ჩემი სტატიები

საარჩევნო კამპანია: მოტივაცია


????????????????????????????????????????

განვითარებულ ქვეყნებში საარჩევნო კამპანია კენჭისყრის საბოლოო რეზულტატზე დიდ გავლენას ახდენს. განსაკუთრებით მაშინ, თუ კანდიდატი პოლიტიკაში პირველ ნაბიჯებს დგამს, ან გარკვეული რებრენდინგის შემდეგ ემზადება არჩევნებში მონაწილეობისთვის. მაგალითისთვის მოვიყვან კოალიცია “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიას. არვიცი ვინ დაგეგმა ეს კამპანია, მაგრამ ბევრი ასპექტი დღევანდელი გადმოსახედიდან დიდ მოწონებას იმსახურებს. მაგალითად ხალხმრავალი აქციები – ხელისუფლების მიერ ტოტალურად დაშინებული საზოგადოება, საჭიროებდა მხარდაჭერთა კონსოლიდაციის ჩვენებას. უცნობი არაა, რომ საქართველოში არჩევნებში იმის მიხედვით აძლევენ ხმას, თუ “რამდენი ამომრჩეველი ყავს ამ პარტიას”, თუ ძლიერი პარტიაა და პოტენციურად გაიმარჯვებს, მერყევი ამომრჩეველი სწორედ მას დაუჭერს მხარს. გამარჯვებულის მხარეს დგომა არ არის გასაკვირი, რადგან ჩვენ არასოდეს ვირჩევთ პარტიებს ფურცელზე გაწერილი პროგრამის წაკითხვის შედეგად. ზემოთხსენებული მერყევი ამომრჩეველი კი, ნაციონალურო მოძრაობის მმართველობის პერიოდში საგრძნობლად იყო გაზრდილი. ზოგი საჯარო სამსახურში მუშაობდა, ზოგი ჯარში, ზოგს პატიმარი ჰყავდა ციხეში, სხვები სოც. დახმარებებს იღებდნენ. ასეთები კი მმართველი ძალის პოტენციური ამომრჩევლები მანამ იყვნენ, სანამ მეორე მხარეს გამარჯვების პერსპექტივის მქონე გუნდს არ დაინახავდნენ. რა არის გამარჯვების პერსპექტივა? ბევრი ამომრჩეველი. მაგრამ არავინ ენდობოდა სოციოლოგიურ კვლევებს. ამიტომ ამომრჩევლის დათვლის ყველაზე ეფექტურ საშუალებად ქუჩა მიიჩნიეს და სწორი გადაწყვეტილებაც მიიღეს. ათეულ ათასიანი მიტინგები კარგი საშუალება იყო, შიშის დაძლევისთვის. აღსანიშნავია, რომ ამ აქციების დიდ ნაწილზე, სიტყვით მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი გამოდიოდა. ეს იმიტომ, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არსებული ნეგატივი, რომელიც ივანიშვილის კოალიციაშიც მრავლად იყო, დიდი ალბათობით აქციაზე მოსულ ადამიანებსაც გააღიზიანებდა. ზოგს რესპუბლიკელები არ მოწონდა, ზოგს ალასანიას პარტია, ზოგს კი ძიძიგური – დავითაშვილის დუეტი. სამაგიეროდ ყველასთვის მისაღები ფიგურა იყო ბიძინა ივანიშვილი. ქართული ოცნების ასოცირება, რომ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან მომხდარიყო და არა კოალიციაში შემავალ სხვა პოლიტიკოსებთან, ამის კარგი საშუალება იყო მათი პოლიტიკური ველიდან “გადამალვა”. ყოველშემთხვევაში იმ “ცხელი” აქციების დროს, სადაც მოსვლის საფასურად, ბევრს საკუთარ სამსახურისა და უსაფრთხოების დათმობა უწევდა. გამოვყოფ კიდევ ერთ ასპექტს. ქართველებს უყვართ სუსტის მხარდაჭერა. ჩვენს მენტალიტეტში დევს, ქუჩაში რომ ვნახოთ ვინმე წაქცეული, დაჩაგრული – აუცილებლად გამოვექომაგებით მას. სწორედ ამიტომ ხდებოდა “ჩაგრულის იმიჯის” შექმნა, რაც ასევე წარმატებით მოხდა. ამას ხელი შეუწყო ნაციონალური მოძრაობის ავტორიტარიზმით გაჯერებულმა ქმედებებმაც.

