კი პოლიტიკის მიმართ უნდობლობა გაუჩინეს და საბოლოოდ დააკარგინეს არჩევნების გზით რაიმეს შეცვლის იმედი.

რა თქმა უნდა, ყოველივე ეს შეუძლებელი იქნებოდა საინფორმაციო საშუალებების ტოტალური კონტროლის გარეშე. ყველა ტელევიზიას, მათ შორის “მაესტროს” და “კავკასიას”, სააკაშვილი აკონტროლებს. დასახელებული ტელეარხები სპეცდანიშნულების ფსევდოოპოზოციურ მედიასაშუალებებს წარმოადგენენ.

“მაესტრო” და “კავკასია” ძირითადად თბილისს მოიცავენ. მოგეხსენებათ, რომ დედაქალაქში ხალხი ყველაზე მეტად არის ინფორმირებული, ამ ორი ტელევიზიის გარეშეც თბილისელების დიდმა ნაწილმა კარგად იცის, თუ როგორია რეალობა; რასაკვირველია, გარდა იმ თბილისელებისა, ვინც პირდაპირ კავშირშია სააკაშვილის მთავრობასთან (მუშაობენ ან რაიმე სახის დაფინანსებას ღებულობენ), მას დედაქალაქში პრაქტიკულად მხარდამჭერი არ ჰყავს. შესაბამისად, ის კრიტიკა, რომელიც ამ ტელევიზიების საშუალებით ხორციელდება, სააკაშვილს ბევრს არაფერს აკლებს, სამაგიეროდ, რამდენიმე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს:

_ არსებობს ტრიბუნა, სადაც ფსევდო თუ რეალურ ოპოზიციას სისტემატურად შეუძლია საკუთარი პოზიციის გამოხატვა და სააკაშვილის კრიტიკა. პოლიტიკოსებთან ერთად, გამწარებულ მოქალაქეებსაც ეძლევათ საშუალება, ტელეფონის მეშვეობით მიიღონ მონაწილეობა მთავრობის საქმიანობის შესახებ მომზადებულ კრიტიკულ გადაცემებში და თავისი გულისწყრომა გამოხატონ _ მოკლედ რომ ვთქვათ, ორთქლი გამოუშვან: ეს მათ გარკვეულწილად აგრესიისგან ათავისუფლებს და ამცირებს სხვა ხერხების (ქუჩა და სხვა) გამოყენების აუცილებლობას.

_ საქართველოს მოქალაქეებსა და უცხოელებს მუდმივად შეახსენებენ, რომ საქართველოში არსებობს ორი ოპოზიციური ტელევიზიაა, სადაც მუდმივად აკრიტიკებენ მთავრობას და ამით სურთ, საქართველო დემოკრატიისა და აზრის თავისუფლების სავანედ წარმოაჩინონ.

_ ფსევდოოპოზიციური პოლიტიკოსისა თუ პარტიის “რასკრუტკა” (წარმოჩენა, ხელშეწყობა, გაპიარება).

_ რეალური ოპოზიციის კრიტიკა სასურველ დროს სასურველი კუთხით (მაგალითად _ ფსევდოოპოზიციონერისგან);

_ სპეციალური ინფორმაციის `სწორად~ და დროულად მიწოდება.

_ 26 მაისის მოვლენების დროს “მაესტროს” საკმაოდ ბევრ ეპიზოდში აშკარად “აღარ ეცალა” ოპოზიციონერობისთვის, ზოგჯერ კი ამის პრეტენზიაც კი არ ჰქონდა.

_ 26 მაისის მსგავს და უფრო მწვავე სიტუაციებში, ეს ორი ტელევიზია ზუსტად ისე მოიქცევა, როგორც სააკაშვილისთვის იქნება მოსახერხებელი და ხელსაყრელი. ამიტომაც, ეს ორი ფსევდოოპოზიციური ტელევიზია, ჩემი აზრით, სააკაშვილისთვის უფრო მეტად ეფექტურია, ვიდრე სხვა დანარჩენი (ამ თემასთან დაკავშირებით იხილეთ ჩემი ცალკე განცხადება ტელევიზიის შეძენის შესახებ აქვე, ძირითადი განცხადების შემდეგ).

საბედნიეროდ, საქართველოში არსებობს რეალური ოპოზიციაც, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებისა და კიდევ სხვა არაერთი მიზეზის გამო, არ ძალუძთ, სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიონ სააკაშვილსა და მის ნაციონალურ პარტიას. შესაბამისად, დღევანდელი გადასახედიდან, სააკაშვილს თითქმის გარანტირებული აქვს აიხდინოს თავისი ოცნება _ მუდმივად დარჩეს ხელისუფლებაში.

