ბიზნესი

როგორ დავწეროთ ბიზნეს – გეგმა


რა არის ბიზნეს-გეგმა? მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის სამეწარმეო საქმიანობის გეგმა, ინვესტიციების მოზიდვის და შიდა საფირმო დაგეგმარების ინსტრუმენტი. ბიზნეს-გეგმის მეშვეობით შეიძლება ნებისმიერი ბიზნეს-პროექტის შეფასება, ის პასუხობს კითხვებს: ეფექტიანია თუ არა კონკრეტული საინვესტიციო პროექტი, და თუ კი, რამდენად ეფექტიანია, რა დანახარჯებთან არის დაკავშირებული, რა რისკებს შეიცავს, როგორ აისახება ისინი ფინანსურ შედეგებზე. 
არ არსებობს ბიზნეს-გეგმის შედგენის რაიმე ერთიანი უნივერსალური ფორმა, ამავდროულად, ბიზნეს-გეგმის სტრუქტურას განსაზღვრული ლოგიკა გააჩნია და მისი შედგენის დროს გამოიყენება კონკრეტული პრინციპები. 
ზოგადად ბიზნეს-გეგმა შემდეგი ნაწილებისაგან შედგება.

  1. რეზიუმე
  2. საწარმოს აღწერა
  3. პროდუქციის/მომსახურების აღწერა
  4. მარკეტინგული გეგმა
  5. საწარმოო გეგმა
  6. ორგანიზაციული გეგმა
  7. ფინანსური გეგმა
  8. რისკის შეფასება
  9. დანართები

დეტალურად განვიხილოთ აღნიშნული ნაწილები.

1.რეზიუმე

რეზიუმე წარმოადგენს ბიზნეს-გეგმის მოკლე მიმოხილვას. რეზიუმე პირობითად ორ ნაწილად შეიძლება დაიყოს: შესავალი და პროექტის მოკლე აღწერა. 
შესავალი მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

  • პროექტის დასახელება;
  • საკონტაქტო პირის სახელი, გვარი;
  • საფოსტო მისამართი და ტელეფონი;
  • საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა (თუ არსებობს);
  • საწესდებო ფონდი (თუ არსებობს);
  • უკანასკნელი 3 წლის ბრუნვა (თუ არსებობს).

პროექტის მოკლე აღწერა მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

  • განმცხადებლის სტატუსი – ფიზიკური პირი თუ უკვე არსებული საწარმო; არსებული საწარმოს შემთხვევაში – დაარსების წელი, ძირითადი საქმიანობის პროფილი, განვითარების ძირითადი ეტაპები;
  • მმართველი პერსონალი: რაოდენობა, კვალიფიკაცია, მონაწილეობა საწარმოს კაპიტალში (თუ არსებობს);
  • ბაზრის მოკლე აღწერა;
  • საწარმოს პროდუქციის/მომსახურების უპირატესობა, საწარმოს რესურსები და მიმდინარე ფინანსური მდგომარეობა;
  • პროექტის გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნები, მოსალოდნელი შემოსავლები;
  • საჭირო ინვესტიციები, დაფინანსების სავარაუდო წყაროები;
  • ლიცენზიები, სერტიფიკატები, ნებართვები;
  • პროექტის ეკონომიკური ეფექტიანობის მაჩვენებლები;
  • მოსალოდნელი რისკები და რისკებისაგან დაზღვევა.

2.საწარმოს აღწერა

აღნიშნულ ნაწილში საჭიროა საწარმოს დახასიათება და ინვესტორის დარწმუნება ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობაში. ამ ნაწილის სტრუქტურა დაახლოებით შემდეგნაირია:

  • საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, საწარმოს შექმნის თარიღი, ორგანიზაციული სტრუქტურა, დამფუძნებლები, პარტნიორები, პერსონალის ოდენობა;
  • თუ საწარმო ჯერ არ არსებობს, საჭიროა ბიზნეს-იდეის სიცოცხლისუნარიანობის დასაბუთება და განმცხადებლის გამოცდილების აღწერა;
  • თუ საწარმო უკვე არსებობს, უნდა დავურთოთ საწარმოს უკანასკნელი 3 წლის ბალანსის და მოგება-ზარალის ანგარიშების ასლები;
  • საწარმოს ადგილმდებარეობა (მისამართი, უახლოესი სატრანსპორტო მაგისტრალები, საინჟინრო ქსელები – ელ. ხაზები, წყალი, კანალიზაცია, კავშირგაბმულობა, ბაზართან სიახლოვე, რატომაა ხელსაყრელი შერჩეული ადგილი);
  • შენობის დახასიათება უნდა შეიცავდეს შემდეგ პუნქტებს:მუშაობის სპეციფიკა (სეზონურობა, სამუშაო განრიგი და სხვა).
    • სათავსოს ტიპი (მაღაზია, საწყობი, სახელოსნო, სხვა)
    • საკუთარი თუ იჯარით აღებული: საკუთრების შემთხვევაში შენობის ღირებულება, იჯარის შემთხვევაში იჯარის ოდენობა;
    • შენობის მდგომარეობა, სჭირდება თუ არა რემონტი’
    • საერთო ფართი, მ2;