დღეს ბევრი საუბრობს, გაიმარჯვებდა თუ არა ოცნება ციხის კადრები რომ არ გამოექვეყნებინათო. არვიცი. ძნელი სათქმელია. (ამ თემას სიამოვნებით განვიხილავდი ცალკე) მაგრამ სისულელე იქნება, მტკიცება რომ მხოლოდ იმ კადრების გამო დამარცხა ნაციონონალური მოძრაობა. პოლიტიკური ველზე გამოჩენიდან 1 წლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის სავარძელი დაიკავა. ეს კი ძალიან სწორი საარჩევნო კამპანიის დამსახურებაა.

ცოტა ვრცელი შესავლის შემდეგ საარჩევნო კამპანიის იმ ასპექტზე ვისაუბრებ რასაც მოტივაცია ჰქვია. ეს არის ცნება, რომელიც განსაზღვრავს ნებისმიერ ბრძოლაში ყველაზე მთავარს – ადამიანური რესურსის არსებობას. შეუძლებელია წარმატების მიღწევა, თუ გარშემო არ გყავს გუნდი, რომელიც კრიზისული კომუნიკაციისა და განსაზღვრული კონკურენციის პირობებში ბოლომდე ღირსეულად იბრძოლებს გამარჯვებისთვის. დანამდვილებით შეუძლებელია იმის მტკიცება, გუნდი აძლიერებს ლიდერს თუ ლიდერი გუნდს. ალბათ ეს ინტერაქცია ურთიერთმიმართებითია და საბოლოო ჯამში მოქმედებს მთელ პოტენციურ ელექტორატზე. სწორედ მოტივაცია განსაზღვრავს ლიდერსა და გუნდს შორის ურთიერთმიმართებითი ინტერაქციის ხარისხს. ბუნებრივია, რაც უფრო მაღალია მოტივაცია, მით უფრო მძაფრი ბრძოლა იმართება გამარჯვებისთვის. გუნდი მზადაა მაქსიმალურად დაიხარჯოს და შედეგი მიაღწიოს. რა თქმა უნდა მოტივაციის გაჩენას სჭირდება მიზეზები, რომელიც შეიძლება იყოს ბუნებრივი ან ხელოვნური. ბუნებრივ მიზეზებს, მე პოლიტიკურ საკითხებს მივაკუთვნებდი. როცა გუნდი რაღაცას იმიტომ აკეთებს, რომ მოწინააღმდეგესთან შედარებით საკუთარ პოზიციებს მაქსიმალურად პოლარიზებულად თვლის. ამ დროს იგი ცდილობს მისი პოზიციების განმტკიცების მიზნით მოწინააღმდეგის განადგურებას. რაც უფრო ძვირადღირებულია ეს პოზიცია, მით უფრო წარმოუდგენლად “შორს წამსვლელნი” არიან მისი დამცველნი. მაგალითისთვის განვიხილოთ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში. ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და აქტივისტებს ერთმანეთთან აკავშირებდათ მათი საზოგადოებრივი მდგომარეობა, რომელიც გამოწვეული იყო სახელისუფლებო რესურსის მონოპოლიზებითა და საბიუჯეტო თანხების პრივატული მიზნებით გამოყენებით. ასევე ფსიქოლოგიური მომენტით, რომელიც თითქოს დანაშაულის გრძნობას უკავშირდებოდა. მათთვის მოწინააღმდეგე ძალის გამარჯვება ამ პრივილეგიების კარგვასა და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიებასთან ასოცირდებოდა. ამის დაშვება კი არავის უნდოდა. ამიტომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს მათი აქტივისტების კონსოლიდაცია სულაც არ უჭირდათ. რაც შეეხება ოპოზიციას, აქ აქტივისტთა მთავარი მაკონსოლიდირებელი თემა სამართლიანობის აღდგენა და სააკაშვილის რეჟიმის დასჯა იყო, ამ მიზნით ისინი ბიძინა ივანიშვილის დაუდგნენ გვერდით და სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაუნდობელი ბრძოლა დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ კარგად გვესმის, თუ რამდენად სარისკო იყო, იმ რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, ან თუნდაც ფიქრი, მთელი ამ წლების განმავლობაში. მოტივაციის ამაღლების ერთერთ მთავარ ხელოვნურ ფაქტორად ითვლება ფულადი კაპიტალი. ლიდერები ხშირად ახდენენ კაპიტალის რეალიზაციას, იმიტომ რომ გუნდი და აქტივისტები დააინტერესონ. აქ ძალიან მარტივი სისტემაა, არჩევნებამდე ხარჯავ ცოტას, დანარჩენ ნაწილს კი უბრალოდ აჩენ და ამბობ, რომ გამარჯვების შემთხვევაში ეს ნაწილიც სხვა კეთილდღეობებთან ერთად აქტივისტებისა და გუნდის საკუთრება გახდება. ამ ხერხს საქართველოში ხშირად მიმართავდნენ. მაგალითად, როცა ნაციონალი კოორდინატორები თბილისის მერიის ბიუჯეტიდან იღებდნენ ხელფასებს, ან როცა ბიძინა ივანიშვილმა კახელებს შეპირდა, გამარჯვების შემთხვევაში, იგი მთლიანად აუნაზღაურებდა სეტყვის შედეგად მიყენებულ ზარალს.