სააკაშვილს ვერ გაუცნობირებია მთავარი: ამ მეთოდებით _ ძალადობითა და სიცრუით, რითაც ის ქვეყანას მართავს, რაც უფრო დიდხანს დარჩება სახელმწიფოს სათავეში, მით უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს ქვეყანას და რასაკვირველია, მით უფრო მძიმე იქნება მისი პირადი ხვედრიც _ ისტორიაში ამის უამრავი მაგალითი არსებობს, საამისოდ უახლესი პერიოდის გახსენებაც კი საკმარისია.

2008 წლის გაყალბებული არჩევნების შემდეგ მე მივიღე გადაწყვეტილება, დახმარება გამეწია ოპოზიციური ძალებისთვის და სწორი არჩევნის გასაკეთებლად სერიოზულ დაკვირვებას ვაწარმოებდი, თუ ვის და როდის დავხმარებოდი.

დავრწმუნდი, რომ პირადი მონაწილეობის გარეშე ძალიან გაჭირდებოდა საჭირო შედეგის მიღება, ამიტომაც გადავწყვიტე, გარკვეული დროის განმავლობაში, დაახლოებით 2-3 წელი, პირადად გავუწიო კოორდინაცია შემდეგ პოლიტიკურ პროცესებს:

_ ჩემ მიერ შექმნილი ახალი პოლიტიკური პარტიისა და არსებული ჯანსაღი პოლიტიკური ძალების გაერთიანებით მოვახდინოთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების აბსოლუტური უმრავლესობით მოგება.

_ გავარკვიოთ და ხალხთან ერთად შევიმუშაოთ ქვეყნის მართვის ოპტიმალური მოდელი, მოვახდინოთ ისეთი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომ მომავალში არათუ საშუალება, სურვილიც კი არ გაუჩნდეს ვინმეს, რომ კონსტიტუცია საკუთარ თავს მოარგოს.

_ პრემიერის ან პარლამენტის თავმჯდომარის რანგში მონაწილეობა მივიღო ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაში და პასუხისმგებლობა ვიკისრო მის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, რათა ბოლომდე აღმოიფხვრას ისეთი მასშტაბის ელიტარული კორუფცია, რომელშიც სააკაშვილის ახლანდელი მთავრობის მაღალი ეშელონებია ჩაფლული.

_ დავიწყოთ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა და იგი შეუქცევად პროცესამდე მივიყვანოთ.

_ პერსპექტიული გავხადოთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე ქართული სახელმწიფოს იურისდიქციის აღდგენა.

_ შევქმნათ რეალურად საინტერესო საინვესტიციო გარემო და ერთი ჯგუფის მიერ მონოპოლიზებული ბიზნესის ნაცვლად, საფუძველი ჩავუყაროთ ქვეყანაში ბიზნესის აღორძინებას.

_ ბოლომდე მივიყვანო დაწყებული პირველი პროექტი, რომელიც სოფლის მეურნეობის აღორძინებას ეხება (იხილეთ სქოლიო #1) და რეალობას დავუახლოო მეორე პროექტი _ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებისა და მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ. (იხილეთ სქოლიო #2)

_ დავიწყოთ რუსეთთან ურთიერთობის დალაგება.

_ გავაღრმაოთ აშშ-სა და ევროკავშირთან მეგობრობა და ინტეგრაცია…

სრულ და დაზუსტებულ ჩამონათვალს, თუ რის გაკეთებას ვაპირებ, საზოგადოება მომავალი პარტიის პროგრამაში იხილავს.

ჩემი აზრით, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარებას დაახლოებით ორიდან სამ წლამდე დასჭირდება. ამის შემდეგ მე ვაპირებ წავიდე პოლიტიკიდან, რათა აქტიური მონაწილეობა მივიღო ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებასა და მის განვითარებაში.

თუ გავიხსენებთ ჩვენს უახლოეს ისტორიას, სამი პრეზიდენტიდან პირველი ორი ვადაზე ადრე ჩამოვაგდეთ, ხოლო მესამეს შეუძლია, ქვეყანა კატასტროფამდეც კი მიიყვანოს _ მარტივი გასაგები და ასახსნელია, რომ პრობლემა პრეზიდენტებში კი არა, საზოგადოებაშია. უნდა ვაღიაროთ, რომ უძველესი კულტურის საზოგადოება დღეს პოლიტიკური კულტურის ნაკლებობას განიცდის (?!).