3.პროდუქციის/მომსახურების აღწერა

აღნიშნულ ნაწილში ნათლად უნდა ჩანდეს, თუ რა სახის საქონელსა თუ მომსახურებას ჰყიდის ან აპირებს გაყიდოს მეწარმე და რაში მდგომარეობს შეთავაზებული საქონლის უპირატესობა კონკურენტების საქონელთან შედარებით. ამ ნაწილში წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი ინფორმაცია:

  • პროდუქციის/მომსახურების დასახელება, დანიშნულება და გამოყენების სფერო;
  • პროდუქციის/მომსახურების მოკლე აღწერა და ძირითადი მახასიათებლები;
  • პროდუქციის/მომსახურების ფასი და ხარისხი;
  • ბაზარზე წარმოდგენილი ანალოგიური პროდუქციის ფასი და ხარისხი;
  • ხარისხის სერტიფიკატი (თუ არსებობს);
  • პროდუქციის/მომსახურების ეკოლოგიურობა და უსაფრთხოება;
  • პროდუქციის/მომსახურების მიწოდების პირობები, შეფუთვა.

კარგი იქნება, თუ დანართის სახით წარმოდგენილი იქნება სურათები, ნახატები, პროდუქციის/მომსახურების აღწერა.

4.მარკეტინგული გეგმა

მარკეტინგის ქვეშ იგულისხმება ყველაფერი, რასაც მეწარმე აკეთებს მომხმარებლის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და შესაბამისად მოგების მისაღებად. მარკეტინგული გეგმა, როგორც წესი, 1 წლის პერიოდით დგება, თუმცა შეიძლება უფრო დიდი ხნითაც შევიმუშავოთ. 
ამ ნაწილში საჭიროა ინვესტორის დარწმუნება იმაში, რომ პროდუქციის გასაღების ბაზარი არსებობს და განმცხადებელს უნარი შესწევს გაყიდოს პროდუქტი. მეწარმემ უნდა დაამტკიცოს, რომ კარგად ესმის ბაზარი და ბაზრის მოთხოვნები საკუთარი პროდუქციისადმი. ზოგჯერ დამწყებ ბიზნესმენებს უჭირთ ხოლმე ამ ნაწილის შევსება. 
აღნიშნული ნაწილის სტრუქტურა დაახლოებით შემდეგნაირია:

  • გასაღების ბაზრის აღწერა: მოცულობა, განვითარების დონე და პროგნოზი;
  • პროდუქციისა თუ მომსახურების მომხმარებელთა აღწერა და რამდენად შეუძლია მეწარმეს მათი დაკმაყოფილება; 
  • კონკურენტების ანალიზი:პროდუქციისა თუ მომსახურების გასაღების არხების აღწერა (საცალო ვაჭრობა, წვრილი საბითუმო ბაზა, ბაზრობა, დისტრიბუტორი, სხვა);
    • პოტენციური კონკურენტების რაოდენობა;
    • კონკურენტების პროდუქციისა თუ მომსახურების ხარისხი და ფასი;
    • კონკურენტების ძლიერი და სუსტი მხარეები;
    • კონკურენტების რეპუტაცია;
    • რამდენად დიდია კონკურენტების ბიზნესი?
    • როგორ ასაღებენ ისინი თავიანთ პროდუქციას;
    • რამდენად ეფექტიანები არიან.
  • პროდუქციისა თუ მომსახურების წლიური გაყიდვების მოცულობა;
  • მყიდველების მოზიდვის სტრატეგია: სარეკლამო კამპანია, ნიმუშების უფასო დარიგება, მონაწილეობა ბაზრობებში და ა.შ.