ახლა ვეცდები განვიხილო დღევანდელი მდგომარეობა. საპრეზიდენტო არჩევნებამდე 3 თვეზე ცოტა მეტი დარჩა. ამ დროისთვის ცესკოში უკვე 12 კანდიდატია დარეგისტრირებული. სახელისუფლებო კანდიდატის გარდა, ძირითად მოთამაშეებად შეიძლება მივიჩნიოთ ნინო ბურჯანაძე, დავით ბაქრაძე და სალომე ზურაბიშვილი. სხვა კანდიდატებისადმი პატივისცემის მიუხედავად, ვფიქრობ მათი არჩევნებში მონაწილეობა ბუტაფორია იქნება.

ბოლო გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, რომელიც NDI-ის მიერ ჩატარდა გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობა გამოკითხულთა 29%-ს სურს.

NDI-ის კვლევის მიხედვით, ზემოთ აღნიშნულ შეკითხვაზე გამოკითხულთა რიცხვი, რომელთა პასუხია  “არ ვიცი”, 26%-ს შეადგენს.

“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს შემდეგ პრეზიდენტად ისურვებდა გამოკითხულთა 10%. 7% ამბობს, რომ არც ერთ დასახელებულ კანდიდატს არ ისურვებდა პრეზიდენტად. 5% მხარს უჭერს ნინო ბურჯანაძეს, 4% – გიორგი თარგამაძეს, 3% – შალვა ნათელაშვილს, 3% – სალომე ზურაბიშვილს.

ვარაუდობდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდა პაატა ბურჭულაძეც, თუმცა მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ვერ ხედავს პოლიტიკაში ჩართვის საჭიროებას. ვფიქრობ ამ ფაქტმა მნიშვნელოვნად შეცვალა, პოტენციური კონკურენტებს შორის ამინდი, რადგან სანამ ბურჭულაძე ოფიციალურად განაცხადებდა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ, სოციალურ ქსელებში განთავსებულ კვლევებში ხშირ შემთხვევაში ის გიორგი მარგველაშვილზე მეტი მოწონებით სარგებლობდა.