ჩვენ _ საზოგადოებამ უნდა ვისწავლოთ, როგორ უნდა ავირჩიოთ და უფრო მნიშვნელოვანი _ როგორ ვაკონტროლოთ სახელმწიფოს მეთაური და მისი მთავრობა. (გაიხსენეთ, სააკაშვილი არჩევნების პერიოდში ჰალსტუხს თხოულობდა თანაპარტიელებისგან, არჩევნების შემდეგ, პირველ ეტაპზე, საერთო რეისებით დაფრინავდა… დღეს კი აბსოლუტურად ყველაფრის უფლებას აძლევს საკუთარ თავს და არავითარ ანგარიშს აღარ უწევს ქართველ საზოგადოებას).

უახლოეს მომავალში ჩვენ უნდა შევძლოთ და ჩამოვაყალიბოთ სამოქალაქო საზოგადოების ის კრიტიკული მასა (რის განვითარებასაც შემდგომში წლები და ათწლეულები დასჭირდება), რომელსაც ნებისმიერმა მთავრობამ ანგარიში უნდა გაუწიოს და იმის გაფიქრების სურვილიც კი არ გაუჩნდეს, რასაც სააკაშვილის დღევანდელი მთავრობა კადრულობს.

საწყისი მუხტის შესაქმნელად, აუცილებელ პირობად მიმაჩნია რეალურად ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი საინფორმაციო ცენტრი (ტელევიზია, რადიო, გაზეთები, ინტერნეტგამოცემები), რომლის შექმნასაც, პოლიტიკური მოღვაწეობის პარალელურად, მე ზემოთ ნახსენებ ორ-სამ წელიწადში მოვახერხებ. ინტელიგენციის იმ ნაწილთან ერთად, რომელიც საქართველოში საბედნიეროდ კიდევ გვყავს, ჩვენ მოვახერხებთ მართვის შესაბამისი წესების ჩამოყალიბებას, რომ საინფორმაციო ცენტრი იყოს მაქსიმალურად ობიექტური, გამოირიცხოს რაიმე სახის მიკერძოება..

საინფორმაციო ცენტრის მაღალ დონეზე ფუნქციონირებაში უდიდესი როლი ენიჭება ჟურნალისტების პროფესიონალიზმსა და პრინციპულობას.

კარგად ვაცნობიერებ, რომ დღეს ჟურნალისტების აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს არჩევანი. ხშირად, ისინი იძულებული არიან, დაივიწყონ ქვეყნის ინტერესები, რათა არ დაკარგონ ერთადერთი შესაძლებლობა _ მიიღონ ელემენტარული შემოსავალი ოჯახის სარჩენად.

დღეიდან, ყველა ჟურნალისტს, ვისაც თავისი ობიექტურობისა და პრინციპულობის გამო სამსახურიდან დაითხოვენ, ვთავაზობ ადგილს მომავალი პოლიტიკური პარტიის შტაბში არანაკლები ანაზღაურებით, რომელიც მათ ახლა გააჩნიათ. ამასთანავე, რა თქმა უნდა, ისინი პრივილიგირებული იქნებიან მომავალ საინფორმაციო ცენტრში თანამშრომლების შერჩევის დროსაც.

და ბოლოს _ მინდა, შეძლებისდაგვარად განმარტება გავაკეთო ჩემი ახლანდელი გადაწყვეტილების თაობაზე. მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე მე უარვყოფდი პოლიტიკაში მოსვლის ალბათობას. მიმაჩნდა, რომ როგორც ჩვეულებრივ მოქალაქეს, თავისუფალს ყოველგვარი დამატებითი ვალდებულებებისგან, უფრო მეტი შემეძლო გამეკეთებინა, მაგრამ დღევანდელმა პოლიტიკურმა გარემომ ნათლად დამანახა ჩემი შეხედულებების შეცვლის აუცილებლობა. დიდი ფიქრისა და ანალიზის შემდეგ მივხვდი, რომ მე აღარ მქონდა არჩევანი. დავრწმუნდი, რომ მხოლოდ ოპოზიციის ფინანსური დახმარებით არ იქნებოდა შესაძლებელი პოლიტიკური პროცესების კორექტული მართვა და ქვეყნისთვის სასურველი შედეგის მიღება. გარწმუნებთ, რომ ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ ეს გადაწყვეტილება მიმეღო.