თუ მეწარმე აპირებს რაიმე კონკრეტული საქონლის წარმოებას, უნდა გადაწყვიტოს ასევე მიტანასთან და შენახვასთან დაკავშირებული საკითხები. საწყობში შენახვა ფული ღირს, გარდა ამისა, საქონლის საწყობში შენახვა ფულის გაყინვას ნიშნავს. მეწარმემ უნდა განსაზღვროს, რა ოდენობის საქონელს, სად და რა პერიოდულობით მიიტანს და ეცადოს, რომ საწყობში მზა პროდუქციის მარაგი მინიმალური იყოს. 
ფასწარმოქმნა – ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. ეს არის ფული, რომელსაც მყიდველი იხდის კონკრეტულ საქონელსა თუ მომსახურებაში. ფასის განსაზღვრა იწყება ყველა წლიური ხარჯის შეჯამებით, შემდეგ ეს ჯამი იყოფა წარმოებული პროდუქციის ოდენობაზე და ეს არის საქონლისა თუ პროდუქციის საბაზო ღირებულება ანუ თვითღირებულება. თვითღირებულებას ემატება  გარკვეული მოგების პროცენტი და ეს იქნება პროდუქტის გასაყიდი ფასი. 
მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მომხმარებელი იყიდის საქონელს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი აზრით ფასი შეესაბამება საქონლის ფასეულობას. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ კონკურენტების ფასებს. საწყისი ფასის განსაზღვრის ეტაპი საკმაოდ რთულია. ამიტომ მარკეტინგის გეგმა უნდა იყოს მაქსიმალურად მოქნილი. უმჯობესია ფასი თავიდან იყოს ცოტა აწეული, მისი დაწევა შემდეგ უფრო ადვილი იქნება, ვიდრე აწევა. დროდადრო საჭიროა ფასების კორექტირება.

5.საწარმოო გეგმა

საწარმოო გეგმაში წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

  • წარმოების კალენდარული გეგმა;
  • წარმოების მოცულობა;
  • მუდმივი დანახარჯების ანგარიში;
  • ცვლადი დანახარჯების ანგარიში;
  • თვითღირებულება და ფასი.

წარმოების კალენდარული გეგმის ნიმუში წარმოდგენილია ქვემოთ (ნახ. 1). 
წარმოების მოცულობა
ეს ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია. უმეტესად პროდუქციის წარმოების მოცულობა თანდათანობით იზრდება. ბიზნეს-გეგმა, რომელშიც სრული საწარმოო სიმძლავრე პირველივე დღეს მიიღწევა, ეჭვს ბადებს. წარმოების მოცულობა უნდა ვიანგარიშოთ საწარმოო სიმძლავრიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე. 
მუდმივ დანახარჯებს მიეკუთვნება: 
ადმინისტრაციული ხარჯები – ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასი, დაზღვევა, მივლინებები, მოწყობილობის იჯარა, ტექნიკური მომსახურების ხარჯები, საწარმოს შენახვის ხარჯები, რეკლამის ხარჯები. 
ცვლად დანახარჯებს მიეკუთვნება: ნედლეული, მასალები, მაკომპლექტებლები, საწარმოო პერსონალის (ტექნოლოგები, მუშები, საწყობის პერსონალი) ხელფასი, ელ. ენერგია, ტრანსპორტი, შეფუთვა, საწარმოო დანადგარების რემონტი. 
თვითღირებულება და პროდუქციის ფასი
აქ აღწერილი უნდა იქნას, თუ როგორ განვსაზღვრავთ ფასს ჩვენს პროდუქციაზე/მომსახურებაზე. თვითღირებულება არის წარმოების და რეალიზაციის ხარჯების ჯამი ერთეულ პროდუქციაზე გაანგარიშებით. 
პრაქტიკაში გამოიყენება ფასის განსაზღვრის ორი მეთოდი: ხარჯვითი და საბაზრო. პირველ შემთხვევაში ვანგარიშობთ თვითღირებულებას და ვამატებთ მოგების ნორმას. მეორეში მხედველობაში ვიღებთ ანალოგიური პროდუქციის ფასებს, კონკურენტების პოზიციას ბაზარზე და მათ სავარაუდო რეაქციას. 

  

6.ორგანიზაციული გეგმა

ამ ნაწილში აღწერილი უნდა იქნას ბიზნეს-პროექტის მართვის სისტემა და საწარმოს ორგანიზაციული სტრუქტურა, უნდა განისაზღვრის პერსონალის ოდენობა, დანახარჯები შრომის ანაზღაურებაზე. 
ნაწილის სტრუქტურა დაახლოებით შემდეგნაირია:

  • განმცხადებლის სტატუსი, საწესდებო კაპიტალი, საკუთრების ფორმა;
  • მმართველი საბჭოს წევრები (თუ არსებობს);
  • ფინანსური დოკუმენტების ხელმოწერის უფლებამოსილი პირი;
  • მმართველი საბჭოს წევრებს შორის მოვალეობების განაწილება.

