ჩემი სტატიები

სტამბოლის ქრონიკები


სტამბოლი – ეს არის სინათლის და სიცოცხლის ქალაქი. ასე დამამახსოვრდა პირველი ვიზიტის შემდეგ ძველი კონსტანტინოპოლი, რომელიც თავისი მნიშვნელობით ყოველთვის იყო გადამწყვეტი და ცივილიზაციათა შეხვედრის ადგილი. მდებარეობის გამო ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან იგი ერთმანეთს აკავშირებს ევროპასა და აზიას. შესაბამისად, მას შემდეგ რაც, ევროპელებმა გადაწყვიტეს რომ შორეული აღმოსავლეთი აეთვისებინათ და ინდოეთისკენ დაიძრნენ, ისინი შეხვდნენ აღმოსავლეთიდან წამოსულ მოგზაურებს, რომლებიც ზუსტად იგივე იდეით მოდიოდნენ ევროპაში. მათი გადაკვეთის წერტილი კი სტამბოლი გახდა.

ეს ქალაქი მუდმივად იყო დიდი ბრძოლებისა და იმპერიათა შეჯახებების მიზეზი. მასზე პატრონობა ნიშნავდა ევროპული და აზიური ტვირთების შეხვედრის ადგილის კონტროლს. მიუხედავად ასეთი წარსულისა, სტამბოლი ყოველთვის იყო განვითარებული სამყაროსა და ცივილიზაციათა ცენტრი. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ არის დღეს ისეთი მშვენიერი, რომ ერთი რამდენიმედღიანი სტუმრობაც კი სამუდამოდ შეგაყვარებს ამ ქალაქს.

მიუხედავად, იმისა რომ ევროპისკენ მიმავალს, ტრანზიტით არაერთხელ გავჩერებულვარ სტამბოლის აეროპორტებში, არასდროს შემივლია ქალაქში. თუმცა, ბევრისგან მსმენია მის შესახებ და სიმართლე გითხრათ, არც ისე კარგი წარმოდგენისა ვიყავი ამ ქალაქზე. დიდი და მოუწესრიგებელი ქალაქი მეგონა, სადაც ათასი განსხვავებული ერთად ქაოსურად ცხოვრობდა.

გასული თვის ბოლო კვირაში პირველად მომიწია სტამბულში წასვლა. საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, რომელიც მარმარას უნივერსიტეტში იმართებოდა, მოხსენება უნდა გამეკეთებინა ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. ევროპის ისეთ ქალაქებში ვარ ნამყოფი, როგორებიცაა – ლონდონი, პარიზი, ამსტერდამი, პრაღა და ა.შ. ამიტომ დიდათ გასაოცარს არაფერს ველოდი სტამბულში. თუმცა მოლოდინში მაშინვე შევცდი, როცა ათათურქის აეროპორტიდან გამოვედი.

სასიამოვნოდ გამაკვირვა იმ ეთნო-კულტურულმა ნაზავმა, რომელიც სტამბოლში ყოველდღიურად იქმნება. ევროპული და აზიური გარემო, თავისი ღირებულებებითურთ ისე ერწყმის ერთმანეთს, რომ კონტრასტი ნამდვილად ამაღელვებულია. ალბათ, ეს მხოლოდ სტამბოლში შეიძლება იყოს ასეთი განსაკუთრებული. სხვაგან ვერც წარმომიდგენია ჩადრებში მთლიანად შემოსილი ახალგაზრდა ქალი iphone 6-ით სელფს იღებდეს.

ძალიან მაინტერესებდა სულთან აჰმედის მეჩეთი, იგივე ლურჯი მეჩეთი, ამიტომ სასტუმროში დაბინავებისთანავე, პირველ რიგში სწორედ მისი მონახულება გადავწყვიტე.

IMG_0152
Blue Mosque

ლურჯი მეჩეთი გამორჩეულია თავისი გრანდიოზულობით და სილამაზით. ის ისლამური კულტურისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი თვალსაჩინო და ძალიან კარგი მაგალითია.

IMG_0021
Sultan Ahmed Mosque

სულთან აჰმედის მეჩეთის მოპირდაპირე მხარეს ცნობილი აია სოფიაა, რომელმაც კულტურათა ტრანსფორმაციასთან ერთად დროს გაუძლო და კვლავ ამაყად დგას სტამბოლოს ცენტრში.

IMG_0025
აია სოფია

ძალიან კმაყოფილი დავრჩი ჩემი მასპინძელი უნივერსიტეტითაც. მარმარას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც 1883 წელს დაარსდა და დღეისთვის 50 000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს თურქული უმაღლესი განათლების სისტემის თვალსაჩინო მაგალითია. გამორჩეული ინფრასტრუქტურითა და მაღალი დონის ტექნიკური ბაზით იგი ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია თურქეთში. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი.

IMG_0054
Marmara University, Faculty of Economics

უნივერსიტეტის ქოლგა რამდენიმე ფაკულტეტს, არაერთ კორპუსსა და კამპუსს აერთიანებდა. უნივერსიტეტის კორპუსები კი განლაგებული იყო, როგორც ქალაქის ევროპის, ისე აზიის მხარეს. ამჯერად მე ეკონომიკის ფაკულტეტზე ვიყავი, რომელიც რამდენიმე სხვა ფაკულტეტთან ერთად სტამბოლის გოზტეპის რეგიონში მდებარეობდა.