ვაღიარებ, რომ ჩემი ოპონენტებისთვის ეს განმარტება საკმარისი არ იქნება და კარგად ვაცნობიერებ იმასაც, რომ დარჩენილი ცხოვრება დამჭირდება, რათა საზოგადოებას ჩემი გულწრფელობა დავუმტკიცო.

და კიდევ ერთი: ჩემი კაპიტალის დაახლოებით მესამედი, სხვადასხვა ბიზნესის სახით, მდებარეობს რუსეთში. იმისთვის, რომ პოლიტიკაში ჩემი ყოფნისას საზოგადოებას ზედმეტი კითხვები არ გაუჩნდეს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დაწყებამდე მე მოვახდენ რუსეთში არსებული ბიზნესის რეალიზაციას. ამავე მიზეზით უარს ვამბობ ორმაგ მოქალაქეობაზე და უახლოეს დღეებში ჩავაბარებ რუსეთის და საფრანგეთის ქვეყნების პასპორტებს.

—————–
I 2004 წლიდან მოყოლებული რამდენჯერმე შევხვდი მიხეილ სააკაშვილს. ერთადერთი საკითხი, რომელიც სამჯერ წამოვწიე მასთან საუბარში, სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტი იყო. ჩემი აზრით, ეს პროექტი სწრაფ განხილვას მოითხოვდა და დასაწყისისთვის ერთი მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციას საჭიროებდა. რამდენადაც ვიცოდი, რომ ქვეყნის ბიუჯეტს ამის შესაძლებლობა არ გააჩნდა, მიხეილ სააკაშვილს ამ პროექტის სრული დაფინანსება მე შევთავაზე. პასუხი მხოლოდ საკითხის მესამედ წამოწევის შემდეგ მივიღე. სააკაშვილს, როგორც მან თვითონ აღნიშნა, ბენდუქიძესთან გასაუბრების შემდეგ, მიაჩნდა, რომ ეს პროექტი რთული განსახორციელებელი იქნებოდა, რადგან კორუფციას გამოიწვევდა.

დავრწმუნდი რა, რომ სააკაშვილს ამ პროექტის განხორციელების არავითარი ინტერესი არ გააჩნდა, 2006 წლიდან საკუთარი ძალებით დავიწყე მოქმედება, თუმცა კარგად ვაცნობიერებდი, რომ სახელმწიფო სტრუქტურების გარეშე ამ მასშტაბის პროექტის სრულყოფილი განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა. კერძოდ:

ჩამოვაყალიბე არასამეწარმეო იურიდიული პირი (აიპ) ”აგრო _ ვაზისა და ხეხილის სარგავი მასალის წარმოების ეროვნული ცენტრი”, რომლისთვისაც 2007 წელს ეკონომიკის სამინისტროსგან შევიძინე 54 ჰა მიწის ფართობი მცხეთის რაიონის სოფელ ჯიღაურაში. 2011 წლის 5 ოქტომბრის მდგომარეობით გაშენებულია:

ვაზი
1. ქართული ვაზის ჯიშების საკოლექციო ნაკვეთი _ 3,5 ჰა (430 ჯიში);
2. ქართული სტანდარტული ვაზის ჯიშები _ 7 ჰა (35 ჯიში);
3. ვაზის უცხოური ჯიშები _ 5 ჰა (100-ზე მეტი ჯიში);
4. ვაზის საძირეები _ 1,8 ჰა (8 ჯიში).

ხეხილი
1. ადგილობრივი და უცხოური სხვადასხვა ხეხილოვანი კულტურა _ 9 ჰა (15 კულტურის 200 ჯიში);
2. ხეხილის საძირეები _ 2,8 ჰა (11 ჯიში).

აიპ ”აგროს” მიერ წარმოებული სარგავი მასალები 2011 წლიდან უფასოდ გადაეცათ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ათამდე ფერმერს ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობის შესაქმნელად. სამომავლო მიზანია, რომ ნებისმიერ ფერმერს მივაწოდოთ მათთვის სასურველი ოდენობის სარგავი მასალა.

2008 წელს შეძენილ იქნა მცხეთის რაიონის სოფელ სელექციაში (წილკანი) 7 ჰა მიწის ნაკვეთი და 2009 წელს _ ახალქალაქის რაიონში 93 ჰა მიწის ნაკვეთი.