ძალიან საინტერესოა საარჩევნო სპექტრის მიმოხილვა მოტივაციის თვალსაზრისითაც. გიორგი მარგველაშვილი უპარტიო, ახალბედა პოლიტიკოსია. მას არ ექნება ძლიერი პარტიული მხარდაჭერა. შედარებისთვის გაცილებით მეტი პარტიული რესურსი ექნებოდა ირაკლი ალასანიას, ის რომ ყოფილიყო პრეზიდენტობის კანდიდატი. ასათვალისწინებელია ქართულ ოცნებაზე განაწყენებული აქტივისტებიც. უკვე ყბადაღებულად იქცა, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ აქტივისტების უყურადღებოდ და უსამსახუროდ დატოვების თემაც, რაც ვფიქრობ ძალიან უარყოფით გავლენას იქონიებს ქართული ოცნების სამომავლო პარტიული რესურსებზე. აქ იგულისხმება მეოცნებეთა მოტივაციას მკვეთრი შემცირება, რაც გამოიხატება ერთის მხრივ “მიტოვებული აქტივისტების” ფაქტორითა და მეორეს მხრივ უკვე საჯარო სამსახურში წაყვანილი აქტივისტების. ალბათ ბევრი ადამიანი, რომელიც 1 წლის წინ ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის აქტიური მონაწილე იყო და დღეს საჯარო მოხელეა, აღარ ისურვებს სამსახურის მიტოვებას და უკან პარტიულ სამუშაოებში დაბრუნებას. ამავე დროს პრემიერ-მინისტრმაც და ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატმაც მკაფიოდ განაცხადეს, რომ არ აპირებენ საარჩევნო კამპანიის დროს საჯარო მოხელეებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას. რაც შეეხება ბურჯანაძის შტაბს, აქ უკვე მიმდინარეობს აქტივისტთა მკვეთრი მობილიზება და მათი პოლარიზება ქართული ოცნების აქტივისტებისგან. ეს კარგად ჩანს სოციალურ ქსელებში, სადაც უკვე ღიად მიმდინარეობს ამ ადამიანების პოლემიკა. ისე, ჩვეულებრივი ადამიანებისთვის ზოგჯერ საკმაოდ მოსაბეზრებელია ეს ყველაფერი. ბურჯანაძის მომხრე აქტივისტებს გამოკვეთილი და ჩამოყალიბებული მოტივაცია აქვთ, აღარაფერს ვამბობ საარჩევნო მესიჯებზე, რადგან ისინი ცოტა ბუნდოვანია. მათი მიზანია დაიკავონ პრეზიდენტის ინსტიტუტი და ამით გავლენა მოახდინონ უმრავლესობით მოსულ ქართულ ოცნებაზე.

თუმცა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის პროცესში, გამორიცხული არაა, რომელიმე მხარემ ეს თეორიები შეცვალოს. ამას დრო გვიჩვენებს. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უკვე გამოკვეთილია ორი პოლუსი, რომლებიც დროსთან ერთად კიდევ უფრო გაემიჯნებიან ერთმანეთს. ეს კარგია, რადგან ეს პროცესი საშუალებას იძლება ქვეყანაში  კონკურენტუნარიანი პოლიტიკური სპექტრი ჩამოყალიბდეს. თუმცა ამჯერადაც ბევრი რამეა დამოკიდებული პირადად ბიძინა ივანიშვილზე. ჩაერევა თუ არა საჯარო სექტორი საარჩევნო დამპანიაში და მოხდება თუ არა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ამჯერად, ამას დრო გვიჩვენებს. მაგრამ კარგი, იქნება თუ მხარეები ნებისმიერ შემთხვევაში ერთმანეთის მიმართ პლურალიზმს ბოლომდე შეინარჩუნებენ.

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s