IMG_0053

სასიამოვნო გაოცება გამოიწვია ჩემში იმ გარემომ, რომელიც აქ იყო შექმნილი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ის არაფრით ჩამოუვარდებოდა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებს. თუმცა, ერთი ფაქტი რაც თვალსაჩინო არის, იყო ის რომ სტუდენტებმა ძალიან დაბალ დონეზე იცოდნენ ინგლისური ენა. ამიტომ მხოლოდ ერთეულებთან იყო შესაძლებელი სრულფასოვანი კომუნიკაცია. თურქეთი ინგლისურის ცოდნით საერთოდ ძალიან ჩამორჩება მეზობელ ქვეყნებს, თუნდაც საქართველოს.

ძალიან კარგად ჩაიარა კონფერენციამ და ჩემი მოხსენებაც მოიწონეს. ალბათ, სასიხარულოა ისიც, რომ ჩემი სტატია ბრიტანეთში გამოცემულ რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალში დაიბეჭდა. თან ისეთი მეცნიერების პუბლიკაციების გვერდით, რომლებიც ჩემზე ათეული წლებით უფროსები და გამოცდილები არიან.

ჩემი ჩაფრენიდან მეორე დღეს სტამბოლში ყველასთვის ნაცნობი ტერორისტული აქტი მოხდა. ტერორისტებმა ათათურქის აეროპორტზე მიიტანეს იერიში. დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვმა 300 მიაღწია. მიუხედავად ამ ტრაგედიისა, საერთოდ არ იგრძნობოდა სტამბოლში პანიკა. ქუჩები ჩვეულებრივ გადატვირთული იყო ტურისტებით. შედარებით სიფრთხილეს იჩენდნენ ტურისტები, რასაც ვერ ვიტყვი ადგილობრივებზე. ტერაქტის გამო ქალაქში ისედაც გაძლიერებულმა უსაფრთხოების ზომებმა, კიდევ უფრო მოიმატა. თითქმის ყველა მეტროსადგურში, გემზე და მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტებთან, ასევე უნივერსიტეტების შესასვლელში შეიარაღებული პოლიცია იყო მობილიზებული. პრინციპში, უსაფრთხოებისადმი უყურადღებობას თურქ პოლიციელებს ვერც მანამდე დავაბრალებდით, რადგან ტერორისტები ტაქსიდან ჩამოსვლიდან რამდენიმე წამში პირველებმა სწორედ მათ შეამჩნიეს და ცეცხლიც დაუყონებლივ გაუხსნეს. თუმცა, მიუხედავად ამისა ტერაქტის ორგანიზატორებმა მაინც მოახერხეს ბომბის მოქმედებაში მოყვანა აეროპორტის შესასვლელთან.

მიუხედავად არ არსებული პანიკისა ყველას ეტყობოდა ქუჩებში რომ ერთმანეთს ეჭვის თვალით უყურებდნენ. განსაკუთრებით საეჭვენო იყვნენ შედარებით აღმოსავლური აღნაგობის ახალგაზრდა მამაკაცები.

მახსოვს, როცა თბილისისკენ მომავალი ათათურქის აეროპორტში მივდიოდი, მეტროში წინა პოსტში აღწერილი ვიზუალის მქონე მამაკაცი შემხვდა, რომელსაც ხელში გადაშლილი წიგნი ეჭირა. ჩემი “ღრმა რწმენით” ეს ყურანი უნდა ყოფილიყო და მანამდე ვერ მოვისვენე სანამ ეს კაცი აეროპორტამდე არსებულ სადგურზე არ ჩავიდა. )) გადაწყვეტილი მქონდა, თუ ისიც აეროპორტში ჩამოვიდოდა, მაშინ მე მის უკან წავსულიყავი, ან პაუზა ამეღო და ისე წავსულიყავი 😀

შიშს გარკვეული პოზიტივიც ახლდა თან. ტერორიზმის საფრთხის გამო, მეტროთი არ დავდიოდი და ყოველ დღე ჩემი სასტუმროდან უნივერსიტეტამდე ბორნით ან იახტით მივდიოდი. 🙂 პირველი ევროპაში იყო, მეორე კი აზიაში. ვხუმრობდი კიდეც უნივერსიტეტში, ყოველდღე ტრანსკონტინენტული მარშრუტი მაქვს თქო. 😀

IMG_0150
ბოსფორის სრუტე

ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა ღამის სტამბოლმა. ვინც იქ მოხვდებით აუცილებლად გაისეირნეთ ბოსფორის სრუტეში ღამის საათებში. კიდევ ერთი რამ, რაც შეიძლება ბლოგის მკითხველმა სტამბოლში ვიზიტის დროს გაითვალისწინოს ეს არის “გუგლ მეპის” შეზღუდული ფუნქცია. სხვა ევროპული ქალაქებისგან განსხვავებით, ჩემდა გასაკვირად, გოგლი არ აჩვენებს სტამბოლის Public Transport-ის რუკას. ეს ცოტა დისკომფორტის შემქმნელი იყო თავიდან ჩემთვის. თუმცა გამოსავალი აქაც მარტივად მოიძებნება. App Store-დან გადმოტვირთეთ აპლიკაცია სახელწოდებით Here Maps. ეს აპლიკაცია ჩემი გამოცდილებით ყველაზე ზუსტად ასახაბს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებს, თან ოფლაინ მხარდაჭერაც აქვს, რის გამოც ძალიან დამეხმარა და ადვილად შეცვალა ჩემთვის “გუგლ მეპი”.

IMG_0113

მიუხედავად ამდენი სანახაობისა, მაინც გული დამწყდა, რადგან ძალიან დატვირთული გრაფიკის გამო, ვერ მოვახერხე წავსულიყავი ბევრ ადგილას. თუმცა, ეს იმას ნიშნავს, რომ შემდეგი ვიზიტისთვის route map უკვე შედგენილი მაქვს!

 

Advertisements

დატოვე კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s