ჩვენი მიზანია: საქართველოში პირველად, კარტოფილის ელიტური თესლის წარმოება. წილკნის ინ-ვიტრო ლაბორატორიაში და სათბურებში იწარმოება კარტოფილის მინიტუბერები. ახალქალაქის ნაკვეთებზე ხდება ტუბერების გამრავლება (სამწლიანი ციკლი) ელიტურ თესლამდე. თესლის გამრავლება დაწყებულია 2010 წლიდან, შესაბამისად, 2012 წლის შემოდგომიდან შევძლებთ ფერმერებს მივაწოდოთ კარტოფილის ელიტური თესლი უფასოდ.

ყველა ობიექტი უზრუნველყოფილია შესაბამისი თანამედროვე ინფრასტრუქტურით. მიმდინარეობს მუშაობა სასოფლო-სამეურნეო სხვა კულტურების საუკეთესო თესლების შემოსატანად და მოსახლეობისთვის დასარიგებლად.

ჩვენ უკვე 4-5 წელია ვმოქმედებთ და შეიძლება ითქვას, რომ ხანგრძლივ დროზე გათვლილ პროცესებში შესამჩნევ პროგრესს მივაღწიეთ. თუმცა არის ისეთი საკითხები, რომლის ორგანიზება სახელმწიფო სტრუქტურების ჩაურევლად რთულია. აუცილებელია, რომ ყველა გლეხი, რომლებსაც საფერმო მეურნეობის ჩამოყალიბების სურვილი გააჩნიათ, უზრუნველვყოთ გრძელვადიანი უპროცენტო სესხებით სამეურნეო ტექნიკისა და სხვა ძირითადი საშუალებების შესაძენად. დასაწყისისთვის (დაახლოებით 3 წლამდე) დავეხმაროთ სახორცე და სარძევე პირუტყვის შერჩევასა და შეძენაში, უფასო თესლის, ნერგის, საწვავისა და სასუქის მომარაგებაში.

ყველაფერი ეს საშუალებას მისცემს თოხზე გადამკვდარ ქართველ გლეხს, რომ სული მოითქვას _ ოჯახსაც გააძლიერებს, ქართული ბაზარიც ჯანმრთელი ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქტით შეივსება და საექსპორტო პოტენციალიც გაჩნდება.

II. პროექტი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებისა და მაღალტექნოლოგიური სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ.

თავად ეს პროექტი თავისი შინაარსით ორი ნაწილისგან შედგება. პროექტის პირველი ნაწილის იდეა, რაც უშუალოდ ტექნოლოგიური უნივერსიტეტის დაარსებას ითვალისწინებს, პირველად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაშინდელ რექტორ გია ხუბუასთან განვიხილე. პირველ ეტაპზე ვფიქრობდი, რომ ეს ამ სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე უნდა ყოფილიყო ერთი ან რამდენიმე ფაკულტეტის სახით. გია ხუბუას ეს იდეა ძალიან მოეწონა და შევთანხმდით ფაკულტეტების დამატების ნაცვლად ახალი საუნივერსიტეტო ქალაქის აშენების თაობაზე. შეხვედრიდან რამდენიმე დღეში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი უნივერსიტეტისა და ”ქართუ ჯგუფის” თანამშრომლების ბაზაზე.

2008 წელს ”ქართუ ჯგუფმა” გააფორმა ხელშეკრულება დანიურ კომპანიასთან საუნივერსიტეტო ქალაქის ასაშენებლად საპროექტო დავალებისა და საკონკურსო პროგრამის შედგენაზე.

ამის შემდეგ ჩატარდა არქიტექტურული პროექტის ტენდერი მსოფლიოში ცნობილ არქიტექტურულ ჯგუფებს შორის, სადაც “ჰენინგ ლარსენ არქიტექტის” ჯგუფმა გაიმარჯვა. რეალურია, რომ სამშენებლო სამუშაოები მომავალი ერთი წლის განმავლობაში დაიწყოს.

ამ ერთი წლის განმავლობაში და მშენებლობის პროცესში დაზუსტდება ფაკულტეტები და სპეციალობები. ასევე მოსაწვევი პროფესორ-მასწავლებლების რაოდენობა.

ამ პროექტის მეორე ნაწილია მაღალტექნოლოგიური საწარმოების შექმნა, რომლებშიც დასაქმდებიან უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები. იგი უშუალოდ მიბმულია პროექტის პირველ ნაწილთან. მე კარგად მაქვს გაცნობიერებული, რომ ამის განხორციელება საკმაოდ ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, თუ ჩვენ შევქმნით იმ ძირითად პირობებს, რაც საშუალებას მოგვცემს დავაინტერესოთ მსხვილი უცხოური კომპანიები. კერძოდ:

1. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეშვეობით შეიქმნება ადგილობრივი მაღალკვალიფიციური კადრების ბაზა საწარმოების დაარსებისა და ფუნქციონირებისთვის.