რეკომენდირებულია საწარმოს და პროექტის ორგანიზაციული სტრუქტურის წარმოდგენა სქემის სახით (ნახ. 2).

 

ნახ. 2 საწარმოს ორგანიზაციული სტრუქტურა

7.ფინანსური გეგმა

ამ ნაწილში მეწარმემ უნდა დაანახოს ინვესტორს, რომ ინვესტიცია მის ბიზნესში არამარტო უსაფრთხო, არამედ მომგებიანია. ამ ნაწილის სტრუქტურა დაახლოებით შემდეგნაირად გამოიყურება:

  • პროექტის დაფინანსების წყაროები (საკუთარი და მოზიდული კაპიტალი);
  • მოგება-ზარალის ანგარიში;
  • საბალანსო ანგარიში;
  • პროექტის ეკონომიკური მაჩვენებლები (ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასება).

საწარმოს დაფინანსების წყაროები 

საკუთარი სახსრები, ლარი
მოზიდული სახსრები (სესხი, კრედიტი, გრანტი), ლარი
სულ, ლარი

მოგება-ზარალის ანგარიში  

გაყიდვები A
ცვლადი დანახარჯები
ნედლეული, მასალები, მუშების ხელფასი, სხვა
სულ ცვლადი ხარჯები B
მუდმივი ხარჯები
ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასი, იჯარა, დაზღვევა, კომუნალური გადასახადები, სხვა გადასახადები, გარდა მოგებისა
სულ მუდმივი დანახარჯები C
მოგება პროცენტების და გადასახადების გადახდამდე D = A – B – C
პროცენტები კრედიტზე E
მოგების გადასახადი F
წმინდა მოგება H = D – E – F

მოგება-ზარალის ანგარიშიდან ჩანს, მიიღებს თუ არა საწარმო მოგებას.

ბალანსი

ბალანსიდან გვიჩვენებს, თუ რა ღირს საწარმო კონკრეტული თარიღისათვის. ბალანსის აქტივში იწერება საწარმოს აქტივების ჯამური ღირებულება (მიწა, შენობა, მანქანები, მოწყობილობა, მარაგები), პასივში კი ვალდებულებების ჯამური ღირებულება (კრედიტები, გადახდები, სხვ). ბალანსის სტანდარტული ფორმა მოცემულია ქვემოთ. 

სტანდარტული საბალანსო ანგარიში
აქტივები პასივები
ძირითადი საშუალებები გრძელვადიანი ვალდებულებები
მიწა, შენობა, მანქანა-დანადგარები, ტრანსპორტი, სხვა გრძელვადიანი სესხი, გაუნაწილებელი მოგება, ფასიანი ქაღალდები
სულ: ძირითადი საშუალებები სულ: გრძელვადიანი ვალდებულებები
საბრუნავი საშუალებები მიმდინარე ვალდებულებები
ნედლეული, დაუმთავრებელი წარმოება, მზა პროდუქცია, დებიტორები, წინასწარი გადახდა, საბანკო ანგარიშის ნაშთი მოკლევადიანი სესხები, საგადასახადო დავალიანება
სულ: საბრუნავი საშუალებები სულ: მიმდინარე ვალდებულებები
სულ: აქტივები სულ: პასივები

მას შემდეგ, რაც შედგენილია ანგარიშგება, საჭიროა მისი შეფასება. ქვემოთ მოყვანილია ყველაზე ზოგადი მაჩვენებლების გაანგარიშება, რომელიც ქმნის წარმოდგენას ბიზნესის ფინანსურ სტრუქტურაზე და მის მომგებიანობაზე.

პროექტის ფინანსური ეფექტიანობის მაჩვენებლები

მაჩვენებელი მნიშვნელობა
რენტაბელობის კოეფიციენტი წმინდა მოგება / აქტივები
წმინდა მოგების კოეფიციენტი წმინდა მოგება / გაყიდვების მოცულობა * 100
პროდუქციის რენტაბელობა წმინდა მოგება / თვითღირებულება
გაყიდვების რენტაბელობა წმინდა მოგება / ამონაგები

პროექტის შეფასებისას ხშირად გამოიყენება ისეთი მაჩვენებელი, როგორც ნულოვანი მოგების წერტილი (BE ანუ break even point). ეს არის წარმოების ან გასაღების ისეთი დონე, როდესაც დანახარჯები შემოსავლების ტოლია.  
ფინანსური გეგმის შედგენისას შეიძლება გამოვიყენოთ სტანდარტული პროგრამული პროდუქტები ან დახმარებისათვის მივმართოთ სპეციალისტებს.

8.რისკის შეფასება

რისკის შეფასება საჭიროა იმისათვის, რომ ინვესტორს დავანახოთ, რომ რეალურად ვაფასებთ სიტუაციას, წინასწარ შეგვიძლია რისკის განჭვრეტა და შემცირება და რთული სიტუაციებიდან გამოსვლა. მცირე და საშუალო ბიზნესში საკმარისია რისკის შეფასება ექსპერტული მეთოდებით. აქ მთავარია განვჭვრიტოთ რისკის ტიპები, მათი წყაროები და შევიმუშავოთ დანაკარგების მინიმიზაციის ღონისძიებები. რისკების სპექტრი საკმაოდ ფართოა, დაწყებული ხანძრითა და მიწისძვრით და დამთავრებული სავალუტო კურსის ცვალებადობით, თუმცა ყველა ისინი პირობითად ორ ჯგუფად იყოფა: ტექნიკური და ფინანსური რისკები. მაგალითისათვის განვიხილოთ სამშენებლო ფირმის ტექნიკური რისკები:

  • სამშენებლო მოედნის დაგვიანებით მომზადება;
  • მშენებლობის განრიგის დარღვევა;
  • მოწყობილობის და მასალების მოწოდების დაგვიანება;
  • მასალების დაბალი ხარისხი;
  • სამშენებლო სტანდარტების დაუცველობა;
  • ცუდი ამინდი.

რაც შეეხება ფინანსურ რისკებს, აქ საბაზისო ვარიანტის გარდა ანგარიშობენ პესიმისტურ  და ოპტიმისტურ ვარიანტებს. ეს არის პროექტის მგრძნობელობის დიაპაზონი. 
პესიმისტური სცენარით გაანგარიშებისას გარე ფაქტორები მაქსიმალურად ხელს უშლის პროექტის განხორციელებას. პესიმისტური სცენარით პროექტმა უნდა უზრუნველყოს ისეთი მოგება, რომელიც საშუალებას მისცემს საწარმოს შეასრულოს თავისი ვალდებულებები კრედიტორებისა და პარტნიორების წინაშე. ოპტიმისტური სცენარით გაანგარიშებისას გარე ფაქტორები მაქსიმალურად ხელს უწყობს პროექტის განხორციელებას. 
რისკების განსაზღვრის მერე უნდა ვუპასუხოთ შეკითხვას: როგორ შევამციროთ რისკები და დანაკარგები? პასუხი ორი ნაწილისგან შედგება: პირველში უნდა აღვნიშნოთ რისკების პროფილაქტიკის ორგანიზაციული ღონისძიებები, მეორეში კი რისკებისაგან დაზღვევის პროგრამა, ანუ საკომპენსაციო ღონისძიებები.

9.დანართები

ამ ნაწილში შედის დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს ბიზნეს-გეგმაში მოყვანილ ინფორმაციას. დანართების სახით შეიძლება წარმოდგენილი იყო შემდეგი დოკუმენტები:

  • პროექტისა და საწარმოს ხელმძღვანელების ბიოგრაფია;
  • მარკეტინგული კვლევების შედეგები;
  • აუდიტორის დასკვნა;
  • პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლები;
  • საგარანტიო წერილები, კონტრაქტები;
  • სალიცენზიო, იჯარის, ქირავნობის ხელშეკრულებები;
  • ეკოლოგიური და სანიტარული ზედამხედველობის სამსახურების დასკვნები;
  • სარეკომენდაციო წერილები, საგაზეთო სტატიები, სხვ.

შეიძლება ასევე დავურთოთ:

  • პროდუქციის ფოტოები ან ვიდეორგოლი;
  • საავტორო უფლებების, პატენტების ასლები;
  • საწარმოს ადგილმდებარეობის გეგმა.
Advertisements

2 thoughts on “როგორ დავწეროთ ბიზნეს – გეგმა

  1. ბიზნეს გეგმას რომ შეადგენთ, პროგრამის შეძენა არ დაგავიწყდეთ 🙂

    Like

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s