2. ადგილობრივი ინვესტორის არსებობა. მე მზად ვარ, მთელი ჩემი კაპიტალი ამ საქმეს მოვახმარო. ამავე დროს, არ გამოვრიცხავ საქართველოში არსებული სხვა ბიზნესმენებისა და საფინანსო ჯგუფების მონაწილეობას.

3. საქართველოში რეალურად შეიქმნება საიმედო პოლიტიკური და ეკონომიკური გარემო. მოგეხსენებათ, რომ სწორედ დღევანდელი მდგომარეობის გამო არც ერთი სერიოზული კომპანია არც კი განიხილავს საქართველოში ინვესტირების საკითხს.

უნივერსიტეტის დაარსება (რომლის განსახორციელებლადაც 3 წლის განმავლობაში საკმაოდ ბევრი სამუშაოა ჩატარებული) და მაღალტექნოლოგიური საწარმოების შექმნა პარალელური პროცესებია და უნდა მოხდეს ერთ მთლიან პროექტში ამ ორი ნაწილის სინქრონიზაცია. უნივერსიტეტის დაარსების გარეშე შეუძლებელი გახდება მაღალტექნოლოგიური საწარმოების კადრებით უზრუნველყოფა, და პირიქით, საწარმოების შექმნის გარეშე ასეთი უნივერსიტეტის არსებობა გამოიწვევს მაღალი ინტელექტის უმეშევრად დარჩენილი პროფესიონალების საქართველოდან იოლ გადინებას.

ჩამოთვლილი და კიდევ სხვა სირთულეების გამო გასაგებია, რომ ამ პროექტის განხორციელებაზე რამე გარანტიის მიცემა არ შეიძლება. მე მას უფრო ოცნების პროექტს დავარქმევდი, თუმცა ოცნების ახდენაც ხომ შესაძლებელია?!”,-ნათქვამია განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზიის შეძენის შესახებაც გაავრცელა განცხადება, რომელსაც ”ინტერპრესნიუსი” უცვლელად გთავაზობთ: ”შევიძენ ნებისმიერ ქართულ ტელევიზიას, რომელსაც საინფორმაციო გადაცემების ლიცენზია გააჩნია. იმისათვის, რომ მეპატრონეს (თუკი ასეთი არსებობს სააკაშვილის გარდა) გაყიდვის რეალური ინტერესი გაუჩნდეს, ვთავაზობ შემდეგს:

1. გადავიხდი საბაზრო ღირებულებაზე სამჯერ მეტ თანხას. ღირებულება უნდა შეაფასოს მსოფლიო ბანკის მიერ რეკომენდებული ხუთი აუდიტორული კომპანიიდან ერთ-ერთმა.
2. შეძენიდან მაქსიმუმ ორი წლის შემდეგ, მის დღევანდელ მფლობელს ტელევიზიას დავუბრუნებ სიმბოლურ ფასად _ 1 (ერთ) ლარად. იურიდიულად ეს ვალდებულებები გაფორმდება გაყიდვის კონტრაქტთან ერთად. იმავდროულად გაფორმდება ვალდებულება, რომ ტელევიზიის დღევანდელი ძირითადი საშუალებების ღირებულება, დაბრუნების მომენტში, მინიმუმ 15 პროცენტით იქნება გაზრდილი.
3. ტელევიზიის ახლანდელ მფლობელს უფლება ექნება (ეს გაყიდვის მომენტში გარანტიის სახით აისახება), შეინარჩუნოს საეთერო დროის 50 პროცენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ “მაესტროს” და “კავკასიის” დღევანდელ მფლობელებს შეეძლებათ, პრაქტიკულად მთლიანად შეინარჩუნონ დღევანდელი გადაცემები (ამ ტელეარხების საეთერო დრო ამჟამად 50 პროცენტითაც კი არ არის დატვირთული).
თუ ჩემს შეთავაზებას არ გამოეხმაურებიან, ამ ტელევიზიების დანიშნულება მართლდება”,-ნათქვამია განცხადებაში.

ვიდეო

Advertisements

2 thoughts on “ბიძინა ივანიშვილის განცხადება

  1. ხალხს შეეცვალა იერი
    ქუჩაში დადის მშიერი
    ერთი დოლარის გულისთვის
    ტრ . . . მოგცემს ნებისმიერი

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s